ელიზბარ ელიზბარაშვილი: „საქართველოს მეცნიერება მომაკვდავია! “

ის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სამი სახელმძღვანელოს, ორი სამეცნიერო ატლასისა და 20-მდე მონოგრაფიის ავტორია. მის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შესწავლილია მთის ჰავის ჩამოყალიბების მექანიზმის მრავალი საკითხი; მის მიერ გაანალიზებულ კავკასიის კლიმატების ვერტიკალურ სტრუქტურას მაღალი შეფასება მისცა აკადემიკოსმა ინოკენტი გერასიმოვმა. გამოვლენილი აქვს საქართველოს კლიმატური, მათ შორის, საკურორტო და ენერგეტიკული რესურსების თავისებურებანი. ყურადღება დაუთმო გლობალური დათბობის პრობლემას.

„ქრონიკა+“-ის სტუმარია ქართველი გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო ჟურნალ „Eუროპეან Gეოგრაპჰიცალ შტუდიეს“-ის (სლოვაკეთი) მთავარი რედაქტორის მოადგილე, ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მსოფლიო ბანკის ექსპერტი ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში, ღირსების ორდენის კავალერი _ ელიზბარ ელიზბარაშვილი.
ეს არის ინტერვიუ, უფრო სწორად, აღშფოთებული და გაბრაზებული მეცნიერის წერილი განათლების მინისტრსა და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების არსებული სისტემის შესახებ:

_ რა მდგომარეობაშია საქართველოში მეცნიერება?
_ საქართველოს მეცნიერება მომაკვდავია. იყო წესიერი დრო, როცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მასში შემავალ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან ერთად, საქართველოს მთავრობის მრჩევლად მიიჩნეოდა. ეს ერთიანი მსხვილი სამეცნიერო გაერთიანება გახლდათ, რომელსაც ნებისმიერ საკითხზე შეეძლო გაეწია მთავრობისთვის კონსულტაციები. დღეს კი აკადემიიდან ინსტიტუტები უნივერსიტეტებში გადაისროლეს. ისინი, სამწუხაროდ, ვერ შეერწყნენ უნივერსიტეტებს, რადგანაც უნივერსიტეტებისთვის ზედმეტ ბარგს წარმოადგენდნენ. მეტიც: ზოგიერთმა, მაგალითად, ილიას უნივერსიტეტმა, აგრარულმა უნივერსიტეტმა, გააუქმა კიდეც რამდენიმე ინსტიტუტი. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ის ინსტიტუტები, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს გადაეცა. მიუხედავად ამისა, ისინი ვერ ჩაერთნენ უნივერსიტეტის სასწავლო სამეცნიერო პროცესში, საგანმანათლებლო პროგრამებში და, ფაქტობრივად, უნივერსიტეტის ცხოვრებაში არ მონაწილეობენ, მისთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენენ. ამის უარყოფითი შედეგები სახეზეა.
_ მაგალითად?
_ როდესაც 2019 წლის აპრილში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯს შეუტიეს და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს აკადემიური წრეების ჩართვა მოითხოვეს, ჩვენ ასეთი პიროვნებები აღარ აღმოგვაჩნდა, რადგან ისინი დიდი ხნის ჩარეცხილები იყვნენ.
ცალკე საკითხია ინსტიტუტების დაფინანსება. აქ საუბარი ზედმეტია საერთაშორისო დონის მეცნიერთა მწირ ხელფასზე. მთავარი პრობლემაა, რომ ინსტიტუტებს საშუალება არ გააჩნიათ, მოაწყონ თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ჩაატარონ ექსპედიცია, აღზარდონ ახალგაზრდა მეცნიერები, რადგანაც გაუქმებულია მაძიებლობის, ასპირანტურისა და დოქტორანტურის ინსტიტუტები, რაც ჩვენმა მეზობელმა რესპუბლიკებმა შეინარჩუნეს და ამით მეცნიერების დონეც აამაღლეს.
_ შეძლებს კი სამინისტრო ამ პრობლემების გადაჭრას, როცა თავად საკმაოდ ბევრი მიმართულებითაა გაერთიანებული?
_ აქვე შეცდომად მიმაჩნია განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების შეერთება. ჩემი აზრით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფრო იყო დასაშლელი. ცალკე უნდა გამოეყოს განათლების სამინისტრო, ხოლო მეცნიერების კომპონენტი შეუერთდეს მეცნიერებათა აკადემიას ან სხვა რაიმე სამეცნიერო ცენტრს. სხვაგვარად მეცნიერება ჰაერშია გამოკიდული, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ნადგურდება არსებული სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც გაცილებით ძლიერია კათედრების შესაბამის პოტენციალზე. უნივერსიტეტებს არ სცალიათ ინსტიტუტებისთვის და მხოლოდ ავტორიზაციის დროს სარგებლობენ მათი მიღწევებით. აუცილებელია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების განთავისუფლება უნივერსიტეტებისგან და მათი დამოუკიდებელი განვითარება.
საერთოდაც, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროს მთავარი პრობლემა შესაბაბისი საბაზისო დაფინანსების არარსებობაა. დაფინანსების გარეშე დარგი ვერ განვითარდება. განათლება და მეცნიერება კი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია, ამიტომ საჭიროა, ხელისუფლებამ შეცვალოს დამოკიდებულება დარგის მიმართ და ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნიოს.
ვერაფრით შევეგუები იმ ფაქტს, რომ ჩემს აღმზრდელ უნივერსიტეტში, სადაც ჩემი სტუდენტობისა და მუშაობის პერიოდში პრორექტორებად ისეთი დამსახურებული ადამიანები მოღვაწეობდნენ, როგორებიც იყვნენ აკადემიკოსები ვიქტორ კუპრაძე, მათე მირიანაშვილი, სერგო ჯორბენაძე, შოთა მესხია, ნოდარ კეკელიძე, ლევან ალექსიძე და სხვა გამოჩენილი მეცნიერები, დღეს სრულიად დაუმსახურებლად ინიშნებიან გამოუცდელი და დარგის არმცოდნე ადამიანები. ეს არც უნივერსიტეტის დამაარსებლებს მოეწონებოდათ და _ არც ჩვენს წინაპრებს.
მე განვიხილე ზოგიერთი პრობლემა, რაც ზედაპირზე ჩანს, ხოლო თუ ჩავუღრმავდებით, მაშინ გაცილებით მეტი აღმოჩნდება. სინამდვილეში კი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ასეთი სისტემით ვერავითარი სწავლების ხარისხი ვერ უმჯობესდება და მეცნიერებაც არ ვითარდება, ვფიქრობ პირიქით – უარესდება და ჩამორჩება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებული საგანმანათლებლო სისტემა დაინგრა. „რეფორმატორებმა“ ახალი, სრულიად გაუგებარი სპეციალობათა საკვალიფიკაციო ჩარჩო შემოიღეს, სადაც გეოგრაფია საერთოდ არ ფიგურირებდა. სიაში წარმოდგენილი იყო გარემოსმცოდნეობა, გეომორფოლოგია, გეოეკოლოგია და ა. შ.
ცნობისთვის: საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად ჯერ შევქმენი საბაკალავრო პროგრამა გარემოსმცოდნეობაში, მაგრამ რამდენიმე წელიწადში საკვალიფიკაციო ჩარჩოს შეცვლის გამო უმალ გააუქმეს სპეციალობა ისე, რომ პირველ ნაკადს პროგრამის დასრულებაც კი არ აცალეს, ისე დაშალეს და გადაანაწილეს სხვა სპეციალობებზე.
როგორც იქნა, საკვალიფიკაციო ჩარჩოში შეიტანეს სპეციალობა გეოგრაფია და ჩემმა საბაკალავრო პროგრამამაც წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. ამავე დროს აღმოჩნდა ახალი გაუგებრობა, _ სპეციალობათა საკვალიფიკაციო ჩარჩოში გეოგრაფიის მიმართულებით სწავლების მეორე და მესამე საფეხურისთვის მითითებული იყო ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია და კარტოგრაფია. ამ დროს, მეტეოროლოგია არ არის გეოგრაფიის შემადგენელი ნაწილი, ის ფიზიკის დარგია. მეტეოროლოგია ნიშნავს ატმოსფეროს ფიზიკას და გეოფიზიკურ მეცნიერებებს განეკუთვნება, ის იკვლევს დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს. აქ უნდა ყოფილიყო კლიმატოლოგია, გეოგრაფიული მეცნიერება, რომელიც იკვლევს მეტეოროლოგიური პროცესებისა და კლიმატების გეოგრაფიულ კანონზომიერებებს. უკეთესი იქნებოდა _ მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია.
ახლახან გამოქვეყნებულმა საკვალიფიკაციო ჩარჩომ (2019წ.) გადააჭარბა ჩვენს მოლოდინებს. ეკოლოგია გამოტანილია, როგორც დამოუკიდებელი საბუნებისმეტყველო დარგი, რაც არასერიოზულია, რადგანაც ეკოლოგია სწორედაც დარგთაშორისი მეცნიერებაა ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ფიზიკისა და სოციალურ მეცნიერებათა ზღვარზე და იყენებს მათემატიკის ფუნდამენტურ მიღწევებსა და მოდელირების პრინციპებს.
ამავე დროს, გეოგრაფიულ მეცნიერებაში გამოკვეთილია მხოლოდ 2 მიმართულება _ გეოგრაფიული საინფორმაციო ტექნოლოგიები და ჰიდროლოგია. განათლების სამინისტროს მესვეურებს, _ მათ, ვინც გზა-კვალი აუბნია უმაღლეს განათლებას, ვეკითხები: სად არის გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ნიადაგების გეოგრაფია, ბუნებათსარგებლობა, კარტოგრაფია?
უსამართლოა გეოგრაფიის სპეციალობის დაუფინანსებლობა, მაშინ როდესაც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ყველა სპეციალობას აფინანსებს სახელმწიფო. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა ამ სპეციალობაზე შემომსვლელ სტუდენტთა რაოდენობა, თუმცა ბევრს სურს. დიდია აგრეთვე მოთხოვნა გეოგრაფიის მასწავლებლებზე. მაგალითად, კახეთის რეგიონის სკოლებში გეოგრაფიას ასწავლის ფილოლოგი, ბიოლოგი, ისტორიკოსი, იურისტი, აგრონომი, ფინანსისტი და ა. შ. ამავე დროს, მოქმედ გეოგრაფიის მასწავლებელთა 80%-მდე არასერტიფიცირებულია.
კრიტიკას ვერ უძლებს სტუდენტთა შეფასების სისტემა. შეფასების 100-ქულიან სისტემაში თითოეული ქულა გაწერილია, რაც ხელოვნურად არის შექმნილი და ვერც ერთი პროფესორი სტუდენტის შეფასებისას ამას ვერ ითვალისწინებს, ამიტომ შეფასებაც ფორმალურია.
წარმოუდგენლად გაიზარდა სილაბუსის მოცულობა, ამას ემატება კიდევ სხვა დოკუმენტები, ფორმები, ანგარიშები და სხვ. იმის მაგივრად, რომ პროფესორმა საკუთარ თავზე იმუშაოს ლექციების მოსამზადებლად, ის ქაღალდომანიით არის დაკავებული.
არასწორია მიდგომა სახელმძღვანელოების მიმართ. ახალი სახელმძღვანელოები ყოველწლიურად არ იწერება. სახელმძღვანელომ უნდა გაიაროს გამოცდა რამდენიმე წელი, შეიძლება 10-15 წელიც, სანამ უკეთესი არ შეიქმნება. მიდგომა, რომ ახალი სახელმძღვანელო უკეთესია, არასწორია.
სამარცხვინოა ე. წ. რიდერების შემოღება, რაც გულისხმობს სხვადასხვა ძველი, ხშირად კლასიკური, სახელმძღვანელოების დაქსეროქსებას. ირღვევა სახელმძღვანელოს სტრუქტურა, შინაარსი და სტუდენტი ღებულობს რაღაც საკითხების დაქუცმაცებულ ნაკრებს, სადაც საკითხები არავითარ ურთიერთკავშირში არ არის.
საერთოდ, უარყოფითი შედეგი გამოიღო უნივერსიტეტებისთვის ავტონომიურობის მინიჭებამ. რიგმა უნივერსიტეტებმა შემოიტანეს რეგულაციები, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს უმაღლესი განათლების შესახებ.

მაკა მოსიაშვილი