მამა პეტრე: „ადამიანმა შინაგანი მადლი დაკარგა და ცხოველს დაემსგავსა!“

2019 წელს არაერთი საეკლესიო სკანდალი მოხდა. რა იყო ამ სკანდალების საბაბ-მიზეზი? _ ეს სხვა საუბრის თემაა. ამჯერად ყურადღებას იმაზე გავამახვილებთ, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემების სააშკარაოზე გამოტანამ მორწმუნე საზოგადოებას კითხვის ნიშნები გაუჩინა, ანუ, ალბათ, თითოეული ჩვენგანი ძალაუნებურად დაფიქრდა, თუ სასულიერი პირები ერთმანეთს არ ინდობენ, საქმეზე საქმეზე რომ მიდგეს, მეც ხომ გამწირავს და ჩემს საიდუმლოს ქვეყანას მოფენსო?

ამასთან, იგივე ხდება პოლიტიკაშიც, კერძოდ, პარლამენტში, მამა პეტრეს (კოლხი) სიტყვებით რომ ვთქვათ, ნამდვილ „ამაოების ბაზარს“ ვუყურებთ. ყველაფერი ეს კი მოსახლეობაში ნიჰილიზმს აჩენს. განსაკუთრებით კი მოზარდი თაობა ზარალდება, რომელსაც ცოცხალი გმირები არ ჰყავს, ანუ მოზარდი ფიქრობს, რომ დედის გინება თუ ცემა-ტყეპა ჩვეულებრივი მოვლენაა და უჩნდება სურვილი, რომ თვითონაც ისე მოიქცეს, როგორც უფროსები იქცევიან!
ყველაზე მთავარი პრობლემა კი, რაზედაც „ქრონიკა+“-სთან საუბრისას მამა პეტრე ყურადღებას ამახვილებს, ისაა, რომ ადამიანებმა ღმერთი დავკარგეთ.
„დღეს თაობა უკვე გაბრაზებული იბადება, ყველაფრით უკმაყოფილოა და ყველასთან, პირველ რიგში კი, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის, ვინაიდან სიცოცხლის საზრისი დაკარგული აქვს და შეუძლებლად მიაჩნია, რომ თუნდაც მარტივ პრობლემასა და განსაცდელს რეალურად შეხედოს, მომზადებული შეხვდეს და თქვას, მოვერევიო, ანუ ამ თაობამ ბრძოლისუნარიანობა დაკარგა!“ _ ამბობს მამა პეტრე და ყველაფერ ამაში მხოლოდ ეკლესიას ან სახელმწიფოს კი არ სდებს ბრალს, არამედ მთელ საზოგადოებას.
სხვათა შორის, მამა პეტრე იმის შესახებაც საუბრობს, რომ სკოლებში რელიგიის სწავლება აუცილებელია, მაგრამ მოზარდებს მხოლოდ ქრისტიანობის კი არა, სხვა რელიგიების ისტორიაც უნდა ვასწავლოთ, რადგან საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა.
მოკლედ, როგორ ვიპოვოთ დაკარგული ღმერთი და როგორ ვიხსნათ მომავალი თაობა თუნდაც იმ უბედურებისგან, რომელსაც სუიციდი ჰქვია? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს მამა პეტრესთან:

_ მამა პეტრე, საზოგადოება ნეგატივმა წალეკა. თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა არის?
_ ამას ერთადერთი ახსნა აქვს.
_ კერძოდ, რა?
_ საზოგადოებაში უსაქმურობამ იმატა. ამასთან, ადამიანების უმეტესობას პირადი ცხოვრება და სივრცე არ აქვს. შინაგანი კომპლექსების გარდა ადამიანზე თავის გავლენას მატერიალური სიმძიმე და ქვეყანაში არსებული სხვადასხვა პრობლემაც ახდენს. შესაბამისად, დაძაბულობის ფონი იმაზე მეტია, ვიდრე წლების წინათ იყო. რაც დრო გადის, ადამიანის ფსიქიკა, მიდგომები და დამოკიდებულებებიც უფრო რთულდება. მართალია, 21-ე საუკუნე კომუნიკაციების ეპოქაა, მაგრამ ხალხმა ერთმანეთთან საერთო ენა მაინც დაკარგა, რადგან ეს კომუნიკაციები ვირტუალურია პირადი ურთიერთობის გარეშე. შესაბამისად, არც მეგობრობაა, არც _ ერთსულოვნება, არც _ ერთგულება და მხარში დგომა.
ყველაფერ ამას ისიც დაემატა, რაც ბოლო დროს ეკლესიასთან მიმართებით მოხდა. ზოგადად, ეკლესია ხელშეუხებელი და შეუვალი ავტორიტეტია, მაგრამ მის შიგნით არსებული პრობლემები დღის სინათლეზე გამოვიდა. გასაგებია, რომ ყველაფერი ეს ღრმადმორწმუნეს ვერ შეარყევს, მაგრამ მის სულს, ვისთვისაც სულიერი და ეკლესიური ცხოვრება ჯერ კიდევ საწყისი პერიოდი იყო, შეეხო და რყევა განიცადა, ანუ ამ ტიპის ადამიანებს თითქოს იმედი გაურცრუვდათ, მაგრამ ეს მათი მცირედმორწმუნეობისა და ადამიანური სისუსტეების ბრალი უფროა, ვიდრე _ იმ პრობლემების, რომელიც ეკლესიაში ყოველთვის არსებობდა და, ალბათ, იარსებებს კიდეც!
_ ეს გასაგებია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა ქვეყანა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ წალეკა, ხალხის ნაწილმა ეკლესიაში სიარული იმ მიზნით დაიწყო, რომ ფიქრობდა, ღმერთი მიშველის და გაჭირვებას თავს დავაღწევო. ხელს თუ არ გავანძრევთ, პირადად მე, მგონია, რომ ვერავინ გვიშველის, მაგრამ ფაქტია: მშიერმუცელა საზოგადოებამ ეს იმედიც დაკარგა.
_ იცით, რა ხდება? _ საზოგადოებამ სასულიერო პირებს ანგელოზებრივი ხარისხი მოსთხოვა, რაც ფანატიკური დამოკიდებულება იყო. მე და თქვენ სხვა დროსაც გვისაუბრია და თუ გახსოვთ, მაშინაც მითქვამს, რომ ე. წ. მრევლის უმეტესობა ფორმირების პროცესს განიცდის და ჩვენთან ჯანსაღი მრევლი პროცენტულად ძალიან ცოტაა.
_ „ჯანსაღი მრევლი“ რას ნიშნავს?
_ ჯანსაღი, ანუ მორწმუნე. მოკლედ, ფანატიკურად მორწმუნე ადამიანები საზოგადოებასა და ეკლესიასაც ზუსტად ისეთივე საფრთხეს უქმნიან, როგორსაც აგრესიული, ურწმუნო და არაეკლესიური ადამიანი უქმნის!
_ ფანატიკური მრევლის გაჩენას თავად ეკლესიამ ხომ არ შეუწყო ხელი?
_ კი, გარკვეუწილად, ასეცაა. საეკლესიო სწავლება ახლაც ზუსტად ისაა, რაც პირველ საუკუნეში იყო და ასე იქნება მანამ, სანამ სამყარო იარსებებს, მაგრამ ეს საეკლესიო სწავლება ყველას სხვადასხვანაირად ესმის.
აი, მაგალითად, ახალ აღთქმაში სადმე თუ წერია, რომ ძალადობასა და აგრესიას ძალადობითვე და აგრესიით უნდა ვუპასუხოთ?
_ ცხადია, არა!
_ ჰოდა, საქმეც ეგ არის, რომ მრევლი ვერ განვითარდა და ახალი აღთქმის მიმდევარი ვერ გახდა.
_ ამაში დამნაშავე მრევლი კი არა, მგონი, სასულიერო პირები არიან.
_ შეიძლება, ასეც იყოს. ისე არ გამიგოთ, რომ პილატე პონტოელივით სხვას ვახოცავ ხელს. ეს, პირველ რიგში, ჩვენი ბრალია, ანუ ჩვენ უნდა ვიდგეთ მოწოდების სიმაღლეზე, მომზადების მაღალი დონე უნდა გვქონდეს და მრევლს მხოლოდ სიტყვითა თუ ამბიონიდან მჭევრმეტყველური ქადაგებებით კი არ უნდა ვასწავლიდეთ, თუ რა არის ქრისტე და ქრისტეს ეკლესია, არამედ, პირველ რიგში, ცხოვრების წესით უნდა ვასწავლიდეთ, თუ როგორ უნდა გამოირჩეოდეს მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი არაეკლესიურისგან, თუმცა ამით არაეკლესიურ ადამიანს შეურაცხყოფას არ ვაყენებთ.
სხვათა შორის, არაეკლესიურში უზნეოს არ ვგულისხმობ. პირადად მე, მინახავს არაეკლესიური ადამიანები, ე. წ. ათეისტები, რომლებიც ბევრად უფრო ჰუმანურები, მოწყალეები, მიმტევებლები და მოსიყვარულეები არიან, ვიდრე _ ეკლესიურები. ამ უკანასკნელთა მიერ ციციკორეს ნიღბის მორგებამ უამრავი ადამიანი, ყველაზე მეტად კი მოზარდი თაობა დააბრკოლა!
_ ანუ რისი თქმა გინდათ?
_ მოზარდ თაობაში ამდენი უბედურება და თვითმკვლელობა ხდება, რაც დღითი დღე, საუბედუროდ, იზრდება. ყველაფერი ეს კი იმითაცაა გამოწვეული, რომ მოზარდები თავიანთ ფსიქოლოგიურ პრობლემებს თავს ვერ აღწევენ და ამასთან, შეცდომებისა თუ ცოდვების თუნდაც ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინაშე თქმა იმის გამო უჭირთ, რომ ვინმე შეიძლება, მორალისტი გამოდგეს და ქვების სროლა დაუწყოს! აი, სწორედ ამის გამო მოზარდები ისეთ უკიდურეს ზომებს მიმართავენ, როგორიც თვითმკვლელობაა, ანუ ოღონდ ვინმემ მათი ცოდვების შესახებ არ გაიგოს და თანახმანი არიან, თავი მოიკლან!
_ ისე, ეკლესიამ ე. წ. ანტისუიციდური კამპანია ლუკა სირაძის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო და ამ თემაზე, როგორც ვიცი, საპატრიარქოში ერთგვარი მრგვალი მაგიდა მოეწყო, არადა, უმჯობესი იქნებოდა, საპატრიარქოს ეს ნაბიჯი აქამდე გადაედგა და თუნდაც მოზარდებისთვის აეხსნა, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არაა. მოკლედ, მამა პეტრე, მოზარდების გახშირებულ სუიციდზე პასუხისმგებლობა ეკლესიასაც ეკისრება თუ არა?
_ რომელიმე სასულიერო პირმა ჩემს ნათქვამში საკუთარი თავი რომ არ დაინახოს და ახსნა-განმარტება არ მომიწიოს, რისგანაც უკვე დავიღალე, ამიტომ ჩემს თავზე ვიტყვი: ის, რაც საზოგადოებაში ხდება, ყველა ინსტანციის ბრალია! ცხადია, არასწორი იქნება, რომ ყველაფერი მარტო სახელმწიფოსა და სახელმწიფოს მესვეურებს გადავაბრალოთ. ისიც არასწორი იქნება, რომ მარტო ეკლესია დავადანაშაულოთ. ეკლესია და სახელმწიფო ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებსა და გეგმებს ერთად უნდა ახორციელებდნენ.
დღეს სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლება და განათლების ჩვენს ქვეყანასა თუ უცხოეთში მიღების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ეს არასწორადაა გაგებული და, შესაბამისად, ახალგაზრდები ცოდვის მონები და დამონებულები ყველაზე მეტად გახდნენ!
_ ეს როგორ?
_ იმის თქმა მინდა, რომ ზღვარი წაშლილია და ახალგაზრდები ვერ ხვდებიან, რა არის თავისუფლება და რა _ ფსევდო თავისუფლება!
_ ე. ი., მამა პეტრე, იმის თქმა გინდათ, რომ საქართველოში ჭეშმარიტი კი არა, ფსევდო თავისუფლებაა?
_ დიახ, ჩვენთან დამახინჯებული ფსევდო თავისუფლებაა, რომელიც დამონებულ ფსიქოლოგიაზე უარესია!
_ ფსევდო თავისუფლების, ასე ვთქვათ, კულტივირება სპეციალურად და მიზანმიმართულად ხდება?
_ ჩვენ _ როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები, ხშირად უნდა ვმართავდეთ საჯარო გამოსვლებს, ლექციებს. გარდა ამისა, ხშირად უნდა ვხვდებოდეთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
_ რა მიზნით?
_ ახლა ზოგიერთი გამოდგა და ამბობს, გინდა თუ არა, სკოლაში რელიგია უნდა ისწავლებოდეს და საღვთო სჯულიც იკითხებოდესო.
კი ბატონო, ღმერთი სკოლებს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს, ანუ სკოლებში რელიგიის საათები არსებობდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვინმეს უფლებები არ დავარღვიოთ.
_ საუბარი საითკენ მიგყავთ, მამა პეტრე?
_ იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს მოსახლეობა ეთნიკურად ჭრელია და ამიტომ სკოლებში, მართლმადიდებლობის ისტორიასთან ერთად, სხვადასხვა რელიგიის ისტორიაც უნდა ისწავლებოდეს!
სხვათა შორის, ზოგიერთი ე. წ. მორწმუნე მრევლი ფიქრობს, რომ რელიგიის შესახებ სრული კურსი მოძღვრებმა უნდა წაიკითხონ, მაგრამ მე ასე არ მგონია.
_ რატომ?
_ ყველას წინაშე შენდობას ვითხოვ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი მოძღვარი სკოლაში შესაშვები არ არის.
_ ამას რატომ ამბობთ?
_ ამ შემთხვევაში იმ მოძღვრებს ვგულისხმობ, რომლებსაც ცოდნის წინააღმდეგ საბრძოლო მეთოდად ძალადობა მიაჩნიათ!
_ გეთანხმებით, რომ ზოგ სასულიერი პირს განათლებული ადამიანი ნერვებს უშლის, მაგრამ ისევ ლუკა სირაძის ტრაგედიას უნდა დავუბრუნდე, ანუ ამ 15 წლის მოზარდის მიერ სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერა: „ამ ცხოვრების დედაც“, სამოქალაქო აქტივისტების სლოგანად იქცა. ამით უიმედობა და აპათია კიდევ უფრო მეტად ხომ არ მკვიდრდება?
_ მოზარდი თაობისთვის ტრაგედია უკვე ის იყო, რომ არაფერი აეკრძალა!
_ ანუ?
_ როცა არაფერი გეკრძალება და საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევ, იმის იქით უკვე უტოპია და უფსკრულია! შესაბამისად, ამ თაობას აქვს უფლება, თქვას, „ამ ცხოვრების დედაცო“, ანუ ყველაფრის მიმართ _ რაც გააჩნიათ და რაც _ არა, უმადურები არიან!
სხვათა შორის, პატრიარქმა ძალიან კარგად განმარტა და ამას თითოეული ჩვენგანიც ფიქრობს, რომ ამ ცხოვრების დედა ღვთისმშობელია.
მოკლედ, ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება, ნიჰილიზმი და ყველაფრის სხვაზე გადაბრალება მხოლოდ სხვისი კი არა, ჩვენი ბრალიცაა!
_ გეთანხმებით!
_ დღეს თაობა უკვე გაბრაზებული იბადება, ყველაფრით უკმაყოფილოა და ყველასთან, პირველ რიგში კი, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის, ვინაიდან სიცოცხლის საზრისი დაკარგული აქვს და შეუძლებლად მიაჩნია, რომ თუნდაც მარტივ პრობლემასა და განსაცდელს რეალურად შეხედოს, მომზადებული შეხვდეს და თქვას, მოვერევიო, ანუ ამ თაობამ ბრძოლისუნარიანობა დაკარგა!
_ მამა პეტრე, ვითარებას, მგონი, ისიც ამძიმებს, რომ მშობლებს, სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, შვილებისთვის არ სცალიათ. არაერთი ბავშვი ვიცი, რომლის დედა და მამა ემიგრაციაშია და ბებია-ბაბუასთან იზრდება!
_ მესმის და გეთანხმებით, რომ ოჯახი თავიდათავია _ მოზარდი ოჯახისგან მხოლოდ სწავლა-განათლებას კი არა, ურთიერთობების კულტურასაც იღებს, მაგრამ მარტო წვრთნა ვერაფერს უზამს და გონებაც მთავარია.
სხვათა შორის, ვიცი ოჯახები, სადაც შვილებს ზედ არიან გადაყოლილები _ გადაყოლაში მხოლოდ მატერიალურს კი არა, მორალურსაც ვგულისხმობ, ანუ მოზარდის ყველა სიხარული და ტკივილი ესმით, მაგრამ ბავშვი მაინც ინდიფერენტულია და ოჯახის წევრები მტრები ჰგონია.
ამით იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ ერთმა ოჯახმა კი არა, მთელმა ერმა და საზოგადოებამ უნდა მონახოს გამოსავალი, თუ როგორ გადავარჩინოთ მომავალი თაობა!
მომავალ თაობას ჩვენ, უფროსმა თაობამ, განსაკუთრებით მე, სასულიერო პირმა, მომავლის იმედი დავუკარგე!
_ ამას რატომ ამბობთ, მამა პეტრე?
_ როცა ხმამაღლა, აშკარად და საჯაროდ სხვის ლანძღვა-გინებას ვიწყებ, ეს მოზარდებსაც ესმით! მერე კი, როცა ტაძარში მოდიან, მორალს ვუკითხავთ, როგორ უნდა მოიქცნენ და ეს მაშინ, როცა ჩვენგან ამ მორალისგან განსხვავებულ ქმედებებს ხედავენ. სწორედ ამის გამო მოზარდები წინააღმდეგობაში ვარდებიან და სუსტ ნებისყოფას ისევ თავიანთ საწინააღმდეგოდ იყენებენ, ანუ ეკლესიის კარს საბოლოოდ ხურავენ და ისეთ ცხოვრებას იწყებენ, როგორც ეცხოვრებათ, ანუ კლუბურ ნარკოტიკებს, კლუბურ გართობას მიმართავენ, ქუჩაში გადიან და ამბობენ, აი, სად მივიდე, ვისთან მივიდე, როცა ერთმანეთს ჭამენ და აგინებენო.
ახალგაზრდებს ცოცხალი მაგალითები არ ჰყავთ. სახარება შეიძლება, ჩვენზე უკეთ წაიკითხონ, მაგრამ ახალგაზრდებს მაგალითი მე, სასულიერო პირმა უნდა მივცე!
ამასაც თავი რომ დავანებოთ, იგივე პარლამენტში ჩვეულებრივ „ამაოების ბაზარს“ უყურებენ _ ე. წ. პოლიტიკოსები ერთმანეთს ხოცავენ და ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ, გეგონება, ბაზარში იდგნენ! არადა, პარლამენტიდან ზნეობის, მორალის, სიყვარულის, სიწმინდის, სახელმწიფოსა და ეკლესიის დაცვის მაგალითები უნდა მოდიოდეს!
_ მამა პეტრე, რასაც ახლა გკითხავთ, შესაძლოა, ბანალური იყოს, მაგრამ მითხარით, ადამიანებმა სიყვარული და ურთიერთპატივისცემა რატომ დავკარგეთ? ისე, საბჭოთა წყობის დროს ადამიანური ურთიერთობების დეფიციტი არ იგრნობოდა, არა?
_ ადამიანები სხვისი ბედით მხოლოდ გარეგნულად წუხან, ანუ მხოლოდ გარეგნულად ვვიშვიშებთ.
_ ე. ი., თითოეული ჩვენგანი საკუთარ ნაჭუჭში ვართ ჩაკეტილი და არ გვაინტერესებს, ამის იქით რა ხდება?
_ დიახ, ასეა და ვამბობთ, მთავარია, მე ვიყო კარგად და თუ უნდა, ქვების წვიმა წამოსულაო.
_ ეს XXI საუკუნემ მოიტანა?
_ არა, მარტო XXI საუკუნეს ნუ დავაბრალებთ.
_ აბა, კიდევ რას უნდა დავაბრალოთ?
_ ადამიანები შევიცვალეთ.
_ ჰოდა, ეს ტრანსფორმაცია რამ გამოიწვია?
_ ადამიანს შინაგანი მადლი დაეკარგა! მადლისგან დაცლილი ადამიანი კი ცხოველს ემსგავსება! ხომ გახსოვთ, არისტოტელეს ნათქვამი, ადამიანი სოციალური ცხოველიაო და, მართლაც, ასე მოხდა _ მადლისგან განვიძარცვეთ და ჩვენთვის დაფარული, ხელშეუხებელი და აკრძალული აღარაფერია!
როცა ადამიანი ცხოველის დონეზე ეშვება, ცხადია, სიყვარულსაც კარგავს, ერთგულებასაც და პატიოსნებასაც. როცა ადამიანი საკუთარ მორალსა და სინდისს ღალატობს, ყველასა და ყველაფერს უღალატებს!
ისე, სიმართლე გითხრათ, პესიმისტი არ ვარ და არ ვამბობ, გამოსავალს ვერ ვიპოვით-მეთქი, მაგრამ მგონია, რომ უარესები მოხდება.
_ აბა, თუ პესიმისტი არ ხართ, უარესის მოლოდინი რატომ გაქვთ?
_ უარესის მოლოდინი იმიტომ მაქვს, რომ ძალიან რეალისტი ვარ. კი ბატონო, ეკლესია-მონასტრები შენდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღმერთს ვკარგავთ!
_ და ეს დაკარგული ღმერთი როგორ უნდა ვიპოვოთ?
_ პირველ რიგში, საკუთარი თავის გაზრდითა და ცოდვების აღიარებით და არა იმის შეძახილით, აი, სხვა ჩემზე ცოდვილი, ჩემზე დაცემული და წარწყმედილიაო!
თუ ვინმე ჩემზე ცოდვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ცოდვები არ მაქვს! მე ჩემი ხარისხის, ტიპის ცოდვები მაქვს და ეს მომეკითხება. საერთოდ, ცოდვების აწონა არასწორია. აქლემისა და ნემსის ქურდი ორივე ქურდია, ანუ ცოდვა ცოდვაა და ამიტომ ადამიანური თვალით არ უნდა ვუყუროთ, ვისი ცოდვა უფრო მძიმეა! უფალი ყველაფერს სხვა საზომით ზომავს! ამიტომ დავუტევოთ უფალსა ჩვენსა ზრუნვაი ჩვენი და მან გამოგვზარდოს ჩვენ!
აი, ესაა მთავარი, მაგრამ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ადამიანებმა საკუთარი ცხოვრება უარყვეს და ცხოვრება სხვისი ცხოვრებით დაიწყეს! როცა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ, ბოროტდები.
_ სხვათა შორის, თქვენც ბევრი გლანძღავდათ და გთათხავდათ, მაგრამ არ გაბოროტდით.
_ იმიტომ არ გავბოროტდი, რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს, რომლითაც ძალიან ბევრი ვარ! მირჩევნია, საინტერესო წიგნი დავწერო, ფილმს ვუყურო, ვილოცო ან ლექსი დავწერო, ვიდრე იმაზე ვიფიქრო, ვის მოვწონვარ და ვის _ არა! ამის მიხედვით არ ვიქცევი, ისე ვიქცევი, როგორც შემიძლია, თორემ ძალიან დიდი ბოდიში და, აბსოლუტურად გაუგებარი ადამიანისთვის მოსაწონი რომ ვიყო, პიროვნულ ინდივიდუალიზმს დავკარგავ და საკუთარი თავი, პირველ რიგში, მე არ მომეწონება!
_ თქვენს მრევლსაც ამას ასწავლით?
_ აუცილებლად!
მთავარია, მართლები საკუთარი სინდისის, უფლისა და სამართლიანობის წინაშე ვიყოთ. ის კი, ვის მოვეწონებით და ვის _ არა, მეასეხარისხოვანია!
შეიძლება, ბევრი ვინმე არ მომწონდეს, მაგრამ ამის შესახებ არ ვყვირი. განა არ ვიცი, ვინ როგორ ცხოვრობს, მაგრამ ეს რა ჩემი საქმეა? ასეთ იაფფასიან პროვოკაციებზე დროს არ დავკარგავ, რადგან ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წასაკითხი და იგივე თეოლოგიასა და პოეზიაში კვლევაც ჩასატარებელი მაქვს!
_ სხვის ცხოვრებაზე საუბარი, ჩემი აზრით, კომპლექსების გარდა, გაუნათლებლობის ბრალიცაა!
_ აუცილებლად!
მთავარია, ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი ცხოვრების წესით ქვეყანას, ეკლესიას, ოჯახსა და შვილებს სახელი არ შევუბღალო, თორემ სულ არ მაინტერესებს, ვინმეს იმის გამო თუ არ მოვეწონები, რომ სასიყვარულო ლექსს დავწერ და სელფს გადავიღებ!
სელფს თუნდაც იმიტომ გადავიღებ, რომ ეს ეკლესიის, ერისა და ქვეყნის პრობლემა არაა!
სხვა უამრავი პრობლემა არსებობს და თუ თვალს გაახელენ, აუცილებლად დაინახავენ!
ისე, როცა ადამიანი ძალიან მოსწონთ, გამოდიან და ყვირიან, არ მოგვწონსო. ეს ხომ ტრაგედიაა?! თუ ადამიანი არ მოგწონს, იმაზე არ ილაპარაკებ!

გიორგი აბაშიძე