სანდრო ბრეგაძე: „თალაკვაძემ გავრილოვის სურათი კაბინეტში უნდა დაიკიდოს!

საქართველოს მრავლისმნახველ პარლამენტს უამრავი ჩხუბი უნახავს, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქალ კანონმდებელს მამაკაცი კოლეგა მიეჩექმოს. წინა კვირას ეს ტაბუ დაირღვა _ ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში გლიჯა. დეპუტატებისა და საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკა ბესელია სწორად მოიქცა. ბესელიას მარჯვენას უქებს „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძეც. მისი თქმით, ქალმა დეპუტატმა ზარდიაშვილს ე. წ. პადლეცი დამსახურებულად აარტყა.

რატომ უქებენ ეკა ბესელიას მარჯვენას? რა ბედი ელის ზარდიაშვილს და ე. წ. ახალი სახეების გუნდს? ვინ შეადგენს საარჩევნო სიას „ოცნებაში“? რით აშანტაჟებდა გიორგი კვირიკაშვილი „ოცნების“ ლიდერს? ვინ ისარგებლა გავრილოვის თბილისში ჩამოსვლით? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს სანდრო ბრეგაძე ესაუბრება:

_ თქვენ ხშირად ამბობდით, რომ, ადრე თუ გვიან, „ოცნების“ ძველ და ახალ სახეებს შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყებოდა. წარმოიდგენდით, რომ ისინი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდებოდნენ? გასულ კვირას „ძველმა“ ბესელიამ „ახალ“ ზარდიაშვილს გაულაწუნა.
_ ეს იმასთან შედარებით ჟურნალია, რაც წინ გველოდება. მე ის მიკვირს, ამ ორმა ფრთამ როგორ შეძლო უმრავლესობის შენარჩუნება. ისინი დასანახავად ვერ იტანენ ერთმანეთს. მოსამართლეების თემა „ქართულ ოცნებაში“ სერიოზულ განხეთქილებას შეიტანს. ამის გამო უკვე რამდენიმემ დატოვა „ოცნება“.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის ძველი შემადგენლობა მხარს არ დაუჭერს ამ მოსამართლეებს. ყველა თუ არა, ნაწილი მაინც წავა წინააღმდეგი.
არ დაგავიწყდეთ ის, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ცოტა მეტი დრო დარჩა და მალე საარჩევნო სიის ფორმირება დაიწყება. ასეთ დროს კი ყველა პარტიაში მატულობს დაძაბულობა.
საარჩევნო სიაში ვანო ზარდიაშვილსა და მის მეგობრებს არავინ აღარ ჩასვამს. ეს მათ მშვენივრად იციან, მაგრამ ბედთან შეგუება არ სურთ და იბრძვიან, რათა კვლავ იყვნენ საქართველოს პარლამენტში.
საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა ასევე უნდათ „ოცნების“ სხვადასხვა გუნდის წევრებს. მათ შორის განხეთქილება გარდაუვალია. ისეთი ამბები წავა, ბესელია-ზარდიაშვილის ჩხუბი მონაგონი იქნება.
_ ბესელია აღარ არის „ოცნების“ წევრი, ის იქიდან იანვარში წამოვიდა.
_ მერე რა! მას მმართველ გუნდში ბევრად მეტი მხარდამჭერი დარჩა, ვიდრე _ ვანო ზარდიაშვილს.
_ ეს მათ შორის მომხდარი ბოლო ინციდენტის შემდეგაც გამოჩნდა _ მეოცნებეთა დიდი ნაწილი ღიად უჭერდა მხარს ეკა ბესელიას.
_ სოფო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილისა და მამუკა მდინარაძის გარდა, ზარდიაშვილი არც არავინ დაიცვა. ეს უკანასკნელი ნაცემი დეპუტატის ნათესავია და იძულებული იყო, მხარდაჭერა გამოეხატა.
სიმართლე გითხრათ, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება, როცა დეპუტატები მამაკაც კოლეგას ქალისგან იცავენ.
რამდენადაც ვიცი, საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა, _ შენ გენაცვალე, ხელებში ეკაო, _ გაიძახოდა, როდესაც უყურებდა ზარდიაშვილის ცემის ფაქტს.
_ ასე თუ გაუხარდათ მისი ცემა, თავად ეცემათ, რაღა ქალს მიანდეს ამის გაკეთება?
_ მაგაზე ვერაფერს გეტყვით. ბესელიამ კოლეგების მხარდაჭერა იმით დაიმსახურა, რომ ის გამოცდილი ძველი ბიჭივით მოიქცა. მან ე. წ. პადლეცი აარტყა ვანო ზარდიაშვილს.
„პადლეცის“ არტყმა მამაკაცისთვის ყველაზე დამამცირებელი დარტყმაა. ცხვირ-პირში ხელუკუღმა გარტყმას ჯობია, ურო ჩაგარტყან თავში. ბესელიამ ბოლომდე დაამცირა კოლეგა და მას „პადლეცი“ აარტყა. „პადლეცი“ ნაძირალას ნიშნავს და ასე ნაძირალებს ურტყამენ ხოლმე.
ვანო ზარდიაშვილი ქალმა კოლეგამ ერთი დარტმით მორალურადაც გაანადგურა და პოლიტიკურადაც. იმედი მაქვს, ის და მისი გარემოცვა ახლა მაინც შეწყვეტენ ინტრიგების ხლართვას.
_ საქართველოს პარლამენტში ჩხუბი ახალი ამბავი არ არის. ისეთი ცემა-ტყეპა ყოფილა, სისხლიც კი დაღვრილა, მაგრამ მოჩხუბარი დეპუატატებისთვის მანდატის ჩამორთმევის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. ეკა ბესელიას კი ამის გაკეთებას სთხოვენ. ბესელია რომ კაცი ყოფილიყო და ქალი კოლეგა ეცემა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა უცნაურია ეს მოთხოვნა.
_ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. ამ ინიციატივით ზარდიაშვილის გარემოცვა გამოვიდა. ეს მათ არავაჟკაცურ ბუნებას უსვამს ხაზს. რას ნიშნავს, ჩხუბის გამო დეპუტატმა პარლამენტი დატოვოს? ასეთი რამე საქართველოს პარლამენტში არასდროს მომხდარა.
ასე თუ დგას საკითხი, მაშინ პარლამენტის მთელი შემადგენლობა გასაყრელია. საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბი ჩვეულებრივი ამბავია. და ეს მარტო საქართველოში არ ხდება. უკრაინის რადაში კვირა ისე არ გავა, ერთმანეთი არ დაასისხლიანონ.
ჩხუბი კარგი არ არის, მაგრამ ამის გამო დეპუტატს მანდატი არ უნდა დაატოვებინო. ვის გაუგია, ადამიანი პარლამენტიდან „პადლეცის“ არტყმის გამო გააგდო?! ასე ძალიან თუ უნდათ ბესელიას გაგდება, მაშინ კენჭისყრაზე დააყენონ ეს საკითხი და ნახავენ, რამდენი დაუჭერს მხარს მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას.
შემიძლია, ახლავე გითხრათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის 90% არ დაუჭერს მხარს ეკა ბესელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მხარს.
_ ამას არც მაშინ გააკეთებენ, თუ ამას ბიძინა ივანიშვილი მოითხოვს?
_ დარწმუნებული იყავით, რომ დეპუტატებს ივანიშვილი ამის გაკეთებას არ მოსთხოვს. მე არა მგონია, რომ ეკა ბესელია „ოცნების“ ლიდერისგან ძალიან შორს იყოს წასული. დარწმუნებული ვარ, მათ საკმაოდ კარგი და ახლო ურთიერთობა აქვთ.
„ოცნებიდან“ წასული ბესელიაა ივანიშვილის კაცი თუ „ოცნებაში“ დარჩენილი ზარდიაშვილი, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ამ კითხვას პასუხი გაზაფხულზე გაეცემა.
_ ამბობთ, მათ შორის კარგი ურთიერთობააო და თუ ასეა, რატომ გამოლანძღა ბესელიამ ივანიშვილი? აქამდე მის კრიტიკას ერიდებოდა, ზარდიაშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი „ოცნების“ ლიდერს ღიად დაუპირისპირდა.
_ მე ამ განცხადებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი და თქვენც და მკითხველსაც იგივეს გირჩევთ. გახსოვთ, ალბათ, რომ მე „აღორძინების“ წევრი ვიყავი. ისიც გახსოვთ, თუ რა მწვავე განცხადებებს აკეთებდა ეს პარტია შევარდნაძის მიმართ. მერე გაირკვა, რომ ისინი ერთად იყვნენ და ერთად აპირებდნენ ბრძოლას. ამის შესახებ გვიან გავიგე და „აღორძინება“ დავტოვე.
პოლიტიკაში ასეთი სპექტაკლები ხშირად იდგმება და ზოგჯერ დაპირისპირება სულაც არ ნიშნავს დაპირისპირებას.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ კონფლიქტში „ოცნება“ და ივანიშვილი ეკა ბესელიას მხარეს არიან.
დაპირისპირება, რომელიც დღეს მმართველ გუნდშია, მოსამართლეების გამო დაიწყო. ამ მოსამართლეების დიდი ნაწილი ყველა ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა იყო. მათი უმეტესობა ვანო ზარდიაშვილთან არის დაკავშირებული. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი და მოსამართლეების კურატორი იყო.
მოსამართლეების სია ძალიან დიდი დაპირისპირების დასაწყისია. ამ ადამიანების მოსამართლეებად ყოფნა, უბრალოდ, სირცხვილია. მათ ორ ბატს არ მივაბარებდი. მათ როგორ შეიძლება, ადამიანის ბედი გადაწყვიტონ?! ამას სერიოზული გაგრძელება მოყვება. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბესელიას ხელით ზარდიაშვილს „პადლეცი“ ბიძინა ივანიშვილმაც აარტყა და მას თავისი ადგილი მიუჩინა.
ჩვენ ისიც გვეგონა, რომ გიორგი კვირიკაშვილი „ოცნების“ ლიდერის კაცი იყო, მაგრამ გაირკვა, რომ ასე არ ყოფილა. კიდევ ბევრზე გავიგებთ, რომ ივანიშვილის კაცი არ ყოფილა.
მმართველ პარტიაში ისეთი პროცესები მიდის, რომ ამ პარტიას ძალიან ბევრი დატოვებს. აქამდეც წამოვიდოდნენ, მაგრამ არავის აწყობს საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა. არჩევნებამდე პარლამენტში ხელოვნურ უმრავლესობას შეინარჩუნებენ, მერე კი დიდი ამბები დაიწყება.
იმის გარანტიას გაძლევთ, რომ ზარდიაშვილი, მდინარაძე და ე. წ. ახალი სახეები „ოცნების“ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან. ამას თავადაც კარგად გრძნობენ და ამიტომაც იქცევიან ტყეში დაკარგული მხეცებივით.
ათასგვარ ინტრიგას ხლართავენ, რომ პარტიის ლიდერს გადაწყვეტილება შეაცვლევინონ, მაგრამ ამის შანსი ძალიან დაბალია. ივანიშვილმა იცის, რომ მისი პარტიის რეიტინგი ისედაც დაეცა და ზარდიაშვილის დროშით თუ გამოვა „ოცნება“, საერთოდ დაკარგავენ ხალხის მხარდაჭერას.
_ საარჩევნო სიის ფორმირება ახსენეთ და ამას, ალბათ, ისევ ივანიშვილი გააკეთებს.
_ რა თქმა უნდა. საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს. ამ სიაში სერიოზულად იქნება გათვალისწინებული პრემიერ გიორგი გახარიას ინტერესები. ასევე გაითვალისწინებენ კახა კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესებსაც.
ვისი ინტერესიც არ უნდა ოყოს ამ სიის შედგენისას, იქ ზარდიაშვილი ვეღარ მოხვდება, რადგან ივანიშვილს ეკა ბესელიაზე მეტად ეს პიროვნება არ მოსდის თვალში. რამდენჯერმე „ოცნების“ ლიდერს ისიც კი აქვს ნათქვამი, ეს კაცი პარლამენტში ვინ მოიყვანა, ვინ გაუწია რეკომენდაციაო?
_ საინტერესოა, ვისი რეკომენდაციით მოხვდა ის საარჩევნო სიაში და შემდეგ პარლამენტში?
_ თავისი ახლობლის, მამუკა მდინარაძის რეკომენდაციით. თავად მდინარაძე ირაკლი კობახიძის რეკომენდაციით მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში. ამბობს, სუფრაზე ვნახე კობახიძე და იქ შემომთავაზა, „ოცნებაში“ წამოდიო.
_ სუფრა და ტაშფანდური რად უნდოდა ამის სათქმელად, ეგ და კობახიძე ჯგუფელები არიან.
_ ჯგუფელები რომ არიან, მაგიტომაც მოიყვანა ეს ხალხი პარლამენტში. ამ გუნდს „ოცნებაში“ ვერავინ იტანს.
_ ბოლო ხანებში მდინარაძე და კობახიძე აღარ აქტიურობენ, რაღაცნაირად გაყურსულები არიან და რა ხდება?
_ იმიტომ არიან ჩუმად, რომ არ სურთ, ხალხმა მათაც ესროლოს ტალახი. ბოლო ინციდენტი არც კი შეუფასებიათ.
კობახიძე „ოცნებაზე“ ძალიან არის გაბრაზებული, განსაკუთრებით თალაკვაძეს ვერ იტანს დასანახად. ამიტომაც არის ჩუმად.
_ თალაკვაძეს რატომ ვერ იტანს?
_ რაღა რატომ, ფაქტობრივად, სპიკერის სავარძელი გამოაცალა ქვეშიდან. საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლით ერთადერთმა კაცმა იხეირა. ეს ერთადერთი კაცი არჩილ თალაკვაძეა. მან გავრილოვის სურათი უნდა დაიკიდოს კაბინეტში. ის კაცი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში რომ არ ჩამჯდარიყო, თალაკვაძე ვერასდროს ეღისრებოდა ამ მაღალ თანამდებობას.
„ოცნებაში“ ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რაკი ის ივანიშვილის გარემოცვად ითვლება, მას ვერავინ შეეხება. ივანიშვილს ძალიან ახლო ნათესავებიც კი მოუშორებია, როცა მათ გადაცდენა ჰქონდათ. ის მით უმეტეს არ დაინდობს თავისი პოლიტიკური გუნდის წევრებს, რომლებსაც ხეირიანად არც კი იცნობს.
_ იმ ფონზე, როცა კობახიძე მიყუჩდა, გია ვოლსკი ძალიან გააქტიურდა. გარდა აქტიურობისა ის ძალზე აგრესიული გახდა. რით ხსნით მის აგრესიას, ეგეც სიის მიღმა ხომ არ რჩება?
_ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ბოლო ხანებში ვოლსკი „ვოლკი“ გახდაო. მართლა არ ვიცი, გიას რა დაემართა. ძალიან არის გააფთრებული. არადა, აქამდე ის თავისი დიპლომატიურობით გამოირჩეოდა.
გააფთრებისთვის, ეტყობა, რაღაც მიზეზები აქვს. ალბათ, მასაც უნდა კიდევ ერთხელ მოხვდეს პარლამენტში. დღეს ვინც საპარლამენტო უმრავლესობაშია, ყველას უნდა, რომ მომავალ პარლამენტში მოიპოვოს ადგილი.
რამდენადაც ვიცი, „ოცნების“ საარჩევნო სიის 90% სულ ახალი სახეებით დაკომპლექტდება. ძველებიდანაც მოხვდებიან ვიღაცები, მაგრამ ზარდიაშვილს, მდინარაძეს, თალაკვაძეს, კობახიძესა და კილაძეს ამის შანსი, ფაქტობრივად, არ აქვთ.
_ არადა, ეს გუნდი აკონტროლებს დღეს პარლამენტს.
_ არ დაიჯეროთ. მათ არავინ არაფერს ეკითხება. ეგღა აკლია ივანიშვილს, მაგათ გააკონტროლებინოს რამე.
_ კვირიკაშვილისა და მათი ბრძოლა „ახლების“ გამარჯვებით დასრულდა და როგორ არაფერს წარმოადგენენ?
_ კვირიკაშვილს რომ არ მიექარა, ეს გუნდი მას ვერაფერს დააკლებდა. ყოფილმა პრემიერმა საკუთარ თავს თავად გაუჩალიჩა. მან ისეთი რაღაცები აკეთა, რომ მისი მთავრობის მეთაურად დატოვება აღარ შეიძლებოდა.
_ რა აკეთა ამისთანა?
_ სანამ გამოძიებით არ დადგინდება, ვინმესთვის რამის დაბრალება არ მინდა, მაგრამ ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მისი პრემიერობის დროს 700 მილიონი დოლარი გაქრა.
მისი გაგდების მთავარი მიზეზი არც გამქრალი მილიონები ყოფილა. სიმართლე თუ გინდათ, ის მთავრობიდან მამუკა ხაზარაძის გამო გააგდეს. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა.
_ რა მოხდა თქვენ თვალწინ?
_ ბევრი რამის მომსწრე ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმას მოგახსენებთ, რაც კვირიკაშვილს ეხება. ის ხაზარაძის გამო გარიყა ივანიშვილმა. კვირიკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტში მამუკა ხაზარაძეს გაემარჯვა. არადა, ეს პროექტი სხვას უნდა მოეგო. ასე იყო, თურმე, გადაწყვეტილი.
როდესაც ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებული გამოაცხადეს, ხელისუფლების მაღალჩინოსნის კაბინეტში ვიჯექი. იმ ადამიანის ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ ის „ოცნების“ ლიდერთან ძალიან დაახლოებული ადამიანია და გადაწყვეტილებების მიმღებთა ხუთეულში შედის.
როცა გამარჯვებულის ვინაობა გამოაცხადეს, ეს კაცი ჩემ თვალწინ წამოხტა და იყვირა: ვაიმე, ახლა ვანო გადაირევა და ამას მამუკას და კვირიკაშვილს არ აპატიებსო.
თავიდან ვერ მივხვდი, რომელ ვანოზე იყო საუბარი. ჯერ ვანო მერაბიშვილი მეგონა, მაგრამ გამახსენდა, რომ ის ციხეშია.
როცა ჩემი ძალებით ვერ მივხვდი, ვინ ვანოზე იყო საუბარი, ამ კაცს ვკითხე. მითხრა, ვანო ჩხარტიშვილზე ვლაპარაკობ, მას უნდოდა, რომ ეს პროექტი მოეგოო. მითხრა, ამ გაუგებრობას დიდი ამბები მოყვებაო.
კარგად მახსოვს მისი ერთი ფრაზაც. თქვა, ხაზარაძის გამარჯვება ნიშნავს, რომ კვირიკაშვილმა ბიძინას გადააბიჯაო.
_ ანუ ბიძინა ივანიშვილი ჩხარტიშვილს ლობირებდა?
_ როგორც ჩემმა ახლობელმა მითხრა, ბიძინასთან ხაზარაძის გამარჯვება შეთანხმებული არ იყო. ივანიშვილმა იცოდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ვანო ჩხარტიშვილს უნდა მოეგოო.
კვირიკაშვილი ამას გარანტიების გარეშე ვერ გაბედავდა. მან გარანტიები ამერიკაში მიიღო და ჩხარტიშვილიც ანაკლიის პორტიდან ჩააჩოჩეს.
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სინამდვილეში ეს ამბავი გახდა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან გაშვების საფუძველი.
„ოცნების“ ლიდერმა მას არც ის აპატია, რომ მის ზურგსუკან დაიწყო თამაში. კვირიკაშვილი ივანიშვილის შანტაჟსაც არ ერიდებოდა.
_ რანაირად ან რით აშანტაჟებდა?
_ იმ შეხვედრაზე, სადაც კვირიკაშვილის გადაყენების საკითხი გადაწყდა, მან ივანიშვილს ასეთი ფრაზა უთხრა, _ მე რომ მომენდომებინა, ამერიკაში დავრეკავდი და ვერ გადამაყენებდიო. ეს ფრაზა საკმაოდ მრავლისმეტყველია.
_ მართლა შეეძლო ამის გაკეთება ყოფილ პრემიერს?
_ რომ შეძლებოდა, გააკეთებდა კიდევაც.
_ აბა, რას ემუქრებოდა ივანიშვილს?
_ მას ილუზია გაუჩნდა, რომ ამერიკაში სერიოზული კავშირები ჰქონდა. კავშირები როგორ არ ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, რომ მის სანაცნობოს „ოცნების“ ლიდერზე გავლენა მოეხდინა.
_ რამდენჯერმე ახსენეთ ჩხარტიშვილი და მასაც ხომ არ უნდა საპარლამენტო სიაში მოხვედრა?
_ არა, ვანო ჩხარტიშვილისთვის პარლამენტში შესვლა დაქვეითების ტოლფასი იქნება. ის ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრია და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობს. პარლამენტში თავად არ შევა, მაგრამ რამდენიმე ადამიანს ჩაასმევინებს სიაში.
აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მას რაღაც კონტროლი აქვს და არც პარლამენტის გაკონტროლებაზე იტყვის უარს.
ამ ადამიანის მსგავსი ფიგურები რაც შეიძლება მალე უნდა გავაქროთ ქართული პოლიტიკიდან. ეს ის ხალხია, რომლებმაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების ანაბრები მოიპარეს, მერე ამ მოპარული ფულებით ბანკები დააარსეს და ჩვენი წინაპრებისთვის მოპარული ფული მაღალი პროცენტით მოგვასესხეს.
ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ სიკეთეზე ფიქრობს, მათ არაერთი საძაგლობა აქვთ ჩადენილი და არც მომავალში იტყვიან ამაზე უარს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკა ჩხარტიშვილების, ხაზარაძეებისა და მათნაირებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია.

შორენა მარსაგიშვილი