დიმიტრი ბიძინაშვილი: „2020 წელს ივანიშვილი რევოლუციას მიიღებს“


ქვეყანაში თითქმის ყველა მიმართულებით კატასტროფა ხდება. რაღაც რომ უნდა შეიცვალოს, ამას „ქართული ოცნების“ გარდა ყველა აღიარებს. ახალგაზრდებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს საშინელი სიტუაცია უნდა შეიცვალოს, მოძრაობა „შეცვალე“ დააფუძნეს. ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მოძრაობა „შეცვალეს“ 2003 წელს დაფუძნებულ „კმარას“ ადარებენ.

არის თუ არა „შეცვალე“ ახალი კმარელები და რა მიმართულებით აპირებენ ისინი აქტიურობას? რა შემთხვევაში მიიღებს „ქართული ოცნება“ რევოლუციას? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება:

_ ქართულ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა მოძრაობა „შეცვალე“, რომელიც ძალიან აქტიურია. რატომ და როდის გადაწყვიტეთ ამ მოძრაობის დაფუძნება?
_ ამ ქვყანაში ყველაფერი უარესობისკენ მიდის, ყველა სფეროში პრობლემებია. საჭიროა ცვლილებები, ამიტომაც გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა მოძრაობა „შეცვალე“.
ჩვენ ყველა იმ პრობლემასთან მივდივართ, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებს აწუხებს. ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ცვლილებების დროა, ის ჩვენი თანამოაზრეა. მნიშვნელობა არ აქვს მის ასაკს, სქესს, პოლიტიკურ თუ რელიგიურ მრწამსს.
_ თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველანი ვფიქრობთ ცვლილებების აუცილებლობაზე, ე. ი. მთელი საქართველოა თქვენი თანამოაზრე?
_ ჩვენ ყველანი თანამებრძოლები ვართ. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანები ჩვენთან ერთად გააპროტესტებენ თუ არა ამა თუ იმ ფაქტს, მთავარია, რომ ისინი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ.
იმდენი რამეა ქვეყანაში შესაცვლელი, იმდენი ადამიანი ითხოვს ცვლილებებს, რომ ეს გარდაუვალია.
_ „ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ, რომ თქვენ ახალი „კმარა“ დააფუძნეთ. თანამედროვე კმარელები ხართ?
_ ბევრი აიგივებს ჩვენს ორგანიზაციას „კმარასთან“. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით დაგვაკნინებენ, ძალიან ცდებიან.
„კმარა“ ცვლილებებს ახდენდა, რამაც საქართველო ტერიტორიიდან სახელმწიფოდ აქცია. და რაკი „კმარას“ გვადარებენ, ე. ი. რაღაც ღირებული წამოვიწყეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ.
_ „კმარამ“ შეძლო და შევარდნაძე შეცვალა. „შეცვალე“ შეცვლის ივანიშვილს?
_ ცვლილებები გარდაუვალია. ივანიშვილს „შეცვალე“ კი არა, ხალხი შეცვლის. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ.
ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულები ვცდილობთ, რომ არა მხოლოდ გავაპროტესტოთ, არამედ რაღაც ღირებული შევქმნათ.
ჩვენ გვყავს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ჯგუფები: იურიდიული, ეკონომიკური, ანტისაოკუპაციო.
ამ ჯგუფებში უამრავი ახალგაზრდაა ჩართული. ყოველდღურად სულ უფრო ბევრი ადამიანი გვემატება. ერთად უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან.
ყველაზე მთავარია, შევცვალოთ ერთპარტიული მმართველობა. ძალაუფლება ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს, რომელსაც ეკუთვნის კიდეც ეს ძალაუფლება.
_ ხელისუფლების შეცვლაზე ჩამოაგდეთ საუბარი და ბოლო პერიოდში ოპოზიცია აქტიურად ჰპირდება მოქმედ ხელისუფლებას ინდულგენციას. ამბობენ, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ ჩინოსნებს არავინ დაიჭერს. უნდა ჰქონეს თუ არა ამ ხალხს ინდულგენცია?
_ პირდაპირ გეტყვით: სასამართლოს გარდა არავის აქვს უფლება, ადამიანი ან გაამართლოს, ან დამნაშავედ გამოაცხადოს იგი. დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ხდება. საქართველო განვითარებულ ქვეყნად მიმაჩნია და პირის დამნაშავეობა ან უდანაშაულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს.
ქართველმა ხალხმა და სამართლიანმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, აგებს თუ არა ესა თუ ის ადამიანი პასუხს.
ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ვინც ახალგაზრდებს თვალებს თხრის, მათ არავინ შეიწყალებს.
ასევე არავითარი გარანტია არ ექნება იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანა გაძარცვეს და ჩვენს მოქალაქეებს ფული მოჰპარეს. ბიუჯეტიდან წაღებული ფული ბიუჯეტშივე უნდა დაბრუნდეს.
მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ვერ შევეგუები, რომ დამნაშავეებს ვაპატიოთ. ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ და კანონის შესაბამისად აგონ პასუხი. მათ აუცილებლად უნდა დააბრუნონ მოპარული ფული. ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ამათ უნდა ეპატიოს, ადგნენ და თავისი ჯიბიდან მისცენ ის ფული, რასაც ეს დამნაშავეები ბიუჯეტს დაუბრუნებენ. შეუძლიათ, თავად გადაიხადონ ბიუჯეტისთვის მოპარული ფული.
არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოპარული ფული ვინმეს შერჩეს.
არც ივანიშვილს, არც მამაცაშვილსა და არც ამ კლანის რომელიმე წევრს არ უნდა ჰქონდეს მის გარანტია, რომ თუ ისინი სახელმწიფო ქონებას მიიტაცებენ, ეს მათ შერჩებათ.
როგორც კი შეიცვლება „ქართული ოცნება“, როგორც კი დასრულდება ოლიგარქიული რეჟიმი, დამნაშავეები აუცილებლად წარდგებიან საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე.
_ ამბობთ, როგორც კი დასრულდება „ქართული ოცნებაო“, როდისთვის ვარაუდობთ მის დასრულებას? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ნასპიკერალი ირაკლი კობახიძე ამბობს, მომავალ არჩევნებში 60%-ს ავიღებთ და მესამე ვადითაც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაშიო.
_ მაგათი ნება თუ იქნება, სულ არ წავლენ ხელისუფლებიდან. ძალაუფლების შესანარჩუნებლად მათ უკვე დაიწყეს ბრძოლა. ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ „ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
ჩემი რჩევა იქნება, რომ ივანიშვილმა არც კი გაიფიქროს არჩევნების გაყალბება. ასეთი რამეები საქართველოში ცუდად მთავრდება.
_ ზოგჯერ ცუდად მთავრდება, ზოგჯერ კარგად შეირგებს ხოლმე ხელისუფლება გაყალბებულ არჩევნებს.
_ როცა ხალხი ყველაფრით უკმაყოფილოა, როცა ქვეყანა უფსკრულშია გადაჩეხილი, იქ არჩევნების გაყალბებას ხალხი უკვე აღარ გაპატიებს. 2003 წელს შევარდნაძემ ის შედეგი დაიწერა, რაც მას არ ეკუთვნოდა და რევოლუცია მიიღო. „ოცნება“ თუ იგივეს გაკეთებას გაბედავს, ისიც რევოლუციას მიიღებს.
არჩევანს თუ მოპარავენ ხალხს, ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას.
ირაკლი კობახიძისა და „ოცნების“ სხვა ლიდერების განცხადებები მაფიქრებინებს, რომ ისინი გაყალბებისთვის ემზადებიან. ჰოდა, 2020 წელს ივანიშვილი რევოლუციას მიიღებს!
_ დარწმუნებული ხართ, რომ რევოლუცია იქნება?
_ არჩევნები თუ გაყალბდა, იქნება. ქართველი ხალხი არ შეეგუება ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობს! ისეთ ხელისუფლებას რომელიც იპარავს მილიონებს! ხალხი აღარ აიტანს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ოკუპაციის გაპროტესტების გამო ახალგაზრდებს თვალებს თხრის!
ხალხი აღარ მოითმენს „ქართული ოცნების“ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას რუსული ოკუპაციის მიმართ. ხმას არ იღებენ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებებსა და მკვლელობებზე.
საერთოდ ურეაქციოები არიან, რომ საქართველოში 77.000 ბავშვი შიმშილობს. თან არ დაგავიწყდეთ, ამ ქვეყანას მილიარდერი მართავს და არაფერს აკეთებს ლარის კურსის გასამყარებლად. ამის შედეგად ყოველდღიურად იზრდება საკვებ პროდუქტებზე ფასები, შემცირების ნაცვლად გაიზარდა კომუნალური გადასახადები, ტაქსისტებს კი პირდაპირ ხარკი დაადო კახა კალაძემ.
ტაქსისტები ის ადამიანები არიან, რომლებმაც „ქართული ოცნება“ მოიყვანეს ხელისუფლებაში.
მინდა მოვახსენო ბიძინა ივანიშვილს, „ოცნება“ 2020 წელს დასრულდება. ჩვენმა საზოგადოებამ ისედაც ბევრი მოითმინა, ბევრი შეურაცხყოფა გადაყლაპა, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. სახელმწიფო ჩამოგვეშალა. ასე რომ, არჩევნების გაყალბებას აღარ დავუშვებთ. „ოცნებამ“ 60%-იანი შედეგის დაწერაზე არც კი უნდა იოცნებოს. არც ის უნდა გაბედონ, რომ რაღაც პროცენტები მათ მიერ კონტროლირებად პარტიებს გაუნაწილონ. ამის გეგმაც აქვთ. შეიყვანენ პარლამენტში სატელიტ პარტიებს და საკანონმდებლო ორგანოში ერთ ოპოზიციურ განცხადებასაც აღარავინ გააკეთებს.
იცოდეს ივანიშვილმა, რომ ზამბარა ისედაც ძალიან გაწელილია და თუ მის გაწელას არ მორჩება, ძალიან მწარედ მოხვდება ცხვირში.
ამ ხელისუფლებას ყველაფერზე მზად აქვს კომენტარი, მხოლოდ ოკუპაციაზეა სრულ მდუმარებაში.
_ ოკუპაციაზე მართლა ძალიან საეჭვოდ არიან გაყუჩებულები. თქვენი აზრით, რა არის ამ დუმილის მიზეზი?
_ ოკუპაციაზე გაჩუმება დანაშაულია, მაგრამ ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს, რითაც დანაშაულს სჩადის.
მავთულხლართებთან კატასტროფა ხდება. რუს ოკუპანტებს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაჰყავთ გზა, რასაც „ქართული ოცნება“ არ იმჩნევს.
სუსი გვეუბნება, რომ მოვლენებს ვაკვირდებით და იქ ისეთი არფერი ხდებაო. ჩვენ დრონის მეშვეობით ვაკვირდებით, თუ როგორ გაჰყავთ გზები და ეს გზა ბოლომდე თუ გაიჭრა, კიდევ მეტ ტერიტორიას დავკარგავთ.
1.300 მეტრით ისედაც გადმოწიეს ე. წ. საზღვარი. იცოდეს ყველამ, ამ გზის მშენებლობა თუ დასრულდა, კიდევ ერთი სოფელი დადგება დაკარგვის საფრთხის წინაშე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე იაქტიუროს როგორც ოპოზიციამ, ასევე _ საზოგადოებამ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან.
გავიხსენებ ჩვენი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, _ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც ტერიტორიის ერთი პატარა ნაწილიც კი არ დაგვიკარგავსო.
ბატონ ირაკლის ვეთანხმები, რომ „ოცნებას“ არაფერი დაუკარგავს, მათ საქართველოს ტერიტორიები, უბრალოდ, გადასცეს რუსეთს.
„ქართული ოცნება“ გარიგებულია რუსეთთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ, 20% ოკუპირებული იყოს, ყოველდღე მიმდინარეობდეს ოკუპაცია და ხელისუფლება ხმას არ იღებდეს?
მესმის, რომ რუსეთს ომს ვერ დაუწყებენ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ხომ შეიძლება განცხადებების გაკეთება?!
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ჩვენზე მეტად უკრაინა საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილის პარტია „რუსულ ოცნებად“ გადაიქცა: რუსეთი ქართულ ტერიტორიებს ღობავს და ამაზე ხმას არავინ იღებს. სამაგიეროდ, საკმარისი იყო 20 ივნისს საქართველოდან გავრილოვი გაგვეგდო, რომ დიდი ამბები ატყდა. ხელისუფლებაში კაცი არ დარჩა, ვინც ეს ამბავი არ გააპროტესტა.
თუ არ არის რუსეთთან თანამშრომლობა, მაშინ ამიხსნან, რანაირად ხდება, რომ ოკუპაციაზე დუმან, ხოლო ოკუპანტის გაგდებაზე მწვავედ რეაგირებენ?!
მარტო განცხადებებიც არ იკმარეს. რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ისინი დღემდე ციხეში არიან, რამდენიმეს კი თვალები დასთხარეს.
არადა, ამ ადამიანებმა საქართველოს სახე შეუნარჩუნეს. უსირცხვილო „ოცნება“ მათ სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებს. გავრილოვის გაგდება რატომ უნდა იყოს სახელმწიფო გადატრიალება?! ქართველი პატრიოტების დაკავება მოსკოვმა მოითხოვა, მათ შორის, იმავე გავრილოვმა. საქართველოს ხელისუფლებამ ბატონის დავალება უსიტყვოდ შეასრულა.
რუსეთის დავალებების შესრულების ნაცვლად „ოცნება“ ქვეყნის კეთილდეობაზე, დოვლათის შექმნასა და მსგავს საქმეებზე უნდა ზრუნავდეს.
პარადოქსია, მაგრამ ხელისუფლებაში მილიარდერის მოსვლის შემდეგ უფრო მეტად გაუჭირდა ხალხს და უფრო მეტი ტერიტორია წაიღო ოკუპანტმა სახელმწიფომ.
_ ოკუპაციას არ ეხება, მაგრამ პოლიტიკასთან ნამდვილად არის კავშირში ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა. ამ დარგის განვითარებისთვის მრავალი მილიონი გამოიყო, მაგრამ შედეგი ნულის ტოლია. გიბრალტართან ბოლო თამაშმა ეს კარგად გამოაჩინა. როგორც ფეხბურთის ქომაგი, რას გვეტყვით, რა სჭირს ქართულ ფეხბურთს?
_ რატომ გიკვირთ, რომ ქართულ ფეხბურთში ასეთი კატასტროფული ვითარებაა? ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ფეხბურთის ფედერაციას კახა კალაძე და მისი კლანი აკონტროლებს.
ლევან კობიაშვილი რომ პირველი ვადით აირჩიეს, ეს კატასტროფა იყო. დელეგატები, რომელთაც ხმა უნდა მიეცათ ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, უბრალოდ, გაიტაცეს. ამ საქმეშიც კახა კალაძე იყო ჩარეული.
ერთი წარმომადგენელი მანამდე გაიტაცეს, სანამ კობიაშვილის კონკურენტმა კანდიდატმა არ დათმო.
ასე ჩაიგდო ხელში კახა კალაძემ და მისმა კლანმა ფეხბურთის ფედერაცია. შემდგომ რამდენიმე ასეული მილიონი დაიხარჯა ფეხბურთის განვითარებაზე. ქართულ ფეხბურთს ეს არაფერზე ეტყობა.
_ თქვენი აზრით, უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან ფული ფეხბურთის განვითარებაზე?
_ თუ საქმეს მოხმარდება, რატომაც არა. ამ შემთხვევაში არაფერი შექმნილა, ასეულობით მილიონი ქარს გავატანეთ. მთლად ქარს არა, კალაძის კლანის ჯიბეში წავიდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩვეულებრივი ფულის საჭრელი მანქანაა, სადაც ადამიანებს ერთადერთი მიზანი აქვთ: რაც შეიძლება ბევრი ფული მოტეხონ.
თქვენ თუ დამისახლებთ საქართველოში რომელიმე ფედერაციას, ფეხბურთზე მეტი დაფინანსება ჰქონდეს და ასე ვერაფერს აკეთებდეს, ბოდიშს მოვიხდი.
საქართველოში არსებულ ყველა სპორტულ ფედერაციას, ერთად აღებულს, იმდენი დაფინანსება არ აქვს, რაც ფეხბურთის ფედერაციას. ამდენი ფული ხმარდებათ და გიბრალტარს ძლივს უგებენ.
_ ფედერაციაში ამას დიდ ტრაგედიად არ მიიჩნევენ. იქ ამბობენ, მთავარია, მოვიგეთო.
_ ამას მოგება ჰქვია? ძლივს მოუგეს. თქვენმა მკითხველმაც იგივე რომ არ გაიფიქროს, მინდა მას ვუთხრა, _ გიბრალტარის ნაკრები პროფესიონალებით არ არის დაკომპლექტებული.
_ მართლა მეხანძრეები და დალაქები თამაშობენ ამ ნაკრებში?
_ პროფესიონალი ფეხბურთელები რომ არ არიან, ეს ცნობილი ფაქტია. რა ძირითადი პროფესია აქვთ, ეგ არ ვიცი. ასეთ ნაკრებს რომ ძლივს მოუგებ, ე. ი. ქართულ ფეხბურთში სერიოზული პრობლემაა.
ის მილიონები, რომელიც ფეხბურთს უნდა მოხმარებოდა, კალაძის კლანის ჯიბეებში წავიდა. ამით მთელ ქვეყანას წაართვეს ფეხბურთი.
ქართულ ფეხბურთში შექმნილი ვითარებაც შესაცვლელია. ადამიანები არც ფეხბურთის განადგურებას აპატიებენ „ოცნებას“.
_ ფეხბურთიდან ისევ პოლიტიკაზე გადავიდეთ: თქვენ დიდი იმედი გაქვთ, რომ ხალხი ხელისუფლებას შეცვლის. ხელისუფლება რომ შეცვალო, ამისთვის ასარჩევი უნდა გყავდეს. დღეს ოპოზიცია ერთმანეთს ჭამს, ეს ამომრჩეველზე ცუდად არ იმოქმედებს?
_ აუცილებლად იმოქმედებს. ოპოზიცია კინკლაობას უნდა მოეშვას. ახლა მისი მთავარი მოწინააღმდეგე ივანიშვილია. მთელი ძალები მის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.
ოპოზიციურ პარტიებს ვერ მოვთხოვ, რომ ერთმანეთი შეიყვარონ ან დანათესავდნენ, ან ნათელ-მირონი გახდნენ, მაგრამ ოლიგარქის წინააღმდეგ გაერთიანება აუცილებელია.
წყენა და დაპირისპირება დროებით გვერდზე უნდა გადაიდოს. ახლა ქვეყანაა გადასარჩენი, რაც ოლიგარქის რეჟიმის შეცვლის გარეშე არ მოხდება. რეჟიმს კი მხოლოდ ერთიანობით დავამარცხებთ.

შორენა მარსაგიშვილი