რაზე გაურიგდა ბიძინა ივანიშვილი ლევან ვასაძეს?

ბედნიერების ძებნით დაქანცული ლევან ვასაძე შვებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეძებს. მან ოფიციალურად გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა და მოთხოვნაც გააჟღერა.
გასულ კვირას მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საიდუმლო გარიგება შედგა. ამის შესახებ მედია, ჯერ კიდევ, გაზაფხულზე წერდა, მაგრამ მაშინ ამ ინფორმაციას ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფდა.

მას შემდეგ, რაც ვასაძიანელებმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება ვერ ჩაშალეს, რაინდი გაბრაზდა და ივანიშვილის გადადგომა მოითხოვა. ცხელ გულზე მან იმ შეხვედრის დეტალებიც გააჟღერა, სადაც მათ შორის გარიგება დაიდო.
ვასაძემ არ დააკონკრეტა, თუ რაზე ისაუბრა ოლიგარქთან. ამბობს, რომ საუბარი არ ჩაუწერია და იმედი აქვს, ივანიშვილიც ასე მოიქცა. თავის მხრივ პირობას დებს, რომ ამ საიდუმლოს სამარის კარამდე წაიღებს და „ოცნების“ ლიდერსაც ამისკენ მოუწოდებს:
_ ბიძინა, მე არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ქვეშქვეშობა და ახლა რასაც ვიტყვი, იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც გასულ აპრილს ჩემთან სახლში მოხვედი რაღაც წინადადებით და სათხოვრით, როდესაც ეს საუბარი შედგა, მერე შენივე წინადადებით გაგრძელდა შენთან სახლში და ამასაც მე ვაცხადებ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი შეთანხმებისა, ამ ჩვენს შეხვედრას არ გავასაჯაროებდით, მეორე თუ მესამე დღეს, არ ვიცი რა მანქანებით, ამ ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში.
მე ამ შეხვედრების შინაარსს არასოდეს გავასაჯაროებ და, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრები არ ჩამიწერია, რადგან სტუმარი ღვთისაა. მაგრამ ახლა რომ არ იყოს არავითარი საიდუმლოებები, გულწრფელად გეუბნები, რომ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება, _ განაცხადა 8 ნოემბერს ვერის ბაღში გამართულ აქციაზე ლევან ვასაძემ.
ამ განცხადებამ ეჭვი გააჩინა, რომ მათი საუბრის ჩანაწერი არსებობს, ის შეიძლება გავრცელდეს და ამ განცხადებით ვასაძემ თავი დაიზღვია.
„ქრონიკა+“ უკვე წერდა ამ საიდუმლო შეხვედრის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილმა ვასაძეს პოლიტიკაში მოსვლაზე კურთხევა მისცა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შუშის სასახლეში მათი შეხვედრა მიმდინარე წლის 18 მარტს შედგა. სხვა შეხვედრებიც იყო, მათი ზუსტი თარიღი ვერ დავადგინეთ.
პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ვასაძეს ივანიშვილისთვის სამსახური უნდა გაეწია და თავის მომხრეებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოეთხოვა. აიყოლიებდნენ ხალხს და ხალხის სამსახურში მყოფი ხელისუფლებაც დაჰყვებოდა მათ ნებას.
ჩვენს მკითხველს ემახსოვრება, რომ ადრიან გაზაფხულზე დაიწყო საუბარი, რომ შეიძლება საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მისულიყო. ეს ვადამდელი არჩევნები ამ შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო.
ჩატარდებოდა კიდევაც, მაგრამ „გავრილოვის ღამემ“ ყველაფერი შეცვალა. ალბათ იმიტომ იყო ანტისაოკუპაციო აქციის დროს ვასაძის ლაშქარი ასეთი გამწარებული. ისინი მიუვარდნენ კიდევაც რუსთაველის გამზირზე მდგომ აქციის მონაწილეებს.
რაინდის განცხადებებით ირკვევა, რომ მასსა და ივანიშვილს შორის კიდევ ბევრ რამეზე იყო საუბარი.
საუბრის დეტალების გაჟღერება ვასაძემ არც 10 ნოემბერს გამართულ აქციაზე ისურვა. მან მედიას განუცხადა: „სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ ვიტყვი, რაზე ვსაუბრობდით მე და ბიძინა ივანიშვილი“.
გეითემატიკაზე გადაღებული ფილმების რისხვა ამტკიცებს, რომ მას და „ოცნების“ ლიდერს პოლიტიკაზე არ უსაუბრიათ.
_ არაფერი მისტიკური, არაფერი ზებუნებრივი, არაფერი არაადამიანური ამ შეხვედრებში არ იყო. მე როგორც საზოგადოებას შევპირდი, არასდროს გავაჟღერებ ამ შეხვედრის შინაარსს, რადგან ეს სცდება ჩემს და, დარწმუნებული ვარ, ბიძინას ეთიკურ ნორმებსაც. არ მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით რამეს ოდესმე შევცვლი.
არავითარი პოლიტიკური გარიგება, როგორც მდებენ ბრალს, არ შემდგარა. თუ ვინმეს სჯერა ჩემი გულწრფელობისა და ადამიანობის, ეს იყო საუბარი ორ ადამიანს შორის. უბრალოდ, მე ეს იმიტომ გავაჟღერე, რომ როდესაც შენ ადამიანთან პირადი ურთიერთობები გაქვს, როცა შენ მას იცნობ, მოგმართა, შეხვდი, სახლში მიიღე, მერე მას სახლში ესტუმრე, არაკაცურია მერე გამოხვიდე და მას თითქოს არ იცნობ, რაღაცები გაუგზავნო საჯაროდ, ამის გაჟღერების გარეშე.
ამიტომ მე ეთიკური თვალსაზრისით ნორმად ჩავთვალე, რომ მეთქვა, _ ბიძინა, მე და შენ ვურთიერთობთ, ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ის, რასაც მე შენ საჯაროდ გეუბნები, არ გეწყინოს, _ ჩააზუსტა ვასაძემ.
ამბობს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა არ უნდა, რადგანაც ეს მისთვის მძიმე ჯვარი იქნება. ამის მიუხედავად, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს ვერ იკავებს. ეტყობა, მოსწონს მძიმე ჯვრის ტარება.
მედიასთან ამბობს, რომ ის კვლავ რჩება ძველ აზრზე _ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ვასაძე და მისი ხალხი ივანიშვილთან გარიგებაში რჩება. მიაჩნიათ, რომ რაინდი ოლიგარქის დავალებით, პროდასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალებს უნდა დაესხას თავს. ისეთივე ამბავი მოაწყოს, როგორიც მიმდინარე წლის ზაფხულში ვიხილეთ, როცა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ვასაძე და მისი ხალხი მიუვარდა.
არის ვარაუდი, რომ ვასაძესა და მის ხალხს ივანიშვილი არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის გამოიყენებს. ისინი დაიკავებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას და სხვა ძალებს იქ აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.
დაახლოებით ასეთი რამე მოხდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს. მაშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა. ერთი მხირვ, ისინი მხარს უჭერდნენ თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძეს და მეორე მხრივ, „ოცნების“ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასა ითხოვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აქცია რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ამ პერიოდის მანძილზე შიმშილობაც არ შეწყვეტილა. პარტიის მხარდამჭერები მორიგეობით შიმშილობდნენ.
ოპოზიცია არც იმას გამორიცხავს, რომ ვასაძემ ივანიშვილთან მისი შეხვედრის დეტალები საზოგადოების თვალის ასახვევად გააჟღერა. „ოცნების“ ლიდერთან დაპირისპირება გაითამაშა და ახლა მის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ვადამდელი არჩევნები, ამ ეტაპზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებშია. ვადამდელისთვის მხოლოდ ეს პარტიაა მზად.
„ქართული ოცნების“ ნაწილი არ უარყოფს, რომ რაინდსა და ოლიგარქს შორის ფარული შეხვედრა შედგა.
„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის სპიკერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ეს შეხვედრა საქართველოს წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული.
ამასთან ვოლსკი ვასაძეს ძველბიჭური დიპლომატიურობით ჩაშვების გამო საყვედურობს:
„არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის შეხვედრა შედგა, თუმცა რაღაც კონსპირაციასა და რაღაც საიდუმლო საუბრების თემაზე მინიშნება, ვფიქრობ, არც ღირსეული განცხადებაა და არც რამე ისეთს შეიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება სკანდალური იყოს.
ივანიშვილს არ ახასიათებს ისეთი განცხადებების გაკეთება ან საუბრები, რომელიც რაიმე სახით ან ელემენტარულად მაინც უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესს. თუ რაღაცაზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქრობთ, რომ მაინცდამაინც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ შეთანხმდნენ?“ _ კითხვით დაასრულა თავისი შეფასება ვოლსკიმ.
ვოლსკისგან განსხვავებით ასეთი საიდუმლო სერობის არ სჯერა პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძეს.
მას თუ დავუჯერებთ, არც ივანიშვილი და არც მისი პარტია ხალხის ზურგს უკან არავის გაურიგდება:
„ქართულ ოცნებას“ აქვს გარიგება ქართულ საზოგადოებასთან. რა კამპანიაა ორგანიზებული, როცა გამოდის ადამიანი და ამბობს, რომ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს? ის იყო პრემიერ-მინისტრი, ის არის პარტიის თავმჯდომარე, არის საჯარო პირი და თუ შეხვდა მოქალაქეს, თუ შეხვდა ბიზნესმენსა და მედიას, ეს ყველაფერი არის საჯარო. რაც შეეხება ბატონ ვასაძესთან შეხვედრას, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს პირველმა პირმა.

შორენა მარსაგიშვილი