გიორგი ტიგინაშვილი: „იერარქიასა და სამღვდელო დასში მორალურ-ზნეობრივი პრობლემებია“

საქართველოს საპატრიარქო წელიწადზე მეტია, სინოდის სხდომას არ იწვევს და არც დაინტერესებული პირების კითხვებზე აკეთებს განმარტებას, თუ რა არის კრების ჩაუტარებლობის მიზეზი? სამღვდელოების წარმომადგენლები და სასულიერო იერარქები აღნიშნულთან დაკავშირებით ღია კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სხდომის ჩატარებისგან თავის არიდების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ამ მიზეზების მიუხედავად, სახეზეა მართვა-გამგეობის დებულების უხეში დარღვევა და დღითი დღე ცხადი ხდება, რომ საქართველოს საპატრიარქოს არათუ დებულება, ცალკეულ შემთხვევებში ღმერთიც კი ავიწყდება. და მაინც, რა მიზეზები არსებობს ისეთი, რის გამოც საპატრიარქო არ იწვევს სინოდის სხდომას?
ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ესაუბრა:

_ გიორგი, წელიწადზე მეტი გავიდა სონოდის ბოლო სხდომის გამართვიდან და ამ დრომდე უცნობია, როდის დაინიშნება მორიგი სხდომა. რას ფიქრობ, რა არის სხდომის ჩაუტარებლობის მიზეზი?
_ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების II თავი მთლიანად ეთმობა წმინდა სინოდის ფუნქციასა და მის უფლება-მოვალეობებს, როგორც სულიერ, ისე იურიდიულ ასპექტში. მაგალითად: „§2. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას“. სამწუხაროდ, მოცემულობა იმდენად სავალალოა, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც სხდომა არ გამართულა. ეს ყოველივე კი სერიოზულ ეჭვებს იწვევს და პასუხგაუცემელ კითხვებს აღძრავს მორწმუნე საზოგადოებაში.
_ რა ეჭვებსა და კითხვებზე საუბრობ?
_ ვფიქრობ, რომ მავანნი უფრთხიან რამდენიმე, მეტად მნიშვნელოვან გამოწვევას.
_ კერძოდ?
_ პირველი _ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ, საბერძნეთში აღვლენილ საზეიმო წირვაზე, პრაქტიკულად, ევქარისტიულ ერთობაში შევიდნენ როგორც კონსტანტინოპოლის, ისე ალექსანდრიის, ელადის ეკლესიის წარმომადგენლები. ამას მყისიერი რეაქცია მოყვა რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მხრიდან, რომელიც ახალი სქიზმითა და განხეთქილებით დაემუქრა ალექსანდრიის ეკლესიას. პარალელურად კი მოსკოვმა სასწრაფო წესით განიზრახა კვიპროსზე საკუთარი დიოცეზის დაფუძნება, რაც, მათი აზრით, გამაფრთხილებელი გზავნილია ადგილობრივი ეკლესიისადმი. ასეთი ქმედებებით კრემლი ცდილობს, რომ წინასწარი და პრევენციული ხასიათის დესტრუქციული ნაბიჯები გადადგას და გააჩინოს პოლიარქიის _ კანონიკური ქაოსის _ საშიშროება სხვადასხვა ავტოკეფალიური ეკლესიის ტერიტორიებზე, რაც იმთავითვე დიდ უკანონობასა და უტიფრულ ძალმომრეობას გულისხმობს. როგორც დოსტოევსკი იტყოდა: „რუსეთს ქრისტიანობასთან ერთადერთი კავშირი აქვს, პირჯვრის გადაწერა, სანამ ნაჯახით თავს გაგიპობს!“
_ საეკლესიო საკითხებით დაინტერესებული პირების ერთი ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ სინოდის სხდომის ჩაუტარებლობა ეკლესიის წიაღში არსებულ პრობლემებსაც უკავშირდება, რომლის გარეთ გამოტანა საპატრიარქოს არ სურს, მაგრამ რომელზედაც სინოდზე აუცილებლად დადგება საკითხი.
_ დიახ, ეს არის მეორე საკითხი _ იერარქიასა და სამღვდელო დასში შექმნილია მორალურ-ზნეობრივი პრობლემები, ჰომოსექსუალური ლობი და კარტელური ბიზნეს-სქემები, რაკიღა იმავე მართვა-გამგეობის დებულებით (II თავი, §4.3, _ ავტ.) ეპისკოპატი ვალდებულია, დაიცვას უბიწოება, ქალწულება და ხორციელი სიწმინდე. მღვდელმთავართა საბჭო, კონკრეტულად კი საპატრიარქოს კონფორმისტი კარის მსახურები, დროში წელავენ აუცილებელი სხდომის მოწვევას, არადა, ზემოთ მოხმობილი კანონით, წმინდა სინოდი „უზრუნველყოფს საქართველოს ეკლესიის ერთიანობას. იცავს მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმიდესა და ქრისტიანულ ზნეობას“. ამდენად, სწორედაც რომ საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევით არის გამოწვეული სინოდალური დისპუტის გადავადებაც. ყურადღებისთვის, კარგად გაიხსენეთ, მოსამართლემ რა მიზეზით დახურა „ციანიდის საქმის“ სესიები, როცა პირდაპირ ითქვა პროცესზე: „ეს ყველაფერი რომ საზოგადოებამ გაიგოს, მორალურად შეირყევაო!“ დიახ, ასეა, იმ ჰედონიზმით, რაც საპატრიარქოში ხდება, მართლაც და ყველა გაოგნდება, რომ იცოდეს! თევზი ხომ ყოველთვის თავიდან ყარს!
_ დააკონკრეტე, რას გულისხმობ?
_ სხვათა შორის, საპატრიარქოს პავილიონში წარმოდგენილი მარტორქის გამოსახულებაც გარკვეულ უხერხულობას იწვევს ასოციაციური თვალსაზრისით. როგორც ცნობილია, ჰომოსექსუალების ერთ-ერთი სიმბოლოა ლავანდისფერი მარტორქა. ეს სიმბოლო 1970-იანი წლებიდან არსებობს. იგი გამოიყენებოდა აქტივისტების სადემონსტრაციო ტრანსფარანტად. პირველად იგი გამოჩნდა ბოსტონის მეტროში გავრცელებულ სააგიტაციო თუ პროპაგანდისტულ პლაკატთა სერიაზე 1973 წელს. რაკი მარტორქა ხასიათდება წყნარი და არამოიერიშე ქცევით, სანამ მას არ გამოვიყვანთ წყობილებიდან, ჩაითვალა, რომ ის წარმოადგენს „უწყინარი და არაკონფლიქტური“ გეების ლოგოს. ვფიქრობ, რომ ეს დეტალიც გარდა, ადამიანური სპეკულაციისა, რაციონალურ მარცვლებსაც შეიცავს, ვარაუდის დონეზე.
_ ადრინდელ ინტერვიუშიც გარკვეული მინიშნებები გააკეთე, მაგრამ ეს უკვე ძალიან თამამი და სკანდალური განცხადებაა. სხდომის ჩატარებისგან თავის არიდების კიდევ რა მიზეზებს ხედავ?
_ მესამე _ „ციანიდის საქმე“, რომელიც, პრაქტიკულად, ბურუსით მოცული და, ჯერ კიდევ, გაურკვეველი სკანდალია: გრიფის დადება, არასაკმარისი მტკიცებულებები თუ სამხილები, დამკვეთი ფიგურანტებისა და აქტორების გასაიდუმლოება, საგამოძიებო პერიპეტიების ფართო საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომლობა, ლოგიკური ბმებისა და სიუჟეტური თანმიმდევრობის კონფიდენციალურობა და დაშიფვრა, მსჯავრდებული დეკანოზის წერილი, სადაც, როგორც ამბობენ, სახელდობრ, ზნეობრივ გადაცდომათა მთელი ნუსხაა ფაქტოლოგიურად წარმოდგენილი.
მეოთხე _ იგივე დებულების II თავი, §4, 8-9, მიხედვით, წმინდა სინოდი: „ქმნის ან აუქმებს ეპარქიებს, ცვლის მათ ტერიტორიულ საზღვრებსა და სახელწოდებებს, ირჩევს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს და ახდენს მათ ხელდასხმას“.
_ ეგ უნდა მეკითხა სწორედ: როგორც ამბობენ, ეპარქიების გადანაწილებაზეც ვერ თანხმდებიან ცალკეული მღვდელმთავრები…
_ დიახ, როგორც ვხედავთ, აწ განსვენებულ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს ეპარქია სინოდალური და კრებსითი ნების გარეშე დროებით დაუქვემდებარეს რუსთავის მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი, _ ავტ.), რომელიც მოსაყდრე შიოს აქტიური მხარდამჭერი და ცნობილი რუსოფილია. ამდენად, შორენა თეთრუაშვილის სამდივნო ცდილობს, ისეთი სამღვდელმთავრო კადრი გამონახოს რუსთავის ან ქუთაისის კათედრაზე, რომელიც დამატებითი ხმა იქნება მოსკოვის რეზიდენტ შიოსათვის და დააკმაყოფილებს რუსეთუმეობის კრიტერიუმებს, რაც არცთუ ისე იოლია, რადგან საპირისპირო ფლანგზე ამას ასე მარტივად არავინ დაუშვებს. საპატრიარქოს მრავალწლიანი მრუდე პრაქტიკით ჩვენს ეკლესიაში დამკვიდრდა ერთგვარი სენი _ ეპისკოპოსად გამორჩევის წინაპირობაა არა კანდიდატის პიროვნული ღირსება და მისი დადებითი მახასიათებლები.
_ მაშ, რა?
_ ის, თუ რომელ ეპისკოპოსთა ჯგუფს მიეკუთვნება და არის თუ არა ის საპატრიარქოს ვიწრო კლანის ფავორიტი. ცხადია, ეს უკიდურესი სულიერი მავნებლობაა _ ქრისტეს ეკლესიის დაყოფა „პეტრესად“ და „პავლესად“.
_ ამ ყველა მიზეზის მიუხედავად, სინოდის გაუმართაობა ანომალიაა…
_ ზოგადად, სინოდის სხდომის არგამართვა, დაახლოებით, იმას ჰგავს, რომ არსებობდეს საპარლამენტო რესპუბლიკა და კანონშემოქმედებითი ორგანო, ანუ პარლამენტი პლენარულ სხდომებსა და სესიებს არ მართავდეს. ეს ხომ იქნებოდა სახელმწიფოებრივი კრიზისის უკიდურესი გამოხატულება და ინსტიტუტების დისფუნქცია?! საუბედუროდ, სწორედ ამგვარი სიტუაცია გვაქვს ეკლესიაში, სადაც საეკლესიო სამართალს, წმინდა წერილს, თეოლოგიურ მდგენელსა და ეკლესიოლოგიურ პრინციპებს პატივს არ სცემენ საპატრიარქოს ადმინისტრაციის მენეჯმენტში, რომელიც მთლიანად იტაცებს სინოდის პრეროგატივას და მავნებლურ თუ თვითნებურ კლიმატს ქმნის ეკლესიის ცხოვრებაში.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ნატოში ინტეგრაციის რასმუსენისეული შემოთავაზების ახლებური ინიციატივა, რომელიც გერმანია-კვიპროსის მოდელს გულისხმობს.
_ ამ საკითხს სინოდს რატომ უკავშირებ?
_ ამასთან დაკავშირებითაც წინ დიდი ბრძოლა გველის, რადგან ყველა ღია თუ ფარული რუსეთუმე საპატრიარქოს ეტმასნება და ეკლესიის ეგიდით ცდილობს დასავლეთის დემონიზებას!.. ასე იყო, ჯერ კიდევ, ზვიად გამსახურდიას დროიდან დღემდე, ყველა ხელისუფლების დროს. როცა მხედრიონი _ „მაშველთა კორპუსი“, წითელი ინტელიგენცია და ÊÃÁ-ს მეხუთე კოლონა სასათბურე პირობებს გრძნობდა ილია II-ის პირობებში. ახლა ნორჩი ÔÑÁ-ელი მოსაყდრე შიო უნდათ, რომ დაგვისვან სახელმწიფოებრივი განვითარების წინაღობად, მაგრამ არ გაუვათ, რადგან აღარ ბნელა! „Уæå íå òåìíî! “
როცა ამ სადუკევლური ადმინისტრაციის სისტემისა და რეჟიმის შესახებ ვფიქრობ, ხშირად მახსენდება ხოლმე მისი შემოქმედი პირების მისამართით ბიბლიიდან შემდეგი სიტყვები: „ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი. თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს, თავის განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო? გაფრინდება, როგორც სიზმარი და ვერავინ იპოვის“. (იობ. 20.5-8).
_ მაგრამ ეკლესია ხომ არ არის მხოლოდ საპატრიარქო? რატომ დუმან ეპისკოპოსები? რამდენიმე მათგანის გარდა უმრავლესობას, ვგონებ, არც ადარდებს სხდომის ჩაუტარებლობა.
_ ფაქტია, რომ ეპისკოპოსების უმეტეს ნაწილს ანაღვლებს მხოლოდ გავლენის სფეროებისა და ქონებრივი გადანაწილების საკითხები. ერთმანეთთან კომუნიკაციასა და ნდობის მოპოვებასაც ვერ ახერხებენ და შემდეგ მრევლისგან ითხოვენ პატივისცემასა და ნდობას, რაც, რაღა თქმა უნდა, უმძიმესი ირონიაა.
საზოგადოება წუხს და სავსებით ლეგიტიმურად შეშფოთებულია. ისმის ლოგიკური კითხვები: რატომ უნდა ვერწმუნოთ ხალხი გაზულუქებულ და კარიერისტულ ეპისკოპატს? რა აქვს შორენა თეთრუაშვილის ქვეშევრდომ მსახურებს მისაბაძი ან ქრისტესმიერი? თავი აპრიორი ბრძენკაცები რომ ჰგონიათ და ნარცისიზმის კომპლექსები ახრჩობთ, ამათ რა უნდა გვასწავლონ ახალგაზრდებს? განა, სწორედ მათ არ შექმნეს პატრიარქ ილიასგან კერპი და მისით ჩაანაცვლეს იესო ქრისტე და დღეს ეს კასტა პროგრესსა და განვითარებას მოუტანს ვინმეს? ის სინოდი, რომელიც უშიშროებას ყურებით უჭირავს კომპრომატების გამო თავისუფალი იქნება და მაცხოვნებელ იდეალებს შემოაშუქებს? ამრიგად, ვითარება კატასტროფულია! როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი იტყოდა: „ღამით გვიწევს ქარიშხალში ცურვა, მეგზური ვარსკვლავები კი არსად ჩანან, ქრისტეს სძინავს!“
_ ანუ ეპისკოპოსების უმეტეს ნაწილს საკუთარი ცოდვების მხილების ეშინია და იმიტომაც არის ჩუმად?
_ ზოგადად, შიშის გრძნობა დაცემული ბუნების ნაყოფია და, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა დოზით ის ყველაშია, თუმცა რამდენადაც ძლიერია უფლისადმი მინდობა, იმდენად ნაკლებია სხვაგვარი შიში.
ფსიქოლოგიური და სულიერი თვალსაზრისით, ეკლესიაში _ იერარქია, სამღვდელო დასი, მრევლი _ ვინც უფრო მართალი, სუფთა და უბიწოა, იმას ყველაზე ნაკლებად უნდა ეშინოდეს. მხილების ეშინია უზნეოს, მიქარულს, ორპირსა და უწმინდურს. მოცემულობის ლუსტრაცია არ აწყობთ მხოლოდ კრემლის ემისრებს, ჰედონისტებს, მათ გავლენის აგენტებსა თუ „სასარგებლო იდიოტებს“!
დღეს ადამიანებს ამორალური სისტემის მიმართ სიფრთხილე კონფორმიზმში გადასდით, დუმილი _ შემგუებლობაში, აპოლოგია _ თანამონაწილეობაში, „ჰუმანიზმი“ _ შხამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაში. და ასე ჭამენ დედაეკლესიას იქედნეს მსგავსი ეგოისტური ინსტინქტით.
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები ადამიანების დეფიციტია! უჯობთ, არ მოიკითხონ პრობლემა თუ გამოწვევა და ამით ორ ნიღაბს მშვენივრად ირგებენ: 1) არგანმკითხველის; 2) ბრძენის, რომელიც ვითომ და „საჭირო დროს“ ელის მეტასტაზების ელიმინაციისთვის. ეს აბსტრაქტული „საჭირო დროც“ რომ არადა არ დგება და დაბერდა მთელი სინოდი, ეს ვის ანაღვლებს…
_ ანუ, სხვა მანკიერებებთან ერთად, ეკლესია კონფორმიზმმა შეჭამა?
_ საკითხი ამგვარად დგას: შეჩვეულ კომფორტს, ქონებრივ გადანაწილებასა და გავლენის სფეროებს ვინმე შეელევა ჭეშმარიტების დამოწმებისა და კეთილსინდისიერების სანაცვლოდ?
პათეთიკამ, დიდაქტიკამ და ფსევდოჰერმენევტიკამ თავისი დრო მოჭამა. ახალ თაობასა და თანამედროვე ახალგაზრდობას ცოცხალ ღმერთზე, ქრისტეს მიმსგავსებულ მისიონერებსა და უპოვარ მოძღვრებზე აქვს „წითელი ცირკულარით“ ძებნა გამოცხადებული და ჯერ კიდევ ამაოდ… საქართველოს ეკლესიაში უნდა გააცნობიერონ, რომ ქრისტიანობა იდეა კი არა, სახელდობრ, სიცოცხლეა! ყოველივე ამის შემდეგ ნუ ეწყინებათ მოციქულთა მემკვიდრეთ, თუ ძველებურ პატივს აღარ მიაგებენ და მათი მოსმენა აღარ სურთ, რადგან საქმე მათი დაშორებულია მათივე სიტყვას.
იცით, რატომ აღარ სურს საზოგადოებას იერარქებისკენ გამოხედვა? იმიტომ, რომ ტოტალური უსამართლობის განცდა სტანჯავთ! და რას ამბობდა კანტი? _ „როცა სამართლიანობა ქრება, მაშინ აღარაფერი რჩება ისეთი, რომ ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება მიეცეს“! დიახ, ასეა!
_ გამოსავალი?
_ დადგება დრო და საპატრიარქოს მიუვალი კედლები _ სულიერ ასპექტში _ იერიქონის გალავანივით დაიმსხვრევა სიმართლის საყვირების შეძახილზე და ვაი, მათ, ვინც ამ რეჟიმს აძლიერებდა, ემსახურებოდა და ელაქუცებოდა…
ასე ამბობს ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა: „რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს. რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ“ (ბიბლია. ამოსი 5, 11-12, _ ავტ.).
_ ამ კონტექსტში კიდევ უფრო მეტად აქტუალურია რუსული გავლენა საქართველოს ეკლესიაში…
_ ზემოთ სეპარატიზმისა და კანონიკური ქაოსის საშიშროება ვახსენე რუსეთის მხრიდან და არ უნდა დაგვავიწყდეს მათი მწყემსმთავრის მხრიდან წარმოებული პოლიტიკანობა. რუსეთის პატრიარქ კირილისგან უკვე მრავალი წელია, რაც ანტიქართული, დესტრუქციული, უსამართლო და არაკორექტული რიტორიკა გვესმის! ჯერ კიდევ ბაღაფში-კოკოითის პერიოდიდან დაწყებული _ ვიდრე დღევანდლამდე, ის ყოველ წელს ულოცავს სეპარატისტ ლიდერებს „დამოუკიდებლობას“, რომლის ათვლასაც მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელნი არათუ 2008 წლიდან, არამედ მეტიც _ 1993 წლიდან ახდენენ.
პუტინი გენოციდში გვადანაშაულებს და დეზისტორიას ტირაჟირებს! ოკუპაცია ყოველდღიურად ცოცავს, დუმის დეპუტატები ქართველოფობიურ განცხადებებს აკეთებენ და გვემუქრებიან, ამ ფონზე მაინც დასავლეთი უფრო სძულთ ჩვენს საპატრიარქოში და თვალის ასახვევად თუ გადმოაგდებენ ხოლმე დავარცხნილ „უკმაყოფილებას“ რუსეთზე, ისიც მიზერულად და არაოფიციალურად!.. კიდევ ეპარება ვინმეს ეჭვი, რომ ილია II რუსეთის კაცია?! ვლადიკავკაზში დაიბადა, რუსულ სკოლაში ატარეს _ იქ ქართული სკოლაც არსებობდა, მაგრამ… ÊÃÁ-ს ზეობის ხანაში პოლიტბიუროსა და ცეკას მეცადინეობის შედეგად საქართველოს პატრიარქად დანიშნეს, გეილობი შეაქმნევინეს სინოდში, ზვიადი ჩამოაგდებინეს, შევარდნაძეზე ლეგიტიმაცია მიაცემინეს და მრევლში წარმართულ-„პრავასლავნიკური“ ზღაპრები აქადაგებინეს!.. ახლა კი ელეგანტური შიოც მოსაყდრედ დაგვისვეს!
ამდენად, მთავარი „კირილე“ აქ გვიზის, შანგრილასა და ამბასადორის შუაში და ჯერ მასზე უნდა ვიმსჯელოთ, კირილ გუნდიაევამდე! ობიექტურობა და პატიოსნებაც ეს იქნება…
მღვდლები, რომელნიც ბრალდებულნი და გაფაქტულნი არიან სხვადასხვა უზნეობასა და შეუფერებელ უღირსობაში, ხელშეუხებლობისა და ფულადი სარგოს სანაცვლოდ ფარულად ემსახურებიან შორენა თეთრუაშვილისა და ჯაღმაიძის უწყებას! ისინი ფლიდურად და მოარულად ხლართავენ ინტრიგებს, ტყუილებს ავრცელებენ და წესიერი ადამიანების _ სასულიერო თუ საერო პირების _ დისკრედიტაციას ეწევიან დადგმული სპექტაკლებით, უბირი ქადაგებებით, გამოგონილი ისტორიებითა და ფანტაზიებით.
_ აქ შევწყვიტოთ, საკმაოდ მძიმე ინტერვიუ გამოვიდა.
_ შევწყვიტოთ, თუმცა ამით რამე გამოსწორდება?

კოკა წერეთელი