„სოზარ სუბარი ტყემალზე ზის!“ _ მეწარმე, რომელიც ხელისუფლებამ 50 ათასი დოლარით აზარალა

იმ პოლიტიკურმა ბაკქანალიამ, რომლის მოწმენიც ბოლო დროს ვართ, პოლიტიკურ სპექტრს სხვა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები დაავიწყა, როგორიცაა, მაგალითად, გაუფასურებული ლარი, ჩამოქცეული ეკონომიკა და ა. შ. ამასთან, პოლიტიკურ ვერტიკალს აჟიოტაჟი არც იმაზე აუტეხავს, რომ თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი ისევ გაძვირდა.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „2019 წლის 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც: გაფართოვდა აქციზის გადამხდელ პირთა წრე. კერძოდ, დაემატა ის პირი, რომელიც ახორციელებს მის მიერ იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 (თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები), 2403 11 000 00 (ყალიონით მოსაწევი თამბაქო) 2403 19 000 00 (დანარჩენი) და 2403 91 000 00 (ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო) კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას.
თამბაქოს ნაწარმს დაემატა თამბაქოს ნედლეული/თამბაქოს ნარჩენები და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქო, რომლის მიწოდებაც როგორც იმპორტიორის, ასევე ადგილობრივი მწარმოებლის მიერ წარმოადგენს აქციზით დასაბეგრ ოპერაციას.
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 (თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები), 2403 11 000 00 (ყალიონით მოსაწევი თამბაქო) 2403 19 000 00 (დანარჩენი) და 2403 91 000 00 (ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო) კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებაზე შემოღებულია შეზღუდვა. კერძოდ, მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული საქონლის პირველად საფუთავებში დაფასოება აქციზური საქონლის წარმოებად არ განიხილება. შესაბამისად, ამ საქონლის იმპორტისას ან შეძენისას გადახდილი აქციზი ჩათვლას არ ექვემდებარება.
აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალს დაემატა ზემოაღნიშნული თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული/თამბაქოს ნარჩენები) და სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის. აღნიშნული საქონელი ექვემდებარება მარკირებით ნიშანდებას აქციზით დასაბეგრი ოპერაციის (მიწოდების) განხორციელებამდე, ამასთან, სეს ესნ-ის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა, _ რედ.) 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00 და 3824 90 980 01 კოდებით გათვალისწინებული საქონელი იმპორტისას აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას არ ექვემდებარება.
თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოსა და შესახვევი თუთუნის ნეტო მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება (მ.შ. ნაშთად არსებულის) გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553-ე მუხლის შესაბამისად (პირველ ჯერზე _ 2000, ხოლო განმეორებისას _ 4000 ლარი). ამასთან, აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად.
თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იქნეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები“.
იმაზე არავინ დაობს, რომ თამბაქო ჯანმრთელობისთვის მავნეა. ისიც ცნობილია, რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ამ მავნე ჩვევას ებრძვის და ადამიანები ცდილობენ, ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრონ. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, დადებითიც იყოს, რომ სიგარეტი ძვირდება, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“. სახელდობრ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ბიზნესის სრულად თავის დაქვემდებარებაში მოქცევას ცდილობს და ამას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ომეგას“ გარშემო განვითარებული ამბებიც მოწმობს, ანუ ყველას კარგად გვახსოვს, ზაზა ოქუაშვილმა „ოცნების“ წარმომადგენლები და ასევე ქვეყნის მეორე არაოფიციალური მმართველი, ვანო ჩხარტიშვილი, „ომეგას“ სიგარეტის ფაბრიკის რეკეტში რომ ამხილა. შესაბამისად, ამ დეტალებს ახლა აღარ ჩავუღრმავდებით და მსჯელობას სხვა კუთხით წავიყვანთ.
მოკლედ, საქართველო თამბაქოს მწარმოებელი ქვეყანა არასოდეს ყოფილა, მაგრამ საბჭოთა დროს ჩვენი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მეთამბაქეობას მისდევდნენ. ზოგადად, მეთამბაქეობა მემცენარეობის ერთ-ერთი დარგია, რომლის მიზანიც სამრეწველო დანიშნულებით თამბაქოს ნედლეულის წარმოებაა. თამბაქოს სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა მიიჩნევა. რუსეთში თამბაქო მე-17 საუკუნის დასაწყისში გავრცელდა. პეტრე I-ის დროს უკრაინაში თამბაქოს ფაბრიკას აგებენ. ყოფილ სსრკ-ში კი თამბაქოს კულტურის ძირითადი რაიონები ყირიმისა და კავკასიის შავიზღვისპირა ზოლი, ამიერკავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკები იყო.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში წეკოს (ლათ. Nicotiana rustica , ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე თამბაქოს გვარის ძაღლყურძენისებრთა ოჯახისა, _ რედ.) შესახებ პირველად მე-17 საუკუნის დამლევს იგებენ. მანამდე გავრცელებული იყო თრიაქის, ანუ ოპიუმის წევა. ნამდვილი თამბაქო კი საქართველოში მე-19 საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში თამბაქოს, თურქული ენის გავლენით თუთუნს ეძახდნენ და მისი მოწევა, ყნოსვა და ღეჭვა გავრცელებული იყო ხევსურეთში, სვანეთში, სამეგრელოსა და სხვა კუთხეებში. სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები თამბაქოს წამლადაც იყენებდნენ, კერძოდ, ჭრილობიდან სისხლის დენის შესაწყვეტად, პირუტყვის ქეცის მოსარჩენად, თავის ტკივილის გასაყუჩებლად.
ნელ-ნელა საქართველოში თამბაქოს ფართოდ გავრცელებასთან დაკავშირებით სამეცნიერო მუშაობა გაიშალა და 1890 წელს ლაგოდეხში თამბაქოს საცდელი პლანტაციები დაარსდა, მოგვიანებით კი, კერძოდ, 1907 წელს, _ ოზურგეთსა და სოხუმში.
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, 1990 წლამდე საქართველო ყოვეწლიურად 14-15 ათას ტონა თამბაქოს ნედლეულს აწარმოებდა, აქედან ლაგოდეხის რაიონზე 7-8 ათასი ტონა მოდიოდა.
ზოგადად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მშრალი სუბტროპიკული ზონაა და იქაური ნიადაგურ-კლიმატური პირობები, მარცვლეულ კულტურებთან ერთად, ტექნიკური კულტურების, კერძოდ, თამბაქოს წარმოების შესაძლებლობებსაც იძლევა. სწორედ ამიტომაც, საბჭოთა კავშირის დროს, ლაგოდეხის ბიუჯეტი და ასევე მოსახლეობა თამბაქოსგან დიდ შემოსავალს ღებულობდა, თუმცა „დიადი იმპერია“ დაიშალა თუ არა, ლაგოდეხში თამბაქოს წარმოებაც მოკვდა. არადა, როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, მუნიციპალიტეტს ახლაც აქვს იმის პოტენციალი, რომ წარმოება ხელმეორედ აღადგინოს და წელიწადში ათას ტონამდე თამბაქოს ნედლეული აწარმოოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მასობრივი და ტოტალური უმუშევრობის პირობებში, მინიმუმ, 1500-მდე ადგილობრივი დასაქმდება და, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, შიმშილით სიკვდილისგან გადარჩება, მაგრამ ამ კუთხით ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
რატომ? _ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. უფრო სწორად, სამთავრობო წრეებთან დაახლოებულები ამბობენ, რომ თამბაქოს წარმოების მეთამბაქეობის ხელახლა ასაღორძინებლად თამბაქოს ნედლეულის გადამამუშავებელი ახალი და ევროპული ტექნოლოგიების დანერგვაა აუცილებელი.
„პირველ რიგში უნდა დაინერგოს ბულგარული ტექნოლოგია; თამბაქოს აუნემსავად ბალგიურიკებში ხმობა, მოსახლეობას უნდა ვაწარმოებინოთ თამბაქო და მივიღოთ პირდაპირ ფოთლოვანი მწვანე მასა, რომელიც უნდა გახმეს ბალგიურიკებში. ამ ტექნოლოგიის დანერგვით გამოითიშება თამბაქოს ნემსვა, მისი მზეზე ხმობა, ხის მასალა, ხმობისთვის ცელოფანი, ავანგებად შენახვა, ხმელი თამბაქოს სპეციალურ ყუთებში ცალებად დაპრესვა, ფერმენტაცია. ამით დაიზოგება დიდი რაოდენობის ხის მასალა, თამბაქოს ფერმენტაციისთვის _ ელექტროენერგია. უნდა შევიძინოთ თამბაქოს უკვე მზა პროდუქციის დასაჭრელი და დასაპრესი დანადგარები. შესაძლებელია განხორციელდეს დაჭრილი თამბაქოს სოუზირებაც მყიდველის მიერ შეკვეთით ხელშეკრულების საფუძველზე. ეს უკვე არის თამბაქოს მზა პროდუქცია სიგარეტის მწარმოებელი ფაბრიკებისთვის, როგორც საქართველოში ადგილობრივი ფაბრიკებისთვის, ისე საექსპორტოდ.
გამომდინარე თამბაქოს ნაწარმზე მზარდი მოთხოვნისა და მაღალი ფასებისა, აღნიშნული წარმოების განვითარება კარგი საშუალება იქნება ინვესტიციების მოსაზიდად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, _ ეს არის ამონარიდი იმ ინფორმაციიდან, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
თანამედროვე და ევროპული ტექნოლოგიები გასაგებია, მაგრამ ამის მოშველიებით მეთამბაქეობის აღორძინების დაპაუზება, როგორც „ქრონიკა+“-ს უხსნიან, ჩვეულებრივი ბლეფია და მეტი არაფერი. აი, მაგალითად, თენგიზ თუთისანი, რომელიც თამბაქოს წარმოებაში ძალიან კარგად ერკვევა, გვეუბნება, რომ ქართული თამბაქოს წარმოება მიზანმიმართულად ჩაკლეს და გლეხები გადააგდეს. მეტიც: თუთისანი ეჭვობს, რომ თამბაქოს ბიზნესის ხელში ჩაგდება თავად ივანიშვილს უნდა, რადგან ეს ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია, მათ შორის, სამშენებლო ბიზნესზეც.
„თენგიზ თუთისანი:
_ 2013 წელს, საპრეზიდენტო შეხვედრებში, სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი, შალვა ფიფიაც მონაწილეობდა, რომელსაც ვესაუბრე და ავუხსენი, რომ საბჭოთა პერიოდში ლაგოდეხში მაღალხარისხიანი თამბაქო მოგვყავდა, წელიწადში, 12-15 ათასი ტონა. ამიტომ ლაგოდეხის მოსახლეობა საკმაოდ მდიდარი და შეძლებული იყო. სხვათა შორის, ლაგოდეხის თამბაქო მსოფლიოში საუკეთესოდ იყო აღიარებული… თანამედროვე ტექნოლოგიებით გლეხის შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი _ თითქმის ყველაფერს ტექნიკა აკეთებს. თამბაქო ოთხ დღე-ღამეში შრება სპეცსაშრობებში და ფერმენტაციაც უკეთდება.
მოკლედ, მინისტრი შემპირდა, თუ კოოპერატივებს შევქმნიდი და თამბაქოს კულტურის აღორძინებას დავიწყებდით, გრანტს მოგვცემდა, ანუ პროექტს დაგვიფინანსებდა.
სხვათა შორის, საქართველო ყოველ წელს ყიდულობს სამხრეთ ინდოეთიდან დაბალხარისხიან, ანუ ე. წ. მონაცვეთ თამბაქოს და მომხმარებელი უხარისხო სიგარეტს ეწევა. ჩვენს საუბარს 59-60 ადამიანი უსმენდა.
მოკლედ, დაპირებისამებრ, შევქმენი 15 კოოპერატივი, სადაც გავაწევრიანე 427 ოჯახი. ისე, კოოპერატივებში გაწევრიანების სურვილი თითქმის მთელ მოსახლეობას ჰქონდა. ეს კოოპერატივები დავარეგისტრირე ოფიციალურად და 20-30-ჯერ მაინც შევხვდი გიორგი მიშელაძეს მისივე სურვილით.
_ მიშელაძე ვინაა?
_ კოოპერატივების თავმჯდომარე, მაგრამ ამ შეხვედრებს შედეგი არ მოჰყოლია. არადა, ბიზნესგეგმაც შევადგინე, რომლის განხორციელებასაც 2 მილიონ 300 ათას ლარი სჭირდებოდა, ანუ ეს თანხა, ძირითადად, თესლზე, საშრობ-საფერმენტაციო შენობა-ნაგებობებსა და მისაბმელ ტექნიკაზე უნდა დახარჯულიყო. ეს პროექტი მოსკოვთან, სანკტ-პეტერბურგთან, ჩელიაბინსკთან, სვერდლოვსკთან, პოლონეთთან, უნგრეთთან, გერმანიასა და აშშ-ის ვირჯინიის შტატის „ფილიპ მორისის“ თამბაქოს კომპანიებთან შევათანხმე.
_ ეს შეთანხმება რას გულისხმობდა?
_ თამბაქოს, ანუ ნახევარფაბრიკატების რეალიზაციას, რის შემდეგაც მოგება ოთხ მილიონზე მეტი დარჩებოდა. ამას გარდა, პირველივე წელს გვრჩებოდა ტექნიკა და სამომავლოდ _ თამბაქოს თესლი, მეორე-მესამე წელს კი მოვიცავდით მთელ რაიონს და მოსახლეობის 100% დასაქმდებოდა.
ამას გარდა, საშრობებში შეგვეძლო გაგვეშრო ხურმა, კარალიოკი, ვაშლი და ა. შ., რაც ჭარბია ლაგოდეხში და ფუჭდება. ეს პროდუქტი ევროპაში მოთხოვნადი და ძვირია.
პარალელურად, ჩავედი მოსკოვში, პეტერბურგში, მინსკსა და როსტოვში, ანუ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი ტექნიკისა და ტექნოლოგიების შეძენაზე. ამას მოვუნდი ექვსი თვე და ყველაფერი მინისტრ ფიფიას წარვუდგინე. ეს სამუშაოები, დაახლოებით, 50 000 დოლარი დამიჯდა, მაგრამ მინისტრისგან ასეთი პასუხი მოვისმინე, _ ივანიშვილმა მითხრა, კახელებს უკვე დავეხმარეო, ანუ ყველაფერი ივანიშვილს გადააბრალა, თუმცა ამის მიუხედავად, ისევ მომატყუა და გამაგზავნა პროექტების მართვის სააგენტოში, მერე _ „აწარმოე საქართველოში“.
ამასობაში, სოფლის მეურნეობის მინისტრი მოხსნეს და ახალ მინისტრსაც მივწერე, ასევე მივწერე მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს. მოკლედ, მინისტრის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ომარ თედორაძის ხელმძღვანელობით. ამ ჯგუფში, დაახლოებით, 50-მდე ადამიანი შედიოდა ლაგოდეხიდან, მარნეულიდან, ბოლნისიდან და ქედიდან _ ამ რაიონებში თამბაქო ტრადიციულად მოჰყავდათ. იმართებოდა შეხვედრები, რომლებსაც ესწრებოდნენ აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები, პრემიერის, სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები.
ოცჯერ მაინც ჩამოვედი მინისტრის ბრძანებით ამ და სხვა შეხვედრებზე. ბოლოს, ჩვენი შეხვედრების საფუძველზე, სამინისტროს მეცნიერმუშაკებმა ორ გვერდზე მოამზადეს დასკვნა პრემიერთან არსებული ეკონომიკური საბჭოსთვის, სადაც ეწერა: მოიყვანეთ თითო ჰექტარზე ოთხი-ხუთი სხვადასხვა ჯიშის თამბაქო პირველ წელს და მერე ვნახოთო.
ისე, მეცნიერ-მუშაკებმა იმდენიც კი არ იციან, რომ კომუნისტებმა სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ჯიშის თამბაქო იმიტომ დააცილეს ერთმანეთს, რომ ფუტკარს ან ქარს არ გადაეტანა მტვერი, რათა ჯიშები არ არეულიყო, ანუ დამტვერიანება არ მომხდარიყო. მაშინ ასეთი კადრები გვყავდა სამინისტროებში. მოკლედ, ყველაფერი ამაო გამოდგა.
მე ბანკის ვალი მქონდა აღებული და ამასობაში ბანკმა სახლი გამიყიდა.
სხვათა შორის, 90-იან წლებში პეტერბურგში ვმოღვაწეობდი. ჩემს დაქვემდებარებაში იყვნენ რუსი ებრაელები, რომლებსაც ვეხმარებოდი და მერე ემიგრაციაში წავიდნენ აშშ-ში. დღეს ისინი საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენები არიან. მათ პროექტი გავუგზავნე და მთხოვეს, ჩავსულიყავი და დავლაპარაკებოდი.
_ ჩახვედით?
_ დიახ. ისინი დახმარებას შემპირდნენ ფინანსურადაც, ტექნიკითაც და კადრების გადამზადებაშიც. გასულ წელს საკონსულომ ვიზაზე უარი მითხრა _ ალბათ, იფიქრა, უსახლკაროაო და ამიტომ. ამის მერე მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-სთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ასევე მინისტრის მოადგილეს. მთხოვეს, მოგვიტანე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მომართვაო. სამინისტროს რამდენჯერმე მივმართე, შევხვდი მინისტრის მოადგილეებს _ იური ნოზაძეს და, მგონი, ჩხეიძეს, მაგრამ ტირიან, გაგებაში არ არიან.
_ ანუ?
_ მიპასუხეს, ეს კერძო ბიზნესია და უფლება არ გვაქვს, დაგეხმაროთო. ვკითხე, _ დახმარებას ვინ გიშლით-მეთქი? პირს აღებენ, _ პასუხი არ აქვთ. მივმართავ პრემიერს, ვუხსნი ყველაფერს, წერილს კი მაინც სამინისტროში აგზავნის.
ბოლოს, დაევალა პრემიერის მრჩეველს რეგიონების საკითხებში, სოზარ სუბარს, მაგრამ სუბარი საერთოდ ტყემალზე ზის, ანუ მან ლაგოდეხის დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს დაავალა, ის კი იმალება, ტელეფონზეც არ მპასუხობს. ჰყავს თავისი ნათესავი მრჩეველი _ 25 წლის ბიჭი, რომელსაც ვერაფერი გავაგებინე და ეს არცაა გასაკვირი.
ბოლოს, ივანიშვილი რომ გახდა პარტიის თავმჯდომარე, 13 მაისს დავწერე მოკლე წერილი, გავუგზავნე და ვთხოვე: ან დანახარჯი _ 50 000 დამიბრუნე, ან პროექტი დამიფინანსე-მეთქი. ათჯერ მაინც მივაკითხე „ოცნების“ ოფისში, მაგრამ დღემდე არაა პასუხი. მოკლედ, გადამაგდეს.
ახლა თავიდან მინდა შევიტანო საბუთები ვიზაზე, რადგან ოფიციალური მოწვევა მაქვს აშშ-დან და ვნახოთ, იქნებ, ერთი კვირით გამიშვან“.


სხვათა შორის, თენგიზ თუთისანმა „ქრონიკა+“-ს თამბაქოს წარმოებისთვის, ანუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, კრედიტის მისაღებად დაწერილი პროექტი _ ბიზნესგეგმაც გადმოსცა, სადაც ვკითხულობთ:
„ლაგოდეხის რაიონში თამბაქოს წარმოების აღორძინებისა და მოსახლეობის დასაქმებისთვის საჭიროა 2 308 440 ლარის ინვესტიცია.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ლაგოდეხის რაიონი იყო ერთ-ერთი მდიდარი და შემოსავლიანი რაიონი, სადაც იწარმოებოდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მრავალი სახეობა, მათგან მოსახლეობის უმრავლესობის დასაქმებისა და მათი შემოსავლების ძირითადი წყარო იყო თამბაქოს წარმოება, რადგან თამბაქოს ნედლეული საკმაოდ მაღალ ფასებად ბარდებოდა და მოთხოვნაც დიდი იყო. შემდგომში, ქვეყანაში აგრარული პოლიტიკის არასწორად წარმართვის გამო, ამ კულტურის წარმოება საერთოდ შეწყდა და შესაბამისად მოსახლეობის უმეტესობა შემოსავლების გარეშე დარჩა. დღევანდელ მსოფლიო ბაზარზე თამბაქო არის ერთ-ერთი კულტურა, რომელზედაც მზარდი მოთხოვნაა და იგი სწრაფად რეალიზებადი პროდუქტია, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მეტად მომგებიანია სხვა კულტურებთან შედარებით როგორც შემოსავლების მხრივ, ასევე მოსახლეობის რაოდენობის დასაქმების თვალსაზრისით. ასევე არ მოითხოვს განსაკუთრებულ აგროტექნიკას. მისი მოყვანა შეუძლია ნებისმიერ მიწათმოსარგებლეს, როგორც თავის კუთვნილ საკარმიდამო, ისე სახნავ ფართობზე. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ლაგოდეხის მოსახლეობას, ტრადიციულად, თამბაქოს კულტურის მოვლა-მოყვანის მდიდარი გამოცდილება აქვს, რასაც ხელს უწყობს რაიონის ბუნებრივ-კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები. მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაიონში მოჰყავდათ საუკეთესო ხარისხის მქონე თამბაქოს ისეთი ჯიშები, როგორებიცაა: სამსუნი, ვირჯინია, ტრაპზონი და სხვ., რომელზედაც დღეისთვის საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზარზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად, ყოველმხრივი ეჭვების გარეშე დავასკვნათ, რომ ლაგოდეხის რაიონში თამბაქოს მოყვანა და მისგან ფერმენტირებული ნედლეულის დამზადება, რეალიზაცია საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს როგორც რაიონის მოსახლეობას, ასევე _ ქვეყანას, რაც გამოიხატება შემდეგში: 1) დასაქმდება რაიონის მოსახლეობის 40-50% (დაახლოებით, 3000 ოჯახი) და, შესაბამისად, გაიზრდება მისი შემოსავლები; 2) მოსახლეობას მიეცემა საშუალება, მაქსიმალურად აითვისოს მათ სარგებლობაში არსებული მცირე ფართობები და, შესაბამისად, ხელი შეეწყობა თამბაქოს მწარმოებელი კოოპერატივების ჩამოყალიბებას; 3) გაიზრდება შემოსავლები როგორც რაიონის, ასევე ქვეყნის ბიუჯეტში.

იმ დროს, როცა ქვეყნის ეკონომიკა ჩამოქცეულია და არსებობს გამზადებული პროექტი, რომელიც თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, საინტერესოა, სახელმწიფო, თუნდაც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ამ პროექტის დაფინანსებაზე უარს რატომ ამბობს? როგორც ჩანს, თამბაქოს ბიზნესის ხელში ჩაგდებას, მართლაც, ჩინოსნები ცდილობენ და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ბიზნესის დაწყების საშუალებას ამიტომაც არ აძლევენ!

გიორგი აბაშიძე