გიორგი ბოტკოველი: „ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა ზედა ეშელონებში დაიგეგმა“

„ქართული ოცნება“ აშკარად აგონიაშია. სხვანაირად ვერ აიხსნება ოპოზიციის ლიდერზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ, როცა ამერიკა წერილს წერილზე აგზავნის და ხელისუფლებას დემოკრატიის ხარისხს უწუნებს. დასავლეთს აუცილებლად ექნება ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე რეაქცია. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს „ოცნების“ რამდენიმე წევრი ჯგუფურად დაესხა თავს და მას სასტიკად გაუსწორდა. იმის ნაცვლად, რომ თავდამსხმელებისთვის პასუხი მოეთხოვათ და დაესაჯათ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომხდარის გამართლება დაიწყეს.
ლევან ხაბეიშვილის თანამებრძოლი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი, დარწმუნებულია, რომ ეს თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. მისი თქმით, „ოცნების“ ზონდერები აუცილებლად აგებენ მომხდარზე პასუხს. გიორგი ბოტკოველი ფიქრობს, რომ ხაბეიშვილმა ამ ინციდენტით მშრალი ანგარიშით მოუგო ხელისუფლებას. ყველამ ვნახეთ, როგორ გამოხატეს მის მიმართ სოლიდარობა საკრებულოს დამლაგებლებმა.

ვინ და რატომ გადაწყვიტა ლევან ხაბეიშვილისთვის ანგარიშის გასწორება? რას გეგმავენ სააკაშვილთან შეხვედრების დროს მისი მეგობრები? შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას? რა განაჩენი გამოუტანა ხალხმა „ქართულ ოცნებას“? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს გიორგი ბოტკოველი ესაუბრება:

_ მაშინ, როცა დასავლეთი ერთხმად უწუნებს საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიას, კონგრესიდან და სენატიდან წერილი წერილზე მოდის, თბილისის საკრებულოში „ოცნების“ წევრები ჯგუფურად თავს ესხმიან ლევან ხაბეიშვილს. ეს ყველაფერი კამერების წინ მოხდა. თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს ფაქტი, უმრავლესობამ სულ აიშვა და დასავლეთის აზრიც აღარ აინტერესებს?
_ ჯერ თქვენს მკითხველს შევახსენებ, თუ ვინ არის ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ასე არაკაცურად დაესხნენ თავს. ლევანი არის ის ადამიანი, რომელმაც თავიდან ბოლომდე ჩამოხადა ფარდა იმ კორუფციას, რომელიც მძვინვარებს არა მხოლოდ დედაქალაქის საკრებულოსა და მერიაში, არამედ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში.
_ დავით აქუბარდიამ მაგიტომაც დაარქვა ხაბეიშვილს ლევან მამხილებელი.
_ მართლა მამხილებელია ლევანი. მან თბილისის მერს ძალიან ბევრი კორუფციული სქემა გაუშიფრა. ამის გამო კახა კალაძე ღიზიანდებოდა.. ის თავის აგრესიასა და უკმაყოფილებას უკვე ვეღარც კი მალავდა. ლევანი მას და მის მეგობრებს ხელს უშლიდა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე კიდევ უფრო ბევრი ფული ეშოვათ. თბილისის მერის მხრიდან ხაბეიშვილის მისამართით არაერთხელ მუქარაც წამოსულა, ვითომ ხუმრობით ამბობდა ამას, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან გამწარებული იყო მხილებით.
დასავლეთში, ფაქტობრივად, არ დარჩა ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელმაც არ დადო დასკვნა, რომ საქართველოში კორუფცია მძვინვარებს და დემოკრატია განადგურებულია. უკვე დასავლეთმაც დაინახა, რომ ამ ქვეყანას ერთი კაცი მოაჯდა და მას ოლიგარქიული მეთოდებით მართავს. ივანიშვილი იმით არის დაკავებული, რომ გარემოცვის წევრებს ფული აშოვნინოს, რათა ისინი მისი ერთგულები იყვნენ. ეს ოლიგარქიული მმართველობის სტილია. ხაბეიშვილის დასკვნები კორუფციაზე ძალიან აღიზიანებს „ოცნების“ წარმომადგენლებს. დაუგროვდათ ბოღმა, დიდი ხანია უნდოდათ, ლევანისთვის სამაგიერო გადაეხადათ მხილებისთვის და 24 იანვარს საკრებულოში ეს ბოღმა ამოანთხიეს.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა. უამრავი ფიზიკური ანგარიშსწორების მომსწრე გავხდით. რაც ლევანთან დაკავშირებით მოხდა, ეს არის ამაზრზენი დანაშაული. მასზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
პირველ რიგში, ის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა. დაუსჯელები არც ისინი უნდა დარჩნენ, ვინც ხელებს იქნევდნენ. ამ ადამიანებს აქამდე საკუთარი ნათესავებიც კი არ იცნობდნენ, ხალხზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ თავდასხმის შემდეგ გაიგო საზოგადოებამ პირველად მათი გვარები. თავისი ჭკუით თავი გამოიჩინეს ბიჭებმა და იმედი აქვთ, რომ კალაძე-ივანიშვილს ხაბეიშვილზე ჯგუფური თავდასხმით ერთგულებას დაუმტკიცებენ. 24 იანვარს თბილისის საკრებულოში ხაბეიშვილზე განხორციელებული თავდასხმა ორგანიზებული იყო ზედა ეშელონებში. დღეს იქნება თუ ხვალ, მათ ამაზე პასუხის გაცემა მოუწევთ.
_ ახლა მათ ამაზე პასუხს არავინ აგებინებს.
_ ახლა არც საქმე აღიძვრება. იმის დამტკიცებას შეეცდებიან, რომ ეს იყო ადმინისტრაციული დანაშაული. „ქართული ოცნება“ ამის გამო არავის დასჯის, მაგრამ ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება. კალაძესა და მის ზონდერებს აუცილებლად მოსთხოვს შემდეგი ხელისუფლება პასუხს.
_ საკითხავია, როდის შეიცვლება ხელისუფლება.
_ დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში შეიცვლება ხელისუფლება. შემოდგომაზე არჩევნებია და არჩვენებზე დაამთავრებს მათ ქართველი ხალხი. მერე ყველა საქმე გამოიძიება. ხაბეიშვილზე თავდამსხმელები და საქმის დამკვეთებიც აგებენ პასუხს.
_ ხაბეიშვილს რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა ჰგონიათ, მათ მხილებას შეწყვეტს? რამდენიმე წლის წინ თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზეც გაუსწორდნენ მას ფიზიკურად და იმის მერე სულ გადაირია, ფაქტობრივად, გააათმაგა მხილება. ახლაც იგივე მოხდება.
_ ეგ თავადაც კარგად იციან. ისიც იცოდნენ, რომ ამ თავდასხმით ლევანთან ვერაფერს მიაღწევდნენ. უბრალოდ, უნდოდათ, რომ ზემდგომისთვის ესიამოვნებინათ, მათ თვალში ჩაეწერათ ქულები. ალბათ, ჩაიწერეს კიდევაც, მაგრამ ძალიან მალე ეს ქულები ბუმერანგივით უკან დაუბრუნდებათ.
_ მართალია, ხაბეიშვილი „ოცნებას“ სისხლს უშრობს, მაგრამ ამ პარტიის მომხრეების ნაწილმა ღიად დაგმო ლევანზე განხორციელებული ჯგუფური თავდასხმა. მათი თქმით, თავდასხმას არანაირი გამართლება არ აქვს.
_ მეც წავიკითხე ასეთი კომენტარები და კარგია, ასე რომ აზროვნებენ. შეიძლება, ადამიანი „ნაციონალებთან“ დაპირისპრებული და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ამაზრზენი ფაქტი მოიწონოს. სამწუხაროდ, ყველა ასე არ ფიქრობს.
ზედა ეშელონებში საერთოდ ვეღარ აზროვნებენ. როგორც ჩანს, ივანიშვილმა და კალაძემ ძალადობრივი გზა აირჩიეს. მათ ჰგონიათ, რომ ჯგუფური თავდასხმებით რამეს მიაღწევენ. რაც არ უნდა ძალა გამოიყენონ, ვერც ხაბეიშვილს გააჩერებენ, ვერც ბოტკოველს და ვერც იმ ადამიანებს, რომლებიც 2013 წლიდან ამხელენ „ქართული ოცნების“ მაფიოზურ კლანს.
ასეთი თავდასხმები და ანგარიშსწორება გააასმაგებს როგორც ხაბეიშვილის, ასევე დანარჩენის ბრძოლას. ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი მათი მამხილებელი მასალა ტყუილია. ისინი, უბრალოდ, ინტრიგნებს გვიწოდებენ, მაგრამ იმას ვერ ამბობენ, რომ მილიონები არ მოუპარავთ ბიუჯეტიდან. მათ ჩვენ ოფიციალური დოკუმენტებით ვამხელთ. მათ მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი კორუფციულ ნიშნებს შეიცავს. ამაშიც ვამხელთ და ამის გამო არიან გამწარებულები.
_ ტენდერი ახსენეთ და ხაბეიშვილის აქტიურობამ კალაძეს მილიონიანი ტენდერი ჩაუშალა, მილანიდან 12.000-იანი სკამების ჩამოტანას რომ აპირებდა.
_ კალაძე ამის გამო კიდევ უფრო გამწარდებოდა ხაბეიშვილზე და რა გასაკვირია, რომ მასზე თავდასხმა დაიგეგმა. აქამდე თუ ჩვენს მხილებას ინტრიგანის დარქმევით პასუხობდნენ, ახლა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. ვიმეორებ, ამით ვერავის დააშინებენ, მათთვის კი ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. კარგად დაიმახსოვროს „ქართულმა ოცნებამ“, რასაც ახლა ვიტყვი: შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე ხალხი მათ დაამთავრებს და მერე ყველას მოუწევს დანაშაულზე პასუხისგება _ კანონის წინაშე პასუხისგებას ვგულისხმობ. პირად ანგარიშსწორებას არავინ აპირებს. „ქართული ოცნების“ წევრებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვართ პატარა ადამიანები. ისე, ფიზიკურ ანგარიშსწორებას თავადაც შეეშვან და ახსოვდეთ, რომ მომრევზე მომრევებიც არსებობენ.
_ მჯობნის მჯობი მართლა არ დაილევა და ხაბეიშვილმაც კარგად შემოუბრუნა ზონდერ-დეპუტატთა გუნდს ხელი.
_ კი, კი. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი ერთი იყო და ისინი _ რამდენიმე, მაინც გასცა პასუხი. გადამწყვეტ სიტყვას კი შემოდგომაზე, როგორც გითხარით, ხალხი იტყვის. შემდეგ უკვე კანონთან მოუწევთ პასუხის გაცემა.
_ ისევ ხაბეიშვილს დავუბრუნდეთ და ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა მას საკრებულოს დამლაგებლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.
_ ეს მართლაც საოცარი რამე იყო. დამლაგებლების სოლიდარობამ დაამტკიცა, რომ ბრძოლა, რომელსაც ლევანი 2013 წლიდან აწარმოებს, მართალია! როცა დავინახე, რომ დამლაგებლებმა ლევანს სოლიდარობა გამოუცხადეს, ის თავდასხმაც დამავიწყდა, რომელიც მასზე განხორციელდა. წამიერად დამავიწყდა, ვინმემ არ იფიქროს, რომ ამას გავატარებთ.
თავად ლევანმა თქვა, ჩემს თვალზე სილურჯე გაივლის, მაგრამ ესენი არჩევნებზე გალურჯდებიანო. „ოცნება“ ყველანაირად გალურჯდება, ლევანის მიმართ კი ხალხის სიყვარული არ განელდება. ამ ბიჭმა ეს სიყვარული თავისი ბრძოლით დაიმსახურა. დამლაგებლებზე კიდევ ერთ სიტყვას ვიტყვი: ამ ადამიანებმა ლევანის მიმართ გამოხატული სოლიდარობით სიმართლეს გამოუცხადეს სოლიდარობა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ხელისუფლებას თავში ჭკუა თუ აქვს, ამაზე უნდა დაფიქრდეს. ისინი იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ მათ წინააღმდეგ წავიდა ხალხი, ვინც მათ ემსახურება. ასეთი ფაქტი აქამდე არ მომხდარა.
_ ამ კვირიდან პარლამენტში საგაზაფხულო სესია იხსნება და ოპოზიციაც აპირებს აქციების განახლებას. როგორ წარიმართება პროტესტი? ელით თუ არა დარბევებს? ხაბეიშვილზე განხორციელებული თავდასხმა ნიშანი ხომ არ არის, რომ ხელისუფლება იოლად არაფერს დათმობს და უფრო აგრესიული იქნება, ვიდრე აქამდე იყო?
_ მათი აგრესიულობის არავის ეშინია. აგერ ნახავთ, რომ ამის შემდეგ ოპოზიცია უფრო აქტიური იქნება. ხელისუფლებას მხილება არც აქამდე აკლდა, მაგრამ ახლა უფრო მეტ მხილებას უნდა ელოდონ. გამოაშკარავდება ძალიან ბევრი დანაშაული, გაიშიფრება ბევრი კორუფციული სქემა. ხალხი ყველაფერს გაიგებს იმ უკანონობაზე, რასაც „ოცნების“ მაფიოზური კლანები სჩადიან. ხალხმა ისედაც კარგად იცის, თუ ვინ არიან ესენი, მაგრამ მხილების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოუყალიბდებათ აზრი „ქართულ ოცნებაზე“. ეს მხილება არჩევნებზე მისვლისა და ამ ხელისუფლების დამთავრების სურვილს გაუჩენს ძალიან ბევრს.
_ ცოტა ხნის წინ თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილს შეხვდით. თუ პარტიული საიდუმლო არ არის, იქნებ გვითხრათ, რაზე ესაუბრეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს?
_ რა საიდუმლო უნდა იყოს? არც ისაა გასაკვირი, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან წავედით. გარდა იმისა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, სააკაშვილი არის ჩვენი მეგობარი. ძალიან ხშირად ჩავდივართ მასთან. ბევრი მიდის მეგობრების მოსანახულებლად საზღვარგარეთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია.
_ სააკაშვილს მხოლოდ იმიტომ ჩააკითხეთ, რომ როგორც მეგობარი, ისე მოგენახულებინათ?
_ არა მხოლოდ ამიტომ. ცხადია, პოლიტიკასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ვისაუბრეთ. ძალიან მიხარია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩართულია იმ პროცესებში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს. ვის აქვს იმის უფლება თქვას, _ სააკაშვილს რატომ ხვდები ან ლევან ხაბეიშვილს, ან გიორგი ბოტკოველს, ან პარტიის რომელიმე სხვა წევრსო?
_ ამის უფლება არავის აქვს, მაგრამ სააკაშვილთან გამართული ნებისმიერი შეხვედრა თბილისში ისე აღიქმება, რომ რაღაცას აპირებთ.
_ რამის დაგეგმვა თუ გვინდა, სხვანაირად ვერ დავგეგმავთ? იქიდანაც მშვენივრად გვეკონტაქტება და სკაიპის მეშვეობით ბევრს გველაპარაკება. მასთან არაფრის დასაგეგმავად არ ჩავდივართ. ის ჩვენი მეგობარია და რაკი თავად ვერ ჩამოდის საქართველოში, ჩვენ ჩავდივართ მასთან. სააკაშვილთან ჩვენი ჩასვლა ვისაც არ მოსწონს, მათ მინდა ვუთხრა, რომ კიდევ წავალთ მასთან. მანამდე ჩავაკითხავთ მას, სანამ მესამე პრეზიდენტი თვითონ არ დაბრუნდება სამშობლოში.
_ ეს როდის იქნება?
_ ალბათ ძალიან მალე შემოუერთდება ის ჩვენი სამშობლოს წარმატებული მომავლის მშენებლობას. დანარჩენი უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული. გადამწყვეტ არჩევანს ხალხი აკეთებს.
_ აქციების თემას დავუბრუნდეთ. აქამდე პარლამენტთან აწყობდით აქციებს და პიკეტებს. ახლა იქაურობა შემოღობეს და რას აპირებთ? სად გამოხატავს ოპოზიცია პროტესტს?
_ პროტესტის გამოხატვა ყველგან შეიძლება. თუ ჰგონიათ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვით ოპოზიციას შეუკრეს ხელები, ძალიან ცდებიან. ამ შემოღობვით ყველას დაანახეს საკუთარი სახე. შეიყუჟნენ პარლამენტში და იყვნენ, საზოგადოებამაც და დასავლეთმაც მათზე ყველაფერი ისედაც კარგად იცის. ასე რომ, ბარიკადების აღმართვა „ქართულ ოცნებას“ ვერანაირ სარგებელს ვეღარ მოუტანს. შეიძლება, პირიქითაც მოხდეს და ამ ბარიკადებმა კიდევ უფრო დააჩქაროს მათი მმართველობის დასრულება.
_ პარლამენტის შემოღობვა სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ ოპოზიცია როგორ აპირებთ ჩამკვდარი მუხტის გაცოცხლებას? ის შესვენება, რაც დეკემბრის ბოლოდან აიღეთ, ხომ არ დაგაზარალებთ?
_ ხალხს როგორმე გამოვაღვიძებთ, უფრო ავიყოლიებთ, თორემ ხალხი დიდი ხანია ხვდება, ვისთანაც აქვს საქმე. მთავარი გამარჯვება უკვე მოპოვებულია, ასე რომ, სანერვეულო არაფერია.
_ რა გამარჯვება გაქვთ მოპოვებული?
_ ოპოზიცია დღეს ერთიანია. ისეთი ხალხი ვართ ამ ერთობაში, რომ თვითონაც გვიკვირს, ერთად როგორ ვართ. ყველანაირი გათვლებით ჩვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელი იყო. ძალიან ბევრი უნდა გაეკეთებინა ვიღაცას, რომ ასე მომხდარიყო. ამის გაკეთება ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა. ეტყობა, ბევრი იშრომა ამაზე. მისი მთავარი დამსახურება ისაა, რომ ის ქართულ სახელმწიფოს გაემიჯნა. ოპოზიციის დიდი ნაწილი მოწოდებულია, რომ დაიცვას ქვეყანა. ამიტომაც ვართ ერთად და ასევე ვიბრძოლებთ იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც მოხლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს, ხალხსა და სახელმწიფოს კი ზურგი აქცია.
პარლამენტის შემოღობვა ოპოზიციის გეგმებს ვერანაირად ვერ შეცვლის. დაიწყება აქციები, პიკეტირებაც იქნება, საპროტესტო მუხტიც აიწევს, ხალხიც შემოგვიერთდება. მოკლედ, უსამართლობის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა იქნება და ეს ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება დათმობაზე არ წავა. „ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ, რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.
_ ხელისუფლება ამ ეტაპზე დათმობას არ აპირებს. საჯაროდ ამბობს, რომ არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება. რას იზამთ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წამოვა?
_ ხელისუფლებას მოუწევს დათმობა. ოპოზიცია პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ბრძოლას აგრძელებს და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ „ქართული ოცნება“ დანაპირებს არ შეასრულებს. ჩვენ ვითხოვთ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, მაგრამ ამასთან ერთ რამესაც ვიტყვი, რომელსაც ბოლო დროს ხშირად ვამბობ: „ქართულ ოცნებას“ ვერც შერეული სისტემით ჩატარებული არჩევნები გადაარჩენს. ისინი ნებისმიერ შემთხვევაში წააგებენ არჩევნებს. ხალხი უკვე მზად არის განაჩენის გამოსატანად და არჩევნებს ელოდება, რომ თავისი გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანოს.
_ რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული? 2018 წელსაც ასე სჯეროდა ოპოზიციას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა.
_ მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ოპოზიციის გამარჯვების სჯეროდა მაშინ და ახლაც სჯერა. ამის სრული უფლება მაქვს. მით უმეტეს, რომ თელავში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების კანდიდატი ორივე ტურში დავამარცხეთ. უკვე მაქვს იმის გამოცდილება, თუ როგორ უნდა დაამარცხო არჩევნებზე ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს გაემიჯნა და რომელიც სასურველი შედეგის მისაღებად ყველაფერზეა წამსვლელი.
_ თელავში შეიძლება ისევ დაამარცხოთ ხელისუფლება, მაგრამ დანარჩენ საქართველოში როგორ იქნება?
_ მთელი ქვეყნის მასშტაბით დამარცხდება „ქართული ოცნება“. რა სურათსაც აქამდე თელავში ვხედავდი, ახლა მთელ საქართველოში ვხედავ. ეს მაფიქრებინებს, რომ დამარცხდებიან. მეტსაც გეტვით: ხელისუფლება იქაც წააგებს, სადაც ყველაზე გამართულად გრძნობს თავს. ეჭვიც არ მეპარება, რომ მთელი საქართველო დაანახებს მათ, თუ რას იმსახურებენ ისინი.
_ ზემოთ თქვით, რომ მთავარია, ოპოზიცია ერთად ვართო. ბოლომდე შეძლებთ ამ ერთობის შენარჩუნებას? რაღაც უთანხმოებები რომ წარმოიშვა ოპოზიციის შიგნით, ამას რას უპირებთ?
_ ამას მე საგანგაშოდ არ მივიჩნევ, ეს არაა განხეთქილება. გითხარით, რომ ივანიშვილმა ისეთი ძალები დაგვაყენა ერთად, ჩვენც ვერ წარმოგვედგინა, თუ გავერთიანდებოდით. ეს უკვე დიდი ამბავია. ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ და განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. იქ, სადაც ამდენი განსხვავებული აზრია, პატარა გაუგებრობაც იქნება, რაშიც პირადად მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციური ერთობა შენარჩუნებულია და ჩვენ ერთად მივალთ არჩევნებზე და ერთად დავამარცხებთ ივანიშვილის კორუმპირებულ ხელისუფლებას.
_ „ოცნებას“ დაამარცხებთ და მერე უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდებით?
_ ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით. დაპირისპირების დრო არ გვექნება. იმდენი რამე გააფუჭა „ქართულმა ოცნებამ“, რომ როგორც კი მათ გავუშვებთ, მაშინვე უნდა დავიწყოთ ქვეყნის ფეხზე დაყენება. „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისთვის რამის გაკეთება რომ შეძლებოდა, ამას აქამდეც გააკეთებდა. ქვეყანას რა უნდა გაუკეთონ, როცა კორუფციაში არიან ჩაფლულები და თავიანთივე პარტია ჩამოეშალათ.
_ პარტია ჩამოშლილი აქვთ?
_ ჩამოშლილია, აბა, რა არის? „ქართულ ოცნებაში“ აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან რაიმე შეხება აქვს. მდინარაძის, თალაკვაძისა და კობახიძის ამარა არიან დარჩენილები და მაგიტომაც დებს დასავლეთი ასეთ დასკვნებს.
_ კობახიძე ახსენეთ და ირაკლი კობახიძის მტკიცებით, თქვენ დააწერინეთ კონგრესმენებს ის მწვავე წერილები. იქნებ, გვითხრათ, როგორ ახერხებთ კონგრესმენებისთვის ტვინის არევას?
_ ამ „ოცნებას“ ხომ ყველგან „ნაციონალები“ ელანდება. მთელი ევროპა და ამერიკა თუ ჩვენი მოწოდებებით მოქმედებს, მაშინ ჩვენ ვყოფილვართ ყველაფერი. და რაკი ასე ფიქრობენ, დროზე გაეცალონ ხელისუფლებას და იმათ აცალონ, ვისაც მსოფლიოს ალაპარაკება შეუძლია.

შორენა მარსაგიშვილი