რას შეცვლის იმერეთის ტურიზმის განვითარებაში DMO-ს დაფუძნება?

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციისა და USAID/ZRDA-ს ინიციატივით საქართველოს ყველა მხარეში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები (DMO) იქმნება.
ორგანიზაციის მიზანია მხარეებში ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მათი პოპულარიზაცია.

DMO-ს დაარსებით Zrda და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონებში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს, რაც ამა თუ იმ მხარის პოპულარიზაციასა და მის უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს, ასევე ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას.
რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად ძრდა ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით.
იმერეთი, როგორც ცალკე აღებული ტურისტული მარშრუტი დღესდღეობით სუსტადაა განვითარებული. მხარის მრავალმხრივი შესაძლებლობები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობები ხშირად ტურისტების ინტერესებს მიღმა რჩება. სწორედ ამ „მარგალიტების“ პოპულარიზაციაში უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის შექმნამ.

ლაშა ბერეკაშვილი _ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი:

„იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის შექმნა იყო აუცილებელი იქიდან გამომდინარე, რომ იმერეთი, როგორც ცალკე აღებული ტურისტული მიმართულება, არსად რეკლამდება. ტურისტი, რომელიც მოგზაურობს წყალტუბოში, ქუთაისში, ჭათურასა და ა. შ., არ ჩამოდის განცდით, რომ იგი იმერეთშია. მას აქვს განცდა, რომ ის მოგზაურობს ამა თუ იმ კონკრეტულ ქალაქში, განსხვავებით აჭარის, სვანეთისა და კახეთისგან. ეს კუთხეები მოგზაურებისთვის არ განიხილება, როგორც ცალკე აღებული ქალაქები. როდესაც ისინი სვანეთში მიდიან არ ამბობენ, რომ მესტიის ან უშგულის ტური აქვთ, _ ამბობენ, რომ მიდიან უშუალოდ სვანეთის დასათვალიერებლად. ეს ყველაფერი სწორი მენეჯმენტისა და ტურისტული რეკლამის დამსახურებაა.
როდესაც ტურისტი ქუთაისთან ახლოს არსებულ რომელიმე მღვიმეში ან დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურით ჩამოდის, მას არ აქვს იმის განცდა, რომ იმერეთში ჩამოვიდა. ყოველთვის ამბობს, რომ პრომეთეს მღვიმის ან, მაგალითად, კინჩხის ჩანჩქერის ტური აქვს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გიდსაც შეცდომაში შეუყვანია ჩამოსული პირი და უთქვამს, რომ ესა თუ ის ლოკაცია (ძირითადად, სხვა კუთხეებთან მოსაზღვრე ადგილები) იმერეთს არ ეკუთვნის.
ეს ყველაფერი სწორედ იმ ფაქტის „დამსახურებაა“, რომ იმერეთი, როგორც მთლიანი ტურისტული ლოკაცია, სწორად არ პიარდება.
შევადაროთ ჩვენს მხარეს თუნდაც რაჭა _ ვერ ვიტყვით, რომ რაჭა დაიკვეხნის ტურისტების დიდი ნაკადით, თუმცა როდესაც, მაგალითად, შაორის ტბის ტურია, ტურის სახელწოდებაში ყოველთვის დომინირებს ამ კუთხის სახელწოდება, შემდეგ კი ვკითხულობთ თუ კონკრეტულად რაჭის რომელ ადგილზე არის ეს ტური“.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნასთან ერთად ქუთაისში ვიზიტორების რაოდენობამ რეკორდულად იმატა. წლიდან წლამდე მატულობს იმ უცხოელების რიცხვი, რომლებიც სამოგზაურო მიმართულებად ქუთაისს ირჩევენ და შემდგომში გეგმავენ ტურს იმერეთში.
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით: 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 50%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ამავე მონაცემებით, ტურისტებს შორის ლიდერობენ გერმანელები, პოლონელები და რუსები.
ეს მონაცემები მხოლოდ იმ ტურისტებს ეყრდნობა, რომლებმაც ქალაქის ტურისტულ ცენტრს მიაკითხეს. რეალურად, ქალაქში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა უფრო მაღალია.

ნონა მარკარიანი _ საქართველოს მოქალაქე:

„რამდენიმე დღის წინ ჩამოვფრინდი ქუთაისში ბოლონიიდან. ჩემთან ერთად მგზავრობდნენ იტალიელები, რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, თუ სად მოდიოდნენ. თქვეს, რომ, უბრალოდ, იპოვეს ფრენა ახალი მიმართულებით ძალიან იაფად, დაინტერესდნენ და სამი დღით მოდიოდნენ ქალაქის სანახავად. დიდი სიამოვნებით ვნახავდი მათ კიდევ ერთხელ და გავესაუბრებოდი. გავიგებდი, თუ რა ნახეს ქუთაისში, როგორი შთაბეჭდილებები დარჩათ და რა გაიგეს იმერეთის შესახებ“.

მარი დევიძე _ ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი:

„ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ერთი მხრივ, ეს არის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, სადაც წარვადგენთ იმერეთის რეგიონს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტს ვანიჭებთ ქვეყნებს, სადაც ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ხორციელდება. 2019 წელს იმერეთი წარდგენილი იყო ისრაელის ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობაზე, ასევე ქალაქებში: პოზნანში, ვენაში, მადრიდში.
მეორე მხრივ, ქუთაისში ვიწვევთ ტუროპერატორებს, ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, რომლებსაც ადგილზე ვაცნობთ იმ მარშრუტებსა და ტურებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებულებმა უნდა შესთავაზონ ადგილობრივებს, გადაიღონ ფოტოები, ვიდეოები, დაწერონ სტატიები იმერეთზე და ასე გახდეს უფრო ცნობილი ეს მხარე.
მიუხედავად ქუთაისის ტურიზმის ცენტრის სტატისტიკისა, საქართველოს სხვა კუთხეების ფონზე, სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, იმერეთი ტურისტების სიმრავლით ნამდვილად არ ბრწყინავს.
„კვლევები და სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ტურიზმის განვითარების მიმართულებით საქართველოსა და, მათ შორის, იმერეთში მრავალი გამოწვევაა, განსაკუთრებით სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით. იმერეთში არსებობს უამრავი უცნობი ლოკაცია, სადაც შესაძლებელია განვითარდეს სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა მიმართულება, რომელთა შესახებ არა მარტო უცხოელ ტურისტებსა და მოგზაურებს, არამედ ადგილობრივ ვიზიტიორებსაც ნაკლები ინფორმაცია აქვთ. აღნიშნული ლოკაციების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ თავად მუნიციპალიტეტების სპეციალისტებსაც. მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტების ტურიზმის სპეციალისტები სრულყოფილად გაეცნონ მოკვლეულ ინფორმაციას იმერეთის რეგიონში არსებული სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალის მქონე ლოკაციების შესახებ“, _ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროკავშირის პროექტის სამოქალაქო საზოგადოებამ“ _ მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ფარგლებში მოამზადა და მას კონრად ადენაუერის ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან და ასოციაცია „ათინათთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.
იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის შექმნა არის კიდევ ერთი გარანტი იმისა, რომ იმერეთი, მისი უსაზღვროდ დიდი ტურისტული პოტენციალი, ტურისტებისთვის კიდევ უფრო ცნობილი და ღია გახდება. ორგანიზაცია უნდა გახდეს შუამავალი იმერეთის მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურისტულ ცენტრებს შორის.

რუსუდან მამაცაშვილი _ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე:

„იმერეთს ტურიზმის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. მნიშვნელოვანია დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დაფუძნება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მარკეტინგული აქტივობები უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ. ეს ორგანიზაცია ტურიზმის განვითარების მამოძრავებელი ძალა იქნება. ჩვენ მას იმედის თვალით შევყურებთ. ის არა მარტო ჩვენი ტურისტული ობიექტების ცნობადობას გაზრდის, არამედ ინვესტიციებსაც მოიზიდავს“.

ლაშა ბერეკაშვილი _ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი:

„ერთი საკითხია ის, თუ რამდენად კარგია DMO-ს დაფუძნება და მეორე _ თუ რამდენად ეფექტიანად იმუშავებს იგი იმ მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, რომელიც მას ჰყავს. თუ რა პრინციპით შეიქმნა ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭო, რა იყო ამ ადამიანების შერჩევის კრიტერიუმი _ ცალსახად არ არის განსაზღვრული. შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზაციის მესვეურებმა ტურისტულ სექტორთან გამართეს, ამის შესახებ იყო საუბარი, თუმცა ვერ მოხერხდა კონკრეტიზაცია. მრჩეველთა საბჭოს, როგორც წესდებაში წერია, წარადგენენ იმერეთის მუნიციპალიტეტები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ვფიქრობ, როდესაც მსგავსი საბჭო იქმნება, უნდა იყოს დაკომპლექტებული ადამიანებისგან, რომელთაც ტურიზმში დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება აქვთ და არა მათგან, რომლებიც შესაძლოა, უბრალოდ, ფორმალობის მიზნით, სიცარიელის შესავსებად გამოიყენეს. მეორე და მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი მუშაობის პერიოდში უნდა გასცენ გარკვეული რეკომენდაციები, იარონ კონფერენციებზე, ტელევიზიებში, იყვნენ აქტიურნი სოციალურ ქსელში. ასე რომ, კარგი იქნებოდა საბჭოს იმ პირებით დაკომპლექტება, რომლებსაც უკვე აქვთ რეკომენდაციების გაცემისა თუ ტურისტულ კონფერენციებში მონაწილების გამოცდილება. თუ ადამიანს, რომელსაც მრჩევლად არჩევამდე არანაირი ინიციატივა არ გამოუჩენია ტურიზმის სფეროში, არავითარი რეკომენდაცია არ გაუწევია, გამორიცხულია, მან ეფექტიანი რჩევები გასცეს ისეთი დიდი ორგანიზაციისთვის, როგორიც DMO იქნება.
საკმაოდ მინიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი _ მრჩეველთა საბჭო უნდა იყოს დაკომპლექტებული იმ ხალხით, რომელიც იმერეთში მოღვაწეობს, კარგად იცნობს ადგილობრივ ტურისტულ ბაზარს და კუთხის ძლიერსა და სუსტ მხარეებს“.

იმერეთისა და ქუთაისის ტურიზმის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს იმერეთის ბრენდინგზე, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება ქუთაისის ბრენდინგი, რომელიც ერთიანი სამოქმედო გეგმის, ლოგოტიპისა და სლოგანის შემუშავებას გულისხმობს.

ნინო თვალთვაძე _ ქუთაისის მერის მოადგილე:

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალაქის ბრენდინგი უნდა იყოს ერთიან კონცეფციაში ქვეყნისა და რეგიონის ბრენდინგთან. შესაბამისად, ჩვენ უახლოეს ხანში ველოდებით იმერეთის რეგიონის ბრენდინგის დასრულებას. კონცეფცია უკვე შემუშავებულია. ამ ბრენდინგის საფუძველზე უკვე ოფიციალურად შექმნილია იმერეთის DMO, რომელიც მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პროექტია.
ერთ-ერთი პირველი ამოცანა იქნება სწორედ ბრენდინგის დასრულება, კონცეფციის დასრულება და სამოქმედო გეგმის დამტკიცება. ამის შემდგომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმერეთისა და ქვეყნის ბრენდინგიდან გამომდინარე, დასრულდება ქუთაისის ბრენდინგი, რომლიც შესაბამისობაში მოვა საერთო კონცეფციასთან“.

ლაშა ბერეკაშვილი _ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი:

„იმერეთის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია, ქუთაისისა და წყალტუბოს სწორი პოზიცირება ტურისტულ ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი და სამუშაო საკითხებია ამ ეტაპზე. აუცილებელია, ტურიზმის ცენტრი ავრცელებდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ორი ქალაქი ძალიან ახლოსაა დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ატრაქციებთან და აქედან მოგზაურობა ამა თუ იმ მნიშვნელოვან ატრაქციაზე ზოგავს დროს, ხარჯებსა და ა. შ. ქუთაისიდან ათი წუთის, მაქსიმუმ, ერთი საათის სავალზეა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტი _ ამ ინფორმაციის მიწოდება, ამის ხშირად შეხსენება პოტენციური ტურისტებისთვის, აუცილებელია.
ელექტრონული მარშრუტების დროული შექმნა და დამუშავება მუნიციპალიტეტების დონეზე _ კიდევ ერთი მნიშნვნელოვანი საკითხია. იქნება წყალტუბო, ბაღდათი, თერჯოლა, ზესტაფონი თუ ტყიბული _ უნდა შეიქმნას ელექტრონული მარშრუტებისთვის აპლიკაციები ამ მუნიციპალიტეტების მიხედვით და უნდა იყოს თავსებადი სხვადასხვა სისტემასთან _ ანდროიდთან, IOS-სთან და ა. შ. ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ ტურისტს უნდა ხვდებოდეს ტაბლო ან რაღაც მსგავსი, სადაც შეეძლება გაეცნოს სხვადასხვა ინფორმაციას, ჰოლოგრამის დასკანერებით ჩამოტვირთოს ეს აპლიკაციები და საკუთარი სურვილით აარჩიოს მოგზაურობისთვის ლოკაცია, მარშრუტი. ეს გამოაცოცხლებს ტურისტულ ბიზნესს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ხელს შეუწყობს მოგზაურების მომავალში კიდევ უფრო ღრმად შესვლას იმერეთის მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებზე. ვფიქრობ, მსგავსი აპლიკაციების არქონა მნიშვნელოვნად აფერხებს მუნიციპალიტეტებში ტურისტების მიმოსვლას.
საჭიროა იმერეთის ტურისტულ მხარედ გადაქცევა და ეს არ უნდა დარჩეს ქაღალდზე დაწერილ სიტყვებად ან სტრატეგიად. პერიოდულად, წელიწადში რამდენიმეჯერ, ტურისტული კონფერენციები უნდა ტარდებოდეს. ადგილობრივი, ქართული ტურისტული სააგენტოები, გიდები ქუთაისში უნდა ჩამოდიოდნენ და ეცნობოდნენ იმერელ გიდებს, იმერეთში მოღვაწე ტურისტულ სააგენტოებსა და აქ არსებულ სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში, უნიკალურ ტურისტულ სერვისებს. სხვადასხვა რეგიონი: სვანეთი, აჭარა, გურია და ა. შ. უნდა ატარებდეს მათ მხარეებში არსებული ტურისტული სერვისების პრეზენტაციას და აქ ხდებოდეს ეს ყველაფერი და არა მაინცდამაინც თბილისში.
კარგი იქნება, თუ იმერეთისა და ქუთაისის ტურიზმის ცენტრი იზრუნებს იმერეთში მოღვაწე ტურისტული ორგანიზაციებისა და გიდების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, სხვადასსხვა ტრენინგს ჩაუტარებს მათ. ასევე დაეხმარება ადგილობრივებს იმ ქალაქების, ქვეყნების ტურისტული ბაზრისა და ინტერესების შესწავლაში, სადაც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებულ ავიაკომპანიებს პირდაპირი ფრენები აქვთ. თითოეული ქალაქიდან, რომელიც პერიოდულად ემატება ქუთაისის აეროპორტის მიმართულებებს, უნდა იწვევდნენ ტურიზმის მიმართულებით მომუშავე მარკეტოლოგებს, რომელებსაც ექნებათ საშუალება, რეკომენდაციები გაუწიონ ადგილობრივებს თემაზე _ როგორ უნდა მოიზიდონ ამა თუ იმ ქალაქიდან ტურისტი? სად და როგორ უნდა განათავსონ რეკლამა? რა მოსწონთ კონკრეტული ქვეყნის მცხოვრებლებს? როგორი ბაზარია? რა არ მოსწონთ? და ა. შ.
ვფიქრობ, ამ ყველაფერს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება და კოლოსალურ თანხებს არ მოითხოვს“.
საქართველოში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების შექმნის საფუძველი მსოფლიო გამოცდილება გახდა. მათ შორის საინტერესოა პოლონური მოდელი. პოლონური
DMO საკმაოდ აქტიურია და გამოირჩევა მრავალრიცხოვანი აქტივობით, ხელს უწყობს მოგზაურების დაინტერესებას პოლონეთის ისტორიით, ღირსშესანიშნაობებით, აქიურად ცდილობს ე. წ. მიცრე ტურიზმის მხარდაჭერას. ადგილობრივ DMO-ში გაწევრიანებულნი არიან ტურისტული ორგანიზაციები, ტუროპერატორები, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლები, გიდები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში საკუთარი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის, ამ ღონისძიებებს კი კოორდინირებას სწორედ ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია უწევს. სანაცვლოდ ორგანიზაციები გარკვეულ, სიმბოლურ საწევროს იხდიან.
ქართული DMO-ები გარდა იმისა, რომ დამოუკიდებელ სტრუქტურებს წარმოადგენენ, საკუთარ თავში გააერთიანებენ მხარეში არსებულ ტურისტულ ცენტრებს, ხელს შეუწყობენ მათ შეთანხმებულ, კოორდინებულ მუშაობას ზოგადად მხარის პოპულარიზაციისთვის, განკარგავენ ტურისტული ცენტრების ბიუჯეტს, გასცემენ რეკომენდაციებს პიარ სტრატეგიისთვის.

ლაშა ბერეკაშვილი _ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი:

„იმერეთში ნელ-ნელა პოპულარული ხდება ღვინის ტურიზმი. ამას ხელს უწყობს საოჯახო მარნების რაოდენობის ზრდა თერჯოლაში, ზესტაფონსა და სხვა მუნიციპალიტეტებში. იმერეთს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს _ აქ შეიძლება, ტურისტს შესთავაზო სხვადასხვა სათავგადასავლო, სალაშქრო, ექსტრემალური ტური. ასევე უდიდესი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმში და ვფიქრობ, ეს სფერო საკმაოდ კარგად განვითარდება, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა მაინც იმ ცნობად ადგილებზეა კონცენტრირებული, რომელიც უკეთაა გაპიარებული _ ესენია მღვიმეები და კანიონები, ისტორიული ძეგლები.
სამწუხაროდ, არ ხდება ახალი მიმართულებების აქტიური პოპულარიზაცია იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, რომელთა მეშვეობით ჩვენს კუთხეში ერთხელ უკვე ნამყოფი ტურისტი კიდევ ჩამოვიდოდა და ახალ შთაბეჭდილებებს მიიღებდა ან დიდი ხნით გაჩერდებოდა ადგილზე“.

იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია სტატრეგიის შემუშავების ბოლო ეტაპზეა. გაწერილი და დამუშავებული სტრატეგია ბიუჯეტის დასამტკიცებლად და თანხების გამოსაყოფად ადგილობრივმა საკრებულომ უნდა განიხილოს.

შორენა ლაღაძე