ითვალისწინებენ თუ არა ქუთაისის მერიაში კანონს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ?

საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით და დასავლურ დემოკრატიულ სისტემებთან დაახლოების მიზნით საქართველოში 2010 წელს ელექტრონული ტენდერების სისტემა შეიქმნა. სისტემამ იმავე წელს ქაღალდზე დაფუძნებული სახელმწიფო შესყიდვები სრულად ჩაანაცვლა. ძველი სისტემა კორუფციის არსებობისა და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს აჩენდა. ელექტრონული ტენდერების დანერგვა სწორედ ამ პრობლემებთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა _ იგი ამარტივებს შესყიდვის პროცედურას, გამჭირვალეს ხდის პროცესებს, ზოგავს დროს და ამცირებს ბიუროკრატიას.

ახლა სახელმწიფო შესყიდვების პროცესზე დაკვირვება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია. ამ სისტემამ აღმოფხვრა დისკრიმინაციაც _ ტენდერში დისტანციურად მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, ასევე საზღვარგარეთ არსებულ კომპანიებსაც. ამის ფონზე იზრდება კონკურენცია, საბიუჯეტო ხარჯები კი იზოგება.
მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, შესყიდვების არსებული სისტემა სრულყოფას საჭიროებს, რადგან ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად გასცემენ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს სისტემაში არსებული ამა თუ იმ დარღვევის შესახებ.
აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში წლიური გეგმა 880 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აქედან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2016-2018 წლებში განხორციელებული პროექტებისთვის აღებული ვალდებულებების დასაფარად 790 ათასი ლარი გაითვალისწინეს. ბოლო წლებია, ქუთაისის ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. ამ და სხვა დანიშნულებით ქალაქის მერია მთელი წლის მანძილზე მომსახურებისა და სხვადასხვა საქონლის შესყიდვას ქვეყანაში არსებული მსხვილი და მცირე ბიზნესკომპანიებისგან ახორციელებს.
შესყიდვების შესახებ კანონით, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება 5000 ლარს არ აღემატება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვა ტენდერის გზით უნდა განხორციელდეს. მიუხედავად ამისა, არის შესყიდვები, რომლებსაც ქუთაისის თვითმმართველობა არა ტენდერის, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ახორციელებს.
მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ პირდაპირი შესყიდვის გზით საკმაოდ ბევრი საქონელი და მომსახურება შეიძინა. მათ შორის რამდენიმე 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების.
ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა გახლავთ ქალაქის #7 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც კომპანია „თეგიკა უნივერსალი“ აწარმოებს. გარდა იმისა, რომ კომპანია ქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იმარჯვებს, იმითაც გამოირჩევა, რომ იგი თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ძმას, გიორგი გვანცელაძეს ეკუთვნის.
სკოლის რეაბილიტაციისთვის კომპანია, მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად, 88 322 ლარის სამუშაოს შეასრულებს. შესყიდვის საფუძველი სამუშაოების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა გახდა.
გადაუდებელი აუცილებლობის გამო ქალაქის მერიამ 14 232 ლარი დახარჯა ქუთაისის 21-ე სკოლის რეაბილიტაციისთვის. ხელშეკრულება შპს „ხელმარჯვე ოსტატებთან“ 73 154,98 ლარის ოდენობით დაიდო. შესყიდვა ტენდერის გარეშე, პირდაპირი გზით განხორციელდა.
5 ათასი ლარი დაიხარჯა ქალაქის ბიუჯეტიდან მერიის სტუმრების კვებითი მომსახურებისთვის. პირდაპირი შესყიდვის გზით მომსახურება შპს „ქუთაისი 2021-ისგან“ ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს შეიძინა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლამდე გააფორმა.

თინათინ ბერიშვილი _ ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენელი:
„გამარტივებული შესყიდვები დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება 5 ათას ლარამდე თანხაზე ფორმდება, ასევე გადაუდებელი აუცილებლობისა და ექსკლუზიური უფლებამოსილების შემთხვევაში. რას ნიშნავს ექსკლუზიური უფლებამოსილება? _ ეს არის შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულება ფორმდება კონკრეტულ მომღერალთან და ა. შ., ვისაც საკუთარი ნაწარმოები საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციაში აქვს დაცული ან აქვს პატენტი. ამ შემთხვევაში ტენდერის გამოცხადება არ შეიძლება. გადაუდებელი აუცილებლობის გამო გამარტივებულ შესყიდვას მაშინ ვატარებთ, როდესაც საქმე ეხება სტიქიით დაზარალებულებს ან ტენდერი ვარდება და საქონლის ან მომსახურების შეძენა სასწრაფოა. ჩვენ, ძირითადად, 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებულ შემთხვევებს ამ ბოლო აუცილებლობის დროს მივმართავთ“.

ბესო ნამჩევაძე _ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი:
„გამარტივებული შესყიდვა ცუდი პრაქტიკაა, რადგან ის კონკურენციას არ უშვებს. ამ ფაქტორმა შეიძლება გააჩინოს ეჭვი, ხომ არ გაურიგდა შემსყიდველი მიმწოდებელ კომპანიას?
თუკი შესასყიდი საქონლის ან მომსახურების საფასური 5 ათას ლარზე ნაკლებია, შემსყიდველი არ არის ვალდებული, ტენდერი გამოაცხადოს. თუმცა ეს კანონით აკრძალულიც არაა _ სურვილის შემთხვევაში ტენდერის გამოცხადება 100-ლარიან ნივთზეც შეიძლება, თუკი შემსყიდველს ნივთი უფრო დაბალ ფასად უნდა, შეიძინოს. გარდა ამისა, არის გარემოებები, როდესაც თვითმმართველობები ვერ ასწრებენ ტენდერის გამოცხადებას. მაგალითად, არ ჰქონიათ დაგეგმილი ამა თუ იმ სამუშაოს ჩატარება ან ესა თუ ის აქტივობა. ამ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვა დასაშვებია. პრობლემაც სწორედ ესაა _ ხშირად დაჩქარებულს ეძახიან შესყიდვას, რომლის გათვალისწინებაც შეიძლებოდა. მაგალითად, როდესაც იცით, რომ ახალი წელი პირველ იანვარსაა, ხოლო საახალწლო კონცერტი ახალი წლის წინა დღეს, მთელი წლის მანძილზე შეიძლება გამოაცხადოთ ტენდერი და შეისყიდოთ სხვადასხვა მომსახურება შეადარებით დაბალ ფასად. ასეთ სიტუაციაში დაჩქარებული შესყიდვის გამოცხადება სავალდებულო არაა და კორუფციული გარიგებების დადების დიდ რისკს აჩენს“.

შესყიდვების შესახებ კანონით გამარტივებული შესყიდვის განხორციელება გარკვეულ შემთხვევებში დაშვებულია. ასეთ დროს შესყიდვა პირდაპირ, ტენდერის გარეშე ხდება. ეს პროცედურას მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს, თუმცა მედალს აქაც ორი მხარე აქვს _ ტენდერის გარეშე საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას სხვა პირებს არ ეძლევათ საშუალება, მიმწოდებლები გახდნენ. ასევე ამ დროს ბიუჯეტის თანხების დაზოგვა ვერ ხერხდება. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გამარტივებული შესყიდვებისას მეტია ეჭვი კორუფციულ ქმედებებზე.
გამარტივებული შესყიდვების ძირითადი მიზანი შესყიდვის პროცედურის გამარტივება და დროის დაზოგვაა. გარდა ამისა, ხანდახან შემსყიდველები ამ ხერხს მაშინ მიმართავენ, როდესაც ტენდერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისთვის დრო, შესაბამისი ცოდნა ან საშუალება არ გააჩნიათ.
წინასაახალწლო დეკორაციების პირდაპირი შესყიდვის გზით შეძენის ფაქტი ქუთაისის მერიაში გასულ წელს დაფიქსირდა. 2019 წლის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 229 483 ლარი დაიხარჯა. აქედან 156 610 ლარი პირდაპირ შესყიდვებზე მოდის. მათ შორის, 99 485 ლარი საახალწლო განათებების ყიდვას დასჭირდა.
საახალწლო განათებების შესაძენად ქალაქის მერიამ 97 141 ლარის ღირებულების ტენდერი აუქციონის გარეშე გასული წლის 11 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმომ _ „გერასკამ“ და „დანდიმ“. ტენდერი „დანდიმ“ მოიგო, თუმცა შედეგი „გერასკამ“ გაასაჩივრა და მის კონკურენტ კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა. მერიამ ხელშეკრულება შპს „გერასკასთან“ გააფორმა, მაგრამ 28 დეკემბერს სამუშაოების შესაბამის ვადებში შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყვიტა.
2018 წლის 26 დეკემბერს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ქუთაისის მერიამ პირდაპირი შესყიდვის გზით გასანათებელი მოწყობილობები საბოლოოდ ტენდერში დისკვალიფიცირებულ კომპანია „დანდისგან“ შეიძინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტენდერში გამარჯვების დროს „დანდი“ საქონელს მერიას 94 804 ლარად აძლევდა, პირდაპირი შესყიდვის გზით შეძენის დროს კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ საახალწლო განათებაში 99 485 ლარი გადაიხადა. ეს თანხა თავდაპირველად გამოცხადებულ სატენდერო ფასზე 2 300 ლარით მეტია.

ბესო ნამჩევაძე _ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი:
„ბოლო წლებში პირდაპირი შესყიდვების საშუალო მაჩვენებელმა იკლო, რადგან კანონმა ალტერნატიული შესყიდვის სხვა საშუალებებიც დაუშვა. მაგალითად, გასულ წელს სახელმწიფო სტრუქტურებში პირდაპირი შესყიდვების წილი მთლიანი შესყიდვების 20% იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს წილი ადგილობრივ თვითმმართველობებში ცოტა მაღალია.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირდაპირი შესყიდვების წარმოებას შესყიდვების სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ამან, გარკვეულწილად, რაღაც ფილტრი შექმნა და კორუფციის საშიშროება შეამცირა, თუმცა რისკი მაინც არსებობს.
პირდაპირი შესყიდვების გამოცხადების მთავარი მიზეზი კომპეტენციის ნაკლებობაა _ ბევრ უწყებაში არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწორად შეუძლიათ დაგეგმონ ტენდერები, არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია ან არ შეუძლიათ დოკუმენტების სწორად წარმოება. არის შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობებს უნდათ ესა თუ ის მომსახურება ან საქონელი კონკრეტული პირისგან იყიდონ, მაგრამ ამის დამტკიცება რთულია. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ტენდერების მონიტორინგზე ვმუშაობთ, არ გვაქვს საკმარისი რესურსი მსგავსი ფაქტების ბოლომდე გამოსაძიებლად და დასამტკიცებლად“.

ტენდერების ჩატარებისას კიდევ ერთი რისკი ბაზარზე ახალშემოსული ან უშუალოდ ტენდერის გამოცხადების წინ დაფუძნებულ კომპანიებთან ხელშეკრულების დადებაა. პირველი მაგალითი ქუთაისის მერიას გასულ წელს ჰქონდა.
კომპანია „ალმა-რუს“ საქართველოს ფილიალმა 2018 წელს ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. „ალმა-რუს“ ქართულ ბაზარზე 2018 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა. ქუთაისის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება ამავე წლის 24 მაისს დადო. რეაბილიტაციის პროცესმა უამრავი დარღვევით ჩაიარა, შედეგი კი უხარისხო აღმოჩნდა. საბოლოოდ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპანია დააჯარიმა, ხიდის შეკეთებისთვის სამუშაოების შესყიდვა კი თავიდან გამოაცხადა.
დამატებითი რისკფაქტორია ხელშეკრულების დადება კომპანიასთან, რომლის ანგარიშზეც ბევრი წაგებული ტენდერია.
ილია ჭავჭავაძის პორტრეტული ბარელიეფისა და სადგარის დაზიანებული იერსახის რესტავრაცია ქუთაისის მერიამ კომპანია „ჯორჯიან ტექნოგრუპს“ ანდო. კომპანია, სავარაუდოდ, 22 699 ლარის სამუშაოებს შეასრულებს. ბარელიეფის რესტავრაცია მიმდინარე წლის 15 ნოემბერს უნდა დასრულდეს. ტენდერში „ჯორჯიან ტექნოგრუპის“ კონკურენტი არქიტექტორი გიორგი კიკვაძე გახლდათ, რომელთანაც ქალაქის მერიას მრავალწლიანი პოზიტიური თანამშრომლობა აკავშირებს. კიკვაძე ქალაქში არსებული რამდენიმე ცნობილი მონუმენტის ავტორია.
გიორგი კიკვაძის სატენდერო წინადადება ქუთაისის მერიამ კონკურენტთან შედარებით მაღალი ფასის გამო დაიწუნა, თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია „ჯორჯიან ტექნოგრუპსი“ ტენდერებში გამარჯვების სიუხვით არ გამოირჩევა. მისი ძირითადი დამკვეთები არიან ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი. კომპანიის „ანგარიშზე“ გაცილებით მეტი წაგებული ტენდერია, ვიდრე _ მოგებული. შესყიდვებში მისი დამარცხების მთავარი ფაქტორი კი კონკურენტებთან შედარებით სამუშაოების მაღალი საფასურია.

ბესო ნამჩევაძე _ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი:

„სახელმწიფო შესყიდვები ყოველთვის არის გარკვეული რისკების მატარებელი. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხშირად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე ტყდება ჯოხი. რეალურად, ყველა ტენდერის კონტროლი ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად სისტემაში ასობით შესყიდვა რეგისტრირდება. ამ დროს პასუხისმგებლობას თანაბრად უნდა იღებდნენ როგორც შემსყიდველი ორგანიზაციები, ასევე ის კომპანიები, რომლებიც ტენდერში მონაწილეობენ და ამ ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს სააგენტო.
მაგალითად, თუ ტენდერი კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული, ამას შესყიდვაში მონაწილე სხვა კომპანიები უფრო მიხვდებიან, ვიდრე სააგენტო, რადგან იქ შესაძლოა იყოს შესასყიდი დეტალების სია, რომელთა შესახებაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებს, უბრალოდ, ინფორმაცია არ გააჩნიათ. მაგალითისთვის: ცხადდება ტენდერი ავტომობილისა და მისი ნაწილების შესყიდვაზე. აქ შეიძლება იყოს დასახელებული ისეთი ნაწილები, დეტალები, რომლის დისტრიბუტორი ან მწარმოებელი ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანია შესაძლოა იყოს. აი, ეს არის მორგებული ტენდერის მარტივი მაგალითი.
შემსყიდველების მხრიდან გამოსასწორებელია ტენდერების დაგეგმვის პრობლემა, ასევე გამოსასწორებელია ქვეკონტრაქტორების პრობლემა. არის შემთხვევა, როდესაც კომპანია ტენდერს იგებს, სამუშაოებს კი აკეთებს სხვა _ მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია. აქ საჭიროა მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნა. აუცილებელია, მყიდველმა წინასწარ იცოდეს, ვინ შეასრულებს სამუშაოებს _ უშუალოდ გამარჯვებული თუ მისი ქვეკონტრაქტორი? არსებობს რისკი, რომ ქვეკონტრაქტორები შესაძლოა, პოლიტიკასთან ან სხვა რისკებთან ასოცირდებოდეს.
ვფიქრობ, რომ თაღლითობასა და კორუფციაში დადანაშაულებულ ან ამ დანაშაულებთან ასოცირებულ პირებს უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა. ასეთი კანონი ჩვენ არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტი ევროკავშირისა და სხვადასხვა ევროპული ორგანიზაციის მოთხოვნაა“.

კიდევ ერთ პრობლემად ტენდერების მონიტორინგის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ტენდერებში სისტემატურად ერთი და იგივე კომპანიის გამარჯვებას ასახელებენ. თუმცა ამ ფაქტსაც აქვს გამამართლებელი გარემოებები.
„თეგეტა მოტორსი“ ქუთაისის მერიის კონტრაქტორი უკვე რამდენიმე წელია. „თეგეტას“ ქალაქის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთება, მათი შესაბამისი ნაწილებით უზრუნველყოფა ევალება. გარდა იმისა, რომ იგი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობადი კომპანიაა, იმითაც გამოირჩევა, რომ 2019 წლის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის მისმა ერთ-ერთმა მფლობელმა, ზაურ ცხადაძემ, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი შესწირა.

ბესო ნამჩევაძე _ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი:
„დიდ კომპანიებს აქვთ ობიექტური უპირატესობები _ მეტი გამოცდილება, მეტი რესურსი. დიდი კომპანიები იშვიათად ან საერთოდ არ გვხვდებიან „შავ სიაში“, ამიტომ ის ფაქტი, რომ ხშირად ერთი და იგივე სამუშაოს ჩატარებას დამკვეთები ერთსა და იმავე კომპანიას ავალებენ, გამართლებულია. მაგრამ როდესაც ცხადდება დიდი შესყიდვა, უმჯობესია, მომსახურება მყიდველმა ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა კომპანიისგან იყიდოს. ეს პირობა საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესსაც, მონაწილეობა მიიღოს და გაიმარჯვოს ტენდერებში, დიდ ბიზნესს გაუწიოს კონკურენცია“.

შესყიდვების სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებების შემუშავებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საკვალიფიკაციო და ტექნიკურმა მოთხოვნებმა რეალურად უნდა უზურნველყოს ტენდერსა და შესყიდვაში მონაწილეთა შესაბამისი გამოცდილება. ფასის ხარისხზე წინ დაყენება არ შეიძლება. შემსყიდველი მხარე დაზღვეული უნდა იყოს დაბალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურებისგან, მიმწოდებელი კი შესყიდვების დროს განხორციელებული მაქინაციებისგან _ დაცული.

შორენა ლაღაძე