მასწავლებელი, რომელმაც სკოლა დახურვას გადაარჩინა, უმუშევარი დარჩა

საქართველო მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება მთიან და საზღვრისპირა რეგიონებშია. სოფლების დაცლის მიზეზი ხშირად სკოლის არქონა ხდება. სკოლების გარეშე დარჩენილი სოფლების ბავშვებს კილომეტრების გავლა უწევთ, რომ სხვა სოფლის სკოლებში იარონ. მშობლები იძულებული ხდებიან, რომ ეს სოფელი დატოვონ და იქ დასახლდნენ, სადაც სკოლა მაინც იქნება.

სკოლის გარეშე დარჩენა ემუქრებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობს. იყო დრო, როცა ამ სკოლაში მხოლოდ ერთი ბავშვი სწავლობდა. მასწავლებლების თავგამოდება რომ არა, ეს სკოლა დღეს აღარ იარსებებდა, ხოლო სოფელი დაიცლებოდა, საზღვრისპირა რაიონში სოფლის დაცლა კი ავისმომასწავებელია. განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელზეც ოკუპანტი სახელმწიფო აცხადებს პრეტენზიას. მოსკოვის დავალებით ცხინვალმა უკვე საჯაროდ გამოთქვა ყაზბეგზე პრეტენზიები და განაცხადა, რომ ეს ტერიტორია აღმოსავლეთ ოსეთია და ის დედა ოსეთს უნდა დაუბრუნდეს.
ერთ-ერთი, ვინც ძნელად მისადგომი სოფლის სკოლის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა, კახა გოდერძიშვილია. ის ბავშვებს ისტორიას ასწავლიდა და 2 წლის მანძილზე კილომეტრებს ფეხით გადიოდა, რათა მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის ჩაეტარებინა გაკვეთილი.
რას ფიქრობდა თოვლსა და ქარბუქში სკოლაში მიმავალი? რა შეუძლია სკოლას? რით ამაყობს და რა აძლევს საბაბს, რომ ბედნიერი იყოს? როგორ დავიცვათ საზღვრისპირა რეგიონები? _ „ქრონიკა+“-ს კახა გოდერძიშვილი ესაუბრება:

_ ბატონო კახა, წლების განმავლობაში თქვენ სკოლის მასწავლებელი იყავით, სადაც ერთადერთი მოსწავლე ირიცხებოდა. მისთვის გაკვეთილი რომ ჩაგეტარებინათ, 15 კილომეტრზე მეტის გავლა ფეხით გიწევდათ. თოვლსა და ქარბუქში ფეხით ამ გზის გავლა შეუძლებელია, თქვენ კი დადიოდით. რისთვის აკეთებდით ამას? ხელფასისთვის ნამდვილად არა, რადგან მასწავლებლის ხელფასი დაბალია, მაშინ კიდევ უფრო დაბალი იყო.
_ ხელფასის გულისთვის ნამდვილად არ ვივლიდი ამხელა გზაზე ფეხით, თანაც წლების წინათ რა იყო მასწავლებლის ხელფასი, _ არაფერი. მიზერულ თანხას ვიღებდით. შემეძლო, სხვა სკოლაშიც მეშოვა სამსახური, მაგრამ არც მიცდია, რადგან ამ სკოლის გადარჩენა მსურდა.
სკოლაში ერთადერთი მოსწავლე გვყავდა და ისედაც დღის წესრიგში იყო მისი დახურვა, მასწავლებლებიც რომ წამოვსულიყავით, მას უეჭველად დახურავდნენ. სკოლის გარეშე დარჩენილი სოფელი კი დაიცლებოდა. სოფელი ისედაც დაცლის პირას არის. სკოლის დახურვის შემთხვევაში არავინ გახსნიდა საბავშვო ბაღს.
საბავშვო ბაღის გამო რაიონის გამგეობასთან ხშირად მიკამათია. ვეუბნებოდი, რომ ბაღის გარეშე სოფლის დატოვება არ შეიძლებოდა. იმისთვის, რომ სოფელი სკოლის გარეშე არ დარჩენილიყო, ხშირად მიწევდა ფეხით მძიმე გზის გავლა. ძნელი იყო ამ გზაზე სიარული, მაგრამ დღეს საერთოდ არ მახსოვს ეს სირთულეები, რადგანაც დღეს ყანობს სკოლაც აქვს და საბავშვო ბაღიც.
ამ სოფლის ბაღში 15 აღსაზრდელია, სკოლის დაწყებით კლასებში კი _ 8 მოსწავლე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სოფელი დაცლისგან გადავარჩინეთ. მეტსაც გეტყვით, სოფელში ხალხი საცხოვრებლად დაბრუნდა, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.
_ გზა, რომელიც თქვენი სოფლიდან ყანობამდეა, საკმაოდ რთულია. მისი გავლა განსაკუთრებით ზამთარში იქნებოდა ძნელი. როცა გაუკვალავ თოვლში გიწევდათ სიარული, რაზე ფიქრობდით? ერთხელ მაინც არ გაგივლიათ გულში, რომ მოდი, თავს დავანებებ ამ საქმესო?
_ ზამთარში, როცა ფეხით მიწევდა სიარული, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ სკოლამდე მივსულიყავი. კარგად ვაცნობიერებდი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკისრებული მქონდა. სკოლაში მასწავლებლად მუშაობა, ჯერ კიდევ, სტუდენტობის დროს დავიწყე. ყანობის სკოლაში 9 წელი ვასწავლიდი.
აქედან 2 წელი სკოლას მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავდა და იმ ერთ მოსწავლეს ვუტარებდით მასწავლებლები გაკვეთილებს.
სკოლაში მუშაობა როცა დავიწყე, ახალგაზრდა ვიყავი და ბავშვებთან მალევე დავამყარე კარგი ურთიერთობა. ისინი მენდობოდნენ, პატივს მცემდნენ და უფლება ამ მქონდა, უამინდობის ან უგზოობის გამო მათთვის გაკვეთილი გამეცდინა.
_ ერთი ბავშვისთვის არ იყო რთული გაკვეთილის ჩატარება?
_ იოლი არ იყო. გაკვეთილის ჩატარება იოლი არასდროს არის. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. არ აქვს მნიშვნელობა, ერთ ბავშვს უტარებ, თუ _ ათს.
ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ერთმა შემთხვევამ: ერთხელ სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი ჩემს სოფელში, ერობა გამოვიარე. ერობას ყაზბეგში იმ ადგილს ეძახიან, სადაც ხალხი იკრიბება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბირჟა. იქ თავმოყრილი იყვნენ პატარა ბავშვები, საბავშვო ბაღის ასაკისანი. მოვეფერე და გამოველაპარაკე მათ. წამოსვლა რომ დავაპირე, გამომეკიდნენ და მომძახოდნენ, _ კახა მასწავლებელო, არ წახვიდეთო!
ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და მაშინ ვთქვი, _ ყველაფერს გავაკეთებ, ამ ბავშვებს სკოლაც ჰქონდეთ და საბავშვო ბაღიც-მეთქი. მაშინ ყანობში საბავშვო ბაღი არ იყო.
იმ პერიოდში ჩემი პრობლემებიც მქონდა, მაგრამ ის დავივიწყე და მთლიანად ამ საქმეზე გადავერთე. პედაგოგი პირად პრობლემებზე მაღლა თუ არ დადგა, ის ვერაფერს შექმნის.
_ იმ გზის, რომლის გავლაც ზოგჯერ ფეხით გიწევდათ, საკმაოდ დიდი ნაწილი უკაცრიელია. იქ ზამთარში ხშირად მტაცებელი ცხოველებიც დადიან. მგელი ყაზბეგში იშვიათობა არ არის და თქვენც ხომ არ გადაგყრიათ სადმე?
_ სოფლის მცხოვრებლები ყოველთვის მაფრთხილებდნენ, რომ საღამო ხანს არ გამერისკა ჩემს სოფელში წასვლა, რადგანაც შეიძლებოდა, სადმე ნადირს გადავყროდი. ზამთარში გარეული ცხოველები დღისითაც ჩამოდიან სოფლებში, მაგრამ მე მათთან შეხვედრამ, საბედნიეროდ, არ მომიწია.
სამაგიეროდ, ახალდადებულ თოვლზე ხშირად მინახავს მათი ნაკვალევი. ვიცოდი, რომ მგლები სადღაც იქვე დადიოდნენ. ვცდილობდი, მათზე არ მეფიქრა, მგელი ძალიან მშიერი თუ არ არის, ადამიანს თავს არ ესხმის.
მგლებს გადარჩენილი ვარ, მაგრამ ზვავსაშიშ სიტუაციაში მოვყოლილვარ. ამ საფრთხის წინაშე ყანობის მცხოვრებლებიც არაერთხელ დამდგარან. მთაში ზვავი იშვიათობას არ წარმოადგენს და ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.
იყო სხვა რისკებიც, მაგრამ არც მათზე მინდოდა ფიქრი. ერთი საზრუნავი მქონდა _ ყანობში სკოლა უნდა გადაგვერჩინა. თანაც ამ სკოლის დახურვა რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში.
ჩემ შესახებ გადაცემა მოამზადა გოდერძი შარაშიამაც. „იმედის გმირებში“ გამოჩენას მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ყველასთვის მეჩვენებინა, თუ ერთი ბავშვი მაინც ივლის, სკოლა არ უნდა დაიხუროს.
მაშინდელი კანონმდებლობით სკოლები, სადაც მხოლოდ ერთი ბავშვი სწავლობდა, უნდა დახურულიყო. ერთ დღეს, როცა გაკვეთილი არ მქონდა სკოლაში კომისია მივიდა. განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ძალიან გაიკვირვეს, როცა გაიგეს, რომ სკოლაში მხოლოდ ერთი ბავშვი სწავლობდა და ის მაინც ფუნქციონირებდა.
რაღაცნაირად მოვახერხეთ, რომ სკოლა გადავარჩინეთ. ამაში წვლილი ყველამ შეიტანა. სხვა მასწავლებლებსაც შეეძლოთ სკოლიდან წასვლა, მაგრამ არ წავიდნენ. ყველამ გავიჭირვეთ, მაგრამ ეს ამად ღირდა _ დაცლის საშიშროების წინაშე მდგარ სოფელს დღეს სკოლაც აქვს და საბავშვო ბაღიც.
ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავია. როგორც არ უნდა მიჭირდეს, ამ სკოლის ისტორიას ვიხსენებ და ჩემს თავს ვეუბნები, მიდი, იბრძოლე, ერთხელ ხომ დაამტკიცე, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ისიც კარგად მახსოვს, თუ როგორ სკეპტიკურად იყო განწყობილი სოფლის მოსახლეობა. ყანობელები გვეუბნებოდნენ, ტყუილად ნუ დადიხართ ამ თოვლსა და უბედურებაში, აქ საბავშვო ბაღს არავინ გახსნისო. ახლა ამ სოფელში საბავშვო ბაღი არის, სადაც 15 აღსაზრდელია. აი, ნიშანი იმისა, რომ ტყუილად არ მივლია.
დარწმუნებული ვარ, ამ საბავშვო ბაღში კიდევ უფრო ბევრი ბავშვი ისწავლის და ეს სოფელი არასდროს დაიცლება. საზღვრისპირა და მთის რეგიონებში ერთი ადამიანის შენარჩუნებაც კი დიდი საქმეა.
_ საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის შენარჩუნება მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყაზბეგი, სამწუხაროდ, იცლება და ჩვენი მეზობელი ქვეყანა მასზე დაუფარავ პრეტენზიებს გამოთქვამს. ცხინვალის ხელისუფლებას გააჟღერებინეს, რომ ეს ტერიტორია „აღმოსავლეთ ოსეთს“ ეკუთვნის. როგორც ისტორიკოსი, რას გვეტყვით ამაზე?
_ ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი სასაცილოდ მეჩვენება. რატომ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს მიწა საქართველოს ეკუთვნის? ის ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო. ეს ძალიან კარგად იციან ოსებმაც და რუსებმაც. კრემლს თავისი მიზნები აქვს და ცდილობს, საქართველოზე ზეწოლის კიდევ ერთი ბერკეტი აამოქმედოს. „აღმოსავლეთ ოსეთის“ თემის გააქტიურება სხვა არაფერია.
_ როგორც ამბობენ, ეს პრეტენზიები, ჯერ კიდევ, კომუნისტების დროს გაჩნდა. ეს ის პერიოდია, როცა ცხინვალში სიტუაცია დაიძაბა. თქვენ ვლადიკავკაზის ქართული სკოლა გაქვთ დამთავრებული და იქ თუ იყო ამ თემებზე საუბარი?
_ სკოლა 1988 წელს დავამთავრე, მანამდე, სანამ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბებოდა. „სამხრეთ ოსეთზე“ საუბრობდნენ, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელ წარმონაქმნზე ან ოსურ მიწაზე. ყველამ იცოდა, რომ ეს იყო ავტონომია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა. ტერმინი „აღმოსავლეთ ოსეთი“ კი არც კი უხსენებია ვინმეს.
თან მაშინ ყაზბეგის ტერიტორიაზე, თრუსოს ხეობაში, ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ოსური მოსახლეობა, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია ვინმეს იმის თქმა, რომ ეს ოსური მიწაა. ყველამ იცოდა, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
როდესაც ცხინვალში საქმე ომამდე მივიდა, არც მაშინ შეცვლილა რამე. თრუსოდან ოსები სხვადასვა მიზეზით ისტორიულ სამშობლოში _ ალანიაში დაბრუნდნენ. მათ სახლ-კარს კი ყაზბეგის მოსახლეობა იცავდა.
ჩრდილოეთ ოსეთს ყაზბეგზე პრეტენზია არასდროს გამოუხატავს, ცხინვალი კი კრემლის დავალებებს ასრულებს. ისინი ერთად ცდილობენ, საქართველოს დისკომფორტი შეუქმნან.
_ თქვენ გვირჩევთ, რომ „აღმოსავლეთ ოსეთზე“ გამოთქმულ პრეტენზიებს დიდი ყურადღება არ მივაქციოთ?
_ ეს თემა შემოგდებულია. სულ უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა მიზნით წამოიწია ეს თემა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ არც პანიკის ატეხა ღირს. არ უნდა ვიძახოთ, რომ რუსეთი ამ ტერიტორიასაც წაიღებს.
გასული საუკუნის 90-იან წლებშიც იყო არაერთი მცდელობა, რომ ყაზბეგში პროვოკაცია მოეწყოთ, მაგრამ არც ქართული და არც ოსური მხარე პროვოკაციას არ წამოეგო. ოსურ მხარეზე როცა ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს „ჩრდილოეთ ოსეთი“. ჩვენ შორის ყოველთვის იყო სახალხო დიპლომატია და ეს ტრადიცია არც ახლა უნდა მოიშალოს. პროვოკაციების თავიდან აცილება მხოლოდ ასე შეიძლება.
გასული საუკუნის 90-იანი წლებისგან განსხვავებით, რუსეთი ახლა უფრო დახვეწილი მეთოდებით მოქმედებს. ჩვენც დახვეწილი კონტრზომები უნდა მივიღოთ, რომ მათ მიზანს არ მიაღწიონ.
ამის ერთ-ერთი წამალი იქნება ის, რომ ეს ტერიტორია ხალხისგან არ დაიცალოს. დაცლილი რეგიონის დაპატრონება უფრო იოლი იქნება.
_ სამწუხაროდ, ყაზბეგი ნელ-ნელა იცლება.
_ ამ მხრივ ცოტა უკეთესობისკენ გვაქვს საქმე. მოსახლეობის ნაწილი ნელ-ნელა ბრუნდება. ბოლო წლებში რაღაც პერსპექტივა გაჩნდა. ტურიზმის განვითარებამ აქ შემოსავალი გააჩინა, სამუშაო ადგილებიც შეიქმნა, მაგრამ საქმეს მხოლოდ ტურიზმის განვითარება ვერ უშველის.
რეგიონისთვის აუცილებელია მესაქონლეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაც, მაგრამ ეს დარგები არ ვითარდება. ყაზბეგში ტურიზმი მათი განადგურების ხარჯზე ვითარდება.
სამწუხაროა ისიც, რომ ტურიზმი მხოლოდ ორ ლოკაციაზე _ სტეფანწმინდასა და გერგეტში ვითარდება, დანარჩენი სოფლები ისეა დატოვებული. იმას არ ვამბობ, რომ ამ სოფლებში ვინმე კრძალავდეს ტურისტული სფეროს განვითარებას _ აქ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ არის, ამის გარეშე კი ტურიზმი წარმოუდგენელია.
სასმელი წყლის ხარისხის პრობლემა მთელ საქართველოს წუხებს. ამ მხრივ ჩემს სოფელში _ აჩხოტში _ საოცრება ხდება. ონკანიდან საშინელება მოდის. ჩვენთანაც გაიხსნა რამდენიმე საოჯახო სასტუმრო და მათ მფლობელებს ხშირად ვესაუბრები. მეუბნებიან, ერთ სიცოცხლეს ვათავებთ, როცა სტუმარი ონკანს უშვებს _ იქიდან წყლის ნაცვლად ტალახი მოდისო.
ბუნებით და პირობებით ტურისტები კმაყოფილები არიან, მაგრამ ასეთ წყალს რომ ხედავენ, გაქცევა უნდათ. ეს წყალი ერთგვარი ანტირეკლამის როლს ასრულებს.
ტურიზმის განვითარებას კიდევ სხვა ფაქტორებიც უშლის ხელს. გრანტის მიღება გამორიცხულია, მაგრამ არც დაბალპროცენტიანი სესხები არის, რომ მოსახლეობამ თავის კუთვნილ მიწაზე პატარა სასტუმრო ააშენოს. ამიტომ ისინი იძულებული არიან, ეს მიწები გაყიდონ, რასაც მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.
_ რატომ ეწინააღმდეგებით, მიწა მისია და ვისზეც უნდა, იმაზე გაყიდის.
_ ეს ასეა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის საზღვრისპირა რეგიონი. ახლა მიწებს საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ ისინი ამ მიწებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გაყიდიან?! ხომ შეიძლება, ეს მიწები იმ ქვეყნის მოქალაქეებმა იყიდონ, რომელიც ჩვენს ტერიტორიებზე აცხადებს პრეტენზიებს?!
ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო. ამიტომ უნდა მიეცეს ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება, თავის მიწაზე რაღაც გააკეთოს.
_ თქვენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ახსენეთ. დასამალი არაა, რომ ყაზბეგის მოსახლეობის ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ისინი წლებია, იქ ცხოვრობენ, ხშირად დადიან ყაზბეგში და ხომ არ არის საფრთხე, რომ კრემლმა პროვოკაციის მოსაწყობად გამოიყენოს?
_ მათ გამოყენებას, ალბათ, რუსეთი შეეცდებოდა. ის ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ასეთ დროს ყველაფერი მოსულა. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით დღემდე არაფერი მომხდარა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე იქნება. რუსეთის მოქალაქეობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წავიდეს. ამ ადამიანებისთვის კი სამშობლო ყოველთვის საქართველო იქნება.
სერიოზული პრობლემა აქვს მოსახლეობას მიწების დაკანონებაზე. წლებია, ეს დავა მიდის, მაგრამ საკითხი დღემდე ვერ მოგვარდა, რაც ტურიზმის განვითარებას სერიოზულად უშლის ხელს.
სახელმწიფო ვალდებულია, ეს პრობლემა მოაგვაროს. განვითარებული ტურიზმი ნიშნავს, რომ რაიონში მოსახლეობა დაბრუნდება, ყაზბეგი აღარ დაიცლება და უპატრონო ეკლესიასაც ეშმაკები ვეღარ დაეპატრონებიან.
_ ისევ თქვენზე ვისაუბროთ: თქვენ დღეს უმუშევარი ხართ. რატომ ვერ მოიძებნა თქვენთვის სამსახური? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი გაქვთ გაკეთებული იმისთვის, რათა ერთი ლამაზი სოფლისთვის სკოლა შეგენერჩუნებინათ.
_ უმუშევარი მარტო მე არ ვარ, ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი. სამსახურების გარეშე ისეთი ხალხი დატოვეს, რომლებსაც შეეძლოთ, ეპოქა შეექმნათ. პირადად ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს, ხელისუფლებაში „ოცნება“ რომ მოსულიყო, მაგრამ ისინი, რატომღაც, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ. ჩემი უმუშევრობა მათთან რა მოსატანია.
მათთან ხშირად ვსაუბრობ და მეუბნებიან, სამსახურისთვის არ გვიბრძოლია, მაგრამ არც ის გვეგონა, თუ ასე დაგვაიგნორირებდნენო. ჩემს უმუშევრობას რაც შეეხება, მე თავად წამოვედი სკოლიდან.
_ ამის მიზეზი რა იყო, დაიღალეთ ამდენი სიარულით?
_ არ დავღლილვარ, მიზანს მივაღწიე _ სოფელს სკოლა შევუნარჩუნე და გადავწყვიტე, პედაგოგიური მოღვაწეობა დამესრულებინა. საბედნიეროდ, სკოლებში ძალიან კარგი ისტორიკოსები ასწავლიან და იქ ჩემი მისვლა აღარ იყო საჭირო.
მასწავლებლობიდან რომ წამოვედი, უკვე სხვა მიზანი მქონდა დასახული. მსურდა, გადამერჩინა სნოური პოეზია. ამისთვის კულტურის სფეროში მინდოდა დასაქმება, მაგრამ არ გამოვიდა.
_ იქნებ, ჩვენს მკითხველს აუხსნათ, რას ნიშნავს სნოური პოეზია? მე და თქვენ კი ვიცით, ეს რაც არის, მაგრამ მათ ნამდვილად არ იციან.
_ სნოური პოეზია, ეს უნიკალური რამეა. სნოს მოსახლეობა ლექსის თქმის ნიჭით იყო დაჯილდოებული. სნოვლები ერთმანეთში ლექსებით საუბრობდნენ. უამრავი ლამაზი ლექსია ნათქვამი. ეს ლექსები ჩვენს შთამომავლობას აუცილებლად უნდა დარჩეს.
მკითხველისთვის რომ უფრო გასაგები იყოს. სნოური პოეზია ფშაური კაფიის მაგვარია. სნოში თითქმის ყველას შეეძლო ლექსების მოგონება. ეს ტრადიცია ახლა დავიწყებას მიეცა, დავიწყებას მიეცა ის უნიკალური ლექსებიც, რომელიც ამ ლამაზმა ტრადიციამ გააჩინა.
_ კულტურის სფეროში რატომ ვერ დასაქმდით? თან რა მაგარი მიზანი გქონიათ! თქვენზე კარგად ამ საქმეს ბევრი ვერ გააკეთებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მამათქვენი ცნობილი მელექსე იყო.
_ ვერ გეტყვით, რატომ გაჭირდა ჩემთვის სამსახურის შოვნა. ხომ გითხარით, ისეთი ადამიანები დარჩნენ უსამსახუროდ, რომლებსაც შეეძლოთ, ეპოქა შეექმნათ. მათთან შედარებით მე არფერი ვარ.
გული იმაზე მწყდება, რომ ამ უნიკალური ლექსების გადასარჩენად ვერაფერს გავაკეთებ. ამ ლექსებს აგროვებდა სახალხო მთქმელი იორამ ღუდუშაური. ამ შესანიშნავმა ადამიანმა რამდენიმე წელი იავადმყოფა და ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. რამდენადაც ვიცი, ეს არქივი მის დისშვილს აქვს. ეს არქივი თუ დაიკარგა, ჩათვალეთ, რომ სნო დაიკარგება.
_ სნოს ახლა, ძირითადად, იცნობენ, როგორც წყალ „სნოს“ და როგორც პატრიარქის სოფელს.
_ კი ბატონო, სნო პატრიარქის სოფელია, მაგრამ ეს სოფელი თავისი პოეზიითაც იყო გამორჩეული. იმედი მაქვს, რომ ის არქივი არ დაიკარგება და ამ უნიკალურ ლექსებს გადავარჩენთ. ახლა ესაა ჩემი მთავარი ამოცანა.

შორენა მარსაგიშვილი