პეტრე ცისკარიშვილი: „დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბიშვილი პუტინის კანდიდატურაა“


„ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს ესაუბრება:

_ ახალ პრემიერს სურს, „გავრილოვის ღამის“ ნაცვლად შემოგვთავაზოს კლიშე _ გავრილოვის დღე და პარლამენტზე შტურმის ღამე, მაგრამ ისრების გადატანა არ გამოსდის. „ენდიაის“ კვლევამაც აჩვენა, მელიას გამოკითხულთა 0% აკისრებს იმ ღამეზე პასუხისმგებლობას. ფაქტია, რომ საზოგადოებამ არაფერი ჭამა ხელისუფლების პროპაგანდიდან.
_ სინამდვილეში, „გავრილოვის დღეც“ იყო და _ „გავრილოვის ღამეც“. რატომღაც, ყველას ავიწყდება, რომ გავრილოვის აქ შემოშვებაზე მაშინდელი შს მინისტრი და ახლა პრემიერად დასმული გახარიაც იყო პასუხისმგებელი, მარტო ქუცნაშვილს რომ გადაალეწეს ჯოხი. შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და მინისტრმაც კარგად იცოდნენ, რა კალიბრისა და რა ანტიქართული განწყობების, საქართველოს მოძულე და სეპარატისტების მხარდამჭერი რუსი დეპუტატიც შემოდიოდა საქართველოში. ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის, როგორც ორგანიზმის, იმუნიტეტი ისეა დაქვეითებული, რომ გავრილოვისნაირ ინფექციებსაც ვერ ეუბნებიან უარს საქართველოში შემოსვლაზე. მეტიც, ვფიქრობ, რომ ისინი ირიბად ახალისებენ კიდეც ამ პროცესს, _ ივანიშვილი, გახარია, ვისაც უშუალო კავშირი აქვს რუსებთან, „აჩოტებს“ აბარებენ, რომ ხალხი მათ მტრად აღარ აღიქვამს, რომ საზოგადოება შემზადებულია ქვეყანაში რუსეთის ინფილტრაციისთვის, რომ გავრილოვის აქ შემოსვლა და სპიკერის სავარძელში მისი წამოსკუპება არანაირ პრობლემას არ შექმნის, მაგრამ პირიქით მოხდა.
_ ყოველ შემთხვევაში, თუ მაგას არ ეუბნებიან, ფაქტია, არ გააფრთხილეს, რომ მისი აქ ჩამოსვლა ვნებათაღელვას გამოიწვევდა და არ ურჩიეს თავშეკავება.
_ მაგას ვეღარ უებნებიან, ეგ რომ უთხრან, ივანიშვილი პასუხს მიიღებს, მანდ რომ გვიზიხარ 7 წელია, ჩვენო ჯიგარო ბიძო, რას გვიკეთებ, თუ ერთი დეპუტატის ჩამოსვლაც პრობლემააო? ესენიც კოჭს უგორებდნენ რუსებს და არწმუნებდნენ, რომ აქ ყველაფერი კარგადაა, სიტუაცია შემზადებულია. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არაა და ამიტომაც მოხვდათ ყურის ძირში პუტინისგან. და ესენიც აკრუსუნდნენ და უმტკიცებენ, რომ ჩვენ არაფერში ვართ დამნაშავე, ბოლომდე ფეხქვეშ გეგებით, ყველაფერს ვაკეთებთ, გავრილოვიც შემოვუშვით, სპიკერის სკამშიც ჩავსვით, სხდომაც გვინდოდა, რომ წაეყვანა, მაგრამ გამოვარდა ეს ოპოზიცია, სააკაშვილის ხალხი და დაგვამხეს თავზე ყველაფერი. თუ გახსოვთ, რუსული პრესაც სწორედ მაგას წერდა… ესენი თავს იმართლებდნენ პუტინთან, მაგრამ თვითონ პუტინიც პრობლემის წინაშე აღმოჩნდა თავისი ხალხის წინაშე. ივანიშვილი წლებია, რუსეთს აჯერებს, რომ სააკაშვილის მერე საქართველო ჯიბეში ჩაიდო, აქ თავისები უზის მთავრობაში, რომ აქ მათ ოკუპანტად, მტრად აღარავინ აღიქვამს, ყველას გვეფერებიან, რომ ყველა მედასავლეთე ჩააჩუმეს, რაც სააკაშვილი მოიშორეს, რომ ქართველი ხალი მათკენაა და ამ დროს 140-მა მილიონმა რუსეთის მოქალაქემ ტელევიზიით ნახა, რაც მოყვა ერთი რუსი დეპუტატის პარლამენტში შესვლას. ამიტომაც პუტინი იძულებული გახდა, სახის შესანარჩუნებლად ზომები მიეღო და ავიარეისები აკრძალა. ამ აკრძალვით ორი კურდღელი დაიჭირა, აქეთ ესენი დასაჯა, იქით თავის მოქალაქეებს აჩვენა, როგორ სჯის მათ, ვინც მის დავალებებს ჯეროვნად არ ასრულებს.
_ შემდეგ კი ჰუმანურობის თამაშიც დაიწყო, უარი თქვა სხვა სანქციებზე.
_ კი, ოღონდ ეგ სანქციები არაფორმალურად მაინც აქვს: ღვინოზე შეტანა გაართულა და რაღაცას ევაჭრება. რას ევაჭრება და რას ითხოვს ივანიშვილის მთავრობისგან, მიხეილ სააკაშვილმა ახსნა კარგად _ ნატოზე უარის თქმას, ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. ანუ ვეღარ ითმენს ის კაცი, _ 7 წელია, გიყურებთ, ძმაო! ან ეს მკვეთრი ნაბიჯები გადადგით და დამანახეთ, რომ ჩემიანები ხართ, ან არადა სერიოზულ სანქციებს გაგიტარებთ, ღვინოს არ შემოგატანინებთ და ა. შ.
_ ვფიქრობ, სწორედ პუტინისთვის ერთგულების დასამტკიცებლად იყო განკუთვნილი ის დარბევაც და შემდეგ დაპატიმრებებიც, რომ ეჩვენებინათ, როგორ სამაგალითოდ სჯიან მათ, ვინც ეს „უხერხულობა“ შეუქმნა მის ემისარ გავრილოვს.
_ ცხადია, მაგიტომ იყო ეგ ყველაფერი, დარბევაც და დაპატიმრებებიც. აჩვენა, როგორ დასაჯა ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, რიგითი მომიტინგიდან დაწყებული, ლიდერშიპით დამთავრებული. ზოგი სახლში გამოკეტა, ზოგი _ ციხეში. ივანიშვილის ხელისუფლებამ ამ ნაბიჯებით პუტინს მონური ერთგულება დაუმტკიცა და არწმუნებდა, რომ არა ეს სააკაშვილის ხალხი, რომელიც დასაჯა, გავრილოვს ცივ ნიავს არ მიაკარებდა.
_ ეს ყველაფერი პუტინის საამებლად გააკეთა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ივანიშვილმა ამ პროცესშიც სცადა წყვილი კურდღლის დაჭერა და თავისი ინტერესები ჩადო. კერძოდ, ლიდერებიდან დაიჭირა ის პირები, რომელთა განეიტრალება ისედაც სურდა: მელია, ოქრუაშვილი. მელია, როგორც ქუჩაში სახიფათო, ხალხს ჩამოაშორა და სახლში დასვა, „რუსთავი 2-ზე“ პრეტენზიის მქონე და სხვა არაერთი სკანდალური ინფორმაციის მატარებელი ოქრუაშვილი ციხეში გამოკეტა. დარბევებით, თვალების დათხრით, რიგითი მომიტინგეების დაპატიმრებით კი ხალხი შემდეგი აქციებისთვის დააშინა. მისი აზრით, ვინც აქციებზე წავა, ყველას ექნება ერთგვარი შიში, რომ კვლავ დაარბევენ და შესაძლოა, თვალიც დაკარგოს, რომ შეიძლება დააპატიმრონ და ა. შ.
_ გეთანხმებით, რომ მან ორი კურდღელი დაიჭირა, ცალკე პუტინს აჩვენა თავგამოდება და ბარტყები გადაუგდო და ცალკე ის აქტიური ლიდერები მოიშორა, რომლებიც მას საფრთხეს უქმნიდნენ. „რუსავი 2“ რომ ხალვაშის არასოდეს იყო და ფორმალურად გაფორმდა მასზე, ეგ წლებია, ყველამ ვიცით ექსპერტიზების გარეშეც. ამის გარდა, ოქრუაშვილი აქტიური ფიგურაა, გორში გავლენა და მხარდაჭერა აქვს, ფლობს ინფორმაციას და მასეთი ხალხი ბიძინას არ მოსწონს, მაგიტომაც გაანეიტრალა. ლიდერების განეიტრალება გასაგებია, მაგრამ ცდება თუ ჰგონია, რომ ან დარბევით, ან ამ დაჭერებით ხალხს დააშინებს. მაგით ქართველ ხალხს ვერ დააშინებს. შეიძლება, მოსიყვარულე ბებიამ სოფლიდან შვილიშვილს შემოუთვალოს, აქციაზე არ წახვიდეო, მაგრამ როდის იყო, რომ შვილიშვილი ბებოს უჯერებდა სადმე, მით უმეტეს, მიტინგზე წასვლა-არწასვლას. რაც უფრო მეტ რეპრესიას მოუწყობ, მით უფრო მეტად აღელდება ხალხი, მით უფრო მეტად გამოვა ქუჩაში და მით უფრო გაგირთულდება მერე მასების მართვა. ამაში ცდება ივანიშვილი, თუ ხალხის დაშინებისთვის სჩადიოდა ამ უბედურებას. მან ამ დარბევით უფრო ფუნდამენტალისტი „ქოცების“ გულის მოოხება სცადა, მათ დაანახვა, რომ ეგეთი „ჩმორიც“ კი არ ვარ, სროლაც შემიძლია და მეტიც. ხომ არიან გაბოროტებული „ქოცები“, რომლებიც არც ქვეყანაზე ფიქრობენ, არც _ მომავალზე და მხოლოდ საკუთარი, ბიუჯეტის წოვით გასქელებული ჯიბე და ამ 7 წელიწადში მოპოვებული პირადი კეთილდღეობა ადარდებთ, პანიკურად ეშინიათ მიშას და „ნაცების“ მობრუნება. რატომ? იმიტომ, რომ ზუსტად იციან, ნეპოტიზმი დამთავრდება და ლუკმა-პური უკვე შრომით ექნებათ საშოვნელი და არა ასე, რომ სხედან და ბიუჯეტი აწვიმთ. ეს ყველაფერი გვერდითი სარგებლები იყო ბიძინასთვის. მთავარი მაინც პუტინისთვის გულის მოლბობა იყო, ერთგულება დაუმტკიცა, აჩვენა, რომ მისი გულისთვის ახალგაზრდებს თხრის თვალებს, ციხეში ყრის ხალხს და ა. შ., მაგრამ ის უფრო მეტს ითხოვს, ის ითხოვს გეოპოლიტიკურ შედეგებს, ნატოზე უარს, ნეიტრალიტეტს. ეს რას ეუბნება, ხომ ძალიან იოლი მისახვედრია?
_ რომ არჩევნები გადააგორებინოს.
_ ცხადია, ემუდარება, ერთი წელიც მაცადე, ხალხს კიდევ ნუ ამიბუნტებ, ეგ ნაბიჯები რომ გადავდგა, ბოლომდე გავიშიფრები, რაცა ვარ, 2020-ის არჩევნები გადამაგორებინე და მაგ არჩევნებში თუ გავიმარჯვე, მერე ბოლომდე ჩაგბარდები, თუ გინდა, კრასნოდარის ოლქივით, გუბერნიად გადამაქციე, ოღონდ ახლა ნუ მაწვები. აი, ეს ჭიდილი, ეს მოლაპარაკება მიდის ახლა, ეს ბოლო კვირებია. თან გაგანია რთველია, ის აწვება ამ ღვინის ექსპორტის მაზოლზე, ეს ცდილობს, რომ რამენაირად გამოძვრეს, იმიტომ რომ მაგ ნაბიჯის გადადგმა იმ „ქოცებსაც“ აუჯანყებს, ვისაც, რატომღაც, მაინც კიდევ სჯერა, რომ ესენი პროდასავლურები არიან და არგუმენტად მოაქვთ, აი, სავიზო რეჟიმი ხომ გაუქმდა ევროპასთან და ა. შ. შირმად ხომ იყენებენ ამ პროცესს. აი, ეს ჭიდილი მიდის ახლა და ამიტომ მართალს ამბობს მიშა, რომ ამ წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გაირკვეს.
_ გავრილოვის იქ ჩაჯდომის მერე ქვეყანა ქალბატონი პრეზიდენტის მიერ მკვლელების შეწყალებამ აღაშფოთა. ისე, ხან შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი მეტისმეტად კომფორტულია ბიძინასთვის. ისეთ საოცრებებს სჩადის, ამის ფონზე ბიძინა სოლიდურად გამოიყურება. გარდა ამისა, მისი ქმედებებით ცხადია, ყურადღების მასზე გადატანა ხდება, ხალხი მას ლანძღავს და ბიძინა ისვენებს.
_ არა მგონია, რადგან თვითონაც ზიანდება ამ ყველაფრით და თუ ამასაც ვერ ხვდება… ეს ქალი მართლა ისეთ ავაზაკობებს სჩადის, გადაირია ქვეყანა. რაც ამოძრავებს, გასაგებია, კორუფციულ გარიგებებშია შესული, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა პოლიციელის მკვლელის შეწყალების ქეისი, იმიტომ რომ პოლიციელის მკვლელს ასე იზოლირებულად ვერ შეიწყალებდა და რაღაცა ტიპის თანხმობა ექნებოდა ცენტრალური „ქოცებიდან“, ივანიშვილ-გახარიას გარემოცვიდან. მეტიც, ეჭვი მაქვს პოლიტიკური ვალდებულებების, საარჩევნო მხარდაჭერის სანაცვლოდ შეაწყალებინეს ზურაბიშვილს პოლიციელის მკვლელი და მერე ზურაბიშვილმა, რახან იმას მაწყალებინებთ, მე სხვა მკვლელებს შევიწყალებ და ფულს გავაკეთებო და ასეც ქნა, _ როგორც თვითონ ამბობს, გამოიყენა თავისი დისკრეცია და შეიწყალა სხვა მკვლელებიც. თან ისე, რომ არც გამოითხოვა საქმეები იუსტიციის სამინისტროდან. მაგაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, რატომ არ გამოითხოვა მათი საქმეები. საქმეები რომ გამოეთხოვა, მედიაში გაჟონავდა, გახმაურდებოდა და ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რომ წინასწარ გახმაურებულიყო, რა მოხდებოდა? ვეღარ შეიწყალებდა. ამიტომ ჩუმად გააკეთა. ამ უზნეობას უარესი დაამატა შემდეგ, ოთხმეზურის მკვლელის შეწყალებაზე გამოაცხადა, რომ არ იცოდა, ოთხმეზურის მკვლელი თუ იყო. უი! უი! „ოცნების“ მხარდამჭერი, გავლენიანი ოჯახის შვილის მკვლელი შემიწყალებიაო! ანუ სხვისი შვილის მკვლელი რომ ყოფილიყო, არც არაფერი, რა პრობლემაა! იმ თავის დანაშაულს და იმ უბედურებას, რაც დაატრიალა, ზემოდან დაურთო კიდევ უარესი განცხადება, მისი ამ განცხადებით, მენტალურად რამდენად ბნელი და ბოროტია, ამას გაესვა ხაზი.
_ საერთოდ, ეს ქალი რა ფენომენია? თავიდანვე იყო საუბარი იმაზე, რომ ის არ იყო ივანიშვილის კანდიდატურა, რომ ბიძინას კრემლიდან დაევალა მისი გათრევა, რომ ის იყო პუტინის კანდიდატურა. ყველა ნაბიჯით ეს ქალი ამტკიცებს კიდეც ამას. ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ?
_ დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბიშვილი პუტინის კანდიდატურაა. ბიძინას მხოლოდ თავისი გადაწყვეტილებით რომ შეერჩია კანდიდატი, ვიღაც სხვას შეარჩევდა _ ბევრად იოილად გასაყვანს, უფრო მეტად თავისიანს, უფრო მეტად სანდოს, ვიღაც თავის „პოლის ჯოხს“. მარგველაშვილი ბოლომდე თავის კაცი ეგონა, მაგრამ მერე ხასიათი დაუწუნა. ხასიათის ცვლილებაში, ჩემი აზრით, სასახლის ფაქტორი არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ მარგველაშვილი ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და შემდეგ განათლების მინისტრობის დროსაც ხშირად აკეთებდა პრორუსულ განცხადებებს, რომ რუსები ჩვენი ძმები არიან, რომ რუსულ წიგნებზე, რუსულ კულტურაზე ვართ გაზრდილი, რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ და ა. შ. ბიძინა ფიქრობდა, რომ დასვამდა მას, თვითონ პროდასავლურს დაიჭერდა და მარგველაშვილი გვერდიდან მიეხმარებოდა პრორუსული კურსის გატარებაში.
_ და სათქმელი ექნებოდა დასავლეთთან, რომ თვითონ არაფერ შუაშია, რომ ის არჩეული პრეზიდენტია. ამით, ცხადია, საფრთხეს ააცილებდა მის დასავლურ კაპიტალს.
_ დიახ, ფიქრობდა, რომ თვითონ დასავლეთის მიმართულებით მუშაობით მოიწონებდა თავს და მარგველაშვილი რუსული გავლენის ინფილტრაციაში დაეხმარებოდა. მაგრამ მივიდა მარგველაშვილი იქ და 2 თვეში გადააბრუნა „პლასტინკა“ _ დაიწყო ნატოზე, ევროკავშირზე, ამერიკაზე, დასავლეთზე ლაპარაკი. რუსეთი საერთოდ აღარც უხსენებია. როგორც ჩანს, დასავლეთში გარკვევით აუხსნეს იმ მარგველაშვილს, სად, რა, როგორ ხდება, ჭკუაზე მოიყვანეს, რომ ეს ქვეყანა რუსულ წიგნებზე კი არ არის გაზრდილი, ევროპული ოჯახის ნაწილი უნდა გახდეს ხვალ და ზეგ. ესეც მოეგო გონს მაგ მიმართულებით, როგორც ჩანს, თორემ ისე უნიათო „ქოცად“ დარჩა, მეტიც: „ქოცზე“ უარესი „ქოცია“. არარაობა აღმოჩნდა, როგორც პრეზიდენტი, მაგრამ ამ ნაწილში პროდასავლური გახდა უცებ, ფერიცვალება განიცადა და ეგ იყო ბიძოს გადმოსახედიდან მაგის ხასიათების ცვლილება.
_ მაგ ლოგიკას თუ მივყვებით, სრულიად ლოგიკურია, რომ მის ინტერესშიც იყო აქ პრორუსული სალომეს დასმა პრეზიდენტად, რომელიც იმ საქმეს გააკეთებს, რასაც მისგან პუტინი ითხოვს.
_ დიახ, ასეა და ლოგიკურად მისთვის ძალიან კომფორტული იყო ამ ქალის გაპრეზიდენტება. რთულად გასაყვანი კი იყო, დისკრედიტებული და უცოდინარი, ყველანაირად ამორალური ფიგურაა.
_ დაიდო კვლევის შედეგები. ამ შედეგებს ეჭვის თვალით შეხვდა პოლიტიკური სპექტრიც, საზოგადოებაც. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმე მოსყიდულია ან კვლევა გაყალბებულია, უბრალოდ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ კვლევის მეთოდიკაში, ხერხებშია რაღაც ხარვეზი, ან ჩვენს რეალობასთან შეუსაბამობა. ეს ეჭვი, ჯერ კიდევ, მაშინ გამიჩნდა, როდესაც აცხადებდნენ, რომ პატრიარქს 94%-იანი ნდობა აქვს. სრულიად დაუჯერებელია ასეთი ნდობა რელიგიურად ჭრელ ქვეყანაში. პირადად ეს ეჭვებს მიჩენს მეთოდოლოგიისა და არა მათი კეთილსინდისიერების მიმართ.
_ რა გითხრათ, მეთოდოლოგია მართლა სპეციფიკურია, ახლა „აირაის“ კვლევა იქნება და იქ სულ სხვა ციფრები გამოჩნდება, რადგან მათ კიდევ სხვა ტიპის მეთოდოლოგია აქვთ. მაგალითად, რიგ მეთოდოლოგიაში 10 ქულიდან 10 ქულა უნდა დაუწერო, ვთქვათ, ენმ-ს, რომ ენმ-ს ამომრჩევლად დაფიქსირდე, სხვა მეთოდოლოგიაში ათიდან 6-7 თუ უწერ, უკვე ნაცამომრჩევლად ითვლები. რა გითხრათ, მე ამ კვლევებს რეიტინგების კუთხით დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, ყურადღებას ვაქცევ ხალხის განწყობების კუთხით _ რას ფიქრობს ხალხი, უფსკრულისკენ რომ მივექანებით? სიღარიბე რამდენადაა შესული მეტასტაზებივით საზოგადოების ყველა ფენაში, გარდა იმ „ქოცური“ კასტისა, ვინც ბიუჯეტიდან იკვებება წურბელასავით? მაინტერესებს, რამდენად აწუხებს ხალხს ინფლაცია, უმუშევრობა? საქმე მარტო სამუშაო ადგილებშიც აღარაა. შეიძლება, სამუშაო ადგილი იყოს, დღიური სამუშაო, ვთქვათ, მაგრამ დღიურად ის 20-25 ლარი აღარაფერია უკვე. 5-6 წლის წინ რაღაც იყო, ადამიანი ახერხებდა თავის გამოკვებას იმ შემოსავლით. დღეს, პრაქტიკულად, ვეღარაფერს ახერხებს. არადა, ანაზღაურება იგივეა და არ მატულობს. ინფლაციამ, ლარის კურსის დევალვაციამ ცალკე შეჭამა მსყიდველუნარიანობა და ცალკე ფულიც აღარ არის, რომ ხალხს შემოსავალი ჰქონდეს. ჩვენც გვქონდა 2007-08 წლებში მაღალი ინფლაცია, სადღაც 10-11%-მდე ადიოდა ფასების ზრდა, მაგრამ ეს ინფლაცია გამოწვეული იყო ქვეყანაში ბევრი ფულის შემოდინებით, _ ხალხს ფული გაუჩნდა. როცა ფული გიჩნდება, მსყიდველუნარიანი ხდები, სურვილიც გაქვს რაღაცის შეძენის, მოთხოვნა იზრდება, სათანადოდ ვერ პასუხობს მიწოდება, გამყიდველი ხედავს, რომ პროდუქცია იყიდება და ფასებს ზრდის. ამ ტიპის ინფლაცია იყო ჩვენს დროს და მასთან გვიწევდა ბრძოლა. ახლა სხვა ტიპის ინფლაციაა _ სუფთა ლარის დევალვაციაზეა მიბმული, თან ფული არ გვაქვს და თან ფასები მირბის, რადგან იმპორტზე ვზივართ და საქონლის დიდი ნაწილი დოლარებზე შემოდის. ეს გაცილებით უფრო მტკივნეული ტიპის ინფლაციაა, თან ფული არ გაქვს და თან ფასები იზრდება.
_ თქვით, კვლევებს რეიტინგების კუთხით ყურადღებას არ ვაქცევო, რატომ? არ ენდობით?
_ არა, ნდობა არაფერ შუაშია. კვლევებით ბოლო 7 წელია, 10-დან 15%-მდე ვტრიალებთ, მერე კი, არჩევნებზე, 40%-ს ვიღებთ, 40-ზე მეტი _ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის მიზეზი ისაა, რომ გამოკითხულთა ძალიან დიდი ნაწილი არ პასუხობს, ვის აძლევს ხმას, ნაწილი თავიდან ირიდებს, თითქოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. ამ სეგმენტში ცხადია, გაცილებით მეტია ოპოზიციის მხარდამჭერი, ვიდრე _ ხელისუფლების.
_ ამგვარ კვლევებს სწორედ ეგ ხომ არ უკარგავს აზრს, რომ გამოკითხულთა უმეტესობა შიშის გამო პასუხს არ იძლევა ან გადაუწყვეტელ ამომრჩევლად ასაღებს თავს? ადამიანი ან მისი ოჯახის წევრი საჯარო სექტორშია დასაქმებული, არ ენდობა, არაა დარწმუნებული, რომ მას „ენდიაის“, „აირაიას“ წარმომადგენელი ეკითხება და არა _ „სუსის“.
_ პასუხის არგაცემა სწორედ მაგ შიშის ატმოსფეროზე მიუთითებს. ეგ შიშები, სამწუხაროდ, არსებობს და ხელისუფლებას რომ შევცვლით, ბევრი რამაა გასაკეთებელი შიშების აღმოსაფხვრელად. პირველ რიგში,, მართლმსაჯულების რეფორმაა გასატარებელი. ამისთვის სულაც არაა საჭირო უცხო ქვეყნიდან მოსამართლეების ჩამოყვანა. შეიძლება, მაღალ დონეზე რაღაც სტანდარტის შესაქმნელად ჩამოვიყვანოთ რამდეიმე, სიმბოლურად, ინგლისიდან, მაგრამ რეფორმისთვის მთავარია პოლიტიკური ნება. იქ, სადაც იყო საამისო ნება, გატარდა კიდეც რეფორმები ვინმეს ჩამოყვანის გარეშე, ვთქვათ, იგივე პატრულში. ხელისუფლებამ უნდა შექმნას სათანადო ინფრასტრუქტურა, მისცეს ანაზღაურება, შექმნას მათი შერჩევის გამჭვირვალე პლატფორმა და შემდეგ მხოლოდ კორუფციის თვალსაზრისით აკონტროლოს, რომ სისტემაში კორუფცია არ შეიპაროს და დამნაშავე, ბანდიტი, მკვლელი ფულის სანაცვლოდ არ გაუშვას მოსამართლემ. მართლმსაჯულება რომ მოწოდების სიმაღლეზე იქნება, თავისთავად გაუმჯობესდება პროკურატურისა და პოლიციის მუშაობაც, „უპრაგონოდ“ ვეღარავის დაიჭერენ, ვერავის ვერაფერს ჩაუდებენ, მოუწევთ მტკიცებულებების მოპოვება, ყველაფრის დამტკიცება. მართლმსაჯულების გაჯანსაღება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ საქმეებზეც აისახება, რაც ჯამში შექმნის მეტ სამართლიანობის განცდას, ნდობას, დაცულობას. გარდა ამისა, სკოლები, საჯარო მოხელეები ერთხელ და სამუდამოდ უნდა განთავისუფლდნენ პარტაქტივის მოვალეობისგან. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული არსებობს ეს მანკიერი პრაქტიკა. ყველა, ვინც ხელისუფლებაში მოდის, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს პარტაქტივად ხმარობს, საარჩევნო პროცესში რთავს, აქციებზე დაატარებს და ა. შ. თუ აქციები გაქვს ჩასატარებელი, რამე შეხვედრა მოსაწყობი, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები კი არ უნდა არბენინო, საკუთარ პარტაქტივს უნდა დაეყრდნო. კეთილი უნდა ინებონ შენმა კოორდინატორებმა და სკოლებიდან, ბაღებიდან კი არ მოგირეკონ ძალით ხალხი, მოგიყვანონ პარტიის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები. ჩვენს დროსაც გაუქმებული იყო პარტაქტივი და ახლაც პარტაქტივად ქცეული არიან ადმინისტრაციული რესურსის ხალხი, საჯარო მოხელეები, სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლები, გამგეები. ამათ კუბში აქვთ აყვანილი ის სამწუხარო და მანკიერი პრაქტიკა, რაც შევარდნაძის დროიდან მოყვებოდა ყველა ხელისუფლებას. ეს უნდა მოისპოს და ამას მაშინვე იგრძნობს და დაინახავს საზოგადოება, შესაბამისად, აღარც პასუხის გაცემის შეეშინდება. მიხვდებიან, რომ აღარ არის ხელისუფლება ბუასავით ჩასაფრებული, რომ ყველა აკონტროლოს, ვისკენაა, რატომაა. და მეორე: ბიზნესებს საშუალება უნდა მისცე, თუ სურს, დააფინანსოს ოპოზიცია. როგორც კი ამის გასაქანს მისცემ, ეგ ხმაც ეგრევე გავარდება. X ბიზნესმენი, რომელმაც Y პარტია დააფინანსა და არც საგადასახდო შეუვარდა და არც ფინანსური, ამას აუცილებლად იტყვის, ეს ხმა გავრცელდება და შიშის ატმოსფეროს მოხსნის.
_ აქ რაღაც სხვა ტენდენციასთან გვაქვს საქმე. ნაცვლად იმისა, რომ ბიზნესმენები ვინმეს აფინანსებდნენ, თავად შემოდიან პოლიტიკაში, როგორც ქართულ ანდაზაშია, ურემმა რომ შეშა არ მოიტანოს, თვითონ შეშა არ არისო? დადგნენ და თვითონ შემოცვივდნენ პოლიტიკაში. რას მოგვიტანს ოლიგარქების შემოვარდნა პოლიტიკურ სცენაზე? ერთის შემოვარდნამ რა მოგვიტანა და ახლა კიდევ წვრილ-წვრილი ოლიგარქები რომ შემოხტებიან კალიებივით, რას მოგვიტანს?
_ ჯერ ვერც ერთი მიმართულებით ვერ ვიქნებით დარწმუნებული. თუ ეს კაცი, ვთქვათ, ხაზარაძე, რაღაც მომენტში (სასურველია, არჩევნებამდე) საზოგადოებას დაგვარწმუნებს, რომ ივანიშვილის თამაშს არ ითამაშებს, პარლამენტში შემოსვლის დროს, შემდეგ ან წინასაარჩევნო პროცესში, მაშინ გაუმარჯოს მასაც და ყველა ოპოზიციურ ძალას. მისი პარტია „ლელო“ „ქოცურ“ ხმებს დააჯდება, ბიძინას ამომრჩეველს წაიყვანს. მისი ხმების 80-90% ყოფილი „ქოცები“ იქნებიან და დანარჩენი კიდევ შეიძლება „პატრიოტები“, ძალიან ცოტას თუ წაიყვანს ეგ დანარჩენი პროდასავლური ოპოზიციიდან, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობიდან“. ჩვენ ხმებს ვერ წაგვართმევს, რომც გვართმევდეს, ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუ ზუსტად გვეცოდინება, რომ ბოლომდე ოპოზიციური პარტიაა და პროდასავლური, რადგან თუ კოალიცია გახდა საჭირო, გვეცოდინება, რომ ჩვენი კოალიციური პარტნიორი იქნება არჩევნების მერე, მაგრამ თუ არ იცი, რა თამაშს თამაშობს ან კიდევ უარესი, თუ ზუსტად იცი, რომ რამდენ კაცსაც გაიყვანს, ისევ ბიძინას ჯიბეში აღმოჩნდება, მაშინ ცხადია, პრობლემაა. პრობლემა ის არის, რომ თავიდან გაიყოფა ეს „ქოცური“ ხმები და მერე ისევ შეერთდება.
_ ანუ შეიძლება ეს იყოს თამაში „ქოცურ“ ელექტორატზე: ვისაც უკვე აღარ მოსწონს ბიძინა, იმათ ხმებს დაიჭერს ხაზარაძე და უკან დაუბრუნებს პარლამენტში შესვლის მერე?
_ უკან დაუბრუნებს ისევ ბიძინას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამომრჩეველი ტონს გაძლევს, გკარნახობს პარტიას და როდესაც ხაზარაძის პარტია ხმებს მიიღებს, 5% იქნება, 7% თუ 12%, რამდენსაც ის აიღებს, მას უკარნახებს, რომ ბიძოსთან შეკვრა არის წითელი ხაზი და აქედან გამომდინარე, ხაზარაძე იძულებული იქნება, არ შეეკრას, რადგან მაშინ ეგრევე განულდება პოლიტიკურად. შენი ამომრჩეველი რასაც გეუბნება, თუ იმას არ აკეთებ და მის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამ, იმ ამომრჩეველს კარგავ.
_ კი მაგრამ, პარლამენტში იქნებიან უკვე მოხვედრილი და რაღას კარგავენ? ეგრე 2016 წელს თქვენი პარტიის სახელით შევიდა ხალხი და მაშინვე სხვაგან გახტა _ სხვა პარტიაში. სულაც „ნასკზე“ დაიკიდეს ის ამომრჩეველი, რომელმაც აირჩია.
_ კი, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება ერთი არჩევნებით ხომ არ მთავრდება.
_ გასაგებია, სამომავლოდ დაზარალდებიან.
_ სამომავლოდ კი არა, მალევე დაზარალდებიან. თუ სამი მინისტრის მთავრობაში გასაყვანად ბიძინას შეეკრები და ამ შეკვრით მთელ ელექტორატს, მთელ ხმებს დაკარგავ, პოლიტიკურ ველზე უკვე ნული ხარ. როგორც კი ასე განულდები, ის ბიძინა 6-7 თვეში ისე მოგისვრის, პატრონიც ვერ გიპოვის.
_ დრო ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს…
_ დიახ, რაც დრო გადის, მით ნაკლებად მუშაობს ეს „9 წელი“, „ცოცხები“ და „საჯიშე ბიჭებს გვიუპატიურებდნენ“. ხალხს მეტად სძულდება ეს რეჟიმი თავისი ბოროტების გამო, ქვეყნის დაქცევის გამო, რუსეთთან აფელირების გამო, ქვეყნის გაღატაკების, ნეპოტიზმისა და კორუფციის გამო. ბევრი ფაქტორია, რაც მათ წინააღმდეგ მუშაობს, რაც ყოველთვიურად, ყოველკვირეულად აუარესებს მათ სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, ბევრი, ვინც დღესაც „ქოცობს“, 2020-ის არჩევნებზე ხმას აღარ მისცემს ბიძინას, ნაწილი ჩვენკენ წამოვა, ნაწილი სხვა ოპოზიციებში გადანაწილდება.
_ დრო რომ მათ წინააღმდეგ მუშაობს, ეგ მარტო ჩვენ არ ვიცით, ბიძინამაც იცის და გამორიცხავთ, რომ მან აჭრას კარტი, ხელოვნურად გაამწვავოს სიტუაცია, შექმნას კრიზისი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს?
_ მაგას გამოვრიცხავ. ბოლომდე ვერაფერს გამორიცხავ, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეგ ქნას, ამხელა აურზაური, ხელოვნური კრიზისი გამოიწვიოს იმის გამო, რომ 6 თვით ადრე დანიშნოს. მით უმეტეს, გაზაფხული საერთოდ ცუდი დროა არჩევნებისთვის. წინ ზამთარია, როგორი კომუნალური გადასახადები მოუვა ამ ზამთარს ხალხს, ფული აღარ ექნებათ, გამწარებული და აღრენილი ხალხი მის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს? არ უღირს.
_ სამაგიეროდ, ოპოზიცია ამ არჩევნებისთვის მოუმზადებელი იქნება.
_ კი, უმაგისობა ნამდვილად არ იქნება, მაგრამ მაგ ნაბიჯით, მთელ ქვეყანას დაანახვებს, რომ მაგრად უჭირს და შემოდგომით წაგების ეშინია. ოპოზიციურად განწყობილი ხალხი რომ ამას იგრძნობს და დაინახავს, ხვდებით, ეს რამხელა მოტივაციას მისცემს მათ? მიხვდებიან, რომ მოგების შანსი გაჩნდა და რა მოხდება? ოპოზიციის პრობლემა რა არის? _ ნიჰილიზმი. „აზრი არ აქვს, მაინც ვერ მოვიგებთ, იმას ბევრი ფული აქვს, ხელისუფლება აქვს, ადმინისტრაციული რესურსი აქვს და მაინც დაგვამარცხებს“. ასე ფიქრობენ და არ მოდიან საარჩევნო უბნამდე. ვადამდელის დანიშვნა კი მოგების იმედს გაუჩენს ოპოზიციურ ელექტორატს, რაც ნამდვილად არ დაასხამს წყალს ბიძინას წისქვილზე.

რეზო შატაკიშვილი