გელა ჩხეიძე: „სტალინი შეიძლება, კარგად გავყიდოთ“

ქართველ სტალინელებს გამჩენი და ბელადის აჩრდილი არ ასვენებს. გასულ კვირას გორში, ქალაქის ცენტრში, სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით საპროტესტო აქციების სერია დაიწყო. აქციების ორგანიზატორები არიან ერთიანი კომუნისტური პარტია და „მეგობრობა და სამართლიანობა!“
მათი განცხადებით, ბელადის ძეგლი ან პირვანდელ ადგილზე _ გორის ცენტრში უნდა დაიდგას, ანდა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ კვარცხლბეკზე.

სტალინისტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბელადს უფრო გორის ცენტრი შეეფერება, რადგანაც აქ ეს ძეგლი სტალინის სიცოცხლეშივე, 1952 წელს, დადგეს. ბრინჯაოს 6-მეტრიანი ქანდაკება გრანიტის 9-მეტრიან კვარცხლბეკზე იდგა.
ამ ძეგლის დემონტაჟი წინა ხელისუფლებამ 2010 წლის ზაფხულში განახორციელა. ბრინჯაოს სტალინი ერთ-ერთ კერძო ტერიტორიაზეა შენახული. სტალინისტებს გულს უკლავს ის ფაქტი, რომ მათი ბელადი ღია ცის ქვეშ არის.
ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა გორში სტალინის ძეგლის აღდგენა მოითხოვეს. სტალინისტების ამგვარ მოთხოვნას თითქმის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო აქტივისტი და ადგილობრივი ბიზნესმენი გელა ჩხეიძე. ის არაერთხელ მისულა ამგვარი თავყრილობების ჩასაშლელად. „ქრონიკა+“-სთან ის ამბობს, რომ გორში სტალინის ძეგლები საკმარისზე მეტი დგას და კიდევ ერთი ძეგლის აღმართვა საჭირო არ არის.

ვინ ცდილობს ახალგაზრდებისთვის ტვინის არევას? რას ქადაგებდნენ 2008 წელს გორში შემოსული ოკუპანტები? რატომ ლიდერობს მნახველების სიმრავლით სტალინის მუზეუმი საქართველოში? რატომ აღარ გაჭრის გორში რუსული პროპაგანდა? _ ამ თემებზე გელა ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ გორში სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. კი გვეცინება ამაზე, მაგრამ მთლად სასაცილოც არ უნდა იყოს ეს ამბავი. თქვენ რას გვეტყვით, _ ვიცინოთ თუ ვიტიროთ?
_ მე ამ აქციებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ამ მოთხოვნას მხოლოდ ერთი ჯგუფი აყენებს, რომელიც ერთგვარ სამეგობრო წრეს წარმოადგენს. მას ხელმძღვანელობს გვარად ლურსმანაშვილი. ეს კაცი წვენებში მუშაობდა. როგორც ამბობენ, თავის დროზე, სახელმწიფო ქონებას დაეპატრონა. სტალინი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მას აუცილებლად დახვრეტდა.
მის გარშემო რამდენიმე ათეული ადამიანია შემოკრებილი და ისინი სტალინის ძეგლის გორის ცენტრში დაბრუნებას ითხოვენ.
მათ გულწრფელად ძალიან უყვართ სოსელო: აწყობენ საღამოებს, მასზე მოგონებებსა და ლექსებს კითხულობენ; კავშირი აქვთ თბილისელ სტალინისტებთან და კომუნისტებთან. ასაკს გადაცილებული ხალხია. ერთი-ორი ახალგაზრდაც გამოერევა ხოლმე, ამიტომაც არ აღვიქვამ მათ ამ მოთხოვნას სერიოზულად. ისინი გორელების განწყობას არ გამოხატავენ.
ადგილობრივ სტალინისტებს ბევრი მომხრე არ ჰყავთ, მაგრამ ბოლო დროს ასპარეზზე ახალი ჯგუფი გამოვიდა. ის მაშინ გამოჩნდა, როცა გორში ხომერიკი ჩამოვიდა.
_ ვლადიმერ ხომერიკზე საუბრობთ?
_ დიახ. მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ნაცნობები მივუვარდით ამ შეკრებაზე, ხომერიკსა და მის თანამოაზრეებს სულ მოღალატეები ვუძახეთ. ვუყვიროდით, აქამდე რატომ არ გაპატიმრებენო. ბევრი ვიყვირეთ, ბოლოს ხომერიკი იძულებული გახდა, წასულიყო, პოლიციამ გააპარა.
იმ შეხვედრიდან კი გავაქციეთ, მაგრამ თავისი კვალი მაინც დაატყო აქაურობას _ ახალგაზრდების რაღაც ჯგუფი შექმნა. მათ საკითხზე ბოლომდე წარმოდგენა არ აქვთ და გაუაზრებლად ლაპარაკობენ.
იმ დღეს „თრიალეთის“ ეთერში ისხდნენ და ათას სისულელეს ამბობდნენ. ერთმა თქვა, _ რა დროს ძეგლის დადგმაა, ჯერ ის დავსაჯოთ, ვინც ძეგლი აიღოო. ღმერთმა იცის, რა უნდათ ამ ადამიანებს.
არ მომწონს, ამგვარი მოთხოვნებით რომ გამოდიან, მაგრამ მათთან დაპირისპირებაც არ იქნება ლამაზი. ძირითადად, 70 წელს გადაცილებული ადამიანები არიან და ამ ასაკის ხალხის წინააღმდეგ როგორ გამოვიდეთ ქუჩაში? _ უხერხულია.
გორში ისეთი ხალხიც გვყავს, ვინც სტალინის სურათზე პირჯვარს იწერს. ერთ-ერთი ასეთი ადგილობრივი უნივერსიტეტის რექტორია.
_ სტალინის სურათის წინ პირჯვრის გადაწერა სადაური წესია?
_ ხატად აქვს დაწერილი სტალინის სურათი და მას სანთელსაც კი უნთებს. სხვებიც იჩოქებენ ამ სურათის წინ და პირჯვარს იწერენ.
_ სერიოზულად ამბობთ?
_ სერიოზულად. გორში არის ადამიანების ჯგუფი, შეიკრიბებიან, იქეიფებენ, აუცილებლად დალევენ დიდი ბელადის სადღეგრძელოს, შუა ქეიფში შემოასვენებენ სტალინის დიდ სურათს, მოქეიფეებიდან ყველა სათითაოდ მიდის ამ სურათთან, იჩოქებს მის წინ და ბელადის სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამს.
_ ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ XXI საუკუნეში ასეთი რაღაც ხდება.
_ ეს ასეა და რას ვიზამთ?! ამ ადამიანების რიცხვი 200-ს არ აღემატება, იმათზე ვსაუბრობ, ვინც ღიად გამოხატავს სოსელოს მიმართ სიყვარულს. არიან ისეთებიც, ვისაც ბელადი უყვარს, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობს.
_ პირადად თქვენ რას იტყვით, უნდა დაიდგას თუ არა გორის ცენტრში სტალინის ძეგლი, თუნდაც იმ მოტივით, რომ ტურისტები მოიზიდოს? ზოგიერთი გორელი ამბობს, რომ ტურისტების მოსაზიდად შეიძლება ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნება.
_ მე, როგორც ბიზნესმენი, ვფიქრობ, რომ სტალინი ჩვენ უნდა გავყიდოთ. ამ სიტყვაზე გორელები დამახრჩობენ, ამიტომ განვმარტავ, რას ვგულისხმობ:
გაყიდვაში ამ შემთხვევაში მონის გაყიდვაზე არ ვსაუბრობ, სტალინის სახელი უნდა გაიყიდოს. შეიძლება, სუვენირები დამზადდეს, მაგრამ ეს კანონთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ჩვენი კანონმდებლობა საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს.
რაც შეეხება იმას, უნდა იდგეს თუ არა გორში სტალინის ძეგლი, ქალაქში ისედაც დგას სტალინის რამდენიმე ძეგლი. ერთ-ერთი მათგანი იმ ძეგლზე არანაკლებია, რომელიც ქალაქის ცენტრში იდგა.
_ ეს დიდი ძეგლიც გორში დგას?
_ დიახ. გორის დასასვენებელ პარკში დგას თავისი გაზონებით. კიდევ ერთი ძეგლი უნივერსიტეტის წინ დგას, ერთიც მუზეუმის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში მე ის ძეგლები ჩამოგითვალეთ, სადაც ბელადი სრული ტანითაა წარმოდგენილი. პატარ-პატარა ძეგლები და ბიუსტები კიდევ იქნება აქა-იქ.
ჩემს საწარმოშიც იყო სტალინის ძეგლი და მოვაშორებინე. ბევრ საწარმოშია შემორჩენილი სტალინის ბიუსტი, ზოგს ოჯახშიც აქვს.
კიდევ ერთი სტალინის ძეგლი საჭირო აღარ არის, თუმცა ბელადის სახელი თუ გაიყიდება და ხალხი ამით ფულს იშოვის, ამის წინააღმდეგი არ ვიქნები.
იცით, რამხელა მოთხოვნაა სტალინის სახლმუზეუმის დათვალიერებაზე? ეს სახლმუზეუმი საქართველოში ბილეთების გაყიდვით პირველ ადგილზეა. ამ მუზეუმს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
_ ბევრი მნახველი რომ ჰყავს, შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს ძეგლი გორის ცენტრში თუ დაიდგმება, მნახველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
_ არავითარ შემთხვევაში, წარმოუდგენელია! ვერ წარმომიდგენია, ევროპულ დემოკრატიაზე ვიფიქრო და სტალინის ძეგლთან ბავშვები ყელსახვევებით მივიყვანო, სადაც პატარები ძია სოსოს წინ დაიფიცებენ. ასეთი რამე არ მინდა, ჩემს ქალაქში რომ მოხდეს.
მესმის, ადამიანების ერთ ჯგუფს ძალიან უნდა ბელადის გორის ცენტრში დაბრუნება, მაგრამ მათ შეიძლება, სურვილი სხვანაირად ავუსრულოთ. ვაჩუქოთ ის დიდი ძეგლი, გადაადნონ, დაამზადონ პატარ-პატარა ძეგლები და გულზე დაიკიდონ.
_ ეს ძეგლი ცხინვალელ ოსებს რომ აჩუქოთ? თავის დროზე, როცა ძეგლი აიღეს, კოკოითიმ თქვა, ჩვენ მოგვცენო. იმაზეც იყო საუბარი, რომ ცხინვალისთვის სტალინირი დაერქმიათ.
_ სტალინირი ერთხელ უკვე ერქვა ცხინვალს. ჩუქებას რაც შეხება, არაფერი უნდა ვაჩუქოთ ოს სეპარატისტებს, მათ შორის, არც სტალინის ძეგლი. ეს მათ აღიარებას ნიშნავს, რაც დაუშვებელია.
_ მითხარით, სტალინის სახლ-მუზეუმის სანახავად ბევრი ტურისტი მოდისო და, ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან მოდიან, ალბათ, ჩინელები სჭარბობენ, მათ ძალიან უყვართ ბელადი.
_ რუსებიც ბევრი მოდის. ჩინელები ხომ მოდიან და მოდიან. მოქმედმა ხელისუფლებამ, ძირითადად, რუსეთსა და ჩინეთში გასწია ამ მიმართულებით პროპაგანდა. წინა ხელისუფლება ევროპელებს მიმართავდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ენახათ საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმი. მაშინ სტალინის მუზეუმის სანახავად იცით, რამდენი ხალხი ჩამოდიოდა იტალიიდან! _ ძალიან ბევრი.
_ იტალიაში სტალინი უყვართ?
_ კი. იტალიაში ისევ არსებობენ წითელი კომუნისტები. ესპანეთშიც არიან. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ვინც ევროპაშია წამოსული, თუ ეტყვით, რომ ამა და ამ ქვეყანაში არის სტალინის სახლ-მუზეუმი, ისინი აუცილებლად ჩამოვლენ გორში.
წელიწადში სტალინის სახლმუზეუმის მნახველთა რაოდენობა, ლამის, მილიონს აღწევს ხოლმე.
_ წელიწადში მილიონი ადამიანი თუ სტუმრობდა ამ სახლ-მუზეუმს, ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი.
_ ეგრეა! მაშინ, როცა უფლისციხეში ვიზიტორთა რიცხვმა 300.000 შეადგინა, სტალინის სახლ-მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვმა მის რაოდენობას სამჯერ გადააჭარბა.
_ რა უცნაურია, გორში ჩახვიდე, იქ უფლისციხე, ატენი გელოდებოდეს და სტალინის სახლმუზეუმი ნახო.
_ იცით, რამდენი ადგილია გორში კიდევ? თრიალეთი მხოლოდ ქედს იქით გვაქვს შესწავლილი. ქედს აქეთ იცით, რამხელა კულტურაა? ეს ტურიზმის სერიოზული ცენტრი იქნებოდა. აქაურობა ტყით არის დაფარული. ბევრჯერ შევთავაზე, რომ ჩემი ხარჯებით წაგიყვანთ და ბილიკები გააკეთეთ-მეთქი, მაგრამ არ აკეთებენ. სადღაც ვართ ჩარჩენილი.
რაკი მოთხოვნა დიდია, სტალინი უნდა გავყიდოთ, მაგრამ მისი ძეგლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიდგეს გორის ცენტრში. გორში არც რაიხსტაგის ადგილი არის.
_ რა რაიხსტაგის, ბატონო გელა? გორში რაიხსტაგიც გაქვთ?
_ რაიხსტაგიც გვაქვს, მაშ. გორის გამგეობის ძველი შენობა სადაც იყო, ის რაიხსტაგის ანალოგია. გუმბათიც კი ისეთი აქვს. ეს შენობა გერმანელი ტყვეების აშენებულია.
მის გვერდით უნივერმაღი და სხვა შენობებია. ისინიც გერმანული არქიტექტურის ნიმუშებია.
_ უნიკალური ქალაქი გქონიათ, რაიხსტაგიც გაქვთ და სტალინის სახლმუზეუმიც.
_ გვაქვს და რა ვქნათ.
_ გორის რაიხსტაგზე მეტად ხომერიკის გააქტიურება მაღელვებს. იმ შეკრებას, რომელიც მაგ კაცმა გორში ჩაატარა, ახალგაზრდებიც ესწრებოდნენო და მათ რუსული იდეოლოგიით ხომ არ წამლავენ?
_ არა მგონია, რომ გამოუვიდეთ. როგორც გითხარით, იმ შეკრების ჩასაშლელად მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ნაცნობები მივვარდით. შიგნით ახალგაზრდა ძალიან ცოტა იყო. ვინც მივიდა, როგორც გავარკვიეთ, ისინიც მოტყუებით მიიყვანეს.
_ რას ნიშნავს, მოტყუებით?
_ ადამიანებს უთხრეს, რომ სოფლის მეურნეობის პროექტები უნდა დაგიფინანსოთ, ფული უნდა მოგცეთ ხომერიკმაო. მხოლოდ ამიტომ მივიდნენ.
გამორიცხულია, გორში ახალგაზრდები სტალინური და რუსული იდეოლოგიით მოიწამლონ. სტალინი საქართველოში დიდად არც კომუნისტების დროს იყო დაფასებული, შევარდნაძეს ძალიან არ უყვარდა.
მახსოვს, შევარდნაძე გორში იყო ჩამოსული და სტალინის ძეგლი რომ დაინახა, თქვა, _ აუ, ამას აქ რა უნდაო. ჩემი ყურით მაქვს ეს ფრაზა მოსმენილი.
ადრე სტალინის დაბადების დღეზე რამდენიმე ათასი ადამიანი იყრიდა თავს გორში. მერე ეს რიცხვი რამდენიმე ასეულამდე დავიდა, 500 კაცს არ სცილდებოდა. ახლა 500 კაციც ვეღარ გროვდება. თან სულ 70 წელს გადაცილებული ხალხია.
_ ისინი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მთავარია, შევსება არ იყოს.
_ წარმოუდგენელია. დღევანდელი ახალგაზრდები ძალიან ამაყობენ თავისუფლებით. ისინი ინტერნეტის აქტიური მომხმარებლები არიან. ყველამ იცის, რომ სტალინი ერთის წინააღმდეგიც იქნებოდა და _ მეორისაც. თუნდაც ამიტომ არ შეიყვარებენ ისინი სოსელოს.
_ სტალინის ღვთისმოსაობაზე რას გვეტყვით? ამას აქტიურად ქადაგებენ. ამაში სასულიერო პირებიც არიან ჩართულები.
_ თუ მორწმუნე იყო, ამით ჩვენ რა? სტალინმა ფანდი ჩაატარა და მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვს ხატებით სავსე თვითმფრინავი შემოატარა. იმ თვითმფრინავში მარტო მართლმადიდებლური სიწმინდეები არ იყო, ყველა სარწმუნოების სიწმინდე დააბრძანა. ყველაფერს ცდილობდა, რომ ომი მოეგო. სიკვდილმისჯილები გამოუშვა ციხიდან, იარაღი დააჭერინა და ომში გაუშვა.
სტალინზე მოგონილი ზღაპრების არ სჯერათ ბავშვებს. სამი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს ოჯახში, ერთი შედარებით უფროსია და მათ მაგალითზე გეტყვით, რომ სტალინის სიყვარულს ახალგაზრდებში ვერავინ გააღვიძებს.
_ თქვენ სხვა იდეოლოგიით ზრდით შვილებს და, ალბათ, მაგიტომ.
_ ამ ბავშვების მეგობრებს ხომ ვიცნობ? სულ ჩვენთან იყრიან თავს. ამ ბავშვებს ასეთი ზღაპრების არ სჯერათ. მათ სხვა გატაცება აქვთ: თეატრი, რაგბი, ჭიდაობა.
ძეგლებზე ვსაუბრობთ და აუცილებლად უნდა ვთქვა: იაკობ გოგებაშვილის ძეგლი არ დგას გორში. ლენინის ძეგლი რომ დავამხეთ გორში, მაშინ გადავწყვიტეთ, რომ მის ადგილზე იაკობ გოგებაშვილის ძეგლი უნდა დაგვედგა.
2006 წლამდე ეს ადგილი გოგებაშვილს ეკუთვნოდა, 2006 წელს იქ პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ააშენეს.
_ ისე, რა უხერხულია, გორში იაკობ გოგებაშვილის ძეგლი არ იდგეს და სტალინის ძეგლის აღმართვაზე ეწყობოდეს აქციები.
_ მარტო ეს? არ გვაქვს დიდების ხეივანი, სადაც ტიტულოვან გორელ ფალავნებსა და სამშობლოსთვის დაღუპულებს დავუდგამთ პატარ-პატარა ბიუსტებს.
ბახტრიონის გმირების საფლავები კი გვაქვს იკორთაში, მაგრამ ეს ტერიტორია ოკუპირებულია. წაგებულ ომში დახოცილმა ბიჭებმა რა დააშავეს, ზოგს საფლავიც რომ არ აქვს?
გორში ახალი ბაღი შენდება და იქ შეიძლება მათი პატარა ბიუსტების დადგმა. ბიუსტი სიმონ მეფესაც ეკუთვნის, გორის ციხე რომ გაათავისუფლა.
ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლი აღარ იქნება. კანონი არ მისცემს ამის საშუალებას.
ძეგლს თავი დაანებონ და სუვენირები გაყიდონ. პატარა მარანი და სასტუმრო მაქვს გორში. ვცდილობ, იქ სხვა რამე გავყიდო, მაგრამ სხვამ თავის სასტუმროში გაყიდოს სტალინის სუვენირები, იშოვონ ფული.
რა რაიხსტაგი და სტალინი, გიორგი ერისთავის ძეგლიც კი არ გვაქვს, არადა, მან შექმნა ქართული თეატრი. ერისთავის პატარა ბიუსტი დგას მისივე სახელობის თეატრში. ვაჟა-ფშაველას ბიუსტიც კი არ გვიდგას გორში.
_ ეგ, ალბათ, იმიტომ, რომ ვაჟას სტალინი არ უყვარდა.
_ ვაჟა-ფშაველა გორში სწავლობდა, შემდეგ იგი გორში ამილახვრებთან ასწავლიდა ოთარშენის ახალგაზრდობას. ამხელა კაცის ბიუსტიც კი არ გვაქვს.
_ რამდენად ძლიერია რუსული პროპაგანდა გორში? არ ენატრება ხალხს ის დრო, როცა რუსეთში ვაშლი გაჰქონდათ და ამით დიდ ხეირს ნახულობდნენ?
_ რამდენიმეს შეიძლება ენატრება, ბირჟაზე საუბრისას იხსენებენ, როგორ გაიტანეს რუსეთში ერთი „კამაზი“ ვაშლი და იქიდან „ჟიგული“ ჩამოიყვანეს. ამ დროს იქვე „ტოიოტა“ ან „მერსედესი“ ჩერდება და ყველა იცინის.
საბჭოთა დროს გაშენებული ვაშლის ბაღები აღარ არის, სულ ახალი ბაღები გააშენეს. ახალგაზრდები საქმიანობენ. ამერიკიდან ჩამოიტანეს ვაშლის ჯიშები. ეს ჯიშები რუსეთშიც მრავლად არის და იქ ჩვენი ვაშლი აღარ სჭირდებათ.
თანაც საქართველოში იქით შემოგვაქვს ვაშლი პოლონეთიდან და ბულგარეთიდან, სად უნდა გავიტანოთ? ამით რუსები გორელების გულის მოგებას ვერ შეძლებენ.
აგვისტოს ომის დროს გორში ერთი დღე ხომ შემოუშვეს მაროდიორები! ისინი მერე ბორისოვმა გაყარა. რუსი ოფიცრები დადიოდნენ გორელებთან და ეუბნებოდნენ, _ აქ იმიტომ ვართ, რომ სააკაშვილი დავიჭიროთ, თქვენ კი გზა გაგიხსნათ რუსეთში, რომ ვაშლი გაიტანოთო. ამას ხალხზე დიდად არ უმოქმედია. დრო შეიცვალა, რუსული იდეოლოგია აღარ ჭრის.

შორენა მარსაგიშვილი