ნიტა სიხარულიძე: „ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკით „გაბედეს“ ვერ შეაშინებს“

მმართველ გუნდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაკვირვების შედეგად, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში და, აქედან გამომდინარე, მათ ასპარეზზე თავიანთი ახალგაზრდული ორგანიზაცია გამოიყვანეს.
2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

რაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის გააქტიურება? აშინებს თუ არა ივანიშვილს ახალგაზრდული პროტესტი და რას უპირისპირებს ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ შავ პიარს პოლიტიკური პლატფორმა „გაბედე“?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსპიკერსა და „გაბედეს“ წევრ ნიტა სიხარულიძეს ესაუბრა:

_ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო რა პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს „ქართულ ოცნებას“?
_ უკვე 30 წელია, რაც ჩვენი ქვეყანა ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. მე, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ზუსტად იმ ბედს გაიზიარებს, რაც შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გაიზიარა, _ ეს ჩვენ უკვე ვნახეთ. როდესაც შენს მოსახლეობას ჰპირდები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის შიგნით გაცემული დაპირება, არამედ ხელისუფლებამ პირობა დადო როგორც „გაეროს“, ასევე ევროკავშირის წინაშე, და ნათქვამს არ ასრულებ, ეს ცინიზმი და მოსახლეობის დაცინვაა. ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ელოდნენ, რომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით. ივანიშვილმა საერთაშორისო მასშტაბის გადაგდება ჩაიდინა, ამიტომ მას ქართველი ხალხი აუცილებლად გასცემს ისეთ პასუხს, რაც შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებას გასცა. ზუსტად 30 წელი ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. ვფიქრობ, ხელისუფლებას უფრო მეტი გონიერება უნდა ჰქონოდა, რომ წარსული ხელისუფლებების მაგალითზე ესწავლა და ასეთი შეცდომა არ დაეშვა. რეალურად, პროპორციული საარჩევნო სისტემა იმის შესაძლებლობას იძლეოდა, რომ ქვეყანაში არ გვქონოდა ორპოლუსიანი მმართველობა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვქონოდა და, აქედან გამომდინარე, ქვეყანა არ შევიდოდა პოლიტიკურ კრიზისში.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ხალხი ივანიშვილს პასუხს გასცემს, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მასშტაბური აქციები არ მოყვა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? არის თუ არა „ნაციონალების“ მობრუნების შიში?
_ ზოგადად, ყველა ჩვენი ხელისუფლება მიჩვეულია, რომ სანამ 30-40 ათასი ადამიანი არ გამოვა რუსთაველზე, მანამ ხელისუფლება არ იცვლება. ვფიქრობ, კრიზისის პროცესი დაწყებულია, რამაც პერმანენტული ხასიათი მიიღო. იგი აუცილებლად მივა იმ მოცემულობამდე, რასაც შემდეგ ხელისუფლების ცვლილება მოყვება. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნებას, რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდ ნაწილს ამის ეშინია. ვფიქრობ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს პროცესი აუცილებლად მივა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ის, რომ საპროტესტო ტალღა არ არის მასშტაბური, ამას ამჟამინდელი პერიოდიც განაპირობებს. როგორც მოგეხსენებათ, საპროტესტო მუხტი, ძირითადად, გაზაფხულზე ან შემოდგომაზეა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავის ამ „გადაგდებაზე“ ქართველი ხალხისგან აუცილებლად მიიღებს პასუხს. შესაძლოა, ეს იყოს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. თუ გაზაფხულზე მოხდება, რა თქმა უნდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
_ ხელისუფლების მთავარი გზავნილი პოლიტიკური პერფორმანსების პარალელურად ასეთია: „ვინც ქუჩაში დგას, ყველა ნაციონალია“, ამ მესიჯს იყენებენ ახალგაზრდებთან მიმართებითაც. როგორ ფიქრობთ, რამდენად იმუშავებს ხელისუფლების ეს სტრატეგია?
_ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი ამ 7 წლის მანძილზე, ერთმანეთს კვებავს. „ქართული ოცნება“ ჩვენს მოქალაქეებს აშინებს, _ თუ მათ არ დაუჭერდნენ მხარს, მუდმივად აპელირებდნენ იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ასეთი რაოდენობით არის წარმოდგენილი პარლამენტში. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ჩვენი პოლიტიკური პლტფორმა არის ინტერპარტიული გაერთიანება „გაბედე“, სადაც წარმოდგენილია თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართული ძალა ვართ. ამ ნარატივით „ქართული ოცნება“ ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას ცდილობს, თითქოს ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ყოფილი კმარელები, თუმცა ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ეს გზავნილი დიდხანს არ გასტანს, რადგან რაც უფრო დრო გადის, საზოგადოებაში უფრო მეტად პოპულარული ხდება „გაბედე“ და ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები და ნაფოტები არ ვართ, როგორც გვიწოდებს იუსტიციის მინისტრი.
_ რას უპირისპირებთ ხელისუფლების ამ ნარატივს?
_ ჩვენი გაერთიანება „გაბედე“ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიისგან შედგება, მე პირადად ვარ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი, ასევე არის „თავისუფალი საქართველო“, ბურჯანაძის პარტია, დავით ჭიჭინაძის „ტრიბუნა“ და ა. შ. თუმცა ჩვენს პოლიტიკურ პლატფორმაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები ან უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ხელისუფლების შავი პიარის საპირწონედ გვაქვს სწორედ ის, რომ არ ვართ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართული და არც „ნაციონალური მოძრაობა“ გვაფინანსებს. ჩვენ ჩვენი პარტიების ლიდერებთან გავდივართ კონსულტაციებს და მინიმალურ თანხებს, რაც გვჭირდება, ჩვენი შიდა დაფინანსებიდან ვიღებთ, რომელიც ოფიციალური ინფორმაციაა, ყველა პოლიტიკური პარტიის შესახებ დაფინანსება საჯაროა. თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ „ნაციონალების“ დაძახებით ზიანს მოგვაყენებს, ძალიან ცდება. მიმაჩნია, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება უშუალოდ მისი ხელის ბიჭების მისამართით. ჩვენ სადაც კი მივედით, მათ შორის, მერაბ ქვარაიასთან, გურამ მაჭარაშვილთან და გამოვხატეთ პროტესტი, ამასთან დაკავშირებით ზუსტად ერთი და იგივე ტექსტი აქვთ მდინარაძეს, ოხანაშვილსა და კობახიძეს, რომ თითქოს ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული. ეს ასე არ არის და რაც უფრო დრო გავა, საზოგადოება მით უფრო დარწმუნდება ამაში. ჩვენი გაერთიანება ინტერპარტიული ფორმატისაა და ახალგაზრდებს გვამოძრავებს ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს ქვეყანაში და პროცესებმა პარლამენტში გადაინაცვლოს და არ გაგრძელდეს ქუჩაში, როგორც ეს ბოლო 30 წელია ხდება.
_ თქვენი თქმით, ივანიშვილის დავალება იყო თქვენი პოლიტიკური პლატფორმის დისკრედიტაცია. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი ახალგაზრდებს რეალურ საფრთხედ აღიქვამს?
_ ძალიან ცუდი ტენდენცია იყო ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული, რომ ახალგაზრდები პოლიტიკაში არ ერეოდნენ. ვფიქრობ, ეს მითი ნელ-ნელა იმსხვრევა. დღესდღეობით საპროტესტო მუხტი ახალგაზრდებში უფრო და უფრო გაძლიერდა. ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანება „გაბედემ“ მინიმალურ დროში საკმაოდ მაღალი რეიტინგი მოიპოვა. დაახლოებით, 5 დღის შექმნილები ვიყავით, როცა მთელმა საქართველომ გაიგო ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების სახელი და თუ ვინ იყო ამ გაერთიანების წევრი. ივანიშვილი მართლაც ფიქრობს, რომ ჩვენგან გარკვეული საფრთხეა მოსალოდნელი და ეს მართლაც ასეა იმიტომ, რომ ჩვენს გუნდში არიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებსაც ასეთი მმართველობის ფორმა ყელში ამოუვიდათ.
_ თქვენ მიერ გამართულ აქციებზე ხელისუფლებამ თავისი მომხრეები დაგახვედრათ, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებდნენ, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება კონტრაქციებით ცდილობს თქვენს განეიტრალებას?
_ ჩვენ მინიმუმ, წინა დღით მაინც ვაანონსებთ ჩვენს პოლიტიკურ პერფორმანსებსა და აქციებს. ივანიშვილის ხელისუფლება მუდმივად კონცენტრირებულია ერთ რამეზე, რომ დაქირავებული „ტიტუშკები“ დაგვახვედროს. ისინი ჩვენი გაერთიანების დისკრედიტაციას ცდილობენ და, ამავდროულად, რეპრესიული პოლიტიკა აქვთ. ალბათ, ივანიშვილს ჰგონია, რომ თუ ჩვენს ბიჭებს დაიჭერენ, ამით შეგვაშინებს, თუმცა ძალიან ცდება. როდესაც მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად ჩავედით, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა თავისი ზონდერების მობილიზება და ქალაქის მერი დაგვახვედრა. ეს ხომ ყველაზე სამარცხვინო ფაქტია პოლიტიკურ ისტორიაში, როდესაც ქალაქის მერი მაჟორიტარის პირად დაცვად გვევლინება. ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკით „გაბედეს“ ვერ შეაშინებს, _ რამდენი ადამიანი უნდა დაიჭიროს?! „გაბედეს“ ფეისბუქ გვერდზე რეგისტრაცია გამოვაცხადეთ და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა, მათ შორის სრულიად აპოლიტიკური ახალგაზრდებიც _ მას შემდეგ, რაც ჩვენი ორგანიზაციის შესახებ გაიგეს, ჩვენთან ერთად ბრძოლა გადაწყვიტეს. ასეთი ძალიან ბევრი გვყავს და ბევრიც შემოგვიერთდება. ნამდვილად არ ვუშინდებით დაკავებებს, ჩვენი სახელის დისკრედიტაციასა და არც იმას, რომ ჩვენი ბიჭები სცემეს და საავადმყოფოში მოუწიათ გადაყვანა. ეს ნამდვილად არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ რაიმე მიმართულებით უკან დავიხიოთ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება, მუდმივად ვეცდებით, რომ ივანიშვილსა და მის დამქაშებს მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ, ზუსტად ისეთივე, როგორშიც შეიყვანეს ჩვენი ქვეყანა.
_ „ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას შორის დაპირისპირება მოხდა. „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აგრესიულები იყვნენ. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
_ ბიძინა ივანიშვილის გუნდი გაკოტრებულია. პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდებმა ასეთი აქტიურობა გამოიჩინეს და დიდი დოზით ჩავერიეთ პოლიტიკურ პროცესებში, ამას ივანიშვილი ხედავს და ვფიქრობ, რომ ის ახლა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის გააქტიურებით ცდილობს ხელისუფლების უზურპაციას. ის ახალგაზრდებს ამის ერთ-ერთ იარაღად იყენებს. 7 წელია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის მხრიდან მსგავსი აქტივობა ნამდვილად არ გვინახავს. ხავსს რომ ეჭიდება ადამიანი, ზუსტად ასეთი პოზიცია აქვს ივანიშვილს. თუ 2020 წლის 31 ოქტომბრამდე მივიდა, მას აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა და თუ მანამდე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, იგივე შედეგს მიიღებს.
_ გარდა იმისა, რომ „გაბედე“ პოლიტიკურ პერფორმანსებს ხშირად იყენებს, რა ალტერნატიული გეგმები გაქვთ?
_ უახლოეს მომავალში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია შემოგვიერთდება, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, ჯერჯერობით პარტიის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ გავძლიერდებით, ამ პროტესტს არ შევწყვეტთ, არ შევეგუებით ბიძინა ივანიშვილის გადაგდებებს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რომელიც სამართლიანად ჩატარდება. მუდმივად ვიქნებით ტონუსში და მანამ გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ბიძინა ივანიშვილი საპროტესტო მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. თუ მას ჰგონია, რომ ჩვენ რაიმე გზით შეგვაჩერებს, ძალიან ცდება, _ ამ აზრს ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებ.