2011 წლის მოლოდინში

საქართველოში სრულიად აშკარად დგას 2011 წლის სურნელი…
აქ მთავარი თარიღები არ არის _ 30 წლის მანძილზე ყოველ ხელისუფლებას ჰქონდა თავისი, პირადი 2011 წელი და ეს არის ჩვენი, მკვეთრად პერსონიფიცირებული და ცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილი.

სამწუხაროდ, დღესაც, 2019 წელს, ისევე როგორც 2011-ში, 2003-ში და 1991-ში, ქვეყანას მართავს არა ინსტიტუტებზე დამყარებული სისტემა, არამედ კონკრეტული ლიდერების ნება. ადამიანი კი, მოგეხსენებათ, რთული არსებაა და მისთვის ბრმად მინდობა ისეთი საქმის, როგორიცაა სახელმწიფოს მართვა _ ძალზე სარისკოა.
ყველაზე პრაგმატული, გაწონასწორებული და რაციონალური ლიდერიც კი, ადრე თუ გვიან, კარგავს ადეკვატურობას მაშინ, როდესაც მის ხელში აღმოჩნდება განუსაზღვრელი ძალაუფლება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში არ არსებობს არც ერთი ასეთი _ პრაგმატული და რაციონალური _ პოლიტიკური ლიდერი და მმართველები, ძირითადად, უხმობენ საკუთარ ინსტინქტებსა და ხუშტურებს _ გასაგები ხდება, რომ 2011 წელი ამ სისტემის ბუნებრივი და გარდაუვალი ნაწილია.
2011 წელს მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ მოწყდა რეალობას და გაფრინდა ასტრალში, მასთან ერთად კი _ პოლიტიკური სისტემა. 2011 წელი _ ეს არის პერიოდი, როდესაც ხელისუფლება ვერ გრძნობს, რომ აკეთებს სისულელეებს, ყოველდღე აღიზიანებს გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით საკუთარ მოქალაქეებს, არ უსმენს კრიტიკას, გვერდით მხოლოდ ლაქიებსა და მლიქვნელებს იყენებს და რეალურ პრობლემებთან საბრძოლველად პროპაგანდას აათმაგებს.
საბოლოო ჯამში, ის ითხრის საფლავს _ ასე იყო 2003-ში, როდესაც შევარდნაძის ისედაც საოცრად არაეფექტიანი ხელისუფლება საბოლოოდ გაიხრწნა და დალპა, 2011-ში, როდესაც სააკაშვილის საკმაოდ ეფექტიანი რეჟიმი გადაიზარდა რაღაც კვაზიდიქტატურაში და ყოველდღე აძლევდა მაშინდელ ოპოზიციას არგუმენტებს თავის საწინაამღდეგოდ.
როგორც ჩანს, დღეს ბიძინა იმყოფება იგივე სტადიაში…
არაფერი გასაკვირი და მოულოდნელი აქ არ არის _ 2011 წელი ქართული პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილია. თუ გვსურს გავიგოთ, _ რატომ? _ უნდა გავიაზროთ ქართული პატერნალიზმის თავისებურებები. ის კი ძალიან განსხვავდება, მაგალითად, რუსულისგან.
ვინ არის ერთპიროვნული მმართველი რუსეთში? ეს არის მამა-მარჩენალი, ღვთაება, რომელზედაც არ ვრცელდება არავითარი ნეგატივი. პარადოქსია, მაგრამ რუსეთში რიგით ადამიანებს ეზიზღებათ მთელი მმართველი სისტემა _ მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, გუბერნატორები, მაღალჩინოსნები, თუმცა ეს არანაირად არ ეხება პირადად პუტინს. ის დგას ამაზე მაღლა.
ყველაფერი კარგი, რაც ხდება რუსეთში _ არის პირადად პუტინის დამსახურება, თუ რამე ხდება ცუდი _ ყველა დანარჩენის.
ქართული პატერნალიზმი თვისობრივად სხვანაირია _ ქართველი ირჩევს არა ღვთაებასა და მამა-მარჩენალს, რომელიც არ აგებს პასუხს არაფერზე, არამედ მდიდარ ნათესავს, მეურვეს, რომელიც ვალდებულია, ის არჩინოს და თანაც ყოველდღე მადლობა უხადოს ნდობისთვის.
რუსეთისგან განსხვავებით აქ სწორედ პირველი პირია ყველაფერზე პასუხისმგებელი _ თუ სადმე ყრუ სოფელში ცუდად დააგეს გზა, ეს არის არა ადგილობრივი მაღალჩინოსნის, არამედ პირადად მისი, უზენაესი მმართველის პასუხისმგებლობა.
გასაგებია, რომ ამ ვითარებაში დიდხანს პოპულარობის შენარჩუნება სრულიად შეუძლებელია და რამდენიმე წელიწადში, ეტაპობრივად, უსაზღვრო სიყვარული ასეთივე უსაზღვრო ზიზღში გადადის. ამ სიტუაციაში კუთხეში მიმწყვდეული ერთპიროვნული მმართველი ცდილობს, გაუმკლავდეს ზრდად პროტესტებს და ამას ზუსტად ისე აკეთებს, როგორც უნდა აკეთებდეს ერთპიროვნული ავტორიტარული ლიდერი _ პროპაგანდით, ზიზღის ენით, მოწინააღმდეგეების დემონიზებით, ბოლოს კი _ ღია ზეწოლით და რეპრესიებით.
საბოლოო ჯამში, ის გადის გრძელ და ეკლიან გზას _ დასაწყისში საყოველთაო აღტაცება და სიყვარული, შემდეგ საყოველთაო გაკვირვება იმის გამო, რომ თურმე ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ამომრჩეველს წარმოედგინა, შემდგეგ ანტიპათია ღრმავდება და ყველაფერი ეს თავდება მრავალათასიანი მიტინგებით და მოთხოვნით: „წადი!“
შემდეგ ხალხი ეძებს ახალ მეურვეს, პოულობს მას, გადის მოკლე გზას საყოველთაო სიყვარულიდან საყოველთაო ზიზღამდე და ასე დაუსრულებლად, წრეზე…
რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი არაა გადაწყვეტილი და 2011 წლის შემდეგ 2012 წლის მოსვლა სულაც არაა გარანტირებული _ 2020 წელს „ოცნებას“ შეუძლია გამარჯვება, რადგანაც ის ფლობს თავის მთავარ აქტივებს, რომელიც არსად გამქრალა მაჟორიტარულ სისტემასთან ერთად: დიდი ფული, მორჩილი ადმინისტრაციული აპარატი და მოსახლეობის 10-15%, რომელიც იმდენად ვერ იტანს წინა ხელისუფლებას, რომ მზადაა, ხმა მისცეს ნებისმიერ მასთან დაპირისპირებულ ძალას.
თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ 2011 წელს მოჰყვეს 2012 და თუ ეს არ მოხდა, ზემოხსენებული რესურსებისა და იღბლის დამსახურება იქნება.
მოკლედ, ასეა თუ ისე, სრულიად აშკარაა, რომ ქართული პატერნალიზმის ტრადიცია საბოლოოდ შევიდა ჩიხში და ის უკვე ვერ იძლევა ვერანაირ შედეგს. 30 წლის მანძილზე პოლიტიკოსები, და მათთან ერთად ქვეყანაც, ერთსა და იმავე გზას გადიან _ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი რამდენიმე წელი მეტ-ნაკლებად არაუშავს, შემდეგ კი მიდის სწრაფი და გარდაუვალი დეგრადაცია.
ამიტომაც ძალზე მიამიტურია წარმოდგენა, რომ საქართველოში შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დიქტატურის გზით. რეალობა ნათლად გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში ყველაფერი საპირისპიროდაა _ ნებისმიერი ლიდერი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს _ ლპება და იხრწნება, ხოლო მისი ეფექტიანობა იკარგება მმართველობიდან უკვე სულ რაღაც 4-5 წლის შემდეგ. სააკაშვილის ძალიან ეფექტურმა ხელისუფლებამაც და დღევანდელმა მკვდრადშობილმა ქოცობამაც თითქმის ერთნაირად და ერთ ვადებში გაიარეს ეს გზა.
ასევე მიამიტობაა პარალელები წარმატებულ დიქტატურებთან _ ისეთებთან, როგორც ლი კუან იუს სინგაპური და პინოჩეტის ჩილე. ჯერ ერთი, სინგაპურის მოსახლეობის 70% არის ჩინელი, ეს კი განსაკუთრებული ერია _ მისი შედარება ქართველებთან სრულიად უადგილოა, მაგალითად, ისეთ საკითხებში, როგორც მორჩილების კულტურა, კანონის პატივისცემა და შრომისმოყვარეობაა. ამ მხრივ საქართველო ასობით წლით ჩამორჩება ჩინელებს და მით უმეტეს, სინგაპურელებს.
რაც შეეხება მენტალურად უფრო ახლო მდგომ ლათინურ ამერიკას, იქ წარმატებული დიქტატურის ერთ მაგალითზე წარუმატებელი ტირანიის ასობით პრეცედენტი მოდის, პინოჩეტი კი უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.
საქართველოს აქვს ამ მოჯადოებული წრიდან გაღწევის მხოლოდ ერთი გზა _ მეურვის არჩევის ტრადიციაზე უარის თქმა, ხელისუფლებაში პარტიებისა და არა ფანკლუბების მოყვანა და რაც მთავარია, ინსტიტუტების შენება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უსასრულოდ განვაგრძობთ სირბილს ერთსა და იგივე წრეზე – მორიგი 2011 წლის მოლოდინში.

თენგიზ აბლოთია