მირიან მირიანაშვილი: „რუსეთი პოლიტიკური ასპარეზიდან ბიძინა ივანიშვილის გაყვანას აპირებს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ამ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, მირიან მირიანაშვილი, ამბობს, რომ დღეს ქართული პოლიტიკა რუსეთიდან იმართება. მისი მტკიცებით, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება სპექტაკლია. მირიანაშვილის თქმით, „ოცნებას“, ჯერ კიდევ, საპრეზიდენტო არჩვენების პირველ ტურში სურდა სალომე ზურაბიშვილის ჩაძირვა, მაგრამ დასავლეთის ჩარევის შემდეგ გაჩერდა.

რატომ დაარქვეს ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალი“? რა მითითებები მოდის მოსკოვიდან? რა კავშირები აქვს გიგა ბოკერიას რუსეთთან? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, მირიან მირიანაშვილი ესაუბრება.

_ თქვენ იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და კარგად იცნობთ პირველი თაობის „ნაციონალებს“. გასულ კვირას „ევროპული საქართველოს“ წევრებმა _ გიგა ბოკერიამ და აკაკი ბობოხიძემ _ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიიტანეს იერიში. რა ხდება, რას ვერ იყოფენ?
_ დრამატიზებას დანატრებულ ქართულ საზოგადოებას იმედი უნდა გავუცრუო და ვუთხრა, რომ ასეთი დაპირისპირებების 99% გათამაშებულია. ისინი წინდაწინ ერთმანეთთან არიან მორიგებული. შეთანხმებული აქვთ ლანძღვა-გინების დოზაც, მასშტაბიც. ასეთი რამეები აუდიტორიის დაბოლების მიზნით ხდება ხოლმე. დაბოლების ობიექტები საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან.
ასეთი სპექტაკლების დრამატურგები, როგორც წესი, ძირითადად, რუსები არიან. ყველა სპექტაკლს თავისი მიზანი აქვს. გარკვეულ მიზანს ემსახურება ეს ე. წ. დაპირისპირებაც.
საქართველოში ბრმაც კი მიხვდა, რომ დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა, შესაბამისად, ყოფილი ხელისუფლება განწირულია აუტსაიდერის როლისთვის.
პოლიტიკური ძალის დინსტანციური მართვა არის ნონსენსი. ამიტომაც ფიქრობენ, რომ კარგი იქნება, თუ ამ ძალის ვითომ პროდასავლური ვექტორი წარიმართოს გიგა ბოკერიას მიერ.
ამ ე. წ. დაპირისპირებით ცდილობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უთხრან, რომ ბოკერია სულაც არ არის „ნაციონალებთან“ კავშირში და მათთან მხოლოდ საარჩევნო სიტუაციების ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობს. დასავლეთს უმტკიცებენ, რომ ეს უკანასკნელი სააკაშვილთან სისტემურ დაპირისპირებაში მყოფი პირია. იმის დამტკიცებაც სურთ, რომ „ევროპული საქართველო“ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ კლონი.
დღეს ბოკერიას პრობლემა ის არის, რომ დასავლეთში მას დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად არ აღიქვამენ. არადა, ამისთვის „ქართული ოცნება“ ძალიან ბევრ რამეს აკეთებს.
საზოგადოებამ ქართული პოლიტიკის დრამატურგია კარგად რომ გაიგოს, ზოგადად უნდა იცოდეს, მართვის სტილი როგორია. პოლიტიკურ სიტუაციას მართავენ რუსები, მაგრამ პერმანენტულად ხდება აშშ-ს პოლიტიკურ ელიტაზე მზერის გადაყოლება.
ყველაფრის მიუხედავად, კრემლს ამერიკის აზრი მაინც აინტერესებს. მათ საქართველოს მართვის ექსკლუზიური ბერკეტი არ გააჩნიათ და იძულებული არიან, გაითვალისწინონ ის ინტერესები, რაც ვაშინგტონს საქართველოსთან მიმართებით აქვს.
ამ გათვალისწინებების შედეგით შეიძლება აიხსნას ის პერმანენტული დრამატურგია, რასაც ახლა ჩვენ ყველანი ვუყურებთ. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ოპერატიული გამონაკლისების გარდა, რუსეთის გარეშე არაფერი კეთდება.
_ ამ ლოგიკით „ოცნებაც“ რუსეთმა მოიყვანა საქართველოს ხელისუფლებაში.
_ რა თქმა უნდა. ეს ძალა სერიოზულად არის დაკავშირებული რუსეთთან. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ან ბიძინა ივანიშვილს, ან „ქართულ ოცნებას“ რაიმე სერიოზული კომუნიკაცია აქვს დასავლეთთან, ძალიან ცდება.
ის, რომ „ოცნებას“ და მის ლიდერს დასავლეთთან სერიოზული კომუნიკაციები არ აქვთ, ქვეყნისთვის დიდი უბედურებაა. არანაკლები უბედურებაა ის, რომ ისინი ვერც კი ხვდებიან, ასეთი კომუნიკაციის არქონა ქვეყნის მართვა-გამგეობაზე რა ცუდ გავლენას ახდენს.
რუსეთი თვლიდა, რომ ჩვენი ქვეყანა მთლიანად გადაიფორმა. კრემლში დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს გამო ამერიკასთან პრობლემები აღარ ექნებოდათ.
სიფრთხილის მიზნით, აქაურ პოლიტიკურ ელიტას მოსკოვი ამერიკასთან სარეზერვო კონტაქტების დამყარებას მაინც უკრძალავდა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან პოლიტიკური კომუნიკაციის დამყარება აკრძალული ჰქონდა და აქვს.
პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ „ოცნების“ ლიდერს კრემლმა ორი რამ აუკრძალა: ნომერი პირველი აკრძალვა გახლავთ ის, რაზეც უკვე გესაუბრეთ. ნომერი მეორე აკრძალვა კი იყო ის, რომ მას თავისი პარტია სერიოზულ პოლიტიკურ ძალად არ უნდა ჩამოეყალიბებინა. ეს ბოლო მოთხოვნა მოსკოვმა „ოცნების“ ლიდერს 5 წლის წინ წაუყენა.
_ „ოცნების“ ძლიერ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება რუსეთს რა პრობლემებს შეუქმნიდა?
_ კრემლი ქართველებს ბოლომდე არასდროს ენდობა. არ დაიჯეროთ, რომ ივანიშვილი ძლიერ პარტიას ვერ ქმნის. ამის გაკეთება მას აკრძალული აქვს. ამის გარდა, მოსკოვთან შეთანხმების გარეშე სერიოზულ თანამდებობაზე არავინ ინიშნება.
ეს აკრძალვა საქართველოში ძალიან დიდი ხანია, რაც მოქმედებს. სააკაშვილი ხომ ვითომ დაპირისპირებული იყო რუსეთთან, მაგრამ მის დროსაც მოქმედებდა ეს აკრძალვა. პირველი დაპირისპირება სააკაშვილთან სწორედ ამის გამო მომივიდა. ეს 2002 წელს მოხდა.
_ მაშინ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ იყო.
_ ხელისუფლებაში არ იყო, მაგრამ ოპოზიციურ ფლანგზე იდგა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი დაფუძნებულია. იმისთვის, რომ პარტია გაძლიერებულიყო, მიშა და მისი გუნდი ჩვენს რიგებში მივიღეთ. როგორ ჩაიგდეს ეს პარტია ხელში, ახლა არ არის სალაპარაკო, სულ სხვა თემაზე ვსაუბრობთ.
ჩვენ შორის პირველი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც დავინახე, რომ პერსონალიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები თბილისში მყოფი რუსული რეზიდენტურა უნდა ყოფილიყო. ასე გაჩნდნენ ჩვენს პარტიაში კოტე კემულარია, ძმები ბეჟუაშვილები და ა. შ.
არც ის არის შემთხვევითი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში წამყვან პოსტებზე ის ადამიანები ინიშნებიან, რომელთაც რუსეთში აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული.
საინტერესოა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ამბავიც. ამ ადამიანს სააკაშვილის დროსაც მაღალი პოსტი ეკავა. „ოცნებამ“ საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ჩააბარა. მიხეილ ჯანელიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიური აკადემია აქვს დამთავრებული.
მისი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელი სერგეი ლავროვის თანაშემწე გახლდათ. დიპლომის თემა კი ასეთი იყო: „რუსეთის პოლიტიკის განვრცობა სამხრეთ კავკასიაში“.
აი, ეს ადამიანი იყო ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა თქვენ განსაჯეთ, რამდენად დამოუკიდებელია ბიძინა საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე იყო მიშას დროსაც.
ერთ-ერთ საკვანძო ქვეყანაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლავროვის ნათესავია. მის გვარს არ დავასახელებ, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მას სააკაშვილის ხელისუფლებაში მინისტრის პოსტი ეკავა.
_ ზემოთ თქვენ მითხარით, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირება რუსეთის დადგმული სპექტაკლიაო. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ბოკერიას გუნდი და „ოცნება“ საკმაოდ კარგად თანამშრომლობენ ერთმანეთში. თუ ეს სიმართლეა, ესეც რუსეთის კარნახით კეთდება?
_ რასაკვირველია. „ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ ვალდებულები არიან, ერთმანეთთან ითანამშრომლონ. ორივე ძალა რუსული პოლიტიკური სამზარეულოს პროდუქტია.
საერთოდ, გიგა ბოკერია თავისი რანგით, პოლიტიკური წონით და რუსებთან კომუნიკაციებით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა კრემლისთვის, ვიდრე _ ბიძინა ივანიშვილი.
გიგა ბოკერიას ბავშვობიდან პირადი მეგობრობა აკავშირებს რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერ არკადი დვორკოვიჩთან. ის მოჭადრაკეა და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა. გიგას დედა, ნანა ალექსანდრიაც, მოჭადრაკე გახლავთ და აქედან იცნობენ ისინი ერთმანეთს.
არკადი დვორკოვიჩი ხშირად უწევდა ბოკერიას რეკომენდაციებს. გიგა ბოკერიას წრე მოსკოვში ივანიშვილის სანაცნობო წრეზე უფრო გავლენიანი იყო.
_ თუ ეს ასეა, რატომ არის გიგა ბოკერია დასავლეთისთვის მისაღები ფიგურა? რადენიმე კვირის წინ რუმსში მომხდარი სკანდალის დროს კონფერენციაზე შევარდნელ ინაშვილს პირდაპირ უთხრეს, რომ სანამ საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდება, მან უნდა შეიყვაროს გიგა ბოკერია.
_ ესეც დადგმული სპექტაკლი იყო და მას თავისი მიზანი ჰქონდა. ირმა ინაშვილი, ზოგადად, გაბედული გოგოა, მაგრამ მის გამბედაობაზე ასეთი დიდი წარმოდგენაც ნუ გვექნება _ ის იქ დამოუკიდებლად და გარანტიების გარეშე არ მივარდნილა. ის თავისი რესურსით არც 10.000=15.000-იან მიტინგებს მართავს.
ეს სპექტაკლი სპეციალურად გიგა ბოკერიასთვის დაიდგა, რათა დასავლეთს დაენახა, როგორი დასავლურია ის და როგორ მიუვარდა მას საერთაშორისო კონფერენციაზე პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
ეს სპექტაკლი ერთ რამეზეც მეტყველებს _ რუსეთს სერიოზულად ეეჭვება, რომ ბოკერიას დასავლეთის თვალში საკმაო წონა აქვს. ამიტომაც სცადეს, მისთვის პროდასავლურის იმიჯი შეექმნათ.
ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მოკლე ტექსტური შეტყობინებებით იმართება. ისინი დამოუკიდებლად არაფერს აკეთებენ. იმასაც კი სხვები უთითებენ, სად წავიდნენ, რომელ ტოქშოუში ვის ეჩხუბონ და ა. შ.
ამის შესახებ ხშირად ვუყვებოდი ჩემს უცხოელ კოლეგებს, რომლებიც აქ სამუშაოდ ჩამოდიოდნენ. თავიდან არ მიჯერებდნენ, რამდენიმე თვის შემდეგ კი თავად რწმუნდებოდნენ ამაში და გაოგნებულები იყვნენ.
მათთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლება არსებობდეს ბიო-რობოტების ფენა. ასევე უკვირდათ, როგორ შეიძლება ქვეყანა ასეთ პარალელურ რეჟიმში არსებობდეს.
ახლა საქართველოში ყველა ხვდება, რომ რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, ეს სპექტაკლია. ამას ამერიკის საელჩოშიც მიხვდნენ. იცოდნენ, რომ სპექტაკლი იყო, მაგრამ იმედოვნებდნენ, რომ რაღაც სიმართლის მარცვალიც ერია ამაში. ახლა დარწმუნდნენ, რომ ეს ყველაფერი 100% მოდელირებული რეალობაა.
დღეს ქართულმა პოლიტიკურმა კულინარიამ რაიმე რეალურიც რომ დაბადოს, ისე მიაჩვიეს საზოგადოება, რომ ყველაფერი ფარსია, ამ რეალობას რეალობად აღარავინ აღიქვამს.
მოგახსენეთ, რომ ყველაფერი ვიღაცის მითითებით ხდება. ამის ნათელი მაგალითია ის პროვოკაცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს უწყობენ ორგანიზებულად.
_ პროვოკაციაში შეწყალების სკანდალს გულისხმობთ?
_ შეწყალების სკანდალს და არა მარტო მაგას. რეალობა უნდა იცოდე, რომ მიხვდე, თუ როგორ კეთდება მსგავსი რაღაცები.
ახლა ხშირად ისმის კითხვა, _ არ უნდა დაეხედა ზურაბიშვილს, თუ რაზე აწერდა ხელსო? ვისაც ჩინოვნიკური წარსული არ აქვს, მისთვის გამიჭირდება რაღაცის ახსნა. მათ არ იციან, როგორ ხდება ასეთი სახის დოკუმენტების შეტენვა.
_ რას გულისხმობთ?
_ თქვენ რა გგონიათ, სალომე ზურაბიშვილმა არ დახედა იმ დოკუმენტებს, რაზეც ხელი მოაწერა? დახედა, როგორ არ დახედა, მაგრამ აქ ისაა საინტერესო, რა ეწერა იმ დოკუმენტებში, რაც მას წარუდგინეს. ყველა ქეისი სათანადოდ იქნებოდა გასუფთავებული.
_ გინდათ თქვათ, რომ მას შეცდომით მოაწერინეს ხელი?
_ ასე იყო. ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი მარტოა. სალომე კი მარტოა. მას მხოლოდ სპეცკონტინგენტი ახვევია გარს, რომელიც დავალებების საფუძველზე მუშაობს.
როდესაც თანამდებობის პირს ძალიან ერთგული უშუალო გარემოცვა არ ჰყავს, იგი ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.
_ და რაში სჭირდებოდა „ოცნებას“, სალომესთვის ასეთი პროვოკაცია მოეწყო? მის გასაპრეზიდენტებლად ყველაფერი გააკეთა.
_ იცით, რა ხდება? რუსულ პოლიტიკურ კონტროლს სალომე ზურაბიშვილი გვერდიდან მოახვიეს, რაც მოსკოვმა დღემდე ვერ მოინელა.
მას ბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ დაუწყეს, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. სასაცილო არ იყო, ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალს“ რომ ეძახდნენ? კანაფის შესახებ კანონი შეიმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც მაშინ გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.
სალომეს, რომელსაც ამასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, „კანაფის დედოფალს“ ეძახდნენ, მაგრამ კაციშვილს არ უწოდებია გიორგი გახარიასთვის „კანაფის მეფე“. ეს, ცოტა არ იყოს, გაუგებარია.
სალომე რუსული პოლიტიკური გავლენებისთვის თასვმოხვეული იყო და „ოცნება“ მას გაპრეზიდენტებამდე უპირებდა ჩაძირვას. მერე ბოლტონი ჩამოვიდა საქართველოში და გადამწყვეტ სიტუაციაში არ მისცა მათ ზურაბიშვილის ჩაძირვის უფლება.
შერჩათ სალომე პრეზიდენტად, ამის გამო ძალიან ნერვიულობენ და ხან რას უწყობენ, ხან _ რას. ახლა მის იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დასავლეთი რუსულ-ქართულ პოლიტიკურ კულინარიას სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის მოწყობის უფლებას არ მისცემს.
სალომე რომ არ ყოფილიყო, პრეზიდენტად ვაშაძე უნდა მიგვეღო, რომელსაც თანმდევად მიშა სააკაშვილი მოჰყვებოდა, რაც ქვეყნის დაქცევას გამოიწვევდა. გახდა სალომე პრეზიდენტი და ამან უნებლიე სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან აგვაცილა.
თქვენ რა გგონიათ, „ოცნება“ დიდი სიხარულით შეხვდა სალომეს კანდიდატურის დასახელებას პრეზიდენტის პოსტზე? არ დაიჯეროთ. ამას გუნდში დიდი წინააღმდეგობა მოყვა, მაგრამე ეს იყო მოთხოვნა.
_ რუსეთის მოთხოვნა იყო?
_ რუსეთის არა. პრეზიდენტად სალომეს კანდიდატურის დასახელების ერთ-ერთი ინიციატორი მაკრონი იყო. ამ თანამდებობაზე რუსულ-ამერიკული გარიგება შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ტრამპზე სერიოზული მონიტორინგია. სალომე არის პირველი ადამიანი, რომელიც საქართველოში თანამდებობაზე დაჯდა და მას რუსულ სპეცსამსახურებში რაღაც ფესვები არ აქვს.
როგორ მოხდა სალომეს „ოცნების“ კანდიდატად დასახელება, ეს საუბრის ცალკე თემაა. ივანიშვილის პარტია სხვა კანდიდატს ეძებდა. ძალიან ბევრი ეძებეს, მაგრამ სამი ადამიანიც კი ვერ იპოვეს, ვინც შეიძლებოდა მათი კანდიდატი გამხდარიყო. წარმოგიდგენიათ, როგორი საკადრო პრობლემა აქვთ?!
მაკრონის შერჩეული კანდიდატურა იყო სალომე და პუტინი წინააღმდეგი ვერ წავიდა, მაგრამ რაკი ის საქართველოში დასავლეთის შემოღწევის ერთ-ერთი ეტაპი გახლდათ, მაინც მისცა თავისიანებს დავალება, რომ ჩაეძირათ _ ვითომ „ოცნებას“ მისი გაყვანა სურდა და ვერ გაიყვანეს.
სერიოზული ანტიპიარი აგორდა მის წინააღმდეგ, „ოცნება“ ამით დასავლეთისთვის დგამდა დეკორაციას, თითქოს თავად ძალიან მოინდომეს, მაგრამ ხალხმა არ აირჩია სალომე.
სიტუაცა ბოლტონის ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალა. ის საქართველოში ჩამოვიდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უთხრა, ჩვენი გამოკვლევებით ზურაბიშვილს 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და რა ხდებაო? ამის გარდა ისიც უთხრა, უბნებიდან 200.000 ყალბი ბიულეტენი გამოიტანეთო. ეს ყალბი ბიულეტენები რომ არსებობდა, ამის მტკიცებულებებიც წარუდგინა. მაშინ ბოლტონი შემთხვევით არ შეხვედრია ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს.
ასე მივიღეთ პრეზიდენტად სალომე და ჩაიძირა ვაშაძე. ეს უკანასკნელი, რატომღაც, პროდასავლურ კანდიდატად ითვლებოდა. არადა, წლების მანძილზე ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობდა.
რაღაც პერიოდი რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პროვოკაციებს აღარ აწყობდა, მაგრამ როგორც კი ბოლტონი მოხსნეს, მის წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია დაიწყო. ბოლტონი სანამ პოსტზე იყო, ამას ვერ ბედავდნენ. ამათ ჰგონიათ, რომ სალომეს პრეზიდენტად მოყვანა ბოლტონით იწყება და მისი წასვლით მთავრდება.
რუსულ პოლიტიკას ძალიან სერიოზული სისტემური ხარვეზი აქვს, მათ პერსონალიების როლის გადამეტება სჩვევიათ. თავიანთი ხელისუფლება სულ პერსონალიზებული აქვთ. ისინი ყველაფერს თავისი გადასახედიდან უყურებდნენ.
ბოლტონის წასვლით არაფერი შეიცვლება. საქართველოს პრეზიდენტის სავარძელი დაკავებულია იმისთვის, რომ ეს სკამი „ნაცებისა“ და მათი კლონების ხელისუფლებაში დაბრუნების ტრამპლინად არ იქცეს.
ესეც რომ არ იყოს, მაგათი დრო უკვე წავიდა. 2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 2020 წელს საქართველოზე რუსეთის კონტროლი მთავრდება. კრემლი აქ ვერანაირ რესურსს ვერ გამოიყენებს, რაც აქამდე არ გამოუყენებია. „ქართული ოცნებაც“ წარმავალია და „ნაციონალური“ მოძრაობაც თავის კლონებიანად. 2020 წლის შემოდგომაზე ერთიც დასრულდება და _ მეორეც.
ქართულ პოლიტიკაში სერიოზულ სიახლეებს ვიხილავთ, სადაც ამ ორი ძალის ადგილი არ იქნება. რაც არ უნდა მოიმოქმედონ, ამ პროცესს ვერ შეანელებენ.
იცით, რატომ იყო გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში ყოფილი ხელისუფლება ასეთი აქტიური? _ რიგგარეშე არჩევნები სურდათ. ამაში მათ „ოცნებაც“ ხელს უწყობდა. ორივეს აწყობდა რიგგარეშე არჩევნები. ორივემ იცის, რომ 2020 წელს აქ ამერიკა აქტიურად ჩაერევა და რუსეთის მართული ძალებისთვის ადგილი აღარ დარჩება.
რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში კი რაღაც კომბინაციის გათამაშება შეეძლოთ. მოსკოვს უკვე გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკიდან ივანიშვილის გაყვანა. ჩათვალეთ, რომ ის უკვე გაჰყავთ ქართული პოლიტიკიდან. მის ადგილზე ბოკერია უნდა დაესვათ და დასავლეთისთვის ის, როგორც პროდასავლური ძალა, ისე უნდა შეეჩეჩებინათ. ეს გეგმაც ჩაუვარდათ _ ყველა და ყველაფერი გაშიფრულია.

შორენა მარსაგიშვილი