მთავარი მსოფლიო ვის სჭირდებოდა ნიუ-იორკის შეხვედრა, ანუ რა უნდა რუსეთს საქართველოსგან?..

ვის სჭირდებოდა ნიუ-იორკის შეხვედრა, ანუ რა უნდა რუსეთს საქართველოსგან?..

354
0
გაზიარება

მაშ, ასე! _ 2008 წლის შემდეგ ტარხუნის, წიწმატის, მანდარინის, ხინკალ-ხაჭაპურის, ღვინის, შავი ზღვის პლაჟების ნოსტალგიას რუსეთი ვერ გაუმკლავდა და ქართული მხარის თხოვნას _ დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში დაგვეწყო მოლაპარაკებები _ დასთანხმდა!

პროგრესი თვალსაჩინოა, ჩვენ უკვე ის არ ვართ, რაც ვიყავით, ადლერში კი არ ჩავდივართ ან ნოვო-ოგორიევოში, ან სულაც კრემლში კი არ ვხვდებით მტერს, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილს ერთმორწმუნე ძმა ჰგონია, არამედ ნიუ-იორკში. რა პროგრესია, არა? ამ სარკაზმში სიმართლისა და ტრაგედიის(!) გამიჯვნა თქვენთვის მომინდვია.
მწყობრად მივყვეთ მოვლენებს. საერთაშორისო თანამეგობრობა დიახაც, ვერ უმკლავდება რუსეთს, მის ავანტიურას, თავხედობას, საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვას. არის შემთხვევები, როდესაც კონიუნქტურის ან სიხარბის გამო არ უმკლავდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავთ, რამდენი საპირისპირო არგუმენტიც არ უნდა მოვისმინოთ.
რამდენიც არ უნდა იყვიროს ოპოზიციამ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოზიციონირება რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საერთაშორისო ასპარეზზე არასაკმარისია და ძნელია, მას ამაში არ დაეთანხმო, ხოლო დღევანდელმა ხელისუფლებამ რამდენიც არ უნდა „აცხადოს“, საკუთარი თანმიმდევრულად არგაღიზიანების პოლიტიკის ეფექტიანობის თაობაზე _ თითქოს თბილისში რუსული ტანკები რომ არ დაჯლიგინებენ _ ორივე ტყუის ან თავს იტყუებს, რადგან არც ერთია მართალი და არც _ მეორე.
და, აი, რატომ… დეტალურად არ გაგახსენებთ დღევანდელი ხელისუფლების ნარატივს, მხოლოდ მშრალ აზრს გავიმეორებ, რომ საქართველოს მაშინდელი (ანუ წინა) ხელისუფლების მიზეზით დავკარგეთ ტერიტორიები. დღევანდელი ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიზეზით ვკარგავთ ყოველდღიურად ახალ ტერიტორიებს. ორივე ფაქტი სწორია, მიზეზები კი _ უტრირებული.
ახლა სხვა რამეს გაგახსენებთ: 2008 წლის ივნისში სანკტ-პეტერბურგში გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრა, სადაც ნამდვილად იყო ვითარების დეესკალაციის მცდელობა. 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან და განსაკუთრებით აგვისტოს პირველ რიცხვებში, ლამის ყოველდღე კონფლიქტის ზონაში საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატები ჩაჰყავდა. ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც ავტომატები კაკანებდნენ, ტანკები დაგრუხუნებდნენ და ქვემეხების ზალპები აყრუებდა არემარეს. როდესაც ყველა გონიერი ადამიანი გრძნობდა, რომ ომი წუთი-წუთზე დაიწყებოდა. და რა მოხდა? ჰო, ეგ ყველამ ვიცით. ამიტომ ნამდვილად უსინდისობაა იმაზე საუბარი, თითქოს სააკაშვილის ხელისუფლებამ რამე დააკლო ომის თავიდან აცილების პროცესს განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური მუშაობის კონტექსტში. და რას მიაღწია მაშინ ხელისუფლებამ ანუ დღევანდელი ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა? _ არაფერს! რა შეიძლებოდა უკეთ გამოსულიყო, ამაზე ბჭობას ახლა, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, აზრი არ აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ზუსტად ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ეს ხელისუფლებაც ბორდერიზაციის პროცესისა და მავთულხლართებით გაყოფილი საქართველოსა და არა სოფლების, სანახავანად ნებისმიერი კრიტიკული ვითარებისას ადგილზე ჩაიყვანს ხოლმე დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მგონი, ჭოგრიტში მომზირალი ფრაუ მერკელიც გვახსოვს ხომ ოკუპაციის ზოლთან თუ ხაზთან? ამიტომ ოპოზიციის მხრიდან იმაზე ყვირილი, თითქოს ეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და მსოფლიომ არ იცის, რა ხდება თბილისიდან 80 კილომეტრში, მინიმუმ, ტყუილია. შედეგი? ვხედავთ და ვგრძნობთ ყოველდღიურად _ ოკუპაცია გრძელდება!
ანუ რასთან გვაქვს საქმე? იმასთან ხომ არა, რომ რეალურად საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მიმართ უძლურია? იმ რუსეთის, რომელმაც იმავე უკრაინის საკითხზე აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთსა და ბრიტანეთს თავზე გადაახია ლამის ორი ათეული წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება და ჯერ ყირიმის „მშვიდობიანი“ ანექსია მოახდინა, შემდეგ კი ცხელი ომი წამოიწყო დონბასში… შეხედეთ, აბა, რომელ სახელმწიფოებს „გაუბედა“… ან რა, იმავე ევროკავშირს არ გადაახია თავზე 2012 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება? ითხოვს ვინმე ამაზე პასუხს ან მოუთხოვია, ცალკეული წამოკნავლების გარდა, რაც უფრო საჯარო მოხმარებისაა, ვიდრე რუსეთთან ერთი-ერთზე ან კოლექტიურად დიალოგისას გაჟღერებული კატეგორიული პარადიგმა.
იცით, რეალურად, რა ხდება? საერთაშორისო თანამეგობრობას ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდება. ამითაც არის განპირობებული მათი მოწოდებები დიალოგისგენ. ამ დიალოგის პირობებში თუ გავისრისებით, ეს ჩვენი „არჩევანი“ იქნება. მთავარია, ცხელი ომი არ იყოს, რომელსაც განვრცობა და რეგიონული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეეძლება. ბოლოს და ბოლოს, ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნავენ. ეს არის მოცემულობა და ამ ვითარებაში თუ რამით შეძლებენ ჩვენ დახმარებას, ხომ კარგი, თუ არადა _ დიალოგის მოწოდება ხომ ჰქონდათ. კონდოლიზა რაისის არ იყოს, _ ვაფრთხილებდიო. ჩვენ კი არ უნდა გავეფრთხილებინეთ, კრემლში უნდა ებაკუნებინა თავისი წვრილი ქუსლები ხმამაღლა. მაგრამ წარსული წარსულია.
ბარემ ერთიც _ რუსეთი არასოდეს უწევს ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც მასაც და სხვა წევრებსაც თანაბარი ხმა აქვთ. თუ სხვებს ჰყავთ მომხრეები იქ, ჰყავს რუსეთსაც. იგი მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს. სხვა ყველაფერი აბსურდია. მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ფასი-ღირებულება იმ ქაღალდის ფასს არ აღემატება, რომელზედაც ეს ხელმოწერა დაისვა. ეს მაინც ხომ ძალიან ცნობილი მოსაზრებაა, უფრო ფაქტი, რომელიც არაერთხელ გამოსცადა დრომ.

***
„ლავროვი ის კაცია, რომელსაც ომში დაღუპულთა მემორიალთან ქედის მოხრა უჭირს“, _ ვწერდი, ჯერ კიდევ, 2005 წელს, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში გმირთა მემორიალის მონახულებაზე და გვირგვინით შემკობაზე უარი განაცხადა. მაშინ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი იყო და უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ვიზიტის ფორმატი სასწრაფოდ შეიცვალა _ ოფიციალურ ვიზიტს საქმიანი დაერქვა. დიპლომატიაში ასეთი რამ იშვიათად ხდება, თუმცა ქართული მხარის პასუხი აბსოლუტურად ადეკვატური გახლდათ.
(სამწუხაროდ, ეს სტატია, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, ახლა ინტერნეტში არ დევს, თუმცა google-ს საძიებო სისტემაში იძებნება სიტყვებით: „ლავროვი ის კაცია, რომელსაც ომში დაღუპულთა მემორიალთან ქედის მოხრა უჭირს“…)
რატომ ვამახვილებ ყურადღებას ამ ფაქტზე? ერთი ის, რომ ლავროვი ანალოგიურად არანაირად არ მოიქცეოდა და არც არასოდეს მოქცეულა, სომხეთში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის მონახულებისას. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია მეორე _ „მსოფლიო დონის დიპლომატმა“, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც წინ ედო რუსული მზაკვრობის არაერთი მაგალითი, რატომ ვერ განჭვრიტა, ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთმა საკუთარი თავი მოწყალე იმპერატორის, ხოლო საქართველო მუხლზე დავარდნილი მავედრებლის პოზაში რომ ჩააყენა?
მეტად მნიშვნელოვანი კითხვა საქართველოს მთავრობას და საგარეო საქმეთა მინისტრს: რა წვლილი აქვს შეტანილი ამ შეხვედრის ორგანიზებაში, მის ინიცირებაში, იმავე საერთაშორისო პარტნიორების განწყობების მოსამზადებლად, საქართველოს ხელისუფლების დასარწმუნებლად შეხვედრის აუცილებლობაში, თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილს? კითხვა არ არის რიტორიკული, ხოლო მთავრობა და საგარეო უწყება ვალდებულიც გახლავთ, მასზე ამომწურავი პასუხი გაგვცეს.

***
და ისევ დიალოგის აუცილებლობას დავუბრუნდეთ. დაპირისპირებული მხარეები ცხელი ომის დროს აწარმოებენ დიალოგს-მოლაპარაკებებს. ამ მოწოდებაში არაფერია მიუღებელი. თან ისიც ვაღიაროთ, რომ ჩვენ ამჟამად ძალიან არასახარბიელო ვითარებაში ვართ. ზემოთ ნათქვამსაც გავიმეორებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩვენს პარტნიორებსაც არაფერში სჭირდებათ სამხედრო დაპირისპირება, სადაც გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ არის ცნობილი. მით უფრო, რომ მშვიდობის პირობებში ისინი ვერანაირად ახერხებენ, თუნდაც, 2008 წლის სტატუს-კვოს აღდგენას.
მაგრამ როდესაც ასეთ მოლაპარაკებებს იწყებ და თან იმ პირობებში, როდესაც არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, შეხვედრა მინიმალური წარმატებით უნდა დაასრულო. მეორე _ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიდრე დაჯდები, ხელში რამე სახის ხელმოსაჭიდი კოზირი უნდა გქონდეს, თუ მოწინააღმდეგესთან, მინიმუმ, თანაბარ პირობებში არ ხარ. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი შეხვედრა, რაოდენ კარგი განზრახვაც არ უნდა გქონდეს, დამაზიანებელია.
ახლა რამდენიმე არგუმენტი: 1. დავუშვათ, რომ ეს შეხვედრა მოითხოვა ქართულმა მხარემ და აქ ვაღიაროთ _ უმძიმეს ვითარებაში ვართ. ეს, მინიმუმ, სჭირდებათ საერთაშორისო პარტნიორებს, თუნდაც იმისთვის, რომ დარწმუნდნენ _ საქართველო ესკალაციის ასარიდებლად ყველაფერს აკეთებს და თავადაც ერთგვარი კომფორტი იგრძნონ; 2. ლავროვის განცხადება გათვლილია საკუთარ და ქართველ ობივატელზე იმიტომ, რომ მას საკუთარი კონიუნქტურული, სახელმწიფოებრივი და დერჟავნიკული მიზნები აქვს. ცალკეული ექსპერტი ამ განცხადების საერთაშორისო ზიანზეც საუბრობს და მათაც უნდა დავეთანხმოთ. მაგრამ იქ თუ ეს უცებ დაავიწყდებათ, აქ ჩვენთან დიდი ხანი იქნება აქტუალური; 3. ლავროვი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ თავად, ანუ რუსეთი არის „დერჟავა“ და მას ემუდარებიან, ეხვეწებიან. ანუ აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძლევამოსილების დემონსტრირებას და ამ ტექსტების, თუ ჩვენი ყური არ არის მიჩვეული, დასავლეთში გადასარევად ესმით; 4. ახლა რატომ დასთანხმდა ქართული მხარის „თხოვნას“ რუსეთი, მას ხომ ჰყოფნის თავხედობა, აკეთოს ის, რაც სურს და როგორც სურს? იმიტომ ხომ არა, რომ მას საერთაშორისო ბენეფიტები და იმიჯის დამატებითი შტრიხები სჭირდება? 5. დაუჯერებელია, რომ არ ახსენეს ბორდერიზაციის საკითხი. მჯერა, რომ ამ თემაზე ლავროვი კომენტარს არ გააკეთებს. ეს დამაკნინებელია დერჟავისთვის და მისი მოსახლეობისთვის _ თუნდაც, „როგორ გაგვიბედეს“, კონტექსტში. ამიტომ აქ ზალკალიანის უფრო მჯერა. ლავროვი კი არ იტყუება, უბრალოდ, არ ამბობს, არ აწყობს ამის თქმა; 6. საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა გაუკვირდეს მოსახლეობის და დაინტერესებული პირების (ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს) სკეპტიციზმი (ოპტიმისტების, ანუ რუსეთუმეების მესმის), რადგან არგაღიზიანების პოლიტიკის გარდა ხელისუფლებისგან ამ ხნის განმავლობაში არაფერი ისმის; 7. არის თუ არა საჭირო კონტაქტები? დიახ! მაგრამ ასეთი დონის შეხვედრებს, სავარაუდოდ, უფრო კულუარული დიპლომატია სჯობს, მკვეთრი დღის წესრიგით. ამ დღის წესრიგის შემუშავებას კი ვერც ცალკე აღებული პრემიერი და ვერც საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ შეძლებენ. ამას სჭირდება ყველა, უკლებლივ ყველა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, თემაზე მომუშავე ყველა დიპლომატისა და რამდენიმე გონიერი ექსპერტის ერთ ოთახში გამოკეტვა და, მინიმუმ, ორი-სამი გეგმის დადება, რომელსაც მემკვიდრეობითობის პრინციპი ექნება ყველა ხელისუფლებისთვის, სათანადო კორექტირებების შესაძლებლობებით; 8. პოლიტიკაში არსებობს „შესაძლებლობა“. ახლა იმაზე საუბარი, გუშინ რა შეცდომები დაუშვეს, უაზრობაა. გუშინდელის ანალიზის, დეღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს ხვალინდელი დღის წესრიგი; 9. დღეს ქილიკი ხელისუფლების წინააღმდეგ არ მიმაჩნია სწორად. აქ კრიტიკას არ ვგულისხმობ. კრიტიკა და თან არგუმენტირებული, არ უნდა მოვაკლოთ, თორემ ქილიკზე არც მათ გაუჭირდებათ პასუხი _ ეხერხებათ და თემა წააგებს ამით. მეტიც: ამით სახელმწიფოს ვაკნინებთ და ესეც უნდა გავიაზროთ; 10. პოლიტიკა არის რეალობა, პოლიტიკა ყოველთვის არის მკაცრი და დაუნდობელი, პოლიტიკა ბუდუარებშიც კი კეთდება, მაგრამ „კუხნაში“ _ არა!

***
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევხედოთ მოვლენას: ხელისუფლება ჯიუტად ამბობს, რომ მას თითქოს ვინმე შეხვედრის ფაქტს ედავება. ეს სულაც არ არის ასე. ვგონებთ, თავადაც ხვდებიან და უყრუებენ მოცემულობას და თუ ვერ ხვდებიან, კიდევ უარესი მათთვის.
პოლიტილოგი გია ნოდია აცხადებს: იმაში არაა პრობლემა, რომ ქვეყნის საგარეო მინისტრი თუნდაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. შეიძლება, საჭიროა და ხვდება, ამისთვისაა დიპლომატია. მაგრამ ეს ზოგადად. კონკრეტულად, ახლა რატომ შეხვდა? რატომ დადგა ახლა ამის აუცილებლობა? რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა შეხვედრას? თერთმეტი წელი რომ არ ყოფილა შეხვედრა მინისტრების დონეზე, ახლა რა შეიცვალა?
„პრობლემა ის არის, რომ როცა რუსეთთან ურთიერთობას ეხება საქმე (სხვა საკითხებშიც, ცხადია, მაგრამ ახლა ამაზე ვლაპარაკობთ), მთავრობა ნდობას არ იმსახურებს. როგორ ესმის მას საქართველოს ეროვნული ინტერესი და როგორ იცავს მას? ზოგადი შთაბეჭდილება ამ შეხვედრიდან ისეთია, რომ საქართველო რუსეთის წნეხს დაექვემდებარა და დათმობაზე წავიდა. თვისთავად შეხვედრის ფაქტიც დათმობაა და შეხვედრაზე კიდევ რაზე შეთანხმდნენ, ღმერთმა იცის.
ამ შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ შეიძლება ფრენებზე ემბარგო მოიხსნას. რატომ თქვა ახლა? ე. ი. ეს სავაჭრო თემა იყო? რას მოითხოვს სანაცვლოდ? თუ ეს სავაჭრო თემა იყო, მაშინ ეს უდიდესი შეცდომაა _ ასეთი ემბარგოს გამო არაფერი არ უნდა დათმო. საერთოდ, ყურადღება არ უნდა მიაქციო. ასე შთაბეჭდილებას ქმნი, რომ ადვილია, საქართველოს რაღაცები დაათმობინო: დაგიწესებენ რამე ემბარგოს, რაღაცას დათმობ, მოგიხსნიან, ისევ დაგიწესებენ და ა. შ.
ქართული მხრიდან ვინც ამართლებს ამ შეხვედრას, ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზზე დაძაბულობა შენელდება. როგორ, რატომ? რამე კონკრეტული დანაპირები იყო? აბაშიძე და კარასინი რომ ხვდებოდნენ, არ მიდიოდა ბორდერიზაცია მშვენივრად?
ვიმეორებ, თეორიულად ვერ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრა საჭირო ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება გაცილებით მეტ საფუძველს გვაძლევს, მის ასეთ ნაბიჯებს დიდი ეჭვის თვალით შევხედოთ.
საერთაშორისო თამეგობრობა კი მიესალმება _ ეგ ყველანაირ დიალოგს ყოველთვის ესალმება. ეს არაფერს ნიშნავს“, _ აღნიშნავს გია ნოდია.
ძალიან ნიშანდობლივია ისტორიკოსის და ჟურნალისტის, დავით გამცემლიძის მიერ გაკეთებული შეფასება გაეროს გენასამბლეის ფარგლებში სერგეი ლავროვის შემაჯამებელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით.
გამცემლიძე აცხადებს, რომ რაკი დიპლომატიაში „ველოსიპედის გამოგონება“ ყველაზე ძნელია, არავითარ შემთხვევაში (არავითარ შემთხვევაში!!!) არ შეიძლება, დამარცხებული, დაპყრობილი, ოკუპირებული, დამცირებული ქვეყნის ხელისუფლება დამპყრობს და ოკუპანტს ხვდებოდეს მხოლოდ შეხვედრისთვის. ანუ „შეხვედრა-შეხვედრისთვის“, _ აცხადებს გამცემლიძე.
მისივე თქმით, მთვარი ის კი არ არის, თუ ვინ იყო ინიციატორი, მთავარია, რაც უთხრა ლავროვმა მსოფლიოს.
„მთავარი ის კი არ არის, რაც თქვა, თუ ვინ იყო ინიციატორი. რასაკვირველია, საქართველო იყო. მაგრამ არსებითი სხვაა: ლავროვმა მთელ მსოფლიოს უთხრა: „საქართველო გვეხვეწება რაღაცას და ამ ხვეწნას დავაკმაყოფილებთ თუ არა, მხოლოდ ჩვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ეს კეთილი ნება კი იმაზე, საქართველო როგორ მოიქცევა. ანუ ის კი არა, რომ იგი რამეს ითხოვს საქართველოსგან. ლავროვმა შესანიშნავად იცის, რომ აზრი არ აქვს ან ნატოს, ან ნეიტრალიტეტის, ან დიპლომატიური ურთიერთობების საკითხის დაყენებას (არ დაიჯეროთ ზღაპრები) „ოცნების“ ხელისუფლების წინაშე, რადგან ამ ნაბიჯებს „ოცნება“ არ/ვერ გადადგამს. მისი მიზანი სხვაა, რასაც მიაღწია ამ შეხვედრით (ვიმეორებ): „საქართველოა მთხოვნელი/მახვეწარი, ხოლო რუსეთი _ დინჯად ფიქრობს, მოიღოს მოწყალება თუ არა“. აი, ამგვარი „დისპოზიცია“ კი მთელი მსოფლიოსთვის იმის მანიშნებელია, რომ თუ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები არ გვარდება, არ გვარდება მხოლოდ იმიტომ, რომ… საქართველო არასაკმარისად „ეხვეწება“, _ აცხადებს დათო გამცემლიძე.
გამცემლიძე მსჯელობაში უფრო შორს მიდის და აქ, ფაქტობრივად, ემთხვევა მისი და ჩემი ზემოთ აღნიშნული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს შეხვედრა რუსეთს სჭირდებოდა, იქნებ საქართველოზე მეტადაც:
„დიპლომატიურ მასტოდონტ ლავროვს შედეგი კი არ აინტერესებდა, არამედ ფაქტი შეხვედრისა და მეტი არაფერი! ასეთ დროს შეხვედრის „ფაქტი“ მუდამ „ძლიერის“ სასარგებლოდ მუშაობს და არა „სუსტისა“ და ოკუპირებულის. „შეხვედრა-შეხვედრისთვის“ ჩვენს მდგომარეობაში, არის კატასტროფა! შეხვედრას აზრი ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე არსებითი ხელშესახები შედეგი მაინც „დაიდებოდა“ (მაშინვე). და რაკი ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, ამგვარი შეხვედრა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემდგარიყო იმის გათვალისწინებითაც კი (ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ), რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დიდი ხანია „აფუშინგებენ“ ხელისუფლებას, მათი ტერმინილოგიით „გააძლიეროს დიალოგი“ ანუ მათივე ტერმინოლოგიით, „ინგეიჯმენტი“ რუსეთთან. კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ უნდა შეგეძლოს იმათი „დაპაშოლებაც“, როცა აუცილებელი და გარდაუვალია.
ჯერჯერობით კი „შეხვედრამ შეხვედრისთვის“ პრობლემა შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე (საერთაშორისო „მხრების აჩეჩვის“ პოზა გააძლიერა: „აბა, საქართველო თვითონ წასულა „კანოსას“ და…“) და ხელისუფლებას შეუქმნა პრობლემა ქვეყნის შიგნითაც _ მისცა ლეგიტიმური „სათქმელი“ ოპოზიციას“, _ აცხადებს დათო გამცემლიძე.
ასევე საყურადღებოა მისი პოზიცია შეხვედრის კონფიდენციალურ ნაწილთან, ანუ იმაზე, რასაც „ვერასოდეს გავიგებთ“, უფრო თუ დავკონკრედტდები, _ იმაზე, რაზეც ისაუბრეს და მალავენ.
ამასთან დაკავშირებით გამცემლიძე აცხადებს: რაც შეეხება „კონსპიროლოგიას“, თითქოს „რაღაცაზე საიდუმლოდ მოილაპარაკეს“ – „არ დაიჯეროთ, არაფერზეც არ მოულაპარაკიათ! მოსკოვს ამ ისტორიაში, ამ ეტაპზე(!), სჭირდებოდა მხოლოდ თვით შეხვედრის ფაქტი _ მეტი არაფერი. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ბევრად გულწრფელი(ჰმ!) იყო, როცა ყვებოდა საუბრის შინაარსს, ვიდრე „სეროჟა“ (სერგეი ლავროვი, _ ავტ.)

***
რაც მოხდა, მოხდა. ეს ქართული დიპლომატიისთვის ნამდვილად არ არის წარმატებული ნაბიჯი. მაგრამ ახლა საინტერესოა შემდეგი: სერგეი ლარვოვი, რომელიც მსოფლიო დიპლომატიის უმაღლეს ლიგაშია, ვგონებ, ერთადერთია მომქმედ საგარეო მინისტრებს შორის პოსტზე ყოფნის ხანგრძლივობით. იგი მსოფლიო დიპლომატიის ვეშაპია _ უდიდესი გამოცდილებით, სიცბიერით, ჭკუა-გონებით და მასთან შეხვედრა, მოლაპარაკებები წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს უჭირთ. მოწინააღმდეგეს თუ არ იცნობ, არ გაქვს შესწავლილი მისი ძლიერი მხარეები, უეჭველი ფიასკოს განიცდი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნით გაიმართა საქართველოსა და რუსეთის მინისტრების (არ ვასახელებ შეგნებულად) ტექნიკური შეხვედრა. იქვე შეთანხმდა, რომ შეხვედრა იქნებოდა კონფიდენციალური და რუსებმა ის მეორე დღეს გაახმოვანეს, როგორც საქართველოს ინიციატივა. ამის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე დაისვა კითხვა, _ რატომ მოხდა ასე და რატომ დაირღვა პირობა? პასუხი: ამათსას რას გაიგებ… ჩემგან დავძენ, რომ უფრო ნათლად დიდი ხნის წინ ითქვა: „Умом Россию не понять“.
ხელისუფლებას, რომელსაც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებების გამოცდილება და პრაქტიკა არ გააჩნია და საგარეო მინისტრებს, პრემიერებს, პრეზიდენტებს კვარტალში ერთხელ ხვდება (კლერკებს არ ვგულისხმობ) და ეგრევე ვეშაპთან რომ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ცოტაზე მეტი ხომ უნდა იფიქროს შედეგებზე? ლავროვთან საუბარს პუტინთან საუბარი სჯობს. წაიკითხეთ მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების, დიპლომატების, ლიდერების მემუარები, მოგონებები, ანალიზი.
ზემოთ აღნიშნული შემთხვევა რომ გაეთვალისწინებინათ, მინისტრი ზალკალიანი იტყოდა: დიახ, ჩვენი მოთხოვნით(!) გაიმართა შეხვედრა. ჩვენ შევეხეთ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის მიუღებლობას და აღინიშნა ესკალაციის პროცესის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობა. შევეხეთ სხვა აქტუალურ თემებს და რეგიონულ საკითხებს (მოკლედ, ამ შინაარსს ყველა მიიღებდა). ახლა რა გამოდის? ზუსტად ის, რომ შეხვედრის ორმხრივი სურვილი (ამის გარეშე ლავროვი-რუსეთი არ დასთანხმდებოდა) ქართული მხარის, ლამის, მუხლზე დავარდნილის, მუდარად გასაღდა. ჰოდა, იმის თქმა მინდა, თუ ამ შეხვედრიდან ხელისუფლება რამე პიზიტიურს ელოდა, ისიც წყალში ჩაყარა.

***
დიახ, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდები, ხელში რაღაც უნდა გქონდეს _ რაღაც არგუმენტი ან ძალა. ამ ვითარებაში არ დავიღლები და კვლავ გავიმეორებ: დაიწყეთ პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციასთან, საექსპერტო წრეებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის პოლიტიკაზე, რომლის ცალკეულ დეტალებზე ადრე ვწერდი. ამის შემდეგ ნახავთ, ვინ გახდება მოლაპარაკებების ინიციატორი და როგორ შეიცვლება დამოკიდებულებები. ნახავთ, როგორ მოიქცევიან საერთაშორისო პარტნიორები და იმასაც, რამდენად მომხიბვლელი გავხდებით ამ პარტნირებისთვის. სუსტს არავინ უწევს ანგარიშს, მით უფრო რუსეთის კონტექსტში, რომელსაც ანგარიშს ზეძლიერებიც უწევენ. გაითვალისწინეთ, რუსეთთან საუბარს, მინიმუმ, პოლიტიკური კონსენსუსი და ზურგი სჭირდება.

***
დაბოლოს, ხშირად მესმის, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. არა! ეს ბრიყვული მსჯელობაა. საბჭოთა კავშირის პიროებში რუსი მოქალაქე სულაც არ გახლდათ ძლევამოსილი. აბა, დააკვირდით ქართველი მატრაბაზების მსჯელობას 37 მანეთიან თვითმფრინავის ბილეთზე და როგორ ატრიალებდნენ მოსკოვს საკუთარ ჭკუაზე, თვით ის კუანა (დიდი ბოდიში, _ ავტ.) ქართველები, უბანსა და მეზობლებში რომ თავაწეული ვერ დადიოდნენ. იმ სიგლახესაც გაგახსენებთ, ზოგს რომ ვაჟკაცობა ჰგონია _ თურმე, როგორ ათრობდნენ რუს მასპინძელს და მერე მათ ცოლებს უბახებდნენ. თქვენ რა, ფიქრობთ, რომ პუტინი ამ რუსეთის რეანიმირებას ცდილობს? გაიხედეთ გარეთ, დააკვირდით, მინიმუმ, საშუალო დონის რუს ტურისტებს და მიხვდებით… ჰო, 7 და 8 აგვისტოს რომ რუსული დროშებით ღრეობენ აქ, ეგ კიდევ არაფერი. ახლა საშინელი რამე მინდა დავწერო იმათ მიმართ, რომლებიც ვაჟკაცობას და სიგლახეს, ბაქიბუქობას ერთმანეთისგან ვერ არჩევენ, მათ დღევანდელ შესაძლო არჩევანზე, უკვე ასაკოვან ოჯახის წევრებზე თუ გნებავთ ახალგაზრდებზე, მაგრამ თავს შევიკავებ… უმჯობესია, ყველა თავად მიხვდეს, რომელი რუსეთის რეანიმირებას აპირებს პუტინი და მას, მერწმუნეთ, სულ არაფერში სჭირდება მხარზე წამოკიდებული და საკვები, სარჩენი საქართველო, როგორც ეს ბევრს ჰგონია და ფიქრობს. ამას ქვედა დონეზეც თუ გაიაზრებენ ჩვენი თანამოქალაქეები, ძალიან კარგი _ ცხადია, ზემოთ ძალიან ცუდად და ძნელად ესმით არსებული რეალობა. ჰო, განა, მართლა ტარხუნის, წიწმატის, მანდარინის, ხინკალ-ხაჭაპურის, ღვინის, შავი ზღვის პლაჟების ნოსტალგია კლავთ რუსეთში… ეჰ…

***
კიდევ საჭიროა იმის განმარტება, ვის უფრო სჭირდებოდა ნიუ-იორკის შეხვედრა? ან ის, თუ რა უნდა რუსეთს? ან იმის ახსნა, რატომ არ შეიძლება არათანაბარ მდგომარეობაში ყოფნისას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა?

გოჩა მირცხულავა

 

დატოვეთ კომენტარი