იმოგზაურე „ქრონიკა+“-თან ერთად კახეთის საინტერესო სოფლებში

და, აი, ჩვენი რედაქციაც უერთდება კამპანიას _ #იმოგზაურესაქართველოში… კახეთი და შემოდგომა თითქმის სინონიმებია…
გსმენიათ ყვარელზე, თელავზე, გრემზე, ალავერდზე, შუამთაზე, წინანდალზე, სიღნაღზე, ყველაწმინდაზე, ველისციხეზე… მაგრამ არ გსმენიათ ისეთ სოფლებზე, რომლებზეც ჩვენ მოგიყვებით…

ისტორიული ალბანეთის მკვიდრი ხალხი ალბანელები მსოფლიოში გადაშენებულად მიიჩნევა. ალბანელები იგივე უდიები არიან… ბიზანტიის იმპერიის დაცემასთან ერთად საქართველოს მეზობელი ქვეყანა ალბანეთი თავის არსებობას წყვეტს და ალბანელები გადაშენებას იწყებენ. მაგრამ საქართველოში ალბანეთიდან, დღევანდელი აზერბაიჯანიდან წამოსული ალბანელების სოფელი კვლავ არსებობს…
სოფელი ზინობიანი ყვარლის მუნიციპალიტეტშია, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს კავკასიის ალბანეთის მემკვიდრე ეთნოსი უდი. ისინი არიან უძველესი დროიდან მართლმადიდებელი ქრისტიანები. დღემდე შემონახული აქვთ უძველესი 51 ასო-ბგერიანი, უნიკალური ფონეტიკური სისტემის მქონე ენა და კულტურის გამოკვეთილად განვითარებული ნიშნები.
სოფელ ზინობიანში 2002 წლის მონაცემით ცხოვრობდა 420 უდი. ასეთი ნიშნის უდიები საქართველოში 900-მდეა, ხოლო გაფანტულად სხვადასხვა ქვეყანაში _ 1700-მდე.
უდიების მეორე მიმართულება მონოფიზიტი უდიები არიან. ისინი აზერბაიჯანში, სოფელ ნეჟში ცხოვრობენ. სულ მსოფლიოში 10.000-მდე უდი ცხოვრობს.
1900 წელს უდიების 8 სოფელი იყო გადარჩენილი; 1989 წლიდან _ 2 სოფელი. ამას ემატება ის, რომ 1938 წლიდან უდიური ენის სწავლება სოფ. ზინობიანში საერთოდ შეჩერდა. გაიზარდა მიგრაცია. ამ თემის, უდიების კომპაქტური დასახლება სხვაგან არ არის. ენა და კულტურის ნიშნები აშკარა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას.
ზინობიანელებს ქართული და ალბანური ტრადიციები შერწყმული აქვთ, განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა ახასიათებთ. მოჰყავთ გემრიელი, არომატული ქვევრის ღვინო, ზინობიანის მშრალი რქაწითელი თავისი არომატებით გამოირჩევა, ზინობიანური რთველი კი განსაკუთრებულია ძველი უდიების სიმღერითა და გალობით.

ქრისტეს საფლავის მიწა, ანუ კისისხევი: უამრავი გამოქვაბული, ციხე-კოშკი და საიდუმლო გვირაბი, რომლითაც ერთ დროს კისისხევი წინანდალსა და სხვა სოფლებს უკავშირდებოდა. აქ არის 63 ეკლესიის ნანგრევი, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარება.
კისისხევი თელავის უძველესი სოფელია. იგი ისტორიულ წყაროებში, ჯერ კიდევ, მე-4 საუკუნეშია მოხსენიებული. გადმოცემის თანახმად, პირველყოფილ პერიოდში სოფლის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ერთ-ერთი ძლიერი გვარის ბელადი კისა. იგი შეუპოვარი მეომარი და დიდძალი ცხვარ-ძროხის პატრონი ყოფილა, ამიტომაც კისას სახელი დაერქვა მთელ ხეობასო.
კისისხევი გაშენებულია მდინარე ხევის ნაპირას, თელავიდან 6 კილომეტრში. სოფელში არის VI-VII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი _ ღვთისმშობლის (ყველაწმინდა) ეკლესია, ნაგები რიყის ქვითა და კირით. ეკლესია გეგმით ჯვრისებურია. მას 3 შესასვლელი ჰქონია, ჩრდილოეთისა ამოუქოლავთ, სამხრეთისა კი მიშენებულ მთავარანგელოზის სამლოცველოსთან აკავშირებს.
სოფელში არის ასევე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია და XIX საუკუნის მრგვალი კოშკი, ასევე ციხე-წისქვილი, რომელიც შუა საუკუნეების ძეგლია.
სოფლის განაპირას პიტალო კლდეში გამოჭრილია 83 გამოქვაბული. ხალხი მას ქვაბებს უწოდებს.
კისისხევის ტყეში უხვადაა გაბნეული პატარ-პატარა ეკლესია. ხალხი მათ რიგის საყდრებს უწოდებს. რიგის საყდრებიდან ბილიკები გამოქვაბულებისკენ ეშვება. რიგის საყდრების გზას დღემდე გოლგოთის გზასაც უწოდებენ. სავარაუდოდ, ძველად თელავის ცენტრალური შემოსასვლელი სწორედ კისისხევიდან უნდა ყოფილიყო.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კისისხევი ძველთაგანვე მოიხსენიება, როგორც „ქრისტეს საფლავის მიწა“. როგორც ჩანს, სოფელი იერუსალიმის ქართული კოლონიის კუთვნილება გახლდათ. ამას ადასტურებს იერუსალიმის არქიმანდრიტ პროკოფიოსის ხელმოწერილი სიგელი, რომელიც 1863 წელს გაიცა კისისხევში ჩასიძებული გლეხის, იოანე გოდერძიშვილის სახელზე. სიგელში აღნიშნულია: „აწ გარდაცვლილის ქრისტეს საფლავის გლეხს იოანე გომურაშვილს“ არ დარჩა მემკვიდრეები და რადგან მისი უფროსი ქალი შენ შეირთე, ეს მამულიც შენი იყოს, თუ „შენ და მომავალი შენი ქრისტეს საფლავის ერთგული მოსამსახურე იქნებით“. სიგელით გლეხს მამულის გაყიდვა ეკრძალებოდა.
სიგელი დამოწმებულია გერბითა და ხელმოწერით.
სოფელი მეტად კაცთმოყვარეა. ალბათ ამან განაპირობა ის, რომ 2008 წლის 11 აგვისტოს, როცა რუსეთის ჯარები თბილისისკენ მოიწევდნენ, გერმანელმა შუხმანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოში 7 მილიონი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებდა. კისისხევში მისი ძალისხმევით აგებულ შენობაში დღეს ფუნქციონირებს ღვინის ქარხანა, მარანი, ღვინის მიწისქვეშა საცავი, რესტორანი და ყველაზე საოცარი _ შუა საუკუნეების შემდეგ გამქრალი ღვინის აბაზანები ახლა მხოლოდ კისისხევშია…

დღეს ჭიაურს ეძახიან, სულ რამდენიმე წლის წინ კი ულიანოვკა ერქვა, საბჭოეთმა ასე დაარქვა მას. თუმცა იმაზე ადრე, როცა სოფლის ტერიტორიაზე, XX საუკუნის დასაწყისში, დასახლება დაიწყეს იმერლებმა და ებრაელებმა, მაშინ ბეშკენს ეძახდნენ. ამბობენ, რომ ბეშკენი მეზობელმა აზერებმა დაარქვეს, რომლებიც მდინარე ორღანის იქით ცხოვრობენ. ჭიაური სოფელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1102 ადამიანი. XX საუკუნის დსაწყისში, როცა ლაგოდეხი სრულად გაუდაბნოებული იყო, რადგან გადმოცემით შაჰ აბასის შემოსევების მერე აქ სოფლები გადაშენდა და საუკუნეებმა უღრან ტყეებად აქცია, მისი განაშენიანება დაიწყო. საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით ლაგოდეხის განაპირა ტერიტორიებზე მალაკნები, კაზაკები, გერმანელები, პოლონელები, ებრაელები და შიდა მიგრაციით წამოსული იმერლები დასახლდნენ. თავიდან სოფლებს ერქვათ ულიანოვკა, ივანოვკა, დაშკოვკა… მოგვიანებით, სოფლებმა სახელწოდებები შეიცვალეს და დღეს მათ ჰქვიათ: თამარიანი, ჰერეთის კარი, ჭიაური.
ჭიაურში, ძირითადად, დღეს იმერლები და ეკომიგრანტი აჭარლები ცხოვრობენ. სოფლებში განვითარებულია სასათბურე მეურნეობები. იშვიათად ნახავთ ვენახის ზვრებს. ძირითადად აქ მეხილეობა და ხილ-ბოსტნეული მოჰყავთ. სოფელი იმდენად მდიდარია თავისი ისტორიით, რომ მიწის გაჩიჩქვანც არ გინდა ღრმად, რადგან ადრე ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული, შუა საუკუნეების გვიანობამდე გაგრძელებული ბევრი არქეოლოგიური არტეფაქტი ამოდის…
აქაურ ჰერეთს იმერული გემო და სურნელი თან დაჰყვება… აქ ჩამოსულებს გაგიმასპინძლდებიან როგორც იმერული მჭადით, ჭყინტი ყველით, ხაჭაპურით და მაყვალში ჩადებული წიწილით, ასევე მოგართმევენ ებრაულ ტკბილეულს, გერმანულ ძეხვეულსა და კუპატებს და რუსულად შეზავებულ კარტოფილსა და ლორს. ლაგოდეხის ეს პატარა ადგილი დიდი თაიგულია _ იგი საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა სხვადასხვა ხალხსა და გემოებს… აქ ყველაზე თბილი და ნათელი თვალები დაგხვდებათ…

სამთაწყარო _ ის დედოფლისწყაროშია… ალაზნის პირას მასსა და აზერბაიჯანს 200 მეტრის სიგანის ღრმა ალაზანი აშორებს… სამთაწყარო გარშემორტყმულია ვენახის ზვრებით… აქაური ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება კახეთში და აგვიტოს 20-დან უკვე რთველიც იწყება. ყურძნის შაქრიანობა იმდენად მაღალია, რომ შეუძლებელია, ერთი მტევანი რქაწითელის, საფერავისა თუ კაბერნეს დაგემოვნება… სამთაწყარო XX საუკუნის 30-იან წლებში დაარსებული სოფელია, თუმცა სოფელი დღემდე მე-17 საუკუნის არქაული ქართულით საუბრობს. თუ გაინტერესებს, როგორ საუბრობდა შენი წინაპარი საუკუნეების წინათ, ჩადი სამთაწყაროში და მოისმინე.
ადგილობრივები გაღმამხრიდან არიან, როგორც თავად ამბობენ…

ყორღანი _ საინგილოდან წამოსული სოფელია… რწმენა არ შეიცვალეს და ამიტომ მთელი სოფელი ერთდროულად აიყარა და ალაზნის გადმოღმა გადმოსახლდა. სოფელში წამოღებული აქვთ მე-16 საუკუნის ზარი… სოფლად როცა ვინმე კვდება, ზარს რეკენ ან თუ ხანძარი აქვს ვინმეს, კვლავ ზართან იკრიბებიან… ან სოფელმა თუ უნდა იმსჯელოს, ზარის მეშვეობით ეძახის თანასოფლელებს, სამ წუთში მთელი სოფელი ერთ ადგილას იყრის თავს. სოფელში XX საუკუნის 80-იანი წლებში მთის აჭარლები ჩაასახლეს, როგორც სტიქიისგან დაზარალებულები. მიუხედავად იმისა, რომ საინგილოს ქართველებს სოფლის მხოლოდ სამი ქუჩა უკავიათ, სოფელს დღემდე მაინც ინგილოების სოფელს ეძახიან. თუმცა ადგილობრივებს არ უყვართ, როცა ინგილოს უწოდებენ. სტუმრობისას გირჩევთ, საჩუქრად მიიტანოთ მურაბა და მათ უწოდოთ ჰერები… დანარჩენს კი ადგილზე ნახავთ, თუ როგორი მასპინძლობა იცოდნენ მე-17 საუკუნის საქართველოში…

იმოგზაურე „ქრონიკა+“-თან ერთად კახეთში… გაატარე კარგი შვებულება და დაისვენე ქართულად!

მაკა მოსიაშვილი