ვეტერანი ქართველი ავტომრბოლელების უცოხური ტრიუმფი

ახლახან ლიეტუვაში, კერძოდ, კაუნასში, ავტოსპორტის პრესტიჟული „კაუნასის შემოდგომა“ ჩატარდა, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მართალია, ეს შეჯიბრი 46 წელია, ტარდება, მაგრამ ქართველმა ავტომრბოლელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა. კაუნასში ორი ქართული ეკიპაჟი წავიდა, რომლის შემადგენლობაშიც დავით ჩაჩანიძე, ოთარ არჯევანიძე და მამუკა ჯანელიძე იყვნენ. მეოთხე სპორტსმენმა კაუნასში ჩასვლა ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო _ სტარტის წინ ძმა გარდაეცვალა.

რატომ დაინტერესდა „ქრონიკა+“ ამ თემით? _ ქართველი „გონშჩიკები“ ვეტერანები არიან და, რაც მთავარია, ამ პრესტიჟულ შეჯიბრში არნახულ წარმატებას მიაღწიეს _ პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს და ეს მაშინ, როცა ავტოსპორტს, განსაკუთრებით კი ამ სპორტის ვეტერანებს, სახელმწიფოსგან ხელშეწყობა არ აქვს! მეტიც, ჩვენი ვეტერანების წარმატების შესახებ საქართველოში არავის არაფერი გაუგია, არადა, „კაუნასის შემოდგომაში“, როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, მსოფლიო ავტოსპორტის ლეგენდები მონაწილეობდნენ!
„ქრონიკა+“ ვეტერან ავტომრბოლელებს _ დავით ჩაჩანიძეს, ოთარ არჯევანიძესა და მამუკა ჯანელიძეს ესაუბრა.

დათო ჩაჩანიძე:
_ შეჯიბრი „კაუნასის შემოდგომა“ უკვე 46 წელია, ტარდება და მთავარი ჯილდო ძმებ გიდაუსკასების სახელობის პრიზია. სიმართლე რომ ვთქვათ, „კაუნასის შემოდგომა“ ავტორალიში არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატია და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი სპორტსმენები მონაწილეობენ. წელს ჩემპიონატში სულ 215 ეკიპაჟი მონაწილეობდა.
_ მსოფლიოს ამ არაოფიციალურ ჩემპიონატში საქართველოს მონაწილეობა აქამდე მიუღია?
_ არა… მოკლედ, ამ 215-დან 55 ეკიპაჟი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი იყო, 160 კი _ „ნაგიჟარი“ და ჩვენც, ანუ ქართველებიც, ამ „ნაგიჟრებში“ ვიყავით.
_ „ნაგიჟარი“ რას ნიშნავს?
_ ძალიან მაგარს.
_ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ძალიან მაგრები ხართ?

მამუკა ჯანელიძე:
_ ჩვენ რას ვფიქრობთ, ეგ სხვა საქმეა, უბრალოდ, ბედმა გაგვიღიმა და მოვხვდით.

ოთარ არჯევანიძე:
_ ამ შეჯიბრში ყველა სახეობის მანქანა მონაწილეობდა, მათ შორის, სპორტულიც, თუმცა ყველას თავისი, ანუ ინდივიდუალური ჩათვლა ჰქონდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატში მოქმედი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ, მოყვარულებიც და ვეტერანებიც.
_ თქვენ ვეტერანებში გადიოდით, არა?
_ დიახ.

დათო:
_ ეს ჩემპიონატი იმდენად პრესტიჟულია, რომ ყველამ _ ახალგაზრდამ და ვეტერანმაც _ იცის, რომ მასში მონაწილეობა რაღაცას წარმოადგენს და მნიშვნელობა არ აქვს, მოიგებ თუ წააგებ.
სხვათა შორის, ამ ჩემპიონატში მონაწილეობას საკუთარი სურვილით ვერ მიიღებ.
_ აბა, როგორ უნდა მიიღო?
_ ორგანიზატორებმა უნდა მიგიწვიონ.
_ თუ 46 წლის განმავლობაში საქართველოს ამ პრესტიჟულ ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია, ახლა ორგანიზატორებს საიდან გაახსენდით?

ოთარი:
_ ისტორიას გადახედეს და ნახეს, ვინ რას წარმოადგენს.
_ ამ ისტორიას აქამდე რატომ არ ნახულობდნენ?

დათო:
_ ძალიან კარგი კითხვაა.
უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრა შოთა აფხაზავას, რადგან ამ შეჯიბრზე სწორედ მისი დახმარებით წავედით… მოკლედ, საქართველოში ვეტერანი ავტომრბოლელები სულ ცაიტ-ნოტში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის ტრასაზე შესვლის ხუთასი ლარი ყველას აქვს, ანუ ძველებს ალმაცერად გვიყურებდნენ. ავტოფედერაციის პრეზიდენტად შოთა აფხაზავა რომ დაინიშნა, მივედი და ვუთხარი, ვინც ვიყავი. ერთი სიტყვით, ვეტერანებთან შეხვედრა გაკეთდა, რომელსაც 130 ადამიანი ესწრებოდა.
_ ანუ მანამდე ვეტერან ავტომრბოლელებს არავინ არაფრად გაგდებდათ, სწორად გავიგე?
_ დიახ. აი, მაგალითად, ოთარს საქართველოში ისე არავინ იცნობს, თორემ ლატვიაში ამის სურათებია გამოფენილი _ თავის დროზე „24“-ით დადიოდა, პრიზიორი და ჩემპიონია. იგივე მამუკა „რალისტი“ და ავტოკროსში გარდამავალი პრიზის მფლობელია, ევროპის ზონალურზე მეორე ადგილი აქვს მოგებული. საკუთარ თავზე არაფერს ვიტყვი.

ოთარი:
_ მოკლედ, შოთამ ვეტერანების შეკრება ორჯერ თუ სამჯერ ჩაატარა და ხალხი მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან კი არა, მთელი მსოფლიოდან ჩამოიყვანა.
_ აფხაზავამ ვეტერანთა ჩემპიონატი სად ჩაატარა?
_ რუსთავში. მაშინ ლიტველებიც ჩამოვიდნენ, უფრო ახლოს გაგვიცნეს, წელს თავისთან ამიტომაც მიგვიწვიეს და „ლეგენდებზე“ დაგვსვეს.

დათო:
_ მოკლედ, გული რომ არავის დაწყვეტოდა, აქ ერთგვარი შერჩევა ჩავატარეთ და წლიურ რბოლაზე ვინც ყველაზე კარგად ვიარეთ, ისინი წავედით.
_ როგორც ვიცი, შოთა აფხაზავა ავტოფედერაციის პრეზიდენტი აღარ არის, არა?

დათო:
_ დიახ, ასეა, თუმცა შიდა სამზარეულოში ჩახედვა შორს წაგვიყვანს. სხვათა შორის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ შეჯიბრში მონაწილეობა რომ მიგვეღო, აფხაზავასთან ერთად, დიდი წვლილი ვლადიმერ შახბეკოვმაც გაწია, თუმცა თვითონ შეჯიბრში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან სტარტის წინ ძმა გარდაეცვალა.
_ ერთი სიტყვით, კაუნასში სამნი წახვედით?
_ დიახ.
_ თითო ეკიპაჟი ხომ ორი ადამიანისგან შედგება?
_ კი და რადგან შახბეკოვი ვერ წამოვიდა, მამუკა შტურმანის გარეშე დარჩა, მაგრამ მასპინძლებმა გვითხრეს, პრობლემა არ არის და შტურმანს მოგიძებნითო.
_ ამ დონის შეჯიბრში მონაწილეობა დიდი ხანია, აღარ მიგიღიათ და საკუთარი შესაძლებლობების იმედი გქონდათ?

ოთარი:
_ კი გვქონდა.
_ ანუ გამარჯვებისთვის მზად იყავით?

მამუკა:
_ პირველ-მეორე ადგილზე შეიძლება, არ ვფიქრობდით, მაგრამ იმის განცდა ნამდვილად გვქონდა, რომ საპრიზო ადგილებს ავიღებდით.

ოთარი:
_ სიმართლე რომ ვთქვათ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, გავიმარჯვებდით თუ არა, რადგან ეს შეჯიბრი კი არა, ნამდვილილი დღესასწაული იყო _ ლეგენდა ხალხი შეიკრიბა!

მამუკა:
_ ქუთაისიდან ვილნიუსში ჩავფრინდით, საიდანაც კაუნასი, ანუ ის ადგილი, სადაც შეჯიბრი ტარდებოდა, ასი კილომეტრითაა მოშორებული. ვილნიუსში ავტომანქანით დაგვხვდნენ და კაუნასში წაგვიყვანეს.

ოთარი:
_ სხვათა შორის, სანამ არ ჩავედით, არ ვიცოდით, რა მანქანებზე უნდა დავმსხდარიყავით.

მამუკა:
_ სერიოზულ შეჯიბრში პირადად მე ბოლოს 2001-ში, ანუ 18 წლის წინ ვიარე.

ოთარი:
_ მე კი აქტიურ სპორტს 1992 წელს დავანებე თავი.

დათო:
_ ჩვენ დაზვერვაზე წავედით და რომც არ გაგვემარჯვა, ამ შეჯიბრში მონაწილეობა უკვე დიდი პრესტიჟია!
_ საბედნიეროდ, გაიმარჯვეთ, თუმცა ამის შესახებ საქართველოში არავის გაუგია. ამას რით ხსნით?

მამუკა:
_ ყველაფერს გაშუქება უნდა.

ოთარი:
_ მოკლედ, ჩავედით კაუნასში და იმავე დღეს „ოცდაოთხი“ მოგვცეს.
_ ანუ შეჯიბრში მონაწილეობა „24-ით უნდა მიგეღოთ?
_ დიახ.
_ მასპინძლებმა არჩევანი „24“-ზე იმიტომ გააკეთეს, რომ პოსტსაბჭოთა სპორტსმენები ხართ?

ოთარი:
_ არა, უბრალოდ, ანტიკვარი მანქანა უნდა ყოფილიყო. ჩვენს კლასში „პობედაც“ იყო. სხვათა შორის, თავის დროზე, მე „ოცდაოთხით“ დავდიოდი. ისე, თავიდან ვიფიქრე, რომ ამ მანქანით მონაწილეობა ცოტა გამიჭირდებოდა.
_ რატომ?
_ ჩვეულებრივი, სტანდარტული „ოცდაოთხი“ იყო, მაგრამ იმდენი გავაკეთეთ, რომ პირველ-მეორე ადგილებზე გავედით.
_ ისე, როგორც ვიცი, ტრასაზე ერთ-ერთ მონაწილესაც დაეხმარეთ. აბა, ამაზე მიამბეთ.

მამუკა:
_ იცით, შეჯიბრი როგორ ტარდება?
_ როგორ?
_ ყველა ეკიპაჟს შორის ინტერვალი ერთი წუთია, ანუ სტარტიდან ერთი ეკიპაჟი რომ გადის, მეორე ერთ წუთში მიჰყვება.
სხვათა შორის, ერთი კურიოზი მოხდა: ადგილობრივი ახალგაზრდობა რუსულად, პრაქტიკულად, ვერ ლაპარაკობს, მე კი ინგლისური არ ვიცი. ჩემი შტურმანი, რომელიც მასპინძლებმა მომცეს, ახალგაზრდა გოგონა იყო. გზა შტურმანმა უნდა გიკარნახოს, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვაგებინებდით. მოკლედ, ამ გოგოს დედამ, თურმე, რუსული იცოდა და მარჯვენა ხელზე „პრავი“ დაიწერა, მარცხენაზე _ „ლევი“, ზევიდან კი _ „პრიამა“. ჰოდა, ამ სამი სიტყვით ვიარეთ.
_ სულ რამდენი კილომეტრი იარეთ?
_ 80.
რაც შეეხება დახმარებას, ევგენი ტუმალიავიჩუსი მსოფლიოში ცნობილი მრბოლელია. ჰოდა, საბურავი გაუსკდა და დასახმარებლად გავაჩერეთ. არადა, გაჩერება არ შეიძლება.
_ აბა, რატომ გაჩერდით?

ოთარი:
_ მე და დათო ერთ ეკიპაჟში ვიყავით, დათო შტურმანი იყო. „შტრაფი“ გვქონდა აკიდებული. დათოს ვუთხარი, მაინც „შტრაფი“ გვაქვს და რამდენი უნდა დავაგვიანო, ეს ადამიანი პირველია და მოდი, დავეხმაროთ-მეთქი.
_ სპორტში ასეთი რამეები ხომ არ ხდება?
დათო:
_ არა, მაგრამ ქართული ჯიგარი და სულია!

ოთარი:
_ ის გვეჩხუბებოდა, წადით, წადითო, მაგრამ მაინც დავეხმარეთ.
_ ამ დახმარებისთვის კიდევ ხომ არ „დაგშტრაფეს“?
_ არა.
_ რატომ?
_ ჯერ ერთი, დროში ჩავჯექით, მეორეც ეს მაშინ მოხდა, როცა ერთი პუნქტიდან მეორეში მივდიოდით, ანუ ამ დროს რბოლა არ იყო.
_ ყველაფერ ამის მიუხედავად, გამარჯვება მაინც შეძელით, არა?
_ დიახ, ჩვენს კლასში მე და დათო მეორე ადგილზე გავედით, მამუკა კი _ პირველზე! აბსოლუტურში მესამე და მეექვსე ადგილები ავიღეთ.

მამუკა:
_ აბსოლუტურში 55 მანქანა მიდიოდა და ამდენ მანქანაში მესამე და მეექვსე რომ მოხვალ, ეს რეზულტატი არაა?

ოთარი:
_ თან რა მანქანებით მივედით, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა!

მამუკა:
_ 25 დეკემბერს საშობაო შეჯიბრი აქვთ და ისევ გვეპატიჟებიან.
_ ავტოსპორტში ქართველ მრბოლელებს ასეთი წარმატებისთვის ოდესმე მიუღწევიათ?

დათო:
_ ვეტერანებში _ არავის!
_ ამ წარმატებამ, როგორც ვეტერან სპორტსმენებს, რა მოგცათ?

მამუკა:
_ პირველმა ადგილმა კი არა, ამ შეჯიბრში მონაწილეობამ იცით, რა მომცა? _ აი, ის ტუმალიავიჩიუსი, ვისაც მივეხმარეთ, ახალგაზრდობაში მყავს ნანახი, როგორ დადიოდა. ამ შეჯიბრში შევხვდი ადამიანს, რომლის აწყობილი ძრავითაც ახალგაზრდობაში დავდიოდი.
_ ისე, სპორტული ტექნიკა რომ შეადაროთ, უცხოელი ვეტერანები რამით გჯობიან?
_ სხვაობა დიდია.
_ ანუ ისინი უფრო წინ არიან?
_ დიახ.
_ აბა, ეს შედეგი როგორ დადეთ?

დათო:
_ ჯიგრით!

მამუკა:
_ იცით, რა არის? _ სხვებმა, ალბათ, შეცდომები დაუშვეს. ისე, შტურმანად ის ადგილობრივი გოგო რომ არ მყოლოდა, ალბათ, ვერ მოვიგებდი.
_ ზოგადად, საქართველოში ავტოსპორტი განვითარებული რატომ არ არის? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ხომ ბიზნესიცაა?

ოთარი:
_ ეს მილიონერების სპორტია!
_ მერე, საქართველო მილიონერების ნაკლებობას არ უჩივის. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში არაერთი მილიონერია.

მამუკა:
_ უცხოეთში ამ სპორტში მთელი ქვეყანაა ჩართული, ჩვენთან კი ხელშეწყობა ნაკლებია.
_ რატომ?

ოთარი:
_ თავიდანვე არ აინტერესებთ.

დათო:
_ პირდაპირ გეტყვით: როგორც სპორტის სხვა სახეობაში, აქაც შური, ბოღმა, ღვარძლი და ხელის შეშლაა!

ოთარი:
_ უცხოეთში ისინი, ვინც ამ სპორტში იყვნენ ჩართულები, სპორტიდან წასვლის შემდეგ დაასაქმეს.
_ ანუ ჩვენს სახელმწიფოს ფეხზე კიდიხართ, არა?

დათო:
_ დიახ. ერთადერთი, ვინც წვალობს, აფხაზავაა, მაგრამ მაგასაც ხელს უშლიან.

ოთარი:
_ თვითმფრინავში რომ ნახეს, ამდენი თასი გვქონდა, იკითხეს, რა მოხდაო და მოგვილოცეს.
_ ქართველებმა?
_ არა, ეკიპაჟმა, ანუ ბორტგამცილებელმა გამოაცხადა, ჩვენს ბორტზე ვეტერანი სპორტსმენები იმყოფებიან, რომლებიც სამშობლოში ხელდამშვენებულები ბრუნდებიანო და მთელი თვითმფრინავი ტაშს გვიკრავდა. აქ კი რომ ჩამოვედით, კაციშვილსაც არ დაურეკავს!

დათო:
_ სხვათა შორის, ტუმალიავიჩუსს რომ დავეხმარეთ, ეს ყველამ გაიგო და მერე გვეუბნებოდნენ, თქვენ ვინ ხართ, უცხოპლანეტელებიო?!
_ საბჭოთა კავშირის დროსაც არ გაფასებდნენ?

ოთარი:
_ მაშინაც ბალტიისპირეთში უფრო მეტ პატივს მცემდნენ, ვიდრე _ საქართველოში.

მამუკა:
_ ბალტიისპირეთში სპორტის სახეობებს შორის პირველ ადგილზე ავტოსპორტია, მერე კი კალათბურთი მოდის.
სხვათა შორის, ჩემს ერთ ტიტულზე გეტყვით: იყო ასეთი სპორტსმენი, შოთა მამრიკიშვილი _ წრიულ რბოლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ქუთაისში ზედიზედ სამჯერ შოთა მამრიკიშვილის სახელობის რალი-კროსი ჩატარდა. თასი გარდამავალი იყო, ანუ ვინც ამ შეჯიბრს სამივეჯერ მოიგებდა, ეს თასი მას დარჩებოდა და ეს შეჯიბრი სამივეჯერ მე მოვიგე.
_ იმისთვის, რომ საქართველოში ავტოსპორტი განვითარდეს, პოლიტიკური ნებაა საჭირო?

მამუკა:
_ აუცილებლად, სახელმწიფოსგან მხარდაჭერაა საჭირო, ანუ შოთა აფხაზავასავით ადამიანია საჭირო, რომელიც ამ სპორტს გვერდით დაუდგება.
_ ახალგაზრდებში ავტოსპორტის მიმართ ინტერესი არსებობს?
_ რა თქმა უნდა. თუ ეს სპორტი განვითარდება, ახალგაზრდები ქუჩა-ქუჩა ბირჟაობას თავს გაანებებენ და ბევრ ხათაბალას გადარჩებიან!

ოთარი:
_ შეიძლება, ყველა დიდი სპორტსმენი არ დადგეს, მაგრამ ეცოდინება, წვიმის დროს მანქანა როგორ უნდა მართოს!

მამუკა:
_ გაწვიმება რად გინდა, დაბნელდება თუ არა, ხალხი უკვე აცა-ბაცად დადის!
სხვათა შორის, კონტრავარიული მომზადების სკოლა მქონდა, ხუთი-ექვსი წელი არსებობდა და მთელმა სპეცსამსახურებმა მომზადება იქ გაიარა. ბიჭები ახლაც მირეკავენ და მადლობას მეუბნებიან.
_ ე. ი., ავტოსკოლებისთვის რეგულაციებია საჭირო?

ოთარი:
_ ეს ავტოსკოლები მოძრაობის წესებსა და მანქანის გადაადგილებას ასწავლიან. კონტრავარიული და ექსტრემალური ტარება კი სხვა თემაა. მართვის მოწმობის ასე მარტივად გაცემა არ შეიძლება.
_ რატომ?
_ უამრავი ადამიანი მართვის მოწმობას აიღებს თუ არა, ინსტრუქტორის ძებნას იწყებს, ქალაქში სიარულს შევეჩვიოო. ასეთი რამ შეიძლება?
სხვათა შორის, მივესალმები, რომ ასაკი იცვლება და მართვის მოწმობის აღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი. 17 წლის ბავშვს ქარი უქრის და მისთვის მანქანის ნდობა არ შეიძლება, თან არც ის შეიძლება, რომ ბავშვები ასეთ ძლიერ მანქანებზე ისხდნენ _ ეს დანაშაულია!
როგორ შეიძლება, ექიმი ისე გახდე, ადამიანის აგებულება არ იცოდე, ანუ საჭესთან ვინც ჯდება, იმან მანქანის აგებულებაც უნდა იცოდეს. ზოგადად, მუსიკალური სმენა ყველას არ აქვს _ ზოგს სიმღერა შეუძლია, ზოგს _ არა და გულში მღერის. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება, ყველა მანქანით დადიოდეს, რადგან მართვის ნიჭი ყველას არ აქვს!
საჭესთან ის უნდა დაჯდეს, ვისაც მანქანა აინტერესებს და მნიშვნელობა არ აქვს, კაცია თუ ქალი. თუ მანქანას ისე უყურებ, როგორც გადაადგილების საშუალებას, კარგი მძღოლი ვერ გახდები! ნებისმიერს შევეკამათები _ 80% მანქანით იმიტომ დადის, რომ ფიქრობს, მანქანის ყიდვის საშუალება მაქვს და „მარშრუტკით“ რატომ უნდა ვიაროო!
_ ბატონებო, რა გეგმები გაქვთ?

მამუკა:
_ პირადად მე აჟიტირებული და მონდომებული ვარ, თან ლიეტუვაში გვითხრეს, ყველა შეჯიბრზე, რომელსაც ჩავატარებთ, თქვენთვის კარი ღია იქნებაო, მაგრამ ყველაფერ ამას ფული სჭირდება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მანქანები ხომ უნდა წავიყვანოთ?

დათო:
_ იმ ხალხმა, ვინც უნდა დაგვაფასოს, ძალიან კარგად იცის, სადაც ვიყავით, მაგრამ ერთი არ დაურეკავთ და არ უთქვამთ, ყოჩაღ, ბიჭებოო.
_ ანუ გულნატკენები ხართ?

მამუკა:
_ გარკვეულწილად, კი.

ოთარი:
_ არავისი არაფერი არ გვინდა, უბრალოდ, მოსულიყვნენ, ხელი ჩამოერთმიათ და მოელოცათ!

დათო:
_ მოლოცვა კი არა, ყველანაირად გიშლიან ხელს.
_ ანუ?
_ სხვათა შორის, ლიცენზია იქაურებმა მოგვცეს და მონაწილეობის თანხაც თვითონ გადაიხადეს.
_ თქვენ მართლა „შერეკილები“ ხართ?
_ ეგრე გამოდის!

გიორგი აბაშიძე