გიორგი ქაჯაია: „ივანიშვილმა ქართული სახელმწიფო თავის კარმიდამოდ გადააქცია“

ქართული პოლიტიკური სპექტრი ლოგიკურად მოითხოვს განახლებას. პოლიტიკურ პროცესებში, ბოლო პერიოდში, ახალგაზრდები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან. შეიძლება ვთქვათ, რომ საზოგადოებასაც მობეზრდა ერთი და იგივე პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც ბოლო 30 წელია, ვუყურებთ.
„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ ახალგაზრდების პროტესტი გამოიწვია და ისინი ამ პროცესების ირგვლივ გაერთიანდნენ კიდეც, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მოძრაობა „გაბედე“ შექმნეს.

როგორია ახალგაზრდების სამოქმედო გეგმა? აქვთ თუ არა მათ მკვეთრად ჩამოყალიბებული ხედვა და რა სახით უნდა ჩაერთონ ისინი პოლიტიკურ პროცესებში?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელ გიორგი ქაჯაიას ესაუბრა:

_ ყველამ ვნახეთ, რაც მოყვა „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას: ქუჩის პროტესტი, დასავლეთის მწვავე განცხადებები… როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური მოცემულობის წინაშე ვდგავართ?
_ პირველი რიგში, საზოგადოებას ძალიან გაუცრუა იმედი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, კერძოდ ბიძინა ივანიშვილმა. მას სურდა, ეს ყველაფერი გადაებრალებინა თავის ხელის გოგო-ბიჭებზე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებზე. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პროცესები ჩიხშია, ქვეყანა ძალიან მძიმე კრიზისის ქვეშ არის და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება. მოცემულობა ასეთია: ხელისუფლება უნდა დათანხმდეს პროპორციულ არჩევნებს ან გადავიდეს გერმანულ მოდელზე. ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და, შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროცესის წინსვლას.
_ „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პრაქტიკა როგორც გვიჩვენებს, ივანიშვილი ყოველთვის საზოგადოების დაკვეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს: გავიხსენოთ 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები, _ მიუხედავად პროტესტისა, გახარია შს მინისტრობიდან გადადგომის ნაცვლად, პრემიერად დანიშნა, აქედან გამომდინარე, რა ბერკეტები გაქვთ იმისთვის, რომ ივანიშვილმა ხალხის მოთხოვნა შეასრულოს?
_ ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია ის, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი მოწოდების სიმაღლეზე დადგეს. ოპოზიცია უნდა იყოს ისეთი ერთიანი, როგორც აქამდე არასდროს არ ყოფილა, მათ უნდა ჰქონდეთ საერთო პრინციპები და ღირებულებები. რაც შეიძლება მტკიცედ და მხნედ უნდა მოითხოვონ თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ოპოზიციამ უნდა მოახერხოს საზოგადოების კონსოლიდირება ერთი იდეის გარშემო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მის პიროვნებას თუ განვიხილავთ, ჩვენ ძალიან დიდი პრაქტიკა გვაქვს იმისა, რომ ეს ადამიანი არის მატყუარა, გადამგდები და თაღლითი, რომელმაც ქართული სახელმწიფო თავის კარმიდამოდ გადააქცია, შემოიღობა ყველაფერი, რისი შემოღობვაც შეიძლებოდა და ასევე იყიდა ყველაფერი, რაც იყიდებოდა, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატები. აქედან გამომდინარე, არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ივანიშვილი კეთილგონიერებას გამოიჩენს. თუმცა, როგორც იტყვიან, „ცდა ბედის მონახევრეა“ და ჩვენც ყველანაირ რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა. ივანიშვილი რომ ამ იდეას არ განახორციელებს და ხალხის დაკვეთას არ შეასრულებს, ეს 20 ივნისის აქციების შემდეგაც კარგად გამოჩნდა, როცა მან გახარია შს მინისტრობიდან გადადგომის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ, პირადი ამბიციები და თავის კეთილდღეობაზე ზრუნვა ამოძრავებს, ის არც სახელმწიფოებრივად და არც ქართველ ხალხზე არ ფიქრობს. ეს ნათლად ჩანს მის ქმედებაში, ამიტომ ყველა წესებისა და კონსტიტუციის ნორმების სრული დაცვით ამ ვერაგ ადამიანს და თავის ხელის გოგო-ბიჭებს წინ უნდა აღვუდგეთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა, რასაც ქართული საზოგადოება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგვთხოვს.
_ თქვენ ოპოზიციის კონსოლიდაციის საკითხი ახსენეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ოპოზიციური პარტიების შეკრებას ხელისუფლება სათავისოდ იყენებს და ყველას „ნაცს“ ეძახის. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი უშლის თუ არა ხელს ოპოზიციის კონსოლიდაციას და აქციებზე ხალხის მობილიზებას?
_ მე, როგორც მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი და ახლა უკვე მესამე სექტორის წარმომადგენელი, პირდაპირ ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც „ევროპული საქართველო“, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რაღაცის დასაწყისს ყოველთვის აქვს დასასრული. გამომდინარე აქედან, ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც მრავლად არიან როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე „ევროპულ საქართველოში“ და სხვა პარტიებში, პოლიტიკურ ამინდს უკლავენ ახალგაზრდებს, იმ ხალხს, რომელსაც საზოგადოება შეიძლება გაჰყვეს და ენდოს. ამ ოდიოზურ ფიგურებს ჯერ კიდევ აქვთ იმ სიამტკბილობის სურვილი, რასაც ძალაუფლება ჰქვია, მათ სურთ დაიბრუნონ ის ძველი დიდება, რაც ადრე ჰქონდათ. საზოგადოებაზე უარყოფითად აისახება, ამ ადამიანების გვერდით ახალგაზრდების ყოფნა, ეს კარგად გამოჩნდა „სირცხვილიას“ აქციებზე და ბოლო დროს განვითარებული ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენების დროს. სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გამოჩნდნენ, იქ ხალხმა პროტესტისგან თავი შეიკავა. ეს არის რეალობა და რაც უფრო გაითავისებს ამას ძველი თაობა, ვისაც ჩვენ ბოლო 30 წელია, ქართული მედია-საშუალებების ეკრანებზე ვხედავთ, მით უფრო ჯანსაღი გახდება ქართული პოლიტიკური ველი. სწორედ ოპოზიციამ შეუწყო ხელი იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის არსებობა დაემკვიდრებინა საქართველოში. თითქოს მხოლოდ „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ჩვენ ნამდვილად გვყავს ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ პროდუქტიულები იყვნენ საზოგადოებისთვის და პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერად ითამაშონ.
_ დავაზუსტებ, პრობლემა არა „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ მათ ოდიოზურ ფიგურებშია?
_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სახეებისთვის შანსის მიცემა უნდა შეძლოს, რომ პოლიტიკურ თამაშებში ახალი კადრები ჩაერთონ. „ნაციონალური მოძრაობა“ ერქმევათ მათ თუ „ევროპული საქართველო“, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, ძველი კადრები ახლით უნდა ჩანაცვლდეს. პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვის აუცილებელია, ძველმა სახეებმა უკანა პლანზე გადაიწიონ.
_ ოპოზიციამ, ამ ეტაპზე, „დაბოქლომების“ (სამთავრობო შენობების პიკეტირება და ბოქლომის დადება) გზა აირჩია, რაშიც ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. რამდენად მისაღებია ეს ფორმა და თუ ხედავ პროტესტის გამოხატვის გეგმა ბ-ს?
_ გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა, მივიჩნევ, რომ ყველანაირი აქცია უნდა ჩატარდეს ცივილიზებული ფორმებით და კონსტიტუციის ნორმების დაცვით. არ მივესალმები ძალადობრივ აქციას და არც იმას, რაც ხელისუფლებამ 20 ივნისის ღამეს, შემდეგ 5 თვის თავზე _ 18 ნოემბერს გააკეთა. „ქართული ოცნება“, ამ შემთხვევაში, მომგებიან პოზიციაშია, ის სახელისუფლებო რგოლს წარმოადგენს, ამიტომ ჩვენ, ახალგაზრდებმა, მათ უნდა გავუჩინოთ სურვილი, რომ დიალოგის რეჟიმში წამოვიყვანოთ. მეც ერთ-ერთი აქტივისტი ვარ და ჩართული ვარ ამ პროცესებში. ჩვენ რამდენიც არ უნდა დავაბოქლომოთ სამთავრობო შენობები, თუ შედეგამდე არ მივედით, ეს იქნება ფუჭად დაკარგული დრო. აქედან გამომდინარე, აქციის მონაწილეებსაც მივმართავ და ჩემს თანამოაზრეებსაც, რომ როდესაც რაღაცის გაპროტესტებას გადავწყვეტთ, ეს იყოს, რაც შეიძლება, მეტად აკადემიური და ცივილიზებული. ეს ძალიან რთულია, მაგრამ უნდა შევძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავითარ შედეგს ვერ მივაღწევთ. რაც არ უნდა დავაბოქლომოთ პარლამენტის შენობა, ხელისუფლება კანონიერ და არაკანონიერ ძალას გამოიყენებს და დაგვშლის. ხშირად არ ვეთანხმები იმ ქცევებს, რასაც აქციის მონაწილეები სჩადიან, გვახსოვს ჩვენი უფლებები, მაგრამ არ გვახსოვს მოვალეობები. რაც შეეხება გეგმა ბ-ს, მხოლოდ გაპროტესტება ხელისუფლებას ვერ შეგვაცვლევინებს და ვერ ამოვალთ იმ ჭაობიდან, რაშიც ქვეყანაა ჩაფლული. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, გეგმა ბ-ს ვხედავ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიების სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდები გავერთიანდეთ, დავისახოთ გეგმა, გვერდით უნდა გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ექსპერტი და ჩვენ ჩვენი კეთილგანწყობით, სუფთა ხელებით, სუფთა წარსულით, აუცილებლად მოვიპოვებთ საზოგადოების ნდობას. საზოგადოების ნდობაზე აგებული სახელმწიფო აუცილებლად იქნება ძლიერი. ახალგაზრდებს ფუნდამენტური ღირებულებები უნდა ჰქონდეთ, სწორი ხედვა და მიმართულება. ასეთი ახალგაზრდები ნამდვილად არსებობენ. ტელევიზორს ვინც ჩართავს, სხვადასხვა აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს დაინახავს, რომლებსაც უნარი შესწევთ, რომ კონკრეტული მიმართულებების, დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშვნის შემთხვევაში, კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვიშოროთ როგორც ეს ხელისუფლება, ასევე ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ხალხს თავი მოაბეზრეს, _ ეს არის ჩემი გეგმა ბ. დღევანდელი თაობა სახელმწიფოებრივად აზროვნებს, რომელსაც აქვს ევროპული განათლება და ძალიან კარგად იცის თავისუფლების ფასი. ამიტომ არსებული ხელისუფლების ამ თაობით ჩანაცვლება, ვფიქრობ, პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, როცა ჩემს თაობას ვუყურებ, რომელსაც ენთუზიაზმით სურს, რომ რაღაც შეცვალოს და უძრაობის ხანა სამუდამოდ დასრულდეს. მე მათ მხარდამხარ ვიბრძვი და ვხედავ, ეს ახალგაზრდები რამდენად მოტივირებულები არიან. მე, როგორც „პროგრესული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მოძრაობა „გაბედეს“ წევრი, ვაგრძელებ ბრძოლას ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ჩემს თანამოაზრეებთან ერთად.
_ მოძრაობა „გაბედეში“ სხვასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები ხართ გაერთიანებული. გეგმავთ თუ არა, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში პოლიტიკური პლატფორმა შეიქმნას?
_ ჩვენ შევქმენით მოძრაობა „გაბედე“, რომელსაც აუცილებლად ექნება განვითარების პერსპექტივა. ბოლო დღეებია, მედიასივრცე მოიცვა ჩვენმა აქციებმა. ეს ძალიან კარგი დასაწყისია, მაგრამ ეს გადაკეთდება თუ არა პოლიტიკურ პლატფორმად ან პარტიად, ამაზე საუბარი ჯერ არც კი ყოფილა. ჩვენ გვსურს, რომ გავემიჯნოთ პოლიტიკოსებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ინიციატივებს მოვისმენთ, შეიძლება გავიზიაროთ კიდეც, მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენს აქციებზე პოლიტიკოსები იყვნენ ლიდერები და არა ახალგაზრდები. ამ მოძრაობის ფარგლებში სადავეებს ხელში აიღებენ რაციონალურად მოაზროვნე ახალგაზრდები. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია დაინტერესდეს ჩვენი მოძრაობით და გაწევრიანდეს მასში. „გაბედეს“ კარი ყველა ახალგაზრდისთვის ღიაა. ჩვენ საზოგადოებას მნიშვნელოვან სიახლეებს ვპირდებით, რომელიც დადებითად აისახება როგორც ჩვენს ქვეყანაზე, ასევე _ საზოგადოებაზე.

ნენე ინჯგია