მთავარი ინტერვიუ ანა კობახიძე: „ივანიშვილს „ოცნების“ წევრები კომპრომატებით ჰყავს გამოჭერილი“

ანა კობახიძე: „ივანიშვილს „ოცნების“ წევრები კომპრომატებით ჰყავს გამოჭერილი“

482
0
გაზიარება

საქართველოში პუტინის გავლენების გაძლიერებას უკვე დასავლეთიც აპროტესტებს. ამერიკიდან მოსულ წერილებში ამ საკითხზეც არის ყურადღება გამახვილებული. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თუ ივანიშვილი არ შეცვალეს, საქართველოს საგარეო კურსი მკვეთრად პრორუსული იქნება. „ახალი საქართველოს“ წევრი ანა კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა უარს იტყვის რუსულ არჩევანზე და „ოცნებას“ სახლში გაუშვებს. ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაში დარწმუნებულ ოპოზიციონერს იმაშიც არ ეპარება ეჭვი, რომ მმართველი პარტია ძალადობაზე უარს არ იტყვის და ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

როგორ ამთავრებენ მოძალადეები პოლიტიკურ კარიერას? რატომ არის დასავლეთი ასეთი აქტიური? რით ჰყავს ივანიშვილს „ოცნების“ წევრები გამოჭერილი? რატომ იმეორებს „ნაციონალების“ შეცდომებს „ქართული ოცნება“? _ ამ თემებზე ანა კობახიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ანა, ამერიკიდან სეტყვასავით მოდის კრიტიკული წერილები. აქ მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია ევროპაც. თქვენი აზრით, აქამდე რატომ დუმდა დასავლეთი ან ახლა რატომ გააქტიურდა?
_ ამერიკის გააქტიურება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. სულ ახლახან ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გენერალ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ ამერიკასა და ირანს შორის კინაღამ ომი დაიწყო. ამერიკისთვის ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი გახდა. ვაშინგტონს არ აწყობს, რომ ამ რეგიონზე პუტინის გავლენა გაძლიერდეს. ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მმართველობის სტილი პუტინის სტილს ჰგავს და საქართველოზე რუსეთის გავლენები იზრდება. მათი გააქტიურების მთავარი მიზეზი ეს უნდა იყოს.
შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამ არჩევნების მნიშვნელობას დასავლეთშიც კარგად აფასებენ. ეს რომ ყოფილიყო თვითმმართველობის ან საპრეზიდენტო არჩევნები, დასავლეთი ასეთი აქტიური არ იქნებოდა. მაგრამ საპარლამენტო არჩევნებით ბევრი რამე იცვლება. პირველ რიგში _ ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსის განმსაზღვრელია. არსებული ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში საქართველოში რუსული გავლენები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დასავლეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამიტომ მათი გააქტიურება გასაკვირი არ არის.
ამერიკიდან და ევროპიდან წამოსული სიგნალები მართალია, ხელისუფლების სახელზეა, მაგრამ ისინი ამომრჩველსაც მიმართავენ. დასავლეთი ამ გზავნილებით პირდაპირ გვეუბნება, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს უყურადღებოდ არ ტოვებენ და არც მომავალში დატოვებენ. ჩვენ თუ დავუშვებთ, რომ ხვალ ისევ ტოტალიტარიზმისკენ წავიდეს საქართველო, ისინი ჩვენთვის თავს დიდად აღარ შეიწუხებენ.
საინტერესო განცხადება გაავრცელა ჯორჯ სოროსმაც. მან ღიად თქვა, რომ ჩემი პროექტებით ხელს შევუშლი ავტორიტარიზმისკენ განვითარებასო. ის დაახლოებით მილიარდის დახარჯვას აპირებს ჩვენი რეგიონისთვის. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკას არ სურს, ზურგი აქციოს საქართველოს. ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ მათთვის საინტერესო აღარ ვიყოთ. ეს რუსეთს სრულიად გაუხსნის ხელ-ფეხს.
_ თქვენგან განსხვავებით სულ სხვანაირად აფასებს ამერიკიდან წამოსულ გზავნილებს პარლამენტის ნასპიკერალი ირაკლი კობახიძე. რას ერჩის თქვენი ბიძაშვილი მათ და მართლა იმას ფიქრობს, რასაც ამბობს?
_ ისე, მართლა ნათესავად მეკუთვნის ირაკლი კობახიძე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ობიექტურად არ შევაფასებ მის ქმედებებს. ყველა ის ირონიული და დამცინავი გაცხადება, რაც „ოცნებაში“ ამერიკიდან მოსულ მესიჯებთან დაკავშირებით კეთდება, მათ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს დასავლური ღირებულებებისა და ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. დასავლეთის წინააღმდეგ წასვლა საკუთარი მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.
_ რატომ? ჩვენთან არის ხალხი, ვისაც დასავლეთს რუსეთი ურჩევნია და ამ პოზიციას არც მალავს.
_ კი ბატონო, მათ აქვთ უფლება, დასავლეთზე მეტად რუსეთი მოსწონდეთ, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასავლურ ღირებულებებს ირჩევს. საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას. ეს 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებული პლებისციტითაც დავამტკიცეთ. მას შემდეგ უამრავი კვლევა ჩატარდა საქართველოში და ჩანს, რომ ხალხი დასავლეთს ირჩევს და არა _ რუსეთს.
იმედი მაქვს, „ქართული ოცნების“ წევრები დასავლეთზე დამცინავ განცხადებებს მთლად პუტინის საამებლად არ აკეთებენ. ასეთი დამცინავი ტონი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს გაძლიერებისთვის ბევრი აქვს გაკეთებული, მიუღებელია. ეს ირონიული კომენტარები და შეფასებები „ქართული ოცნების“ სახეს კარგად აჩვენებს. ასეთი კომენტარების გაკეთების ბრძანება მათ პირადად ივანიშვილისგან აქვთ მიღებული. ივანიშვილმა, თავის მხრივ, სხვისგან მიიღო ეს დავალება.
_ ეს სხვა რუსეთია?
_ რა თქმა უნდა. მას მოსკოვიდან აქვს მიღებული დავალება, რომ საქართველო წარმოაჩინოს, როგორც ცალკე მდგომი ქვეყანა. დანარჩენიც იმას იმეორებს, რასაც ბიძინა ამბობს. „ოცნების“ წევრები ლიდერისგან დამოუკიდებლად ხომ ერთ ნაბიჯსაც არ დგამენ. ყველა განცხადება ლიდერთან აქვთ შეთანხმებული. მათი პირადი აზრი შეიძლება სულ სხვაა, შეიძლება ძალიანაც მოსწონთ დასავლური ღირებულები, მაგრამ რაკი ბიძინა ასე ფიქრობს, ისინიც ვალდებულები არიან, ისევე იფიქრონ. ისინიც სისტემის ერთგვარი მსხვერპლები არიან.
_ მსხვერპლობის არაფერი ეტყობათ, მოსწონთ ასეთი მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდნენ პარტიას.
_ მსხვერპლი იმიტომ არ მითქვამს, რომ მეცოდებიან. თავად აირჩიეს, რომ მსხვერპლის როლში იყვნენ. ისინი არც პოლიტიკოსები არიან, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რუპორების მოვალეობას ასრულებენ. მათგან აზროვნებას არც არავინ ითხოვს, მათი ფუნქცია „ოცნების“ ლიდერის აზრების გახმოვანება და ნებისმიერი ბრძანების შესრულებაა. ბევრი მათგანი ივანიშვილს გამოჭერილი ჰყავს და ისინიც იძულებული არიან, მის ნებას დაჰყვნენ.
_ რას ნიშნავს, გამოჭერილი ჰყავს?
_ ცნობილი ამბავია, რომ ივანიშვილს უყვარს ადამიანებზე კომპრომატების მოგროვება. მან თავისი გუნდის წევრებზეც მოაგროვა კომპრომატები. ის ამის დახმარებით მართავს პარტიას. ვისზეც კომპრომატი ვერ იპოვა, მას ფული გადაუხადა და ასე გახადა მასზე დამოკიდებული. ზოგს თავად აქვს მონობის სურვილი და საკუთარი ნებით ემონება ბიძინას. ეს ხალხი იძულებულია, ივანიშვილის ყველა სურვილი და ახირება შეასრულოს.
_ ზემოთ თქვით, რომ ამერიკიდან წამოსული მესიჯები ამომრჩევლისკენაც არის მიმართული. იმოქმედებს ეს ხალხზე?
_ როგორ არ იმოქმედებს?! ჩვენ ვხედავდით, რომ წინა წლებში დასავლეთი საქართველოს ნაკლებად აქცევდა ყურადღებას. ამან „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცა, აქ პუტინის მმართველობის სტილი დაემკვიდრებინა. მათ არაერთი არჩევნები გააყალბეს. ახლა დასავლეთი დაინტერესებულია, რომ აქ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ხალხმა უკვე იცის, გაყალბება ასე იოლად აღარ ჩაივლის. მათაც მობეზრდათ ასეთ პირობებში ცხოვრება და ისინი საკუთარ არჩევანს აუცილებლად დაიცავენ.
„ოცნების“ წინააღმდეგ ისინი ამ წერილების გარეშეც მისცემდნენ ხმას. ძალიან ბევრი მიზეზი დაუგროვდა ამომრჩველს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს. ამ ქვეყანაში აღარ არის სამართალი, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ხალხი სამსახურის საძებნელად საზღვარგარეთ გარბის. მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ყველა კვლევით ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლების ქმედებით უკმაყოფილოთა რიცხვი მუდმივად მატულობს. შუძლებელია, ეს განწყობა არჩევნების შედეგებზე არ აისახოს.
სულ სხვა საუბრის თემაა, მაგრამ რამდენიმე სიტყვას ამაზეც ვიტყვი: არც ის არის შემთხვევითი, რომ ბოლო წლებში ეკლესიის მიმართ ნდობა 70%-დან 50%-ზეა ჩამოსული. დარწმუნებული ვარ, ამაშიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელი ურევია.
_ ივანიშვილს როგორ უნდა შეემცირებინა ეკლესიის მიმართ ხალხის ნდობა? ან რისთვის სჭირდებოდა მას ამის გაკეთება?
_ არ ვამბობ, რომ ეკლესიაში იდეალური მდგომარეობაა, იქ სერიოზული პრობლემებია, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია მოახდინოს. ივანიშვილს ყველასი ეშინია, ვისაც რამე ავტორიტეტი აქვს. მისთვის მიუღებელია ყველა, ვისაც მასზე მაღალი რეიტინგი და ნდობა აქვს. „ქართული ოცნების“ ლიდერი მზადაა, ყველაფერი დაშალოს, გაანადგუროს, რამაც მას შეიძლება, საფრთხე შეუქმნას. მაღალი ავტორიტეტის მქონე ეკლესია მისთვის საფრთხე იყო და ყველაფერი გააკეთა, რათა ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა შემცირებულიყო. ის მზადაა, ყველა კონკურენტი მოიშოროს.
ივანიშვილი ყველაფერზე წავა, რომ წლევანდელი არჩევნები მოიგოს. მიზნის მისაღწევად არაფერს მოერიდება. ოპოზიციის გადაბირებას შეეცდება. მისთვის გაერთიანებული ოპოზიცია ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. კარგად მესმის, რომ იმ ერთობაში, რომელიც დღეს ოპოზიციამ შექმნა, ძალიან განსხვავებული პოზიციის მქონე ძალები ვართ, მაგრამ ბოლომდე უნდა მოვახერხოთ ერთობის შენარჩუნება. ახლა ჩვენ დაქსაქსვის უფლება არ გვაქვს. ერთად თუ არ ვიქნებით, ამით „ოცნებასა“ და მის ლიდერს ხელისუფლებაში დარჩენის შანსს დავუტოვებთ.
ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები. იმედს არ ვკარგავ, რომ პროპორციულს მივაღწევთ, მაგრამ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს, ოპოზიცია ვალდებულია, ერთიანი ფრონტით გამოვიდეს. ხელისუფლება ძალიან ცინიკურია. გვეუბნებიან, კონსტიტუციაში შევიტანთ ცვლილებას და მაჟორიტარების რიცხვს 50-მდე შევამცირებთო. როდესც ვეუბნებით, რომ სრულად პროპორციულზე გადავიდეთ, გვპასუხობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმები არ ჰყოფნით. უკაცრავად, მაგრამ ამ ცვლილებისთვის როგორ ჰყოფნით? საიდან მოიტანეს?
_ ეტყობა, ბერაია, ხუნდაძე და სხვები დაითანხმეს.
_ ალბათ, დაითანხმეს „ამბოხებულები“. ამითაც ამჟღავნებენ თავიანთ ცინიკურ დამოკიდებულებას ხალხისა და ოპოზიციის მიმართ. უნდათ, აგროვებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, უნდათ _ არა. ამ წლებში ძალიან გაიზარდა ჩვენი ამომრჩეველი. უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, მათ შორის, აპოლიტიკურებთანაც. ეს ხალხი აქამდე არჩევნებზე არ დადიოდა, ახლა ერთი სული აქვს, როდის იქნება არჩევნები, რომ „ქართულ ოცნებას“ უთხრან, _ არა! მათ სტიმულს აძლევს ოპოზიციის ერთად დგომაც, ამიტომ მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ ყველაფრის ფასად უნდა შეინარჩუნოს ერთობა.
ჩემთვის ძალიან ძნელია პრორუსულ ძალებთან ყოფნა, მაგრამ ამაზეც კი შეიძლება თვალების დახუჭვა, იმდენად მნიშვნელოვანია ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანება. ოლიგარქს მხოლოდ ერთობით მოვუგებთ. მთავარია, ის ერთი მოვაშოროთ ხელისუფლებას და მერე ქვეყანა სწორი განვითარების გზას დაადგება. ოპოზიციას უკვე მზად აქვს პროპექტები, თუ რა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება. ოპოზიცია აქტიურად მუშაობს იმაზე, თუ როგორ უნდა დაიშალოს არსებული სისტემა. ეს სისტემა თუ არ დაიშალა, ვერ განვვითარდებით.
2020 წლის არჩევნები არ უნდა ჰგავდეს 2012 წლის არჩევნებს. მაშინ ასე იყო, _ ოღონდ მიშა არა და ვინც გინდა იყოს. ამან ცუდი შედეგი მოიტანა. ახლა ასე აღარ იქნება. ყურადღება უნდა მიექცეს პროგრამებს. წინასწარ უნდა შევიმუშავოთ მთელი რიგი რეფორმები. რეფორმების გატარება კი მრავალი მიმართულებით იქნება საჭირო. ეს პროექტები არჩევნებამდე ამომრჩველს უნდა გავაცნოთ. ხალხმა უნდა იცოდეს, რა მოხდება, როცა ხელისუფლება შეიცვლება. „ოცნებასაც“ ექნება თავისი პროგრამა, რომელიც, ტრადიციულად, ფუჭ დაპირებებზე აიგება. ოპოზიციამ ისეთი პროგრამა უნდა დაწეროს, რომ ხალხმა მისი უპირატესობა მარტივად დაინახოს.
_ გულხელდაკრეფილები არც „ოცნებაში“ სხედან. ისინიც რამე საინტერესოს მოიფიქრებენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ხომ ჩამოაწერეს ხალხს ვალები. ახლაც რამეს მოიფიქრებს ივანიშვილი და შეიძლება, ოპოზიციის საარჩევნო პროგრამას ხალხმა აღარც კი შეხედოს.
_ რაღა უნდა მოიფიქროს? ივანიშვილს ერთადერთი ის დარჩა, რომ ხალხს იპოთეკაში ჩადებული სახლები დაუხსნას. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამომრჩევლის მოსყიდვა მათთვის უცხო ხილი არაა. ეუთო-ოდირის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ვალების ჩამოწერა ეს იყო ამომრჩევლს მოსყიდვა. სამწუხაროდ, ეს ამბავი შეფასების გარეშე დარჩა.
_ ეს, პირველ რიგში, ოპოზიციას უნდა გაეპროტესტებინა, რომელმაც მაშინ დიდად არ იაქტიურა.
_ ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ პირველ და მეორე ტურს შორის სათანადოდ არ იაქტიურა, რითაც ხელისუფლებამ ისარგებლა და მისთვის სასურველი შედეგი მიიღო. მაშინ იმიტომ არ ვიაქტიურეთ, რომ გვეგონა, მეორე ტურს მოვიგებდით. ახლა ასეთი მიამიტები აღარ ვიქნებით. თან მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენც მივიღეთ რაღაც გამოცდილება _ შეცდომები გავაანალიზეთ. ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი სიტყვის გატეხასაც არ თაკილობენ. რაც მთავარია, დასავლეთიდან არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ისინი ღიად ამბობენ, რომ აქ დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. დემოკრატიულ არჩევნებში კი ივანიშვილის პარტიას მოგების არანაირი შანსი არ გააჩნია.
_ დასავლეთიდან, ალბათ, კიდევ ბევრი უსტარი მოვა. ეს ხელისუფლებას უარს ათქმევინებს ძალადობაზე? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ამ წერილების ფონზე საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს თავს დაესხნენ საკრებულოში „ოცნების“ წევრები.
_ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელსაც ლევანიც წამოეგო, მაგრამ სხვაც ასე მოიქცეოდა მის ადგილზე. საკრებულოს უმრავლესობის წევრების ნაწილს საზოგადოება საერთოდ არ იცნობს. მაგალითად, იმათ შესახებ არაფერი ვიცოდით, ვინც ლევანს თავს დაესხა. ისინი ხომ მხოლოდ ღილაკები არიან. საკრებულოში მაშინ მიდიან, როცა კალაძის ახლობლებს ან ბიძინა ივანიშვილს მიწა უნდა გადაუფორმონ. მიიღეს ამ უცნობმა დეპუტატებმა კალაძისგან დავალება და დიდი სიამოვნებით შეასრულეს. თბილისის მერი ხაბეიშვილზე ძალიან გაბრაზებულია, რადგან მან უამრავი კორუფციული სქემა გამოშიფრა. ის ლევანს დიდი ხანია, ებრძვის. ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი იყო, როდესაც ლევანის დედა გამოუშვა სამსახურიდან. ამ ბიჭზე ღიად არის გადამტერებული, ლევანის დედა უკანონოდ რომ იყო განთავისუფლებული, ეს სასამართლომ დაადგინა და სასამართლოს ძალითვე აღადგინეს სამსახურში. ეს კალაძის ანგარიშსწორება იყო. ალბათ უთხრა თავისიანებს, ერთხელ მაინც დამანახეთ ეს ბიჭი ნაცემი და დასისხლიანებულიო და დაანახეს. ეს სურვილი აუსრულეს.
მინდა მჯეროდეს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ხელისუფლება ძალადობას აღარ მიმართავს, მაგრამ არსებული რეალობა ოპტიმიზმის საბაბს არ მაძლევს. თუნდაც ლევანის ცემაზე გაკეთებული განცხადებები მაფიქრებინებს, რომ ძალადობა აუცილებლად იქნება. ალბათ კორცხელის მსგავსი ინციდენტებიც განმეორდება. როდესაც ხელისუფლება აგონიაშია, ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს.
წინა ხელისუფლებაც ასე იქცეოდა, ყველაფერს აკეთებდა, ძალაუფლება რომ არ დაეკარგა, მაგრამ მათაც მოუწია წასვლა. ძალიან ვბრაზდები, როცა ხელისუფლება აგრესიას მიმართავს, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს მათი დასასრულის მომასწავებელია და ვმშვიდდები. „ქართული ოცნება“ აუცილებლად წააგებს არჩევნებს. ამათ ქმედებებს რომ ვაანალიზებ, 2012 წელი მახსენდება. ასე აგრესიულად დაიწყეს „ნაციონალებმა“ ის წელი, შემოდგომაზე კი უკვე ოპოზიციაში მოუწიათ გადასვლა.
_ თითქოს ერთი ერთში იმეორებენ იმათ ნამოქმედარს. შეგნებულად იქცევიან ასე?
_ შეგნებულად რატომ უნდა მოიქცნენ ასე? ხომ უნდა აცნობიერებდნენ, რომ ხალხი ძალადობას არავის აპატიებს. არასდროს მჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ იმას გააკეთებდა, რასაც ხალხს ხელისუფლებაში მოსვლამდე დაჰპირდა, მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდი, „ნაციონალების“ ქმედებებს ასე თუ გადმოაკოპირებდა.
სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე პრეტენზია აქვს, ძალადობა კარგ ტონად ითვლება. ეს მაფიქრებინებს, რომ წინ მძიმე პროცესები გველოდება. ოპოზიცია საპროტესტო აქციებს განაახლებს, ჩვენ გვექნება პიკეტირებაც და ალბათ დარბევასაც ვიხილავთ. „ნაციონალებიც“ არბევდნენ აქციებს, მაგრამ ვერც მათ შეინარჩუნეს ძალაუფლება, „ქართული ოცნებაც“ მათ ბედს გაიზიარებს.
_ დარბევებიც იქნებაო და დასავლეთიდან მოსული წერილები „ოცნებას“ ამის სურვილს ვერ გაუნელებს?
_ ზემოთ ვისაუბრეთ, რა ცინიკური დამოკიდებულებაა ამ წერილების მიმართ. ეს მაფიქრებინებს, რომ დარბევაზე უარს არ იტყვიან.
_ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ძალის გამოყენების შემთხვევაში დასავლეთი ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციებს დაუწესებს. მათ ვერც სანქციები შეაჩერებს?
_ ამ ეტაპზე სანქციები არ ემუქრებათ. ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის და ამიტომ წავა ძალადობაზე. სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დასავლეთი უფრო არჩევნების შემდეგ მიიღებს. თუ გამოჩნდა, რომ არჩევნებზე დამარცხების მერე „ოცნებამ“ მაინც არ დათმო ძალაუფლება, სანქციებიც იქნება და ანგარიშების გაყინვაც. მთლად რამე წარმოუდგენელი სასწაული თუ არ ჩაიდინეს, არჩევნებამდე დასავლეთი მათ არ შეზღუდავს, მხოლოდ რჩევის მიცემით შემოიფარგლება.
ოპოზიცია ბრძოლისთვის მზად არის, მაგრამ ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. „ქართულ ოცნებას“ თავების დათვლა უყვარს და ამიტომ სასურველია, ბევრი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათი მომავალი წყდება. „ქართული ოცნება“ თუ არ გავუშვით, რუსულ ორბიტაზე აღმოვჩნდებით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ განვითარებაზე უარს ვიტყვით და იმაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ვიდრე ახლა ვართ.

შორენა მარსაგიშვილი

დატოვეთ კომენტარი