ბეჟან ნათელაშვილი: „ივანიშვილი იმდენად დიდი სატანაა, მის წინააღმდეგ ეშმაკსაც შეეკვრები ერთჯერადად“

ბოლო დროს ერთგვარ მოდად იქცა რწმენაზე სუბარი. პოლიტიკოსებმა ლამისაა, ანაფორები ჩაიცვან და ისე გამოვიდნენ ტელევიზიით. თავის მხრივ, არც სასულიერო პირები სხედან გულხელდაკრეფილი და ისინიც აქტიურად ერევიან პოლიტიკურ პროცესებში.
„ლეიბორისტულ პარტიაში“ მიაჩნიათ, რომ ეს ფარისევლობა უნდა დასრულდეს. მათი თქმით, ეს ფარსი, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიას აზარალებს. პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი „ქრონიკა+“-სთან სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ეკლესია პოლიტიზებული მამაოებით გაივსო.

რატომ ალაპარაკდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რწმენაზე? რატომ ეხვევა „ქართული ოცნება“ გამუდმებით სექსუალურ სკანდალებში? რატომ უნდა იდგნენ აქციებზე პოლიტიკოსები? რატომ ცდილობს პოლიტიკოსების გასვრას ივანიშვილი? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო ბეჟან, ბოლო დროს პოლიტიკოსები ხშირად აპელირებენ ღმერთის სახელით. რატომ გადავარდა ასე ყველა ერთად რწმენაში?
_ ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკოსები ქულების დასაგროვებლად და ამომრჩევლის გულის მოსაგებად მორწმუნენი ხდებიან. წინა ხელისუფლება ეკლესიასთან მებრძოლ ძალად მიიჩნეოდა. ხალხის დიდი ნაწილი მათ ამის გამო ვერ იტანდა. ეს განწყობა კარგად გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა და მთელი თავისი კამპანია 2012 წელს იმაზე ააგო, რომ „ნაციონალები“ უღმერთოები იყვნენ.
მართალია, „ოცნების“ წევრები ეკლესიებში ხშირად დადიან, მაგრამ თავისი საქმიანობით დაამტკიცეს, რომ ღმერთთან საერთო არაფერი აქვთ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია წინა ხელისუფლებას. ახლა ისინი ცდილობენ, საკუთარი თავი მორწმუნე ხალხად წარმოაჩინონ და „ოცნებას“ დასდონ ბრალი ქრისტეს გზიდან გადახვევაში.
სამარცხვინოა, რომ რწმენას პოლიტიკოსები ქულების დასაგროვებლად იყენებენ. ძალიან ცუდია, რომ მათ ამაში ეკლესიაც უწყობს ხელს. ეკლესიის წარმომადგენლებიც ხშირად ერევიან პოლიტიკურ საქმეებში. ეკლესია პოლიტიზებული მამაოებით გაივსო, პოლიტიკა _ მორწმუნე პოლიტიკოსებით.
ეკლესია და პოლიტიკა დაუყოვნებლივ უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს! ასე თუ არ მოხდება, ქვეყანა ვერ განვითარდება.
_ იმ ფონზე, როცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლამისაა, ანაფორები გადაიცვან, მოქმედი ხელისუფლება გამუდმებით სექსუალურ სკანდალებში ეხვევა. ამათკენ რაღა ხდება?
_ ამათკენ რაღა ხდება და თვალები აქვთ დაბრმავებული. ძალაუფლებამ იცის ასე. ვერაფერს გრძნობენ, დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი შერჩებათ და ამიტომ იქცევიან ასე თავხედურად. იმას ვერ ხვდებიან, რომ, ადრე თუ გვიან, მათი დროც მოვა და მათაც მოუწევთ პასუხისგება. გავიხსენოთ ვანო მერაბიშვილი. ის ერთ დროს ქვეყანას აზანზარებდა, ახლა კი ციხეში ზის. ხვალ იგივე ელოდება გახარიას. შს მინისტრობიდან პრემიერად გადაყვანა კარგი ამბავი სულაც არ არის.
_ ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში შს მინისტრობიდან პრემიერად გადაყვანა „მატროსოვით“ დასრულდა. აქ რატომ უნდა განმეორდეს იგივე?
_ გახარია მერაბიშვილზე უკეთესი ხომ არ გგონიათ? მაგის ადგილი „მატროსოვზეა“. წესით, ის უნდა იჯდეს ახლა „მატროსოვზე“ და არა _ ირაკლი ოქრუაშვილი.
გასულ კვირას „ლეიბორისტები“ საგანგებოდ მივედით „მატროსოვის“ ციხესთან, აქცია გავმართეთ და პოლიტპატიმარ ირაკლი ოქრუაშვილის განთავისუფლება მოვითხოვეთ.
შალვა ნათელაშვილმა თქვა, ირაკლი უკანონო პატიმარია და თუ იმის გამო ზის ციხეში, რომ გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა, მაშინ მე უფრო ადრე უნდა დავეჭირე, რადგან რუსთაველის გამზირზე ირაკლიზე დიდხანს ვიდექიო.
_ ოქრუაშვილის მხარდამჭერი აქცია რომ გამართეთ, ამის გამო „ლეიბორისტები“ ძალიან გამოგლანძღეს. არცთუ შორეულ წარსულში თქვენი პარტია მას არ სწყალობდა.
_ არც ახლა ვამბობთ, რომ ის ჩვენი მზეა ამომავალი. ჩვენ ვამბობთ, რომ ირაკლი უკანონო პატიმარია და ის აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ. დარწმუნებული ვარ, მისი გამოშვება მაინც მოუწევთ.
ამ კრიტიკოსებს თქვენი გაზეთით შვახსენებ, რომ როცა ოქრუაშვილი დიდების ზენიტში იყო, მასთან დაპირისპირებას მხოლოდ ჩვენ ვბედავდით.
_ ეს ნამდვილად ასე იყო. შალვა ნათელაშვილმა რამდენიმე ფრთიანი ფრაზითაც შეამკო მინისტრის პოსტზე მყოფი ოქრუაშვილი.
_ იმიტომ, რომ მაშინ ეს ადამიანი არასწორად იქცეოდა. ახლა მან რუსი ოკუპანტის ჩამოსვლა გააპროტესტა და ამის გამო ჩასვეს ციხეში. ეს ჩვენთვის მიუღებელია და მას აუცილებლად დავუჭერთ მხარს.
_ გავრილოვის საქმეზე მხარდაჭერა თანამშრომლობაში ხომ არ გადაიზრდება? ოქრუაშვილის პარტიასთან ხომ არ აპირებთ გაერთიანებას?
_ „ლეიბორისტული პარტია“ არავისთან გაერთიანდება. ჩვენ ტრადიციულად დამოუკიდებლად გამოვალთ არჩევნებზე, მაგრამ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც საქართველოს ნათელი მომავალი უნდა.
დღეს ქვეყანაში ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგა, ეშმაკსაც უნდა შეეკრა კაცი, რათა ქვეყანას ეს ჭირი, სახელად ივანიშვილი, მოაცილო.
_ ეშმაკთან შეკვრა ნამეტანი ხომ არ არის?
_ ივანიშვილის სახით იმდენად დიდ სატანასთან გვაქვს საქმე, რომ ერთჯერადად ეშმაკთან შეკვრაც კი გამართებულია. ეს ჭირი აუცილებლად უნდა მოვიცილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო მართლა ეშმაკებს დარჩება.
ასე რომ, ყველასთან ვითანამშრომლებთ, საარჩევნო ბლოკში კი ვერავისთან გვიხილავთ.
_ ამბობთ, რომ ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთო. ასე გაერთიანდა ყველა მიშას წინააღმდეგ და შედეგად მიიღო ბიძინა, ახლაც რა გარანტიაა, რომ უკეთესი მოვა ხელისუფლებაში?
_ ჩვენ ოპოზიციასთან ერთად ვიბრძოდით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ბიძინას ორბიტაზე არასდროს გვიტრიალია. ჩვენ მას პოლიტიკაში მოსვლამდე დავუპირისპირდით. ასე რომ, მის მოყვანაში წვლილი არ მიგვიძღვის.
_ თქვენი პარტია არც თავად ივანიშვილს მოსწონდა.
_ მადლობა ღმერთს, რომ ამ ვაჭარი პოლიტიკოსის გემოვნებას არ ვაკმაყოფილებთ. 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ მიშას წინააღმდეგი ვიყავით, 2012 წელს ბიძინას მოსვლის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ხალხი ორივე შემთხვევაში ჩვენ გვლანძღავდა. გვსაყვედურობდნენ, რანაირი პარტია ხართ, ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა არ გინდათო. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით ან ერთი რისი გამკეთებელი იყო, ან _ მეორე.
ქვეყანას ხომ ამდენი უბედურება დამართა ამ ორმა ძალამ, ვიღაც მესამე ქარიზმატული და აფერისტი ლიდერი რომ გამოჩნდეს, ხალხი მისკენ გაიქცევა და ისევ ჩვენ დაგვიწყებს ლანძღვას.
2012 წელს მიშა სააკაშვილთან ალიანსი დაგვაბრალეს, ახლა იტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვართ შეკრულები.
მოსახლეობის დიდი ნაწილი შადიმან ბარათაშვილის მსგავსად აზროვნებს. ესაა ჩვენი პრობლემა.
ჩვენ რომ თავმოყვარე ერი ვიყოთ, ვერც „ნაციონალები“ დარჩებოდნენ ხელისუფლებაში 9 წელი და ვერც „ოცნება“ დააჯდებოდა ქვეყანას 7 წელი თავზე.
სახლში სანტექნიკოსს თუ მიიწვევთ, ის გარკვეულ ვადას მოითხოვს, რომ თქვენი პრობლემები მოაგვაროს. მოულოდნელად ამ კაცმა დიდ ჩაქუჩს და უროს თუ დაავლო ხელი და სახლის ნგრევა დაიწყო, იმ ვადას ხომ არ დაელოდებით, რაც მას მიეცით? _ დაუყოვნებლივ გააგდებთ და არც იმ ფულს გადაუხდით, რაზეც შეთანხმდით.
იგივეა სახელმწიფოც: როცა ვხედავთ, რომ ქვეყანას ანგრევენ, აღარ უნდა დაველოდოთ ვადის გასვლას. ველოდებით, როდის ამოწურავს „ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადას და რა ხდება? სახლის, ანუ სახელმწიფოს კედლები უკვე დაანგრიეს და ახლა საძირკველს მიადგნენ.
კედლების დანგრევა გავატარეთ, მაგრამ საძირკვლის ნგრევა აღარ უნდა დავუშვათ. ახალი სახელმწიფოს აშენება ამ საძირკველზე მოგვიწევს, თუ არადა, ყველაფერი თავიდან იქნება გასაკეთებელი.
_ ზემოთ თქვით, „მესამე აფერისტი ლიდერიც რომ გამოჩნდესო“. რატომ გგონიათ, რომ ის, ვინც შეიძლება გამოჩნდეს, აფერისტი იქნება?
_ 20 და 25 წლის ბიჭი თუ გამოჩნდა ლიდერად, იმას შეიძლება, არ დავუპირისპირდეთ. 50 და 60 წლის ფულიანი კაცი თუ გამოჩნდა, მასთან აუცილებლად მივალთ და ვეტყვით, _ ახლა გაგახსენდა საქართველო? ყველაზე უზნეო პოლიტიკოსი გერჩიოთ გაპოლიტიკოსებულ ვაჭარს. ეს ვაჭრები, რატომღაც, ახლა ბიზნესმენებს უწოდებენ თავს.
გაპოლიტიკოსებული ვაჭრის მმართველობა უკვე იწვნია საკუთარ თავზე ხალხმა და მგონია, ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს.
ასევე არ უნდა დავუჯეროთ იმ გაპოლიტიკოსებულ ვაჭრებს, რომლებიც ეკლესიურობის სახელით მანიპულირებენ. ვინც ასე იქცევა იცოდეთ, რომ ის ყველაზე დიდი ანტიქრისტეა.
_ სამწუხაროა, რომ ეკლესია არ აპროტესტებს პოლიტიკოსების ეკლესიის სახელით ვაჭრობას…
_ არც გააპროტესტებს. ეკლესიაც ბაძავს პოლიტიკოსებს. სასულიერო პირების დიდი ნაწილი ფუფუნებასა და მცონარობაშია გადავარდნილი. ყველა სასულიერო პირზე ამას არ ვიტყვი. არიან ჭეშმარიტი სასულიერო პირებიც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბერები, რომლებიც ცხოვრებას ლოცვასა და მარხვაში ატარებენ. ღმერთმა დალოცოს ისინი.
_ „ლეიბორისტული პარტია“ მშრომელთა პარტიაა და მშრომელ ხალხზეც მინდა გკითხოთ: ტაქსისტებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? გაზაფხულზე მათთან ერთად ივანიშვილს სერიოზული აქცია მოუწყვეთ, მაგრამ პროტესტმა არ გაჭრა.
_ ეს ძალიან მასშტაბური აქცია იყო. ათასობით მანქანამ ალყა შემოარტყა ივანიშვილის სასახლეს. ამან ოლიგარქი ძალიან შეაწუხა და ხელისუფლება მზად იყო დათმობისთვის… მაგრამ იცით, რატომ არ წავიდნენ დათმობაზე? მათ ის ტაქსისტები იყიდეს, რომლებიც ჩვენთან ერთად ორგანიზებას უკეთებდნენ ამ აქციას.
ეს ტაქსისტები ისე დაამუშავეს, რომ ათქმევინეს, ჩვენ გვერდით პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენო. ამის სანაცვლოდ დაჰპირდნენ, პრობლემებს მოგიგვარებთ და მოთხოვნებს დაგიკმაყოფილებთო. დანაპირები არ შეუსრულეს და ტაქსისტები გადააგდეს. იგივე ხდება მაღაროელების პროტესტის შემთხვევაშიც.
სოციალური ქსელით ხშირად ვწერ ამაზე და თქვენთანაც ვიტყვი: თუ საპროტესტო აქციაზე გაჩნდა ფრაზა, რომ „ჩვენ გვერდით პოლიტიკოსები არ გვინდა“, ამ ფრაზის გამჟღერებელი, ჩათვალეთ, რომ უკვე მიყიდულია სუსსა და სპეცსამსახურებს.
ნებისმიერ პროტესტს ჩააქრობენ და გააჩუმებენ, რომელი საპროტესტო მოძრაობაც იტყვის, რომ ჩვენ გვერდით პოლიტიკოსები არ გვინდა.
ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ყველა აქცია პოლიტიკურია, მათ შორის სოციალური მოთხოვნებით გამართული აქციებიც. პოლიტიკოსები ჩაგრავენ ადამიანებს და მათ წინააღმდეგ გამართული აქცია რანაირად იქნება აპოლიტიკური?
ტაქსისტების აქციას დავუბრუნდები, _ ეს პროტესტი პოლიტიკური ხასიათის იყო. ქორეოგრაფიული ხასიათის თუ იყო, მაშინ ჩარეულიყვნენ „სუხიშვილები“ და „ერისიონი“.
მთელი ზაფხული რუსთაველის გამზირზე აქციები მიდიოდა. აქციის მთავარი მოთხოვნა ქვეყნის დეოკუპაცია და გახარიას გადადგომა იყო. აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა პოლიტიკოსებისგან დისტანცირება გადაწყვიტა. შედეგად რა მივიღეთ? _ გახარია, რომლის გადადგომასაც მთელი ქვეყანა ითხოვდა, პრემიერი გახდა.
აქცია იყო ანტისაოკუპაიო და პოლიტიკოსების ჩამოშორების შემდეგ ამ თემის დისკრედიტება მოხდა.
გახსოვდეთ: ყველა, ვინც ამბობს, რომ აპოლიტიკური აქცია გვაქვს და პოლიტიკოსები არ გვჭირდებაო, ხელისუფლებასთან არის შეკრული. ქვეყნის დეოკუპაცია თუ აპოლიტიკურია, მაშინ პოლიტიკური რა არის, არ ვიცი!
ტაქსისტებიც დაარწმუნეს, რომ თუ პოლიტიკოსებს მოიშორებდნენ, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს შეასრულებდა. მწარედ მოტყუვდნენ და ახლა „ოცნების“ წევრებს წყევლიან, _ მაგათი კუბოები ვნახეთ გათეთრებულიო.
იმედია, ახლა მაინც შეიგნებს ხალხი, რომ პოლიტიკოსების გარეშე არც ერთი საპროტესტო აქცია შედეგიანი არ იქნება.
_ ხალხი ხშირად ითხოვს, რომ პოლიტიკოსები ჩვენ გვერდით არ დადგნენო. ეს თქვენი, პოლიტიკოსების ბრალიც ხომ არ არის?
_ პოლიტიკოსებზე რომ ამხელა აგრესია მოდის, ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ამ კაცმა პირდაპირ თქვა, მე პოლიტიკოსი არ ვარ და ეს პოლიტიკა ამოსულია ყელშიო.
7 წელია, პოლიტიკოსების დისკრედიტაცია მიდის და ამის ფონზე დახლის ვაჭრები ამტკიცებენ, პოლიტიკოსები ვართო.
_ „დახლის ვაჭარს“ ბიძინა ივანიშვილს უწოდებთ?
_ დახლის ვაჭარია, აბა, რა არის?! თავიდან ვაჭრობა პარფიუმერიით დაიწყო, მერე იარაღის გაყიდვაზე გადავიდა… და ეს დახლის ვაჭრები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკაში ჩვენ ვჯობივართ პოლიტიკოსებსო.
ივანიშვილს იმდენად ეზიზღება პოლიტიკოსები, რომ თავისი პარტიიდანაც კი გაყარა ის ხალხი, ვისზეც შეიძლებოდა გეთქვა, პოლიტიკოსიაო.
დღეს „ოცნებაში“ არც ერთი პოლიტიკოსი აღარაა. გახარია პრემიერია, მაგრამ ეგეც კი არ არის პოლიტიკოსი. ის რუსული „კაგებეს“ დამუშავებულია. ეს კაცი დიდად უწიგნურიც გახლავთ და ყველა სიკეთესთან ერთად _ უხეშიც.
მან ის განათლება და უნარ-ჩვევები მიიღო, რომელიც ხალხის წყობილებიდან გამოყვანაში ეხმარება. მას ჟურნალისტებიც კი გამოჰყავს მდგომარეობიდან. მისი მანერები მხოლოდ მის უზრდელობაზე მეტყველებს და არა წიგნიერებაზე.
_ ჟურნალისტების წყობილებიდან გამოყვანა ყველაზე უკეთ გია ვოლსკის გამოსდის. მას რაღა სჭირს, გახარიას კურსები გაიარა?
_ გახარია მაგასთან შედარებით ფრთიანი ანგელოზია. ეგ კურსები მან, ჯერ კიდევ, მაშინ გაიარა, როცა მოქმედი პრემიერი დაბადებულიც არ იყო. იცოდეთ, ვოლსკი სახუმარო ტიპი არაა, საკმაოდ სერიოზული ფიგურაა.
პარტიაში პოლიტიკოსები რომ არ ჰყავთ, ამას თალაკვაძეებისა და მდინარაძეების იქ ყოფნაც მოწმობს. მათზე საუბარიც კი არ მინდა ხოლმე, მაგრამ სხვა გზაც რომ არ არის? თალაკვაძე რომ ქვეყნის პირველი პირი იქნება, იქ რა გინდა, რომ თქვა?!
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დანიშვნა მთლად კატასტროფაა. ამ ქალის გამოყენებით მიდის პოლიტიკოსების მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
კარტოფილისა და ხახვის ძალით არჩეული პრეზიდენტის ნებისმიერი წასვლა საზღვარგარეთ ნიშნავს, რომ ღმერთმა ჩვენს ქვეყანას მეტეორი ესროლა, _ არავინ იცის, რა სისულელეს იტყვის.
მასთან შედარებით არჩილ თალაკვაძე ანგელოზია. მართალია, დაყენებული პოზით ლაპარაკობს, მაგრამ სალომეს მსგავს სისულელეებს არ ამბობს.
ხალხმა ვაჭრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა განდევნოს პოლიტიკიდან. ისევე უნდა განდევნოს, როგორც, თავის დროზე, მაცხოვარმა განდევნა ვაჭრები ეკლესიიდან.
_ თავის დროზე კი განდევნა მაცხოვარმა ვაჭრები ეკლესიიდან, მაგრამ ახლა ეკლესია კვლავ ვაჭრებით აივსო _ ამ შემთხვევაში ვაჭრებადქცეულ სასულიერო პირებს არ ვგულისხმობ, ეკლესიას ამოფარებული ოლიგარქები მყავს მხედველობაში.
_ ერთი კაცი, რომელიც ხალხის ანაბრების მიტაცებით არის ცნობილი, გალობას ასწავლის. ამაზე დიდი უბედურება რაღა გინდათ?!
ისიც ცუდად ეტმასნება ეკლესიას ახლა ძალიან ბევრ ფულს რომ ხარჯავს და მეორე ბიძინობა უნდა.
_ ვის გულისხმობთ? ვის უნდა მეორე ბიძინობა?
_ მამუკა ხაზარაძეს. ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწევს. ის მეორე ბიძინა ვერ გახდება.
მისგან განსხვავებით, ივანიშვილი პოლიტიკაში რომ შემოვიდა, რაღაც რეიტინგი მაინც ჰქონდა _ სუპერქველმოქმედის მანტიით შემოვიდა პოლიტიკაში. ჩვენ, „ლეიბორისტებს“, კი არ გვჯეროდა მისი, მაგრამ ხალხს ეგონა, რომ ანგელოზი და მშვიდობის მტრედი იყო.
ხაზარაძეს რეიტინგი საერთოდ არ გააჩნია, ის ვერც ქველმოქმედის სახელს ამოეფარება. მან მთელი საქართველო დააყაჩაღა.
_ რას გულისხმობთ?
_ ბანკში იმხელა პროცენტი ჰქონდა დაწესებული, რომ ამას ყაჩაღობის გარდა სხვა სახელს ვერ დაარქმევს კაცი.
ამ ადამიანმა სხვა ბანკირებთან ერთად ნახევარი საქართველო უსახლკაროდ დატოვა, ამიტომ მისი გათეთრება ძალიან ძნელი იქნება.
რაც არ უნდა გააკეთოს მამუკა ხაზარაძემ, ის ივანიშვილის ბანდის ალტერნატივა ვერ გახდება. სიმართლე თუ გინდათ, მე არც იმის მჯერა, რომ მათ შორის რაიმე სერიოზული დაპირისპირებაა.
ჩემი აზრით, ეს არის ერთ კლანში, ერთ ოჯახში მომხდარი დაპირისპირება. ისინი ფულს ვერ იყოფენ. მათთვის მთავარია ფული, _ ხალხი და ქვეყანა არ აინტერესებთ.
ჩვენს საზოგადოებას საკმარისი გამოცდილება აქვს, რომ თაღლითებმა და დახლის ვაჭრებმა აღარ მოატყუონ. ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ სანამ პოლიტიკაში დახლის ვაჭრები იქნებიან, ეს ქვეყანა არ განვითარდება.
ვაჭრები ვაჭრობას არიან მიჩვეული და პირადი სარგებლის მიღების მიზნით ხალხსაც გაყიდიან და _ ქვეყანასაც.

შორენა მარსაგიშვილი