მთავარი საზოგადოება „კანონიერი ქურდი“

„კანონიერი ქურდი“

1296
0
გაზიარება

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ახლად დაბადებული სახელმწიფოს შექმნისა და განვითარების, ასევე ნორმალური საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთ ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა ორგანიზებული დანაშაულის მწყობრი სისტემა, რომლის სათავეშიც „კანონიერი ქურდები“ იმყოფებოდნენ. ასეთ დანაშაულებრივ გაერთიანებას ანალოგი არ გააჩნდა. ისინი ხელმძღვანელობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობას, თანამდებობის პირებისა თუ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ იყენებდნენ მუქარას, შანტაჟს, გატაცებას, რეკეტს, გამოძალვას. ქურდული სამყაროს წევრები ფულს აწერდნენ ინდმეწარმეებს, სხვადასხვა საწარმოსა და სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებს, „კანონიერი ქურდები“ არჩევდნენ საქმეებს არა მხოლოდ მეწარმეებს შორის, არამედ თანამდებობის პირებს შორისაც კი.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სამართალდამცველ ორგანოებს დაევალათ „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტის მოსპობა. 2005 წლის 20 დეკემბერს შეიცვალა საკანონმდებლო ბაზაც. მიიღეს „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია. ამ კანონის მიზანი ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროსა და რეკეტის აღმოფხვრა იყო. სსკ 223/1-ე მუხლი რეალურად ამუშავდა. ის ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქურდული სამყაროს წევრობისთვის ან „კანონიერი ქურდობისთვის“.
გატარებულმა ერთობლივმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, _ 26 „კანონიერი ქურდი“ ერთად მოთავსდა მე-7 დაწესებულებაში, დანარჩენი კი გაიქცა საქართველოდან. შეწყდა ადამიანთა გატაცებები ფულის გამოძალვის მიზნით, ა/მანქანის გატაცება და სხვა გავრცელებული დანაშაულები მინიმუმამდე დავიდა. ამასთან, დაბალ და საშუალო რგოლში თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა კორუფცია. კორუფციის აღმოფხვრასა და სხვა გატარებულ რეფორმებში გადამწყვეტი როლი ითამაშა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა რეფორმები და ხელფასზე დანამატი დაუნიშნა საჯარო მოხელეებს. ეს დანამატი ბევრად აღემატებოდა ხელფასს.
2012 წლის ბოლოდან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალი ხელისუფლება შეეცადა იგივე სამართლებრივი კურსის შენარჩუნებას, მაგრამ კორუფციისა და „კანონიერი ქურდებისგან“ გაწმენდილ ველზე გამოჩნდა ერთი ადამინი, რომელმაც „კანონიერი ქურდის“ ფუნქციები შეითავსა. ეზოპე დასჯის შიშით თავის სათქმელს იგავ-არაკებით გადმოსცემდა. მე არ მივბაძავ მას და პირდაპირ ვიტყვი: ამ „კანონიერი ქურდის“ ფუნქციის მიმთვისებლის გვარი ყველამ იცის. ეს არის იგივე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიშნავს პრეზიდენტებს, დეპუტატებს, ყველა დიდ თანამდებობის პირს, მართავს სახელმწიფოს, მაგრამ როგორც „კანონიერ ქურდს“ არ უკავია არც ერთი სახელმწიფო თანამდებობა და არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას. მან მილიარდებს მილიარდები დაამატა, უფასო ფულის ნაცვლად ხალხს ცხოვრება გაუძვირა და ჩემი ქვეყანა თავის საფეოდალოდ გადააქცია. აი, თურმე, წინა ხელისუფლების დროს რატომ და რა მიზნით ეწეოდა ქველმოქმედებას, მისი ოცნება-მიზანი გახლდათ ის, რომ თვითონ სურდა მოსულიყო ხელისუფლებაში, არა პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად, არამედ „კანონიერ ქურდად“, რომელსაც აქვს მხოლოდ უფლებები და _ არავითარი მოვალეობა. მისი დიდი ხნის ოცნება იყო, გამხდარიყო „კანონიერი ქურდი“. ამ მიზნის მისაღწევად შექმნა პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც რეალურად დაეხმარა თავისი ოცნების შესრულებაში, გამხდარიყო საქართველოში ერთადერთი „კანონიერი ქურდი“. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტს ანალოგი არ გააჩნია დღემდე სახელმწიფოთა მართვის პრაქტიკაში.
თუ წინა ხელისუფლების დროს შესაძლებელი იყო „კანონიერი ქურდების“ განეიტრალება, დღეს რადიკალურად შეცვლილი ვითარებაა. „კანონიერი ქურდის“ დაქვემდებარებაშია ყველა სპეცსამსახური, ყველა სახელმწიფო უწყება და ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სათამაშო თოჯინებად იქცნენ. „კანონიერ ქურდს“ შეუძლია, ნებისმიერი დონის ჩინოვნიკს ერთად და ცალ-ცალკე მოსთხოვოს შარვლის ჩახდა. სამსახურის შენარჩუნების მოტივით ჩინოვნიკები მზად არიან ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი მოთხოვნის შესასრულებლად, ისინი „კანონიერი ქურდის“ მმართველობის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენენ.
„კანონიერი ქურდის“ საკადრო პოლიტიკა გამომდინარეობს არა სახელმწიფო, არამედ მხოლოდ მისი პირად ინტერესებიდან. ის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე ნიშნავს პირადი ერთგულების მიხედვით პირად მცველებსა და პირად ექიმებს. მხოლოდ ერთი მინისტრია, რომელიც მის ხელში უცვლელად ინარჩუნებს თანამდებობას. ასეთი სულით მახინჯი არსება იშვიათობაა, რამ შეაყვარა წულუკიანი „კანონიერ ქურდს“, ამოუცნობია.
მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს „კანონიერი ქურდი“ მშვიდად უყურებს, ვინაიდან სახელისუფლებო რესურსი მის ხელშია, მის ხელშია ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ოჯახები, მოსყიდული ინტელიგენცია თუ სხვადასხვა დარგის მუშაკი, რომლებსაც ხელფასი აქვთ დანიშნული, ბოლოს მის მხარესაა ის, ვინც ატარებს არჩევნებს და ითვლის ხმებს. მშვიდადაა, რდგან ფიქრობს, რომ თავისი ფინანსებით კიდევ შეძლებს ხალხის მოსყიდვას; თუ ხალხი წინა არჩევნების დროს გაიყიდა, გაიყიდება მომავალშიც, უფრო დიდ ფულზე.
ძველმა „კანონიერმა ქურდებმა“ იცოდნენ სიტყვის ფასი, ისინი მოცემულ სიტყვას არასოდეს ტეხდნენ. ამ „კანონიერმა ქურდმა“ ეს ტრადიციაც შეცვალა, დაივიწყა სიტყვის ფასი და მთელი საქართველო არაერთხელ გადააგდო, ბოლოს გადააგდო მაშინ, როცა ჯერ შეჰპირდა ხალხს, რომ უზრუნველყოფდა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას, შემდეგ იფიქრა, რომ პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში შესაძლებელი იყო, ვერ შეენარჩუნებინა ძალაუფლება, ამიტომ ხალხისთვის მიცემული სიტყვა გატეხა და ხალხი გადააგდო. ხალხი ვერ იტანს თაღლითებსა და გადამგდებებს, ამიტომ ეს გადაგდება ძალიან ძვირი დაუჯდება „კანონონიერ ქურდს“.
მსოფლიო ისტორია არ იცნობს, ყოველგვარი თანამდებობის დაკავების გარეშე, „კანონიერი ქურდის“ მიერ ერთპიროვნულად სახელმწიფოს მართვის ფაქტს. ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. მაგრამ ასეთი სტილით და „კანონიერი ქურდის“ ფუნქციებით აღჭურვილმა მილიარდერმა მმართველობის შვიდი წლის მანძილზე მრავალი დანაშაულის ჩადენა შეძლო, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა საქართველოს საზოგადოებას, კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. მან საქართველოს მრავალი მილიარდის ზიანი მიაყენა.
ყველაზე ამაზრზენი, ანტიქართული და საქართველოს ისტორიისა და კულტურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩაიდინა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის, მინისტრებისა და სხვა თანამდებობის პირთა დანაშაულში უშუალოდ ჩართულობითა და თანამონაწილეობით, ააფეთქა და მიწასთან გაასწორა საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადო. ბორცვი, რომლის სიღრმეშიც, მეცნიერთა მტკიცებით, მდებარეობდა უძველესი _ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის _ ოქროს მაღარო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ასე ყაჩაღურად განადგურების შედეგად გამოძიებამ უნდა დაადგნოს, რამდენი მილიონი დოლარი მოიპოვა ივანიშვილმა და რა დაკარგა საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა, რამდენი მილიონის მორალური, მატერიალური და კულტურული ზიანი მიიღო. ყოველივე ეს ფულად თანხაში დაანგარიშებული ამოღებულ უნდა იქნეს მისგან ბიუჯეტის სასარგებლოდ.
„კანონიერი ქურდის“ ძირითადი ფუნქცია, „საქმეების გარჩევა“, კარგად მოირგო და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მთლიანად დაქვემდებარებული აქვს, თვითონ უშუალოდ აწარმოებს ბიზნესმენებს შორის დავების განხილვას. მისი გადაწყვეტილება უფრო სწრაფად აღსრულდება, ვიდრე რომელიმე სასამართლოსი, ასე მაგალითად, ხაზარაძესა და ჩხარტიშვილს ყოველგვარი კანონმდებლობის წესის გვერდის ავლით, გაურჩია საქმე და ხაზარაძეს საჩივრის სასამართლოდან გამოტანა მოსთხოვა, რაც დაუყოვნებლივ აღსრულდა. „კანონიერი ქურდის“ თანაშემწეები მისივე დავალებით აწარმოებდნენ საქმეთა გარჩევებს და ბიზნესმენებზე ფულის გამოძალვას. ამ საქმეს ემსახურებოდა „ფარცხალაძის სარდაფი“; „ომეგასა“ და სხვა ბიზნესჯგუფებს ასეთი წესით ურჩევდნენ საქმეებს და აიძულებდნენ დამორჩილებოდნენ მათ უკანონო გადაწყვეტილებას.
„კანონიერმა ქურდმა“ ახალი სახის დანაშაული მოიგონა და ჩაიდინა, კერძოდ, ასწლოვანი ხეების მოთხრა და ხეთა მოგზაურობა, რა დროსაც მოსიარულე ხეებისთვის ნადგურდებოდა ყველა ხე, ბუჩქი, რომელიც მათ უშლიდა ხელს გადაადგილებაში. ასეთი ქმედებით საქართველოს ეკოსისტემასა და ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
გამოძიების შესწავლის საგანი უნდა გახდეს „კანონიერი ქურდის“ მიერ სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ობიექტებისა და მიწების ლარად ყიდვის ფაქტები. უნდა გაირკვეს, როგორ შეძლო ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ფართის თავისი რეზიდენციისთვის მიერთება; შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარკვეული ნაწილის მისაკუთრება. უკანონოდ მითვისებული თითოეული გოჯი მიწა უნდა დაიბრუნოს ქვეყანამ.
„კანონიერი ქურდის“ მიერ ქართული სახელმწიფოს დასუსტების ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრების მცდელობად უნდა ჩაითვალოს სტრატეგიული ობიექტების კერძო ინტერესებისადმი დაქვემდებარება და ამ ობიექტების ხელოვნური გაკოტრება, ისე როგორც ეს გაუკეთა საქართველოს რკინიგზას _ ორგანიზაციას, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ მიერ ძალაუფლების ხელში აღებამდე ასეულობით მილიონი შეჰქონდა ბიუჯეტში, ახლა კი გაკოტრების პირასაა.
მილიარდერი „კანონიერი ქურდისგან“ ხალხი მოელოდა ამ მილიარდების ნაწილის ხალხზე მოხმარებას, მაგრამ „კანონიერმა ქურდმა“ საპირისპირო გზა აარჩია, გზა ხალხის კუთვნილი აქტივებისა თუ ქონების მითვისებისა, კიდევ უფრო გამდიდრების მიზნით. ამ კუთხით გამოძიებისთვის საინტერესო იქნება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულებები, იმ „გაზპომთან“, რომლის მეწილეც თვითონ არის.
ამაზრზენი და დანაშაულებრივი იყო „კანონიერი ქურდის“ სურვილი მარიხუანასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხისა და ეკლესიის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, „კანონიერმა ქურდმა“ უკან დაიხია და ვერ შეძლო მარიხუანის პლანტაციების გაშენების კანონმდებლობის შემოღება, თუმცა დიდ იმედს ამყარებდა რომ ამ გზით უზარმაზარ შემოსავალს მიიღებდა.
საქართველოს ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს და აუნაზღაურდეს ის ზიანი, რაც ამ „კანონიერმა ქურდმა“ თავისი ქმედებებით ქვეყანას მიაყენა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს, სავარაუდოდ, ასეც უნდა მოხდეს, მაგრამ „კანონიერი ქურდი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დათმოს ნებით ძალაუფლება, რადგან არჩევნებით ძალაუფლების დათმობის შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავს, მისთვის ქონების დაკარგვა კი სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასია.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ „კანონიერმა ქურდმა“, თავისი „მოღვაწეობით“, ქართველებს წაართვა იმედი _ იმედი ხვალინდელი დღისა. ხალხი იძულებული გახადა, იმედის დასაბრუნებლად ქუჩაში გამოსულიყო. მე მჯერა ჩემი ხალხის. ხალხსაც ამოუვა ყელში! იმედის წართმევა ხომ ბოლო წვეთია, _ მერე ყველამ საკუთარ თავს დააბრალოს. დიდი ფული არ მგონია, ხელისუფლების მუდმივად შენარჩუნების გარანტია იყოს.

ვალერი გრიგალაშვილი

დატოვეთ კომენტარი