მიშა კაჭკაჭიშვილი: „ბუტა რობაქიძის საქმეში დამნაშავე ადამიანები ციხეს მალე დატოვებენ“

„გავრილოვის ღამის“ პატიმარ ირაკლი ოქრუაშვილს ხელისუფლებამ ახალი ბრალი წარუდგინა. ბუტა რობაქიძის საქმეზე მას პატიმრობა შეეფარდა. ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს. მისი საქმის გამოძიებას წლების მანძილზე ითხოვდა როგორც მოკლულის ოჯახი, ასევე _ საზოგადოება.
მთელი ეს წლები ირაკლი ოქრუაშვილის სახელი ამ საქმესთან არავის დაუკავშირებია. ეს კავშირი მაშინ „გამოიკვეთა“, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.
„გავრილოვის ღამის“ პატიმრის მეგობარი და თანაპარტიელი მიშა კაჭკაჭიშვილი რობაქიძის მშობლებთან ერთად ითხოვდა ბუტას საქმის გამყალბებლების დასჯას. მას კარგად ახსოვს, თუ ვის ადებდნენ მოკლული ახალგაზრდის მშობლები ხელს.

რატომ დაუკავშირეს ამ საქმეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელი? რას ამბობს მოკლული ახალგაზრდის მამა? რა მტკიცებულებები აქვს ხელთ ოქრუაშვილის თანაპარტიელს მის გასამართლებლად?
ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მიშა კაჭკაჭიშვილი ესაუბრება:

_ მიშა, თქვენ წლების მანძილზე მონაწილეობდით იმ აქციებში, სადაც ბუტა რობაქიძის საქმის გამყალბებლების დასჯას ითხოვდნენ. ამ საქმეზე პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელთანაც ერთ პარტიაში ხართ.
_ ბუტა რობაქიძის საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვდა „თანასწორობის ინსტიტუტი“, რომლის წევრი მეც ვიყავი. რობაქიძის საქმეზე საუბარი პირველებმა ჩვენ დავიწყეთ. ამ თემაზე აქციებს ვაწყობდით და ამ საქმეში პირველებმა ჩვენ ჩავიხედეთ.
„თანასწორობის ინსტიტუტის“ არქივი შენახულია, სადაც ყველა ჩვენი აქტივობაა დაფიქსირებული. წლები ვიბრძოდით, რომ ეს საქმე გამოძიებულიყო და მთელი ამ ხნის მანძილზე ირაკლი ოქრუაშვილი არავის უხსენებია.
ირაკლი ამ საქმეში დამნაშავე რომ ყოფილიყო, ჩვენ არც მისი გვარის ხსენება მოგვერიდებოდა. სადაც მერაბიშვილის, დონაძისა და მიქაძის დასჯას ვითხოვდით, იქ ოქრუაშვილს რატომ ვერ ვახსენებდით?
ჩემი სიტყვების სისწორეში ეჭვი თუ გეპარებათ, შეგიძლიათ, „თანასწორობის ინსტიტუტის“ სხვა წევრებსაც ჰკითხოთ. აგერ არიან ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი.
რომელიმე მათგანი თუ იტყვის, რომ ამ საქმეში ოქრუაშვილი ფიგურირებდა და ჩვენ მის დასჯას ვითხოვდით, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. აღარ გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს და მხოლოდ პეპლებსა და ყვავილებს დავხატავ, შეიძლება, ეგენიც არ დავხატო.
როდესაც ირაკლის ამ საქმეზე ბრალი წარედგინა, რასაც ახლა გეუბნებით, სოციალურ ქსელშიც დავწერე. ამის შემდეგ ბუტას მამასთან, სოსო რობაქიძესთან მივედი სახლში. მე მას ვთხოვე ეთქვა, თუ რის საფუძველზე დაადო ირაკლის ხელი.
ვკითხე, თუ ირაკლი დამნაშავე იყო, აქამდე რატომ დუმდა? რატომ იდგნენ ყველანი მისი ეგიდით მოწყობილ აქციებზე, რომელიც 2007 წლის შემოდგომაზე იმართებოდა? ან ხელისუფლების შეცვლის მერე რატომ ინარჩუნებდა დუმილს? 2012 წლის ბოლოდან ირაკლი საქართველოში ცხოვრობს და აქამდე რატომ არ მოსთხოვა მას პასუხი?
ძალიან მიკვირს, თუ რატომ არ იღებენ ამაზე ხმას „თანასწორობის ინსტიტუტის“ სხვა წევრები. მათ მშვენივრად იციან ყველაფერი. შეიძლება, მათი დუმილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უკავშირდება, _ ისეთი ამბებია, ოქრუაშვილის საკითხი მესამე-მეოთხე პლანზეა გადაწეული.
მეც ეს ვითარება მაჩერებს, თორემ ძალიან ბევრ რამეს გამოვიტანდი დღის სინათლეზე. ამას მაინც გავაკეთებ, ოღონდ სხვა დროს.
ხშირად ვხვდებოდი ბუტას დედასაც, ბაბუასთან სახლშიც ვარ რამდენჯერმე ასული, სოსო რობაქიძესთანაც ხშირი კონტაქტი მქონდა, მაგრამ არც ერთ მათგანს ირაკლი არასდროს უხსენებია. ამას „თანასწორობის ინსტიტუტის“ სხვა წევრებიც დაადასტურებენ. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ.
_ გადამოწმება რად მინდა, მთელი ის წლები გახმაურებულ საქმეებზე ვწერდით და ოქრუაშვილის გვარი მართლა არავის უხსენებია.
_ არ ფიგურირებდა ამ საქმეში და რატომ ახსენებდნენ? რამდენიმე ადამიანის დუმილი ძალიან მაკვირვებს.
ყველაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ კარგად მახსოვს, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ ისხდნენ ირაკლისთან კაბინეტში, მათ შორის, კოკა გუნცაძე, გია ცაგარეიშვილი, ეკა ბესელია… სად არიან ახლა ეს ადამიანები? რატომ არ იღებენ ხმას?
გარეთ კიდევ უამრავი ცნობადი სახე იდგა, ყველა მის პარტიაში აპირებდა გაწევრიანებას. რამდენიმე დღეში ირაკლი დაიჭირეს და რუსთაველზე აქციები დაიწყო, სადაც ყველა ერთად ვიდექით. მაშინ თუ არ იყო ირაკლი ბუტას საქმეში დამნაშავე, ახლა გახდა კაციჭამია? ასე არ შეიძლება.
ეს კითხვა სოსო რობაქიძესაც დავუსვი. მას ეგონა, რომ არ მივიდოდი მასთან, მაგრამ მე მივედი, არავისთან მოსარიდებელი არ მაქვს.
_ თქვენი შეხვედრა ვისი ინიციატივით შედგა?
_ ეს ცოტა სხვანაირად მოხდა. სოსომ ჩემზე ფეისბუქზე რაღაც კრიტიკული დაწერა, მე ვუპასუხე. კამათი მოგვივიდა. მაშინ მითხრა, მოდი და დავილაპარაკოთო. მერე ტელეფონზე დამირეკა, მითხრა, სახლში ვარ და გამოდიო. მეც გავედი.
ოთახში შემიყვანა და რაღაც მასალები გადმომიღო, რომელიც, მისი თქმით, ირაკლის ბრალეულობას ამტკიცებდა.
დავხედე ამ მტკიცებულებას და სოსოს ვკითხე, _ ეს არის მტკიცებულება-მეთქი? ისიც ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ამ მტკიცებულებისთვის სურათის გადაღება. მან ნება დამრთო, მეც გადავიღე. ეს ფოტო შემდეგ ირაკლის ადვოკატებს გადავეცი.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, რაზეა საუბარი?
_ ეს ფოტო იმ მტკიცებულებას გადავუღე, რის საფუძველზეც ოქრუაშვილს ბრალი წარედგინა. ეს არის ისეთი აბსურდი, ვერც კი წარმოიდგენთ.
ამის მიუხედავად, ყველა გავაფრთხილე, რომ ეს მტკიცებულება საჯარო არ გახდება, სანამ თავად ირაკლი არ იტყვის ან მე არ მივიჩნევ საჭიროდ.
ჩემთვის მორალი და სამართალია მთავარი. ჩემს ოთხ შვილსაც ასე ვზრდი. მიმაჩნია, რომ ჯობს, დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში. ირაკლი მართლა უდანაშაულოდ იხდის სასჯელს.
თავშიც გითხარით, რომ ბუტას საქმე ჩვენ წამოვწიეთ, აღარც კი მახსოვს, მე და ლაშა ჩხარტიშვილი რამდენჯერ დაგვიჭირეს ამ საქმის გამო, _ ხან გზას ვკეტავდით, ხან დამნაშავეების ფოტოებს ვაკრავდით, მეგაფონებით დავრბოდით, ვასახელებდით დამნაშავეების გვარებს, მაგრამ ირაკლის გვარი ერთხელაც არავის უხსენებია.
ვისაც ჩემთან რაღაც პრეტენზიები აქვს, მათ მინდა შევახსენო, რომ რობაქიძის საქმე მას შემდეგ გახდა რეზონანსული, რაც სანდრო გირგვლიანი მოკლეს და ამ ამბის გაპროპტესტება დავიწყეთ. მანამდე ბუტას საქმეზე მხოლოდ მისმა ახლობლებმა იცოდნენ. ოჯახის გარდა არავინ იყო საქმის კურსში.
იმას არ გავიხსენებ, ვინ და როგორ მოვიდა „თანასწორობის ინსტიტუტში“, რომ სანდროსთან ერთად ბუტას საქმის გამოძიებაც მოგვეთხოვა.
ბევრ რამეს არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ადამიანური ფაქტორები არსებობს. მე მიყვარს როგორც სოსო რობაქიძე, ასევე ია მეტრეველი. ამ ადამიანებთან ერთად მრავალი წელი ვიბრძოდი სამართლიანობისთვის. ძალიან მიყვარან, მაგრამ უსამართლოდ ვერავის დავაჩაგვრინებ.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ „გამარჯვებული სქართველოს“ წევრი ვარ. ხვალ შეიძლება, განცხადება დავწერო და პოლიტსაბჭო დავტოვო საერთოდ. ჩემი ამოცანა ახლა ის არის, რომ არ დავაჩაგვრინო ადამიანი, რომელიც ციხეში უსამართლოდ ზის. „გავრილოვის ღამის“ საქმეზეც უსამართლოდ დაიჭირეს და ახლა დამატებით ახალი ბრალი წარუდგინეს.
არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც არასდროს ვკვეთ. როდესაც სოსო რობაქიძეს შევხვდი, ვუთხარი, _ პირდაპირ თქვი, რატომ ადებ ირაკლის ხელს-მეთქი? მან რაღაცების ახსნა დამიწყო, მაგრამ ეს ჩემთვის საინტერესო არ არის.
ჩემთვის ახლა ის არის საინტერესო, რომ გარეთ გამოვლენ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბუტას საქმის გაყალბებაში. ამას თქვენთან ვამბობ პირველად და გინდა ექსკლუზივად ჩათვალეთ და გინდა _ არაექსკლუზივად. ეს ადამიანები საპროცესო გარიგებით გამოვლენ გარეთ.
სოსოსაც ვუთხარი, _ ეს ადამიანები რომ გამოდიან და ირაკლი ციხეში იქნება, კმაყოფილი ხარ-მეთქი? დარწმუნებული ვარ, რომ ამით კმაყოფილი არაა.
სოსო მაინც იმ აზრს ავითარებდა, რომ ბუტა როცა მოკლეს, ირაკლი შს მინისტრი იყოო. ვუმტკიცებდი, რომ ის, ფაქტობრივად, უკვე თავდაცვის მინისტრი იყო და შს მინისტრის მოვალეობას ფორმალურად ასრულებდა.
ის ჩვენება, რომლითაც ირაკლის ბრალი წარედგინა, აბსურდია. ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ დაიმახსოვრეთ, სტრასბურგში 100:0-ს მოუგებს ხელისუფლებას ირაკლი.
_ სტრასბურგში აპირებს ოქრუაშვილი ჩივილს?
_ არ ვიცი, ეს ისე ვთქვი, მაგრამ თუ ეს საქმე სტრასბურგში წავიდა გარწმუნებთ, რომ ეგრევე მოვიგებთ. იმედი მაქვს, ადამიანებს გონიერება ეყოფათ და ამ თემაზე საუბარი დამთავრდება.
ვინც ბუტა რობაქიძის საქმეში დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს. ამას დღესაც ვითხოვ და თავზე იარაღი რომ დამადოთ, ამ მოთხოვნას უკან არ წავიღებ.
სააკაშვილი რომ დაბრუნდეს, ქუჩაში მეგაფონით გავალ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
ივანიშვილის ხელისუფლების პირობებშიც ვითხოვ სამართალს. სხვათა შორის, მე ამ ხელისუფლებამ დამიჭირა, როცა რამდენიმე წლის წინ ბუტას მკვლელების დასჯას ვითხოვდი.
_ ეს რომელ წელს მოხდა?
_ ან 2014 წელი იყო, ან _ 2015. სასამართლოს ეზოში დამაკავეს. მართალია, ექვს საათში გამომიშვეს, მაგრამ ხომ დამაკავეს? ის ხალხი, ვინც ბუტას საქმეში მართლა დამნაშავეა, ძალიან მალე დატოვებს ციხეს.
_ გურამ დონაძეზე და ზურაბ მიქაძეზე საუბრობთ?
_ მე არავის გვარს არ ვასახელებ, მალე ნახავთ, თუ ვინ გამოვა ციხიდან. ამდენი წელი ვიბრძვი იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. არადა, ისინი გარეთ უნდა გამოუშვან და ირაკლი ჩასვან, რომელიც ამ საქმეში უდანაშაულოა? ეგრე არ გამოვა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე არ მოხდეს. ივანიშვილს რაკი უნდა, რომ ირაკლი ციხეში იყოს, ასე ვერ იქნება. ეს ქვეყანა მართლა ჩალით ხომ არ არის დაფარული?
შევარდნაძესა და სააკაშვილსაც ეგონათ, რომ სულ ხელისუფლების სათავეში იქნებოდნენ, მაგრამ… არავის არაფერი შერჩენია და არც ამათ შერჩებათ. „ოცნებას“ განსაკუთრებით არ შერჩება. ლაშა ჩხარტიშვილის რომ დააკავებ, ეს როგორ უნდა შერჩეს ვინმეს!
_ რომ თქვით, ქვეყანა ჩალით ხომ არ არის გადახურულიო, სწორედ ლაშას ამბავი გამახსენდა. ბიჭმა ჰაერში ლობიო აყარა და ამის გამო დაიჭირეს. ჩალით არის ქვეყანა დახურული, აბა, რა არის?
_ ლაშა ჩახარტიშვილს რომ „ნაცს“ დაუძახებენ, სასაცილო არ არის? ანდა ვინ აბრალებს?! _ სულ 20 „ტროლი“ შემორჩა „ოცნებას“ და 20 მოლაპარაკე პოლიტიკოსი და ამათ დაატარებენ ყველა არხზე. ისე ცოტანი არიან, ჩადგმითაც აღარ ჰყავთ მხარდამჭერები, ჩამოტარებით არიან.
ამათი ამბავი დამთავრებულია _ არჩევნებამდე მოხდება ეს თუ არჩევნების მერე, არ ვიცი. 20 მპოსტავით შორს ვერ წავლენ.
_ ამბობთ, 20 მპოსტავიღა დარჩათო, მაგრამ გასულ კვირას საკმაოდ ბევრი ხალხი მიუვარდა „ნაციონალების“ ოფისს ქუთაისში. ამაზე რას იტყვით?
_ ეს არაფერს ცვლის. კარგად მახსოვს 2012 წელი, მაშინ „ნაციონალებიც“ ზუსტად ეგრე იქნევდნენ ხელებს. არაერთხელ დაურბევიათ ოპოზიციაც.
ისიც კარგად მახსოვს, თუ როგორ „გონორზე“ იყო „ნაცმოძრაობა“ საარჩევნო შტაბში, სანამ არჩევნების შედეგები გამოცხადდებოდა. ეს 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხდებოდა. ისინი ჩვენი ოფისის შტურმისთვის ემზადებოდნენ.
_ რას ნიშნავს, შტურმისთვის ემზადებოდნენ?
_ რასაც შტურმი ჰქვია. ბევრ „ნაციონალს“ ჰქონდა იარაღი და „ოცნების“ ოფისზე შტურმის მოწყობას აპირებდა.
_ „ნაციონალების“ ხელების ქნევა გაიხსენეთ და ყველაზე დაუვიწყარი მაინც ის იყო, თუ როგორ ჩამოიარეს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ „მიშა, მიშას“ ძახილით რუსთაველზე. მათ რიგებში, როგორც ამბობენ, არჩილ თალაკვაძეც იყო.
_ თალაკვაძეზე ის კადრები გამახსენდა, რომლიც 30 ნოემბერს გავრცელდა. ამ კადრებში ნათლად ჩანს, თუ რამხელა დაცვით გადაადგილდება იგი. ვის რაში სჭირდება, დადის აქ კენედივით. გაჭირვებულ ქვეყანაში ესკორტით სიარული გამიგია? ამხელა ესკორტით ბიძინა ივანიშვილი არ დადის. არადა, იმ კაცს მართლა ეკუთვნის ამხელა დაცვა.
_ რომც არ ეკუთვნოდეს, თავის ფულს გადაიხდის და რამდენ დაცვასაც უნდა, იმდენს გაიყოლებს.
_ ის თავის ფულს გადაიხდის, მაგრამ ეს სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. რამეში მაინც სჭირდებოდეს ვინმეს ეგ უბედური. როგორ არ მინდა, რამე ვთქვა, მაგრამ ისე იქცევა, რომ იძულებული ვარ, გავლანძღო. არადა, არ მინდა, რომ გავლანძღო.
_ რატომ არ გინდათ?
_ ჩემი ბავშვობის მეგობრის ქმარია. ძალიან ახლობელია ეს ოჯახი ჩემთვის, მაგრამ მისი დაცვის კადრები რომ ვნახე, გული კინაღამ გამისკდა.
ვის რა ჯანდაბად უნდა ეს თალაკვაძე?! მაგრამ ისეთ აგონიაში არიან, რომ ამათგან უკვე არაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ აგონიაში არიან?
_ ლაშა ჩხარტიშვილს რომ ლობიოზე დაიჭერ, აგონიაში ხარ, აბა, რა ხარ! მე და ლაშა წლები ვიყავით „თანასწორობის ინსტიტუტში“, მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ლაშასნაირი წესიერი და სუფთა ადამიანი არ შემხვედრია. ასეთი წესიერი ადამიანი დაიჭირეს. თან ისე დაიჭირეს, რომ არაფერი დაუშავებია.
მიშას დროს ჩვენ მართლა ვარღვევდით კანონს და შეგნებულად ვაჭერინებდით თავს. ჩვენ მაშინ ღიად ვაცხადებდით, რომ შეგნებულად ვარღვევთ კანონს, რადგან აქ ირღვევა მთავრი _ სიცოცხლის უფლება.
როდესაც გავიგე, რომ ლაშას 8 დღე მიუსაჯეს, დავწერე, რომ ეს ჩხარტიშვილისთვის ყვავილებია. ისე მიდიოდა ერთთვიან და სამთვიან პატიმრობაზე, თვალს არ ახამხებდა. 8 დღით შეაშინებენ თალაკვაძეები? სასაცილოა ეს ყველაფერი.
აგონიაში რომ არ იყვნენ ლაშას მოკიდებდნენ ხელს? ან ყველას „ნაცს“ დაუძახებდნენ, ვინც დღეს უსამართლობას აპროტესტებს? რაც უნდა, ის დამაბრალონ, არ მადარდებს.
40 წლის ასაკში ეგენი ისე დაასრულებენ კარიერას, რომ ქუჩაში სირცხვილით ვერ გამოვლენ. რატომ აკეთებენ ამას, არ ვიცი.
მეც და ლაშაც ყოველთვის თავისუფლად გამოვალთ ქუჩაში და ხვალ ახალმა ხელისუფლებამ რომ ჩაიდინოს უკანონობა, იმასაც აუცილებლად გავაპროტესტებთ. ქუჩაშიც დავგდებით, რადგან არ ვართ კონფორმისტები.
_ კონფრომისტები რომ ყოფილიყავით, პარლამენტში თუ არა, თბილისის საკრებულოში მაინც მოხვდებოდით.
_ მერწმუნეთ, რომ გაცილებით მაღლა ვიქნებოდი და სეროზულ გავლენებსაც მოვიპოვებდი, მაგრამ რაში მჭირდება ასეთი გავლენები.
მათ, ვისაც დღეს რაღაც გავლენები აქვს, ყველა მათგანს კარგად ვიცნობ და გული მწყდება, რომ ახალგაზრდა ასაკში ასე სასაცილოდ ამთავრებენ კარიერას. ძალიან ნათლად ვხედავ, თუ როგორ ესვენება მათი პოლიტიკური მზე. ამაზე ძალიან მტკივა გული.
_ გული რატომ გტკივათ?
_ ამ ადამიანებთან ბევრი რამე მაკავშირებს. პატარა ქვეყანა ვართ და ყველა ყველას იცნობს.
ასევე ძალიან მტკივა გული, როცა მახსენდება, თუ როგორი რიგი ედგა ირაკლის კაბინეტთან. ეს ადამიანები იქ მხოლოდ იმიტომ იდგნენ რიგში, რომ ოქრუაშვილისთვის ეთქვათ, თქვენთან ვართ, ბატონო ირაკლიო. ახლა ის ტყუილად ზის ციხეში და ამაზე ხმას არავინ იღებს.
ცნობილი ფაქტია, რომ ასეთ დროს ადამიანს მეგობრების დუმილი უფრო მწარედ გაგახსენდება, ვიდრე ვიღაცების ყვირილი. ესეც გაივლის და ირაკლიც გამოვა ციხიდან. ის მზად იყო, რომ მას ციხეში ჩასვამდნენ.
ან მაგის დაცვის წევრი კობა კოშაძე რატომ ჰყავთ დაჭერილი? ადამიანს იარაღი ჩაუდე, ასე როგორ შეიძლება?! გამოვა ის კაცი გარეთ, ეს ხელისუფლების შეცვლამდე მოხდება და ყველაფერს თავად იტყვის.
ირაკლი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც გულში რამეს იდებს. ძალიან ბევრი რესურსი ჰქონდა საიმისოდ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიღაცებისთვის სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ არ გააკეთა, იმიტომ რომ არ არის ირაკლი შურისმაძიებელი.
გადაცდომები მაგასაც ჰქონდა, როცა ხელისუფლებაში იყო, მაგრამ უკანონობა არ ჩაუდენია. თქვენ რა გგონიათ, არ აღიარებს ამ გადაცდომებს? ახალგაზრდა იყო და ამიტომ დაუშვა შეცდომები. და როცა ვინმე სხვას განიკითხავს, საკუთარ კარიერასაც გადახედოს. თავს დავდებ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან ირიბი შეხებაც კი არ აქვს.
ამას ასე ჰაერზე ხომ არ ვიტყვი? ამ განცხადებით ხომ ჩემთვის პატივსაცემ ოჯახს ვუპირისპირდები _ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც წლების მანძილზე ვითხოვდი სამართლიანობის აღდგენას.
ბუტას საქმის გამოძიებას რომ ვითხოვდით, ამიტომ მოვხვდით ბევრჯერ ციხეში. მერე დაიწყო რეპრესიები. დაგვიჭირეს ოჯახის წევრები, წაგვართვეს ქონებები. იცით, რამდენი რამე დავკარგეთ? ეს ყველაფერი იმიტომ გადავიტანეთ, რომ ბუტა რობაქიძის, სანდროს, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის საქმეების გამოძიებას ვითხოვდით.
ჩემი ადვოკატი სოსო ბარათაშვილი იყო და აბა, ჰკითხეთ მას, ჩემს ახლობლებს 13-13 წელი როგორ მისცეს. ქალები ჩამისვეს ციხეში, რომ ქვეყანა არ დამეტოვებინა. ამანათები ხომ მაინც უნდა შემეგზავნა მათთვის და ახლა მე ვარ თურმე „ნაცი“? იძახონ, რამდენიც უნდა, მე ეს საერთოდ არ მაღელვებს.
იცით, რტომ მოიგო ივანიშვილმა არჩევნები 2012 წელს? იმიტომ, რომ მაშინ სიმართლის მხარეს დადგა. ახლა ის აღარ დგას სიმართლოს მხარეს და ამიტომ წააგებს.
მე ყოველთვის სიმართლისთვის ვიბრძოდი. დღეს სიმართლის მხარეს დგას ნიკა მელიაც და რა ვქნა, ამის გამო რუსთაველზე არ გავიდე და მხარი არ დავუჭირო სიმართლეს? მე არ მაინტერესებს, იქ ვინ იდგება. მე სიმართლითვის ვიბრძვი და ესაა ჩემთვის მთავარი.

შორენა მარსაგიშვილი