„საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციამ“ პირველი კონფერენცია გამართა

„საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ ორგანიზებით 2019 წლის 17 სექტემბერს თბილისში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: „ქართული სასამართლოს განვითარების უახლესი ისტორია, პერსპექტივა და გამოწვევები“.

ღონისძიების ფარგლებში ასოციაციის წევრებმა ისაუბრეს სასამართლოს განვითარების უახლეს ისტორიაზე, ქალის როლის გაძლიერებაზე, თანამედროვეობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე სასამართლო სისტემაში.
კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი, დონორი ორგანიზაციები, მოქმედი მოსამართლები და მედიის წარმომადგენლები.

„საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მირანდა ერემაძის განცხადებით, ასოციაციის გეგმები წაადგება მართლმსაჯულების განვითარებას, ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის ამაღლებას სასამართლო სისტემის მიმართ.
მისივე თქმით, მართლმსაჯულებაში უნდა ისმოდეს მეტი ქალის ხმა:
„დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემა არის ქართული სასამართლოს განვითარების ისტორია, გამოწვევები და პერსპექტივები, ასევე ჩვენ მუდმივად ვიქნებით აქტიურ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან იმ მნიშვნელოვან თემებთან და პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არის სასამართლო სისტემაში. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მართლმსაჯულების შიდა საკითხებით. აქტიურად ვიქნებით ჩართული დაინტერესებულ სუბიექტებთან ერთად სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება ოჯახში ძალადობა, თანასწორობის საკითხები, მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა თუ ა. შ.“.

„საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, თამარ ალანიას განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მეტი ქალი პოლიტიკაში:
„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი გახლდათ ქალ მოსამართლეთა ასოციაციის მისიის, ხედვის, სტრატეგიის წარმოდგენა და მასში აქტიურად ქალ მოსამართლეთა ჩართულობის ინიცირება, ორგანიზება, დაგეგმარება და მისი რეალიზება. ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გამოწვევას წარმოადგენს მეტი ქალი პოლიტიკაში. დღევანდელი კონფერენციის იდეა, ხედვა და მისია სწორედ გახლავთ მეტი ქალი მოსამართლის ხმა მართლმსაჯულების სისტემაში, მართლმსაჯულების სისტემიდან“.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, ქალი მოსამართლეების წვლილი შეუფასებელია სასამართლო სისტემაში:
„ვფიქრობ, რომ ქალი მოსამართლეების როლი სასამართლო სისტემისადმი ნდობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სასამართლო სისტემის პოპულარიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ როლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის ჩამოყალიბება. ჩვენი კოლეგა ქალბატონების დამსახურებაა სასამართლო სისტემის ძალიან დიდი მიღწევები. გენდერული ბალანსის კუთხით პრობლემები ნამდვილად არ არის, თუმცა მივესალმები იმას, რომ ქალ მოსამართლეთა ასოციაცია შეიქმნა, სადაც იზრუნებენ და ისაუბრებენ იმ პრობლემებსა და საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც, შესაძლოა, ქალ მოსამართლეებს ჰქონდეთ სასამართლო სისტემაში. მათი წვლილი შეუფასებელია დღევანდელი მდგომარეობით სასამართლო სისტემის განვითარებისთვის. მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ ქალ მოსამართლეს“.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის, ვანო ბოლქვაძის თქმით, სამომავლოდ ქალ მოსამართლეთა ასოციაციასთან ერთად დიდი აქტოვობები აქვთ დაგეგმილი:
„პირველ რიგში მინდა, „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციას“ მივულოცო პირველი წარმატებული კონფერენცია. ძალიან მოხარული ვარ, რომ პირველი მემორანდუმი ამ ორგანიზაციასთან იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გააფორმა და სწორედ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში ჩატარდა პირველი კონფერენცია. სამომავლოდ საკმაოდ დიდ აქტივობებს ვგეგმავთ ქალთა როლის უკეთესად წარმოსაჩენად სასამართლო სისტემაში და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება“.

„საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია“ გეგმავს, ყოველწლიური სახე მისცეს აღნიშნული ფორმატის კონფერენციას, რაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ნენე ინჯგია