საქართველო _ 2024

ბოლო 2 წლის მანძილზე თბილისის ქუჩებსა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთსა და იმავე სურათს ვხედავთ _ გარკვეულ ემოციურ ფონზე, ძირითადად, ხელისუფლების მხრიდან ღირსების შემლახველი საქციელის გამო, ქუჩაში გამოდის, საშუალოდ, 10-15 ათასი ადამიანი…
თუმცა, საბოლოო ჯამში, მწვავედ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა მალევე სუსტდება, მუხტი ქრება და უკვე 2-3 დღეში აქციები პარლამენტის წინ საგრძნობლად თხელდება. ბოლოს კი ვხედავთ საპროტესტო აქციის ფაქტობრივი დასრულების ყველაზე აშკარა ნიშანს _ საავტომობილო მოძრაობას რუსთაველზე.
ეს არის ქართული ქუჩის პოლიტიკის დაუწერელი წესი _ თუ თქვენ ატარებთ მიტინგს და რუსთაველი არაა გადაკეტილი _ თქვენი საპროტესტო აქცია ჩავარდა! შეგიძლიათ, დაიხუროთ ქუდი და სახლში წახვიდეთ.

ეს რომ ცალკეული შემთხვევა იყოს, ალბათ, არც ღირდა ამაზე ყურადღების გამახვილება, თუმცა, აი, უკვე 2 წლის მანძილზე მესამედ ხდება ერთი და იგივე _ ჯერ იყო საპროტესტო ამოფრქვევა სარალიძის საქმეზე, რომელიც იმით დასრულდა, რომ შემდეგი რამდენიმე თვე საწყალი შვილმოკლული მამა, ფაქტობრივად, კარავში ცხოვრობდა პარლამენტის წინ თითქმის მარტო.
შემდეგ იყო „გავრილოვის ღამე“ და ისევ იგივე _ აღშფოთებული საზოგადოების სპონტანური მობილიზება, ქუჩის აქციები და შემდეგ _ ისევ ვარდნა, ისევ 1000-2000 ადამიანი პარლამენტთან და ისევ _ საავტომობილო მოძრაობა რუსთაველზე.
და, აი, კიდევ ერთხელ _ ზუსტად იგივე სურათი პროპორციული გადაგდების შემდეგ _ ისევ პროტესტის ტალღა და ბოლოს ისევ _ მანქანები ცენტრალურ ქუჩაზე.
ვხედავთ ტენდენციას, რომელიც გუშინწინ თუ არა, გუშინ მაინც გაშიფრა „ქართულმა ოცნებამ“, რაც ახალისებს მათ თავხედობასა და დაუსჯელობას.
რა ხდება? რატომ არ ხერხდება ქუჩიდან ზეწოლა ხელისუფლებაზე და რატომ არ მუშაობს ქვეყანაში რევოლუციური სცენარი? როცა ვლაპარაკობთ „რევოლუციურ სცენარზე“, იგულისხმება არა თავად რევოლუცია, არამედ მისთვის მზადყოფნა _ ბიძინას ეშინია მხოლოდ ძალადობრივი სცენარის და თუ მისი კონტურები მეტ-ნაკლებად რეალური იქნება, ის ყველანაირ დათმობაზე წავა.
თუმცა დღეს სიტუაცია სხვანაირია და ამიტომ ოლიგარქი ყველაფერს აკეთებს, რასაც მიიჩნევს საჭიროდ.
ქვეყანას აშკარა პრობლემა აქვს _ სოციოპათი-მილიარდერი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილით _ პასიური და ინერტული მასის ფონზე. უარესს ვერც მოიფიქრებ.
ქართველები, როგორც ყოველთვის, აქაც დაკავებულები არიან მიზეზების მოძიებით და თავის მართლებით _ საშუალოსტატისტიკური ქართველისთვის ყოველთვის უფრო მისაღებია ახსნას, რატომ არის შეუძლებელი, ვიდრე იფიქროს, როგორ გახდეს შესაძლებელი.
ზოგი ამბობს, არ გამოვდივართ იმიტომ, რომ მიშაა, ზოგი _ იმიტომ, რომ მიშა არაა, ზოგი არ გამოდის იმიტომ, რომ რევოლუცია არ სურს, ზოგი კიდევ პირიქით _ იმიტომ, რომ რევოლუციას ვერ ხედავს. ადამიანები ელოდებიან მესამე ძალას, ახალ სახეებს, იმიტომ რომ ძველები მოძველდნენ, მაგრამ როგორც კი გამოჩნდება ახალი _ იწყებენ წუწუნს, რომ ესენი ახლები არიან, არავინ მათ არ იცნობს და, საერთოდ, გამოცდილებაც არ აქვთ.
მოკლედ, მარჯვნივ წახვალ _ დაგახჩობენ, მარცხივ _ დაგხვრეტენ.
სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის თავის მართლება და მეტი არაფერი _ როდესაც ადამიანი პასიურობს, ამავე დროს გულის სიღრმეში აცნობიერებს, რომ პასიურობა ცუდია და ცდილობს, მას გამართლება მოუძებნოს.
არავითარი მიშა-გრიშა, ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია. რეალურად საქმე გვაქვს ტოტალურ უპასუხისმგებლობასა და სიზარმაცესთან. ყველა წუწუნებს, ყველა უკმაყოფილოა, ყველას სურს ცვლილებები, ოღონდ _ სხვისი ხელით. სწორედ ეს საყოველთაო აპათია არის დღევანდელი სიტუაციის მიზეზი და არა ოპოზიციის სისუსტე ან სააკაშვილის აქტიურობა-პასიურობა.
არის ერთი პრობლემაც _ 2003 წელს რევოლუცია მოხდა შედარებით მარტივად, რამაც არასწორი მოლოდინი გამოიწვია, რომ სიტუაციის შეცვლა ქუჩიდან შესაძლებელია სწრაფად და უმტკივნეულოდ, თუმცა, რეალურად, ქუჩიდან რამის შეცვლა ურთულესი საქმეა.
2003 წელი არასდროს განმეორდება, რადგან საქართველო არასდროს იქნება ისეთ ფსკერზე, როგორც იმ დროს იყო, ამიტომაც ყველასთვის უკეთესი იქნება, დავივიწყოთ ცვლილებების ის მოდელი.
რევოლუცია არ არის მათემატიკური ფორმულა, რომლის გამოყენება შესაძლებელია ყველგან და ყოველთვის.
საქართველოში რევოლუციური სცენარის მომხრეები ხშირად იხსენებენ ცნობილ გამონათქვამს: „რევოლუციას აკეთებს მოსახლეობის აქტიური 2%“, ოღონდ ავიწყდებათ გაგრძელება: „90%-ის პასიური მხარდაჭერის პირობებში“.
შეუძლებელია ქუჩიდან ცვლილებების მიღწევა მანამ, სანამ 90% არ არის ოპოზიციის მხარეს _ რაც დღეს ნამდვილად არ გვაქვს _ ყველაფრის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“, ამა თუ იმ მიზეზით და ამა თუ იმ ფორმით, მხარს უჭერს მოსახლეობის თითქმის ნახევარი. ეს არაა საკმარისი პროპორციული სისტემით არჩევნების მოსაგებად, თუმცა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ იყოს მშვიდად _ რევოლუციური სცენარი გამორიცხულია.
მაშ, რა იწვევს საზოგადოების ასეთ აღმაშფოთებელ პასიურობას? ქვეყანა, რომელიც 8 წელი ყოველდღე ლაპარაკობდა გირგვლიანზე, გასაოცარ სიმშვიდეს იჩენს სარალიძის საქმესთან დაკავშირებით! აქ მაინც ხომ არაფერ შუაშია მიშა?
საქმე ისაა, რომ საზოგადოების აქტიურობა ატარებს ციკლურ ხასიათს და საჭირო მომენტის დაჭერა არცთუ ისე ადვილია. გადახედეთ, რა ხდება ირანში _ ქართველებზე გაცილებით ძლიერი, ჭკვიანი და ორგანიზებული ერი, აი, უკვე 20 წელია, ვერ იშორებს ისეთ სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელთანაც შედარებით „ქართული ოცნება“ დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურაა.
რევოლუცია მოაქვს დროს და ამ პროცესს ვერავინ დააჩქარებს ხელოვნურად. მოვა დრო და „ოცნება“, უბრალოდ, შიგნიდან გამოლპება და მისი მოცილება 1-2 კვირის საკითხი იქნება _ მიშათი თუ მიშას გარეშე.
არავინ იცის, ეს როგორ მოხდება და რა იქნება სახალხო აფეთქების საბაბი _ ტუნისში 2011 წელს სრული სიმშვიდე იყო, სანამ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, პოლიციელების მხრიდან შევიწროების გამო, თავი დაიწვა. 2 კვირაში ტუნისის პრეზიდენტი ბენ ალი მთელი თავისი ოჯახით და ნაქურდალი სიმდიდრით პარიზში გაიქცა.
როდესაც რევოლუციური სიტუაცია მომწიფდება, არ იქნება საჭირო დიდი მობილიზაცია და ხვეწნა, _ გამოდით, ხალხნო!.. ყველაფერი თავისთავად მოხდება.
თუმცა დღეს ქვეყანას სულ სხვა ამოცანა აქვს _ 2020 წელი უკვე ჩავლილია, შეგიძლიათ, ტყუილად არ დახარჯოთ დრო.
დღესვე დაიწყეთ მზადება 2024 წლისთვის…

თენგიზ აბლოთია