მიხეილ ცაგარელი: „ვირთხის წელიწადი სერიოზულ რევოლუციებს უკავშირდება“

კალენდარზე რამდენიმე დღეში 2020 წელი დადგება. განსაკუთრებული ინტერესის სფერო ამ დროს სწორედ ასტროლოგიაა, _ რას გვიმზადებს კოსმოსი? რა სავარაუდო სცენარით წარიმართება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები? როგორი წელი იქნება ქართველი მოსახლეობისთვის და რაც ასევე მნიშვნელოვანია, რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ ახალი წლის ღამეს?
აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ესაუბრა:

_ 2019 წელი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. რა გველოდება 2020 წელს პოლიტიკური კუთხით?
_ 2019 წელი, 2020-თან შედარებით, შეიძლება, ანგელოზის დროდ მოგეჩვენოთ, რადგან 2020 უმძიმესი წელიწადია. თუ ამ წელს გადავიტანთ, ალბათ, 2021 წლიდან უკვე შევალთ 12-წლიან ახალი განვითარების უფრო სასიკეთო ციკლში. 2020 წელი არის, ალბათ, ბოლო წლების ყველაზე რთული წელიწადი, რომლის დროსაც აქციები იქნება. 2019 წელს იყო ჟურნალი, 2020 წელს დაიწყება კინო, ამიტომ დაძაბულობა პიკს მიაღწევს. ჩვენ ამ წელს გვაქვს მზისა და მთვარის 6 დაბნელება. აქედან გამომდინარე, დიდი დაძაბულობა და საკადრო ცვლილებები იქნება. ძალიან ბევრი დაკარგავს თანამდებობას და არა მხოლოდ პოლიტიკური კუთხით, არამედ მასმედიაში, დიპლომატიაში, ინჟინერიაში და სხვა ნებისმიერ სფეროში. უამრავი ცვლილება იქნება და ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას, რადგან ეს არის პერიოდი, რომელიც ბალასტის მოშორების სახელწოდებით გახლავთ ცნობილი. ყველა არაპროფესიონალი, ბალასტი, რომელიც დღესდღეობით თანამდებობებს იკავებს, უნდა მოშორდეს. ჩვენ 2021 წლიდან განვითარების ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ, ამიტომ გვჭირდება ახალი კადრები, ახალი სისხლი და ძველი, არაფრისმომცემი ხელმძღვანელების მოშორება. მტკივნეული პროცესია, _ ეს ხალხი უნდა მოგლიჯო, არადა, მათ წასვლა სულაც არ უნდათ. შესაბამისად, ძალიან ბევრი წინაღობა, ბარიერი იქნება, რაც კონფლიქტებს შექმნის. ბევრი დარჩება უსამსახუროდ, ეს დამატებით დაძაბავს სიტუაციას, გვექნება უამრავი სკანდალი და უამრავი საიდუმლო ინფორმაციის გახსნა. ქვეყნებს შორისაც ძალიან დაძაბული სიტუაცია იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის არის, რომ მომავალ წელს შავი მთავარე, ე. წ მაცდუნებელი ძალა, 28 იანვარს გადადის ვერძის ზოდიაქოში, სადაც უკვე ზაფხულისკენ ომის მმართველი პლანეტა მარსი ჩაერთვება. ვერძს მართავს მარსი, ვერძი კი მეომარია, ის საბრძოლო პოლიგონია. როცა შავი ძალა შედის საბრძოლო პოლიგონის ბიოველში, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ოქტომბრის ბოლომდე, სანამ შავი მთვარე იქნება ვერძში, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით საქართველოში, საბრძოლო სიტუაცია, განწყობა, მოვლენები არნახულად მაღლა აიწევს. ანუ ყველა იქნება გაღიზიანებული, აგრესიული და პატარა რაღაცაზე მოჩხუბარი. არ მგონია, ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს საქმე, მაგრამ ბათქაბუთქამდე კი მივა: კონფლიქტები, პოლიციასთან შეტაკებები და ა. შ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ახალი სისხლია საჭირო. 2019 წელს ვნახეთ, რომ ახალგაზრდული მოძრაობები გამოჩნდა და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთო პოლიტიკაში, რა რისკები ახლავს თან ამ პროცესს?
_ მთავარია, არ შეგვეშალოს, ვინ დგას მათ უკან, რადგან ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ახალი სახეები მოდიან „ნაციონალური მოძრაობიდან“, _ ეს ქვეყნისთვის დამღუპველია. ამ ახალ ძალებს შემდეგ ძველ ძალები მართავენ. ეს იქნება რევანშისტული ჯგუფი, რომელიც დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის დემოკრატიაზე. თვითონ რა გააკეთეს, რა ააშენეს, რა დაანგრიეს და რა გაყიდეს 9 წლის განმავლობაში, ეს კარგად დავინახეთ. ახლა უცებ გახდნენ დემოკრატები და ქვეყნის აღმშენებლები. როგორც კი მოვლენ, უარესს იზამენ. „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად მართავს ახალგაზრდა თაობას, კარგად არის გაცნობიერებული პიარში. პიარი კარგად მოქმედებს ახალგაზრდებზე, რადგან მათ გამოცდილება არ გააჩნიათ. ამიტომ ისინი ტყუვდებიან ლამაზი ინფორმაციითა და ფრაზეოლოგიით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ შესანიშნავად ფუთავს. ახალგაზრდობაზე ეს კარგად მოქმედებს, მაგრამ მათ არ იციან, რა მოელით გამარჯვების შემდეგ, ეს ძველი გამოცდილი კადრები როგორ გამოიყენებენ მათ და გადააგდებენ სანაგვეზე. ახალგაზრდებმა ამის შესახებ არ იციან, მაგრამ სანამ ამას გამოცდიან, ქვეყანა დაიღუპება. ამიტომ მე კატეგორიულად ვემიჯნები ყველა სახის ახალგაზრდულ მოძრაობას, რომლის უკანაც დგას „ნაციონალური მოძრაობა“. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა ძალიან ძლიერი პიარნაბიჯი, რომელიც ვერ მოიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელსაც მე მათ 2 წლის განმავლობაში ვუკიჟინებდი. ვგულისხმობ მარტივ მამრავლებად დაშლას. მახსოვს, როგორ გაეხარდა ეს „ქართულ ოცნებას“, ტაშ-ფანდური გამართა, „ნაციონალური მოძრაობა“ იშლებაო. მაშინ არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს არის მანევრი, რომელიც, საბოლოო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოადგება. ანუ ის დაიშალა 5-6 პარტიად, ამას ემატება საზოგადოებრივი დუღილი და ახალგაზრდული მოძრაობები, რომელიც მისი ხელქვეითია.
_ საუბარი დავიწყოთ უშუალოდ პოლიტიკოსებზე: სალომე ზურაბიშვლმა 2019 წელს არაერთი სკანდალური განცხადებით დაგვამახსოვრა თავი, მათ შორის, ბოლო განცხადება: „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“, _ ასტროლოგიურად რით იხსნება პრეზიდენტის სკანდალური განცხადებები და რას უნდა ველოდოთ 2020 წელს მისგან?
_ მის განცხადებებში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ პატარა რაღაცაზეც კი ქმნის აჟიოტაჟს. ტელევიზორის ყურებისას 30 წუთიდან 20 წუთი „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა პარტიის საშუალებით ლაპარაკობს. გიჩნდება ილუზია, რომ პრეზიდენტმა რაღაც საშინელება თქვა. მას ისეთი არაფერი უთქვამს, ბევრი რამ სწორიც თქვა, ჩვენი ჯარი სათანადო დონეზეა?! ახლა ჩვენ რომ ავტეხოთ ომი აზერბაიჯანთან ან სომხეთთან, წაგებული გვაქვს, რადგან იმათ გაცილებით უკეთესი შეიარაღება აქვთ. ეს აღნიშნა პრზიდენტმა. მხოლოდ ის არაფერს ნიშნავს, ავღანეთში რომ გვყავს კორპუსი. არც ერთი თავდაცვის მინისტრი სათანადო დონეზე არ იდგა. თინა ხიდაშელი რომ იქნება თავდაცვის მინისტრი, იმ ჯარს რა უნდა მოსთხოვო ან ირაკლი ღარიბაშვილმა რა იცის? პრეზიდენტის ეს განცხადება უნდა იყოს მოწოდება იმისთვის, რომ მთავრობა და თავდაცვის მინისტრი შეფუცხუნდეს და სერიოზული შეიარაღება შემოიტანოს, ჯარი მოამზადოს, როგორც საჭიროა. ამ განცხადებას მოყვა სკანდალი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა ის აინტერესებს, როგორმე სალომე ჩამოაგდონ, თავიანთი კაცი დასვან და ოქტომბერში არჩევნები მოიგონ. რაც შეეხება პრეზიდენტს, შავი მთვარე მაცდუნებელი ძალაა, რომელიც თევზების ზოდიაქოშია. როგორც კი პრეზიდენტი დაინიშნა, მაშინვე აღვნიშნე ინტერვიუებში და მოვუწოდე მას, რომ მთელი წლის განმავლობაში ენაზე კბილი დაეჭირა. ის დიპლომატია თუ „საპოჟნიკი“?! მაინტერესებს, რა ფუნქციას ასრულებს? თუ დიპლომატია, და მე ვიცი, რომ სერიოზული დიპლომატიური სკოლები აქვს დამთავრებული, ვინ ასწავლა, რომ დიპლომატი ასეთი გამოთქმებით უნდა გამოდიოდეს, პირდაპირ ხისტად და შუბლში? _ ეს არ არის დიპლომატიური სკოლა, თან ფრანგული. ამ ყველაფრის შემდეგ მის კვალიფიკაციაში ეჭვი შემეპარა. მართალია, სააკაშვილმა ჩამოიყვანა და გვიქო, მაგრამ, რეალურად, დღემდე ვერ დავინახე სალომე ზურაბიშვილში დიდი დიპლომატი. მივმართავ სალომეს, გაფრთხილებთ ასტროლოგი, რომელიც კარგად გიცნობთ: მთელი წელი მაცდუნებელი ძალა იქნება თქვენს ზოდიაქოში, ენას კბილის დააჭირეთ, საიდუმლო შეინახეთ და ნუ გათქვამთ ინფორმაციას! რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკეთ და ნაკლები კონტაქტი მასმედიასთან. რამე არ წამოგცდეთ. ამის ნაცვლად, 2019 წელს, მან პირი დააღო და რაც სათქმელი იყო და არ იყო, ყველაფერზე დაიწყო ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, ისჯება და ასეც უნდა იყოს! თევზები არის საიდუმლო ნიშანი, როდესაც შავი მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს, ეს პირდაპირი ცნებაა იმისა, რომ შავი მთვარე ცდილობს საიდუმლო ან რაიმე ისეთი ინფორმაცია ამოგიგდოს, რომელიც შენ შემდეგ დაგსჯის. სალომე თავისი უგუნურებიდან და ასტროლოგიის უგულებელყოფიდან გამომდინარე, რაც მას არასდროს დაუმალავს, შეცდომებს დაუშვებს. მხოლოდ 28 იანვრიდან ამოისუნთქავს, რადგან შავი მთვარე დატოვებს მისი ზოდიაქოს ნიშანს და აღარ დაიწყებს ასეთ საუბრებს, მაგრამ მას მეორე ხიფათი აქვს: შავი მთვარე გადავა ვერძის ზოდიაქოში და მის პირად ჰოროსკოპ ვერძში არის გამარჯვების პლანეტა იუპიტერი. შავი მთვარე იუპიტერთან რომ დაჯდება და მერე მას მარსი შეუერთდება, განსაკუთრებით ზაფხულში, არ არის გამორიცხული, სალომე გახდეს ზეხისტი, ზეპირდაპირი, სუფთა კახური პრინციპით, _ პირდაპირ შუბლში! ახლა კიდევ რბილად ამბობს, მერე ისეთი აგრესიით იტყვის ამ ყველაფერს, რომ საერთოდ გაამწარებს ყველას. ამიტომ ახლავე ვაფრთხილებ თქვენი გაზეთის მეშვეობით: 2020 წელს შავ მთვარე კი გამოვა თევზებიდან და ცოტა სიტუაციას შეუმსუბუქებს, მაგრამ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ეცადოს, არ იყოს ზედმეტად აგრესიული და პირდაპირი. გახდეს დიპლომატიური, თუ არ უნდა, რომ თავისი იმიჯი სერიოზულად დააზარალოს. კარგად გადაამოწმოს ის, რასაც აკეთებს. პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით სერიოზული უსიამოვნებები იყო და არ არის გამორიცხული, ასეთი რამე განმეორდეს. პატიმრებს მართავს თევზების ზოდიაქო, შავი მთვარე ზუსტად ამ ზონას გადის, სწორედ აქ „დაიჭირა“ შავმმა მთვარემ. როგორც კი გამოვა ომის ნიშანში შავი მთვარე, ანუ თებერვლიდან გადავა ვერძში, მერე შეიძლება პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვალოს საომარ სიტუაციებთან დაკავშირებით და ისეთი სისულელე თქვას, რომ შესაძლოა, ქვეყნებს შორისაც კი დაძაბოს ურთიერთობა. ამიტომ მივმართავ მას: ფრთხილად!
_ საკმაოდ რთული აღმოჩნდა ეს წელი „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის. საზოგადოების მხრიდან ივანიშვილის მიმართ ნდობა ნელ-ნელა ქრება. რა ელოდება მას 2020 წელს?
_ ტახის წელიწადი მისთვის მაინცდამაინც კარგი არ იყო, რადგან ის მაიმუნის წელიწადშია დაბადებული, ტახი და მაიმუნი კი ვერ მეგობრობენ. ამიტომ პრობლემები ექნებოდა და აქვს კიდეც, ამაზე ვსაუბრობდით წინა წლის დასაწყისში. ამას ემატება მისი რიტორიკა, რომელიც აბსოლუტურად არ არის დამაჯერებელი, სხვანაირად ხდება ყველაფერი, ვიდრე ის ამბობს. ასევე მოიმატა ვალუტის კურსის არასტაბილურობამ, ფასები გაიზარდა და უამრავი სხვა სოციალური პრობლემაა, რამაც პოლიტიკური მოვლენების გარდა, კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. 2020 წელი ვირთხის წელიწადია, ვირთხა მაიმუნთან მეგობრობს და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. რადგან ივანიშვილი მაიმუნის წელიწადშია დაბადებული, მისთვის მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება. ის უნდა იყოს ცოტა ფრთხილად 26 მარტისა და 2 ივლისის შუალედში, ამ პერიოდში სატურნი (დამსჯელი პლანეტა) გადადის მის ზოდიაქო მერწყულში და შეიძლება, გამოცდები მოუწყოს. ამ დროს არ არის მისაღები ზედმეტი გამოსვლები, ინტერვიუები და დაუფიქრებელი გადაწყვეტლები. 7-ჯერ გაზომოს, ერთხელ გაჭრას. 2020 წლის დანარჩენი პერიოდი კი შედარებით უკეთესია. თუმცა ის, რაც მას მოელის 2021 წელს, გაცილებით საინტერესოა, რადგან მის ზოდიაქოს ნიშანში სატურნი და იუპიტერი ერთად გადავლენ. ეს იმდენად გრანდიოზული მოვლენაა, რომ შეიძლება, „გაისროლოს“ და დიდ წარმატებას მიაღწიოს, ან საერთოდ დაამთავროს თავისი პოლიტიკური კარიერა. რაც შეეხება 2020 წელს, პირველი სირთულეები დაეწყება იანვრის მეორე ნახევრიდან, ეს იქნება საკადრო ცვლილებები, მათ შორის, სამთავრობო დონეზე. როგორც კი ახალი წლის ეიფორია დამთავრდება, მაშინვე დაიწყება თქვენთვის _ მედიისთვის, სერიოზული სამუშაო, რადგან ბევრი მოიხსნება თანამდებობიდან. შემდგომ თებერვალ-მარტში ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ სამთავრობო სტრუქტურები, რადგან აქ საჭირო იქნება მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო კანონების მიღება, სადაც არ უნდა შეცდნენ. თუ ამას სწორად არ გააკეთებენ, მაშინ ეს ყველაფერი აპრილში აფეთქდება. აპრილი პირველი სერიოზული დარტყმა იქნება მათთვის: მიტინგები, გამოსვლები, სერიოზული დაპირისპირებები, ანუ რეპიტიცია იმისა, რასაც ჰქვია კოსმიური შტორმი, რომელიც, ფაქტობრივად, ივნისიდან დაიწყება. ივნის-ივლისში გვაქვს მზისა და მთვარის სამი დაბნელება, ანუ ბევრს დაუბნელდება ტვინი, ძალიან ბევრი მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას. ამიტომ ივნის-ივლისი, როგორც წელს, ისევე გაისად, უმძიმესი იქნება, სადაც თუ მთავრობა ისევ სერიოზულ შეცდომებს დაუშვებს, მერე მეყოლოს ვარდივით, მე ხელებს ავწევ. ვეტყვი, რომ აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი მათი ჯვარცმა იქნება, ამიტომ ივნის-ივლისში შეცდომების დაშვების უფლება არ აქვთ, მით უმეტეს, საკანონმდებლო კუთხით. აგვისტოში არა მხოლო შიდა პრობლემები იქნება, არამედ, შეიძლება, სერიოზულად დავუპირისპირდეთ მეზობლებს, მათ შორის, რუსეთს და კაცმა არ იცის, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, თუ დიპლომატებმა არ ივაჟკაცეს. 2020 წელს დიპლომატიურ კორპუსზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან საომარი სიტუაცია მთელ მსოფლიოში რადიკალურად გაღვივდება: ომები, კონფლიქტები, მთავრობების ჩამოგდებები, მათ შორის, შეიარაღებული გზით. 2020 კონფლიქტებისა და დაპირისპირებების წელიწადია. დიდი სამუშაო უნდა ჩაატარონ დიპლომატებმა, მხოლოდ დიპლომატიური გზით იქნება შესაძლებელი, სერიოზულ კონფლიქტს თავი ავარიდოთ. თუ რუსები თბილისიდან 40 კმ-ში დგანან, იქიდან თბილისამდე მოსვლა არაფერს წარმოადგენს, ამიტომ ძალიან ნუ იხტუნავებენ. „ნაციონალები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსები გააღიზიანონ. ეს რით დამთავრდება საქართველოსთვის ჯობს, ამაზე არ ვიფიქროთ. 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ გააქტიურდება, პროვოკაციების ალბათობა მისგან მოიმატებს, ასევე სახელმწიფოებს შორის დაძაბულობაც მოიმატებს. აგვისტო-სექტემბერი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, დიპლომატებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ.
_ რა პერსპექტივა აქვს ივანიშვილსა და მის გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
_ ყოველ შემთხვევაში, პერსპექტივა აქვთ, ოღონდ გაცილებით ნაკლები, ვიდრე აქამდე ჰქონდათ, რადგან საზიზღარ პიარკამპანიას აწარმოებენ, რაშიც აშკარად სჯობნის „ნაციონალური მოძრაობა“, აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ძალიან ბევრს გადაიბირებენ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია გაიმარჯვებს, ოღონდ არა ისე, როგორი იმედიც მათ ახლა აქვთ. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ დაგვასვამენ თავზე, ისევ ძალიან ბევრი „ნაციონალი“ იქნება პარლამენტში და შემდეგი 4 წელი იქნება გაუთავებელი გინება, ჩხუბი, დაპირისპირება, ნაგვის დასხმა პარლამენტში და ისევ ნევროზულ-სტრესული სიტუაციები, რაც საქართველოს აბსოლუტურად არ სჭირდება. მათ ადგილზე მე „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხნის წინ მოვიშორებდი პოლიტიკური ორბიტიდან, როგორც ქვეყნის განვითარების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს, მაგრამ რა ვუყოთ ამერიკის ელჩს, ევროკავშირსა და ა. შ., რომლებიც ამის უფლებას მმართველ გუნდს არ აძლევენ?!
_ როგორი წელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვა? მოახერხებს თუ არა სააკაშვილი 2020 წელს ქვეყანაში დაბრუნებას?
_ ვის რაში სჭირდება სააკაშვილი, ის უკვე დამთავრებულია. მას ეს წელი ძალიან კარგი ჰქონდა. მაქსიმალური, რაც მან შეძლო, უკრაინაში დაბრუნდა. მშვიდად, წყნარად ცხოვრობს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ 2019 წელს მის ზოდიაქოს გამარჯვების პლანეტა გადიოდა, მას ძალიან დიდი კარტბლანში ჰქონდა, მაგრამ იმდენად გაფუჭებული აქვს საქმე და იმდენად არასწორად იქცეოდა, როცა ძალაუფლება ჰქონდა, რომ ეს კარტბლანში, მაქსიმუმ, უკრაინაში ჩასვლით დამთავრდა. მეტი არაფრის გაქანების საშუალება კოსმოსმა არ მისცა. ეს უკვე პირდაპირი მითითებაა იმისა, რომ როგორც პოლიტიკოსი, იგი, ფაქტორბივად, არაფერი აღარ არის. რეალურად, მისი გამოყენება არც ამერიკას სჭირდება, მაინცდამაინც, მით უმეტეს, საქართველოში ახალი ლიდერები იზრდებიან, იგივე მის პარტიაში. ძალაუფლების გემო უკვე ბევრმა იგრძნო, მათ შორის, ვაშაძემაც, ბოკერიამაც. ამათ რაში სჭირდებათ სააკაშვილი, როცა თვითონვე გადასარევად დაითრევენ ძალაუფლებას? მათ სულ არ სჭირდებათ კონკურენტი. სააკაშვილს წელს ფანტასტიკური დრო ჰქონდა, ასეთი დრო მას დიდხანს აღარ ექნება. პერიოდულად ჩაწერს, რაღაცას იყვირებს ხოლმე, მაგის საქმე ეგ არის.
_ რას უნდა ელოდოს ქართველი მოსახლეობა 2020 წელს და როგორი იქნება ვირთხის წელიწადი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნებისთვის?
_ ძალიან მძიმე წელიწადი გველოდება! _ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, ვალუტის ცვლილებები, ფასების ზრდა და მატება. ზოგადად, ვირთხის წელიწადი ყოველთვის მძიმეა და ძალიან სერიოზულ რევოლუციებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ვირთხაც აგრესიულია თავისი ფსიქოტიპით. ვირთხა პრაგმატულია, თუმცა მის წელიწადში მაღალია დეზინფორმაციისა და ფასლიფიცირებული ფაქტების ალბათობა, ამაზე იქნება სერიოზული სკანდალები, მათ შორის, მასმედიაშიც. სასოწარკვეთაში ვარ იმ კუთხით, რომ ჩემთან 10 წლის წინათ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით თუ მოდიოდა 10 კაცი, აქედან 1 ან 2 მეკითხებოდა, უცხოეთში სად წასულიყო, ახლა 10-დან 8 ამ კითხვით მოდის. ანუ საყოველთაო გაქცევაა და ვის ვუტოვებთ ქვეყანას? _ გენოფონდი აღარ რჩება საქართველოში. ვის რჩება ეს ქვეყანა?! რაც შეეხება დადებით მხარეს, ეს წელი კარგია ოჯახის შესაქმნელად, თუ უმუშევარი არ არის ოჯახი. საოჯახო ურთიერთობისთვის ეს წელი საუკეთესოა, რადგან ვირთხა კონსერვატორია, ტრადიციონალისტია, ამიტომ ეროვნული ფასეულობები წინა პლანზე წამოიწევს. ასევე ვირთხა პრაგმატულია და არავითარი ზედმეტი ფანტაზია არ უყვარს. რეალისტური მიდგომა _ ეს მისი საქმე და კრედოა, ასევე მატერიალისტია. ვირთხა ნაკლებად უწყობს ხელს უსაგნო საუბრებს, მას უფრო აინტერესებს კონკრეტული შედეგი და მოქმედება, ამას ვინც შეძლებს, ის მეტად წარმატებული იქნება. ვირთხა აუცილებლად ითხოვს ორგანიზებულობის, დისციპლინის, შეუპოვრობის, მოთმინების, მიზანსწრაფვის, შრომისუნარიანობის გამოვლენას. ვინც ასე მოიქცევა, ის იქნება წარმატებული. თუ თქვენ გაქვთ გონივრული რისკის უნარი, მით უმეტეს, თუკი ის ინტუიციას ეყრდნობა, რადგან ვირთხა ძალიან ინტუიციურია, მაშინ სარისკო მოქმედება წარმატებული იქნება. მაგრამ კარგად უნდა იყოს გააზრებული და არა ნაჩქარევი და სპონტანური.
დასავლური ზოდიაქოს ნიშნებიდან ეს წელიწადია ყველაზე კარგია თხის რქისთვის, კუროსთვის, ქალწულისთვის. სამი ფავორიტი ნიშანი ძალიან პრაგმატული, შრომისუნარიანია, შემდეგ მოდის კარგი წელიწადი მორიელისთვის, თევზებისთვის კი თებერვლის შუა რიცხვებიდან. ეს წელიწადი რთულია ვერძისთვის და კირჩხიბისთვის, ამ ორ ნიშანს სჭირდება ყველაზე მეტი მოთმინება, თავდაჭერა, სიფრთხილე, წინდახედულობა, რომ შეცდომები არ დაუშვას და კონფლიქტებში არ აღმოჩნდეს. დაახლოებით მაისის ბოლომდე ვირთხის წელიწადი კარგია სასწორისთვის, მფარველი ანგელოზი გადის მის ზონას, ივნისის შუა ნახევრის შემდგომ ცოტა სიფრთხილე სჭირდება, იქ უკვე სასწორსაც შეიძლება გაუჭირდეს და კონფლქტების, წინაღობების ტენდენცია მანაც იგრძნოს. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის წელიწადი საშუალოა. რაც შეეხება აღმოსავლურ ზოდიაქოებს, მთავარი ფავორიტი გვყავს ვირთხა, შემდეგ მოდის მაიმუნი და დრაკონი. ეს ნიშნებიც იქნებიან საკმაოდ წარმატებულები, ასევე არ იქნება ცუდი წელიწადი ძაღლისა და ვეფხვის წელს დაბადებულთათვის, ისინიც ფავორიტები არიან. პრობლემები აქვთ კატისა და მამლის წელიწადში დაბადებულებს. ამათ მეტი სირთულე და პრობლემა ექნებათ. დანარჩენისთვის წარმატების ფაქტორია და ურთიერთობების კუთხითაც საშუალო წელიწადია.
_ რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის ღამეს და როგორი რიტუალები უნდა ჩავატაროთ?
_ ლითონის სტიქიის თეთრი ფერის ვირთხის წელიწადია. ლითონის მთავარი ფერებია: თეთრი და ვერცხლისფერი. ეს ორი ფერი წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული ტანსაცმელშიც და მაგიდის გაწყობის დროსაც. აქსესუარებში შეგვიძლია გამოვიყენოთ წითელი, ლურჯი, მწვანე, ოქროფერი, მაგრამ მთავარია თეთრი და ვერცხლისფერი. მაგიდაზე რაც უფრო მეტი ლითონის ნაკეთობა გვაქვს, მით უკეთესი. უნდა აღვნიშნოთ, რომ წელიწადს მართავს მთვარე, რომელიც არის ემოცია ადამიანის ფსიქოტიპში, ამიტომ წელიწადი ძალიან ემოციურია. 2020 გვაძლევს მაჩვენებელს, თუ რა რიცხვი იქნება პრევალირებადი, 2+2=4, ანუ 4-იანი ძირითადი რიცხვია. 4 მძიმე რიცხვია, რაც ამძიმებს წელიწადის პერიპეტიებს. ამასთან დაკავშირებით სუფრაზე უნდა გვქონდეს 4 ცალი თეთრი ფერის სანთელი, ეს თუ იქნება ლითონის სადგამზე, უკეთესია. ეს უნდა ავანთოთ ახალი წლის დაწყებამდე, დაახლოებით, 15 წუთით ადრე და, პირველ რიგში, მადლობას ვუხდით წინა წელს, ვაცილებთ მას. ახალი წლის დადგომის შემდეგ ამ ანთებულ სანთელს ჩაუთქვით რა გინდათ, რომ მომავალი წლის განმავლობაში თქვენთვის სასიკეთო მოხდეს. რაც შეეხება მეორე რიტუალს, აიღეთ ყულაბა, სასურველია _ ლითონის, ამ ყულაბაში 4 ცალი ოცთეთრიანი უნდა ჩააგდოთ, ყოველ ჩაგდებაზე ჩაუთქვით, რა გინდათ, რომ აგიხდეთ მომავალ წელს. მაგიდაზე თეფშების ქვეშ უნდა დავდოთ ორი ოცთეთრიანი, ანუ 2020. როცა ჩვენი ტრაპეზი დამთავრდება, ეს ოცთეთრიანები ამოვიღოთ და ჩავდოთ საფულეში, ოღონდ არ დავხარჯოთ და ვატაროთ მთელი წლის განმავლობაში, როგორც ფინანსების მოზიდვის სიმბოლო. კარგი იქნება, თუ გვექნება ორი ფიგურა. 25 იანვარს იწყება ვირთხის წელიწადი, 25 იანვარს ვის გაახსენდება, არ ვიცი, ამიტომ 31 დეკემბერს უკვე წინასწარ ჩავატაროთ ეს რიტუალები, რომ ვირთხას პატივი მივაგოთ და მისი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ. ამიტომ მაგიდაზე ორი ფიგურა უნდა გვქონდეს _ ტახისა და ვირთხის. ტახის წელიწადი 25 იანვრამდე გრძელდება, ამიტომ ისიც უნდა გვედოს მაგიდაზე. ვირთხას კი წინ დავუდოთ თხილი, ყველი _ მათ ეს უყვართ და ჩვენც ჩვენი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ. 25 იანვარს კი მხოლოდ ვირთხა უნდა დარჩეს მაგიდაზე. როგორც ტახი, ასევე ვირთხა, ტრადიციონალისტია, მამაპაპური საჭმელები უნდა გვქონდეს სუფრაზე, მათ შორის, საცივი, რომელიც საუკეთესოა იმუნიტეტის ზრდისთვის. ასევე ხაჭაპური, ჩურჩხელები, გოზინაყი, ყველაფერი, რაც გვაქვს, ეროვნული და ტრადიციული, წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ. თუ თქვენ მოგწონთ რაღაც არაორდინალური, შეგიძლიათ გაურიოთ, მაგრამ ტრადიციული საჭმელები უნდა იყოს და დიდი რაოდენობით ნამცხვარი და ტკბილეული. უნდა იყოს ხარისხიანი, რადგან ვირთხას ხარისხი ურჩევნია რაოდენობას, ამიტომ უნდა იყოს გემრიელად მომზადებული, სასურველია, სახლში გაკეთებული. გასათვალისწინებელია ტრადიციის ელემენტები: კარგი იქნება, თუ ახალ წელს სახლში შევხვდებით, ნაძვის ხის გვერდით გვექნება მანდარინის ტოტი, რადგან ეს არის სიცოცხლის ელექსირი და მისი სიმბოლო აღმოსავლეთში, მათი ნაძვის ხე სწორედ მანდარინის ტოტია, თუნდაც ხელოვნური. თუ განწყობა გექნებათ, შეგიძლიათ აიღოთ ლითონის ჯამი, შიგნით ჩაყაროთ წიწიბურა, ხორბალი, ბრინჯი და ლითონის ფული, არ ჩაიხედოთ, ისე ამოიღეთ, ვინც უფრო მეტს ამოიღებს, ის იქნება უფრო ბარაქიანი. ასე რომ, შეგიძლიათ, ცოტა წაითამაშოთ და გაერთოთ. ეს რიტუალები ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩავატაროთ, რადგან ვირთხას არ უყვარს ხმაური. თოფს თუ გაისვრით, ვირთხა გაიქცევა. ამიტომ მხიარულება და ცეკვა-თამაში იყოს, ოღონდ ზედმეტი ხმაურის გარეშე. კარგი იქნება თუ გვეყოლება მეკვლე, _ ადამიანი, რომელიც ოჯახის ერთგულია და წარმატებული არის, ეს განსაკუთრებით კარგია. ასევე კარგი იქნება, თუ ის შემოიტანს 2 ან 4 ცალ ფორთოხალს და მანდარინს, ექნება 4 ან 12 მონეტა, რასაკვირველია, ტკბილეულიც უნდა შემოიტანოს. კარგი იქნება, თუ ის შემოიტანს ყველსაც, სასურველია, შვეიცარიული. როდესაც შემოვა, ეს ყველი ოჯახის თითოეულ წევრს უნდა აჭამოს, დანარჩენი ბარაქის სახით შემოიტანოს. ასეთი ფორმით შევხვდეთ ახალ წელს. ვისაც მინერალები აინტერესებს, მათთვის ვიტყვი, რომ ახალი წლის ღამეს ბრილიანტი, ძოწი, ამეთვისტო საუკეთესო ქვებია, შეიძლება გამოვიყენოთ ონიქსი, რაც ასევე წარმატების მომტანი იქნება.

ნენე ინჯგია