შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილსა და სააკაშვილს ფულები ერთ ოფშორულ ზონაში აქვთ და ჩვენ პინგ-პონგს გვეთამაშებიან!“

shaliko

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს, „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად იმ დროს ესაუბრა, როცა ის ოფიციალური ვიზიტით შრი-ლანკაში აზიის საერთაშორისო ფორუმზე იმყოფებოდა. ბოლო ერთი თვეა, იგი უცხოეთში ოფიციალური ვიზიტებით საკმაოდ ხშირად მიდის და ნათელაშვილი საქართველოში ძნელად მოსახელთებელი გახდა.

რა ხდება? რისთვის ემზადება ლეიბორისტების ლიდერი? რა მოსწონს და რას აკრიტიკებს, როგორც ყოველთვის, შალვა ნათელაშვილი? – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხსაც „ქრონიკა+“-ის მკითხველი საკმაოდ საინტერესო ინტერვიუში ამოიკითხავს:

შალვა ნათელაშვილი:

_ ლეიბორისტული პარტია სამყაროს ოთხივე მხარეს იყურება. ერთი მიმართულებით მოცქირალ ძალებს დაემართებათ ის, რაც დაემართათ ჩვენს წინა ხელისუფლებებს. დედამიწის ყველაზე მთავარ რეგიონებში უნდა გვქონდეს მოკავშირეობა, ურთიერთობები, დასაყრდენი. შრი-ლანკაში ტარდება აზიის პოლიტიკური პარტიების კონფერენცია, რომელიც არის ძალიან სერიოზული ტრიბუნა. დედამიწის მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტი აზიაში ცხოვრობს და ყველაზე დიდი სახელმწიფოები აქ არის. მარტო მილიონნახევრიანი ჩინეთი და ინდოეთი რად ღირს?! აქ არის ცივილიზაციის ყველაზე დიდი რელიგიური მიმდინარეობები, უზარმაზარი რესურსი და პოტენციალი. შესაბამისად, აქ უნდა იყოს ჩვენი პირდაპირი ინტერესებიც, რადგან საქართველო ნახევარი თუ არის ევროპული, ნახევარი აზიურია. გეოგრაფიით, კულტურით, ისტორიით, მენტალიტეტით და როცა ჩავდივართ დასავლეთში, ამერიკასა და ევროპაში არავის გვავიწყდება აზიის მნიშვნელობა. ამიტომაც აქ არის ჩამოსული უამრავი პარტია. საქართველოდან კი მხოლოდ ჩვენ, ლეიბორისტები ვართ. ამერიკიდან ახლახან დავბრუნდი, პარტიაში უამრავი საქმეა და ვერ ვახერხებდი წამოსვლას, მაგრამ იცით, რატომ ჩამოვედი? – საქართველოდან არც ერთმა პარტიამ, მმართველმა თუ არასაპარლამენტომ, რომ არ ინება წამოსულიყო. როგორც წესი, ამ კონფერენციაზე ქვეყნების მთავარ პარტიებს იწვევენ ხოლმე და ყველა მოიწვიეს, მაგრამ არ ჩამოვიდნენ. ეს ფორუმი დიდი ხანია ტარდება და ასე მოხდა შარშანაც, იმის წინათაც, არადა, აქ არიან ისეთი დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებმაც შეიძლება ერთ დღეს აღიარონ აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, რადგან ჩვენთან კავშირები და ურთიერთობები არ აქვთ.

ახლა შრი-ლანკაში აღიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დროშა და პრეზიდენტი პირადად მოგვესალმა. ყველგან, რა ტერიტორიებსაც ეს კონფერენცია მოიცავს, ჩვენი დროშა ფრიალებს. ჩვენი ქვეყნიდან რომ არავინ ჩამოსულიყო, ეს დროშა არ იფრიალებდა. მუშაობაა საჭირო, რომ არ მოხდეს წართმეული ტერიტორიების თვითაღიარების პროცესი, ამიტომ არის საჭირო კონტაქტებიც. ბანგდლადეშის, ბირმის, აღმოსავლეთ ტილორის, ნეპალის მმართველ პარტიებთან დავამყარეთ ურთიერთობები.

_ რატომ არ წავიდნენ ჩვენი მმართველი პარტიები კონფერენციაზე, მიზეზი იცით?

_ ჰგონიათ, მხოლოდ ერთი მიმართულებით სირბილი გადაარჩენთ, მაგრამ ჩვენს მოკავშირე ამერიკას უამრავი საქმე აქვს, რადგან მთელი დედამიწა ტვირთად წამოიკიდა. ის დაგეხმარება, დაგიდგება გვერდში საგარეო არენაზე, მაგრამ შენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს და არც უნდა გააკეთოს. კონტაქტები უზარმაზარ აზიასთან დამოუკიდებლად უნდა განვავითაროთ და არ ვეხვეწებოდეთ მოკავშირეებს, შენი ჭირიმე, შუამდგომლობა გაგვიწიე აგერ, ბუტანის პოლიტიკურ ძალებთან, რადგან ისინი ჩვენი აფხაზეთის აღიარებას აპირებენო. იმის გამო არ უნდა შევაწუხოთ მოკავშირეები, რაც შეიძლება, რომ თვითონ მოვახერხოთ და სიზარმაცის, ან სხვა ფაქტორებით ვერ ვახერხებთ. თუნდაც ამიტომ ჰქონდა ჩვენს ჩამოსვლას აღნიშნულ ფორუმზე დიდი მნიშვნელობა. კონფერენციის მთავარი თემა აზიური სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო. ეს ნიშნავს აზიის ინტეგრაციას, მისი ქვეყნების თანამშრომლობას, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას. ჩვენ გვაქვს სერიოზული წინადადებები, აქ შეიქმნას ისეთივე ტელევიზია, როგორიც არის „ევრონიუსი“ და ამ აზიურ ტელევიზიაში გადაცემები ქართულ ენაზეც იყოს. ასევე შეიქმნას აზიის პარლამენტი, აზიელებმა ისწავლონ თანაცხოვრება და იქ არ მოხდეს რელიგიური გაუგებრობები, კონფლიქტები, ომები. პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ მუდმივი ფორუმი. ასევე შეიქმნას აზიის უხუცესთა საბჭო. აზიაში, როგორც ჩვენთან, უხუცესებს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ისლამურ ქვეყნებში, ჩინეთში, ინდოეთში, უხუცესის აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჰოდა, ომებისა და კონფლიქტების არეალში შუამავალი სწორედ ეს საბჭო უნდა გახდეს, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელი უხუცესები უნდა შევიდნენ, რაც იქნება ძალიან ეფექტური. შრი-ლანკის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან მქონდა მოკლე საუბარები. დღეში ასეული შეხვედრა გვაქვს ჩამოსულ პოლიტიკურ პარტიებთან.

_ არ გეკითხებიან, სხვა მმართველი პარტიები სად არიან, რატომ არ ჩამოვიდნენო?

_ ჩემთვის არ უკითხავთ, მაგრამ კარგია, რომ აქ ჩვენ მაინც ვართ, რადგან ახლა ვერავინ გამოვა ამ დიდ ტრიბუნაზე და ვერ იტყვის: ჩვენი ძმები, აფხაზები, ელოდებიან აღიარებას, დავუჭიროთ მხარი და ვაღიაროთო. ასე იწყება შავი საქმეები. აქ რომ ზის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი და ქვეყნის დროშაა აღმართული, ასეთ გამოსვლას ვერავინ ვეღარ გაბედავს და მორიდებით ილაპარაკებს. არ უნდა დავტოვოთ მსოფლიოს არც ერთი ტრიბუნა უყურადღებოდ. რომ დარბიან ლას ვეგასის კაზინოებში და ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ცოლ-შვილით თუ ლომებზე სანადიროდ და ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ, სჯობია, ამ საქმეებში დახარჯონ, რადგან თითოეული პარტიის ხმა ასეთი საქმეების გადაწყვეტაში ძალიან მნიშვნელოვანია. აღარ ვლაპარაკობ ასეთი შეკრებების მნიშვნელობაზე ბიზნესკონტაქტებისთვის, კულტურული თანამშრომლობისთვის, ახალგაზრდული ბანაკების შექმნისთვის, რაც აზიას აუცილებლად სჭირდება. ამერიკა არის მსოფლიო ლიდერი. იქ გვღებულობენ, როგორც მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენლებს. ამერიკის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სპექტრი მრავალი წელია, მიცნობს, აზია კი არის სრულიად აუთვისებელი სივრცე ჩვენთვისაც და სხვა ქართული, პოლიტიკური პარტიებისთვისაც, მაგრამ ჩვენ, რატომღაც, ამ მიმართულებებს სერიოზულად არ ვუყურებთ. დღეს ეს კონტაქტები წყვეტს მსოფლიოს ბედს და კაცობრიობის მომავალს. ჩამოსულია რუსეთის დელეგაცია – კომპარტია, მირონოვისა და პუტინის პარტია „ედინაია რასია“. მათ აქ აფხაზეთი და ოსეთი არ უხსენებიათ. დელეგაციის ხელმძღვანელი არის ეროვნებით ოსი, ძალიან კარგი პიროვნება, რომელსაც გავესაუბრე და თავადაც იყო შეწუხებული, რა ტრაგიკული მოვლენებიც მოხდა ჩვენ შორის. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე და მიმაჩნია, რომ ქართველებსა და ოსებს, საბოლოოდ, თანაცხოვრების პრობლემა არ გვაქვს და ყველაფერი გამოსწორდება, თუ მოვინდომებთ. რუსებს გავახსენე, თუ როგორ ეხმარებოდა ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილს „ვარდების რევოლუციის“ წინ რუსული ბიზნესი. მე მგონი, ეს მათ არ წყენიათ. ისიც ვუთხარი, რომ მათაც უნდა აღიარონ თავისი წილი პასუხისმგებლობა იმ ხელისუფლების მოყვანაში და ეს არ არის მხოლოდ ქართველი ხალხის ბრალი, ან სხვა პროცესების შედეგი. შაბათს იყო ჩემი ოფიციალური გამოსვლა.

არც ერთი დღე არ გამომიყენებია იმისთვის, რომ „თვალისთვის წყალი მაინც დამელევინებინა“. რაც ზემოთ ჩამოგითვალეთ, ჩემს გამოსვლაშიც იმ საკითხებზე ვილაპარაკე.

_ ახლა საქართველოში მიმდინარე მივლენებზე გადავიდეთ, ბატონო შალვა. სახელისუფლებო დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. პრეზიდენტი და პრემიერი, ლამისაა, ქუჩაში გადმოდგნენ და ერთმანეთი ისე ლანძღონ. ამ დროს „ნაციონალური“ ფრთა ძალებს იკრებს. შს მინისტრი ჭიკაიძე „ნაცების“ მიერ დაგეგმილ რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკობს. რა ხდება სინამდვილეში, იქნებ, ეს ყველაფერი შეაფასოთ?

_ რაც უფრო მალე დაიშლებიან და დაჭამენ ერთმანეთს, ქვეყნისა და ხალხისთვის მით უკეთესი იქნება. მონებსაც მოსდიოდათ ერთმანეთში ჩხუბი, მაგრამ ზოგჯერ აჯანყებაც იცოდნენ ბატონის წინააღმდეგ. ღარიბაშვილმა, ივანიშვილმა და სხვებმა უნდა იცოდნენ, რომ პოლიტიკური ბრძოლა ეს უკვე არის გადატრიალების მცდელობა და სხვა არაფერი. არჩევნებიც გადატრიალებაა, ოღონდ დაკანონებული, შესაბამისად, ხმაურის ატეხას – მგელი მოდის, მგელი მოდისო! – სჯობია, მიცემული დაპირებების ნახევარი თუ არა, 30 პროცენტი მაინც შეასრულონ – გაანახევრონ შუქზე, გაზზე, წყალზე ტარიფები, რასაც გვპირდებოდნენ. 10 ქარხანა მაინც გახსნან, 100-ს აღარ დავეძებთ. მართლა დააკლებინონ ბანკებს პროცენტი, გააუქმონ რეცეპტიზაციის შემოღება და სხვა, რაც იქნება გადატრიალების საწინააღმდეგო საშუალება ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც. მეტი რა ვასწავლო, ახლა?! რაც საქართველოში ხდება, რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ერთიანი გეგმის ნაწილი არის თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ სამწუხარო რეალობაა ის, რომ ყველაფერი მეორდება. შევარდნაძე იმდენს ებრძოლა ლეიბორისტულ პარტიას, სააკაშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში, რადგან ჩვენ დასუსტებულები ვიყავით. იმდენი გვებრძოლა სააკაშვილმა ყველანაირი დევნით, რომ ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში. ახლა იმდენს გვებრძვის ივანიშვილი, ისეთს მოიყვანს ხელისუფლებაში, რომელიც თავს წააცლის. როცა პოლიტიკური პარტია ქვეყანაში ძლიერია, ოპოზიციურიც და მმართველიც, ეს არის გარანტი იმისა, რომ არ მოხდება უმართავი პროცესები. „ნაცმოძრაობა“ ძლიერი არის ფულით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დეპუტაციით, საზღვარგარეთული კავშირებით, საკუთარი ტელევიზიით, სახელმწიფო ხელისუფლებაში დასაქმებული რესურსით, ივანიშვილისგან ნაწყალობევი ოპოზიციური სტატუსით და, შესაბამისად, მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ. ამიტომ რაც მოხდება, ეს იქნება ივანიშვილის ავადმყოფური ქმედების ნაყოფი და არა სხვისი ბრალი. ივანიშვილმაც საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა ჩვენთან ბრძოლით დაიწყო და დაასრულა. მეტი არაფერი უკეთებია. რაც ჩვენ გვლანძღა, ამის ნახევარი არ ულანძღია „ნაციონალები“. თუ არ გჯერათ, ამოწიეთ ქრონიკა და ყველაფერი სახეზე იქნება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მან მე დამამხო და არა სააკაშვილი და ახლა ამ კმაყოფილებაშია. ჭიკაიძემ კი თქვა ის, რაც მას დაავალეს.

_ იცით, რა მიკვირს, თუ მართლა იქმნება ასეთი „ნაციონალური“ ჯგუფები და ისიც იციან, რომ მათ დესტაბილიზაციის მოწყობა უნდათ, რატომ არაფერს აკეთებს ძალოვანი სტრუქტურა? განცხადება ვისთვის გაკეთდა, ხალხმა უნდა მოაგვაროს ეს საკითხი?!

_ უსუსური, შეშინებული მთავრობის განცხადებაა. მაგათ უნდა იცოდნენ, რომ „ნაცები“ თუ ვერა, მათ სხვა მაინც დაამხობს და ეგენი არჩევნებში ხმას ვეღარ მიიღებენ. ხალხი იმას, რაც ივანიშვილმა იკადრა, არასდროს არავის აპატიებს. თუ მოხდა და ჩვენი ხალხი ამას კიდევ დათმობს, მაშინ ბევრ რაღაცაზე აზრი შემეცვლება.

_ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვთ, როგორც გავიგე.

_ ამას ჯერ არ ექნება აზრი, თუ არ შეიცვალა საარჩევნო კოდექსი. თუ ბიულეტენების დაცვა ვიდეოკამერებით არ მოხდა, მაჟორიტარობის დეპუტაცია თუ არ გაუქმდა და ა. შ. რა უნდა მაჟორიტარებსა და პარტიულ დეპუტატებს ერთ პალატაში?! გადაშალეთ სხვა კონსტიტუციები და ნახავთ, რომ ისინი ერთ პალატაში არსად არ სხედან. პარტიული დეპუტაცია ზის ქვედა პალატაში და მაჟორიტარული – ზედა პალატაში, შესაბამისად, წელიწადში ორჯერ იკრიბებიან. ეს ცვლილება თუ არ მოხდა, სხვანაირად არავითარი აზრი არ ექნება არჩევნებს. ვთქვათ, გავიყვანე 40 დეპუტატი პარლამენტში და გავედი პირველ ადგილზე, 75 ბანდიტი მაჟორიტარი შემოვა პარლამენტში და გვერდში დაუდგება ისევ ივანიშვილს. ისინი არჩეული იქნებიან იმის მიხედვით, რამდენი ფული დახარჯეს და არა იმით, რა იდეის მატარებლები, ან საქმის გამკეთებლები არიან. ამიტომ თუ ეს კანონი არ შეიცვალა, არანაირი აზრი არ ექნება ახალ არჩევნებს. ისევ პირველ ადგილზე დაწერენ ან „ნაციონალებს“, ან „ოცნებას“ და სამეულში ბურჯანაძეც იქნება, რათა დაუდასტუროს გაყალბებული არჩევნების შედეგი. ეს გახდა ახლა ამ ქალის პროფესია. წინათ პურში, ფქვილში აკეთებდა მისი ოჯახი ფულს და ახლა ამით აკეთებს. მან დაუდასტურა მარგველაშვილს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო კანონიერი, მერე ადგილობრივი არჩევნების კანონიერება დაამტკიცა, ამით ბიუჯეტიდან ჯერ წაიღო მილიონი, მერე 600 ათასი. ასე იცხოვრებს, თუ ეს პროცესი გაგრძელდა.

_ ამბობენ, რომ მარგველაშვილი ქმნის ახალ პოლიტიკურ ძალას, რადგან საკუთარი პარტიის ლიდერები ძალიან ჩაგრავენო. პრეზიდენტის დაჩაგვრაც გაუგებარია იმ გუნდისგან, ვინც ამ სკამზე მოიყვანა იგი. მოკლედ, ანომალიური მოვლენები ხდება საქართველოში, არა?!

_ ეს პრეზიდენტი დაიჩაგრა მაშინ, როცა თანამდებობისა და პატივის გამო ნებაყოფლობით აიღო მონობის მოვალეობა. იგი დათანხმდა იმ სკამს, სადაც მისი ადგილი არ იყო. იმ „ჩაგვრის“ გაგრძელებაა ის პროცესები, რაც მას მერე ხდება, თუმცა არ მსიამოვნებს, ადამიანს ასე რომ ეპყრობიან. ივანიშვილი მთელ ქვეყანას თავში წამოსაკრავებად უყურებს და ფიქრობს, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა არის შესაძლებელი – პარტიების, პარლამენტის, პრეზიდენტებისა და ა. შ. თუ ნაყიდი არ აკმაყოფილებს და ვერ უმართლებს, მერე ამას საზოგადოებას აბრალებს და სინამდვილეში ასე ხომ არ არის, არა?

_ იმასაც ამბობენ, თითქოს  მარგველაშვილი „ნაციონალებმა“ მოისყიდეს და ახლა მათ თამაშს თამაშობსო.

_ მანამდე ხომ თავად მოისყიდა?! რამდენი დაუჯდა მარგველაშვილის გაყვანა პრეზიდენტად, ჯერ ეგ გვითხრას. მე როგორც ვიცი, ეს ასეულობით მილიონი დაჯდა. 100-200 ლარებს სახლებში ურიგებდა „ოცნება“ გამყიდველ ხალხს საარჩევნოდ და ვის მოსყიდვებზე ლაპარაკობენ?!

_ უცხოეთი ახლა მაინც თუ ხედავს, რეალურად, საქართველოში რა უბედურება ტრიალებს? ამ პროცესებზე რა აზრისანი არიან? როგორ აფასებენ მათ პოლიტიკურ წრეებში საქართველოში არსებულ მდგომარეობას?

_ შრი-ლანკაში ასეთ თემებზე არ მისაუბრია. ზოგიერთ ქვეყანაში ისეთი დიქტატორული რეჟიმია, მათთან ამას ვერ ვიზამ, მაგრამ თუ საერთოდ არაფერს ვიტყვით, ხმას არ ამოვიღებთ, ეს მხოლოდ ჩვენს პრობლემად დარჩება. ამერიკასაც უზარმაზარი პრობლემები აქვს და როგორც პარტნიორს, შენ უნდა უთხრა, რა ხდება შენს ქვეყანაში, მერე დაგიდგებიან გვერდში. ჩემი ვიზიტი ამერიკაში ამას ეფუძნებოდა. სენატორებმა და საპრეზიდენტო კანდიდატებმა მომისმინეს და შემპირდნენ თანადგომას. დაახლოებით 25 კონგრესმენსა და სენატორს შევხვდი ამერიკაში ვიზიტის დროს. ისინი საქართველოს დიდი მეგობრები არიან და მანამდეც იყვნენ, მაგრამ ჩემმა შეხვედრამ ეს კავშირები უფრი გაამყარა. არ უყურებენ ჩვეულებრივ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, იმიტომ, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია და დემოკრატიის ხარისხი პირდაპირ ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას. აღმოსავლეთ პოსტზე მათ ჩვენ დავრჩით და ბუნებრივია, არ გაუხარდებათ აქ ძალადობა, არჩევნების გაყალბება, ბაკქანალია.

_ სააკაშვილის ქონების დაყადაღებაზეც მინდა მითხრათ რამე. მიშას საქმე მართლა წასულია და დაიჭერენ?

_ (იცინის) არ მიმაჩნია სერიოზულად 5 პალტოსა და 6 პიჯაკის, ანუ მის სახელზე რაც იყო, იმის დაყადაღებით სპეკულირება. ამით იმის გათეთრება ხდება, რაც გააკეთა და დააშავა სააკაშვილის რეჟიმმა. წართმეული და გატანილი ქონების გათეთრება მიდის ახლა, თითქოს კაცს მეტი არაფერი ჩაუდენია იმის გარდა, რომ აქვს სახლი. ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, სად ინახება მისი და სააკაშვილის ფულები. ერთ ოფშორულ ზონაში აქვს ორივეს საბანკო ანგარიშები. ბიძინა ხომ ურიცხავდა მას ამ ანგარიშებზე, მაგრამ არც ერთი ამბობს ამას და არც – მეორე. ესენი ახლა გვეთამაშებიან პინგ-პონგს და ამით ერთობიან.

_ ანუ ის ხმები, რომ შეიძლება თბილსში „მაიდანი“ დატრიალდეს „ნაცების“ ძალისხმევით, ტყუილია?

_ უკრაინის მოვლენები გავიარეთ 20 წლის წინათ, როცა აფხაზეთში ტრაგიკული ამბები დაიწყო. მერე გავიარეთ 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს. ასე რომ, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან და უკრაინის მოვლენები აქ ვერ განმეორდება. უკრაინა თავად იმეორებს ჩვენს მოვლენებს. ივანიშვილს უნდა, შინაური მტრის ხატი შექმნას და ასე გაიმტკიცოს ძალაუფლება. ასეთი მეთოდით ის ისევ მოიყვანს „ნაციონალებს“ ხელისუფლებაში. თუ არ შეასრულა დაპირებები და არ დაიწყო ფულის დახარჯვა, რისი იმედიც ხალხს ჰქონდა და მანაც მისცა პირობა, თუ აქეთ დაიწყო ფულის შეწერები, ის „ნაციონალები“, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, კვლავ იტყვიან თავის სიტყვას.

_ ანუ ეს შემოდგომაც საკმაოდ „მოღრუბლული“ იქნება ლეიბორისტული პროგნოზით? თავადაც ხომ არ გეგმავთ გამოსვლებს?! აქვე კიდევ ერთს გკითხავთ, – მთავრობამ თითქოს კახეთში რთველი წარმატებულად დაასრულა, თუმცა ბევრ სოფელში ვაზზე ყურძენი ლპება. გლეხები ელიან შემსყიდველებს, მაგრამ ისინი არ ჩანან და ნეტავ, რისი იმედი აქვს ხელისუფლებას, ეს ადამიანები ხომ მათ გვერდით არასდროს აღარ დადგებიან?!

_ აქციები ლეიბორისტებმა კარგა ხანია, დავიწყეთ. ურემი რომ გადაბრუნდება, სხვებივით მერე არ გამოვდივართ და მერე არ ვამბობთ სათქმელს. ახლახან ჩავატარეთ აქცია რეცეპტის შემოღებასთან დაკავშირებით, თბილისში, პუშკინის სკვერში ხეები გაჩეხეს და ბიზნესცენტრს აშენებს ივანიშვილი. სტამბულში ერთ-ერთ მოედანზე ხეების გაჩეხვის გამო ერდოღანი კინაღამ სახალხოდ გაასამართლეს და მილიონი ადამიანი იდგა მიტინგებზე. გავიდნენ ახლა მთაწმინდელები, ვერელები და გააპროტესტონ, რაც პუშკინის სკვერში ხდება, რატომ ხმას არ იღებენ?! რაც შეეხება ყურძენს, ივანიშვილის მიზანია, რომ ქართული ვაზიც და ღვინოც მისი ოჯახის ბიუჯეტში წავიდეს. სწორედ ამიტომ თავის ძმას, ბატონ ადიკოს შეუსყიდა მთელი კახეთის ზვრები და მისი ქარხნები გაქანებულები ეზიდებიან ღვინოს რუსეთში. ეტყობა, მეტი ყურძენი აღარ უნდა, ან იმ გროშების გადახდაც აღარ აწყობს, რასაც გლეხს უხდის. ამათ ნაკლებად აინტერესებთ, კახეთში ყურძენი მთლიანად დაიკრიფება თუ არა. როცა ვეუბნებოდი კახელებს, ივანიშვილი აფერისტია, მოგატყუებთ-მეთქი, არ დამიჯერეს და ახლა მე რა ვუშველო?!

                                                                                    ნელი ვარდიაშვილი