საქართველოში მევენახეობა მე-17 საუკუნის გლეხური წარმოების დონემდე დაეშვა!

10717902_378004969031300_785520646_n

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთში, მოსავლის აღებისა და დაბინავების საშემოდგომო სამუშაოების პარალელურად, ბუნების ჭირვეულობისგან მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ყოფილი მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი და აკადემიური დოქტორი, ვაჟა გოცირიძე, „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები სახელისუფლებო რგოლებს შორის არაკოორდინებული მუშაობის შედეგია.

რას ნიშნავს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე 14 კვლევითი ინსტიტუტის დახურვა, მევენახეობის ფართობების შემცირება და მოუწესრიგებელი სანერგე მეურნეობები? რა რისკებია იმ ქვეყანაში, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო გეორგიანელებად _ ანუ მიწის მუშებად იცნობს?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მეცნიერ-მუშაკი, აკადემიური დოქტორი _ ვაჟა გოცირიძე:

_ წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ საქართველოს ხსნა ტურიზმის განვითარებაა, რომ ქვეყანას „კაზანტიპის“ მსგავსი ღონისძიებები გადაარჩენს და ა. შ. ღალატის გარდა ვერაფერს ვუწოდებ ამ განცხადებებს. ასეთი დამოკიდებულების გამო გასაკვირი არ არის, რომ სოფლის მეურნეობაში პრობლემებია და ჩვენი მიწათმოქმედების კულტურა ეპოქის შესაბამისად არ ვითარდება. სოფლის გამგებლიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროთი და პარლამენტით დამთავრებული, არც ერთ დონეზე არ განიხილება პრობლემა. „ჩარეცხილია“ და აღარ არსებობს მეცნიერებათა აკადემიაში შემავალი, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე, 14 კვლევითი ინსტიტუტი. ფართობების მხრივ (35 000 ჰა); მევენახეობა 1922 წლის დონეზეა. შედარებისთვის გეტყვით: 1985 წელს საქართველოში 144 000 ჰა ვენახი იყო და მარტო გურჯაანის რაიონში 200 000 ტონა ყურძენი მოდიოდა. თითქმის ბოლომდე ასრულდა ნიკიტა ხრუშჩოვის სანუკვარი ოცნება _ საქართველოს უმაღლესი პროდუქციის მომცემ რეგიონებში ვაზის აჩეხვისა, მაშინ, როცა ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში ვაზი კანონით არის დაცული! სრულიად გამორიცხულია, რომ ბორდოში ვინმეს თავში მოუვიდეს ვენახის აჩეხვა და მის ადგილას სიმინდის ან კომბოსტოს დათესვა. ჩვენთან ასეთი დაცული ტერიტორიები წინანდალში, ქინძმარაულსა და ახალშენშია, სხვაგან ვაზი ყველგან დაუცველია. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი ღვინისთვის რუსული ბაზრის გახსნის შემთხვევაში, შეიძლება, ღვინო საძებნელი გაგვიხდეს.

„ქრონიკა+“-ს მეცნიერი ბავშვობის წლებში გუდაუთაში ცხოვრების პერიოდს და სტალინის მიერ უძველესი ვაზის ჯიშების გადარჩენის ისტორიას უყვება:

_ ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ სტალინმა შესანიშნავი ქართული ვაზის ჯიშები _ ჩხავერი და ოჯალეში _ გაქრობას გადაარჩინა. ვინც არ იცის, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ 1912 წელს დადიანების სიძემ, მიურატმა, მეგრული ოჯალეში პარიზში ღვინოების კონკურსზე გააგზავნა და ღვინომ ოქროს მედალი მიიღო. ასეთივე სახელოვანია ჩხავერის ღვინო. ერთი პერიოდი ვენახში ფილოქსერისა და ვაზის სხვა დაავადებების გაჩენამ მეღვინაობა-მევენახეობაში სერიოზული პრობლემები გამოიწვია. ამ დროისთვის სამეგრელოსა და გურიაში მევენახეობა თითქმის მთლიანად განადგურდა და ჩხავერსა და ოჯალეშს დაბალი ხარისხის ყურძენი _ ადესა (იგივე იზაბელა) ჩაენაცვლა, რომლის სამრეწველო წარმოება აკრძალულია. მოსახლეობა, ძირითადად, ციტრუსების წარმოებაზე გადავიდა, რამაც მისი მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესა, მაგრამ, ამავდროულად, დაიკარგა მევენახეობის ისტორიული დარგი. სწორედ ამ პერიოდში, 1946 წლის 23 მაისს, სტალინმა თავისთან სტუმრად მიიწვია სახელოვანი მსახიობები: აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი და კიდევ რამდენიმე ცნობილი ქართველი. სტალინის სიკვდილის შემდეგ აკაკი ხორავა თავის მოგონებებში წერდა, რომ სტუმრების პატივსაცემად გაშლილ სუფრაზე სტალინმა გურულ ვასაძეს ჩხავერის ღვინო მიართვა, მეგრელ ხორავას ოჯალეში, სუფრასთან მყოფ გორელ მეგობრებს კი ატენურით გაუმასპინძლდა. ყველა სტუმარს ღვინო კუთხეების მიხედვით დაუნაწილა და თქვა, _ ქართველებს იმდენი ვაზის ჯიში გვაქვს, საფრანგეთსაც კი ვაჯობებთ, მაგრამ ამას შენახვა, განვითარება და ახალი ჯიშების გამოყვანა უნდაო.

მაშინ მე ბავშვი ვიყავი და გუდაუთაში ვცხოვრობდი, მაგრამ უფროსებისგან ვიცი, რომ ამის შემდეგ დაიწყო ჩხავერისა და ოჯალეშის მოძიება-გაშენება. გუდაუთაში ცხოვრობდა ერთი უპარტიო აგრონომი, ალექსანდრე იობიძე. ერთ დღეს ეს კაცი გაუჩინარდა და ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა. როგორც გაირკვა, გურიაში ჩხავერის ნერგების მოსაძიებლად იყო წასული. მალე, მისი მეცადინეობით, 200 ჰა-მდე ჩხავერი გაშენდა და 5000 ტონა უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვაბარებდით სახელმწიფოს. მალე დასავლეთ საქართველოში ცნობილმა ვაზის ორმა ჯიშმა აღორძინება დაიწყო და წარმოებაში წამოვიდა. მიმაჩნია, რომ ეს ორი მშვენიერი ვაზის ჯიში გაქრობისგან სტალინმა გადაარჩინა!

ვაჟა გოცირიძე დღევანდელი მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ პრობლემად სანერგე მეურნეობების მოუწესრიგებლობასა და სერტიფიცირების პრობლემებს ასახელებს. მეცნიერის თქმით, პატარა საქართველოში ნიადაგთა ისეთი სიჭრელეა, რომ ყველა რეგიონისთვის აუცილებელია მისი ნიადაგის შესაფერისი ვაზის ჯიშის შერჩევა. მჟავე და კირიანი ნიადაგებისთვის განკუთვნილი საძირეების არევა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და შეიძლება გახდეს ვენახში ისეთი დაავადებების გავრცელების მიზეზი, როგორიც არის სიყვითლე და ქლოროზი. 

_ ნიადაგების სიჭრელის პირობებში, ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობის მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი სანერგე მეურნეობები და სერტიფიცირებული ნერგის წარმოებაა. ამჟამად `ჩარეცხილმა~ მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტებმა, თავის დროზე, შეიმუშავეს, გამოსცადეს და დაარაიონეს სანერგე ჯიშები, რომლებიც კახეთის მჟავე ნიადაგებისთვის სხვა იყო და დასავლეთის კირიანი ნიადაგებისთვის _ სხვა. ახლა ყველაფერი აირია და სტიქიურად მიმდინარეობს. კახელებმა სადღაც ნაცნობი ნახეს და მჟავე ნიადაგებზე მოიტანეს კირიანი ნიადაგების საძირეები, იმერლებმა აქედან წაიღეს სადღაც გაკაფულ ვენახებზე ამონაყარი და ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება, ვენახები გავაშენოთ, მაგრამ ეს ვენახები არ განვითარდება. საძირეების არევა ვენახში შეიძლება ისეთი დაავადებების გავრცელების მიზეზი გახდეს, როგორიცაა სიყვითლე, ფილოქსერა, ქლოროზი და ა. შ. სოფლის მეურნეობაში არ არსებობს სერტიფიკაციის ორგანო, რომელიც ნერგის მწარმოებელ ინდმეწარმეს გარკვეულ მოთხოვნებს წაუყენებს. ინდმეწარმე, რომელიც გლეხს მჟავე ნიადაგებისთვის განკუთვნილ სანერგეს კირიან ნიადაგებზე გააშენებინებს, დამნაშავეა! ჯობია, კაცმა ჯიბიდან ფული ამოგაცალოს და ერთხელ იზარალო, ვიდრე ყოველწლიურად. შეგახსენებთ, რომ ვენახის ექსპლუატაციის ვადა 70-80 წელია.

„ქრონიკა+“-სთან მეცნიერი განმარტავს თუ როგორ მოქმედებს ბუნებრივი კატაკლიზმები მოსავლის ოდენობასა და ხარისხზე, როგორ შეიძლება ზარალის მინიმუმადე დაყვანა და რატომ არის აუცილებელი სოფლის მეურნეობაში კოოპერირების სისტემის შემოღება?

_ თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთ მსხვილ ფირმას, რომელმაც ფრანგული ღვინის წარმოების ტექნოლოგიები შემოიტანა, საქართველოს მევენახეობა მე-17 საუკუნის გლეხური წარმოების დონემდე დაეშვა. ნახევარი ჰა მიწის მფლობელ გლეხს, რომელსაც ტრაქტორი კი არა, ხშირად ცხენი და ვირიც კი არ ჰყავს, მიწას ხელით ამუშავებს და ეს აუტანელი შრომაა. გლეხი რომ მე-17 საუკუნის ჩამორჩენილობიდან გამოვიყვანოთ, რომელიც 21-ე საუკუნის პოლიტიკურმა ელიტამ შეგვიქმნა, უნდა მოხდეს კოოპერირება. კოოპერირება ლენინს და სტალინს არ მოუგონია, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ეს არის კაპიტალისტური ქვეყნების გამოცდილება, რომელიც კომუნისტებმა გადმოიღეს. 80-იან წლებში საფრანგეთში ვიყავი და დავათვალიერე კონიაკის მწარმოებელი მსხვილი ფირმა „კამიუ“ და ღვინის მწარმოებელი ფირმა „შატო როტშილდი“. თითოეულ მათგანს მხოლოდ 200 ჰექტარი ვენახი აქვს, დანარჩენი მიწები ეკუთვნის გლეხებს, რომლებსაც კომპანიები მექანიზაციის სამუშაოების ჩატარებაში ეხმარებიან. ამის სანაცვლოდ, გლეხი ყურძენს აბარებს. იმის გამო, რომ ქართველი გლეხი ყველა პრობლემასთან მარტო რჩება, ღვინო ვენახში ფუჭდება. არადა, გარკვეული ტიპის ღვინოს გარკვეული ოდენობის შაქარ-მჟავიანობა სჭირდება და ამ ოდენობის დაგროვებისთანავე უნდა დაიწყოს კრეფა. სანამ გლეხი ყურძნის მყიდველს ელოდება, შეიძლება ყურძენში შაქრის შემცველობა 27-მდე ავიდეს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ყურძენი ჭკნება და წონას კარგავს. მაღალშაქრიანობის გამო ღვინის გადამამუშავებელი ბაქტერიები დუღილს ვერ აწარმოებენ და შაქრის შემცველობა რომ 22-23-მდე დაიყვანოს, მყიდველი იძულებულია, ღვინოს წყალი დაასხას, ანუ ფალსიფიცირება მოახდინოს. კოოპერირების გარეშე გლეხი უძლურია, გაუმკლავდეს სტიქიურ უბედურებებსაც, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება. მახსოვს, 1947 წელს გუდაუთის რაიონში 25-გრადუსიანი ყინვა იყო და ვენახები მთლიანად მოგვიყინა. მაშინ ვაზი გადავჭერით და ძირიანად გადავყარეთ. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ სტიქიური მოვლენები განსაკუთრებით გახშირდა ბოლო წლებში, როცა არც ქარსაცავი ზონები კეთდება და არც სარწყავი სისტემები. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმ კატაკლიზმებისა, რომლის მომსწრენიც ვართ. შარშან სეტყვამ კახეთში სახლებს სახურავები გადახადა და ვაზს ისე დაუჩეჩქვა ყლორტები, რომ ზოგიერთ რეგიონში სამომავლო მოსავალი დააკარგინა. წელს ნაფარეულში სეტყვა სამჯერ იყო. სეტყვას ვერ გადაურჩა თელავის რაიონი, წინანდალი, ვაზისუბანი, მუკუზანი, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონები. თანაც სეტყვა მარტო ყურძენს ხომ არ აფუჭებს? დასეტყვილ ყურძენს მარცვლებს მოაცლი და დაწურავ და დასეტყვილ ატამს ან მსხალს რას უზამ? გადამამუშავებელი ქარხნებიც არ გვაქვს, რომ ჯემები და წვენები ვაწარმოოთ. ჩვენს ხილს სანაგვეზე ვყრით და გერმანიიდან შემოტანილ წვენებს ვსვამთ. თავის დროზე ჩვენი ინსტიტუტი მუშაობდა სეტყვისგან დამცავი სისტემების შემოღებაზე. ახმეტის რაიონში ბადეებით გადახურვა შემოვიღეთ და ის იყო, სხვა რაიონებშიც დავიწყეთ დანერგვა, რომ ქვეყანა აირია. უცხოეთში შემუშავებულია სეტყვისგან დასაცავი მარტივი დანადგარები, რომლებიც რამდენიმე კერძო ფირმამ, მაგალითად, „ჯივიესმა“ შემოიტანა. დანადგარი აჩვენებს სახიფათო ღრუბლების მოახლოებას და ავტომატურად ახდენს გასროლას. რა თქმა უნდა, ამ დანადგარების ერთხელ შეძენა და ყოველწლიური ზარალის აცილება სჯობია, მაგრამ ამას წვრილ ფერმერს ვერ მოსთხოვ. ეს სახელმწიფოს დონეზე უნდა გადაწყდეს.

საუბრის ბოლოს მეცნიერი სოფლის მეურნეობის სხვა დარგებსაც შეეხო და განმარტა, რომ მევენეხეობა-მეღვინეობის გარდა სერიოზული პრობლემებია ჩაის წარმოებაშიც. ვაჟა გოცირიძის განცხადებით, მიტოვებული ჩაის პლანტაციები გატყევებულია და გლეხს ამ ფართობის საქონლის საძოვრად გამოყენებაც კი არ შეუძლია. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა ქართული ჩაის წარმოებას განვითარების პერსპექტივა და შესაბამისად, ან გაველურებული პლანტაციების მოვლა და ჩაის წარმოება დაიწყოს, ან ჩაის ბუჩქების ამოძირკვას და მათ ნაცვლად სხვა კულტურების გაშენებას მიჰყოს ხელი:

_ უმძიმესი პრობლემები გვაქვს ჩაის წარმოებაში. ქართული ჩაი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩაის მოვიხმართ. გურიასა და სამეგრელოში მიტოვებული ჩაის პლანტაციები გატყევდა, გვიმრამ გადაუარა და ტურებისა და მგლების საბუდარი გახდა. გლეხი ამ ტერიტორიის გამოყენებას საქონლის საძოვრადაც ვერ ახერხებს, იმიტომ, რომ ჩაის არც ერთი ცხოველი არ ჭამს. გაცდენილი ტერიტორიის ზუსტი ციფრი არ მაქვს, მაგრამ მარტო გურიაში, დაახლოებით, 20 000 ჰა მაინც იქნება; სამეგრელოში, ალბათ, ერთი ამდენი. ჩაის ფაბრიკის დანადგარები ჯართში ჩაბარდა ან თურქეთზე გაიყიდა და დღეს გურულები და მეგრელები ჩაის საკრეფად თურქეთში დადიან! საჩქაროდ, სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა გადაწყდეს, აქვს თუ არა ქართულ ჩაის გაფართოების პერსპექტივა და გვინდა თუ არა ჩაი საერთოდ? თუ ჩვენი ჩაი ისეთი დაბალი ხარისხისაა, რომ აზერბაიჯანულიც სჯობია, სომხურიც და ანაპისაც და განვითარების პერსპექტივა საერთოდ არ აქვს (რისიც მე არ მჯერა), არგუმენტებით დაამტკიცონ და პლანტაციები მაინც გავჩეხოთ _ გლეხი სიმინდს ან ვენახს მაინც მოიყვანს ან იმ ტერიტორიას საძოვრად გამოიყენებს. როგორც უკვე აღვნიშნე, გურიაში შესანიშნავი ჩხავერი მოდის და სამეგრელოში გადასარევი ოჯალეში. შესაძლებელია ციტრუსების გაშენებაც. ჩაის ბუჩქების ამოძირკვა ძალიან ძნელია, ვინაიდან მავთულებივით ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს და მიწის გაწმენდისთვის საჭიროა მძლავრი ტექნიკა. სამწუხაროა, რომ ამხელა აპრობირებულ და გაკულტურულებულ ტერიტორიას ვკარგავთ იმის გამო, რომ სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ იჩენს ამ პრობლემის მიმართ.

 

                                                                                 ნელი თორდია