გაქცევა საქართველოდან!

ვერ ვიტყვით, რომ ემიგრაცია წმინდა ქართული მოვლენაა, ანუ საკუთარ სამშობლოს ყველა ეროვნების ადამიანი ტოვებს და უცხოეთში მიემგზავრება. სამშობლოდან წასვლის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზია. სხვათა შორის, სამოქალაქო ლექსიკონში ტერმინი „ემიგრაცია“, ანუ გასახლება ან გამგზავრება ზუსტად ასეა განმარტებული: „პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა. პოლიტიკური მიზეზებით ემიგრაცია, როგორც წესი, რეპრესიული რეჟიმის თანმხლები მოვლენაა, როდესაც რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისთვის ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა მოქალაქეებს აიძულებს, უცხო ქვეყანას შეაფარონ თავი.
რაც შეეხება ეკონომიკური მიზეზებით ემიგრაციას, იგი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. კაპიტალიზმის ეპოქაში, მას შემდეგ, რაც სამუშაო ძალამ საქონლის სახე შეიძინა, კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად, მუშახელი ერთი ქვეყნიდან მეორეში შედარებით თავისუფლად გადაადგილდება“.

XX საუკუნიდან მოყოლებული საქართველოს ემიგრაციის ტალღამ რამდენჯერმე გადაუარა. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური 1921 წლის ემიგრაცია გახლდათ. მოგეხსენებათ, სწორედ ამ წელს ჩვენს ქვეყანაში ბოლშევიკები შემოიჭრნენ და ე. წ. პირველი რესპუბლიკის სათავეში მყოფი ადამიანები იძულებული გახდნენ, საქართველო ოჯახებით დაეტოვებინათ. ეს მოვლენა ჩვენს უახლეს ისტორიაში „პირველი ემიგრაციის“ სახელით შევიდა. სხვათა შორის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სწორედ ამ „პირველი ემიგრაციის“ შთამომავალია და, თავის დროზე, 2004 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ მასზე „სტავკა“ ზუსტად ამ ნიშნით გააკეთა, ანუ ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, კერძოდ, სააკაშვილ-ჟვანიას ტანდემმა, მიიჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თუ ზურაბიშვილი, რომელიც იმხანად საქართველოში საფრანგეთის ელჩი გახლდათ, ქართულ პოლიტიკაში, უფრო კონკრეტულად, ახალი საქართველოს მშენებლობაში აქტიურად ჩაერთვებოდა.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, „ფრანგი დიპლომატი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა და, მიუხედავად იმისა, რომ მას ქართული ფესვები ჰქონდა, ამ ამბავს მაინც მოყვა აჟიოტაჟი, რადგან მანამდე არ არსებობდა პრეცედენტი, სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე და დიპლომატი მეორე სახელმწიფოს საგარეო უწყებას ჩასდგომოდა სათავეში.
ისე, ახლანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში აღზევება ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომა იყო… თუმცა, ამჯერად, „ქრონიკა+“ სალომე ზურაბიშვილზე კი არა, იმის შესახებ აპირებს საუბარს, თუ რატომ გაიზარდა ბოლო დროს ემიგრაცია, ანუ რატომ ტოვებს შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს?
აქვე იმასც გეტყვით, რომ მართალია, საქართველოს ემიგრანტ მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილსა თუ ქვეყანაში შეხვდებით, მაგრამ ყველაზე მეტი ჩვენებური, 2016 წლის მონაცემების თანახმად, ათ ქვეყანაშია.
„მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა, მათ შორის, 45,4 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 54,6 პროცენტი _ ქალი.
„საქსტატის“ მონაცემებით, ემიგრანტთა 66,1 პროცენტი საზღვარგარეთ წასვლამდე საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა, ხოლო 33,9 პროცენტი _ სასოფლო დასახლებებში.
ემიგრანტთა 31,6 პროცენტისთვის წინა საცხოვრებელ ადგილს ქალაქი თბილისი წარმოადგენდა, 22,9 პროცენტისთვის _ იმერეთის, ხოლო 12,5 პროცენტისთვის _ ქვემო ქართლის რეგიონი.
ემიგრირებულთა ძირითად ნაწილს 20-54 ასაკობრივი ინტერვალის მოსახლეობა (ემიგრანტების 75,1 პროცენტი) შეადგენს. 39 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცები სჭარბობენ.
როგორც აღწერის შედეგებმა აჩვენა, ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთსა და თურქეთში.
რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და ესპანეთში ემიგრანტი ქალები სჭარბობენ.
საქართველოს ემიგრანტი მოქალაქეების პროცენტულობა კი, ქვეყნების მიხედვით, ასეთია: 1. რუსეთის ფედერაცია _ 21%; 2. საბერძნეთი _ 15,9%; 3. თურქეთი _ 11,2%; 4. იტალია _ 10,9%; 5. გერმანია _ 7,1%; 6. აშშ _ 5,7%; 7. ესპანეთი _ 4,1%; 8. საფრანგეთი _ 3,7%; 9. უკრაინა _ 3,7%; 10. აზერბაიჯანი _ 2%“, _ ეს ინფორმაცია სამი წლის წინ, ანუ 2016-ში „საქსტატმა“ გაავრცელა.
მას შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური პირობები რამდენჯერმე გაუარესდა, შესაბამისად, საქართველოდან წასულთა რიცხვმა ისევ იმატა. მართალია, ხელისუფლება ემიგრაციის გაზრდას არ ადასტურებს და ყველაფერს ოპოზიციის ფანტაზიად ნათლავს, მაგრამ „საქსტატი“, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციაა, სხვა მონაცემებს აქვეყნებს.
ასე, მაგალითად, მიმდინარე წლის აპრილში იგივე „საქსტატმა“ საზოგადოებას აუწყა, რომ 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 15.8 პროცენტით გაიზარდა და 98.935 ადამიანით განისაზღვრა.
„ემიგრანტების 86.6 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.
გასულ წელს იმიგრანტების რიცხოვნობა 5.9 პროცენტით გაიზარდა და 88.152 ადამიანი შეადგინა. მათი 84.5 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში იყო.
2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 723 464 ადამიანი იყო და წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს, 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4.614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10.783)“, _ იუწყებოდა „საქსტატი“ რამდენიმე თვის წინ.
ემიგრაციის ზრდის უმთავრესი მიზეზი, როგორც ვთქვი, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, ანუ მასობრივი უმუშევრობა, ლარის გაუფასურება და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიუღებლობაა. შეიძლება, ამ უკანასკნელს მასობრივი სახე არ აქვს, მაგრამ პირადად მე ბევრისგან მომისმენია, რომ ვთქვათ, რომელიმე საჯარო სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ იმის გამო, რომ „ოცნების“ მხარდამჭერი არ არის, საბოლოოდ, დასაქმებაზე უარი უთხრეს. ასეთ დროს ადამიანს, ცხადია, გული უტყდება და იძულებული ხდება, თავის გადასარჩენად პროფესიაზე უარი თქვას და ვაჭრობას მიჰყოს ხელი, თუმცა, როგორც ირკვევა, ბოლო დროს ეს საქმეც არ ამართლებს და ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდი ვითარება პროვინციებშია _ ლარის გაუფასურებისა და იმპორტირებული პროდუქციის გამო წვრილი, ანუ ე. წ. უბნის მაღაზიების უმეტესობა (სოფლებში ასეთი მაღაზიები, როგორც წესი, „გარაჟებშია“ გახსნილი) დაიკეტა.
ამასთან, ისიც სათქმელია, რომ პერიფერიებში ვაჭრობა, უმეტესად, „პოსლეზე“ ხდება, ანუ როგორც 90-იან წლებში იყო, ხალხი პურსაც კი ნისიად ყიდულობს და პენსიის ან სოციალური შემწეობის მიღების დღეს ელოდება, რომ ვალი გაისტუმროს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გადაწყვეტილებას იღებენ, რომ ქვეყანა დატოვონ და იმის გამო, რომ შიმშილით არ მოკვდნენ, ემიგრაციაში წავიდნენ.
კიდევ ერთი, რითაც ე. წ. თანამედროვე ემიგრაცია 90-იანების ემიგრაციისგან განსხვავდება: მაშინ საქართველოს, უმეტესად, მანდილოსნები ტოვებდნენ, ანუ არსებობდა ერთგვარი სტერეოტიპი, რომ უცხოეთში სამუშაოს შოვნას ქალი გაცილებით ადვილად მოახერხებდა. აქედან გამომდინარე, სოციალური სქესის შეცვლაც მოხდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძირძველი ქართული დოგმა _ ოჯახი კაცმა უნდა არჩინოს, შეიცვალა და ოჯახის მარჩენალი ქალი გახდა.
ჩვენში დარჩეს და ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ემიგრაციაში წასული ქალი ოჯახში ფულს აგზავნიდა. ჰოდა, ცოლის „ფულებით“ განებივრებულ ქმარს სხვა ცოლი მოუყვანია და ახალი ცხოვრება ემიგრანტი ექსცოლის წყალობით აუწყვია.
ბოლო დროს კი ქვეყანას, როგორც ზემოთ ვთქვით, უმეტესად, ახალგაზრდები ტოვებენ. მათი ემიგრაციაში წასვლის მიზეზი უკეთესი განათლების მიღებაა.
„სართველოდან წამოსვლა არ განმიცდია, პირიქით, მიხაროდა, რომ უმოქმედო ქვეყანას ვტოვებდი. დიახ, საქართველო ის ქვეყანა არაა, სადაც ახალგაზრდას შეუძლია, ეკონომიკურად გაძლიერდეს“, _ ამბობს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ახალგაზრდა, რომელმაც სამშობლო სამი წლის წინ დატოვა და ახლა პოლონეთში ცხოვრობს. მისი თქმით, თანდათან უფრო ხვდება, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.
„მართალია, საქართველოშიც ვსწავლობდი, მაგრამ აქაური და მანდაური განათლების შედარება არც შეიძლება. ამასაც თავი რომ დავანებოთ, აქ უფრო მეტი საშუალება მაქვს, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო და არც იმის შიში მაქვს, რომ ვინმე ჩემზე წინ მხოლოდ იმის გამო წავა, რომ „კრიშა“ ჰყავს.
_ პოლონეთში რომ ჩახვედი, თავის რჩენა არ გაგიჭირდა?
_ სხვათა შორის, ჩამოვედი თუ არა, მუშაობა რესტორანში დავიწყე. ზოგადად, აქ მნიშვნელობა არ აქვს, დამლაგებლად მუშაობ თუ მიმტანად _ ყველა პროფესიის ადამიანს პატივს სცემენ. ისე, ცოტა ხანს, სწავლის პარალელურად, საქართველოშიც ვმუშაობდი _ ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად დიდი ნაცნობობით მოვეწყვე, მაგრამ ორ კვირაში ისე წამოვედი, რომ ხელფასიც არ მომითხოვია.
_ რატომ?
_ ამ ისტორიის გახსენება არ მიყვარს, მაგრამ მაინც გეტყვით: რადგან მიმტანად ვმუშაობდი, ერთმა არაკაცმა ჩათვალა, რომ შეეძლო, ჩემთან ბღლარძუნი დაეწყო.
_ ანუ შენზე იძალადა?
_ არა, არ უძალადია, უბრალოდ, მეფლირტავებოდა და მივხვდი, რომ იმ სამსახურში დარჩენას აზრი არ ჰქონდა. უცხოეთში წამოსვლაზე მანამდეც ვფიქრობდი და ამ შემთხვევამ მოტივაცია უფრო გამიძლიერა. მოკლედ, საბუთები შევაგროვე და ერთ თვეში უკვე პოლონეთში ვიყავი.
_ არჩევანი პოლონეთზე რატომ შეაჩერე?
_ აქ ჩემი ახლობელი ცხოვრობს და იმისგან ვიცოდი, რომ კარგი სიტუაცია იყო, თუმცა აქ ჩამოსულმა ჩემით გავიკვლიე გზა.
_ პოლონელებმა საქართველოს შესახებ იციან?
_ კი, ბევრმა იცის და იმასაც მეუბნებიან ხოლმე, ჩვენი პრეზიდენტი კაჩინსკი და თქვენი პრეზიდენტი სააკაშვილი მეგობრები იყვნენო.
_ საქართველო არ გენატრება?
_ გულახდლად რომ გითხრათ, არა. უკვე აქ მყავს მეგობრები, თან დედაჩემიც პოლონეთში გადმოსახლდა და საქართველოში რაღა უნდა მომენატროს? ზოგჯერ მანდაურ ამბებს „ფეისბუქით“ ვეცნობი და მეცინება, მთელი ქვეყანა ერთმანეთის გინებაზეა გადასული და იმას არკვევს, ვინ „ქოცია“ და ვინ _ „ნაცი“. არადა, მსოფლიოში სულ სხვა ტენდენციებია.
ისე, რაც უნდა იყოს, საქართველო მაინც ჩემი სამშობლოა და გული მწყდება, რომ რუსულ კლიშეებს თავს ვერ აღწევს!
_ უკან დაბრუნებას არ აპირებ?
_ არა! აქ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ნორმალური სამსახური მაქვს, სწავლას რომ მოვრჩები, მერე ჩემი პროფესიით დავიწყებ მუშაობას და საქართველოში ისე ჩამოვალ ხოლმე, როგორც ტურისტი. სხვათა შორის, თბილისში ერთოთახიანი ბინა გვქონდა. ჰოდა, დედაჩემიც აქეთ რომ წამოვიდა, ეგ ბინა გავყიდეთ და მანდ ღამის გასათევიც აღარ გვაქვს!
„ქრონიკა+“-მა რესპონდენტს სთხოვა, რომ მის ვინაობას დაწერდა, მაგრამ 26 წლის გოგომ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა:
„ბიძაშვილ-მამიდაშვილები მანდ ცხოვრობენ, მართალია, პირადად მე მათთან ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი მონაყოლი რომ წაიკითხონ, შეიძლება, დედაჩემს დაურეკონ და ნერვები აუშალონო, _ გვითხრა და დასძინა, _ აქედან საქართველო ძალიან, ძალიან საცოდავი ჩანს. მინდა, საქართველო განვითარდეს და შვილები რომ მეყოლება, ვუთხრა, ეს განვითარებული ქვეყანა ჩემი სამშობლოა-მეთქი, მაგრამ არ მგონია, საქართველოს რამე ეშველოს!“

„ქრონიკა+“ კიდევ ერთ ემიგრანტს ესაუბრა, რომელიც, წინა რესპონდენტისგან განსხვავებით, უცხოეთში დარჩენას არ გეგმავს, ანუ დალიმ, როგორც თავად ამბობს, საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ შვილები მშივრები არ ჰყოლოდა:
_ დალი, ქმარი არ გყავთ?
_ არა, ხუთი წლის წინ ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა, ამიტომ იძულებული გავხდი, ემიგრაციაში წამოვსულიყავი.
_ საქართველოში არ მუშაობდით?
_ კი, ერთ-ერთ რაიონში საავადმყოფოში ვმუშაობდი, პროფესიით მედდა ვარ, მაგრამ ის ხელფასი რას მეყოფოდა _ ხომ იცით, ბავშვებს ათასი რამ სჭირდებათ.
_ ხელფასი რამდენი გქონდათ?
_ გამომუშავებაზე ვიყავით დამოკიდებული, ანუ მე ქირურგიულ განყოფილებაში ვმუშაობდი. თერაპიაში ხელფასი მოჭრილი ჰქონდათ, ჩვენ კი ოპერაციების მიხედვით გვიხდიდნენ. ჯერ ერთი, ხალხს ფული არ აქვს და თუ საყოველთაო ჯანდაცვაში არ მოხვდა, ოპერაციას არ იკეთებს. მეორეც, რაიონში ოპერაციის გაკეთებას უმეტესობა ერიდება _ ყველა თბილისში მიდის. მოკლედ, თვეში 150-დან 200 ლარამდე გამომდიოდა, თუმცა ხელფასს ყოველ თვე არ გვაძლევდნენ.
_ რატომ?
_ რა ვიცი, ამბობდნენ, ჯანდაცვის სამინისტრო გადმორიცხვას აგვიანებსო. ჰოდა, უმეტესად, დედაჩემისა და ჩემი დედამთილ-მამამთილის პენსიის იმედზე ვიყავით. ძალიან არ მინდოდა შვილების დატოვება, მაგრამ რა მექნა? _ იძულებული გავხდი, ემიგრაციაში წამოვსულიყავი.
_ უცხოეთში ლეგალურად ხართ?
_ არა, მაგრამ იტალიაში ეს პრობლემა დიდად არ დგას, თან კარგი ოჯახი შემხვდა. ექვსი თვეა, აქ ვარ, ჯერ სახლში იმდენს ვერაფერს ვაგზავნი, რადგან დამსაქმებელს თავისი ვალი უნდა დავუბრუნო, თან ის თანხაც დასაფარი მაქვს, იტალიაში წამოსასვლელად რომ ვისესხე, მაგრამ ორ-სამ თვეში, ვფიქრობ, წელში გავსწორდები.
_ შვილები არ გენატრებათ?
_ კი, სიგიჟემდე, მაგრამ რა ვქნა? _ ჯობია, მენატრებოდნენ, ვიდრე მშივრები და ხელგაწვდილები დადიოდნენ!

***
მოკლედ, ასეთია თანამედროვე საქართველოს რეალობა _ რეალობა, რომელსაც ხელისუფლება თვალს არ უსწორებს და ჯიუტად აცხადებს, რომ ეკონომიკური დონე უკან კი არა, წინ და წინ მიდის! ეს სირაქლემის პოზა „ოცნებას“ ბუმერანგივით დაუბრუნდება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა 2012 წლის არჩევნების წინ ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა და პირობაც მისცა, რომ სამუშაო ადგილებსაც შეუქმნიდა და _ ღირსეული ცხოვრების პირობებსაც, მაგრამ როგორც ყველა სხვა დაპირება, ესეც ოცნებად დარჩა!

P. S. სიმბოლურია, რომ ზუსტად მაშინ, როცა „ქრონიკა+“-მა ამ სტატიაზე დაიწყო მუშაობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს სპეციალური წერილით მიმართა და ამასთან, აშშ-ის მთავრობას აშშ-ში მცხოვრები ქართველების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:
„გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემამულენი, ჩვენი ტკივილი ხართ და, ამასთან, იმედიც დიდია იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას.
პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მეუფე საბას (ინწკირველი), ასევე სასულიერო პირებსა და საერთოდ ყველას, ვინც კი, დღიდან საქართველოს ეკლესიის აქ დაარსებისა, იშრომა და იმუშაკა ღვთისა და მოყვასის სამსახურად.
მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის ხელისუფლებას და იმ პიროვნებებს, რომლებმაც უსამშობლოდ ყოფნა შეგიმსუბუქათ და თანადგომა გაგიწიათ.
დღეს რთული დროა, გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ შეუშინდეთ განსაცდელს; მთავარია, სწორი პასუხი გასცეთ გამოწვევებს. თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა. ამიტომაც თქვენი კარგი თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას. არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხარ ან რა მოვალეობა გაკისრია; ვისურვებდი, თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი“, _ ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტებისთვის მიწერილ წერილში.

გიორგი აბაშიძე