2019 წლის სამი სკანდალი, რომელმაც „ოცნების“ მზე ჩაასვენა

2019 წელი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით,
ანუ ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმდენი სკანდალი მოხდა, რომ ერთი კი არა, რამდენიმე ქვეყნისთვისაც საკმარისი იქნება, მაგრამ ხომ იცით, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ. ჰოდა, ჩვენი სიმაგრე ყველაფერში გამოვაჩინეთ _ საეკლესიო თამაშებიდან დაწყებული, საპარლამენტო მუშტი-კრივითა თუ დედის გინებით დამთავრებული.
მოკლედ, ალბათ, მიხვდით, რომ „ქრონიკა+“ 2019 წელს აჯამებს.

შესაჯამებელი კი იმდენია, ჩვენი გამოცემის ერთი კი არა, რამდენიმე ნომერი არ გვეყოფა, ამიტომაც შევეცდებით, წლის მთავარი მოვლენები გავიხსენოთ. ეს გახსენება კი, რა თქმა უნდა, ყველაზე ბოლო სკანდალით უნდა დავიწყოთ, რომელსაც, პირობითად, შესაძლოა, „ცუკერას სპეცოპერაცია“ დავარქვათ.
ისე, სანამ მარკი დაადგენდა, რომ საქართველოში „ტროლების ქარხანა“ მუშაობდა, ამის თაობაზე ქართული მედია აქტიურად საუბრობდა, თუმცა ხომ იცით, შინაურ მღვდელს შენდობა რომ არ აქვს, ანუ მმართველი პარტია ბოლო წუთამდე უარყოფდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ინტერნეტ ბულინგსა თუ ტერორს აწარმოებდა, მაგრამ ნათქვამია, არ არს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდესო. ჰოდა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა და რამდენიმე დღის წინ „ქოცების“ თავზე საავდრო ღრუბელიც შეიკრა და „ოცნების“ მზემაც ჩასვენება დაიწყო. ამ საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სკანდალს ისეთი გავლენიანი დასავლური მედიაც გამოეხმაურა, როგორიც, მაგალითად, „ამერიკის ხმაა“. კერძოდ, „ამერიკის ხმის“ ქართულენოვანი ონლაინგამოცემის სტატიაში ვკითხულობთ:
„20 დეკემბერს „ფეისბუქმა“ საქართველოში საკუთარი ძირითადი პლატფორმიდან „ფეისბუქის“ 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 22 ანგარიში წაშალა.
სოციალური ქსელი აცხადებს, რომ ეს ანგარიშები ადგილობრივ აუდიტორიაზე იყო ფოკუსირებული და საქართველოში შეიქმნა. „ფეისბუქის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ იყო დაკავშირებული, თუმცა ისინი თავს სხვა პარტიებად, მედიასაშუალებებად, რეალურ ადამიანებად და აქტივისტთა ჯგუფებად ასაღებდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ საკუთარი ვინაობა და ერთმანეთთან კოორდინაცია, ჩვენმა გამოძიებამ ისინი სარეკლამო სააგენტო „პანდასთან“ და „ქართული ოცნების“ მიერ მართულ მთავრობასთან დააკავშირა“, _ ნათქვამია განცხადებაში.
გაუქმებულ გვერდებს შორის, სულ ცოტა, ერთს 442,300 მიმდევარი ჰყავდა, გაუქმებულ ჯგუფებთაგან ერთს ან მეტს კი, დაახლოებით, _ 52,000 წევრი. „ინსტაგრამზე“ გაუქმებული ანგარიშებიდან ერთს ან მეტს 2,100 მიმდევარი ჰყავდა. ორივე პლატფორმაზე მასალების რეკლამირებაში, დაახლოებით, 316 ათასი დოლარი დაიხარჯა.
ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება, მაგრამ ეს პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობებისა და არა _ თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების ორგანიზებულია.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ „ფეისბუქის“ გამოძიების პარალელურად, საკუთარი კვლევა ჩაატარა. DFRLab -ს თავდაპირველად საქართველოში ორგანიზებული საეჭვო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქმა“ მიაწოდა. ლაბორატორიის განცხადებით, გამოძიებით დადგინა, რომ გაუქმებული ვებგვერდები ქართულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ავრცელებდა „დამაპირისპირებელ სოციო-პოლიტიკურ შინაარსს, რომელიც ივანიშვილსა და მთავრობაში მის მოკავშირეებს უჭერდა მხარს და ცდილობდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი, შეერთებული შტატების დისკრედიტაციას“.
„ატლანტიკური საბჭოს“ DFRLab -ის დირექტორი გრამ ბრუკი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „ფეისბუქმა“ და DFRLab -მა საქართველოში ეჭვმიტანილი კოორდინებული და არაავთენტური ოპერაციების გამოძიება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს. ციფრულმა ლაბორატორიამ, დაახლოებით, 260 ჯგუფი და გვერდი შეისწავლა, რაშიც პერსონალური ანგარიშები არ შედიოდა.
„ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინებული ოპერაცია“, _ ამბობს ბრუკი.
DFRLab -ისგან განსხვავებით, „ფეისბუქი“ გამოძიებას გაცილებით დეტალურად და არა მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობით, არამედ შიდატექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით აწარმოებს. ციფრულმა ლაბორატორიამ მთავრობის ნარატივების გამავრცელებელი კოორდინებული ოპერაცია ინფორმაციის მომხმარებლის პერსპექტივიდან გამოავლინა. „ფეისბუქის“ გამოძიება კი თავად პლატფორმაზე ტექნიკური შიდა რესურსების გამოყენებით ჩატარდა. ამ შიდა მოძიებით „ფეისბუქმა“ დაადგინა, რომ ქსელის ოპერაცია უშუალოდ „ქართული ოცნების“ მთავრობასა და მთავრობის მიერ დაქირავებულ სარეკლამო სააგენტო „პანდას“ უკავშირდებოდა.
„ფეისბუქს“ აქვს საშუალება, ნახოს, თუ როგორ იქცევა საეჭვო მომხმარებელი სხვადასხვა ჯგუფში, ვის ეკუთვნის ესა თუ ის გვერდი, როდის და სად შეიქმნა ის, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი და ა. შ. ჩვენ „ფეისბუქის“ მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ღრმაა მათი წვდომა საკუთარი პლატფორმის დეტალებზე და კოორდინებული ოპერაციების გამოვლენაზე“, _ თქვა ბრუკმა.
სხვათა შორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთავრობების ან პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიებით მანიპულირება წელს 70 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. 2018 წელს მსგავსი ოპერაციები 48 ქვეყანაში დაფიქსირდა, 2017 წელს კი _ 28-ში.
ბოლო ორ წელიწადში, მთავრობების რაოდენობა, რომელიც ორგანიზებულად აწარმოებს საინფორმაციო მანიპულაციას, თითქმის გასამმაგდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დეზინფორმაციის კამპანიები უჩვეულო, რა თქმა უნდა, არ არის. თუმცა საქართველო, როგორც დემოკრატიულად მიჩნეული ქვეყანა, განსხვავებულ პოზიციაშია.
„რუსეთის მთავრობისთვის ეს მეთოდი ეგზისტენციური მნიშვნელობისაა. რუსულ მოდელში მთავრობა ძალით ცდილობს საკუთარი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას საინფორმაციო სივრცეში თავისი ნარატივების აქტიური გავრცელებით. ეს არ არის ღია და თავისუფალი საზოგადოება“, _ თქვა ბრუკმა. საქართველოსთან დაკავშირებით კი დასძინა, რომ „ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის…“
დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების შემთხვევები სოციალური მედიის გავლენის გაზრდასთან ერთად მისი თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა. მათ შორის „ფეისბუქი“ ყველაზე ხშირად გამოიყენება ადამიანების მანიპულირების მიზნით. ასევე ხშირია ფეისბუქის კრიტიკა, განსაკუთრებით დემოკრატიული მთავრობების მიერ, რომლებიც აცხადებენ, რომ სოციალური ქსელი ადეკვატურად არ იცავს მომხმარებელს საინფორმაციო გავლენებისგან. კომპანია ამ ტენდენციის შეცვლას ცდილობს.
ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინებული ოპერაცია.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში „ფეისბუქმა“ თქვა: „კომპანიის ჯგუფები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე პროაქტიულად ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ჩვენი პლატფორმები ბოროტად გამოიყენონ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ინდუსტრიაში ჩვენს კოლეგებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და უსაფრთხოების მკვლევრებთან ამ ოპერაციების საპოვნელად და გასაუქმებლად“.
„ფეისბუქის“ პრაქტიკა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კოორდინებული ნარატივების გავრცელებაზე დაკვირვება გაგრძელდება. ისევე როგორც 20 დეკემბრის შემთხვევაში, მომავალშიც პროცესი ორ ეტაპად დაიყოფა. არაავთენტურ დეზინფორმაციას, რომელიც საინფორმაციო სივრცეში ფარული გზებით და მოტყუებით მომხმარებლის მანიპულირებას ცდილობს, ჯერ „ფეისბუქის“ ავტომატიზებული სისტემა გამოავლენს, რის შემდეგაც პროცესში ადამიანების ჯგუფი ჩაერთვება. ფეისბუქის მსგავსად, DFRLab აცხადებს, რომ საქართველოში დეზინფორმაციაზე დაკვირვებასა და მის გამოძიებას გააგრძელებს.
ოქსფორდის კვლევის თანახმად, საქართველო, „კიბერ-ჯარისკაცების“ შესაძლებლობების თვალსაზრისით, საშუალო დონის ქვეყანაა. ამავე კატეგორიაში შედის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქეთი, პაკისტანი, სუდანი, ბაჰრეინი, კუბა, გვატემალა და კიდევ რამდენიმე სხვა. უმაღლესი შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში კი შედის: რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვები.
კიბერ-ჯარისკაცების პრეროგატივა რამდენიმე მკაფიოდ გამოკვეთილი საქმიანობაა. ესენია მთავრობის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება, ოპოზიციაზე თავდასხმა ან ოპონენტების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის წარმართვა, მნიშვნელოვანი თემებიდან ან კრიტიკიდან საზოგადოების ყურადღების სხვაგან გადატანა და საზოგადოების დაყოფისა და პოლარიზაციის ორგანიზება“.
„ფეისბუქის“ ზემოხსენებული „კიბეროპერაცია“ იმ დროს ჩატარდა, როცა „ოცნებას“ კრიტიკული დღეები უდგას, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ კრიზისს ცოცხალი თავით არ აღიარებს, ყველა კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის გუნდი დიდი განსაცდელის წინაშე დგას. ყველაფერი ეს კი 20 ივნისის მოვლენებით დაიწყო, მოვლენებით, რომელიც საქართველოს ისტორიაში „გავრილოვის ღამის“ სახელით შევა:
ცნობილი გახდა, რომ 19-23 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა ჩატარებულიყო. ასამბლეის დელეგატების, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ანუ დუმის წევრის, კომუნისტი სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა ოპოზიციამ იმთავითვე გააპროტესტა, მით უმეტეს, რომ გავრილოვმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ხმა მისცა გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები _ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი _ რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. სხვათა შორის, ისიც იმთავითვე იყო ცნობილი, რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა და საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.
მოკლედ, როგორც ვთქვით, ზემოხსენებული ასამბლეა თბილისში 19-23 ივნისს უნდა გამართულიყო და ღონისძიების ყველა დეტალი, მათ შორის, ის, თუ რომელ დღეს სად ჩატარდებოდა სხდომა, წინასწარ იყო დამტკიცებული და ყველაფერი ეს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისთვისაც ცნობილი გახლდათ. სხვათა შორის, 19 ივნისის სხდომას მხოლოდ კობახიძე კი არა, „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი და საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მეტიც, კობახიძე და საპატრიარქოს წარმომადგენელი სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდნენ.
ისე, სანამ ასამბლეის დელეგატები თბილისს ესტუმრებოდნენ, ოპოზიცია აცხადებდა, რომ საქართველოში მსგავსი ფორუმის ჩატარება, უფრო სწორად, გავრილოვის ჩამოსვლა, არ შეიძლებოდა. 19 ივნისს კი მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტებმა გავრილოვს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. ზუსტად იმ დროს კი, როცა გავრილოვი სიტყვით გამოდიოდა, სხდომა საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა დემონსტრაციულად დატოვა.
20 ივნისს, დილით, ოპოზიციამ, კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, რასაც ჯერ ოპოზიციის აღშფოთება მოყვა, შემდეგ კი ეს აღშფოთება საერთო პროტესტში გადაიზარდა და ადამიანებმა პარლამენტის წინ შეკრება სპონტანურად დაიწყეს. ხალხის უკმაყოფილებამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ „ოცნების“ ხელისუფლება იძულებული გახდა, გავრილოვი და სხვა
რუსი დეპუტატები სასტუმრო „რედისონში“ გაეპარებინა. მოგვიანებით, სამშობლოში დაბრუნებულმა გავრილოვმა განაცხადა, რომ ასამბლეის სხდომა სწორედ „რედისონში“ გაგრძელდა.
ერთი სიტყვით, გაბრაზებულმა ქართველების ნაწილმა პარლამენტიდან „რედისონთან“ გადაინაცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, სახელმწიფო დაცვის თანხლებით, სასტუმროდან გამოვიდნენ, თუმცა დაცვამ მათ ვერ უშველა _ ხალხმა მათ წყლიანი ბოთლები ესროლა და სირცხვილის დერეფანში კიდევ ერთხელ გაატარა.
მოკლედ, გავრილოვმა თბილისი დატოვა, მაგრამ პროტესტი არ ჩაცხრა და პარლამენტის წინ რამდენიმეათასიანი აქცია გაიმართა. ნიშანდობლივია, რომ ამ აქციაში, რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის აქტივისტების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებიც მონაწილეობდნენ. მომიტინგეები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადაყენებას ითხოვდნენ.
კობახიძე ამ დროს ბაქოში იმყოფებოდა და სწორედ იქ გააკეთა განცხადება, რომ გადადგომას არ აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეები უსასტიკესად დაარბია და რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა, კობახიძე იძულებული გახდა, „პლასტინკა შეეცვალა“, ანუ გადადგა.
ამასთან, ხელისუფლება, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ხალხის პროტესტის ჩასაცხრობად რამე უნდა ეღონა. ჰოდა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, ხელისუფლება მზადაა, 2020-დან პროპორციულ არჩევნებზე გადავიდეს და საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად შეხვედრებსაც დავიწყებთო. ეს ოპოზიციამ პირველ გამარჯვებად ჩათვალა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ივანიშვილის ეს დაპირება ჩვეულებრივი ტრიუკი იყო, ანუ „ოცნების“ თავმჯდომარემ საზოგადოება „გაადააგდო“. ასევე „გადაგდებული“ აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობა, რადგან „ოცნების“ ყველა ის წევრი, ვინც ინგლისური და კომპიუტერი იცოდა, დასავლეთს თავმომწონედ უცხადებდა, აი, ჩვენ დიდი დემოკრატიული ნაბიჯი გადავდგით და 2020-დან სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადავდივართო. დაახლოებით, ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთებინა მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილსაც გაეროში, მაგრამ როცა ყველაფერი ეს ივანიშვილის „პატარა ტრიუკი“ გამოდგა, პროპორციულის ჩაგდება ისე შეიფუთა, რომ „ოცნების“ ლიდერს თითქოს დიმიტრი ხუნდაძე, დაჩი ბერაია და აქამდე უცნობი სხვა მაჟორიტარები აუჯანყდნენ.
ასე იყო თუ ისე, პროპორციულის ჩაგდებით ოპოზიციას „მეორე სუნთქვა“ გაეხსნა. ამასთან, დასავლეთმაც მმართველ გუნდზე გული აიცრუა და, როგორც ხმა დადის, იანვარში თეთრი სახლი კიდევ ერთ უმწვავეს განცხადებას გააკეთებს, რომლითაც „ოცნების“ პოლიტიკური კარიერა დასრულდება!
ვნახოთ, რა მოხდება იანვარში, მანამდე კი კიდევ ერთი სკანდალი გავიხსენოთ, რომელმაც ერთგვარ აპათიაში ჩააგდო მთელი საზოგადოება. მოკლედ, 31 ოქტომბერს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, წმინდა სინოდის სხდომა დაინიშნა, რომელსაც წინ მეუფე იაკობის მიერ სკანდალური განცხადებების გაკეთება უძღოდა, ანუ იმხანად ბოდბელმა მიტროპოლიტმა ტვ „პირველზე“ სატელეფონო ჩართვისას საზოგადოებას სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს პატრიარქის არამცთუ გადაყენება, არამედ ლიკვიდაცია იგეგმებოდა. სხვათა შორის, მოგვიანებით, იაკობ იაკობაშვილმა ლიკვიდაცია უარყო და მხოლოდ გადაყენების ვერსია განავითარა.
სწორედ ამ სკანდალის ფონზე დაინიშნა სინოდის სხდომა.
ისე, მეუფე იაკობის ეს სკანდალური განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ „ციანიდის საქმის“ შემდეგ საპატრიარქო შავ საბურველში გაეხვია, ზუსტად იმ დროს, როცა იაკობმა დიდი შეთქმულება გახსნა, ეკლესიის თემა მიჩუმათებული იყო. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ თქვა იაკობმა ის, რაც თქვა?
ასე იყო თუ ისე, მეუფე იაკობის განცხადებას საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში ყველაზე სკანდალური სინოდის სხდომა მოყვა და ყველა მიხვდა, რომ ამ სხდომაზე ბომბი აფეთქდებოდა. აკი, ასეც მოხდა, მით უმეტეს, რომ საპატრიარქოში შესვლამდე მეუფე პეტრემ „პილატეს სასამართლო“ ახსენა. სხდომის დაწყებიდან არცთუ დიდი დრო იყო გასული, საპატრიარქო მეუფე პეტრემ რომ დატოვა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მედიას ამცნო, პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადამაყენაო.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ, განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პედერასტული ცოდვის მხილება“, _ განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ ამხილა „პედერასტულ ცოდვაში“, მეუფე პეტრემ უპასუხა: „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი! ერს ჰყავს პედერასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“.
ნებისმიერი სკანდალი, როგორც წესი, სამი, მაქსიმუმ, ხუთი დღე გრძელდება ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა, ანუ მეუფე პეტრეს განცხადებას მხილებათა მთელი კასკადი მოყვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ რამდენიმე ათეული წლის წინანდელი ამბები ამოტივტივდა და საზოგადოებამ ეკლესიაში გამეფებულ „სოდომურ ცოდვებზე“ სრულიად წარმოუდგენელი ამბები მოისმინა.
„საეკლესიო მხილება“, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ სწორდ ამ დროს „ოცნების“ მაჟორიტარები ამხედრდნენ, რასაც პროპორციულის ჩაგდება მოყვა და შესაბამისად, „სოდომური ცოდვაც“ დავიწყებას მიეცა.
ისე, ზოგი ექსპერტი ფიქრობს, რომ საპატრიარქოს სკანდალი და პროპორციულის ჩაგდება ერთმანეთთან კავშირშია, ანუ არსებობს მოსაზრება, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის კანონპროექტის ჩაგდების უკან, გარკვეუწილად, ეკლესია დგას და ამით სასულიერო ელიტამ ივანიშვილზე შური იძია, თუმცა ამ ვერსიის ავტორები არ აკონკრეტებენ, თუ რა გახდა ამ შურისძიების მიზეზი.
ერთი სიტყვით, ზემოხსენებულმა ამ სამმა ამბავმა 2019 წლის ქრონიკებს ერთგვარი მეინსტრიმი მისცა, თუმცა ამის გარდა სხვა მნიშვნელოვანი ამბებიც მოხდა. ასე, მაგალითად: „რუსთავი 2“, სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა. ამის გამო „ქოცებმა“ დავლური დაუარეს, მაცივრები საჭმლით გაივსებაო, მაგრამ სანამ „ოცნება“ გონს მოვიდოდა, ნიკა გვარამიამ და „რუსთავი 2-დან“ წამოსულებმა უფრო მაგარი „მთავარი არხი“ შექმნეს. შესაბამისად, „ქოცებს“ მშვიდი ძილის საშუალება ისევ არ აქვთ!
სხვათა შორის, სანამ სტრასბურგი „რუსთავი 2-ს“ ხალვაშს მიაკუთვნებდა, პოლიტიკური პროცესები კინაღამ გიორგი გაბუნიამ ამოატრიალა, ანუ პუტინს პირდაპირ ეთერში გარდაცვლილი დედა „მოიკითხა“, რამაც „ოცნება“ გააბრაზა და გაბუნიას საწინააღმდეგო განცხადებები პრეზიდენტმა, პრემიერმა თუ სხვა თანამდებობის პირებმმა ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს. მოგვიანებით, გაბუნია თავად პუტინმაც ახსენა. მოკლედ, სტრასბურგის გადაწყვეტილება რომ არა, საქმე შესაძლოა, იქამდეც მისულიყო, რომ „ქოცებს“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ჟურნალისტი რუსებისთვის გადაეცათ, მაგრამ ამჯერადაც „ქოცების“ მზე ჩაესვენა.
რაკი ოკუპანტი ქვეყანა ვახსენეთ, ცხადია, ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2019 წელსაც გაგრძელდა უკანონო ბორდერიზაცია და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველების გატაცება. ამ მხრივ ყველაზე გახმაურებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაა, რომლის გასათავისუფლებლადაც ოფიციალურმა თბილისმა, როგორც ჩანს, ბევრი არაფერი გააკეთა და ვაჟა ექიმი ახალ წელს ცხინვალის ციხეში შეხვდება. საერთო ჯამში, კი ტყვეობაში, ლამის, ორ წელს გაატარებს.
რაც შეეხება კრიმინალს, 2019-ში კრიმინალი თავს ისე კარგად გრძნობდა, როგორც არასოდეს, ანუ გახშირებულ თვითმკვლელობებზე რომ არაფერი ვთქვათ, ხალხს შებინდებულზე ქუჩაში გამოსვლის უკვე ეშინია, რადგან იმის ალბათობა, რომ ვინმე თავს დაგესხმება, დიდია, რასაც ცოტნე გამსახურდიას დაჭრაც ადასტურებს.
ერთი სიტყვით, ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისევ აქტუალურია ილია ჭავჭავაძის უკვდავი სიტყვები: „რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!“
სამწუხაროდ, გასახარებელი ბევრი არაფერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმედი არ უნდა დავკარგოთ. ბოლოს და ბოლოს, ახალი წელი ხომ სიახლეებთან ასოცირდება! ჰოდა, ჩვენც, ყველამ ერთად მოვინდომოთ, რომ 2020 წლიდან უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ!
ახალ წელს გილოცავთ, ქალბატონებო და ბატონებო!

გიორგი აბაშიძე