ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი 15-18 ასაკობრივი ჯგუფიდან სკოლაში აღარ სწავლობს

ის, რომ ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან ტოვებენ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა თავიანთ ოჯახებს ეკონომიკურად დაეხმარონ; ის, რომ 4-5 წლისების მხოლოდ 59%-ს აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი, ამაზე ჩვენი განათლების სისტემა თვალს ხუჭავს, ანდა შემოიფარგლება კომენტარებით: „არ არის მასე“, „რით ამტკიცებთ?“

ხომ შეიძლებოდა, ერთი მათგანი მაინც გასცნობოდა „საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევის“ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, ჯერ კიდევ, ორი წლის წინ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. აღნიშნული ანგარიში გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით მოამზადა „ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა“.
უმთავრეს პრობლემად ყველაზე ხშირად საქართველოში მცხოვრები ოჯახები უმუშევრობას, მედიკამენტების ყიდვასა და საცხოვრებელ პირობებს ასახელებენ. სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის მიუხედავად, იმ ოჯახების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც მთავარ პრობლემად მედიკამენტების შეძენას ასახელებენ, 26.4%-დან 27.8%-მდე გაიზარდა. ანუ ორი წლის განმავლობაში ბავშვიანი ოჯახების გაჭირვების დონე 1,4%-ით გაიზარდა. თუკი კვლევის წინა ეტაპებზე ოჯახების 12.4%-მა უმთავრეს პრობლემებად სესხებისა და საბანკო კრედიტების დაფარვა დაასახელა, 2017 წლისთვის ასეთი შინამეურნეობების პროცენტული წილი 11.2%-მდე შემცირდა. ამასთან ერთად, „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგები გვიჩვენებს, რომ უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით ხშირად ბავშვიან ოჯახებში გვხვდება (ბავშვიანში 28%-ში, მაშინ, როცა იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ, ეს მაჩვენებელი 19%-ია). იმ ბავშვიანი ოჯახების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა ძირითად პრობლემას სესხის ან საბანკო კრედიტის გადახდა წარმოადგენდა, 16%-დან 17%-მდე გაიზარდა. უბავშვო ოჯახებში კი ეს მაჩვენებელი 2017 წელს 8%-მდე შემცირდა, 2015 წლის 10%-თან შედარებით.
„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. მოსახლეობის სიღარიბისა და კეთილდღეობის მდგომარეობა წარმოდგენილ ანგარიშშიც სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე შეფასდა. ეროვნულ დონეზე, შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3%, მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. აქვე დავძენთ (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება). შეფასების თანახმად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების წილი სოფლად 4.0%-ია, ხოლო ურბანულ დასახლებებში _ 4.5%. ორი წლის პერიოდში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 2.6%, 2.9%, 4.3% და 2.0 პროცენტული პუნქტით.
7 წლის ბავშვთა სკოლაში სიარულის თვალსაზრისით, კვლევამ უღარიბესსა და უმდიდრეს ჯგუფებს შორის თითქმის ვერანაირი სხვაობა ვერ გამოავლინა. სკოლის გაკვეთილებს ბავშვთა 96.4% ესწრება: გოგონათა 96.3%, ხოლო ბიჭების 96.4%. გენდერული ეფექტი უმნიშვნელოა. გოგონებისა და ვაჟების სკოლაში სიარულის საშუალო მაჩვენებლები სტატისტიკურად არ განსხვავდება. საშუალო სკოლის უფროს კლასებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილმდებარეობის ფაქტორი: ქალაქებში 15-18 წლის ბავშვთა 91.0% დადის საშუალო სკოლაში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სოფლებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 82.4%-ია. არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება უღარიბესი და უმდიდრესი ბავშვების სასწავლო დაწესებულებაში დასწრების თვალსაზრისით. ადრეულ ასაკში ბავშვები ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან არ დადიან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ან დაწყებით სკოლაში. 15-18 წლის ასაკის უღარიბესი ბავშვების დაახლოებით 81% დადიოდა სკოლაში, ხოლო უმდიდრეს კვინტილში (სტატისტიკაში კვინტილი ნიშნავს, როცა პოპულაცია იყოფა ხუთზე, რიცხობრივი მახასიათებელი, _ რედ.) იმავე ასაკობრივი ჯგუფის 98% განაგრძობს განათლებას. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი 15-18 ასაკობრივი ჯგუფიდან აღარ სწავლობს. განსხვავება გაცილებით თვალსაჩინო ხდება 18 წლის შემდეგ, როცა ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან ტოვებენ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ეკონომიკურად დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს. უღარიბესი სეგმენტიდან 20 წლის ახალგაზრდების, დაახლოებით, 5% დადიოდა რაიმე ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმდიდრესი სეგმენტის 77%-თან შედარებით. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა უღარიბესი სეგმენტიდან უბრუნდება ფორმალიზებულ განათლებას, სავარაუდოდ, ეკონომიკურად გაძლიერების შემდეგ.
წიგნებთან ადრეულ წლებში ზიარება არა მხოლოდ ეხმარება ბავშვს ბეჭდვითი კულტურის უკეთ გააზრებაში, არამედ აძლევს მას სხვების კითხვის პროცესის ნახვის საშუალებას, მაგალითად, როგორ ასრულებენ უფროსი და-ძმები სასკოლო დავალებებს. ოჯახში წიგნების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომი აკადემიური მოსწრებისა და IQ ქულებისთვის. საქართველოში 36-59 თვის ბავშვთა მხოლოდ 59%-ს აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი, მათ შორის მხოლოდ 36%-ს უღარიბესი და 88%-ს უმდიდრესი ჯგუფებიდან. ეს ნიშნავს, რომ ღარიბი ოჯახებიდან 10 ბავშვიდან ექვსს არ აქვს საკმარისი წვდომა საბავშვო წიგნებთან. ამასთან ერთად, ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს (3-დან 5 წლამდე) მნიშვნელოვნად უფრო მეტი წვდომა აქვს საბავშვო წიგნებთან (66.3%), ვიდრე მათ, ვინც სოფლის შინამეურნეობებში ცხოვრობს (52.6%). ბავშვის ადრეული განვითარების ინდექსი (ECD Index) აფასებს, სწორად ვითარდება თუ არა ბავშვი კითხვა-დათვლის, ფიზიკურ, სოციალურ-ემოციურ და სწავლის სფეროებში. 3-დან 5 წლამდე ბავშვების მხოლოდ 22.8%-ს შეუძლია „კითხვა და დათვლა“. ანუ ბავშვს შეუძლია ამოიცნოს ან დაასახელოს ანბანის, სულ მცირე, ათი ასო. ასევე დაასახელოს და ამოიცნოს ყველა ციფრი 1-დან 10-ის ჩათვლით. 48-59 თვის ბავშვებშიც კი მხოლოდ 32.3%-ს შეუძლია კითხვა და დათვლა. ბავშვთა ადრეული განათლების სისტემაში ჩართული 3-5 წლის ბავშვებიდან 28.3%-მა იცის „კითხვა და დათვლა“ მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი შეადგენს 15.3%-ს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არ დადიან ბაგა-ბაღში.
ორი წლის განმავლობაში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ოჯახებისა და მოსახლეობის წილი, შესაბამისად, 20.7%-დან 22.5%-მდე და 23.1%-დან 24.8%-მდე გაიზარდა. ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8%-დან 31.6%-მდე გაიზარდა. ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პენსიონერთა წილიც 19.3%-დან 20.4%-მდე გაიზარდა. შეფასებების მიხედვით, სოფლებში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს ოჯახების 24.1%, ხოლო ურბანულ დასახლებებში _ შინამეურნეობების 20.9%.
საქართველოში, ბოლო წლებში, ზოგადი სიღარიბის დონე გაიზარდა. თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი 16.4%-ს შეადგენდა, ორი წლის თავზე 19.6%-შეადგინა. ჩვენს ქვეყანაში ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს ოჯახების 19.6%, მოსახლეობის 21.7%, ბავშვების 27.6% და პენსიონერების 17.6%. აქვე დავძენთ, რომ ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 200 ლარამდე თანხას შეესაბამება. შეფასების მიხედვით, ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ სოფლად ოჯახების 20.8% და ქალაქად 18.4% ცხოვრობს. 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რიცხვი გაიზარდა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ზოგადი სიღარიბის ზრდა სამწუხარო ფაქტია, ეს მაჩვენებლები მაინც უკეთესია 2013 წელთან შედარებით, როდესაც, ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ოჯახების 21.8%, მოსახლეობის 24.6%, ბავშვების 28.4% და პენსიონერთა 20.6% ცხოვრობდა.
კვლევის შედეგად, ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ ოჯახში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის. შეფასების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერების 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
ბავშვიან ოჯახებში სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია. მაგალითად, ორი წლის წინ ოჯახების 33%-ს, სულ მცირე, ერთი ბავშვი მაინც ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლებიც. მაგალითად, ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის ზღვრებს ქვემოთ ცხოვრობს ერთ ან ორბავშვიანი ოჯახები. როცა საქმე სამ ან მეტ ბავშვიან ოჯახებს ეხება, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 39.9%-მდეა, ხოლო ზოგადი სიღარიბის შემთხვევაში _ 33.4%-მდე იზრდება.
ბავშვთა სიღარიბის რისკი უფრო დაბალია ისეთ ოჯახებში, რომლის ზრდასრული წევრის განათლების დონე შედარებით მაღალია ან რომლის ზრდასრულ წევრსაც რეგულარული ანაზღაურებადი სამუშაო აქვს. სიღარიბის ყველა დონეზე ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული წილი კვლავაც უფრო მაღალია, ვიდრე, _ მთელი მოსახლეობის ან პენსიონერთა პროცენტული წილი. შინამეურნეობებში, მთლიან მოსახლეობასა თუ ბავშვებში სიღარიბის დაბალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ოჯახებში ზრდასრულთა განათლების მაღალ დონესთან. ამასთან ერთად, შინამეურნეობაში რეგულარულად დასაქმებული წევრის ყოლა ორჯერ მეტად ამცირებს ბავშვთა ზოგადი და ფარდობითი სიღარიბის რისკს.
სიღარიბის სუბიექტური შეფასების მაჩვენებელი მოსახლეობის ყველა ჯგუფში შემცირდა. იმის მიუხედავად, რომ 2017 წელს სამომხმარებლო სიღარიბე გაიზარდა, ღარიბად ნაკლები ადამიანი გრძნობს თავს.
2013 წელს საქართველოს მთავრობამ შემოიღო სკოლამდელი აღზრდის უფასო სისტემა. წინამდებარე ანგარიში შეისწავლის ბავშვთა დასწრებას ფორმალურ სასწავლო დაწესებულებებში.
„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, კვლევის წინა სასწავლო წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებში 3-5 წლამდე ბავშვების 63.7% დადიოდა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა დიდი უმრავლესობა (98.8%) დადიოდა სახელმწიფო დაწესებულებაში და მხოლოდ 1.2% _ კერძო ბაგა-ბაღში. საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა 42.7% იყო 3 წლის, 73.3% იყო 4 წლის და 74.4% კი _ 5 წლის. არ არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავება გოგონებისა (66.5%) და ვაჟების (61.3%) დასწრების მაჩვენებლებში. მთლიანობაში დასწრების მაჩვენებელი მცირედ გაიზარდა, ხოლო კერძო სკოლამდელ დაწესებულებაში დასწრება შემცირდა. მთლიანობაში, 3-5 წლის ბავშვთა საბავშვო ბაღში დასწრების მაჩვენებელი ქალაქებში უფრო მაღალია, ვიდრე სოფლებში. კერძოდ, მათი 57.5% დადის საბავშვო ბაღში ქალაქად და 42.5% კი სოფლად.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახების 22.5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ასევე სოფლისა და ქალაქის დასახლებებს შორის სხვაობა დიდია.

თამარ როსტიაშვილი