რამდენად გაიზარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომის ანაზღაურების ხარჯები 2014 წლიდან დღემდე?

2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით საკრებულოს თანამდებობის პირთა წრე გაიზარდა და მას ახალი თანამდებობა _ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დაემატა. მოქმედი კანონით, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები საკრებულოს თანამდებობის პირები არიან. ეს პირები, განსხვავებით საკრებულოს სხვა წევრებისგან, შრომის ანაზღაურებას იღებენ.

საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგელობითი ორგანოა, რომელსაც შესაბამისი ტერიტორიის მოსახლეობა ფარული კენჭისყრით ირჩევს. საკრებულოს დეპუტატი შეიძლება იყოს არჩეული როგორც პროპორციული (ანუ პარტიული სიით), ისე მაჟორიტარული სისტემითაც (ინდივიდუალურად). მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის უფლება კონკრეტულ პარტიასაც აქვს და ასევე _ საინიციატივო ჯგუფსაც. საინიციატივო ჯგუფები უპარტიო, დამოუკიდებელ კანდიდატებს წარადგენენ, პოლიტიკური პარტიებიც, რა თქმა უნდა. საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, სულ მცირე, 21 წლის უნდა იყოს.
არჩევნებში გამარჯვებისთვის საკრებულოს დეპუტატებს საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ სჭირდებათ. პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულად ის პარტია და, შესაბამისად, კანდიდატი ითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რეგიონებში კერძო და არასამთავრობო სექტორი ნაკლებადაა განვითარებული, საკრებულოს დეპუტატები ხშირად ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობილი ექიმები, მასწავლებლები, ცნობილი ბიზნესმენები ან სკოლის დირექტორები არიან.
საკრებულოს წევრი საკუთარ უფლებამოსილებას სამსახურისგან მოუწყვეტლად ახორციელებს და დამსაქმებელს უფლება არ აქვს, შეზღუდოს მისი, როგორც მუნიციპალიტეტის წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს კომისიის, ფრაქციისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. დაუშვებელია ამ საფუძვლით პირის სამსახურიდან განთავისუფლება ან დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა. შესაბამისად, საკრებულოს წევრობა, გარკვეულწილად, მოხალისეობრივ პრინციპებზეა დაფუძნებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევის წესს საარჩევნო კოდექსი არეგულირებს. საკრებულოს წევრთა რაოდენობას კოდექსის 140-ე მუხლი განსაზღვრავს. კანონის მიხედვით ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულო 15 პროპორციულად არჩეული წევრით და ამ თემში გაერთიანებული ადმინისტრაციული ერთეულებიდან არჩეული მაჟორიტარებით შედგება. თვითმმართველ ქალაქში საკრებულო 15 პროპორციული წესითა და 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატით კომპლექტდება.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის შრომის ანაზღაურება, რომელიც არ არის თანამდებობის პირი, განისაზღვრება თავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ხოლო მის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისთვის დადგენილი წესები ვრცელდება.
დავუბრუნდეთ ზემოხსენებულ ცვლილებებს _ მათ თანახმად, საკრებულოს ყველა ფრაქციის თავმჯდომარეს აქვს უფლება, ჰყავდეს ერთი მოადგილე, ხოლო იმ ფრაქციას, რომლის წევრთა რაოდენობა ცხრაზე მეტია _ ორი მოადგილე. აღნიშნული წესი მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე არ ვრცელდება. ფრაქციის შექმნისთვის საკრებულოს, მინიმუმ, სამი წევრის გაერთიანებაა საკმარისი.
აღნიშნულ კვლევაში გაიგებთ, თუ რამდენად გაზარდა 2017 წელს მიღებულმა ცვლილებებმა იმერეთის მუნიციპალიტეტებში შრომის ანაზღაურების ხარჯები და ვის ვუხდით ხელფასს ბიუჯეტის ხარჯზე. კვლევას იმერეთის თითოეული მუნიციპალიტეტისთვის ცალ-ცალკე შემოგთავაზებთ.
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთათვის მიმდინარე და წინა მოწვევის გაღებულ შრომის ანაზღაურების ხარჯებს.
ხარაგაულის წინა მოწვევის (2014წ.) საკრებულოში 6 ფრაქცია მუშაობდა: „ქართული ოცნება _ დამოკრატიული საქართველო“, „ქართული ოცნება _ მრეწველები“, „ქართული ოცნება _ რესპუბლიკელები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება _ თავისუფალი დემოკრატები“ და „ქართული ოცნება _ კონსერვატორები“. აქედან ბოლო ორი ფრაქცია 2016 წელს გაუქმდა. ფრაქციების თავმჯდომარეთა სარგო 1 000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ბიუჯეტიდან ხარაგაულის საკრებულოს თანამდებობის პირებზე 2016 წლამდე 6000 ლარი იხარჯებოდა.
2017 წლიდან, კანონის ცვლილებასთან ერთად, ხარაგაულში ახალი მოწვევის საკრებულომ დაიწყო მუშაობა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხარჯები ამავე წლიდან ბევრად უფრო გაიზარდა _ გარდა იმისა, რომ ფრაქციების თავმჯდომარეებმა მოადგილეები დაიმატეს, მათთვის განკუთვნილმა შრომის ანაზღაურებამაც მოიმატა.
2017 წლიდან ხარაგაულში ასეთი ვითარებაა: საკრებულოში კვლავ ექვსი ფრაქციაა: „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“, „ქართული ოცნება _ მრეწველები“, „ქართული ოცნება _ კონსერვატორები“, „ქართული ოცნება _ მწვანეები“, „თვითმმართველობა ხალხისათვის“ და „ძალა ერთობაშია“. ყველა ფრაქციას, გარდა „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსა“, ორი თანამდებობის პირი ჰყავს _ თავმჯდომარე და მისი მოადგილე, მხოლოდ ამ უკანასკნელს სამი თანამდებობის პირი _ თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე. შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად ფრაქციას, რომელიც ცხრაზე მეტი წევრისგან შედგება, აქვს უფლება, ერთზე მეტი თავმჯდომარის მოადგილე ჰყავდეს. „ქართული ოცნება _ დემოკრატიულ საქართველოში“ თექვსმეტი წევრია.
ხარაგაულის ახალი მოწვევის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეთა სარგო გაზრდილია და 1650 ლარს შეადგენს, ხოლო თავმჯდომარეთა მოადგილეების შრომის ანაზღაურება _ 1100 ლარია. ჯამურად, ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების შრომის ანაზღაურებაზე 2017 წლიდან 17 600 ლარი იხარჯება, რაც 11 600 ლარით მეტია წინა მოწვევის საკრებულოს ხარჯებზე.
გარდა იმისა, რომ ხარაგაულის მიმდინარე მოწვევის საკრებულოში გაიზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯები და თანამდებობის პირთა რაოდენობა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით ფრაქციის შექმნის რეგულაცია კიდევ რამდენიმე ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რაც ხარჯების დამატებით ზრდას გამოიწვევს.
ახლა კი მოკლედ ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს თანამდებობის პირთა შესახებ:
პაატა გოგოლაძე _ ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. გოგოლაძე სხვადასხვა წლებში „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ შემწირველი იყო. ჯამურად პარტიისთვის მას 2470 ლარი აქვს შეწირული. პაატა გოგოლაძე წლების წინათ შპს სამშენებლო-საპროექტო ჯგუფ „მომავლის პროექტი პრომოს“ ხელმძღვანელიც გახლდათ;
შალვა ლურსმანაშვილი და ნონა ზურაბიანი _ ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეები. თავმჯდომარისგან განსხვავებით, ისინი პოლიტიკურად აქტიური ცხოვრებითა და ბიზნესმოღვაწეობით წარსულში არ გამოირჩეოდნენ;
იუზა კელენჯერიძე და გივი ხიჯახაძე _ ფრაქცია „ქართული ოცნება _ მრეწველები“. კელენჯერიძე ფრაქციის თავმჯდომარეა, ხიჯაკაძე _ მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარე სს „იმერის“ აქციონერია, ხოლო მისი მოადგილე ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა;
გივი თავზარაშვილი და ზურაბ ხაჩიძე _ ფრაქცია „ქართული ოცნება _ კონსერვატორები“. თავზარაშვილი თავმჯდომარეა, ხაჩიძე კი _ მისი მოადგილე. თავზარაშვილი ინდივიდუალურ მეწარმედაა რეგისტრირებული, თუმცა ამ საქმიანობიდან მას შემოსავალი არ აქვს;
აკაკი ლურსმანაშვილი და იულონ კოპაძე _ ხარაგაულის საკრებულოში წარმოადგენენ ფრაქცია „ქართული ოცნება _ მწვანეებს“. სამეწარმეო საქმიანობით არც ერთი მათგანი არაა დაკავებული;
ინგა მაღრაძე და აკაკი მაჭავარიანი _ ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“. ინგა მაღრაძე თავმჯდომარეა, აკაკი მაჭავარიანი კი _ მისი მოადგილე. მაჭავარიანი სააქციო საზოგადოება „ავტოტრანსის“ აქციონერია;
თორნიკე ავალაშვილი და ქეთევან ზუმბაძე ფრაქცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე და მოადგილე არიან. ბიზნესსაქმიანობით არც ერთი მათგანი არ არის დაკავებული.

გრაფიკი 1: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წინა და ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს ხარჯების შეფარდება.
წყარო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია.

შორენა ლაღაძე