ჯელალ ქიქავა: „ივანიშვილმა მხოლოდ იმათი გაფარჩაკება შეძლო, ვინც ფულით გასვარა“

ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკურ ჭრილში დაინახეს. მათი მტკიცებით, ამის უკან „ნაციონალები“ დგანან და ისინი გარკვეულ რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ. ამ შეფასებას სისულელეს უწოდებს ოპოზიცია. მათი მტკიცებით, თუ ვინმე ებრძვის ეკლესიას, ეს „ქართული ოცნებაა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ ამ განცხადებებით ხელისუფლებას საარჩევნოდ ხალხის გულის მოგება უნდა. ქიქავას თქმით, „მიშა ჩამოვათი“ ამომრჩეველს ვეღარ შეაშინებენ და რაღაც ახალი ტრიუკია მოსაფიქრებელი.

რა სიურპრიზებს ელოდებიან ივანიშვილისგან? რატომ წავა ვა-ბანკზე გიგა ბოკერია? რატომ არის სისულელე აპოლიტიკური აქციები? რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ნიკა მელიას წინააღმდეგ მომზადებული? რას აპირებს სააკაშვილი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ჯელალ ქიქავა ესაუბრება.

_ ბატონო ჯელალ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში „ნაციონალების“ ხელი ურევია. იმასაც ამტკიცებენ, რომ რაღაც რევოლუციური სცენარისთვის ემზადებით. რას იტყვით ამ ბრალდებაზე?
_ ამ სისულელეს სერიოზულად უნდა ვუპასუხო? ეს ძალიან ძნელია, ტიპები XIX საუკუნის რუსეთში არიან ჩარჩენილები. მათთვის რევოლუცია ისევ ბარიკადები და „ავრორას“ გასროლაა. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ გარეთ XXI საუკუნეა და ახლა რევოლუცია სულ სხვანაირად ხდება.
მაგათ ნაბოდვარზე სერიოზული საუბარი კი მიჭირს, მაგრამ რაღაცას მაინც განვმარტავ, ეგებ, მაგათ თავშიც შევიდეს რამე. XXI საუკუნეში ბარიკადებით არავინ ცვლის ხელისუფლებას. ახლა რევოლუცია ხალხის ერთად დგომით ხდება. მთავარია, ერთად დადგეს ხალხი და არც თოფია იქ საჭირო და არც _ ბარიკადები.
ახლა ხალხი მხოლოდ კანონით დაშვებული მეთოდებით იბრძვის ხელისუფლების წინააღმდეგ. ვინმეს ჩამოგდება და გადაგდება გამორიცხულია.
_ ისე, მართლა ამუშავებთ რევოლუციურ სცენარებს?
_ რევოლუციურ სცენარებს არ ვამუშავებთ, მაგრამ ვმუშაობთ, თან სერიოზულად ვმუშაობთ.
_ რაზე მუშაობთ?
_ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით. რევოლუცია და გადატრიალება ჩვენი საქმე არ არის. ეს მოიგონა „ოცნებამ“. მათივე მოგონილია, რომ თითქოს ჩვენ ეკლესიაში სიტუაციას ვურევთ. იქ ხელისუფლება აფათურებს ხელს.
მერვე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და ვერაფერი გააკეთეს ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამის უნარი არ გააჩნიათ და ჰგონიათ, რომ ეს ოპოზიციის ბრალია. ისე ხატავენ სურათს, ვითომ ჩასაფრებულები ვართ, რომ მათ არაფერი გააკეთონ.
ვინ შეუშალა ხელი? რამის გაკეთება თუ შეეძლოთ, ეკეთებინათ. 8 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ რაღაც გააკეთო.
სირცხვილიც კი არის, როცა ოპოზიციისკენ იშვერენ ხელს. მაგათ ადგილზე მე ვინმესკენ თითის გაშვერის შემრცხვებოდა.
_ რატომ შეგრცხვებოდათ?
_ „ოცნების“ ხელისუფალი რომ ვიყო, მართლა შემრცხვებოდა ვიღაცისკენ ხელის გაშვერა. პროკურატურა მაგათ ხელშია, სასამართლოც, ყველა ძალოვანი მათ ემორჩილება და ვიღამ უნდა შეუშალოს ხელი.
ისე არ იფიქროთ, რომ ამ სტრუქტურებს არ იყენებენ სათავისოდ. იყენებენ, ოღონდ შავ საქმეებს აკეთებინებენ. ქვეყანა საერთოდ არ აინტერესებთ. არც ხალხის ბედი აღელვებთ მაგათ.
_ შავ საქმეებში რას გულისხმობთ?
_ ყველანაირ უკანონობას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. თავად სჩადიან დანაშაულს და „ნაციონალებისკენ“ იშვერენ ხელს, რომელიც ხელისუფლებიდან 2012 წელს წავიდა.
_ ისევ საეკლესიო სკანდალის თემას დავუბრუნდები და ეს რატომ დააბრალეს ყოფილ ხელისუფლებას?
_ აბა, საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებდნენ? მართალი გითხრათ, ამ თემაზე საუბარი არ მინდა. ვერ ვხვდები, რა ხდება. ბევრი უცნაური რამე განვითარდა ეკლესიაში. დაპირისპირებული მხარეები ძალიან უცნაურად იქცევიან. მეუფე პეტრემაც იჩქარა და ნაადრევად გააკეთა განცხადებები. მეორე მხარეც უცნაურ რამეებს ამბობს. მოკლედ რომ გითხრათ, ორივე მხარე ეჭვებს ბადებს და რომ არ დაგიმალოთ, მაგარ გაურკვევლობაში ვარ.
ამას ხელისუფლება „პატრიოტთა ალიანსს“ ვერ დააბრალებს, ვერც _ საკუთარ თავს და იმ ძალას მიადგნენ, რომელიც ცხრა წელი იყო ხელისუფლებაში, მერვე წელია, ოპოზიციაში გადავიდნენ და დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი დააკლეს.
_ ფიქრობთ, რომ „ნაციონალებს“ ხელისუფლებამ ვერაფერი დააკლო?
_ დაგვაკლო რამე? მერვე წელია, ხელისუფლებაში არიან და ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ. ჩვენ ხელწამოსაკრავი ძალა რომ ვიყოთ, ამდენს კი არ იყვირებდნენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“.
დამიჯერეთ, ხალხო, არაა პატარა საქმე, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდე, რვა წელი ოპოზიციაში იყო და არ გაქრე პოლიტიკური ასპარეზიდან.
_ დასავლეთში სულ ეგრე არ არის? ოპოზიციაში გადასული პარტიები არ ქრებიან.
_ ეგ დასავლეთია, საქართველოში კი სხვა ვითარებაა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქრთველოს ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, რომ ოპოზიციაში გადასული სახელისუფლებო ძალა პოლიტიკაში დარჩენილიყოს.
ჩვენ კი სულ სხვა რეალობა შევქმენით. ხელისუფლება დევნის ჩვენს ლიდერებს, ამის პასუხად მილიონამდე ხმა ავიღეთ არჩევნებში. ეს, ალბათ, რაღაცაზე საუბრობს. იმაზე მაინც მიანიშნებს, რომ სახელმწიფოში არის ოპოზიცია და თანაც ძალიან ძლიერი ოპოზიცია.
_ ამბობთ, ძალიან ძლიერი ოპოზიცია ვართო, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ უხერხებთ ამ ხელისუფლებას? მილიონი ხმა კი აიღეთ, მაგრამ პრეზიდენტი მაინც „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი გახდა.
_ მაგას თუ პრეზიდენტად გასვლა ჰქვია. საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკური კულტურა გაიზარდა. ახლა საქართველოში გადატრიალებებზე არავინ ფიქრობს. ყველა პოლიტიკური ძალა იმაზე მუშაობს, რომ ხალხი არჩევნებზე მიიყვანოს. ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით უნდა იცვლებოდეს.
ეს არაა პატარა მიღწევა. სულ რაღაც 30 წელია, რაც დემოკრატიაში ვცხოვრობთ. 30 წლის წინ კომუნიზმზე ვოცნებობდით(!). დღეს ყველანი ვფიქრობთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი რამეები გადავიტანეთ, იმას მაინც მივაღწიეთ, ხალხს არჩევნების სჯერა და არჩევნებზე მოდის.
_ თქვით, დემოკრატიაში ვცხოვრობთო და ჩვენს დღევანდელ ყოფას დემოკრატია ჰქვია?
_ ეს არის ქართული დემოკრატია, ამას ჩვენ 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ევროპის ქვეყნები 200 და 300 წელია, რაც დემოკრატიაში ცხოვრობენ. იმათთან მისვლა ცოტა გაგვიჭირდება, ამიტომ მათ ნუ ვედრებით. უბრალოდ, ავდგეთ და ჩვენი საკუთარი მოდელი შევქმნათ.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთის ქვეყნები კოსმოსიდან კომპიუტერებით იმართება. ჩვენ ჯერ ისევ საანგარიშოზე ვითვლით.
_ კოსმოსი ახსენეთ და ივანიშვილს ერთ შეფასებაზე მაინტერესებს თქვენი აზრი: „ოცნების“ ლიდერის თქმით, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები, არამედ ქართული სუფრაა, ეს ასეა?
_ ახლა ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! ბიძინა ივანიშვილზე შტერი პოლიტიკოსი საქართველოს არ ჰყოლია. უბედურება ისაა, რომ ეს შტერი ძალიან დიდი ფულის პატრონია. მას ფულის შოვნის ნიჭი ნამდვილად აქვს. ქვეყნის მართვაზე წარმოდგენაც კი არ გააჩნია. მის მაგალითზე თაობებს უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება უნიჭომ მართოს ქვეყანა.
_ თქვენ „შტერი“ ეძახეთ და ყველა გააფარჩაკა, ვინც მის წინააღმდეგ წავიდა.
_ ყველა გააფარჩაკაო, მთლად მასე ვერ ვიტყვით, მან გააფარჩაკა ისინი, ვინც ფულს ხელი მოჰკიდა.
_ რას გულისხმობთ?
_ ვინც ფულით გაისვარა, ისინი გააფარჩაკა. ავიღოთ თუნდაც კვირიკაშვილი. რამდენიმე თვეა, ეს კაცი „ბუქსაობს“, ხან შემოდის პოლიტიკაში, ხან გადის. ერთ ნაბიჯს წინ გადადგამს, ორს _ უკან.
ასე იმიტომ იქცევა, რომ გასვრილია და ივანიშვილს ყურებით ჰყავს დაჭერილი. ადამიანს როცა გასვრი, მისი მართვა უკვე ძალიან ადვილია.
_ თავად ივანიშვილიც ხომ გასვრილია?
_ 7 მილიარდი რომ აქვს კაცს, ის რაც არ უნდა გასვრილი იყოს, მასთან ჭიდაობა მაინც გლახა ამბავია. თან ეგ იმდენჯერაა უკვე გასვრილი, რომ მიჩვეულია ამ უბედურებებს. მე წესიერ ადამიანებზე ვსაუბრობ. წესიერ ადამიანს რომ გასვრი, მისი მართვაა იოლი. კვირიკაშვილიც წესიერი კაცი იყო.
_ კვირიკაშვილი წესირი კაცი იყო?
_ მას ნამდვილად ჰქონდა წესიერი კაცის სახელი. მერე გასვარა ბიძინამ და ახლა მართავს, როგორც უნდა. ფულში გასვრილი კვირიკაშვილი ვერ შემოდის პოლიტიკაში.
_ რატომ ვერ შემოდის? ჩვენი საზოგადოება კორუმპირებულ ჩინოსნებს მოწყალე თვალით უყურებს.
_ ეს იმის ბრალია, რა დონეზეც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ღმერთს მადლობა, რომ ხმამაღლა რაღაცებზე ვსაუბრობთ.
სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკაში მრავლად არის ისეთი ხალხი, ვისაც ურჩევნია, 10 წლის მანძილზე გადაჭამოს ქვეყანა და მერე ამაზე პასუხი აგოს.
_ ვინ აგო ქვეყნის გადაჭმაზე პასუხი? წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ციხეში სულ სხვა ბრალდებით სხედან.
_ ეგენი იმიტომ სხედან, რომ ოპოზიციის ლიდერები არიან. ახლა ხელისუფლება რომ შეიცვლება, ნახავთ, რამდენი წავა ციხეში. ვინც კანონი დაარღვია, ყველა ციხეში უნდა წავიდეს. არანაირი პატიება! კოჰაბიტაცია არა კვატი. ხალხი ვინც გაქურდა და ასეთ გაჭირვებამდე მიიყვანა, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი! აგებენ კიდევაც პასუხს.
_ ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა ამბობს, რომ დაჭერები არ უნდა იყოსო.
_ მაგას ბოკერია ამბობს. ოპოზიციას არაფერი უთქვამს.
_ ბოკერია არ არის ოპოზიცია?
_ ბოკერია ოპოზიციაა? რა ვიცი, აბა. ის ოპოზიციაში იყო თავიდან. ეს ადამიანი არის უაღრესად განათლებული, მაგრამ მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მან ეს შეცდომები ქვეყნის წინაშე დაუშვა.
ახლა მას სხვა გამოსავალი არ აქვს და ყველაფერზე წასვლა მოუწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ვა-ბანკზე წავა.
_ ბოკერიას თავი დავანებოთ და თქვენს პარტიაზე ვისაუბროთ. „ნაციონალური მოძრაობა“ რას იზამს? პარტიის ლიდერი ქვეყნიდან არის გაქცეული.
_ მერე რა, რომ გაქცეულია? ეს არაფერს ცვლის. 2013 წელს დატოვა საქართველო და რაზე გვეტყობა, რომ საქმეს თავს ვერ ვართმევთ?
მიშა სააკაშვილის სიძლიერე იცით, რა არის? _ ის ქვეყნიდან გაქცეულია, მაგრამ მაინც ახერხებს და ძალას გვაძლევს. მასთან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია.
_ გასაგებია, რომ კომუნიკაცია გაქვთ, მაგრამ სხვა ქვეყნიდან პარტიის მართვა ძნელი არ არის?
_ ძნელი კი არა, მაგარი ძნელია, მაგრამ მაინც ახერხებს. ახერხებს იმიტომ, რომ ძალიან მაგარია. მას გუნდიც კარგი ჰყავს და აქ დარჩენილი ლიდერებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან.
_ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი არის ნიკა მელია, რომელსაც ელექტროსამაჯური გაუკეთეს და თავისუფლება შეუზღუდეს.
_ ნიკა არის ძალიან მაგარი, ნამდვილი მეომარია! ასეთი ლიდერი, თითქმის, არც ერთ პარტიას არ ჰყავს.
_ სახლში რომ არის გამოკეტილი ეს მეომარი ლიდერი?
_ ეგ დროებითია. შემთხვევით არ გითხარით, რომ ნიკა მეომარი ბუნებისაა და მისი გაჩერება ასეთი იოლი არ იქნება.
ნიკა ისედაც აქტიურია, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ მისი ძალიან გააქტიურება ჯერ საჭირო არ არის. ჩვენთვის კარგი იქნებოდა, ნიკას სრული ძალებით რომ ემოქმედა, მაგრამ ამის გამო მას დაიჭერენ.
ამიტომ უმჯობესია, ის ნახევრად აქტიური იყოს. ციხეში მყოფი ნიკა მელია ვერ დაგვეხმარება. ჩვენ ცოტა უფრო შორს ვიხედებით და ნიკა მაშინ იქნება ჩვეულ ფორმაში, როცა ამას საჭიროდ მივიჩნევთ.
_ შორს ვიხედებითო და არჩევნებს გულისხმობთ? არჩევნებისთვის უნდა იყოს მელია ჩვეულ ფორმაში?
_ რა თქმა უნდა. ნიკას აქტიურობა მაშინ იქნება ყველაზე საჭირო და აუცილებელიც კი. ამიტომ ახლა ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ხელისუფლებას მისი დაკავების საბაბი არ მივცეთ.
_ ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია შეძლებს ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებას?
_ ერთ პარტიად არ უნდა გავერთიანდეთ. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ერთად უნდა დავდგეთ, ეს აუცილებელია. ჩვენ სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს.
ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა და ერთიანი ძალებით არ დაუპირისპირდა ამ მონსტრს, არაფერი გამოვა.
პარტიების დიდი ნაწილი მართლა დადგება მის წინააღმდეგ, მაგრამ ისეთებიც აღმოჩნდებიან, რომლებიც მის თამაშს ითამაშებენ.
_ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრობთ?
_ რა თქმა უნდა. მასაც ხომ ჰყავს თავისი სატელიტი პარტიები. სიმართლე გითხრათ, მათი დიდად არ მეშინია. მათ სერიოზულ კონკურენტებად არ მივიჩნევ.
_ რატომ?
_ ეგენი ყველა ფულის ხალხია.
_ ფულის ხალხი საშიში არ არის?
_ გულანთებულ ადამიანსა და ფულის კაცს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მაგიტომაც არ მივიჩნევ სატელიტ პარტიებს სერიოზულ ძალად. გულანთებული პოლიტიკოსებიც და ხალხიც სულ სხვანაირად უდგებიან საქმეს.
_ ხალხი რა პოზიციას დაიკავებს არჩევნებზე, მათ მიშას დაბრუნებით კიდევ აშინებენ.
_ ამ ლოზუნგს 2020 წლის არჩევნებზე ვეღარ გამოიყენებენ. ხალხი მიხვდა, რომ ეს სისულელეა. ამასთან, როცა ხალხს კუჭი ცარიელი აქვს, მისთვის სულერთია, მგელი შეჭამს თუ მგლისფერი ძაღლი.
_ შარშანდელ არჩევნებზეც ცარიელი კუჭი ჰქონდა ხალხს, მაგრამ გაჭრა ამ ლოზუნგმა.
_ შარშან ხალხს ასეთი ცარიელი კუჭი არ ჰქონია. თან ათ დღეში ოლიგარქმა 600.000 კაცი იყიდა. ვალების ჩამოწერა მეტი კი არაფერი იყო. ამას ვერაფერს დავუპირისპირებდით.
_ რა გარანტია გაქვთ, რომ 2020 წელსაც არ იყიდის ამომრჩეველს?
_ ვინ გითხრათ, რომ გარანტია გვაქვს? არანაირი გარანტია არ არის!
_ აბა, ასე იმედიანად რატომ ხართ განწყობილი?
_ იმედიანად იმიტომ ვარ განწყობილი, რომ ჩვენი მეთოდების მჯერა. ამ მეთოდებს აუცილებლად გამოვიყენებთ არჩევნებში.
_ რა მეთოდებია?
_ ამ მეთოდებს არჩევნებზე გამოვიყენებთ. ხმამაღლა გეტყვით იმას, რომ თუ გაყალბებას გაბედავენ, ხალხს გარეთ გამოვიყვანთ.
_ ოპოზიცია ყველა არჩევნების წინ ამას ამბობს, ნაარჩევნებს ამტკიცებთ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ხალხი გარეთ არ გამოგყავთ.
_ აქამდე როგორ იყო, ამაზე პასუხს არ ვაგებ, მაგრამ ახლა ბევრი რამე შეიცვალა. აქამდე ხელისუფლებასთან ასე ახლოს არ ვყოფილვარ, რომ რაღაცები გადამეწყვიტა.
_ ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნაში რას გულისხმობთ?
_ უი, ხელისუფლება ვთქვი? პარტიას ვგულისხმობდი. ეტყობა, ენამ მიყივლა და ხელისუფლებაში მოვა ჩვენი პარტია. აქამდე მე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ ვყოფილვარ და ამიტომ არ ვაქტიურობდი. ახლა ამ პარტიის წევრი ვარ და მათთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა კიდევ ერთხელ არ მოჰპაროს ხალხს არჩევანი.
ახლა არჩევანის დაცვა ქვეყნის გადარჩენას ნიშნავს. „ოცნება“ თუ ხელისუფლებაში დარჩა, ქართული სახელმწიფო ჩამოიშლება, ჩვენ კი დაშლილ ქვეყანაში ცხოვრება არ გვსურს.
იცოდეს ივანიშვილმა, რომ თუ არჩევნების გაყალბებას გაბედავს, დიდ საპროტესტო მოძრაობას მიიღებს. ამაში მთელი ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას.
_ ფიქრობთ, რომ ეს აქციები შედეგს გამოიღებს?
_ მაგაში ეჭვიც არ მეპარება. ხალხის პროტესტს ყოველთვის მოაქვს შედეგი.
_ ამ ზაფხულს მიმდინარე აქციებმა რატომ არ გამოიღო შედეგი?
_ იმიტომ, რომ მაგ აქციაზე პოლიტიკოსები არ იყვნენ. აქციის ორგანიზატორებმა პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლაც კი აუკრძალეს, სანდრას მიკროფონი არ ჩაურთეს, გიორგი ვაშაძეს უსტვინეს. შესაბამისად, არც შედეგი დადგა.
მე აპოლიტიკური აქციების არ მესმის. აქციამ შედეგი რომ გამოიღოს, ის დიახაც, უნდა იყოს პოლიტიკური. გაბედავს ივანიშვილი გაყალბებას? _ მიიღებს საყოველთაო პროტესტს. ხალხის ნების წინააღმდეგ ჯერ არც ერთ ხელისუფალს არ გაუმარჯვია.

შორენა მარსაგიშვილი