ღარიბი საქართველოს კოშმარები

მართალია, თბილისის მერია არ აღიარებს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია: დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია _ გადათხრილ ქუჩებსა და გზების დაუსრულებელ სარემონტო სამუშაოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ისედაც გამწარებულ ხალხს ე. წ. ტაქსების რეფორმამ ცხოვრება კიდევ უფრო გაუმწარა: ჯერ ერთი, „მარშრუტკები“ ისეთი გადატენილია, რომ იქ ასვლა გმირობის ტოლფასია. მეორეც, თეთრმა ტაქსებმა მგზავრობა ისე გააძვირა, რომ ავტომანქანით ასი მეტრით გადაადგილება, შეიძლება, ათი ლარი დაგიჯდეთ! მესამე და მთავარი, _ დასამალი არავისთვისაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ტაქსაობით ირჩენდა თავს, მაგრამ პირველი ოქტომბრიდან შემოსავლის ეს წყარო ძალიან ბევრმა თვითდასაქმებულმა დაკარგა. შესაბამისად, სოციალური ფონიც დამძიმდა და კიდევ უფრო დამძიმდება.

მდგომარეობას ამძიმებს გაუფასურებული ლარი და ამის ნიადაგზე გაძვირებული პირველადი მოხმარების პროდუქტებიც. ერთი სიტყვით, ჩვენი ქვეყანა დიდი სოციალური კატასტროფისკენ უსწრაფესად მიექანება და ადამიანებს შიმშილით სიკვდილის შიში თანდათან უმძაფრდებათ!
რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? _ მთავრობამ წინა კვირას ზარზეიმით გვამცნო, რომ მომავალი წლიდან პენსია რამდენიმე ათეული ლარით გაიზრდება, მაგრამ ჰოი, საოცრებავ! _ პენსია ყველა პენსიონერს არ გაეზრდება და ეს სიკეთე მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას შეეხება.
„პრინციპების დონეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკისა და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის 20 ლარით ზრდა.
გარდა ამისა, ასევე, პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდაა გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“, – განაცხადა 30 სექტემბერს გამართულ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერების გარდა, პენსია 30 ლარით პირველი ჯგუფის შშმ-პირებსაც გაეზრდებათ.
ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებსაც 70 წელი არ შესრულებიათ ან მათ, ვინც შშმ პირი არ არის? გამჩენს იმიტომ გაუწყრნენ, რომ შშმ პირებად არ დაიბადნენ? _ ეს კითხვები, ცხადია, ლოგიკურია და ასევე ლოგიკურია კითხვა, თუ რა მიზანს ემსახურება ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოსახლეობის ზემოხსენებული დიფერენციაცია მაშინ, როცა იგივე სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგანგაშო ციფრებს ავრცელებს (სტატისტიკის სამსახური საბიუჯეტო უწყებაა, შესაბამისად, „ქოცები“ ვერ იტყვიან, ციფრები, რომელიც ამ უწყებამ გამოაქვეყნა, გაყალბებულიაო).
მოკლედ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, წლიური ინფლაციის დონემ კი 6.4 პროცენტი შეადგინა.
„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (16.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.6 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 14.6 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.0 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9-პროცენტიანი მატება, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.0 პროცენტი);
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.6 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 4.0 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6.6 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.1 პროცენტი)“, _ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოკლედ, აქედანაც ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოში ცხოვრება დანის პირზე სიარულს ჰგავს, ანუ ადამიანებმა მთელი ფოკუსები უნდა ჩაატარონ, რომ შიმშილით არ მოკვდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლება თვალებში ნაცარს თავადაც იყრის, ჩვენც გვაყრის და გვიმტკიცებს, მაცივრები სავსეა, უბრალოდ, თქვენ ვერ ხედავთო.
აი, სწორედ ამაზეა ნათქვამი, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, თუმცა „ქართული ოცნების“ „ფეიკ დაფიცებებს“ დიდი ხანია, შევეჩვიეთ!
ახლა რაც შეეხება რეალობას: ჩვენ არაფერს ვიგონებთ, უბრალოდ, ხალხის მონათხრობს შემოგთავაზებთ, იმ ხალხისას, რომელიც, წესით, ხელისუფლების წყარო უნდა იყოს, ანუ ხელისუფლება ხალხს უნდა უსმენდეს და იმ დაკვეთას ასრულებდეს, რასაც ხალხი მისცემს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაფერი პირიქითაა _ მოსახლეობა იძლებულია, მთავრობაში ყოფილი პოლიტიკური ძალის ნარატივებით იცხოვროს!
ვინაიდან ტაქსების რეფორმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემაა, „ქრონიკა+“ აქცენტს სწორედ ამაზე გააკეთებს და, ყოველგვარი შეფასებების გარეშე, „ტაქსისტების“ ნაამბობს შემოგთავაზებთ _ იქნებ, იქ, ზევით, ამ სტატიიდან მაინც გაიგონ, თუ რა სურს ხალხს:
„სხვადასხვა ფერის ტაქსი, რომელიც წლებია, ქუჩაში მყოფ კლიენტებზე მუშაობდა, ბოლო დროს ე. წ. სატაქსო კომპანიებს მაიწყდა და იქ რეგისტრირდება, რათა მუშაობა შეძლოს, თუმცა მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, ალბათ, ამასაც აკრძალავენ და გამოძახებაზე კლიენტთან მისვლა თეთრი ავტომობილის გარდა, ალბათ, არც ერთი სხვა ფერის მანქანას აღარ შეეძლება. ისე, მერიის რეგულაცია ცუდი არ არის, მაგრამ ყველაფერს უთავოდ აკეთებენ“, _ ამბობს შუახნის მამაკაცი, რომელიც 15 წელია, ოჯახს სწორედ ტაქსაობით არჩენს.
ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც თბილისის გარეუბანში ცხოვრობს, ასევე წლებია, ტაქსაობს. მამაკაცი, რომელსაც არ უნდა, რომ მისი ვინაობა გაზეთში დაიწეროს, ამბობს, რომ სანამ ტაქსების რეფორმა ამოქმედდებოდა, სახლში მარტო პურის ფული კი არ მიჰქონდა, არამედ იმდენსაც ახერხებდა, რომ ზაფხულობით შვილიშვილები დასასვენებლად გაეშვა. ახლა კი, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, შინ ზის და შვილიშვილებს თვალს ვერ უსწორებს, რადგან დასასვენებლად წასვლას ვინ ჩივის, იმის საშუალება არ აქვს, რომ მათ თუნდაც ლარნახევრიანი „პლიტკა“ უყიდოს.
„არ გეტყვით, რომ ორი დიპლომი მაქვს _ სწავლა არასოდეს მყვარებია, ამიტომ როგორც კი 9 კლასი დავამთარე, სკოლიდან გამოვედი და საბუთები „პროფში“ შევიტანე… მამაჩემმა მანქანის ტარება ბავშვობიდანვე მასწავლა. ჰოდა, როგორც კი სრულწლოვანი გავხდი, „პრავა“ ავიღე და მას შემდეგ ვტაქსაობ. სხვათა შორის, ჩემი მომავალი მეუღლე სწორედ, როგორც იტყვიან, სამსახურებრივი მოვალეობის დროს გავიცანი, ანუ „პლეხანოვზე“ გამაჩერა და საბურთალოზე მთხოვა გაყვანა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, მომეწონა და გავიფიქრე, ეს გოგო ჩემი ცოლი უნდა გახდეს-მეთქი. მოკლედ, საბურთალომდე სანამ მივედით, დეტალურად გამოვკითხე, სად ცხოვრობდა, რას საქმიანობდა. მერე „ტონკად“ ტელეფონის ნომერიც გამოვართვი და ორ თვეში ქორწილიც გადავიხადეთ.
სიმართლე რომ გითხრათ, მდიდრები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ცხოვრება არ გვიჭირდა. ყოველ შემთხვევაში, საჭმელ-სასმელს არ ვიკლებდით, წელიწადში ერთხელ დასასვენებლადაც მივდიოდით. პირველი ბიჭი შეგვეძინა, რომელიც 18 წლის გახდა თუ არა, დაქორწინდა და 40 წლის ასაკში უკვე ბაბუა გავხდი. ახლა 47 წლის ვარ, უკვე ორი შვილიშვილი მყავს, მაგრამ რაც ეს რეგულაციები შემოიტანეს, ბავშვებს თვალებში ვერ ვუყურებ _ იმის ფულიც არ მაქვს, რომ „კევი“ ვუყიდო.
სხვათა შორის, სამი წლის წინ ბანკიდან სესხი გამოვიტანე და „პრიუსი“ ვიყიდე“ _ ჩემზე კარგად იცით, რომ „პრიუსი“ ჰიბრიდია და იმდენი საწვავი არ სჭირდება, როგორც სხვა მანქანას. ბავშვობიდან შინდისფერი მომწონდა. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ეს „პრიუსიც“ შინდისფერი შემხვდა და ვიცინოდი ხოლმე, გამიმართლა-მეთქი, მაგრამ ახლა არ ვიცი, ამ ჩემს შინდისფერ „პრიუსს“ რა ვუყო _ კი ბატონო, თეთრად „გავკრასკავდი“, მაგრამ იმ თანხით, რაც მერიამ გამოყო, პროფესიონალი „მალიარი“ მანქანას კი არა, ველოსიპედსაც არ „გაკრასკავს“, ანუ ამ ფულით მხოლოდ ზერელედ დაასხავენ „კრასკას“, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში მანაქანა ხელახლა „გასაკრასკი“ იქნება და, ჰოდა, თქვენც გეკითხებით და კალაძესაც _ „გასაკრასკი“ ფული საიდან მოვიტანო?
ამასაც თავი რომ დავანებოთ, როგორც გავიგე, ყველა ტაქსი ვალდებულია, „ტეხასმოტრი“ ექვს თვეში ერთხელ გაიაროს. „ტეხასმოტრზე“ მარტო „ხადავოის“ კი არ აქცევენ ყურადღებას, იმასაც ამოწმებენ, „მაშინა“ როგორ „ვიდზეა“. ჰოდა, გაუბედურებულ მანქანას „ტეხასმოტრს“ ვინ მისცემს?
„კაროჩე“, აქამდე არასოდეს მიფიქრია, ახლა კი იმაზე „ვჩალიჩობ“, რომ საბუთები გავაკეთო და ევროპაში წავიდე _ აბა, რა ვქნა, ოჯახს მშიერს ხომ არ მოვკლავ?“ _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც პირობითად კახა დავარქვით.
სხვათა შორის, კახა ერთადერთი არ არის, ვინც ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს, ანუ ბოლო დროს მხოლოდ ყოფილი ან მოქმედი „ტაქსისტები“ კი არა, სხვა პროფესიის ადამიანებიც ფიქრობენ, რომ ემიგრაციაში წავიდნენ. ასე, მაგალითად, ხათუნა, რომელიც ჯერ 30 წლის არაა და ერთ-ერთ კერძო საფინანსო კომპანიაში მუშაობს, გვეუბნება, რომ უცხო ენაში დაიწყო მომზადება და ერთი სული აქვს, აქაურობას მოსცილდეს.
„გულახდილად რომ გითხრათ, ცუდი ხელფასი არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ჩემი შემოსავალი მყოფნიდა და იმდენსაც ვახერხებდი, რომ დანაზოგი გამეკეთებინა, მაგრამ ზაფხულის მერე ყველაფერი აირია, ანუ ქუჩაში რომ გამოვდივარ, მინდა თუ არა, 20 ლარი მაინც მეხარჯება _ დილიდან საღამომდე მშიერი ხომ არ ვიქნები? ახალგაზრდა გოგო ვარ, შეიძლება, კინოში წასვლა მომინდეს ან ბარში შესვლა. „მარშრუტკით“ სიარულიც არ მიყვარს _ ისეთი ჭყლეტაა, იქიდან ნაომარივით ჩამოვდივარ ხოლმე, ამიტომ ჩემი სახლიდან სამსახურამდე ტაქსით დავდიოდი და ამაში ხუთი ლარი მეხარჯებოდა, მაგრამ ბოლო დროს ათ ლარზე ნაკლებად არავის მივყავარ. მართალია, ქმარ-შვილი არ მყავს, მაგრამ დედაჩემი პენსიონერია, გული აწუხებს და სხვა ქრონიკული დაავადებებიც აქვს. თქვეს, რომ გარკვეული წამლები ერთ ლარად იქნებოდა, მაგრამ იცით, ერთ ლარად რომელი წამლის ყიდვა შეგიძლიათ? _ აი, იმ წამლის, რომელიც აქამდე თვეში მხოლოდ ათი ლარისაც საკმარისი იყო, ანუ ძვირიან მედიკამენტებზე ეს პროგრამა არ ვრცელდება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს.
ერთი სიტყვით, ახლა ინგლისურში დავიწყე მომზადება. კი ვნერვიულობ, რომ დედა მარტო უნდა დავტოვო, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, წადი უცხოეთში, იქნებ, კარგად მოეწყო და მერე მეც წამოვალ, ამ საქართველოში რა დამრჩენიაო?!“ _ ამბობს ხათუნა.
მძიმე სოციალური პირობები ყველაზე მეტად ბავშვებსა და მოზარდებს აზარალებს და ამის შესახებ „იუნისეფიც“ საუბრობს:
„საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფი. საქართველოს ჯერ კიდევ არ გააჩნია ყოვლისმომცველი, ბავშვებისადმი მგრძნობიარე სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ეხმარება ოჯახებს მოულოდნელი დარტყმების დაძლევასა და გაძლიერებაში. დღემდე ბევრი ხარვეზია ბავშვზე ორიენტირებული კანონმდებლობის/პოლიტიკის, ფულადი დახმარებისა თუ სოციალური სერვისების თვალსაზრისით. ბევრი დაუცველი ოჯახი ამ სერვისების მიღმაა დარჩენილი. პირველ რიგში, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები და ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან.
დაუცველობის მაღალ ხარისხს ხშირად ისეთი სიტუაციებიც განაპირობებს, როცა ადამიანები მოულოდნელად ღარიბდებიან. ეს შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დარტყმებმა, როგორიცაა უმუშევრობა, ავადმყოფობა ან ოჯახის წევრის სიკვდილი, რამაც შეიძლება უცებ გააღარიბოს ოჯახი. ეს პრობლემა ხშირად ახალგაზრდა (20-30 წლის) მშობლების შემთხვევაში ვლინდება: ამ ასაკობრივ კატეგორიაში განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის დონე და ნაკლებია სახელმწიფოს დახმარება. გარდა ამისა, ბავშვებსა და მათ ოჯახებს არ აქვთ წვდომა სოციალურ მომსახურებებსა და ოჯახების დახმარების სერვისებზე, განსაკუთრებით სოფლებში“, _ ესაა ციტატა სტატიიდან, რომელიც „იუნისეფის“ ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სხვათა შორის, იმის შესახებ, რომ ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე საქართველოს გადაუჭრელი პრობლემაა, სახალხო დამცველის ანგარიშშიცაა ნათქვამი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნდა.
„ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით, ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიზნით, შეფასდეს სახელმწიფოში არსებული ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ეფექტიანობა და განხორციელდეს ცვლილებები ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმირების ფარგლებში იმგვარად, რომ არსებულმა პროგრამებმა ადეკვატურად უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა უკიდურესი სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან. სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურ დონეზე არსებობდეს შედეგზე ორიენტირებული პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ოჯახების არასათანადო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პრობლემურია უფასო სასადილოებში ბავშვთა დაბალანსებული, ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ მომსახურებაზეა დამოკიდებული.
სოციალურ დახმარებაზე ფინანსურად დამოკიდებულ ოჯახებში, ფაქტობრივად, არასრულწლოვნების ელემენტარული, საბაზისო საჭიროებებიც კი არ არის დაკმაყოფილებული. ამას ემატება დამხმარე სოციალური პროგრამების არაეფექტიანობა და დაგვიანებული დახმარება. ყოველივე ეს კი, საერთო ჯამში, ვერ უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებების დაკმაყოფილებას“, _ ნათქვამია ზემოხსენებულ ანგარიშში და იქვე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მოწყვლადი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არიან, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი ნაბიჯები არც ამ მიმართულებით გადადგმულა.
ერთი სიტყვით, საქართველოს მთავარი გამოწვევა უმძიმესი სოციალური ფონია. ზოგადად, გაჭირვებული ადამიანების მართვა ადვილია და, ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ „ზეპურნი ამას ქვეყნისანი“ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე მხოლოდ ვერბალურად წუხან. რეალურად კი, არაფერს აკეთებენ!

გიორგი აბაშიძე