სულხან ზუმბურიძე: „აუდიტის დასკვნა მცდარია“


გასულ კვირას აუდიტის სამსახურმა 2014-2017 წლებში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. უწყების ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალმა 76 მილიონ ლარს გადააჭარბა.

დასკვნის თანახმად, იმ წლებში, როცა სახელმწიფო კომპანიამ 76 მილიონი ლარი იზარალა, კომპანიაში პრემიების სახით 12 მილიონი ლარი გაიცა.
აუდიტის სამსახურის დასკვნამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „ქრონიკა+“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის ყოფილ მმართველ სულხან ზუმბურიძეს დაუკავშირდა.
ის ჩვენთან საუბარში განმარტავს, თუ რამ გამოიწვია ამხელა ზარალი და რატომ გაიცა ზარალიან წლებში ასეთი დიდი ოდენობის პრემიები:

_ რას გვეტყვით აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ელექტროსისტემის ზარალმა 2014-2017 წლებში 76 მილიონ ლარს გადააჭარბა?
_ კომპანიის წმინდა ზარალის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი 2014-2017 წლებში კურსთაშორისი სხვაობაა. კურსთაშორისი სხვაობით მიღებულმა ზარალმა ჯამურად 82 მილიონი ლარი შეადგინა.
აღნიშნული რისკი მაკროეკონომიკური რისკების კატეგორიას განეკუთვნება და სცილდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტის კონტროლის სფეროს. მით უმეტეს, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ არსებობს კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული რისკების შემცირების (ჰეჯირების) სრულფასოვანი მექანიზმები.
ასევე აღსანიშნავია, რომ კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი, ჯერჯერობით, ჰიპოთეტურია.
_ რას გულისხმობთ ჰიპოთეტურ ზარალში?
_ იმას, რომ ეს რეალური ზარალი არ არის. ჰიპოთეტური ზარალი რეალურ ზარალად გარდაიქმნება იმ შემთხვევაში, თუ წლების მანძილზე ლარსა და ძირითად ვალუტებს შორის არსებული გაცვლითი კურსი დღევანდელ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო სახელმწიფო ელექტროსისტემას მოუწევს უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების დასაფარად მეტი ლარის გადახდა, რომლის პროგნოზირებაც წინასწარ შეუძლებელია.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აუდიტის დასკვნა მიკერძოებულად წარმოგვიდგენს აღნიშნულ საკითხს და საოპერაციო-ფინანსური შედეგების გარდა, რომელიც დამაკმაყოფილებელია, საერთოდ არ განიხილავს ამავე პერიოდში სსე-ს საოპერაციო ტექნიკურ შედეგებს.
მით უმეტეს, სსე-ს ძირითად მიზანს სწორედ ელექტროენერგიის უსაფრთხოდ მიწოდება და ამ მიზნის მისაღწევად გადამცემის ინფრასტრუქტურის მომზადება წარმოადგენს.
2013 წლის 31 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ძირითადი საბალანსო საშუალებების ღირებულება შეადგენდა 291 მილიონ ლარს, ხოლო 2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით _ 712 ლარს.
ეს ნათლად ცხადყოფს, რომ კომპანიის მენეჯმენტმა 4 წელიწადში კომპანიის ძირითადი საშუალებების 145%-ით გაზრდა შეძლო.
ვფიქრობთ, ასეთი მაღალი საოპერაციო შედეგების მიღების შემდეგ კომპანიამ მოიპოვა პრემიების გაცემის სრული უფლება.
ამ პერიოდში ჩვენ პატიოსნად ვასრულებდით ჩვენზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას.
_ პრემიებზე 12 მილიონი დაიხარჯა. 12 მილიონი არ არის პატარა ციფრი. თან კომპანიამ 76 მილიონით იზარალა.
_ საოპერაციო მოგებამ კურსთა სხვაობის ზარალი გადაფარა. ამის გარდა, ჩვენ პირნათლად და თანმიმდევრულად ვასრულებდით ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამ პერიოდში მოხდა მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია. ადამიანებმა ამაზე ძალიან ბევრი იშრომეს.
12 მილიონი 1.400 ადამიანზე გადანაწილდა და ისე ნურავინ წარმოაჩენს, რომ პრემიები მხოლოდ მენეჯმენტმა აიღო. პრემიები მიიღო იმ ხალხმა, ვინც დღე და ღამე მუშაობდა იმისთვის, რომ ელექტროსისტემას გამართულად ემუშავა.
ამ ადამიანებმა დაიმსახურეს პრემიები და არავის ჰქონდა უფლება, მათთვის პრემია არ მიეცა.
ძალიან სამწუხაროა, რომ აუდიტის დასკვნა მცდარია. ჩვენ აუდიტის სამსახურს მთელ რიგ საკითხებზე განმარტებები მივეცით, მაგრამ მათ დასკვნაში ჩვენი კომენტარები, რატომღაც, არ აისახა.
_ 2014-2017 წლებს თუ მოიცავს ეს ანგარიში, რაღა ახლა გამოქვეყნდა? გასულ წელს რატომ არ გასაჯარვდა?
_ ვერ გეტყვით, ეტყობა, არაფერი ჰქონდათ გამოსაქვეყნებელი და მაგიტომ გამოაქვეყნეს. სამწუხაროა, რომ ეს დასკვნა მცდარი და მიკერძოებულია.

შორენა მარსაგიშვილი