გელა ჩხეიძე: „ეგვიპტური წარმოების წამალი სუიციდისადმი მიდრეკილებას იწვევდა“

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და მრავლისმნახველი საქართველო კიდევ ერთხელ გააოცა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე, გვამცნეს, რომ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560.645.083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. მრავალხელისუფლება გამონაცვალი ამირან გამყრელიძე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს, უფრო შორს წავიდა და იქით დასდო ვალი აღშფოთებულ საზოგადოებას _ ჯობს, ნაშთი დაგვრჩეს, ვიდრე დაგვაკლდესო. ალბათ, მხოლოდ მას შეუძლია ნაშთი უწოდოს ნახევარი მილიარდის ღირებულების ვადაგასულ წამლებს.

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში 58.000 ადამიანმა უკვე გაიარა მკურნალობის სრული კურსი. ეს პროგრამა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მან კიდევ რამდენიმე წლით გადაიწია. აღნიშნულ პროგრამას ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს. ამ პროგრამის ფარგლებში ათეულობით ათასი ადამიანი განიკურნა.
C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში უკვე რამდენჯერმე გახდა სერიოზული სკანდალის მიზეზი. როგორც ამბობენ, ერთ-ერთ სკანდალს შეეწირა დავით სერგეენკოც. საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული ძვირადღირებული წამლები რუსეთში შავ ბაზარზე მოხვდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელებმა ამ საქმის გამოძიება დაიწყეს. მედიაში დაიწერა ისიც, რომ ქართულ მხარეს ეს წამლები რუსეთში აფხაზებისა და ოსების დახმარებით გაჰქონდა. პროგრამის ფარგლებში მკურნალობის კურსს აფხაზები და ოსებიც გადიან.
არის ეჭვი, რომ წამლები, რომლებზეც გვითხრეს, ვადაგასულიაო, გაყიდულია, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც. გაქრა თუ არა წამლები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გამოძიებას „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მიმართულებით სხვა სამუშაოს ჩატარებაც მოუწევს. ადამიანების ნაწილი, რომლებმაც მკურნალობის კურსი გაიარეს, დავით სერგეენკოსა და ამირან გამყრელიძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ. ისინი ახლა თურქეთისა და ევროპის ქვეყნების კლინიკებში მკურნალობენ. პროგრამის დასრულების შემდეგ მათ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდები განუვითარდათ.
„ცე“ ჰეპატიტის სამკურნალო კურსი გელა ჩხეიძემაც გაიარა. მას დღემდე მწარედ ახსოვს, როგორ იდგა ასეულობით ადამიანთან ერთად საათობით წამლის რიგში და როგორ აწვდიდნენ ცელოფანში ჩაყრილ წამლებს ფანჯრიდან პოლიციელები. ახსოვს, თუ როგორ ჩაანაცვლეს ამერიკული პრეპარატი ეგვიპტურით და როგორ იმოქმედა ამან პაციენტებზე.

C ჰეპატიტის პროგრამის ბნელ მხარეებსა და მის სავალალო შედეგებზე გელა ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ საზოგადოება შოკში ჩავარდა, როცა გაიგო, რომ „ცე“ ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყოფილი 560 მილიონის ღირებულების წამლებს ვადა გაუვიდა. ამირან გამყრელიძემ გვითხრა, რომ ჯობს, ნაშთი დარჩეს, ვიდრე დაგვაკლდესო. ამაზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?
_ ნახევარი მილიარდის ღირებულების წამლებს რომ ვადა გაუყვანეს, ეს საშინელებაა, მაგრამ არანაკლები საშინელებაა ის, რაც მხოლოდ იმ ადამიანებმა ვიცით, ვინც ეს კურსი გავიარეთ. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ეს არ ყოფილა მკურნალობა, ეს იყო მხოლოდ წამლების მუჭაში ჩაყრა. პირველ ნაკადს სოვალდით და რიბავერინით მკურნალობდნენ. ადამიანების ნაწილი, რომლებმაც ეს პრეპარატები მიიღეს, დღეს ევროპისა და თურქეთის კლინიკებში მკურნალობენ. მათ შორის ვარ მეც. ვინც ამ წამლებს ვღებულობდით, ძალიან ბევრს ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდები გაგვიჩნდა. არადა, გვითხრეს, რომ ვინც ეს კურსი გაიარა, ღვიძლზე სიმსივნე აღარ განუვითარდებაო.
_ ამ წამლებმა გამოიწვია სიმსივნური წანაზარდების გაჩენა? ეს დაზუსტებულია?
_ არც ერთი ევროპელი ექიმი არ ამბობს, რომ ეს სოვალდის ან რიბავერინის ბრალია. თურქი ექიმები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდების გაჩენა „ცე“ ჰეპატიტის არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია. აქ კიდევ ერთხელ უნდა დავაზუსტო, რომ რაც ჩვენ გავიარეთ, ეს არ ყოფილა მკურნალობა. მკურნალობა სახელად ერქვა, თორემ კურსი მხოლოდ წამლის გადაცემით შემოიფარგლებოდა.
დღეს პაციენტებს უკვე ჰარვონით მკურნალობენ. ეს სოვალდთან და რიბავერინთან შედარებით უწყინარი და ეფექტიანი პრეპარატია. როდესაც აქ „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა დაიწყო, ეს წამალი მაშინაც არსებობდა, მაგრამ ჩვენ, რატომღაც, სხვა პრეპარატები _ რიბავერინი და სოვალდი ავირჩიეთ.
ზემოთ გითხარით, რომ კურსი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, არ იყო მკურნალობა. მკურნალობა სულ სხვა რამეა. სანამ ჩვენთან ეს პროგრამა შემოვიდოდა, ქართველები „ცე“ ჰეპატიტის სამკურნალოდ ევროპაში მიდიოდნენ, იქ ლტოლვილებად ბარდებოდნენ. იქაური ხელისუფლება მათ „ცე“ ჰეპატიტზე მკურნალობდა. მკურნალობის კურსი ან სამთვიანი იყო, ან ექვსთვიანი. ამ ადამიანებს ან წითელი ჯვრის კლინიკაში აწვენდნენ, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კლინიკაში, ან ლტოლვილთა ბანაკში. მთელი ამ კურსის განმავლობაში ისინი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. წამალსაც კი ექიმების მეთვალყურეობით სვამდნენ. ძალიან ბევრმა ჩემმა ნაცნობმა გაიარა ევროპაში წლების წინათ ეს კურსი და შინ განკურნებული ჩამოვიდა. ჩვენთან რაც ხდებოდა, ამას არ ერქვა მკურნალობა. ეს იყო ადამიანების დამცირება, შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება.
_ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ეს იყო ადამიანების დამცირება?
_ ამ ყველაფრის მომსწრე თავად რომ არ ვიყო, ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. დამცირება იყო აბა, რა?! _ ასეულობით ადამიანი რიგში ვიდექით გარეთ, სიცხეში, სიცივეში, წვიმაში და საათები ველოდით, თუ როდის მოგვცემდნენ წამლებს. თვეში ერთხელ მივდიოდით წამლებისთვის. ერთი თვის მარაგს გვაძლევდნენ. დაცვა ფანჯრიდან გვაწვდიდა ხოლმე ცელოფანში ჩაყრილ წამლებს. ორი თვის თავზე მომილოცეს, განიკურნეო. ამის მიუხედავად, 12-თვიანი კურსი დამინიშნეს.
_ თუ განკურნებული იყავით, რატომ დაგინიშნეს დამატებითი კურსი?
_ ასეა საჭიროო. მეტი განმარტება არ მოუციათ. წავიკითხე სათანადო ლიტერატურა და 12-თვიანი კურსი არასად ყოფილა. ამათ, რატომღაც, რაღაც განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდათ.
პირველ ეტაპზე ამერიკული წარმოების რიბავერინსა და სოვალდს გავაძლევდნენ. ამ პრეპარატების ნაწილი ინგლისური და კანადური წარმოების იყო. ორი თვის შემდეგ, რატომღაც, ეგვიპტური წარმოების რიბავერინის მოცემა დაიწყეს. წავიკითხე, რომ ეგვიპტეში „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა ჩავარდა, ისევე როგორც ჩვენთან, იქაც ვერ მოაბეს თავი ამ პროგრამის განხორციელებას. მკურნალობის პროგრამა, მართალია, ჩააგდეს, მაგრამ ფაბრიკა ააშენეს, სადაც რიბავერინის წარმოება დაიწყეს. გვაძლევდნენ ეგვიპტური წარმოების წამლებს და ამით შემოიფარგლებოდნენ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, საერთოდ არაფერს აკონტროლებდნენ. არც ის აინტერესებდათ, რას ვჭამდით, არც იმას გვეუბნებოდნენ, შეგვეძლო თუ არა ფიზიკური დატვირთვა. სრული უკონტროლობა იყო, თითქოს, არც კი ეხებოდათ.
_ საერთოდ არაფერს აკონტროლებდნენ? ეს წარმოუდგენელია.
_ წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა. სისხლს ვაბარებდით თვეში ერთხელ, ეგ იყო და ეგ. სხვას რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი, მაგრამ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე.
„ცე“ ჰეპატიტის პროგრამის დაწყებიდან მალევე აღმოჩნდა, რომ რიბავერინის მოხმარება სუიციდისადმი მიდრეკილებას იწვევდა. ეს ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამაც აღიარა. ამის გამო ფსიქოტროპული წამლებიც კი დაუნიშნეს პროგრამაში ჩართულ პაციენტებს, რათა ისინი სუიციდამდე არ მისულიყვნენ.
_ ამ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს ჰქონდათ სუიციდის მცდელობა? თქვენ იცით ასეთი ფაქტების შესახებ რამე?
_ კონკრეტულად არაფრის თქმა არ მინდა. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ ვნახავთ, რომ იმ პერიოდში საგრძნობლად იმატა სუიციდის ფაქტებმა, გახშირდა სუიციდის მცდელობებიც. ეს ფაქტები სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. ადრე თუ გვიან, მათ მაინც შეისწავლიან.
საუბარი იმაზე დავიწყეთ, თუ როგორ გაუყვანეს ვადა ნახევარი მილიარდის ღირებულების წამლებს. ჩემთვის ეს დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა. რიბავერინს ისე გვაძლევდნენ, რომ წკიპზე იყო. ვადის გასვლამდე ერთი თვე რომ ჰქონდა დარჩენილი, მაშინ გვირიგებდნენ წამალს. თან ამბობდნენ, რომ წამლის გამოყენება ვადის გასვლიდან ერთი-ორი თვის შემდეგაც შეიძლებაო. ამას სხვა მედიკამენტებზეც ამბობდნენ.
_ არ აპროტესტებდით, რომ ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე გაძლევდნენ ამ წამლებს?
_ არ ვაპროტესტებდით, რადგანაც კურსს წამლის ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვასრულებდით. ყველა ჩვენგანი მაინც დამშვიდებული იყო, რადგან ვიცოდით, რომ ვინც „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის კურსი გაიარა, მას ღვიძლის კიბო არ განუვითარდებოდა. ახლა თქვენ გელაპარაკებათ ადამიანი, რომელსაც 5 კერა განუვითარდა ღვიძლზე. ამჟამად ევროპაში ვმკურნალობ. აქ არ მეუბნებიან, რომ ამ წამლების მოხმარებამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შესაძლებელიაო.
წამლები საწყობებში გამოკეტეს და როგორც ამბობენ, არც ის რაოდენობა ჩანს იმ ვადაგასულ წამლებში.
_ გაანადგურეს, გაყიდეს, თუ სად გააქრეს?
_ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია საუბარი. ამ საქმეზე, წესით, გამოძიება უკვე დაწყებულიც უნდა იყოს. ნახევარი მილიარდის ღირებულების წამლების ვადის გასვლა არ არის არც პატარა და არც შემთხვევითი ამბავი.
ჩვენთან ასეთ საქმეებს არ იძიებენ. ვიღაც რაღაცას იტყვის, ამაზე სახელმწიფო განერვიულდება, იყვირებს, იჩხუბებს, მერე გაბრაზებულ ხალხს დიალოგზე დაიბარებს. რამდენიმე თვეში გამოჩნდება, რომ ნახევარი მილიარდის წამალს ვადა გაუვიდა და საწყობში იმის ნახევარი წამალი იქნება, ვიდრე უნდა იყოს. გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს: ვიღაცას გადაუცვალეს რაღაცაში ეს წამლები თუ გაყიდეს…
_ გასულ წელს ინფორმაცია იყო, რომ ამერიკელებმა რუსეთში შავ ბაზარზე აღმოაჩინეს მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი წამლები. ამბობენ, სერგეენკო ამას შეეწირაო. იყო ვარაუდი, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წამლები რუსეთში აფხაზებისა და ოსების დახმარებით გაიტანეს.
_ აფხაზებიც და ოსებიც ღებულობდნენ ამ წამალს. ისინიც ჩვენთან ერთად იდგნენ რიგში. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთში მათი დახმარებით მოხვდა ეს ძვირადღირებული წამლები. „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა რუსეთში სადაზღვევო ხაზით მიმდინარეობს. იქ ეს წამალი უფასო არ არის, როგორც ჩვენთან. წამლის შოვნა შეიძლებოდა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებისგან. მერე შავ ბაზარზეც გაჩნდა ეს წამალი. არის ეჭვი, რომ ის იქ საქართველოდან შევიდა.
დაიწყოს გამოძიება და ყველაფერი გაირკვევა. გამოძიებამ ისიც უნდა გაარკვიოს, თუ რატომ ჩაანაცვლეს ამერიკული რიბავერინი ეგვიპტურით. ამერიკულ რიბავერინს მხოლოდ ორი თვე ვიღებდით. ეგვიპტური წამლის ყველა უკმაყოფილო იყო. საათობით გვიწევდა რიგში დგომა და ერთმანეთს ვესაუბრებოდით.
_ რატომ იყავით ეგვიპტური პრეპარატით უკმაყოფილო? რა გვერდითი მოვლენები ჰქონდა მას?
_ ნერვული ფონის გამწვავება მოყვა ამ წამლის მიღებას, _ თავის გაკონტროლება გიჭირს და ადვილად ბრაზდები.
მოკლედ: საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ვმკურნალობთ ევროპასა და თურქეთში. ჩვენ გავიარეთ „ცე“ ჰეპატიტის კურსი და ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდები გაგვიჩნდა. ბევრი ვერც ახერხებს სამკურნალოდ წასვლას. ევროპელი ექიმები მართლა მკურნალობენ „ცე“ ჰეპატიტს, საქართველოსგან განსხვავებით.
_ თქვენ როდის გაიგეთ, რომ ცუდად იყავით?
_ შარშან, ივნისში, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეს და აქცია დაანონსდა, ჩემს ოჯახთან ერთად გორიდან ჩამოვედი თბილისში პროტესტის გამოსახატავად. აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. მეორე დილით ცუდად ვიყავი. ვიფიქრეთ, რომ ან მომწამლავი ნივთიერება იყო აქციაზე გამოყენებული, ან „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობა არ იყო დასრულებული. წავედი და გავესინჯე „ცე“ ჰეპატიტზე. დამადეს თუ არა აპარატი, ეგრევე მითხრეს, _ ვაიმე, სიმსივნე გაქვთ განვითარებული ღვიძლზეო. ეს იყო 21 ივნისის დილას. მას მერე ვებრძვი ამას. 5 წანაზარდი იყო. ოთხი ლოკალიზებულია, ერთიღა დარჩა.
_ მაგ ერთსაც დაამარცხებთ.
_ ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს. ჩემმა ოჯახმა მოისურვა, რომ შეენარჩუნებინა მეუღლე და მამა. ყველაფერი გავყიდეთ და ევროპაში წამოვედით. უძვირეს ოპერაციებსა და მკურნალობას გავდივარ. ჩემს დღეში, ალბათ, ბევრია, მაგრამ უმეტესობას არ შეუძლია ამ მკურნალობის გავლა. რა უნდა თქვა ადამიანმა, ვეღარ ვიგებ.
_ ყველაფერი გავყიდეო. ე. ი. თქვენ იხდით ამ მკურნალობის ფულს?
_ ეგღა აკლიათ, მკურნალობა დაგვიფინანსონ. ძალიან მძიმე საქმეა. საუბარიც მიჭირს. მე ამის ასე დატოვებას არ ვაპირებ. უკვე ვესაუბრე ადვოკატებს. ისინი თანახმანი არიან, ამ საქმეს ხელი მოკიდონ. დაიწყებენ მუშაობას და კიდევ ბევრი რამე გამოიფინება. დავით სერგეენკო და ამირან გამყრელიძე ქუჩაში თავისუფლად ვერ უნდა დადიოდნენ, ისინი ციხეში უნდა ისხდნენ.
ამ თემაზე საუბრისას სულ რიგში გატარებული დრო მახსენდება. თავად კონდიციონერებიან ოთახებში ბრძანდებოდნენ, ჩვენ კი საათობით ვიდექით ქუჩაში წამლის რიგში. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ეს ძალიან დამამცირებელი იყო! დღემდე ვერ ვხსნი, თუ რატომ შეცვალეს ამერიკული პრეპარატი ეგვიპტურით? თუ ცვლიდნენ, კანადურით ან ინგლისურით მაინც შეეცვალათ. გამოძიებამ ამაზეც უნდა იმუშაოს.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რატომ გვაძლევდნენ წამლებს მხოლოდ მაშინ, როცა მათ ვადა გასდიოდა?! ეს უბრალო დამთხვევა არ იქნებოდა. დამთხვევა რომ არაა, ეს ახლახან დამტკიცდა. თავად აღიარეს, რომ ნახევარი მილიარდის წამალს ვადა გაუყვანეს.
ვიმეორებ: თურქეთის კლინიკებში მყოფებს თურქი ექიმები პირდაპირ ეუბნებიან, რომ მათ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდები არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად განუვითარდათ. მაინტერესებს, ამხელა პროგრამა რომ დავიწყეთ, გვყავდა შესაბამისი სპეციალისტები? ამბობენ, რომ ევროპაში გაიარეს სტაჟირებაო. ევროპაში თუ გაიარეს სტაჟირება, როგორ მოხდა, რომ წამლების მუჭაში ჩაყრით შემოიფარგლნენ?! ევროპასა და თურქეთში წამალსაც კი ექიმის მეთვალყურეობით სვამ. აქ ერთი თვის მარაგს პარკში გვიყრიდნენ და სახლში გვატანდნენ. იმასაც კი არავინ აკონტროლებდა, ვსვამდით თუ არა ამ წამალს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა დამცირებულები ვიყავით, ფანჯრიდან წამლის მოწოდებას რომ ველოდებოდით.
_ ამას უკვე რამდენჯერმე გაუსვით ხაზი, თან ისეთი სიმწრით ამბობთ, წარმოვიდგინე, რას გრძნობდით რიგში მყოფი ადამიანები.
_ ამის წარმოდგენა ძნელია. „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის კურსს მთელი საქართველოდან ჩამოსულები გადიოდნენ. ყველა რაიონში არის საავადმყოფო. ხომ შეიძლებოდა, ადგილზე დაერიგებინათ მათთვის წამლები?! შეიძლებოდა, მაგრამ _ არა! თბილისში ატარებდნენ თვეში ერთხელ. ერთი ქალბატონი იყო ზუგდიდიდან, 70 წელს მიტანებული. ბუღას აგდებდა სახლში, იმან შემთხვევით ურქინა, ქალი დაეცა და საავადმყოფოში მოხვდა. იქ გაიგეს, რომ „ცე“ ჰეპატიტი ჰქონია. ჩაერთო ამ პროგრამაში და თვეში ერთხელ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოდიოდა და საათობით იდგა წამლის რიგში.
შემთხვევით არ აღვნიშნე, რომ იმასაც კი არავინ აკონტროლებდა, ვსვამდით თუ არა საერთოდ ამ წამლებს. იყვნენ ისეთები, რომლებიც ამ წამალს არ სვამდნენ.
_ რატომ არ სვამდნენ? აბა, რატომ ჩაერთნენ ამ პროგრამაში, თუ არ დალევდნენ?
_ ზოგს დაავადების ძალიან მძიმე ფორმა ჰქონდა. მათ იცოდნენ, რომ რაც არ უნდა წამალი დაელიათ, ვერ გადარჩებოდნენ. სასიკვდილოდ გამეტებული ადამიანი, რომელსაც სახლში პურის ფული არ აქვს და პარკით მიაქვს 80.000 დოლარის ღირებულების წამალი, თქვენი აზრით, რას იზამს? მგონი, ამას ძნელი მიხვედრა არ უნდა.
_ ყიდდნენ ადამიანები ამ წამალს?
_ ყიდდნენ! ადამიანს ეუბნებიან, სასიკვდილოდ ხარ გადადებულიო! იცის, რომ არაფერი ეშველება, მის შვილებს კი ხორცი არ უჭამიათ დიდი ხანია. გაყიდის ამ წამალს, აბა, რას იზამს?!
რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანებს გაჭირვების გამო საკუთარი თირკმელი გაუყიდიათ. უფრო მარტივად გაყიდდნენ ამ წამალს.
_ რუსეთის შავ ბაზარზე მათ მიერ გაყიდული წამალი ხვდებოდა?
_ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მარტო ამ ადამიანების გაყიდული წამლები ვერ მოხვდებოდა რუსულ ბაზარზე. აქ უფრო ბნელი საქმეებია. ამის დადასტურებაა, ნახევარი მილიარდის წამალს რომ ვადა გაუყვანეს. ამაზე აუცილებლად უნდა აგოს ვიღაცამ პასუხი. ამ პროგრამის გარშემო სერიოზული გამოძიება უნდა ჩატარდეს. ამ პროგრამით ვიღაცებმა ძალიან დიდი ფული იშოვეს.
როცა ასეთ დიდ თანხებზეა საუბარი, იმ ერთი კაცის გარეშე ვერაფერს გააკეთებდნენ. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. არ გამოვრიცხავ, იმ ერთ კაცსაც გვერდი აუარეს და მის გარეშე გააკეთეს ძალიან დიდი ფული. ესენი ხომ ყველანი კომუნისტური წარსულიდან მოდიან.

შორენა მარსაგიშვილი