თამაზ ვაშაკიძე: „ღამღამობით აწიოკებდნენ ჩემს ოჯახს, თოთო ბავშვების წივილ-კივილის ფონზე მიმდინარეობდა ჩხრეკა“

საქართველოში შეწყალების სკანდალი გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელებისა და „ბარიგების“ გარდა, პედოფილი და მაროდიორიც შეიწყალა.
იმ დროს, როცა მკვლელებსა და პედოფილებს გარეთ უშვებენ, ქორეოგრაფ თამაზ ვაშაკიძის საქმეს არც კი იხილავენ. არადა, ეს ადამიანი სიმართლის დადგენას უკვე 15 წელია, ითხოვს.
ხელისუფლების სათავეში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ თამაზ ვაშაკიძეს იმედი გაუჩნდა, რომ სიმართლეს იპოვიდა. საოცნებო ხელისუფლებამ 2012 წლის ბოლოს ჰუმანიტარული აქტი გამოსცა და „ნაციონალების“ დროს საქართველოდან გაქცეულ ადამიანთა ნაწილი პოლიტდევნილად გამოაცხადა.
ამ სიაში ვერ მოხვდა ქორეოგრაფი თამაზ ვაშაკიძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც „ნაციონალების“ მოსვლის შემდეგ საქართველოდან გაქცევა მოუწია. პოლიტდევნილთა სიაში მისი შეყვანა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ, მაშინ საბუთები დაგვიანებით მიიტანა პარლამენტში.
ვაშაკიძეს დაჰპირდნენ, რომ მისი და კიდევ რამდენიმე ადამიანის საქმე თავიდან განიხილებოდა, მაგრამ მაშინდელ შეწყალებასაც დიდი ამბები მოყვა და თამაზ ვაშაკიძის საქმე დღემდე ჰაერშია გამოკიდებული. ის კი დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას და ამაოდ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მისი საქმით დაინტერესდნენ.

რატომ გაიქცა ქვეყნიდან თამაზ ვაშაკიძე? რას ითხოვდა მისგან გოკა გაბაშვილი და რა ულტიმატუმი წაუყენა პროკურატურამ მას? რატომ ვერ ბრუნდება საქართველოში ქორეოგრაფი და რატომ ამბობენ უარს მისი საქმის შესწავლაზე? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება დევნილობაში მყოფი ბალეტმაისტერი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სახალხო არტისტი, თამაზ ვაშაკიძე:

_ ბატონო თამაზ, უკვე მერვე წელი დაიწყო, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. თქვენ ისევ დევნილობაში ცხოვრობთ და ვერ ახერხებთ სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, მოგვიყევით, რატომ გაიქეცით საქართველოდან?
_ მე ვიყავი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი. 2004 წლის ივნისში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მაშინდელმა მოადგილე თამთა ქვარიანმა შემომთავაზა დამეწერა განცხადება დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ამ სასწავლებლიდან უნდა წავსულიყავი, რადგან, როგორც ქვარიანმა მითხრა, საქართველოში საბალეტო სფეროს ნინო ანანიაშვილი უნდა ჩადგომოდა სათავეში _ ოპერის თეატრშიც და სასწავლებელშიც.
დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერაზე კატეგორიული უარი განვაცხადე. ერთი თვის შემდეგ, 2004 წლის 19 ივლისს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება #1/42-ით დირექტორის თანამდებობიდან გამათავისუფლეს.
_ ბრძანებას თქვენს განთავისუფლებაზე გოკა გაბაშვილმა მოაწერა ხელი?
_ დიახ. მინისტრის ამ ბრძანების შემდეგ მე და ჩემმა ადვოკატმა, ბატონმა ოთარ ბერიშვილმა, სარჩელი შევიტანეთ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში თანამდებობაზე ჩემი დაუყოვნებლივ აღდგენის მოთხოვნით.
2004 წლის სექტემბერში შევხდი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ გოკა გაბაშვილს, რომელმაც კატეგორიულად მომთხოვა, გამომეტანა სარჩელი სასამართლოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრი დამპირდა, დიდ პრობლემებს შეგიქმნიო.
ამ მუქარის მიუხედავად, გოკა გაბაშვილს ვუთხარი, რომ სასამართლოდან სარჩელს არვითარ შემთხვევაში არ გამოვიტანდი.
ჩემმა უარმა, ეტყობა, გაბაშვილი ძალიან გააბრაზა და ჩვენი შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე მართლაც დაიწყო პრობლემები.
კერძოდ, 2004 წლის 15 სექტემბერს გამოიცა კულტურის მინისტრ გაბაშვილის ბრძანება #3/224 თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დოკუმენტური შემოწმების ჩატარების შესახებ.
პარალელურად, ოპერატიულად ამოქმედდა საქართველოს კონტროლის პალატაც (საქართველოს კონტროლის პალატის ბრძანება #158 ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში კომპლექსური რევიზიის ჩატარების შესახებ).
2004 წლის 12 ოქტომბერს გამოიცა კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილის კიდევ ერთი _ #3/278 ბრძანება თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ.
ამ ტოტალური შემოწმებების მიმდინარეობისას ბევრი კანონდარღვევა მოხდა: სამსახურიდან გაათავისუფლეს სასწავლებლის მთავარი ბუღალტერი იამზე ბედენაშვილი და მოლარე ხათუნა ძამუნაშვილი; შეიჭრენ ბუღალტერიის ოთახში და უკანონოდ დაეუფლნენ ფინანსურ და სხვა სახის დოკუმენტაციას.
_ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ უკანონოდ დაეუფლნენ ფინანსურ დოკუმენტაციას?
_ იმას ვგულისხმობ, რომ ისინი ბუღალტერიაში შეიჭრნენ და საბუთებს გადაბარების გარეშე, ძალის გამოყენებით დაეუფლნენ.
ამ პროცესებს ხელმძღვანელობდა სასწავლებლის ახალი დირექტორის ქმრის, გრიგოლ ვაშაძის ახლო ნათესავი და წარსულში ბავშვთა კოლონიის ზედამხედველი, ზვიად ბაქრაძე.
ამავე პერიოდში თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორმა წერეთელმა ახსნა-განმარტების მისაცემად პროკურატურაში გამოიძახა სასწავლებლის მთავარი ბუღალტერი, იამზე ბედენაშვილი.
იმ პერიოდიდან იამზე ბედენაშვილზე არნახული ზეწოლა დაიწყო, რის გამოც მან კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოში სასარჩელო განცხადება შეიტანა ამ განუკითხაობასთან დაკავშირებით.
სასწავლებელში თითქმის 3 თვის განმავლობაში ჩემ გარეშე ატარებდნენ შემოწმებას. შემოწმებას არც სასწავლებლის მთავარი ბუღალტერი და მოლარე დაასწრეს. სამი თვის განმავლობაში მათ ჩვენგან ახსნა-განმარტებაც კი არ მოითხოვეს.
ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებით, რომელიც ამ დროისთვის უკვე დანიშნული იყო თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელად (2004 წლის 22 სექტემბერს, ბრძანება #133/0116) გამათავისუფლეს თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგის თანამდებობიდან, ხოლო 2004 წლის 24 ნოემბერს (ბრძანება #174/01-16) _ ბალეტმაისტერის თანამდებობიდანაც.
ჩემთან ერთად 24 ნოემბერს მთავარი მეთოდისტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჩემი სიდედრი, ლუბა შკუნოვა. დაიწყო რეპრესიები. მე პროფესიის გარეშე დამტოვეს.
ბალეტმაისტერის თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების შემდეგ ჩემს სამუშაო ოთახში შეიჭრნენ და ჩემი პირადი ნივთები გამოიტანეს.
_ რა ნივთებზეა საუბარი?
_ ჩემი კაბინეტიდან გამოიტანეს აუდიო და ვიდეო კასეტები, სურათები, დოკუმენტები და მრავალი სხვა.
უკვე 15 წელი გავიდა, მაგრამ ჩემი პირადი ნივთებიდან დღემდე არაფერი დაუბრუნებიათ. ფაქტობრივად, 2004 წლის სექტემბრიდან მაიძულეს, საქართველო დამეტოვებინა და ასეც მოვიქეცი.
_ იქიდან მოყოლებული დღემდე რუსეთში ცხოვრობთ?
_ ასე გამოვიდა. თავიდან მხოლოდ დროებით მომიწია წასვლა, მერე კი… დღემდე გადახვეწილი ვარ. პოლიტიკა არ მაინტერესებს, ხელოვანი ვარ და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ახლავე დავბრუნდებოდი თბილისში.
საქართველოდან გაქცევიდან ერთი წლის თავზე, 2005 წლის 10 ოქტომბერს, მოსკოვის ჩაიკოვსკის დარბაზში გაიმართა ჩემი სპეკტაკლის, „დიდი ვალსის“ მსოფლიო პრემიერა, რომელიც დიდი წარმატებით ჩატარდა.
იმ დროს, როცა მე მსოფლიო პრემიერა მქონდა, თბილისში დარჩენილ ჩემს მეუღლეს სამართალდამცველები ატერორებდნენ.
_ რატომ ატერორებდნენ?
_ დატერორებაა, აბა, რა არის, როცა რეანიმაციაში მყოფ ადამიანს დაკითხვას დაუწყებ. ჩემი მეუღლე იმ დროს რეანიმაციაში იმყოფებოდა. მასთან მივიდა პროკურატურის გამომძიებელი მგელაძე და ჩემი მეუღლის დაკითხვა დაიწო.
_ რას ეკითხებოდნენ? ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისგან რის გარკვევას ცდილობდნენ?
_ მთავარი კითხვა იყო, თუ სად ვიმყოფებოდი მე. ამ კითხვის დასმას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ მოსკოვში ვამზადებდი მსოფლიო პრემიერას. ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო არა დაკითხვა, არამედ ჩემი მეუღლის დატერორება.
ჩემმა მეუღლემ გამომძიებელ მგელაძეს განუმარტა, რომ მე მოსკოვში სპექტაკლის დასადგმელად ვიყავი.
2004 წლის ნოემბერში პროკურატურიდან ჩემს სახელზე უწყება მოვიდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოვცხადებულიყავი.
ვინაიდან დასამალი არაფერი მქონდა და ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი, როგორც კი დავამთავრე ჩემი სპექტაკლების პრემიერები, მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვფრინდი და ჩემი ფეხით მივედი პროკურატურაში დაკითხვაზე.
პროკურატურაში წარმომიდგინეს ბრალდება, რასაც კატეგორიულად არ დავეთანხმე და ჩემი პოზიცია ჩემივე ხელმოწერით დავადასტურე.
6 საათი ვყავდი პროკურატურის ერთ-ერთ ოთახში, მერე უწყების მაღალჩინოსნის კაბინეტში შემიყვანეს, სადაც ულტიმატუმი წამიყენეს.
_ რა ულტიმატუმზე საუბრობთ?
_ მაღალჩინოსნის კაბინეტში, სადაც 6-საათიანი პატიმრობის შემდეგ შემიყვანეს, შემდეგი განმიცხადეს: ან თქვენ შეგეფარდებათ პატიმრობა, ან გადაიხდით გირაოს სახით 100.000 ლარს. გამოძიება მედავებოდა, თითქოს სახელმწიფოს 64.000 ლარის ზარალი მივაყენე.
პროკურატურის მაღალჩინოსანს კითხვა დავუსვი, _ თქვენ მედავებით 64.000 ლარს და გირაოს სახით მთხოვთ ჩემთვის ასტრონომიულ თანხას _ 100.000 ლარს, რატომ? საიდან მოიტანეთ ეს თანხა?
_ რა გიპასუხათ მაღალჩინოსანმა?
_ ჩემი კითხვა პროკურატურაში უპასუხოდ დატოვეს და დამავალეს, გირაოს სახით 100.000 ლარი გადამეხადა (რისი საშუალებაც არ მქონდა), წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობას შემიფარდებდნენ.
მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ამის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთება გადავწყვიტე.
2005 წლის 8 დეკემბერს თბილისში პრესკონფერენცია ჩავატარე და ჩემს დევნაში დავადანაშაულე საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ნინო ანანიაშვილი, რომელიც სასწავლებლში ჩემს ადგილს დაეპატრონა.
_ მიხეილ სააკაშვილი რატომ დაადანაშაულეთ?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ დევნაში ისიც მონაწილეობდა. ამ ხმაურიანი პრესკონფერენციის მეორე დღეს ჩემზე ძებნა გამოაცხადეს.
პოლიციის თანამშრომლები ჩემი ძებნის საბაბით თითქმის ყოველდღე აწიოკებდნენ მეუღლეს და სამ მცირეწლოვან ბავშვს.
_ რა ხნის იყვნენ მაშინ თქვენი შვილები?
_ ძალიან პატარები _ უმცროსი 2 თვის იყო მხოლოდ, შუათანა _ 2 წლისა, უფროსი კი _ 3 წლის.
თოთო ბავშვებს ღამე და დილაუთენია უვარდებოდნენ სახლში და იქაურობის ჩხრეკას იწყებდნენ. ჩხრეკა ბავშვების ტირილისა და წივილის ფონზე მიდიოდა, მათ სპეციალურად აშინებდნენ და უყვიროდნენ, რომ ჩემს მეუღლეს ჩემი ადგილსამყოფელი გაეცხადებინა.
ჩემმა ოჯახმა მთელი 2005 წელი წამებაში გაიარა. ყველა ბრალდება, რომელიც წამიყენეს, მტკნარი სიცრუე და ცილისწამებაა. ჩემი დაცვა არც ერთ ეტაპზე არ განხორციელებულა _ არც ბრალდების წარდგენის დროს და არც ერთ სასამართლოზე! ჩემთვის ახსნა-განმარტებაც კი არავის ჩამოურთმევია ბრალდებასთან დაკავშირებით.
ჩემდა გასაოცრად, 2008 წლის სექტემბერში ჩემმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ, განაჩენი ერთი თვის განმავლობაში არ გაასაჩივრა და, შედეგად, დაუსწრებლად, 2008 წლის 24 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს.
_ 2012 წელს რატომ ვერ მოხვდა თქვენი გვარი პოლიტდევნილთა სიაში?
_ როგორც ჩემმა ადვოკატმა მითხრა, საბუთების მიტანა დავაგვიანეთ. ჩემ გარდა სხვებიც დარჩნენ ამ სიის მიღმა. პარლამენტმა პროკურატურაში დამატებითი სია გადააგზავნა, თუმცა, რაღაც მიზეზის გამო, ეს საქმე შეწყდა და პარლამენტს არავინ აღარ გამოუცხადებია პოლიტდევნილად.
ამ წლების განმავლობაში არაერთხელ მივმართე საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩემი საქმე შეესწავლათ, მაგრამ ამაოდ.
არც ჩემი მეგობრების მიმართვა იღო ყურად ვინმემ. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა რამდენიმე წლის წინ პრემიერის პოსტზე მყოფ ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართეს ჩემს საქმეზე წერილით. არც ამის შემდეგ შეცვლილა რამე. კვლავ დევნილობაში მიწევს ცხოვრება.
_ საქართველოში რომ დაბრუნდეთ, რა მოხდება?
_ დამაკავებენ. მპირდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით გამიშვებენ საპატიმრო დაწესებულებაში. ადრე თუ გვიან, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, მაგრამ რა ვუყო ჩემს ოჯახს?
იმ შემთხვევაში თუ საქართველოში დავბრუნდები, რაღაც პერიოდი ციხეში მომიწევს ყოფნა. შესაბამისად, არ მექნება სამსახური და ჩემი ოჯახი ულუკმაპუროდ დარჩება.
ჩემს მეუღლეს ძალიან უჭირს. მას მარტომ მოუწია სამი შვილის გაზრდა. წლების მანძილზე ის და ბავშვები ტერორის ქვეშ იყვნენ. მხოლოდ ამის გამო არ ჩამოვდივარ საქართველოში. სხვა შემთხვევაში მზად ვარ, გამოძიებასთან ვითანამშრომლო.
თქვენი გაზეთითაც მინდა მივმართო სათანადო უწყებებს, გადაიხედოს პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო და არასამართლიანი განაჩენი და დაინიშნოს სასამართლო. მე თანახმა ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რათა დავამტკიცო ჩემი სიმართლე და 15 წლის დევნილობის შემდეგ დავბრუნდე სამშობლოში.

შორენა მარსაგიშვილი