ლევან ხაბეიშვილი: „ქართული ოცნება“ არის ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, რომელიც ყველას მორალს უკითხავს, სკანდალში გაეხვია. გავრცელებული ინფორმაციით, ის სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ ავიაგადაზიდვებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას და ვიცე-სპიკერის დაკითხვა მოითხოვა.

ხაბეიშვილის ინფორმაციით, კომპანია „აკიარს“, რომლის მფლობელი ვოლსკის ბავშვობის მეგობარი ამირან მანჯავიძეა, ბოლო წელიწად-ნახევარში სახელმწიფომ 70 მილიონი გადაურიცხა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ამ ამბავში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩაერთო, „აკიარი“ და ნატახტარის აეროპორტი ყველა იმ ტენდერს იგებს, რომელიც ქვეყნის შიგნით ტვირთისა და მგზავრების ავიაგადაზიდვებს ეხება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ ებრაელი ბიზნესმენის საქმეც უნდა გამოიძიოს, რომელმაც ამ ბიზნესში ერთი მილიონის ინვესტიცია ჩადო ის ვოლსკის მეგობრებმა საქართველოდან გააძევეს და ლიკვიდაციითაც დაემუქრნენ.
ინფორმირებულია თუ არა ბიძინა ივანიშვილი ვოლსკის საქმიანობის შესახებ? რატომ არის „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ასეთი გაცეცხლებული? რა ახალი მაქინაციები მოიფიქრა კახა კალაძემ? _ ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, გია ვოლსკი ქვეყნის შიგნით ავიაგადაზიდვებს აკონტროლებს. ამ საქმის შესწავლა თქვენ პროკურატურისგან მოითხოვეთ. ინფორმაციის გავრცელებამ ვოლსკიზე საშინლად იმოქმედა, კაცი წყობილებიდან გამოვიდა და ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა დაუსვა, სულ ზონდერი და უზრდელი ეძახა. თქვენ რას გვეტყვით ამ საქმეზე?
_ რამდენი დღე გავიდა ამ ამბიდან და ისეა გამწარებული, სახე აქამდე ვერ გაასწორა. ეს ხუმრობით, სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, ყველაფერი დოკუმენტებშია ასახული. იმ ავიაკომპანიის მფლობელი გია ვოლსკის კლასელი და ბავშვობის მეგობარია, რომელიც ქვეყნის შიგნით ავიაგადაზიდვებს ახორციელებს. თუ არ ვცდები, ამ კაცსა და ვოლსკის ნათელ-მირონობაც აკავშირებს.
ნათელ-მირონობა ჩვენი საქმე არ არის, საინტერესოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ, მაინცდამაინც, ვოლსკის მეგობრის კომპანიას გადაურიცხა 70 მილიონი.
_ რახან კომპანიის მფლობელი ვოლსკის მეგობარია, ამიტომ უყურებთ ამ ფაქტს ეჭვის თვალით?
_ კარგად იცით, რომ ასეთ საქმეებს ვსწავლობ და ძალიან ბევრჯერ მინახავს, თუ როგორ ურიცხავენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები საკუთარი ახლობლების კომპანიებს მილიონებს, აგებინებენ ტენდერებს და ა. შ. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს საიმისოდ, რომ ეჭვები მქონდეს.
ელემენტარულად, საეჭვოა, როცა კომპანიას ტენდერში კონკურენტი არ ჰყავს, ხოლო როცა კომპანია ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, მისი მფლობელი, ვოლსკის მეგობარი მანჯავიძე, ახალ კომპანიას აფუძნებს და თავიდან მონაწილეობს ტენდერში.
ვოლსკის ყველა ვიცნობთ, ეს ის ადამიანია, რომელიც მთელ საქართველოს ჭკუას არიგებს და ზრდილობას ასწავლის, თავს სპეტაკ ადამიანად წარმოაჩენს და გამუდმებით „ნაციონალების“ სიავეზე საუბრობს. ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ის სრულად გამოვიდა წყობილებიდან, დაავიწყდა, რომ პარლამენტარი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.
აქამდე თუ მარტო მიშა სააკაშვილისა და „ნაციონალების“ მიმართ იყო აგრესიული, ახლა უკვე ჟურნალისტებს დასდევს. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს კითხვის დასმის გამო სულ ზონდერი და უნამუსო ეძახა. პარლამენტის წევრი ერთ წამში გადაიქცა ძველ ბიჭად და საქმეების გარჩევა დაიწყო.
ეს ადამიანი, „ოცნების“ სხვა წევრების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ცხოვრობს. ესენი ბიუჯეტსა და ხალხს წურბლებივით ასხედან კისერზე.
ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ _ ესენი ჩვეულებრივი ყაჩაღები არიან. განსხვავება ისაა, რომ უფრო აკადემიურად აცვიათ და დეპუტატების სავარძლებში სხედან.
პირადად ჩემთვის ბიუჯეტის წურბლები ლავას-ოღლისგან და შაქრო კალაშოვისგან არაფრით განსხვავდებიან.
საქართველო ნორმალური ქვეყანა არ არის, თორემ გამოძიება უკვე დაინტერესდებოდა ავაიგადაზიდვების საკითხით და ვოლსკი დაკითხვაზე იქნებოდა დაბარებული.
_ თქვენ ხომ მიმართეთ პროკურატურას?
_ ჩემი მიმართვა რა საჭირო იყო, საგამოძიებო უწყება თავად უნდა დაინტერესებულიყო ამ საკითხით. საქმეში აშკარად იკვეთება კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები.
საგამოძიებო უწყება არ უნდა დაინტერესდეს, მხოლოდ ეს კომპანია რატომ ასრულებს შიდაფრენებს? ისიც საკითხავია, სრულდება თუ არა ეს შიდაფრენები საერთოდ.
_ რას გულისხმობთ?
_ ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალურად ვარ ინფორმირებული და ვიცი, რომ ზოგ შემთხვევაში ფრენა არ სრულდება, მაგრამ დოკუმენტებში წერენ, თითქოს ავიარეისი შესრულდა და ბიუჯეტიც ურიცხავს ფულს ამ კომპანიას.
პროკურატურამ დეტალურად უნდა შეისწავლოს ეს საქმე. უნდა გაარკვიოს, სად იხარჯება იმ ხალხის ფული, რომელსაც უკიდურესად უჭირს.
გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებამ აუცილებლად უნდა შეისწავლოს ებრაელი ინვესტორის გაძევების ამბავიც.
ეს ინვესტორი აქ თავად ვოლსკის მეგობარმა მანჯავიძემ ჩამოიყვანა. მან მილიონები ჩადო ინვესტიციის სახით. თავიდან კარგად ექცეოდნენ. „ოცნების“ მაღალჩინოსნები მასთან სურათებსაც კი იღებდნენ. მერე ეს კაცი ქვეყნიდან გააძევეს და ახლა ვოლსკის ხალხი ღლიცინებს, რომ თურმე მურაბა არ მოეწონა და ამიტომ წავიდა.
სინამდვილეში, ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მას ქურდულად გაურჩიეს საქმე, ლიკვიდაციითაც კი დაემუქრნენ და ის იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო.
რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ადამიანი ამათ წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას აპირებს.
ქართველი ბიზნესმენები ხშირად ჩიოდნენ, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას ახორციელებდა. ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ მამუკა ხაზარაზე, ზაზა ოქუაშვილი. ახლა ვხედავთ, რომ ზეწოლა მხოლოდ აქაურ ბიზნესმენებზე არ ხორციელდება, უცხოელ ინვესტორებსაც უქმნიან პრობლემებს.
ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე, აქ ფულის ჩადებას ბევრი უცხოელი ინვესტორი მოერიდება. მარტო ამის გამო უნდა დაიწყოს პროკურატურამ ამ საქმის სერიოზული შესწავლა. პირადად მე ეჭვი მეპარება, რომ ესენი საქმეს გამოიძიებენ და სიმართლე დადგინდება.
პროკურატურა, სასამართლო, შსს და სხვა უწყებები ერთი კაცის ხელშია, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს. ეს კაცი ბიძინა ივანიშვილია.
_ ვოლსკის ამბებზე ივანიშვილი საქმის კურსშია? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბოლო დროს ვოლსკი რაღაც ძალიან გაღიზიანებული ჩანს და „ოცნების“ ლიდერთან ხომ არ აქვს პრობლემები?
_ არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა ყველაფერი არ იცოდეს. ის კი ნამდვილად ეცოდინება, რომ არც ვოლსკი და არც სხვები გულხელდაკრეფილები არ დასხდებიან.
ოლიგარქია რა არის და მიშვებული ჰყავს ასე პატარ-პატარა მინიგარქები და ისინი ჭამენ ქვეყანას.
ვიღაცას სიგარეტის ბიზნესი აქვს, ვიღაცას _ კვერცხის. თავისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ნავთობში ჰყავს ჩასმული. კახა კალაძე თავიდან ბოლომდე სამშენებლო ბიზნესშია ჩაფლული.
სფეროები გადანაწილებულია. ეს არის ჩვეულებრივი ალი ბაბა და 40 ყაჩაღი. ბიძინა-ალი ბაბა და მისი 40 მინიგარქი ძარცვავენ ქვეყანას.
ვოლსკის ამბავს რაც შეეხება, ავაიაგადაზიდვებზე კითხვები რომ დაუსვეს, ისე ანერვიულდა, რაღაც ეჭვები გამიჩნდა.
_ რა ეჭვები გაგიჩნდათ?
_ ვოლსკი ის კაცი არაა, იმის გამო განერვიულებულიყო, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედებები დაიწყებოდა. არც ის აღელვებს დიდად, ხალხი მის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას თუ შეიტყობს. ის იმიტომ ანერვიულდა, რომ შეიძლება სახლში იმაზე მეტი მიაქვს, ვიდრე უნდა წაიღოს.
_ ეს რას ნიშნავს, წილს უტეხავს ვინმეს?
_ ბიძინა ხომ როგორც ქურდი, ისე უზით „ოცნებაში“ და მასთან ყველაფრიდან წილი მიდის. შეიძლება, ბიძინასთან წილის სახით ბევრად ნაკლები მიჰქონდა. ახლა ამას გაიგებს ლიდერი და ვოლსკის პრობლემები შეექმნება.
_ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას?
_ მოიფიქრებს რამეს ბიძინა. მეფის რუსეთში და სსრკ-შიც ურჩ ბავშვებს სკოლაში მასწავლებლები სახაზავებს ურტყამდნენ ხელებზე. ბიძინაც ვოლსკის მაგიდაზე ხელებს დააწყობინებს და ზედ სახაზავს გადაარტყამს. ისეა ეს კაცი ანერვიულებული, აშკარად სერიოზული პრობლემები ელოდება.
_ კალაძე ახსენეთ და უნამუსობა იქნება, მასთან ერთად ტაქსებიც რომ არ ვახსენოთ. გადაეკიდა ამ სფეროს და მისი წყალობით ახლა თბილისში, ლამის, ტაქსი აღარ დადის. რა უნდა ამ კაცს საერთოდ?
_ რა უნდა და ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თბილისის მერი ტაქსების დისპეტჩერად ჩამოყალიბდა. ეტყობა, ქვეცნობიერში აქვს ჩადებული, რომ ტაქსების დისპეტჩერია და ამიტომ მუშაობს ამ მიმართულებით გამწარებუილი.
მან საკუთარ თავს კიდევ ერთი მისია მოუნახა, _ უნდა, რომ თბილისი ბეტონის ჯუნგლებად გადააქციოს. ეს ორი გიგანტი ამოცანა აქვს სხვა არაფერი ადარდებს. ტაქსების გადაღებვა რომ მოისურვა, განაცხადა, ამით ქალაქში წესრიგი უნდა დავამყაროო.
ვეკითხები თქვენი გაზეთის მკითხველს: იქნებ, ვინმე დამეხმაროს ამ ამოცანის ამოხსნაში, _ რა შუაშია თეთრი ფერის ტაქსებთან წესრიგი? იქნებ, რაღაც მაგიაა და მე არ ვიცი.
უბრალოდ, ვერ ვხვდები, რატომ დაიწყება ქალაქში ქაოსი, თუ მწვანე, ლურჯი ან წითელი ტაქსები ივლიან? ეს არის მოგონილი ამბავი. მანქანის თეთრად გადაღებვა ქალაქის მოწესრიგებას არ ნიშნავს.
აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე: ტაქსისტები იძულებულები გახდებიან, რომ აპლიკაციებსა და სატელეფონო გამოძახებებზე გადავიდნენ. რასაც ახლა ვამბობ, ამას ტაქსის მძღოლები კარგად მიხვდებიან, მაგრამ მოქალქეებმა შეიძლება, ვერ გაიგონ, ამიტომ თქვენი გაზეთით ავუხსნი მათ, რაც კალაძის ახირებას მოჰყვება:
ტაქსის მძღოლების ნაწილი უარს ამბობს მანქანების თეთრად გადაღებვაზე. ამის გამო მათ ტქსის ნიშნის დაყენება აკრძალული ექნებათ. მათ მოუწევთ იმ კომპანიებში გაწევრიანება, რომლებიც გამოძახებაზე მუშაობენ. ზოგ კომპანიაში ტაქსს აპლიკაციით იძახებებ, ზოგან _ ტელეფონის მეშვეობით.
ამ კომპანიებში თუ გაწევრიანდებიან, ნამუშევრის 2-% მათ უნდა მიუტანონ, წესია ასეთი.
ტაქსის მძღოლებს დამატებითი გადასახადი დაუწესდებათ. თბილისში არსებული ტაქსების 90%-მა არ გადაღება მანქანა თეთრად. ისინი იძულებული გახდებიან, ამ კომპანიებში გაწევრიანდნენ. 27-28 ათას ტაქსისტს პირდაპირი მნიშვნელობით დაადეს ხარკი.
აქამდე თუ დღეში 10 ლარი შეჰქონდა ტაქსის მძღოლს ოჯახში, ახლა 8 ლარს შეიტანს. კალაძე მათ პირიდან ლუკმას აცლის.
_ ამ ფულს ხომ ის კომპანიები წაიღებენ, თბილისის მერს რა ხეირი?
_ ძალიან დიდ ხეირს მიიღებს კალაძე. ის დაიბარებს ამ კომპანიების ხელმძღვანელბს და ეტყვის, _ ჯიგრებო, აქამდე რომ გყავდათ 100 მანქანა და ახლა გყავთ 2.000, მოიტანეთ წილი.
ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული სქემა, საიდანაც თბილისის მერი კახა კალაძე „ატკატებს“ აიღებს.
ქალაქში უამრავი პრობლემაა, გადათხრილია გზები, საცობებია ისეთი, საათობით დგანან ადამიანები და ქალაქის მერი ტაქსების ფერის შეცვლაზე მუშაობს. ამტკიცებს, მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები თუ ივლიან, თბილისში წესრიგი დამყარდებაო.
კომპანიები, საიდანაც ტაქსებს იძახებენ, სარგებელს ნახავენ. მათ კონკურენციის არ შეეშინდებათ და ტაქსით მგზავრობის საფასურს გაზრდიან. კვლავ მოსახლეობა დაზარალდება.
_ ერთ დროს კალაძე ამაზეც ჩიოდა, თბილისში ტაქსით მგზავრობა ევროპაში ყველაზე იაფიაო.
_ ახლა აღარ იქნება იაფი. ჩვენი დაბალშემოსავლიანი და უმუშევარი მოსახლეობისთვის ტაქსით მგზავრობა ისედაც არ ყოფილა იაფი.
მიშა სააკაშვილისა არ იყოს, ჩემო ძმებო, ტაქსისტებო, თქვენ მოგატყუეს 2012 წელს, როცა გეუბნებოდნენ, რომ ჯერ ბენზინს გაგიიაფებთ, მერე ცხოვრებას გაგიიოლებთო.
გაიაფების ნაცვლად, ბენზინს ერთი ლარი მოემატა; გაძვირდა სიგარეტი. საშინელი ფასები აქვს პირველადი მოხმარების საგნებს; წამლებს საერთოდ ცეცხლი უკიდია; გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც.
2012 წელს ტაქსისტები ხშირად ამაყობდნენ, ჩვენ წავაგებინეთ მიშასო და, საბოლოო ჯამში, თავად დარჩნენ წაგებულები. მარტო ტაქსისტებს არ წაუგიათ, მთელმა ქვეყანამ წააგო.
თბილისის მერს ტაქსისტები ჰყავს ამოჩემებული: ხან ლიცენზიები მოსთხოვა და ამაშიც ფული გადაახდევინა; ახლა ფერის შეცვლას ითხოვს და ესეც სერიოზული თანხა ჯდება. არ შეღებავენ და კომპანიებში დასაქმება მოუწევთ, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ნამუშევრის 20% უნდა მიიტანონ.
ჩემო ძმებო, ტაქსისტებო, ბოლოს, ალბათ, ქამარსაც გიყიდით ბატონი კალაძე, რომ თავად მოიჭიროთ წელზე. წელზე ქამრების მოჭერით ამათ მადას ვეღარ გააძღობთ. ყელზე შეგიძლიათ მოიჭიროთ.
მგონი, ამისკენ გვიბიძგებენ ყველას, _ უნდათ, რომ ყელზე მოვიჭიროთ ქამრები და თავები დავიხრჩოთ.
ბატონყმობა მეტი კი არაფერია. ესენი არიან ბატონები, ჩვენ ვართ ყმები. იმისთვის ვმუშაობთ, რომ ესენი გამდიდრდნენ. წარმოგიდგენიათ, რანაირი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას? „ქოცებმა“ XXI საუკუნეში ბატონყმობა დააბრუნეს. ახლანდელ და მაშინდელ ბატონყმობას შორის არანაირი განსხვავება არ არის.
_ როგორ არ არის, მაშინ ფეისბუქი არ იყო.
_ ფეისბუქი თუ გვაქვს, რას ვაკეთებთ? _ ვაკაკუნებთ კლავიატურაზე, გამოვხატავთ აღშფოთებას, მაგრამ არაფერი იცვლება.
გვეუბნებიან, დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში, მაგინე, მთათხე, გამლანძღე, მაგრამ მაინც გაგძარცვავო.
_ ეგ რანაირი დემოკრატიაა?
_ ქოცური დემოკრატიაა. ამ ფეისბუქზეც არ შეიძლება ყველაფრის დაწერა. რამე ისეთს თუ დაწერთ და საჯარო მოხელე ხართ, სამსახურიდან გაგაგდებენ.
გინება უკვე დასჯადი გახდა. ამაში გურამ ჩალაგაშვილის შემთხვევამ დაგვარწმუნა. კაცი თავისთვის იჯდა ტაქსში, ფანჯარა ოდნავ ჩაწეული ჰქონდა და გახარიას შეაგინა. ამის გამო დააკავეს ეს ადამიანი.
_ მარტო გახარიას გინება ისჯება, თუ სხვებსაც ეხება ეს?
_ გახარიას გინებაა ამ ეტაპზე დასჯადი. ჩალაგაშვილის სასამართლოზე შსს-ს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, გახარია მოიხსენია აუგად და ამიტომ დავაკავეთო.
ზვიად კუპრავა იმიტომ ზის ციხეში, რომ მოსამართლეზე თქვა, მკიდიაო. ბატონყმური წყობილების აღდგენა არ გვაკმარეს და 37 წელი გაგვითენეს საქართველოში. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ბოლომდე ასე არ გაგრძელდება.
ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდად ჭიმავს ზამბარას.
თქვენი გაზეთით მინდა, ოლიგარქს მივმართო _ ბატონო ბიძინა, თქვენზე უფრო მაგარ ბიჭებს მოხვედრია გაჭიმული ზამბარა სახეში. ჩემი თუ არ გჯერათ, მათ მაგალითზე მაინც ისწავლეთ რამე. თქვენ გამონაკლისი არ იქნებით.
_ მაგარ ბიჭები ახსენეთ და მათში სააკაშვილს გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა. სააკაშვილმა თავის დროზე გაჭიმა ზამბარა და 2012 წელს ოპოზიციაში მოუწია გადასვლა. უკვალოდ არაფერი ქრება და „ოცნებასაც“ მოუწევს წასვლა. შეცდომებზე, ადრე თუ გვიან, ყველა აგებს პასუხს.
_ სააკაშვილი ვახსენეთ და მისი და ბოკერიას დაპირისპირებაზეც უნდა გკითხოთ, რა ხდება?
_ ეს თემა განსავრცობი არაა, მაგრამ მიშამ რაც ბოკერიაზე თქვა, ამაში არანაირი სიახლე არ ყოფილა.
მთელი ამ ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ დაპირისპირება კარგს არაფერს მოუტანს ოპოზიციას. „ოცნება“ მხოლოდ ერთობით შეიძლება დავამარცხოთ. სამწუხაროდ, ბოკერია მხოლოდ ჩვენ და სააკაშვილს გვაკრიტიკებდა, თითქოს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი არ ყოფილიყო.
არაა ეს კარგი საქციელი, მაგრამ რაკი დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ, ამ თემას მეტად აღარ განვავრცობ.

შორენა მარსაგიშვილი