სუსის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი კანონის დარღვევით წარადგინეს!

„На переправе коней не меняют“, _ ბიძინა ივანიშვილი ამ ცნობილ ანდაზას მუდმივად არღვევს და სწორედ „На переправе“, ანუ საპარლამენტო არჩევნების წინ, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ძალოვანი უწყებები გადაახალისა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახადა, გახარიას ყოფილი უწყება ვახტანგ გომელაურს ჩააბარა, სუსის უფროსის თანამდებობა კი ვაკანტური გახდა.დღეის მდგომარეობით, ამ პოსტზე პირველი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

როგორც ყველა სხვა კადრი, გრიგოლ ლილუაშვილიც „ქართუს“ პირმშოა. მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით, დიპლომი ნამდვილი აქვს და თანაკურსელებიც მოიძებნება. 2015 წლიდან ივანიშვილის კომპანიებში: შპს „ბურჯში“, შპს „ქართუ მშენებელსა“ და შპს „ოლდ სიტი დეველოპმენტში“ დირექტორის თანამდებობებს იკავებდა; 2015-2016 წლებში „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, პარალელურად, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტსაც ითავსებს, 2016 წლიდან კი თბილისის მერის მოადგილეა.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ლილუაშვილი თბილისის მერიაში კახი კალაძის საკონტროლოდ გაამწესეს. მას მერიაში კიდევ ერთი ვიცე-მერის პოსტზე საკუთარი ახლო ნათესავი, გიგა ნიკოლეიშვილი დახვდა, რომელიც ამ თანამდებობაზე, ჯერ კიდევ, დავით ნარმანიას დროიდან მუშაობდა. ამ ტანდემის სახელს არაერთი სკანდალი დაუკავშირდა, მათ შორის, სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ მიმართებით. „ქრონიკა+“-სთან საუბარში „სვეტის“ დირექტორი გივი ჯიბლაძე ამბობდა, რომ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი, მშენებლობის წილის სანაცვლოდ კომპანია „სვეტს“ სამშენებლო ნებართვებით უზრუნველყოფდა და მისი ვალდებულება სწორედ ნებართვების გაკეთება იყო. ლილუაშვილის ნათესავი ლაშა ჭელიძე „სვეტში“ ფიქტიურად 20%-ს ფლობს, თუმცა, რეალურად, ეს წილი სწორედ ლილუაშვილს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ჯიბლაძის კომპანიაში მუშაობდა ლილუაშვილის მეუღლე მაია ჭეიშვილი, რომლის ანაზღაურებაც თვეში 3000 ლარს შეადგენდა. ჯიბლაძის მტკიცებით, მას მერის მოადგილესთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდა.
„ნარმანიასთან შეთანხმებით გენერალური რეგულირების გეგმა შეთანხმდა. რიგ ობიექტებზე მშენებლობის ნებართვა გვქონდა, რიგზე _ არა. 18 კორპუსიდან ნებართვა ჰქონდა მხოლოდ სამს, დანარჩენი პერიოდულად იყო მოსაწოდებელი“, _ აცხადებდა ჯიბლაძე. ის ასევე იმასაც ადასტურებდა, რომ აღნიშნულ ბიზნესში ინტერესები დავით ნარმანიასაც ჰქონდა. ყოფილი მერი „სვეტისგან“ კონკრეტული მოცულობის მიწის გადაცემას ითხოვდა ამხანაგობისთვის, რომელიც მის ბიძაშვილს ეკუთვნოდა.
ლილუაშვილი არ იყო ერთადერთი ჩინოვნიკი, რომელსაც გივი ჯიბლაძე სკანდალურ ინტერვიუში ასახელებდა. ჯიბლაძის მიერ ბრალდებულ პირებს შორის იყო გიორგი (გოგა) სანაძე _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი; დავით ჭიჭინაძე _ სუსის ანტიკორუფციული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, რომელიც ასევე ლილუაშვილის ნათესავია.
„სვეტის“ სკანდალი ფინანსური პოლიციის გამოძიებით და გივი ჯიბლაძის დაკავებით დასრულდა. ის რვაწლიან სასჯელს გლდანის ციხეში იხდის. ფინანსურმა პოლიციამ ჯიბლაძის ჩვენებასა და ინტერვიუში დასახელებული ყველა თანამდებობის პირი დაკითხა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მეტიც: თავად გრიგოლ ლილუაშვილი დააწინაურეს და სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მერე, სუსის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კი იგი სუსის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. სწორედ ამ პერიოდში ის სუსის უფროსის მოადგილედ ნიშნავს საკუთარ ახლო ნათესავს, გიგა ნიკოლეიშვილს, რომელიც მანამდე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა.
ერთი შეხედვით, გიგა ნიკოლაიშვილის ბიოგრაფია შთამბეჭდავად გამოიყურება, ის სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწინაურდა, ლუიზიანის შტატის პოლიციის აკადემია და უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ მის ბიოგრაფიაში არის ლაქა, რომელზედაც, თავის დროზე, ბევრს ლაპარაკობდნენ _ 1994-1997 წლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრების სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, შემდგომ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. სწორედ ამ პერიოდში ნიკოლეიშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, ქრთამის აღების ფაქტზე გამოიჭირეს. როგორც გაირკვა, ჯარისკაცებისგან 200 დოლარს იღებდა. „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ამ ფაქტის დეტალებზე უყვება, რომელსაც უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით, ამჯერად კი სუსის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის წარდგენის კანონიერების თემაზე გვინდა, მკითხველს ინფორმაცია მივაწოდოთ.
საქართველოს კანონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 8 ივლისს მიიღო. დოკუმენტის ნომერი 3921-რს, _ კანონში დეტალურადაა განმარტებული სამსახურის უფროსის არჩევისა და თანამდებობაზე მისი წარდგენის წესები.
კონკრეტულად:
მუხლი 7, სამსახურის უფროსის არჩევა:
1. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, არაუადრეს ორი თვისა და არაუგვიანეს 8 კვირისა, საქართველოს პრემირ-მინისტრი საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას. საქართველოს მთავრობა სამსახურის უფროსის კანდიდატურას ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
2. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურას, მისთვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და განკარგულებას იღებს საქართველოს პარლამენტისთვის მისი წარდგენის შესახებ;
3. თუ საქართველოს მთავრობამ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამი კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობას განმეორებით წარუდგენს იმავე ან სხვა კანდიდატურას, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა ასრულებს ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ პროცედურას.

სუსის უფროსი ვახტანგ გო,ელაური ექვსი წლის ვადით იყო არჩეული, მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, უფროსის პოზიციაზე კი პირველი მოადგილის კანდიდატურაა წარდგენილი , რაკი ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და არა რომელიმე ცივილიზებულ ქვეყანაში, პრაქტიკულად, გამორიცხულია, რომ მთავრობამ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატურა დაიწუნოს და ის განსახილველად საქართველოს პარლამენტს არ წარუდგინოს. ასე მოხდა გრიგოლ ლილუაშვილის შემთხვევაშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში კანონებს ბოლომდე არ კითხულობენ ან პრემიერ-მინისტრი გახარია შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში.
კიდევ უფრო კონკრეტულად:
ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-13 პუნქტი მკაფიოდ განსაზღვრავს, ვინ შეიძლება აირჩიონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე:
13. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ 35 წლის, ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცველ ორგანოში მუშაობის, სულ ცოტა, ორი წლის გამოცდილება, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სამსახურის უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ზემოთ მოგახსენეთ: გრიგოლ ლილუაშვილს არც დიპლომის ნამდვილობას ედავება ვინმე, არც ქართული ენის ცოდნას და არც პარალელურ რეჟიმში უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, მაგრამ კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ პირს, რომელსაც სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირჩევენ, სამართალდამცველ ორგანოებში, სულ ცოტა (ხაზს ვუსვამ, სულ ცოტა), ორი წლის მუშაობის გამოცდილება მაინც უნდა ჰქონდეს. კანონის ამ მოთხოვნას კი გრიგოლ ლილუაშვილი ვერ აკმაყოფილებს.
მედიაში სუსის უფროსის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, 2017 წლის 16 დეკემბერს გამოქვეყნდა, მანამდე ლილუაშვილს სამართალდამცველ ორგანოებში არ უმუშავია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას, სულ ცოტა, ორი წელი _ არც მეტი, არც ნაკლები _ 2019 წლის დეკემბერში უსრულდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოს პარლამენტს სუსის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის წარდგენა _ არჩევის გადადება ან 2019 წლის დეკემბრამდე მოუწევთ, როცა მას სამართალდამცველ უწყებაში მუშაობის, სულ ცოტა, ორი წლის სტაჟი დაუგროვდება, ან კანონს დაარღვევენ და ლილუაშვილს ამ პოსტზე მაინც აირჩევენ.
„ქრონიკა+“ მასალის გამოქვეყნების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას ელოდება.

ელისო კილაძე