რა კავშირშია ერთმანეთთან აქტიური ტურისტული სეზონი და მიუსაფარ ძაღლთა გაზრდილი რაოდენობა ქუთაისში?!

ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ მფლობელობაში მყოფი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ისტორია ქუთაისში 2015 წლიდან იწყება. უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთათვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების მქონე ცხოველთა თავშესაფარი 2015 წლის მარტში გაიხსნა. თავშესაფარი 300 ძაღლზეა გათვლილი. იმ დრომდე მიუსაფარ ძაღლთა საკითხი ქალაქში მოუგვარებელი იყო. თავშესაფარში ასევე არის ფასიანი მომსახურება, რაც ძაღლების დროებით მოვლა-პატრონობას ითვალისწინებს. აქვე ფუნქციონირებს თანამედროვე ლაბორატორია და ქირურგიული კაბინეტი. ცხოველებს ცრიან და კინოლოგები მათ გაწვრთნაზეც ზრუნავენ.

„ქრონიკა+“ საკითხს კომპლექსურად მიუდგა და გთავაზობთ სპეციალისტების, შესაბამისი სამსახურებისა და მოქალაქეების ინტერვიუებს:

გიორგი მჟავანაძე _ ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ PR სამსახურის ხელმძღვანელი:
„ინფრასტრუქტურითა და პირობებით მსგავსი თავშესაფარი არათუ საქართველოს რომელიმე ქალაქში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იშვიათია. პროცედურულად, ამ ეტაპზე, მხოლოდ ქუთაისს ვემსახურებით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მიუსაფარი ცხოველი, რომელიც ქალაქში გადაადგილდება, გარკვეული მზრუნველობის ქვეშ იყოს. ცხოველს შესაბამის სამედიცინო სერვისს ვაწვდით. თუკი ძაღლი დაექვემდებარა მკურნალობას და ის საზოგადოებისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს, კანონის მიხედვით, 10-14 დღის შემდეგ ის თავისუფალ სივრცეს უნდა დაუბრუნდეს. კანონით განსაზღვრულია, რომ ეს თავისუფალი სივრცე არ უნდა აღემატებოდეს საცხოვრებელი ადგილიდან 100 მეტრს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველი უმწეობისა და შიმშილისთვის არ უნდა გაიწიროს.
ჩვენთან პროცედურულად ასე ხდება: მონიტორინგის სამსახური ნებისმიერ გამოძახებაზე მყისიერად რეაგირებს: ადგილზე მიდიან, აფასებენ მდგომარეობას, ცხოველი თავშესაფარში მოჰყავთ და შემდგომ სამედიცინო შემოწმება იწყება. ვიღებთ ყველა საჭირო ანალიზს, ვუტარებთ საჭიროებისამებრ ყველა ქირურგიულ ჩარევას, ვათვალიერებ, ბოლო ეტაპზე ვუკეთებთ საჭირო აცრებს. ამის შემდეგ ჩვენი ვეტერინარები იღებენ გადაწყვეტილებას _ საჭიროა თუ არა მკურნალობის გაგრძელება. თავშესაფარში ყოფნისას ძაღლებს აუცილებლად უტარდებათ სტერილიზაცია და კასტრაცია მათი გამრავლებისგან თავის ასარიდებლად. მხოლოდ ამის შემდგომ ვაბრუნებთ ცხოველს ქალაქში.
თუკი ძაღლი ჯანმრთელია, შესაბამისი პრცედურებისა და მკურნალობის ჩატარების შემდეგ უფლება არ გვაქვს, ის თავშესაფარში დავტოვოთ. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცხოველი აგრესიულია ან კიდევ დამატებითი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება. თუკი ძაღლი გაღიზიანებულია, არ იკარებს ადამიანებს, მას ვიტოვებთ და დაკვირვებას ვაგრძელებთ. თუკი ძაღლი ცოფის ან სხვა სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მატარებელია, სამწუხაროდ, მისი დაძინება გვიწევს.
რაც მთავარია: ძაღლი, რომელიც თავისუფალ სივრცეში გასასვლელად ემზადება, იბირკება და მონაცემები ჩვენს ბაზაში თავსდება. პერიოდულად ვაკვირდებით ჩვენთან მკურნალობაგავლილ ცხოველებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით აცრებსა და სხვადასხვა სამედიცინო ჩარევას ვუტარებთ“.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ცდილობს, მიუსაფარ ცხოველებზე იზრუნოს, პრობლემა მაინც რჩება. დიდია თავშესაფარში ნამყოფი, მკურნალობაგავლილი ცხოველების რიცხვი, რომელთაც ახალი დაავადებები სჭირთ და გაცილებით მეტია იმ ძაღლების რაოდენობა, რომლებიც ქალაქის ცენტრში ბირკის გარეშე მოძრაობენ.

ლილე მაღლაფერიძე _ მოქალაქე:
„ღამით ძაღლების რაოდენობა ქუჩაში კიდევ უფრო შესამჩნევია. ვფიქრობ, მეტი ზრუნვა და ყურადღებაა საჭირო. როგორც მახსოვს, მერიის დაქვემდებარებაში არსებობდა ორგანიზაცია, რომლის პასუხისმგებლობაც იყო ამ ცხოველების მოვლა-პატრონობა“.

ლაშა ბერეკაშვილი _ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი:
„ძაღლების პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა მათი გასხვისების პროცედურების გაადვილებაა. მაგალითად, ბევრი უცხოელი ინტერესდება ამ ძაღლების აყვანით, მაგრამ საზღვარზე გამკაცრებული ბიუროკრატია ხელს უშლის მათ ამ კეთილ საქმეში.
გამოსავალს ვხედავ შემდეგში: თუ სახელწიფო ფულს ჩადებს კეთილმოწყობილი თავშესაფრების გაკეთებაში, ძაღლების/კატების პასპორტიზაციაში, მათი საერთო აპლიკაციის შექმნაში და გასხვისების ნულოვან ბიუროკრატიაში, ყველა პრობლემა მარტივად და ლამაზად გადაიჭრება“.

ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში განმარტავენ, რომ ძაღლების გაჩუქება უფასოა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს ძაღლი, გაიფორმოს ჩუქების დოკუმენტი და ცხოველი იმდღესვე შინ წაიყვანოს.
თავშესაფარი მოქალაქეებს შინაური ცხოველისთვის პასპორტის დამზადებასაც სთავაზობს, რომლის საფასურიც 7 ლარია. მოქალაქის საკუთრებაში გადაცემულ ძაღლს უტარდება ისეთივე პროცედურები, როგორიც სხვა ნებისმიერს. გარკვეული პერიოდის შემდეგ თავშესაფრის თანამშრომლები მიდიან ძაღლის ამყვან პირთან და ამოწმებენ, როგორ მდგომარეობაში იმყოფება ცხოველი. თუკი პირობები არადამაკმაყოფილებელია, თავშესაფარს უფლება აქვს, ძაღლი უკან წამოიყვანოს.
უცხოეთის მოქალაქეებისთვის პროცედურები გაცილებით რთულია. მათ ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ცხოველის აყვანა უსასყიდლოდ შეუძლიათ, თუმცა პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც პიროვნება ძაღლთან ერთად საზღვრის გადაკვეთას გადაწყვეტს. მათთვის სავალდებულოა ცხოველის ჩიპირება, ტატუირება, გერმანიაში არსებულ ლიმბახის კლინიკაში ცხოველის სისხლის ანალიზის გაგზავნა, საერთაშორისო ვეტერინარიული პასპორტის დამზადება და ცხოველის გადასაყვანი სპეციალური ჩანთის ან კონტეინერის შეძენა. ამ და კიდევ სხვა ძვირადღირებული, დროში გაწელილი პროცედურების გამო ბევრი უცხოელი, მიუხედავად მათი სურვილისა, საქართველოდან ძაღლის წაყვანას ვერ ახერხებს… თუმცა ეს ხელს არ უშლით, მზრუნველობამოკლებულ, ქუჩაში დარჩენილ ცხოველებს განსაკუთრებით ჰუმანურად მოეპყრან.
მიუსაფარ ცხოველთა გაზრდილი რაოდენობა განსაკუთრებით ქალაქის აქტიურ ტურისტულ ზონებში ჩანს. მიზეზი ერთია _ უცხოელი ტურისტები მათ საკვებით ხშირად უმასპინძლდებიან. ბევრისთვის ეს ფაქტი შემაწუხებელია, ბევრისთვის კი _ ჰუმანური აქტი და სიკეთის გამოხატულება.

არანჩა ტორიზა _ ესპანეთის მოქალაქე:
„ესპანეთიდან საქართველოში ათი დღით ჩამოვედი. ჩემს ტურისტულ მარშრუტზე ქუთაისიც მოვნიშნე. აქ ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ბართან, მიუსაფარი ძაღლების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა შევნიშნე. ავდექი, საჭმელი ვუყიდე და ყველა დავაპურე. ახლა ყველა უკან დამყვება. ვიფიქრე, რომ ერთს ესპანეთში წავიყვანდი, თუმცა ეს საკმაოდ ძვირადღირებული და რთული პროცედურა ყოფილა, ამიტომ მომიწევს, თავი შევიკავო“.

ნუცა ჭუმბურიძე _ მოქალაქე:
„გული მტკივა, როდესაც ქალაქში ამდენ ძაღლს ვხვდები. ვცდილობ, მეც დავაპურო ისინი. მათი გალიებში გამოკეტვა არაადამიანობა მგონია, მაგრამ რაოდენობაც საკმაოდ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, აცრილები არიან, ხშირად შემშინებია _ შესაძლოა, ცოფის გარდა სხვადასხვა დაავადების გადამტანნი გახდნენ და საშიში იყვნენ ადამიანებისთვის. ყველაზე ცუდი თავად ხალხის უპასუხისმგებლობაა. მაგალითად, ნაცნობი მყავდა, რომელმაც ბავშვს ლეკვი მოუყვანა. პატარას მობეზრდა ცხოველი, ვეღარც ოჯახი უვლიდა და ქუჩაში გააგდეს. ასეთი შემთხვევების გამო ბევრი ძაღლი რჩება გამვლელების, ქუჩაში დაპურების იმედზე, ავადდება და განწირულია ტანჯვისთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში მოხვედრილ ძაღლებს ყველა სათანადო მკურნალობა უტარდება, მათი ნაკბენი ან ნაკაწრი მაინც საყურადღებოა და შესაბამის მკურნალობას საჭიროებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი:
„ჩვენი სტატისტიკით, ძირითადი წილი ვაქცინირებული ბენეფიციარებისა მოდის უშუალოდ სახლის ძაღლებისა და კატების ნაკბენებით, ნაკაწრით, დორბლით და ა. შ. და არა მიუსაფარ ძაღლებზე. საქართველოში ყოველ თვე, საშუალოდ, 14 ათასი ადამიანი იტარებს ვაქცინაციას. აქედან 1800 არის მძიმედ დაკბენილი. ვაქცინაციების რაოდენობა მზარდია, თუმცა ეს ცნობიერების მატებასაც უკავშირდება“.

მედეა ვალიშვილი _ ქირურგ-რაბიოლოგი:
„ხშირად აცრილი ძაღლის ნაკბენიც საშიშია. თუ ვიზუალურად ძაღლი არ გამოიყურება კარგად, აქვს გაცვენილი ბეწვი, არის ძალიან გამხდარი, არაა სასურველი მასთან შეხება, მოფერება. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს მის დაპურებასა და მისდამი ადამიანურ მოქცევას“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით: დაკბენილი და დაკაწრული პაციენტების საერთო რიცხვიდან ქუჩაში მყოფ ძაღლებზე მხოლოდ 28,4% მოდის.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში“ აცხადებენ: ქვეყანაში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება, ამის მიზეზი კი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებული მუშაობაა. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-ზე, ან ადგილობრივ მერიასა და თავშესაფარში, დატოვოს შეტყობინება, რომლის საფუძველზეც ცხოველს მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ.

გიორგი მჟავანაძე _ ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ PR სამსახურის ხელმძღვანელი:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მოხვედრილ ყველა ძაღლს უტარდება კასტრაცია და სტერილიზაცია, რაც მათი პოპულაციის ზრდას გამორიცხავს, ბირკის გარეშე მოსიარულე მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ქალაქში მაინც ბლომადაა. თუმცა ეს რაოდენობა წინა წლებში მეტი იყო. ჩვენი სტატისტიკით ბოლო წლებში კლებადობა შეინიშნება.
ქუთაისი ძალიან ახლოსაა სხვადასხვა რაიონთან, სოფლებთან. ხშირად ჩვენს ქალაქში ბინას იდებენ ამა თუ იმ სოფლიდან ჩამოსული ცხოველები, რომლებიც პატრონს მობეზრდა ან უბრალოდ შინიდან გამოიპარნენ. ისინი პოულობენ საკვებს, მზრუნველ ხელს და თავიანთი სოციალური ბუნებიდან გამომდინარე რჩებიან იქ, სადაც კარგად ექცევიან ან კარგად კვებავენ.
გლობალური პრობლემაა, როდესაც ოჯახში ჰყავთ ძაღლი და მას უჩნდება ათი ლეკვი, პატრონი ხშირად იტოვებს ერთს და ცხრას აგდებს. სწორედ ეს იწვევს ყველაზე მეტად მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის ზრდას. ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირად, ზოგიერთს ძაღლი ბეზრდება, ქუჩაში უშვებს ან ჩვენთან რეკავს და გვთხოვს, წავიყვანოთ.
გამოსავალი კანონმდებლობაა _ კარგი იქნება, თუ ადამიანებს ძაღლის ყოლაზე გარკვეული რეგულაციებს დავუწესებთ. მაგალითად, მოვთხოვთ მათ კასტრაციასა და სტერილიზაციას, იმ შემთხვევაში, თუ ლეკვები არ სურთ. ასეთ დროს ლეკვებსაც დავიცავთ მტოვების, შიმშილისა და სიკვდილისაგან და ადამიანებსაც ვასწავლით, პასუხისმგებლობა აიღონ სულიერ არსებაზე, რომელიც შეიფარეს. შეგვიძლია, ბევრი მაგალითი ევროპული ქვეყნიდან ავიღოთ“.

საკმაოდ საინტერესოა ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა: ინდიანის შტატში იმისთვის, რომ დაამტკიცოთ, ცხოველი ნამდვილად გჭირდებათ, რამდენიმე გასაუბრება უნდა გაიაროთ და შესაბამის ორგანიზაციაში სპეციალური სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოთ. ცხოველის ყოლისას ამერიკელები გარკვეულ ბაჟს იხდიან და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ძაღლი სხვადასხვა სერვისისთვის გესაჭიროებათ (ბავშვისთვის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე, სმენადაქვეითებული ან უსინათლო პირისთვის) ინდიანის შტატის კანონმდებლობით თავისუფლდებით იმ გადასახადისგან, რომელსაც ცხოველების მეპატრონეები იხდიან.
ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პარტონობა დიდი ფუფუნებაა. მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 366.6 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ ეტაპზე იზოლირებული და ოპერირებული ცხოველების რაოდენობა ქალაქის მასშტაბით 2000 ერთეულს შეადგენს. თუმცა, როგორც საერთო სურათიდან ჩანს, ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია უფრო რეგიონული თავშესაფრის პროექტის განხორციელება, ასევე კანონმდებლობის გამკაცრება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის უფრო მაღალი სტანდარტები.
ამ საკითხებზე მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭოშიც იმსჯელეს და ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის გადაწყვეტის გზები შესთავაზეს.
ამ ეტაპზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცხოველების შესახებ მხოლოდ რამდენიმე პუნქტს არეგულირებს. აღნიშნული კოდექსის 148-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრე წვრილფეხა ან მსხილფეხა შინაური ცხოველის უმეთვალყურეოდ გამოშვების გამო ქალაქის ტერიტორიაზე 20 ლარით, სკვერში, პარკში, პლაჟსა და ბულვარში კი 50 ლარით ჯარიმდება.

შორენა ლაღაძე