გოგიტა დალაქიშვილი: „სოსო გოგაშვილს დავალება არ შევუსრულე და ჩემზე შური იძია“

სამოქალაქო აქტივისტ გოგიტა დალაქიშვილს სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოყვანაში. „ოცნებამ“ მას ამაგი „დაუფასა“ და იმის ნაცვლად, რომ კორუმპირებული ჩინოსნის მხილებისთვის მადლობა ეთქვათ, ციხეში გაამწესეს, თანაც პროკურატურისთვის ფულის გამოძალვა დააბრალეს. „ოცნებასთან“ სერიოზულად მაშინ გაუფუჭდა ურთიერთობა, როცა უარი თქვა, ირაკლი ალასანიასთვის პროვოკაციები მოეწყო.
მერე პანკისში ჩატარებულ სისხლიან ოპერაციას აპროტესტებდა, რითაც საბოლოოდ გადაიკიდა სუსი და კონკრეტულად _ სოსო გოგაშვილი. აღსანიშნავია, რომ პროკურორი, ვისაც დალაქიშვილმა ჩინოსნის მამხილებელი ფირი მიუტანა, სუსის ზედამხედველი პროკურორი ეჟაშვილი აღმოჩნდა.

ვინ იყო დაინტერესებული მისი დაკავებით? ვინ სძალავდა ბიზნესმენს ფულს? რატომ გაწირეს ყოფილმა თანამებრძოლებმა იგი? რატომ არ სჯერა „ოცნებიდან“ განდგომილების გულწრფელობის? რატომ ფიქრობს, რომ „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დაკავებულები მალე გარეთ გამოვლენ? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, გოგიტა დალაქიშვილი:

_ „გავრილოვის ღამის“ დროს უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე დაკავებული სამივე სამართალდამცველი თავისუფალია. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში თქვენ დაწერეთ, რომ მალე პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებენ. მხედველობაში გყავდათ აქციის მონაწილეები. რამე კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, თუ ეს მხოლოდ ვარაუდია?
_ ამ ადამიანების ციხეში დატოვება უკვე შეუძლებელია. ხელისუფლება მათ აუცილებლად გამოუშვებს და არა იმიტომ, რომ ეს უნდათ, არამედ იძულებულები არიან. საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა სულ უფრო მატულობს,
„ქართული ოცნება“ თუ გაჯიუტდა და გავრილოვის პატიმრები არ გამოუშვა, მაშინ ეს მათთვის ფატალური შედეგის მომტანი გახდება. ამ საქმეზე დაკავებული პოლიციელების გამოშვება ნიშნავს, რომ საზოგადოებას ალიყური გაარტყეს და ხელახლა დასთხარეს თვალები. თუნდაც ამის გასანეიტრალებლად უნდა გამოუშვან გავრილოვის პატიმრები, თანაც უკლებლივ.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველა ის მანკიერი თვისება გადმოიღო, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. ის ხალხი, ვინც „ნაციონალების“ დროს ცუდ საქმეებს აკეთებდა, ამ ხელისუფლებამ ზოგი პარლამენტში დასვა, ზოგი _ პოლიციაში და ზოგიც _ სუსში.
ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ ძალადობით შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ნებისმიერი ძალადობა ამ ქვეყანაში მარცხით მთავრდება, ესენიც დამარცხდებიან.
_ დაკავებულებზე ვსაუბრობთ და თქვენს დაკავებაზეც მოგვიყევით. თქვენ იყავით ადამიანი, რომელიც აქტიურად იბრძოდა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ. „ოცნების“ მოყვანაშიც შეიტანეთ წვლილი, რომელმაც თქვენ ციხეში გაგიშვათ. თქვენ დაკავებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. რა მოხდა სინამდვილეში?
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოყვანაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი. ძალიან ვაქტიურობდი. მინდოდა, რომ ქვეყანაში რაღაც შეცვლილიყო და უკეთესობისკენ წასულიყო საქმე.
ჩემს დაკავებას რაც შეეხება, მიზეზი მარტივია _ ხელისუფლების მიმართ ღიად დავაფიქსირე კრიტიკული აზრი. პროტესტი გამოვთქვი, როცა პანკისში სისხლიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს და ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. პანკისში სპეცოპერაციის ჩატარება უკავშირდებოდა თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებულ ფარჩაკ ოპერაციას. ამ სისტემაში ნამუშევარი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ.
ამ ოპერაციებთან დაკავშირებით ბლოგებს ვაკეთებდი, სუსის მაღალჩინოსნებს არაპროფესიონალიზმში ვამხელდი.
ხელისუფლებას სხვა რამეებზეც ვაკრიტიკებდი. არასდროს ვერიდებოდი ჩემი პოზიციის ღიად დაფიქსირებას. მოთმინების ფიალა ხელისუფლებას ერთი ფირის გამო გადაევსო და მაშინ გადაწყდა ჩემი დაკავებაც.
მომიტანეს ფირი, რომელზეც ასახულია ხელისუფლების მაღალჩინოსანი. ის დღესაც მაღალ თანამდებობაზეა, გვარს ჯერ არ ვამბობ, მაგრამ ამის დროც მოვა. ამ ჩანაწერიდან კარგად ჩანს, თუ როგორ „ეთანამშრომლება“ ეს მაღალჩინოსანი ერთ-ერთ ბიზნესმენს.
_ „თანამშრომლობაში“ რას გულისხმობთ?
_ ჩანაწერში ჩანს, როგორ სთავაზობს „დაკრიშვას“ და ამის სანაცვლოდ რაღაცის მიღებას ითხოვს. ასეთი საუბარი თანამდებობის პირისთვის, მინიმუმ, აკრძალულია და, მაქსიმუმ, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
როდესაც ჩანაწერი ვნახე, გადავწყვიტე, ის პროკურატურაში წამეღო. ჩავთვალე, რომ ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოს უნდა სცოდნოდა და მოკვლევა დაეწყოთ. პროკურატურაში ამ ფირის მიტანის გამო მადლობა მითხრეს.
როცა ფირი კარგად შეისწავლეს და ნახეს, თუ ვინ ფიგურირებდა ჩანაწერში, მიხვდნენ, რომ საქმეს ვერ აღძრავდნენ. მაღალჩინოსნის დაკავებაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი.
ფირის მიტანიდან 2-3 დღეში პროკურორის ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ძმა მოვა შენთან და დაელაპარაკეო.
შევხვდი პროკურორის ძმას და მან ასეთი საუბარი დამიწყო: შეგიძლიათ, ის პირი დაასახელოთ, ვინც ეს ფირი მოგაწოდათ, ჩვენ შეგვიძლია ოპერატიული სალაროდან ფული ავიღოთ და წავახალისოთ ის.
_ რა მიზნით უპირებდნენ წახალისებას?
_ როგორც პროკურორის ძმამ მითხრა, მიზანი ის იყო, რომ იმ ადამიანს მომავალშიც ეთანამშრომლა მათთან. მაშინვე მივხვდი, რაზეც იყო საუბარი _ უნდოდათ, რომ ინფორმატორის ვინაობა დამესახელებინა.
მე ვუთხრი, რომ ის ადამიანი არანაირ თანხას არ აიღებდა და თანხის შეთავაზებასაც კი შეურაცხყოფად მიიღებდა. მისი ვინაობის დასახელებაზეც უარი ვთქვი.
ჩვენი საუბარი ჩაიწერეს. მოგვიანებით მოხდა ამ საუბრის ფაბრიკაცია და ისეთი ბრალი წამიყენეს, თითქოს პროკურატურის შენობაში მივედი და პროკურატურას ფულის გამოძალვა დავუწყე.
ახლა მითხარით, რომელი ჭკუათმყოფელი მივა პროკურატურასთან ან პოლიციასთან და მათთვის ფულის გამოძალვას დაიწყებს?
ბრალი წამიყენეს, რომ თითქოს საგამოძიებო უწყებაში ანგარებით მივიტანე ფირი და ეს ინფორმაცია უკანონოდ მოპოვებული იყო.
პროკურატურას შეიძლება სულაც არ უნდოდა ჩემი დაკავება, მაგრამ მათ ასეთი დავალება მიიღეს.
_ ვისგან მიიღეს დავალება?
_ უსაფრთხოების სამსახურში იყო ასეთი ვინმე, სოსო გოგაშვილი, რომელიც ჩემს დაკავებას ითხოვდა. მოვა დრო და ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს. ჩემთვის ცნობილია, რომ ჩემზე თვალთვალს გოგაშვილი კურირებდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პროკურორი, ვისაც ეს მასალა ჩავაბარე და ვუთხარი, რომ აქ სისხლის სამართლის ნიშნებია და იმოქმედეთ-მეთქი, სუსის ზედამხედველი პროკურორი ყოფილა. მისი გვარია ეჟაშვილი.
როგორც კი ეს მასალა ნახა, სუსს დაუკავშირდა და უკვე გასაგებია, თუ რატომ ჩაერია ამ საქმეში გოგაშვილი.
_ თქვენზე თვალთვალი როდიდან დაიწყო?
_ ოპერატიული მასალებიდან, რომელიც ჩემს ადვოკატს გადასცეს, ჩანს, რომ დაკავებამდე სამი დღით ადრე დაიწყო თვალთვალი. მანამდე რაც ხორციელდებოდა, საქმეში ასახული არ არის, რადგან ეს უკანონოდ ხორციელდებოდა. ამ სამ დღეზე კი სასამართლომ გასცა ნებართვა.
დიდხანს მითვალთვალებდნენ, ჩემი ყველაფერი იშიფრებოდა. მოკლედ რომ ვთქვა, პრესინგში მამყოფებდნენ. ბოლოს ყელში რომ ამოუვედი, ადგნენ და დამიჭირეს. ერთი წელი მომახდევინეს და დღესაც პირობითი სასჯელის ქვეშ ვიმყოფები.
რაღაცებზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს, სამაგიეროდ პროკურატურას შეუძლია თავისუფლად მოქმედება. საგამოძიებო უწყებამ ძალიან კარგად იცის იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, რომელიც დანაშაულს სჩადის. თუ არ იმოქმედებენ, სხვა გააკეთებს ამას. მოვა დრო და ის ჩინოსანიც დაისჯება და ისინიც, ვინც მას ხელს აფარებენ.
_ დაკავებამდე და მის მერეც თქვენ ამბობდით, რომ სოსო გოგაშვილი რაღაც პროვოკაციების მოწყობასაც გთხოვდათ.
_ ეს დავალება გოგაშვილს არ შევუსრულე და მან ჩემზე შური იძია. შუამავლების მეშვეობით სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე აგენტ-პროვოკატორობას მთავაზობდა. კერძოდ, „რუსთავი 2-ის“ ოფისში უნდა მივსულიყავი და ნიკა გვარამია ჩამეწერა. ისე უნდა დამეხატა სურათი, თითქოს ის მე დავალებებს მაძლევდა. ეს ჩანაწერი სუსში უნდა მიმეტანა, ისინი კი საუბარს უკრაინულ ვიკილიქსზე ატვირთავდნენ.
ასეთი რაღაცის გაკეთებას რომ მთავაზობდნენ, ამის შესახებ ნიკა გვარამია გავაფრთხილე. სუსში გაიგეს, რომ „რუსთავი 2-ში“ ვიყავი მისული. ალბათ, ჩვენი საუბრის შესახებაც გაიგეს და ამ საქმეს შეეშვნენ. მიხვდნენ, რომ შეიძლებოდა, თავიანთ დაგებულ მახეში თავადვე გახლართულიყვნენ.
ამ საქმეს კი შეეშვნენ, მაგრამ გოგაშვილი მე არ შემეშვა. არ მაპატია, მისი დავალება რომ არ შევასრულე და დამსაჯა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დავალებით დამაკავეს.
_ გვარამიამდე სხვების წინააღმდეგაც გთხოვდნენ პროვოკაციების მოწყობას. თუ სწორად მახსოვს, ერთი ირაკლი ალასანია იყო. ეს ის დროა, როცა ის, ჯერ კიდევ, თავდაცვის მინისტრია.
_ ეს კახელების კლანის ამბავია. 2013-2014 წლებში ჰქონდა ასეთ ფაქტებს ადგილი. მაშინ ხშირად საუბრობდნენ, რომ ჯარისკაცები საკვებით იწამლებოდნენ და ამაზე ერთი ამბავი ტყდებოდა. ირაკლი ალასანიასთვის ამ თემაზე უნდა აგვეგორებინა სკანდალი. საკვების თემით უნდა შეგვექმნა დისკომფორტი მისთვის. ამაზე უარი ვთქვი.
_ მაგ დროიდან ხომ არ გაგიფუჭდათ „ოცნებასთან“ ურთიერთობა?
_ „ოცნებასთან“ პირველად მაშინ გამიფუჭდა ურთიერთობა, როცა კახელების კლანი ვამხილე. მკითხველს ალბათ ემახსოვრება, 2013 წელს შსს-მ საპოლიციო რეიდების მოწყობა რომ დაიწყო. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი.
ეს ამბავი მაშინვე გავაპროტესტე და საჯაროდ ვთქვი, რომ ეს არ იყო რეიდი, არამედ იყო ისეთი ოპერაცია, როგორსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში კვირაია ატარებდა. კვირაიას დროს სპეცოპერაციას ასე ერქვა: ბადე 1, ბადე 2 და ა. შ. ყველას აპატიმრებდნენ, ვინც ამ ბადეში მოყვებოდა.
2013 წელს ამის გაკეთებამ ის საშინელი წლები გამახსენა და პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. შსს-ში ჩამყაყებული სიტუაცია თუ არ შეიცვალა, ძველი კადრები არ გაუშვეს, ეს უწყება პოსტსაბჭოთა მილიციად დარჩება.
_ დღემდე პირობითი გაქვთ, მაგრამ ეს ხელს არ გიშლით, რომ პოლიტიკურად იაქტიუროთ.
_ ასე გაჩერება არ შემიძლია. 20 ივნისის შემდეგ სულ მიტინგებზე დავდიოდი. ჩემი სამოქალაქო პოზიცია ასეთია _ ვილაპარაკო სიმართლე და გავაკეთო ის, რაც ჩემი გასაკეთებელია.
მართალია, დამიჭირეს და დამსაჯეს, მაგრამ ვერ გამაჩუმეს, არც მომავალში გავჩუმდები. ამის სიამოვნებას არავის მივანიჭებ.
_ ის ხალხი, ვისთან ერთადაც „ნაციონალებს“ ებრძოდით, თქვენი დაკავების დროს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ისხდნენ. მათგან თუ გქონდათ რაიმე მხარდაჭერა?
_ არანაირი მხარდაჭერა! დღეს ეს ადამიანები უკვე თავად საუბრობენ უსამართლობაზე, მაგრამ როცა კომფორტის ზონაში იყვნენ, ვერაფერს ამჩნევდნენ, რაც მათ გარშემო ხდებოდა. მათ არც ჩემი დაკავება შეიმჩნიეს.
_ ახლა თუ გაქვთ მათთან რაიმე კონტაქტი?
_ არანაირი და არც მათი გულწრფელობის მჯერა. სიმართლისთვის მაშინ დაიწყეს ხმალამოღებულებმა სირბილი, რაც „ქართული ოცნებიდან“ გაუშვეს.
მოსამართლეების თემაზე რომ ახლა ერთი ამბავი აქვთ ატეხილი, ძალიან კარგად მახსოვს, იგივე საკითხზე როგორ ასხამდნენ თავზე ლაფს ანა დოლიძეს.
ვერ დავიჯერებ, რომ ეს ადამიანები გულწრფელები არიან. მათთვის ბიძინაც და „ოცნებაც“ მას შემდეგ გახდა ცუდი, რაც კომფორტის ზონა დატოვეს, უფრო სწორად დაატოვებინეს.
მე სამოქალაქო აქტივისტი ვარ და მათთან არაფერი აღარ მაკავშირებს. ჩემთვის ყოველგვარი უსამართლობა მიუღებელია და მას ყოველთვის გავაპროტესტებ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში.
ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას კარგი მომავალი არ აქვს. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ცვლილებები. შექმნილი ვითარებიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ _ უნდა მოხდეს პროდასავლური ძალების გაერთიანება. ამ ერთობაში ყველა ის ძალა უნდა შევიდეს, ვინც თავს პროდასავლურად მიიჩნევს.
ამ პარტიებმა ე. წ. ნაციონალების კომპლექსი უნდა დაძლიონ. პირადად მე ეს კომპლექსი დავძლიე. გვინდა თუ არა, მათ გარეშე ასეთი ერთობა ვერ შედგება.
დათო ბერძენიშვილმა თქვა, ასეთი რამე არც „ნაციონალების“ გარეშე გამოვა და არც მხოლოდ მათითო. მის პოზიციას სრულიად ვიზიარებ.
ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა და დროა, კოალიციური მთავრობა გვყავდეს.
ასეთ შემთხვევაში მთავრობაც მრავალფეროვანი გვეყოლება და _ პარლამენტიც, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მხოლოდ წაადგება.
ამას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ პროდასავლური ძალები გაერთიანდებიან. მხოლოდ ასე შეიძლება, რომ ერთი კაცის მმართველობა დავასრულოთ. დროა, ყველა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გავერთიანდეთ.
_ ყველაში მხოლოდ პროდასავლურ ძალებს გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა. დაქსაქსულობა შედეგს ვერ მოიტანს. პროდასავლურმა ძალებმა ერთობა უნდა შექმნან და ერთ ძალად გავიდნენ არჩევნებზე. ეს ერთობა აუცილებლად დაამარცხებს ამ მანკიერ ხელისუფლებას, რომელიც პირდაპირ რუსული ხელისუფლებაა და მას ქართულთან არანაირი კავშირი არ აქვს.
_ თქვენ წინა ხელისუფლებას ებრძოდით და ებრძვით მოქმედსაც. რომლის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო რთული იყო? „სისხლიანი 9 წელი“ არგუმენტად აღარ გამოდგება, ამათ „გავრილოვის ღამემ“ ძალიან ცუდი იარლიყი მიაწება.
_ შეიძლება, ისინი უფრო სასტიკები იყვნენ, მაგრამ მაშინ ის მაინც ვიცოდი, თუ ვინ იყო ჩემი მოწინააღმდეგე, რაც ბრძოლას ბევრად გიადვილებს.
„ქართული ოცნების“ შემთხვევაში კი სულ სხვაგვარად არის საქმე _ ვინ ვისი მოწინააღმდეგეა, ვინ ვის გადაურა, ვინ არის მტერი და ვინ _ მოყვარე ვერ გაიგებ. გაურკვევლობა ბრძოლას ართულებს.
ამას დავუმატოთ დიდი ფული, რომელიც „ოცნების“ ლიდერს აქვს. ამ დიდი ფულით შეუძლიათ ადამიანების მოსყიდვა.
როდესაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ფულით ხდება ხალხის მოსყიდვა, იქ ბრძოლა გაცილებით რთულია.
მორალურად არის ძნელი ბრძოლა, თორემ თავად ეს ხელისუფლება არაფერს წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ ოჩოფეხებზე დგას. ამათ ხელში მტერ-მოყვარეს ვერ არჩევ ერთმანეთისგან, ყოფილი მეგობრები შეიძლება მტრებად გექცნენ ამ დროს.
გაგახსენებთ, თუ როგორ კოლექტიურ ტაშს უკრავდა „ოცნება“ გიორგი კვირიკაშვილს, როცა ის პრემიერი იყო. როგორც კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მისი ლანძღვა ასევე კოლექტიურად დაიწყეს.
იგივე მოხდა ეკა ბესელიას შემთხვევაში. სანამ ბიძინასთან დაახლოებული პირი იყო, შესციცინებდნენ, როგორც კი მას დაშორდა, ეგრევე მორალურად დაუწყეს განადგურება.
აი, ესაა „ქართული ოცნების“ სახე. ეს ყველაზე ამაზრზენი სახეა, რაც კი შეიძლება გუნდს ჰქონდეს. მე პირადად მათ ხროვას ვეძახი, მაგრამ ისინი ხომ საკუთარ თავს გუნდს ეძახიან.
_ „ოცნებიდან“ ბოლო დროს აქტიურად მოდიან. ყველა მათგანი ამბობს, რომ ბრძოლას აგრძელებენ. თქვენი აზრით, შეძლებენ პოლიტიკური ამინდის შექმნას?
_ გამორიცხულია, რომ მათ დამოუკიდებლად ამინდი შექმნან. მათთვის ახლა ერთადერთი გამოსავლი არსებობს, ვინმეს უნდა მიეკედლონ. ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ, პოლიტიკურ პროცესებში იტივტივონ.
ვიმეორებ: დამოუკიდებლად მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და და საიდანაც მოვიდნენ პოლიტიკაში, ისევ იქ წავლენ.
_ „ოცნებაში“ დარჩენილებზეც მინდა გკითხოთ: ბევრ მათგანს, ალბათ, იცნობთ კიდევაც. თქვენი აზრით, ისინი დიდხანს შეძლებენ ერთ გუნდში ყოფნას?
_ იციან, რომ დაშლის უფლება არ აქვთ, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ჩამოიშლებიან, მაგრამ მათი ერთად ყოფნაც შეუძლებელია _ თანამდებობებს ვერ გაინაწილებენ. „ქართულ ოცნებაში“ ჩამოყალიბდა ე. წ. ელიტა. ყველაფერს ისინი წყვეტენ. დანარჩენს მათი კაპრიზების შესრულება უწევთ. ამით ისინი უკმაყოფილონი არიან. ვერ ვხვდები, რატომ არ აპროტესტებენ ამას და არ მოდიან. იმის გამო მაინც წამოვიდნენ, რომ მონის სახელი არ ატარონ.

შორენა მარსაგიშვილი