„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილზე კონტროლი დაკარგა?

საქართველოს პრეზიდენტი გვარად თავზარაშვილი უნდა იყოს _ თავისი ბოლო ნამოქმედარით ქვეყანას მართლაც თავზარი დასცა.
საზოგადოების პარალელურად, თავზარდაცემული ჩანს მმართველი პარტიაც, რომლის ლიდერები არჩევნების წინ თავად გაეკრნენ ბილბორდებს, რათა ეს ქალი პრეზიდენტად დაესვათ.

მკვლელების შეწყალებაზე „ოცნების“ რიგი წევრები პრეზიდენტისგან განმარტებებს ითხოვენ, ზოგი იმპიჩმენტზეც აჟღურტულდა. არის ვერსიაც, რომ მკვლელების შეწყალება ზურაბიშვილს ვიღაცამ გაუჩალიჩა.
ეს ვიღაც კი შეიძლება, თავად „ქართული ოცნება“ იყოს. „ქართულმა ოცნებამ“, ჯერ კიდევ, 2014 წელს დაგვიმტკიცა, რომ მის მიერვე არჩეულ პრეზიდენტებს დასანახად ვერ იტანს.
თავზარდამცემი ზურაბიშვილის წინამორბედ მარგველაშვილსაც არჩევიდან რამდენიმე თვეში აუმხედრდა „ოცნება“. აშკარაა, რომ ზურაბიშვილიც მის გზას გაუყენეს. შეწყალების თემაზე სკანდალები არც მარგველაშვილს აკლდა, მაგრამ ამას ასეთები არჩევიდან რამდენიმე თვეში არ უკადრია, ცოტა მოიცადა და მერე შეუბერა. ის, ძირითადად, ცოლის ნათესავებს იწყალებდა.
მკვლელების შეწყალების თემამ პროკურატურის ფანჯრებშიც შეაღწია და საგამოძიებო უწყებამ გამოძიება დაიწყო. ამერიკიდან ოფიციალური ვიზიტით დაბრუნების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას აპირებს.
ხალხს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებებისა და საგამოძიებო ზღაპრების აღარ სჯერა. ყველამ იცის, რომ აქ მთავარია, თუ რას იტყვის უფროსი მეოცნებე. „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ ის სალომე ზურაბიშვილზე ძალიან გაბრაზებულია. და რაკი ის გაბრაზებულია, გაბრაზებულია სრულიად საოცნებოც.
ბიძინას გამო გამოხატავენ ისინი აღშფოთებას, თორემ სალომეს თავისი ნებით იმ შემთხვევაშიც არ შერისხავდნენ, მას მურვან ყრუ და თემურ ლენგი ეროვნულ გმირებად რომ გამოეცხადებინა.
მმართველი პარტიის კულუარებში „ქრონიკა+“-ს უთხრეს, რომ მათ თითქმის სრულად დაკარგეს კონტროლი სალომე ზურაბიშვილზე.
ეს უკანასკნელი კი მას შემდეგ გახდა უკონტროლო, რაც ივანიშვილმა მისი რიგი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
ყველამ იცის იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილმა ივანიშვილს გარკვეული მოთხოვნები წაუყენა იმის სანაცვლოდ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ეყარა კენჭი.
„ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილს ნიკუშა შენგელაიას მეუღლემ გააცნო. ამავე წრემ დაარწმუნა ერის მამა, რომ ზურაბიშვილი მოუგვარებდა მას პრობლემებს.
საუბარია იმ პრომლემებზე, რომელიც ივანიშვილს ფრანგულ მართლმსაჯულებასთან შეექმნა. ცნობისთვის: ამავე მისიის შესასრულებლად განიხილებოდა პრეზიდენტობის კანდიდატად თეა წულუკიანიც.
პრეზიდენტობის კანდიდატად გახდომის სანაცვლოდ ზურაბიშვილმა ივანიშვილს მოსთხოვა, რომ რამდენიმე ქვეყანაში ელჩს პირადად ის დანიშნავდა. მანვე მოითხოვა 2020 წელს „ოცნების“ საარჩევნო სიაში თავისი ხალხის ჩასმა გამსვლელ ადგილებზე.
ის ასევე ითხოვდა ფინანსურ უზრუნველყოფას. „ოცნების“ კულუარებიდან, ჯერ კიდევ, არჩევნებამდე გამოაღწია ხმამ, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილს ყოველთვიური გასამრჯელოს დანიშვნას სთხოვდა.
ამბობდა, პრეზიდენტი რომ გავხდები, საფრანგეთის მოქალაქეობა შემიწყდება და იქაურ პენსიას ვეღარ მივიღებო. ეტყობა, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი მცირედად ჩათვალა.
ეს ბოლო მოთხოვნა შეუსრულა თუ არა ერის მამამ პრეზიდენტს, ვერ გავარკვიეთ. სამაგიეროდ გავიგეთ, რომ დანარჩენ ორ მოთხოვნაზე მან უარი მიიღო. ამან სალომე ზურაბიშვილი ძალიან გააბრაზა, მაგრამ ატამანს ხომ არ აუხირდებოდა? არა, ატამანისთვის ახირება მისთვის უცხო ხილი არ არის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო.
ატამანის პარტიასთან ურთიერთობები რომ დაეძაბა, ამაზე ერი აქტიურად მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსობიდან ლაშა ჟვანია გაუშვა.
ეს ამბავი ლაშა ჟვანიას საკუთარი ნებით წამოსვლად შეიფუთა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ზურაბიშვილმა იგი გამოაგდო. არადა, როგორც ამბობენ, ის იყო ადმინისტრაციაში „ოცნების“ ოდეერი.
მმართველ პარტიაში მიხვდნენ, რომ სალომე იოლად დასათრგუნი არ იქნებოდა და ნელ-ნელა დაიწყეს მისი გაშავება.
„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო გვიყვება, რომ ზურაბიშვილს „ოცნებამ“ ისე დაუყენა საქმე, რომ ის უბრალოდ იძულებული იყო, რამდენიმე მკვლელი შეეწყალებინა.
_ მას უთხრეს, რომ როცა შეწყალება ხდება, აუცილებელია რამდენიმე მკვლელის შეწყალებაც. მას ისეთი ქეისები მიუტანეს, რომ ვინც არ უნდა შეეწყალებინა, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა სკანდალი, _ აღნიშნავს ჩვენი წყარო.
მისი თქმით, შემთხვვითი არაა, რომ ახლა „ოცნება“ ერთ ხმაში გმობს ზურაბიშვილს. საზოგადოებაში კი მის მიმართ საშინელი აგრესია გაჩნდა.
მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ასე პრეზიდენტს რეიტინგს დაუგდებენ. რეიტინგდავარდნილი ზურაბიშვილი კი მათთვის ზიანის მომტანი ვეღარ იქნება. ხალხი ისეა მის მიმართ უარყოფითად განწყობილი, ახლა მან „ოცნების“ ლანძღვა რომ დაიწყოს, მის მხარეზე გადავა.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ შეწყალების სკანდალში გახვეულ ზურაბიშვილს თავადაც შეუძლია „ოცნების“ შეწყალების სკანდალში გახვევა. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი მკვლელის შეწყალებას პარლამენტის დეპუტატი ითხოვდა.
შეწყალების თემაზე სკანდალი ეტყობა, „ოცნების“ ბედისწერაა. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სულ ამ თემატიკის სკანდალში არიან. დღემდე არც ერთი სკანდალი გამოძიებული არ არის.
საინტერესოა, რა ბედი ეწევა სალომეს მოწყალეობას? ეს, ალბათ, იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოიქცევა ის მომავალში.
ამ სკანდალის შემდეგ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და წინ კიდევ არის სიურპრიზები, ისე იოლად ვეღარ გადახტება ოპოზიციაში, როგორც ეს სააკაშვილის დროს მოახერხა _ საგარეო საქმეთა მინისტრობიდან ოპოზიციის ლიდერად რომ გადაიქცა.
ისე, არც ოპოზიცია გაუხარებია დიდად და 2009 წელს ის მზად იყო, კვლავ ხელისუფლების წიაღში დაბრუნებულიყო.
ჩვენს მკითხველს, ალბათ, ემახსოვრება ის აქციები, რომელიც რუსთაველზე მიდიოდა სამი თვის განმავლობაში. მაშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები იმართებოდა.
ხელისუფლება უარს ამბობდა ვანო მერაბიშვილის გადაყენებაზე. თავად მერაბიშვილი კი ოპოზიციას სთავაზობდა, თქვენი ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოუშვით, ჩემს მოადგილედ დავნიშნავ და მაკონტროლოსო.
ეს შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ყველა ლიდერმა და არალიდერმაც უარი თქვა ვანოს წინადადების მიღებაზე. მხოლოდ ზურაბიშვილი გაიქაჩა. ის წავიდა კიდევაც შსს-ში მინისტრის მოადგილედ დასაჯდომად, მაგრამ მერაბიშვილმა ახლოს არ მიიკარა.
ზემოთ შეწყალების ძველი სკანდალები ვახსენეთ და ერთი შემწყალებელი ეკა ბესელია გაშავებულია და „ოცნებიდან“ არის მოკვეთილი. მისი „ნაპარნიცა“ ამ საქმეში, მანანა კობახიძეც, გაშავებულია, მაგრამ მოწყალე ბიძინას წყალობით საკონსტიტუციოს მოსამართლეა.
ახლა სალომე უნდა დაფიქრდეს, ოპოზიციურ ფლანგზე ურჩევნია გაშავებულს ყოფნა, თუ პრეზიდენტის პოსტზე?

შორენა მარსაგიშვილი