ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების თარიღი კიდევ გადაიწია

ქუთაისის წყალმომარაგების გამართულ მუშაობას საშველი არ დაადგა. ადამიანისთვის წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ზაფხულში განსაკუთრებით. ქალაქის მოსახლეობა გატანჯულია უწყლობით. დაპირებების მიუხედავად, საქმე არ იძვრის და 24-საათიან წყალმომარაგებას ქალაქი, სავარაუდოდ, 2020 წლამდე ვერ ეღირსება.

ცაგო ფორჩხიძე თაბუკაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. ახლა ხალისით იხსენებს იმ დროს, როცა წყალი ეზოში დამონტაჟებული არტეზიული ჭიდან ამოჰქონდათ. ამბობს, რომ უკეთესი ვითარება არც ახლაა:
„წყალი, ჯერჯერობით, მხოლოდ ოთხი საათი გვაქვს. თუმცა ისიც არ ვარგა დასალევად სუნისა და გემოს გამო. პირადად ჩვენ წყალს ვყიდულობთ“.
გრაფიკით მიეწოდებათ წყალი ნიკეას ქუჩაზეც. იზოლდა მარგველაშვილი დილის 9 საათიდან სამსახურშია, ამიტომ წყლის სათანადო რაოდენობის მომარაგებას რეზერვუარში ვერასოდეს ასწრებს. ამის გამო სასმელ და საჭმლის მოსამზადებლად საჭირო წყალს უკვე წლებია, ყიდულობს. რეზერვუარში მომარაგებული წყალი მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჰყოფნის, ისიც იმიტომ, რომ გონივრულად მოიხმარს.
„წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას უკვე წლებია, გვპირდებიან. ჩვენს ქუჩაზე ასფალტი გადათხარეს, მილები ჩაყარეს, წყალი კი ჯერ არ ჩანს. საინფორმაციო გამოშვებებს ვერ ვუყურებ, ისიც კი არ ვიცი, როდის იქნება 24-საათიანი წყალმომარაგება. იმედი მაქვს, წლის ბოლომდე ყველაფერი მოესწრება. მთავარია, საქმე ხარისხიანად გაკეთდეს“.
წყალმომარაგება ქუთაისში მუდმივად პრობლემური იყო. 2010 წლამდე ქალაქის მოსახლების დიდ ნაწილს სასმელი წყალი სამ დღეში ერთხელ მიეწოდებოდა. 2010 წლიდან ქუთაისის წყლით უზურნველყოფაზე პასუხისმგებლობა „გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ აიღო. 2010-დან 2012 წლის ჩათვლით წყალი მოსახლეობას სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდებოდა. მაგალითად, 2010-2011 წლებში 24-საათიანი წყალმომარაგება ქუთაისელთა მხოლოდ 11%-ს ჰქონდა. 2012 წლის ბოლოდან უწყვეტ წყალმომარაგებაზე ქალაქის მოსახლეობის 28% გადავიდა.
ქუთაისში წყალგაყვანილობის სრული რეაბილიტაციის პროცესი 2012 წელს დაიწყო. სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი 28 აგვისტოს გამოცხადდა. ტენდერში შპს „კობრამ“ გაიმარჯვა. ამავე წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, სამუშაოები შეჩერდა, შესყიდვა თავიდან გამოცხადდა და იგივე კომპანიამ გაიმარჯვა. პირველ ეტაპზე სამუშაოების შეჩერების მიზეზად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში პროექტის ცვლილება დაასახელეს.
შეცვლილი პროექტი გამარჯვებულ კომპანიას ავალდებულებდა, ქალაქში სრულად გამოეცვალა წყლის მილები, აეგო წყლის შენახვისა და მიწოდებისთვის საჭირო ახალი რეზერვუარები, რის შედეგადაც ქუთაისის მოსახლეობას წყალი უწყვეტად უნდა მიეღო. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორმა კომპანია „კობრამ“ სამუშაოები 2013 წლის 30 სექტემბერს განაახლა და 2016 წლის 30 აპრილს დაასრულა. პროექტი, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებდა, 30 730 379 ლარი დაჯდა. წყალმომარგების კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას ჯამში რეაბილიტაცია ქუთაისის 27 ქუჩას ჩაუტარდა.
2015 წლის ივნისში სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტის ღირებულება 92 960 570 ლარია და სამუშაოებს ამჯერად თურქული კომპანია SMK Ulusal Insaat აწარმოებს.
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქალაქის არაერთ ქუჩაზე ასფალტის საფარი დაზიანდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა ქუჩაზე სამუშაოების ბოლომდე მიყვანის პასუხისმგებლობა კომპანია SMK-ს ეკისრება. გასულ წელს კომპანია ქუთაისის მერიამ თაბუკაშვილის, დადიანისა და გუგუნავას ქუჩების მოუწესრიგებლობის გამო დააჯარიმა. SMK-ის გადაცდომა მხოლოდ ამ დარღვევით არ შემოფარგლულა და კომპანია კიდევ რამდენჯერმე დაჯარიმდა.
ქუთაისის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგების სამუშაოების დასრულების ვადა 2012 წლიდან ცვალებადია. 2015 წლის ვერსიით, ქალაქის მოსახლეობას უწყვეტი წყალი 2018 წელს უნდა მიეღო, რის შემდეგაც წყალრინების სისტემის 100 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელება დაიწყებოდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, ვადამ ერთი წლით გადაიწია. მიმდინარე წლის აპრილში სამუშაოების დასრულების ვადა ისევ გადაიდო. პარალელურად, ჭიანურდება წყლის მილების გამოცვლის მოტივით გადათხრილი გზების აღდგენაც.
ორი თვით შეჩერდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ _ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე. ქუჩაში დაყრილი წყლის მილები, საძირკველამოღებული სახლები და გაშიშვლებული საკანალიზაციო ჭები _ ზაფხულის ცხელ დღეებში ასე გამოიყურებოდა ტაბიძის ქუჩის ყოველდღიურობა. სამუშაოების შეჩერების მიზეზი შემსრულებელი კომპანიის მიერ კონტრაქტორისთვის თანხის გადაუხდელობა გახდა. ტენდერში გამარჯვებულ „ჯეო სერვისთან“ მერიამ 1 007 306 ლარიანი ხელშეკრულება შეწყვიტა, 126 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოების გაგრძელება შპს „პლადას“ 809 204 ლარის სანაცვლოდ დაავალა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის განმარტებით: „პირველ ეტაპზე 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის აუცილებელი სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევის მიზეზი დამატებითი ტექნიკური სამუშაოები გახდა. აუცილებელია მრავალბინიან კორპუსებში წყლის მილების სრულად შეცვლა, რადგანაც არსებული მილები ძველი და დაზიანებულია“.

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, ქუთაისში ყოფნისას, ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 24-საათიანი წყალმომარაგების თარიღი კიდევ გადაიწია და მუდმივი წყალი ქალაქს, სავარაუდოდ, 2020 წლის დასაწყისში ექნება.

მიხეილ თათარაძე _ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი: „პროექტის დასრულების ვადის გადაწევა გამომდინარეობს იქიდან, რომ კორპუსების შიდა ქსელები ამორტიზებულია და ახალ მაგისტრალებზე დაერთება მათ მწყობრიდან კიდევ უფრო გამოიყვანდა. ქუთაისის ვერც მოსახლეობა და ვერც მუნიციპალიტეტი ამ ქსელების რეკონსტრუქციას, მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ განახორციელებდა. შესაბამისად, ხელშეკრულებაში შევიტანეთ ცვლილება და სამუშაოები დაემატა. ამასთან, განხორციელდება 15 000 აბონენტისთვის ინდივიდუალური მრიცხველის მონტაჟი და 24- საათიანი რეჟიმით წყალი მოსახლეობას პროექტის დასრულების შემდეგ მიეწოდება“.

ქუთაისში სულ 71 000 აბონენტია. აქედან, 67 000 ფიზიკური, ხოლო 4 000 იურიდიული პირია. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე 21 010 მომხმარებელი დაერთდა. 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემაში აბონენტთა 28%, ანუ 19 880 მომხმარებელია ჩართული.
ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტს წყალი დღემდე გრაფიკით მიეწოდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ, ამ ეტაპზე, 24-საათიანი წყლით ქალაქის ერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა და ხუთი ქუჩის მოსახლეობაა უზრუნველყოფილი. წყლის მიწოდების 18-საათიანი გრაფიკით მოსახლეობის 2% (1420 მომხმარებელი), 12 საათიანით _ 40% (28 400 მომხმარებელი) სარგებლობს. ქუთაისელების 30%-ს, რაც 21 300 აბონენტს შეადგენს, წყალი დღე-ღამეში 4-დან 6 საათამდე მიეწოდება.
ამ ეტაპზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საიტზე განხორციელებილი პროექტების ნუსხის ქვემოთ შეგვიძლია ვნახოთ დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალიც. მათ შორისაა ქუთაისის წყალრინების ქსელის რეაბილიტაციისა და წყალრინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტები. საიტზე არც ერთი მათგანის დაწყების თარიღი და ბიუჯეტი, ჯერჯერობით, მითითებული არაა. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ წყალრინების გამწმენდი ნაგებობისათვის 4.75 მილიონია გამოყოფილი.
დასრულდება თუ არა დაპირებულ ვადებში ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ექნება თუ არა ქვეყანაში სიდიდით მესამე ქალაქის მოსახლეობას მუდმივი წყალი 2020 წლიდან? _ ეს საკითხები ჯერ კიდევ სათუოა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დევიზი „წყალი ყველას“ ქუთაისისათვის რეალობას არ წარმოადგენს.
„ქრონიკა+“ თვალს ადევნებს ამ მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს და ყველა მნიშვნელოვან სიახლეს პერიოდულად გაგაცნობთ.

შორენა ლაღაძე