გიორგი გუგავა: „საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს“

ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიების მითვისებას მშვიდად ახორციელებენ. საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციაზე ნაზ პროტესტსაც კი არ გამოხატავს. „ლეიბორისტთა“ აზრით, საქართველო უკვე რუსეთის გუბერნია გახდა. მშრომელთა პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს აგრესიული მეზობლებისგან თავის დასაცავად ერთადერთი გამოსავალი აქვს _ აქ ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რას მოგვიტანს საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსება? რისთვის ამზადებს ხელისუფლება ხალხს? რატომ არის აუცილებელი კანონის აღსრულება? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ესაუბრება:

_ გასულ კვირას ატოცში, სადაც რუსები სქართველოს ტერიტორიის შემოღობვას ახორციელებენ, თქვენი პარტიის ლიდერი იყო ჩასული. როგორ შეაფასებთ იქ შექმნილ ვითარებას და რას ფიქრობთ იმ არაადეკვატურ რეაქციებზე, რაც მცოცავ ოკუპაციაზე „ქართულ ოცნებას“ აქვს?
_ ეს არაადეკვატური რეაქციები არ არის. სწორი კვალიფიკაცია მივცეთ: ეს არის მოღალატეობრივი შეთანხმების ნაწილი. ჩვენს ხელისუფლებას პირობა აქვს მიცემული რუსებისთვის, რომ მათ უპრობლემოდ გაავლებინებენ მავთულხლართებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც მონიშნული აქვთ.
„ქართულმა ოცნებამ“ მათ პირობა მისცა, რომ შემოღობვის პროცესში ხელი არ შეეშლებათ. ასეთი პირობა რომ არ იყოს მიცემული, საქართველოს ხელისუფლება სხვანაირად იმოქმედებდა.
_ რას გულისხმობთ?
_ უამრავი მეთოდის გამოყენება შეიძლება. ჩვენ ოკუპანტების მიმართ ცეცხლის გახსნასა და ომის დაწყებას არ ვითხოვთ. ოკუპაციის გასაპროტესტებლად და შესაჩერებლად სხვადასხვა საშუალება არსებობს.
ატოცში ჩასულმა შალვა ნათლაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ უნდა შევყაროთ ევროსაბჭო, ევროკავშირი, გაეროს უშიშროების საბჭოზე მუდმივად უნდა იდგეს ოკუპაციის საკითხი. ამავე დროს, ცუდი არ იქნებოდა, ხელისუფლებას მცირედი თანხა გაეღო, რომ მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიების კამერები საოკუპაციო ზოლთან განთავსებულიყო.
ამ კამერებით მთელი მსოფლიო იხილავდა, თუ ვისთან გვაქვს საქმე _ 21-ე საუკუნეში როგორ მიმდინარეობს სუვერენულ ტერიტორიაზე ბორდერიზაციის პროცესი.
ოკუპაციის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. დავითგარეჯა „ოცნებამ“, პრაქტიკულად, დათმო და აზერბაიჯანს გადასცა. თვალებში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, სადემილიტაციო-სადემარკაციო კომისიაა შექმნილი და საკითხი იქ განიხილებაო.
იმ დროს, როცა ესენი ამბობენ, რომ კომისია მუშაობს, აზერბაიჯანმა დავითგარეჯა წაიღო. გარეჯის გვერდით მათ სამხედრო ბაზაც კი ააშენეს და ახლა იქ ქართველებს არ უშვებენ.
ეს არის „ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკა. „ოცნება“ საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად მზად არის, ქვეყანა გაყიდოს. ხალხის ინტერესებს ისე ყიდიან, როგორც მარტვილის ბაზარში _ თხებს.
_ ხელისუფლების დუმილი გასაგებია, მაგრამ ატოცში მიმდინარე პროცესებს მთელი ოპოზიცია რატომ არ აპროტესტებს?
_ სხვის მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. არ ვიცი, სხვა პარტიებს რა სტრატეგია აქვთ. ჩვენს დამოკიდებულებას რაც შეეხება, ყველგან ვართ, სადაც ქვეყნის ინტერესები ილახება.
მაშველებივით ვართ, სადმე თუ რამე ხდება, დაუყოვნებლივ იქ გავჩნდებით ხოლმე. შალვა ნათელაშვილი მუდმივად ამ საოკუპაციო ხაზთან დარბის. რაც ეს შემოღობვები დაიწყო, სულ იქაა.
აქტიურობას და პროტესტს შედეგი მოაქვს. ახლა როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, რუსებს შემოღობვა შეჩერებული აქვთ. შედეგი ბევრად უკეთესი იქნება, თუ ხელისუფლება იაქტიურებს. პირველ რიგში, იდეოლოგიური ბრძოლის მოგებაა აუცილებელი.
იდეოლოგიურად თუ მოიგე ომი და მსოფლიოს ამცნე, რასთან გვაქვს საქმე, ეს ამ დამღუპველ პროცესს შეაჩერებს. კარგი იქნება, თუ მთელი პოლიტიკური სპექტრი ოკუპაციას გააპროტესტებს.
შალვა ნათელაშვილის აზრით, გამოსავალი შემდეგია: პროცესებში უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო ორგანიზაციები; ამ საკითხზე მუდმივად უნდა ისმოდეს განგაშის ზარების ხმა.
იმ აგრესიული სამეზობლოდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვყავს, ერთადერთი გამოსავალი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებაა.
აშშ-ს სამხედრო ბაზები მრავალი ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული. ასეთი ქვეყნებია: ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა… ყველა ეს ქვეყანა არის წარმატებული და რაც მთავარია, მათი უსაფრთხოება დაცულია.
სადაც ამერიკული ბაზაა, იქ ზედმეტად ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ბედავს ვერც ერთი სახელმწიფო. ეს ბაზები უზრუნველყოფს დემოკრატიასაც და ეკონომიკურ განვითარებასაც.
იმისთვის, რომ ქვეყანა შევინარჩუნოთ, ორი რამის გაკეთებაა მთავარი _ პირველი: უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ მტერთანაა კავშირში და მეორე: სანამ ნატოში მიგვიღებენ, აქ ამერიკული ბაზა უნდა განთავსდეს.
ნატოში ჩვენი მიღება ძალიან გაჭირდება. ვიცით, რომ იქ ახალი წევრის მისაღებად კონსენსუსია საჭირო. ევროპის წამყვანი ქვეყნები ალიანსში ჩვენი გაწევრიანების წინააღმდეგი არიან.
მეთიუ ბრაიზამ პირდაპირ თქვა, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, ანგელა მერკელი ნატოში ჩვენი მიღების წინააღმდეგი იყო. არა მგონია, რომ ამ ქალბატონს ახლა სხვა პოზიცია ჰქონდეს.
ამ საკითხზე კონსენსუსი კიდევ კარგა ხანს არ იქნება, ამიტომაც უნდა მივმართოთ აშშ-ს, რომ აქ თავისი ბაზა განათავსოს. არც ის იქნება ცუდი, თუ აშშ აქ ატომურ იარაღსაც განათავსებს.
ეს აუცილებლად დაგვიცავს იმ აგრესიული და მტრული პოლიტიკისგან, რომელსაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებენ.
_ საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსება კარგი იქნება, მაგრამ ეს იოლად მისაღწევი არ არის.
_ იოლი არ იქნება. ამაზე მთავრობებს შორის პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს. „ქართული ოცნების“ პირობებში ასეთი დიალოგის დაწყება გამორიცხულია. ეს ძალა პირდაპირ რუსეთიდან იმართება. დღევანდელი მმართველი პარტია მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ატარებს.
ივანიშვილსა და მის პარტიას ქართველი ხალხის რისხვის რომ არ ეშინოდეს, დღესვე შეგვიყვანდნენ ევრაზიულ კავშირში ან რუსეთის გუბერნიად გაგვაფორმებდნენ. ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი ფაქტობრივი მდგომარეობა გუბერნიაა. ამას იურიდიული გაფორმებაღა სჭირდება.
გუბერნიად იურიდიულადაც რომ არ გაგვაფორმონ, საჭიროა ამ ხელისუფლების სასწრაფოდ შეცვლა. შემდეგმა ხელისუფლებამ მაშინვე უნდა დაიწყოს აშშ-სთან პირდაპირი დიალოგი ბაზის განთავსებაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ ხელისუფლებაში ჩვენ ვიქნებით.
აშშ-ს თურქეთის ტერიტორიაზე ინჯირლიყის სამხედრო ბაზა აქვს. ყველამ ვიცით, რომ ამ ბაზას რაღაც პრობლემები გაუჩნდა. ამ ბაზის გადმოტანა შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე.
დამერწმუნეთ, ამ ბაზის განთავსება ყველა აგრესორისთვის შემაკავებელი იქნება. ვერავინ გაბედავს, რომ თავში ხელი წამოგვარტყას. ჩვენი ტერიტორიების მიერთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
_ ზემოთ თქვით, რომ იმედი მაქვს, მომავალ ხელისუფლებაში ჩვენ ვიქნებითო. ამის იმედი აქვს „ქართულ ოცნებასაც“ და ის მესამე წრეზე წასასვლელად ემზადება. პარლამენტის ნასპიკერალმა ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 60%-ს ავიღებთო. ამაზე რას გვეტყვით?
_ რა უნდა ვთქვა?! გავრილოვს ზვარაკად შეწირული არსება გამოდის და კიდევ ჭკუის დარიგებას ბედავს. კობახიძეს ისე აქვს თავი მოჭრილი, გარეთ ცხვირის გამოყოფას ვერ უნდა ბედავდეს. ეგ კიდევ უტიფარ განცხადებებს აკეთებს, თუ როგორ უნდა აიღოს მისმა მოღალატეობრივმა ძალამ 60%.
რასაც ეს ბატონი ბრძანებს, ბლეფია, მაგრამ ამ განცხადებას გარკვეული დანიშნულება აქვს.
_ რა დანიშნულება?
_ ასეთი განცხადებებით ცდილობენ, საკუთარ ამომრჩეველს მოტივაცია აუმაღლონ. მართალია, ესენი არ აღიარებენ, მაგრამ აშკარაა, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებში ნიჰილიზმია.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თითქმის უკვე შეგუებული არიან, რომ მათი პარტია 2020 წლის არჩევნებს წააგებს.
მართალია, ეს ხალხი „ოცნების“ ამომრჩეველია, მაგრამ საღად აზროვნებს და აცნობიერებს, რომ ივანიშვილის ძალას მხარდაჭერა საზოგადოების არც ერთ ფენაში აღარ აქვს.
ერთადერთი, ვინც ამ მოღალატეობრივ ძალას მხარს უჭერს, საბიუჯეტო ფენაა, მაგრამ აქაც ბევრი კითხვის ნიშანია. წინა ხელისუფლებასაც ასე ეგონა, რომ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები დაუჭერდნენ მხარს, მაგრამ ზუსტად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებმა ჩასცეს ლახვარი ზურგში „ნაციონალებს“. ახლაც შეიძლება, იგივე მოხდეს.
ივანიშვილმა იცის, რომ მომხრეებს ნელ-ნელა კარგავს და ახლა ცდილობს მათ დაბრუნებას. „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მხარდამჭერები თავიანთ მომავალ გამარჯვებაში დაარწმუნოს. ირაკლი კობახიძის განცხადებაც ამას ისახავდა მიზნად.
იმდენად თავხედია ეს კაცი, რომ უტიფრად აცხადებს, 60%-ის აღებაზე გვაქვს პრეტენზიაო.
გავრილოვის ზვარაკის განცხადებებს სხვა მიზანიც აქვს, _ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ამზადებს, რომ ისინი არჩევნებს გააყალბებენ.
ახლავე გეუბნებით, „ოცნება“ ამაზე მწარედ წაიმტვრევს კისერს. არანაირი 60% მათ მხარს არ უჭერს. მეტიც: ამომრჩევლის 30%-იც კი არ მისცემს ამათ არჩევნებზე ხმას.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური დასამარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. გახსოვდეთ, „ოცნება“ თუ დარჩა ხელისუფლებაში, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დასამარდება.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები კიდევ უფრო გაუარესდება.
ამას კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ როცა საქმე ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება, იქ ყველა ვალდებულია, ხელები დაიკაპიწოს. იმისთვის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვყოფილიყავით, ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა! იმისთვის, რომ საკუთარი სახელმწიფო გვქონოდა, უამრავი უბედურება გამოვიარეთ!
თავისუფლება ჩვენ გენეტიკაში გვაქვს. ამიტომაც ღრმად ვარ დარწმუნებული, ვინმეს გუბერნია აღარასდროს გავხდებით. „ოცნების“ დასრულებით ეს საფრთხეც გაქრება.
ივანიშვილი და მისი პარტია ყველაფერს იკადრებენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ახლავე ვაფრთხილებ, რომ ხელი აიღონ კანონსაწინააღმდეგო მეთოდებზე. მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ რაც მეტ დანაშაულს ჩაიდენენ, მათი განაჩენი უფრო მძიმე იქნება. სასჯელს ვერაფრით გაექცევიან. ახლა იმაზეა საუბარი, რამდენად მძიმე იქნება ეს სასჯელი.
_ განაჩენი და სასჯელი ახსენეთ. გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ ეს ხალხი არ უნდა დაისაჯოს. თქვენ რას გვეტყვით ბოკერიას ამნისტიაზე?
_ გიგა ბოკერიას ბაგეთაგან წარმოუდგენელი რამე გავიგეთ, რომ თურმე წინასწარ ვუცხადებთ ამნისტიას „ქართულ ოცნებას“. ბოკერიას განცხადებას ძალიან შეესაბამება ერთი გამოთქმა: ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს იყოფდნენო.
მინდა, ყველამ კარგად გავითავისოთ, რომ სახელმწიფოებრიობა მარტო კანონმდებლობასა და მართლმსაჯულებაზე არ არის დამოკიდებული. სახელმწიფოებრიობას დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის ტრადიციები.
საქართველოს დამოუკიდებლობა, სულ რაღაც, სამ ათეულ წელს ითვლის და ამ ხნის მანძილზე ძალიან საინტერესო ტრადიცია დავამკვიდრეთ.
ახლა ვთქვათ, რა არის ეს ტრადიცია: ვიღაცები მოვლენ ხელისუფლებაში, დაიტაცებენ სახელმწიფო ქონებას, ჩაიდენენ დანაშაულს, დააგროვებენ მილიონებს და მერე ეს ყველაფერი ხახვივით შერჩებათ.
სამწუხაროა, მაგრამ ასეთი გამოცდილება გვაქვს. ეს დაიწყო ე. წ. წითელი დირექტორებიდან. კომუნისტურმა ნომენკლატურამ ქვეყნის ქონება დაიტაცა. ქონების ნაწილი ჯართად გაყიდა, ზოგი კერძო საკუთრებად გამოაცხადა. და დღეს ნაქურდალით გამდიდრებული წითელი დირექტორები ბიზნესმენებს უწოდებენ თავს.
სახელმწიფო ქონების მიტაცება არ იკმარეს და შემდეგ ძალის გამოყენებით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება.
დაამხეს თუ არა კანონიერი ხელისუფლება, ანაბრების დატაცება დაიწყო. ჩვენს ბებიებს, ბაბუებს, მშობლებს მილიარდობით თანხა მოპარეს. ამ საქმის ჩამდენი დღეს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.
_ ვანო ჩხარტიშვილზე საუბრობთ?
_ დიახ. დღეს ეს ადამიანი ივანიშვილის კარზე ყველაზე აღზევებული ფიგურაა. ის გახლავთ ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესრეკეტიორი. ჩაგდებული აქვს ხელში სახელმწიფო ქონება და კვლავ პოლიტიკურ ამინდს ქმნის.
ასეთები ჩვენს ქვეყანაში მრავლად არიან. წინა ხელისუფლების მაგალითი ავიღოთ. იქაც ბევრი მოვიდა ცალ-ცალი „კალოშით“ და ახლა მილიონებს ატრიალებს, თან რესპექტაბელურ ბიზნესმენებად გვევლინებიან.
აი, ასეთი სამარცხვინო ტრადიცია დავამყარეთ. თუ ეს არ შეწყდა, ასეთ ადამიანებს შესაბამისი სასჯელი თუ არ დაეკისრათ, სხვა შემთხვევაში ჩვენ სახელმწიფოდ ვერ შევდგებით.
წარმოიდგინეთ, როგორი რეალობა გვაქვს _ კონსერვის ქილის მომპარავი ციხეში ზის, ხოლო კაცი, რომელმაც სახელმწიფოს მილიონები მოჰპარა, თავისუფლად დადის.
არ მესმის, რა მიდგომაა, რომ ბიუჯეტის ქურდები ამნისტირებული უნდა იყვნენ?! სახელმწიფო მეწველი ძროხაა და მისი მოწველა დანაშაული არ არის? საბჭოთა კავშირის დროს, როცა სახელმწიფო ქონებას იპარავდნენ, არავინ თვლიდა, რომ საკუთარ ქვეყანას პარავდა, რადგან საბჭოთა კავშირი არ იყო ჩვენი სამშობლო. მაგრამ საქართველო ხომ ჩვენი სამშობლოა? რატომ უნდა ეპატიოს ჩვენი სამშობლოს ძარცვა ვინმეს?
ქურდულ სამყაროში ყველაზე მძიმე სასჯელი იმას ეკისრება, ვინც „ობშიაკს“ წაეკარება და მოიპარავს. ჩვენთან კი რა ხდება? ბიუჯეტის კარგი ქურდი თუ ხარ, მაშინ ბრძანდები წარმატებული ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. ამის გარდა, ყველა ცოდვა უნდა გეპატიოს.
ეს სიმახინჯე უნდა დასრულდეს. ბიუჯეტის ქურდებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იმ სტერეოტიპს დავნერგავთ, რომ შეიძლება იქურდო, მაგრამ შეგრჩეს.
ასეთი მიდგომა, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას დაშლის. არაფერს ვამბობ იმ უმძიმეს შედეგებზე, რომელიც უკვე გვაქვს. შიმშილით გვეღუპება ხალხი. ლუკმა-პური რომ იშოვონ, ამ ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯილები გარბიან.
გაეროს მონაცემებით საქართველოში 77.000 ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი ყოველ წელს არასრულფასოვანი კვების გამო იღუპება. მილიონზე მეტი მოქალაქე სოციალურად დაუცველია.
ამ დროს მთავრობაში მილიონები და მილიარდერები გვყავს, რომლებიც ხრავენ ჩვენს გაღატაკებულ ქვეყანას. არავის აქვს უფლება, ამ ხალხს შეუნდოს. ბოკერიას თუ გაქურდავენ და აპატიებს, ამაზე ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ სახელმწიფო ქონების მიტაცებას ვერავის ვაპატიებ.
რომაელებს აქვთ ასეთი გამოთქმა, ქვეყანა რომ დაიქცეს, კანონი უნდა აღსრულდეს. ამ ქვეყანაში ეს პრინციპი უნდა დაინერგოს. რაც მალე დაინერგება, მით უკეთესი ჩვენთვის.

შორენა მარსაგიშვილი