გია ხუხაშვილი: „ივანიშვილი დაიღალა, მთელი ჭუჭყი და ტალახი მასზე მოდის“

მმართველი გუნდის მიერ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დასახელებას თავიდანვე ხმაური მოყვა, ასევე ხმაურიანი იყო შს მინისტრად ვახტანგ გომელაურის, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაც. ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა განახლებული მთავრობის შემადგენლობის შეხვედრებმა ოპოზიციასთან. საბოლოო ჯამში კი განახლებული მთავრობა პარლამენტმა დაამტკიცა. სამთავრობო ცვლილებებმა უამრავი თემა გახადა აქტუალური.

რამდენად ლოგიკური სვლა განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული ცვლილებებით? რატომ დადო ფსონი მან გიორგი გახარიაზე? როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური მოზაიკა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, როგორ ფიქრობთ, რა მიზნით განხორციელდა სამთავრობო ცვლილებები? უკავშირებთ თუ არა ამ პროცესებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს? რამდენად სწორი სვლა იყო ივანიშვილის მხრიდან გახარიას გაპრემიერება?
_ ამ ყველაფერს ორი ჭრილი აქვს: ერთი _ სახელმწიფოებრივი, მეორე _ პოლიტ-ტექნოლოგიური. რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად ეს გადაწყვეტილება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ გარკვეულ მორალურ ასპექტებზე და სახელმწიფოებრივი, პოზიტიური დღის წესრიგის საკითხებზეც. სამწუხაროდ, არც ერთთან და არც მეორესთან საქმე არ გვაქვს, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რაც ის გახლავთ, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ იგივე სქემის დალაგება სჭირდება, რასაც ჰქვია შუას გაკრეფა და ისევ ორპულუსიანი მოცემულობის ფორმირება. ანუ იმ განწყობის შექმნა, რომ სამყაროში არსებობს ორი ძალა: კეთილი „ქართული ოცნება“ და ბოროტი „ნაციონალური მოძრაობა“, ამათ გარდა თითქოს სხვა არავინ არის და გენერალური ბრძოლის კიდევ ერთი რაუნდი უნდა გაიმართოს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ამოცანა თავისთავად ნეგატიურია, „ქართულ ოცნებას“ თავის მხარეს იმდენად გმირი არ სჭირდება, რამდენადაც _ ანტიგმირი, რომელიც ოპონენტებისთვის არის მაქსიმალურად მიუღებელი იმისთვის, რომ ფრონტის ხაზი მკვეთრად გაატარონ. გახარია ზუსტად ასეთია, ის ოპონენტებისთვის არის ანტიგმირი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის _ გმირი. გახარია ყველაზე კომფორტული ფიგურაა ტემპერატურის ასაწევად და ორპულუსიანი პოლიტიკური პროცესის ინიცირებისთვის. ეს არის, ალბათ, მთავარი მოტივი. გახარია თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, მინისტრთა კაბინეტში, რა თქმა უნდა, სხვებზე მაღლა დგას. ამ ქვეყანაში ყველაფერი ფარდობითია და იმ ფონზე, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, გახარია შედარებით უკეთესად გამოიყურება. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი დაიღალა, როცა მთელი ტვირთი მასზე გადავიდა, წინასაარჩევნოდაც და ისედაც მთელი ჭუჭყი და ტალახი მასზე მოდის. რაღაცნაირად, მას ახლა იმედი აქვს, რომ თვითონ დარჩება კულისებში და ანტიგმირის როლს მთლიანად გახარია იტვირთებს და ნაწილობრივ მაინც, ივანიშვილი ოპონენტებს დაავიწყდებათ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა გადავა გახარიაზე, ალბათ სწორედ ეს არის მოტივი გახარიას პრემიერად დანიშვნის. თავისთავად, ეს სარისკო თამაშია, რადგან საზოგადოება ახლა ორ ნაწილად, ანუ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად არ არის გაყოფილი. საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა არც ერთი და არც მეორე. საზოგადოების ეს ნაწილი როგორ შეხვდება ამ მოცემულობას, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი რისკი ივანიშვილის ამ თამაშში. იმისთვის, რომ ივანიშვილმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულოს, საჭიროა, არ დაუშვას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა. მისი მთავარი ძალისხმევა ახლა მიმართული იქნება იმისკენ, რომ საშოშივე ჩაკლას ნებისმიერი ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობა და რესურსების გარეშე დატოვოს იგი. ამ ტენდენციას ისედაც ვიცნობთ, როდესაც, ფაქტობრივად, მთლიანად მონოპოლიზებულია მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსები, ასევე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხშირ შემთხვევაში არცთუ კანონიერი მეთოდები გამოიყენება.
_ თქვენ საუბრობთ, რომ ივანიშვილი ეცდება, ჩანასახშივე ჩაკლას ნებისმიერი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. ფაქტობრივად, „ოცნება“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების გარდა, არავისთვის დატოვოს ადგილი. ეს როგორ აისახება შიდა პოლიტიკაზე?
_ სწორედ ეს არის პრობლება. ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ დღეს ერთადერთი ამოცანა აქვს და ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება. საერთოდ არ დააყენებს სახელმწიფოებრივ დღის წესრიგს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით სახელმწიფო ინტერესი ზიანდება. ნაცვლად იმისა, რომ პოზიტიური დღის წესრიგი შევქმნათ და რეალურ პრობლემებს ვუპასუხოთ, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური, საგარეო თუ საშინაო, რისკები და საფრთხეები, ახლა ხელისუფლება ძირითადად დაკავებულია ძალაუფლებაზე ზრუნვით, ასეთ ნეგატიურ ჭრილში მიჰყავს ყველაფერი. ბუნებრივია, ამ საარჩევნო პროცესიდან ქვეყანა ძალიან სერიოზული დანაკარგებით გამოვა. როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ჩვენ ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი დანაკარგები გვექნება ყველა შემთხვევაში, როგორც საინვესტიციო გარემოს კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების, ზოგადად დემოკრატიული პროცესის წარმართვის კუთხით და ა. შ.
_ „ქართული ოცნება“ კოჰაბიტაციის ფარგლებიდან მაქსიმალურად აპირებს გასვლას. ეს, შეიძლება ითქვას, გახარიას სიტყვებით დადასტურდა, როდესაც მან პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა სიტყვებით: „მე თქვენ დაგამთავრებთ“. როგორ ფიქრობთ, რაზე მიანიშნებს გახარიას ეს ფრაზა და რა ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნება“ ამ კუთხით?
_ ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის თავზე ვიღაცის დამთავრებაზე საუბარი არასერიოზულად ჟღერს. ვფიქრობ, რომ გახარიას ეს განცხადება არ იყო დაგეგმილი, ეს იყო აფექტური განცხადება. ჩვენ ვნახეთ იმ დღეს, როგორ უტევდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გიორგი გახარიას და ის რაღაც მომენტში საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. გახარია არ არის შეჩვეული, როდესაც მას საპასუხო არაფერი აქვს და ამ სუსტ წერტილებში ურტყამდნენ მუდმივად, ეს იყო სწორედ აფექტური განცხადება. დიდი ბოდიში, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრება თუ ვინმეს უნდოდა და ამის გაკეთება შეეძლო, შანსი ჰქონდა 2013-2014 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა 300 ათას კაცს არ აღემატებოდა. მას შემდეგ, რაც, ფაქტობრივად, მათ ელექტორატი დაიბრუნეს და თითქმის გაასამმაგეს, საზოგადოების საკმაოდ მსხვილ ნაწილში, სამწუხაროდ, მათი რეაბილიტაცია მოხდა, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრებაზე საუბარი ლოგიკას მოკლებულ კუნთების თამაშს ემსგავსება. გახარიას ერთ რამეში ვეთანხმები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები ძალიან ბუნდოვანია. ეს მაინც ჩაკეტილი სისტემაა და კრიტიკულ მასას ისინი ვერ გადალახავენ, მაგრამ ის, რომ ისინი დამთავრდნენ და რუკიდან გაქრნენ, ეს ალოგიკური ნათქვამია, რადგან, ჯერჯერობით, დინამიკა მათ სასარგებლოდ მუშაობს. ამას ელექტორალური თვალსაზრისით ვგულისხმობ, ისინი ყველა შემდეგ არჩევნებზე უფრო მეტ ხმას იღებენ, ვიდრე წინაზე. შესაბამისად, გახარიას ამ განაცხადს ობიექტური საფუძველი არ აქვს.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ვამბობთ იმას, რომ ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებს განვითარების საშუალებას არ მისცემენ, ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება. ასეთ მოცემულობაში ყველაზე რეალური სცენარი რა შეიძლება იყოს?
_ საქმე ის გახლავთ, რომ იმ საარჩევნო სისტემაში, რაც დღეის მდგომარეობით გვაქვს, ხელისუფლების მხრიდან ეს ამოცანა შეიძლება მიღწევადიც ყოფილიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რა ცვლილებებიც არის დაგეგმილი საარჩევნო სისტემაში, ვგულისხმობ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ არჩევნებს, ამ პირობებში ვფიქრობ, რომ ეს იმის საფუძველს ქმნის, რომ მიუხედავად ოპოზიციური სპექტრის ზოგადი სისუსტისა, პოსტსაარჩევნო პერიოდში მულტიპარტიული მოცემულობის მიღება ძალიან რეალისტურად ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები არც გაკეთდეს. თეორიულად, ამ ორი ძირითადი ცენტრის გარდა 5-6 პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი, მათი მხრიდან 3-დან 10%-ის დიაპაზონში შედეგის მიღება, ფაქტობრივად, საფუძველს აცლის იმ პერსპექტივას, რომ ერთმა ან მეორე ცენტრმა 50% მიიღოს. სიტუაციის ყველაზე რეალისტური განვითარება იქნება, როდესაც ჩვენ პოსტსაარჩევნო პერიოდში დაგვჭირდება კოალიციური მთავრობის ფორმირება. ამ შემთხვევაში მთავარი ინტრიგა რჩება უფრო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პოლიტიკური ცენტრი არ ჩატეხს ხიდებს, ვის ხელში აღმოჩნდება ოქროს გასაღები და საბოლოოდ ვინ შეაკოწიწებს ამ კოალიციას მთავრობის ფორმირებისთვის. აქ არის მთავარი თამაში, ვინ როგორ ითამაშებს, ვინ შეიძენს საარჩევნო პროცესში პოლიტიკურ პარტნიორებს და სად იქნება შესაძლებელი შესაბამისი სისტემების ფორმირება. ჯერჯერობით, ხელისუფლება ამ კუთხით მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება, რადგან ერთადერთი ბუნებრივი პარტნიორი რაც ჩანს მის ორბიტაზე, გახლავთ „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსთან“ კოალიციის ფორმირება ხელისუფლებისთვის სხვა ტიპის დისკომფორტის შემქმნელია, _ ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზი გაივლის პრორუსულ-პროდასავლულობაზე, რაც, პრინციპში, ხელისუფლებისთვის სარისკო ნაბიჯი იქნებოდა. ხელისუფლებას „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთჯერადი კონტრაქტებით ლავირება ურჩევნია და არა სისტემური თანამშრომლობა. ასე რომ, ჯერჯერობით, სურათი ბუნდოვანია. გარდა ამისა, ჩვენ ნუ გამოვრიცხავთ, რომ ეს პოლიტიკური მოზაიკა კიდევ შეიცვალოს და ამ ყველაფერში რაღაც კორექტივები მოხდეს. იგივე ხაზარაძის ფაქტორს მოვიყვან: მასთან დაკავშირებით ძალიან ბუნდოვანი სიტუაციაა იმიტომ, რომ ხაზარაძის დიაპაზონი არ არის სტაბილური პოლიტიკური ძალა. მას გარკვეული პოლიტიკური განსაწმენდელი აქვს გასავლელი და მისი პოტენციური დიაპაზონი, დღეის მდგომარეობით, არის ნული და ეს შეიძლება იყოს სამომავლოდ 30%-მდე. ელექტორალური სეგმენტიდან გამომდინარე, შეიძლება საერთოდ გაქრეს ხაზარაძის მოძრაობა ან შეიძლება მაქსიმალური შედეგი აჩვენოს. ვფიქრობ, 1-2 თვეში უფრო ზუსტად გვეცოდინება, იგივე პოლიტიკური ელიტის ამარა ვრჩებით თუ კიდევ გაჩნდება სუფთა ფურცლიდან ახალი პოლიტიკური ცენტრები, ამის შემდეგ უკვე უფრო მეტად იქნება შესაძლებელი მოვლენების განვითარების სწორი პროგნოზირება.
_ რამდენად აქვს მამუკა ხაზარაძეს იმის შესაძლებლობა (ფინანსურს არ ვგულისხმობ), რომ ის სამომავლოდ გამოკვეთილი ფიგურა გახდეს ქართულ პოლიტიკაში?
_ პოლიტიკურ ბაზარზე სუფთა ფურცლიდან პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაზე მოთხოვნილება არის. ხაზარაძე რამდენად მოახერხებს ამას, ძნელი სათქმელია. ის ცდილობს, რომ პოზიცია დაიჭიროს და უპასუხოს იმ ამომრჩევლების მოთხოვნილებებს, რომელსაც არ მოსწონს არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ჯერჯერობით, აქეთაც მიდის ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მას აბრალებენ, თითქოს ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის შეკრული, „ნაციონალური მოძრაობა“ კი აბრალებს, რომ „ქართულ ოცნებასთანაა“ შეკრული. ეს ხაზარაძისთვის მომგებიანი პოზიციაა, როდესაც მას ორივე მხრიდან ურტყამენ, ერთი მხრივ, ეს შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამის მინუსი ის არის, რომ როცა ორი ძლიერი ცენტრი გირტყამს, შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, ძალიან გაილახო ან საერთოდ გავარდე თამაშიდან. თუ ხაზარაძე გაუძლებს, ამ ორ ცეცხლშუა გაივლის და არ მოუწევს თამაშიდან საერთოდ გასვლა, მაშინ შეიძლება ეს ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდეს, როგორც ერთი ცენტრისთვის, ისე _ მეორისთვის. უნებლიეთ, ფაქტობრივად, თავიანთი აგრესიით გააკეთონ ხაზარაძის საქმე, ანუ შესაძლოა, ხაზარაძისგან, თავიანთი კატეგორიული მიუღებლობით, თვითონვე შექმნან მესამე პოლიტიკური ცენტრი. ფაქტობრივად, ხაზარაძე შეიძლება აღმოჩნდეს ცენტრალური ფიგურა საინფორმაციო ველში. იმ პირობებში თუ ორივე მხარე მთავარ სამიზნედ ხაზარაძეს გაიხდის, ამ ანტირეკლამით, შესაძლოა, რეკლამა გაუწიონ მის პოლიტიკურ ძალას, დასუსტების ნაცვლად კი ძალიან გააძლიერონ.
_ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა ცნობილი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა, მაშინვე გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ 2020 წელს გვექნება მოცემულობა: დიდი ფული Vშ დიდი ფული. ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილის, მეორე მხარეს მამუკა ხაზარაძისა და 5-6 პარტიის, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს. სწორედ ისინი იქცევიან სავაჭრო თემად. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
_ ასე არ ვფიქრობ, _ ბიძინა ივანიშვილი ხაზარაძის წინააღმდეგ. ამ პირობებში ორპოლუსიანობა არ გამოვა, რადგან გახარია რამდენიც არ უნდა დაემუქროს „ნაციონალურ მოძრაობას“, იგი მაინც არსად გაქრება. შესაბამისად, მინიმუმ სამპოლუსიაობა გვექნება. გარდა ამისა, შეიძლება ეს მოცემულობა არ იყოს იდეალური, მაგრამ ერთ ინტერესჯგუფის ქვეშ მონოპოლიურად არსებობას ისევ სჯობს იყოს 2 და ერთმანეთი დააბალანსონ, ვიდრე ექსკლუზიურად ერთი კაცის ხელში იყოს ყველაფერი. ეს რითაც მთავრდება, სამწუხაროდ, ამას ვუყურებთ. სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით ხაზარაძის გამოჩენა და გაძლიერება, ვფიქრობ, მაინც სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართაც შეიძლება, ლეგიტიმური კითხვები არსებობდეს.
_ 20-21 ივნისის შემდეგ ოპოზიციისთვის ყველაზე მეტად ხელჩასაჭიდი თემა გიორგი გახარია იყო, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი ალბათ დღემდე რჩება ოპოზიციისთვის „ქართულ ოცნებაში“ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფიგურად. იმ პირობებში, როცა ოპოზიციას შანსი ჰქონდა, აქციების ფონზე გიორგი გახარია გადამდგარიყო და ამით ძლიერი ფიგურა „ქართული ოცნების“ რიგებიდან მოეშორებინა, ამის ნაცვლად, ის მთავრობის მეთაური გახდა. რა მოცემულობაშია დღეს ოპოზიცია და აქვს თუ არა მას დღის წესრიგი?
_ ოპოზიციას აქვს დღის წესრიგი. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე პარტიას უბრალოდ შეუძლია მოიზიდოს მაკო გომური და თუ სიის პირველი ნომერი იქნება გახარია, რომელიმე სიის ნომრად შეიძლება იყოს მაკო გომური, ეს უკვე პოლიტიკური დღის წესრიგია, რაც ხელისუფლებას მაინცდამაინც სასიამოვნო სიტუაციაში არ ჩააგდებს. გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნება, საზოგადოების საკმაოდ დიდ სეგმენტში გახარიას ანტიგმირი იმიჯი გაძლიერდება, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ზუსტად ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი, ერთი მხრივ, სარისკო, მეორე მხრივ, ფრონტის ხაზის გასატარებლად მაქსიმალურად კომფორტული, მით უმეტეს, მისთვის პირადად გახარია დიდი ხანია, საშიში აღარ არის. 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გახარია, ისევე როგორც ყველა სხვა, ძაფზე ჩამოკიდა. პრინციპში, მანევრი მოუკლა. ჩვენთან რეალური პოლიტიკა არ კეთდება და რეალური ინსტიტუციური წესრიგი არ არსებობს, ჩვენ ვუყურებთ ერთი მსახიობის მარიონეტების თეატრს. გახარიასთან დაკავშირებით 20-21 ივნისის მოვლენებამდე ილუზია იყო, რომ შეიძლებოდა გამხდარიყო დამოუკიდებელი მოთამაშე საკუთარი პოლიტიკური სახით, მაგრამ ამ მოვლენების შემდეგ ეს ილუზია, ფაქტობრივად, გაქრა. გახარია ივანიშვილისთვის საშიში არ არის, მაგრამ მისი მართვის ფილოსოფიიდან გამომდინარე, ძალოვანი სისტემა მაინც გამოიყვანა პრემიერ-მინისტრის კომპეტენციიდან, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის მხოლოდ ღარიბაშვილზე, გომელაურთანაც პირადი კომუნიკაცია აქვს, ანუ მთლიანად ძალოვანი სისტემა, ფაქტობრივად, გამოსულია გახარიას კომპეტენციიდან, როგორც სამხედრო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისად, სპეცსამსახურებიც. ივანიშვილმა პირად დაქვემდებარებაში დაიტოვა მთლიანად ძალოვანი ბლოკი.
_ მთავრობის დამტკიცების პროცესი ხმაურიანი განხილვებით მიმდინარეობდა. ამ განხილვებიდან რა იყო თქვენთვის ყველაზე საგულისხმო და როგორ ფიქრობთ, გახარიას მეთაურობით რამდენად ქმედითუნარიანი იქნება მთავრობა?
_ ძალიან უღიმღამოდ გამოიყურება ეს ყველაფერი, ისინი ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ შექმნიან იმიტომ, რომ მათი ამოცანა არჩევნებია. არ შეიძლება, სახელმწიფო მხოლოდ საარჩევნო დღის წესრიგით არსებობდეს და თუ ამ პირობებში არსებობს, მაშინ შეუძლებელია, ამან ქვეყანას რაიმე კარგი მოუტანოს. მით უმეტეს, მათ ესკალაციის მიმართულება აქვთ აღებული და ეს გამოჩნდა კიდეც პირველივე დღეებიდან. მათ საზოგადოების კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრის ამოცანა ჰქონდათ, გახარიას პრემიერ-მინისტრად არ დანიშნავდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ის ანტიგმირად არის ქცეული. მისი დანიშვნით მათ ხაზი გაუსვეს, რომ მათი ამოცანა საზოგადოების კონსოლიდაცია არ არის. მათი გზავნილი კონფრონტაციულია, შესაბამისად, არაფერს კარგსა და განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ. ჩვეულებრივი რუტინა იქნება, ვიღაცას წყალს, ვიღაცას _ გაზს შეუყვანენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი ხაზი. მათი მთავარი ხაზი არის მტრის ხატის ფორმირება, ფრონტის ხაზის გატარება და გენერალური ბრძოლის მიცემა, ზუსტად აქ არის ხიფათი. ბიძინა ივანიშვილი შეჩვეულია თამაშში გამარჯვებას და ყველაფრის ერთ მოწინააღმდეგეზე დაყვანას. ის მიჩვეულია, ვინც მას აკრიტიკებს და მისი წინააღმდეგია, მათი მოწინააღმდეგის ბანაკში გადაყვანას, ანუ ვინც ჩემთან არ არის ის ჩემი მტერია. გამარჯვებულ სიტუაციაში თავისი რესურსებით ამომრჩევლის ყიდვა, დაშანტაჟება და ფსიქოლოგიური დამუშავება ხდება. ეს არის მოცემულობა და ამიტომ არის მისთვის განსაკუთრებით სახიფათო ნებისმიერი ტიპის ალტერნატივა, რომელიც ამ სურათს გადღაბნის და მას უფრო სერიოზული რისკების პირისპირ დააყენებს. გამოუვა თუ არა მას ეს, არ ვიცი, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაინც მივყვეთ მოვლენებს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილმა სარისკო თამაში წამოიწყო, რამდენად მაღალი რისკია იმისა, რომ ივანიშვილი ამჯერად თამაშში დამარცხდეს?
_ რისკი ძალიან მაღალია. არ გაგიკვირდებათ, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს ანტირეიტინგი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე პოზიტიური რეიტინგი. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემურია, თუმცა მას მონოპოლიური, შეუზღუდავი რესურსები აქვს, მისი ოპონენტების რესურსები კი ძალიან მწირია. მას აქვს რესურსული უპირატესობა, თუმცა ლეგიტიმაცია _ ძალიან სუსტი. რა გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებზე _ ლეგიტიმურობა თუ რესურსები, _ ჯერჯერობით, კატეგორიული ვერ ვიქნები, იქიდან გამომდინარე, რომ დიდწილად ეს დამოკიდებულია საარჩევნო ოპოზიციის აქტიურობასა და კრეატიულობაზე.

ნენე ინჯგია