„უბედურების შემომქმედნი დამნაშავეებს მსხვერპლთა შორის ეძებენ“

წერილი „ქრონიკა+“-ს

ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მომავალშიც ბევრჯერ დავუბრუნდებით ამ თემას, ბევრ ტყუილსა და მართალს გაიგებს საზოგადოება. წლები მიდის და გამსახურდიას მკვლელობის (ან თვითმკვლელობის) საქმის გამოძიება ისევ ჩიხშია.
ამჯერად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, წალენჯიხის ყოფილი პრეფექტი, ზურაბ გუჩუა, „ქრონიკა+“-ს ვრცელ წერილს უგზავნის, სადაც ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეების ქრონოლოგიას მიმოიხილავს და ჟურნალისტ გიგლა გობეჩიას ბრალდებებს პასუხობს.

არანაირი სურვილი არ მქონდა, ამ თემას შევხებოდი, მაგრამ იძულებული ვარ, საწინააღმდეგოდ მოვიქცე. იმდენად აბსურდული ცილისწამება მოვისმინე, რომ ბრაზის განცდა დამეკარგა. სიმართლე გითხრათ, უფრო გაკვირვებისა და სიბრალულის განწყობამ მომიცვა.
არავის აქვს უფლება, ზვიად გამსახურდიას ტრაგედია საკუთარი ინტრიგებისა და ავადმყოფური ანგარიშსწორების მიზნით გამოიყენოს, ვინაიდან ამ მძიმე მოვლენისადმი მსგავსი დამოკიდებულება ხელს უშლის უბედურების ნამდვილი მიზეზებისა და მის შემომქმედთა ვინაობის დადგენას. ასეთი ინიციატივების პირდაპირი შედეგია სადღეისოდ ამ საქმეში არსებული სრული ქაოსი და უიმედობა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებაში საბოლოოდ ჩაკვდეს ამ მიმართულებით ჭეშმარიტების დადგენის სურვილი. ნებსით თუ უნებლიეთ, გიგლა გობეჩიას მიერ მომზადებული ინტერვიუ ხელს უწყობს სწორედ მსგავსი ტენდენციის ჩამოყალიბებას ადამიანთა შორის.
როგორც ჩანს, ჟურნალისტი ჩემზე განაწყენებული ყოფილა იმის გამო, რომ მე მას ინტერვიუ არ მივეცი. დიახ! ეს ნამდვილად ასე იყო. ერთი მიზეზი ამისა ის გახლდათ, რომ ადრე იგი ზვიადის საწინააღმდეგო წერილებს აქვეყნებდა. ამასთან, მისი კოლეგისგან გარკვეული ინფორმაცია მქონდა მისი მხრიდან პროფესიული საქმიანობის არაობიექტური და თვითმიზნური გამოყენების შესახებ. ეს იყო ჩემი მოტივაცია. თავის მხრივ, გობეჩიას ამის გამო ჩემზე განაწყენების მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტური გამოძიების პრეტენზიების მქონე კაცმა ყველაფერი პიროვნულ ზრახვებს გადააყოლოს?
რესპონდენტთან დიალოგის დროს გობეჩია გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „გუჩუას დიდი ხანია, მორგებული აქვს ეროვნული მოძრაობის ერთგული ჯარისკაცის ჩოხა და დროა, ის გაიხადოს“-ო. ბატონო გიგლა! როდის და ვინ შემმოსა მე ამ საპატიო სამოსით? ან ვინ ნახა, გაიგონა ვინმემ, რომ მე ამ მხრივ რამე პრეტენზიები გამომეხატოს? პირიქით, მხოლოდ ერთხელ გავეცი პასუხი აღნიშნულ საკითხზე თქვენს კოლეგას. სხვა მხრივ, ეროვნული მოძრაობის ტრაგიკულ ისტორიაში თუ ვინმე თვითრეკლამისა და თავმოწონების საფუძველს ხედავს, ეს მისთვის დამითმია. ვიმეორებ, არ მაქვს არანაირი სურვილი თავის გამოჩენისა, ეს ჩემი ხასიათია, ამიტომაც ჩემს მშობლიურ რაიონში თუ მიცნობენ, მეტი ჩემი არსებობაც კი არავინ იცის, თუ არ ჩავთვლით თქვენეულ პოპულარიზაციის მცდელობას, რა თქმა უნდა, უარყოფით კონტექსტში. მეტსაც გეტყვით, ბატონო გიგლა, სწორედ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე (თუ არა ექსტრემალური ვითარება) მე არც პრეფექტი და არც უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვიქნებოდი. არა იმიტომ, რომ ამ საქმეში უარესი ვიყავი. ცხადია, ჩემი დონის კოლეგებიც მყავდა და, საბედნიეროდ, უმრავლესობა, ბევრად უკეთესიც, მაგრამ მთავარი, ამ შემთხვევაში, არა ინტელექტუალური მონაცემები ან პოლიტიკური გამოცდილება, არამედ მოვლენებისადმი ღირებულებითი დამოკიდებულება იყო. მე უფლება არ მქონდა, თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩემი ხალხისთვის ზურგი შემექცია. არავის არაფერი დაუძალებია, სწორედ ამ შეგნებით ჩავერთე ჩემს მეგობრებთან ერთად ეროვნულ მოძრაობაში და ბოლომდე დავრჩი ამ იდეების ერთგული.
მოვლენები ისე განვითარდა, რომ თბილისისა და აფხაზეთის შემდეგ წალენჯიხის რაიონი მესამე კერა აღმოჩნდა, სადაც პოლიტიკურ დაპირისპირებათა სიმწვავემ არნახული ხასიათი მიიღო. ეს იყო უმძიმესი დღეები, რაც კი ცხოვრებაში გადამიტანია. ამის განხილვას დეტალურად ახლა არ შევუდგები, მაგრამ, ზოგადად, მაინც უნდა ვთქვა, _ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავიტანეთ: „მხედრიონის“ მიერ ჩვენი რაიონის რამდენჯერმე ბარბაროსული დარბევა, ოჯახების გადაწვა-აწიოკება, უახლოეს ადამიანთა დაყაჩაღება და მსხვერპლი; ციხე, წამება და სამშობლოს მოღალატის ჩვიდმეტწლიანი მუხლით უცხოეთში გადახვეწა. ბოლოს ამას დაემატა პირველი პრეზიდენტის დევნილობის დღეები, რომლის მოზიარე ბედისწერამ მეც გამხადა.
ეს არის იმდროინდელი ტრაგედიის ძალიან ზოგადი სურათი, მაგრამ ამის უკან დგას პიროვნული ტკივილი, ფსიქოლოგიური დრამა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ღმერთია მოწმე, არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გამოწვევამ მაიძულა, _ ციხეში ხელებშეკრულებს ხელკეტებს დაუზოგავად თავში გვირტყამდნენ, სისხლის გუბეებში ვეგდეთ და ზედ ფეხებით დადიოდნენ ჩვენს სხეულზე.
თითქმის წელიწადის განმავლობაში, მიღებული ტრავმების გამო, თავს ბალიშზე ვერ ვდებდი და მჯდომარე მდგომარეობაში ვიძინებდი. უკეთესად არც ჩემი თანამებრძოლები იყვნენ, მაგრამ არც ბერსა და არც ერს ჩვენ მაშინ არ მოვუკითხივართ.
მინდა აღვნიშნო, საკმარისი იყო ოდნავ მაინც ამეღო ხელი ჩემს პრინციპებზე, ყველაფერი სხვაგვარად დალაგდებოდა. არათუ დევნასა და შევიწროებას, არამედ კომფორტულ ცხოვრებასაც გავინაღდებდი, რომლის მაგალითი ჩვენს სინამდვილეში იშვიათობა სულაც არ გახლდათ. მაგრამ, ბატონო გიგლა! სწორედ ის არ გამაჩნდა, რასაც თქვენ მაბრალებთ, ანუ ღალატის ნიჭი.
კომედიაა, ტრაგედია თუ არა. ხალხი, რომელსაც ქარცეცხლიანი დროების ტალღა საერთოდ არ გაჰკარებია, პირიქით, ზოგიერთი მოძალადეთა ბანაკის აქტიური წარმომადგენელიც იყო, თავგამოდებით იბრძოდა კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და თვით პრეზიდენტის ფიზიკური ლიკვიდაციის მოწოდებით, ახლა იმათ ასამართლებს, ვინც პრეზიდენტსა და მის იდეებს ბოლომდე უერთგულა.
რაც შეეხება თქვენს კითხვებს, ბატონო გიგლა, თქვენ გაინტერესებთ გაგცეთ პასუხი (ალბათ შემისწორებთ, ჩემი კი არა, რესპონდენტის კითხვა არისო. მთელი ინტერვიუს საერთო პათოსში ძალიან ადვილად იკითხება ჟურნალისტისა და რესპონდენტის „ინტერესთა თანხვედრის ფაქტი“, მაგრამ ამას, ამჯერად, მნიშვნელობა არ აქვს), თუ რატომ „ჩამოვაშორე“ ჯგუფს თენგიზ ქარდავა _ „სმერტნიკა“. შევეცდები, განგიმარტოთ: პრეზიდენტისა და პრემიერის ამალას ჩვენ სოფელ ჩქვალერში შევხვდით, სრულიად შემთხვევით. თითქმის კვირაზე მეტი იქაურ მთებში მწყემსების მიტოვებულ კარვებში დავყავით. ბარიდან ინფორმაცია ამოგვივიდა: დაბა ჯვარის ტერიტორიაზე მხედრიონელთა დაჯგუფებების საეჭვო გადაადგილებებზე გვაფრთხილებდნენ და ადგილის გამოცვლას გვირჩევდნენ.
სოფელ ჩქვალერიდან მუჟავაში გადაადგილების მიზეზი სწორედ ეს იყო. ამასთან, ჩვენი გეგმა სრულიადაც არ ითვალისწინებდა ბადრი ზარანდიას ბანაკში პრეზიდენტის გადაყვანას. დიახ, სანამ მე ვიყავი მათთან, ჩვენი გადაადგილებისა და ადგილსამყოფელის შერჩევის საკითხს, ჩემი ნათესავებისა და უახლოესი მეგობრების მეშვეობით, მე ვახერხებდი. ეს სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან უცხო კუთხის ბიჭები ამ მისიას ვერ შეასრულებდნენ. რა თქმა უნდა, აღნიშნული როლი სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ყველა ჩემი შეთავაზება უსიტყვოდ სრულდებოდა. გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი და მისი დაცვა იღებდა.
შორიდან ადვილი განსასჯელია, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა შენს მცირეოდენ შეცდომას ან არასწორ ინიციატივას შეძლება დამღუპველი შედეგი მოყვეს, ბუნებრივია, ადამიანს სიფრთხილისა და თავშეკავების განცდა გეუფლება.
მეკავშირეთა ინფორმაციის საფუძველზე სოფელ ჩქვალერიდან სხვაგან გადაადგილების თაობაზე წინადადება ბატონ ზვიადს ჩვენ ადრეც შევთავაზეთ, მაგრამ მან ეს მაშინ არ ისურვა. შემდგომ თავად დააყენა საკითხი ამაზე. რა უნდა გვექნა? უკვე შეთანხმებული მარშრუტით მოძრაობისა და შეპირებული ბინების მიღების შანსი ნაკლები იყო, მაგრამ ახლობელთა სიბეჯითით ისევ მოხერხდა სანდო მეგზურების გამონახვა და საიმედო ოჯახების მოძიება. ასე აღმოვჩნდით ჩვენ მუჟავაში, ჩემი უახლოესი მეგობრების, ძმებ ოთარ და ვახტანგ არქანიების ოჯახში. აქ თავს აფარებდა ჩემი თანამებრძოლი ვახტანგ კალანდია მეუღლითურთ. აქვე იყო იმ დროს ჩემი მეუღლეც. ამ ოჯახში დაგვხვდა ბადრი ზარანდიაც, რომელიც თავის მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ახლო ტერიტორიაზე იყო დაბანაკებული. პირველი შეხვედრის ემოციების გავლის შემდეგ ზვიადმა ბადრისთან განმარტოებით საუბარი ისურვა.
რა ლაპარაკი ჰქონდათ მათ ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საუბრის შემდეგ ზვიადმა ჩვენეული მარშრუტით გზის გაგრძელება არ ისურვა და საჭიროდ მიიჩნია სოფლის ერთ-ერთ უბანში _ ჩვინარეში გადასულიყო, სადაც ზარანდია თავის მცირერიცხოვან თანამებრძოლებთან იყო დაბანაკებული. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის მოულოდნელი იყო. არც დაცვა იყო ამით კმაყოფილი, მაგრამ ფაქტია, რომ მე ვერაფერს შევცვლიდი. მეტიც: არ ვიცი, რა მოტივით, მე საერთოდ დამტოვეს ადგილზე, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ იყო ჩვენ შორის და ძალიან არ გამკვირვებია. ორ დღეში, როგორც თქვენი რესპონდენტი ამბობს ინტერვიუში, ზვიადმა კვლავ მიხმო თავისთან. როგორც იქ გავიგე, იგი ბადრისგან უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ პრეზიდენტის სურვილის საწინააღმდეგოდ ის გულუასთან შეხვედრას განაგრძობდა. ეს საკმაო მიზეზი გახლდათ იმისთვის, რომ ჩვენ ზარანდიას ბანაკი დაგვეტოვებინა და ასეც მოვიქეცით.
მწყემსების კარავში ასვლა და იქ დაბანაკება ნამდვილად არ იყო ჩემი ინიციატივა. რამდენიმე დღე იქ დავყავით. შემდეგ ჩვენთან ამოვიდა ჩემი მეგობარი ნუგზარ არქანია და მისი ძმა. მათ ბარში, ანთიების სანდო ოჯახში გადასვლა შემოგვთავაზეს. წინადადება ყველამ მოიწონა და ჩვენ მათთან გადავედით.
არ ვიცი, მერამდენე დღე იყო. ზვიადმა ბადრისთან კავშირის აღდგენა მოისურვა. მისგან რა მიზეზითაც წამოვედით, უკვე აღვნიშნე. ამის შემდეგ ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი იყო ასეთი ინიციატივა. ზვიადი ამას ზარანდიას ბანაკიდან საჭირო ინფორმაციის მიღების სურვილით ხსნიდა.
ფაქტი ერთია: რამდენიმე დღის შემდეგ მათგან მართლა მოვიდა საჭირო ინფორმაცია. ამბის მომტანები ფიზიკურად მე არ მინახავს, რადგანაც მაშინ ქვემოთ, სამზარეულოში ვიყავი, ისინი კი ოდა-სახლში იყვნენ. მე მათ თვალი რომ მოვკარი, უკვე ჭიშკრიდან გადიოდნენ. ალბათ, ეს ის ხალხია, რომელზედაც ქარდავა თავის ინტერვიუში ლაპარაკობს. ამასობაში ეზოში გამოვედი. შევამჩნიე, ბიჭები რაღაცას ფაციფუცობდნენ. შევეხმიანე, _ რა ხდება-მეთქი? _ ხვალ აქ მხედრიონელები ამოვლენ და ეს სახლი უნდა დავტოვოთო. მინდოდა მეკითხა, _ სად მივდივართ-მეთქი? ამ დროს ზვიადი მომიახლოვდა და მითხრა, _ ზურა, შენ აქ რჩებიო. მარგველანმა იკითხა, _ კი მაგრამ, ზურას გარეშე როგორ ვიმოძრაოთო? პრეზიდენტმა აუხსნა, _ ჩვენ ზუგდიდის ტერიტორიაზე გადავდივართ და იქ მეგზურობას ვახო ზარანდია გაგვიწევსო. ისიც აღნიშნა, რომ მე ადგილობრივი ვიყავი და აქ თავს ადვილად შევინახავდი.
ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო. მე ჩემი მისია ამოვწურე. ისიც მესმოდა, რომ კონსპირაციის პირობებში სიმრავლეს თავისი უარყოფითი მხარე ჰქონდა, ამიტომ ჩავთვალე, რომ ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული ლოგიკა იყო. რაც შეეხება ჩემს ადგილობრივ წარმომავლობას, არ ვიცი, ეს ფაქტი რამდენად დამიფარავდა, მით უფრო, ჩვენი რაიონი, როგორც წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა, დასჯის საგანგებო ზონად იყო გამოცხადებული, ხოლო პრეფექტურის ყველა წევრი განსაკუთრებული შურისძიების სუბიექტად განიხილებოდა. მოკლედ, რაც იყო _ იყო, ახლა წუწუნს ხომ ვერ დავიწყებდი. მოვკრიფე ჩემი ტანსაცმელი, ჩავყარე ზურგჩანთაში და გამოსამშვიდობებლად გავემზადე. ამ დროს ვიღაცამ იკითხა, _ ფახულანი საით არისო? ეს რომ გავიგონე, ვუთხარი, _ ფახულანში თუ მიდიხართ, მეც დამიმგზავრეთ, გზასაც გაჩვენებთ და მერე მე იქ სოფელში ბიძაშვილებთან დავრჩები-მეთქი. მათ ჩემი წინადადება ძალიან მოეწონათ. თუ არ ვცდები, ზვიადმა კაბინაში გვერდით მომისვა და ასე ჩავედით ფახულანში.
გამომშვიდობებისას ბიჭებმა მთხოვეს, მათთვის ვინმე ნათესავთაგანს მდინარეზე გადასასვლელი ფონი ესწავლებინა. ეს თხოვნა იქვე მინდორში პირველ შემხვედრ ბიძაშვილის ვაჟს გადავეცი, რომელიც მათ მანქანაში ჩაუჯდა. სახლში ავედი. მთელი ნათესაობა იქ დამხვდა. კითხვა-მოკითხვაში საკმაო დრო გავიდა. დათო არ ჩანდა. მე შემეშინდა და იძულებული გავხდი, ყველაფერი ჩემი ბიძაშვილისთვის ამეხსნა. სასწრაფოდ გავეშურეთ მდინარისკენ. თოვლისა და ქარისგან გათოშილი პრეზიდენტი, პრემიერი და მათი დაცვა მდინარის სანაპიროზე დაგვხვდა. როგორც შემდგომ გავარკვიეთ, ახალი მეგზური არ მოვიდა და ესენი ბედის ანაბარა დარჩნენ. რა თქმა უნდა, მე მათ ასეთ მდგომარეობაში ვერ მივატოვებდი და სასწრაფოდ ყველა ერთად უკან დავბრუნდით. მეორე დღეს ენგურს გაღმიდან კვლავ ვიხმე ბიძაშვილი _ ჩიგო გუჩუა და ჩემი ასევე სხვა ნათესავებისა თუ ახლობლების მეშვეობით დაახლოებით ჩვიდმეტჯერ გამოვიცვალეთ ადგილსამყოფელი.
ამ მოძრაობასთან დაკავშირებული სიძნელეები სხვა თემაა, ამას ამჯერად არ შევეხები. უბრალოდ, ახლა თქვენ მოგმართავთ, ბატონო გიგლა! ზემოთ მოთხრობილ რეალობაში სად არის ადგილი თქვენ მიერ დასმული შეკითხვისთვის? როგორ უნდა ჩამომეშორებინა მე თენგო ქარდავა პრეზიდენტის გარემოცვისგან, როცა მე თავად ვიყავი ჯგუფისგან ჩამოშორებული და მხოლოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო აღმოვჩნდი ისევ მათ ბანაკში?
თქვენ მეკითხებით, თუ რატომ არ შეუსრულეთ თხოვნა პრეზიდენტს და არ მოუყვანეთ ქარდავა, როცა მან ამის სურვილი გამოთქვაო? არგუმენტად მოგყავთ მწყემსის სიტყვები, სადაც ის თენგოს ეუბნება, _ შენ ნახვას ითხოვდა გამუდმებითო. სანამ მწყემსის კარავში ვიყავით, თენგოც იქ იყო. აკი, თვითონაც ამბობს, პრეზიდენტს ანთიებთან ჩამომაშორესო. აქ კი მწყემსი არასოდეს გამოჩენილა. სად და როდის უნდა გამოეთქვა პრეზიდენტს აღნიშნული სურვილი მწყემსის გასაგონად? თითიდან გამოწოვილია ეს კითხვები და არაფერი საერთო არ აქვს სინამდვილესთან. ამასთან, თქვენმა რესპონდენტმა, რომელიც თითქოს ღრმადაა ჩახედული ვითარებაში, როგორ ვერ მოიაზრა, რომ მეც მის მდგომარეობაში ვიყავი და არაფრის შეცვლა არ შემეძლო. და, საერთოდ, როცა ჯგუფიდან ცალკეული პირების ჩამოშორების საკითხს ეხებით, ხომ უნდა იფიქროთ, რომ ჩვენ ექსკურსიაზე კი არ ვიყავით, არამედ ვიმალებოდით და განსაკუთრებით მაშინ, როცა ტყიდან ოჯახებში მოგვიწია გადასვლა, თვრამეტი-ოცი კაცის რაოდენობით თავზე ვერავის დავადგებოდით. რაც შეეხება იმას, თუ ვინ, რა დროს უნდა ჩამოშორებოდა ჯგუფს, ამის შესახებ არავინ არაფერს მეკითხებოდა. ვთქვი კიდევაც, რომ რამდენჯერმე თავად აღმოვჩნდი მსგავს მდგომარეობაში. რაც შეეხება ჯგუფიდან ქარდავას გაშვება-არგაშვების საკითხს, ეს პირდაპირ პრეზიდენტის ნებაზე იყო დამოკიდებული და სურვილის შემთხვევაში მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, ხოლო მისი მოძებნა ჩემთვის არავის დაუვალებია და არც სხვისთვის. რამდენადაც ვიცი, ასე რომ ყოფილიყო, ამის თაობაზე, ყოველ შემთხვევაში, რამეს მაინც გავიგებდი.
ჩუხუასთან დაკავშირებით, ვითომ, მას მოსკოვში შეხვედრის დროს ქარდავასთვის ეთქვას, რომ ზვიადი მოკლულია წამებით, ჯერ ერთი, ეს კაცი ჩემი მეგობარია და მისგან მსგავს მოსაზრებებს, პირველ რიგში, მე გავიგებდი. ამასთან, სწორედ ჩუხუას ბიძამ მიიყვანა პრეზიდენტი იმ ოჯახში, სადაც ის დაიღუპა. ამიტომ მას არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა მსგავსი განცხადების გასაკეთებლად. ეს არის მორიგი სიცრუე.
აქვე მინდა ერთ საკითხსაც შევეხო: თქვენ წერთ, რომ თითქოს უშიშროების წარმომადგენელ ალასანიას ეთქვას, რომ მას ჩვენ შორის თავისი კაცი ჰყავდა. მე კი პირიქით, სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია მაქვს წაკითხული, მის მიერ გაზეთში გამოქვეყნებული, მაგრამ ამას, ამ შემთხვევაში, არგუმენტად არ გამოვიყენებ, თავად მისი სამსახურის ბუნებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე. მთავარი ჩვენს შემთხვევაში ის ფაქტია, რომ ჩვენ გამოვიარეთ ჩვიდმეტი ოჯახი და არსად ჩავარდნა არ გვქონია. ბოლოს, გარდაცვლილი პრეზიდენტის ძებნაში შევარდნაძის ხელისუფლებამ რამდენიმე საფლავი გადათხარა და მაინც ვერაფერი იპოვა, სანამ დაცვამ გამსახურდიას ოჯახთან შეთანხმებით ინფორმაცია არ გასააჯაროვა. როგორ ფიქრობთ, ჩვენ შორის ჩანერგილ პიროვნებას მთავრობისთვის ინფორმაციის მოწოდება გაუჭირდებოდა? აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არაფერი ვთქვათ პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაზე, ნებისმიერი ჩვენთან კავშირში მყოფი საკუთარ თავსა და ოჯახის ბედს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებდა, ამიტომ ყველაფერს ტალახი არ უნდა ესროლოთ. ადამიანებს სხვა დროსაც დასჭირდებათ ერთმანეთი.
ბოლოს, თურმე, მე თენგიზ ქარდავას შეხვედრაზე არ დავთანხმებივარ. ვითომ რატომ? მეშინოდა მისი თუ რა? ესეც ბოდვაა. სხვა რომ არაფერი, ერთ რაიონში ვცხოვრობთ და მოწადინებული კაცი ამდენი ხნის განმავლობაში ჩემთან შეხვედრას როგორმე მოახერხებდა.
რაც შეეხება პრეზიდენტის გარემოცვის ერთგულებისა და სანდოობის საკითხს, მე ამის თაობაზე ადრეც დავაფიქსირე, _ არ მაქვს არანაირი უფლება, ისინი ღალატისა და ორგულობის ბრალდებით დავადანაშაულო. ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: მათთან ყოფნის განმავლობაში ამის საფუძველი არ მომცემია, მაგრამ აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ეს არის ჩემი პირადი, სუბიექტური განცდა და წარმოდგენა. ამიტომ არის საჭირო ობიექტური გამოძიება, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ ტრაგიკულ ისტორიას. ამ მოვლენის ყველა მონაწილე, გამოთქმული ეჭვების საპასუხოდ, თავიდანვე მოითხოვდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებასა და გამოძიების დაწყებას. ახლაც, ბუნებრივია, ჩემი ჩათვლით, არავინ იტყვის უარს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. მე ერთხელ უკვე მივეცი ახსნა-განმარტება საგამოძიებო ორგანოებს. მზად ვარ, მომავალშიც პასუხი გავცე საჭირო კითხვებს. სამწუხაროდ, შედეგებს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ.
ამ ტრაგედიის მთელი თავისებურება ის გახლავთ, რომ თავად უბედურების შემომქმედნი დამნაშავეებს მსხვერპლთა შორის ეძებენ. თუ რამის გამოძიებას აპირებთ, საერთოდ, აჯობებდა, პირველ რიგში, სიძულვილისგან განთავისუფლებულიყავით, რადგანაც ბრაზით შეპყრობილთა თვალსაწიერი ძალიან მოკლეა და იგი ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა საგანთა და მოვლენათა სწორად დასანახად. სწორედ ასეთი ადამიანები იწყებენ სხვის თვალში ბეწვის ძებნას, როცა საკუთარში დირეს ვერ გრძნობენ. ისიც გაიხსენეთ, ჟურნალისტო, ახლა გამოძიების ჟინით შეპყრობილი, ადრე კანონიერი ხელისუფლების დამამხობელთა ავანგარდში რომ ბრძანდებოდით!
იმედია, დრო მოვა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

პატივისცემით: ზურაბ გუჩუა

P. S. „ქრონიკა+“ მზადაა, ყველა დაინტერესებულ მხარეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება მისცეს.