მარიამ გაბრიაძე _ საქართველოს ვუნდერკინდი ტანმოვარჯიშე

საქართველო რომ ნიჭიერი თაობით გამოირჩევა, პატარა მარიამ გაბრიაძის მიღწეული წარმატებებიც გვარწმუნებს. ის ჯერ 7 წლის არის და უამრავი პრიზის მფლობელია როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საერთაშორისო არაერთი პრიზი ჩამოუტა ქვეყანას. სამგზის საქართველოს ჩემპიონს მის გამარჯვებებსა და სამომავლო გეგმებზე „ქრონიკა+“ მშობლებთან ერთად ესაუბრა:

_ მარიამ ყველაზე ძალიან რისი კეთება გიყვარს?
_ ძალიან მიყვარს სიმღერა და ხატვა, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარს ტანვარჯიში, სამი წელია, რაც ვვარჯიშობ.
_ ყველაზე მეტად რომელი მიმართულება მოგწონს და რატომ?
_ სპორტული ტანვარჯიში, იმიტომ, რომ ბევრი იარაღია მანდ და ბევრ ენერგიას ვხარჯავ. უფრო ადვილადაც გამომდის.
_ შენი პრიზებიდან და გამარჯვებებიდან რომელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული?
_ ვიყავი ბელარუსში, სადაც გავიმარჯვე, ავიღე მეორე ადგილი და საქართველოს დროშა მეჭირა ხელში, მაჩუქეს დათვი, ბევრი სათამაშო და გასაფერადებლები.
_ მარიამ, თუ აპირებ, დიდი გოგო რომ გახდები, ტანვარჯიშის გაგრძელებას?
_ კი, ძალიან მიყვარს ვარჯიში და მინდა, მსოფლიო ჩემპიონი გავხდე.
_ რამდენ საათს ატარებ სავარჯიშო დარბაზში?
_ ყოველდღე 4 საათი ვვარჯიშობ და საერთოდ არ ვიღლები. არასდროს მეზარება დარბაზში წასვლა, მიყვარს ჩემი მწვრთნელებიც, კარგად ვუთავსებ ვარჯიშსა და სწავლას ერთმანეთს.
_ შენი მეგობრები როგორ ხვდებიან შენს გამარჯვებებს? როგორ გხვდებიან სკოლაში შენი მიღწევების შემდეგ?
_ ჩემი კლასელებიც და სკოლელებიც ყველა ჩემს წარმატებას მილოცავს. ყველა მგულშემატკივრობს, რაც ძალიან მახარებს.

მარიამის ჯილდოებსა და სამომავლო გეგმებზე მისი მშობლები გვესაუბრნენ:
_ მარიამის ჯილდოებზე რომ მოგვიყვეთ, რამდენი პრიზი აქვს მიღებული 7 წლის ასაკში?
_ სიმართლე გითხრათ, უკვე სათვალავი ამერია, მაგრამ 39 მედალი ზუსტად ვიცი, რომ აქვს სხვა პრიზებთან ერთად. მარიამი ტანვარჯიშზე 4 წლის ასაკში შევიყვანეთ და ამ სამი წლის მანძილზე უამრავი პრიზი დააგროვა. პირველი ჯილდო ამ სპორტზე შეყვანიდან 2 კვირაში მიიღო, მას შემდეგ „მოიწამლა“ მარიამი ამ სპორტით და იქიდან მოყოლებული სულ ჩემპიონია თავის ასაკში. თავის თანრიგში არ ყოფილა შემთხვევა, ვინმესთვის პირველი ადგილი დაეთმო. აქვს 39 მედალი, აქედან უმრავლესობა ოქროსია.
_ როგორ აღმოაჩინეთ ბავშვში ეს ნიჭი?
_ ამის აღმოჩენა ძალიან მარტივი იყო და გეტყვით, რატომ: ტელეფონში ან კომპიუტერში ვიდეოებს რთავდა და ზუსტად ათ წუთში ისეთი სიზუსტით იმეორებდა, მივხვდით, რომ ბავშვისთვის ამ ნიჭის განვითარების საშუალება უნდა მიგვეცა. ამასთან ერთად, სპორტი ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. აი, ამ მიზნით და მარიამის იმ მონაცემებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვეყვანა ტანვარჯიშზე. შემდეგ დავიწყეთ კარგი მწვრთნელის მოძიება, ვისთვის მიგვენდო ჩვენი შვილის მომავალი. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიო მწვრთნელი. მარიკოს ტრენერებმა უამრავი შრომა ჩადეს ბავშვში სრულიად უანგაროდ. მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ მარიამმა ბევრ წარმატებას მიაღწიოს.
_ მის მიღწევებზე მოგვიყევით.
_ როდესაც მარიამი 8 წლის გახდება, გაცილებით დიდ მასშტაბებზე გასვლაა დაგეგმილი, თუმცა გამოდიოდა ბელარუსში, კერძოდ მინსკში საერთაშორისო ტურნირში და მეორე ადგილი მოიპოვა. ასევე ზაფხულში ერევანში ვიყავით, სადაც მარიამმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა. მომავალი წლის სექტმბერში ბულგარეთიდან მოწვევა გვაქვს, სადაც ბატუტზე ხტომაში საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდება. რაც ამ სპორტით დაკავდა, სამივეჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა. ასევე გასულ კვირას ჩემპიონატი ჩატარდა სპორტულ ტანვარჯიშში, სადაც ასევე პირველი ადგილი დაიკავა. გახდა საქართველოს ჩემპიონი. როგორც მარიამის მწვრთნელი ამბობს, ეს ბავშვი ვუნდერკინდია და შეუძლია გახდეს არა მხოლოდ ერთი მიმართულებით ჩემპიონი, ასევე სხვა დარგებიც განავითაროს. ფედერაცია ასევე აქტიურად არის ჩართული მარიამის განვითარებაში და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
_ სამომავლო გეგმები როგორი აქვს?
_ 9-10 ნოემბერს არის საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მარიამი მასზე დიდებს შეეჯიბრება, შემდეგ უკვე მსოფლიო ასპარეზის დაპყრობა იგეგმება.

_ მარიამ, შენი წარმატებების შემდეგ თუ დაიწყეს შენმა მეგობრებმაც სპორტზე სიარული?
_ კი, დაიწყეს და ძალიან მიხარია, რომ მათაც მოსწონთ ჩემი საყვარელი საქმე.

_ სამინისტრო ან მერია რამდენად დაინტერესდა მარიამით?
_ მათგან დაინტერესება, რა თქმა უნდა, არის თუმცა ჯერ ასაკი არ უწყობს ხელს. პრეცედენტი არ ყოფილა, ამ ასაკში ბავშვს ამდენისთვის მიეღწიოს. როგორც კი მარიამი 8 წლის გახდება, საქართველოს ნაკრებში შეიყვანენ და მას ხელფასი დაენიშნება. ჩვენ, ოჯახს, მარიამის მწვრთნელებსა და ფედერაციასაც გვაქვს გეგმები და იმედებიც, რომ მარიამი არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონი იქნება, არამედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც მოიპოვებს.

მარიამ გოჩილაიძე