გუბაზ სანიკიძე: „ივანიშვილს გარშემო იდიოტები ჰყავს და შემსრულებლებიც იდიოტები არიან“

რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „კავკასიაზე“ გამოსვლისას, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელმა, გუბაზ სანიკიძემ, სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან თქვა, რომ 22 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
„სარწმუნო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ 22 ივნისს ივანიშვილი გაქცევას აპირებდა, მაგრამ მოსკოვიდან დაურეკეს და უთხრეს, დაეტიე მანდ, არავინ გეკითხება შენ, სად წახვალ და სად _ არაო. ზუსტად იმ დღეს შეიყვანა სპეცრაზმი თავის სახლში. იცოდეთ ეს!.. კიდევ ერთი დიდი მიტინგი და ვეღარ გაუძლებს ამას, გამქცევი იქნება“, _ განაცხადა სანიკიძემ.

ახდება თუ არა სანიკიძის პროგნოზი, ანუ გაიქცევა თუ არა ივანიშვილი? _ ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი, სანამ ივანიშვილის სახლთან „კიდევ ერთი დიდი მიტინგი“ გაიმართება, გუბაზ სანიკიძე „ქრონიკა+“-ს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს და გვეუბნება, რომ ივანიშვილის ერთადერთი მტერი თავად ივანიშვილია. ამასთან, ჩვენთან საუბრისას სანიკიძე აცხადებს, რომ „ოცნება“ საკუთარმა უგუნურებამ და მოღალატეობამ დაღუპა, ანუ როგორც გუბაზ სანიკიძე ამბობს, დღევანდელი მმართველი გუნდი იდიოტი მოღალატეებით არის დაკომპლექტებული.
მოკლედ, რატომ არის დაჭერილი ირაკლი ოქრუაშვილი „ოცნებისთვის“ საშიში და რატომ გაგვყიდა ევროპამ? _ „ქრონიკა+“ ცხელი პოლიტიკური ზაფხულის პერიპეტიებზე გუბაზ სანიკიძეს ესაუბრა:

_ ბატონო გუბაზ, როგორ ხართ? რეპრესიებს ჯერ თქვენამდე არ მოუღწევია, არა?
_ პოლიტიკური რეპრესიები მეც შემეხო, რადგან ჩემი მეგობარია დაჭერილი. მოკლედ, ეს რეპრესიები ყველას შეგვეხო, ვისაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაქვს. ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა, რა თქმა უნდა, უშუალოდ ჩემზე შეხებაა.
_ ისე, ოქრუაშვილსაც იმას ედავებიან, რასაც _ მელიას, თუმცა მელიას სამაჯური გაუკეთეს, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი კი ციხეში გაუშვეს. „ოქროს“ დაჭერა, თქვენი აზრით, რას ემსახურება?
_ ოქრუაშვილის დაჭერა „რუსთავი 2-ის“ თემას უკავშირდება, ანუ ივანიშვილს ეგონა, რომ ეს ტელევიზია ჯიბეში ჰქონდა ჩადებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, ამიტომაც ოქრუაშვილი მისი პირადი ტუსაღი და ტყვეა.
_ „რუსთავი 2“ იქით იყოს და, ოქრუაშვილი იმ პოლიტიკოსთა რიცხვს განეკუთვნება, ვისაც საპროტესტო მუხტის აწევა ხელეწიფება.
_ რა თქმა უნდა.
_ ანუ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა და თავდაცვის ექსმინისტრი ამიტომ მოიცილეს თავიდან?
_ ოქრუაშვილი მოცილებული არ არის და ასე ადვილად ვერც მოიცილებს.
_ ციხეშია და აბა, ეს მოცილება არ არის?
_ პოლიტპატიმარი ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და, ზოგადად, ამ ხელისუფლებისთვის შესაძლოა, უფრო მძიმე აღმოჩნდეს!
_ „სიმძიმეში“ რას გულისხმობთ?
_ იმ ხელისუფლების საქმე, რომელსაც 21-ე საუკუნეში პოლიტპატიმრები ჰყავს, მთლად კარგად ვერ არის!
_ პოლიტპატიმრებზე მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება საუბრობს. იმისთვის, რომ „ოცნებას“ პოლიტიკური რეპრესიები დაუდასტურდეს, ალბათ, ცივილიზებული მსოფლიოს განცხადებებიც საჭიროა.
_ ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, სექტემბრიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება!
_ ანუ?
_ ხელისუფლებაზე გარე დაწოლა ძალიან დიდი იქნება. საერთოდ, საუბარი მხოლოდ ოქრუაშვილზე არ არის. ციხეში 20 ადამიანია და ერთდროულად ამდენი პოლიტპატიმარი სააკაშვილის დროსაც არ ყოფილა!
_ ბატონო გუბაზ, „ოცნების“ ბუნებას თუნდაც იმიტომ იცნობთ, რომ, თავის დროზე, კოალიციის წევრი იყავით. ჰოდა, თქვენი შეფასებით, ასეთ გამწვავებაზე რატომ წავიდა? განა, არ ერჩია, რომ ქვეყნის მართვა ისევ ე. წ. რბილი ძალით გაეგრძელებინა?
_ ჩემო კარგო, ჩვენ როცა ვსაუბრობთ, ლოგიკას მივყვებით, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანთან. ფსიქიკური გადახრა კი ალოგიკურობას, ანუ ლოგიკის უარყოფას ნიშნავს. ამიტომ ვერაფრით გამოვიცნობთ, ივანიშვილმა ყველაფერი ეს რატომ გააკეთა.
უბრალოდ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ის მარტო გაბოროტებული კი არა, შეშინებული და ამასთან, ფსიქიკურად დაავადებულიცაა! აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ეს კაცი აწი მხოლოდ შეცდომებს დაუშვებს და თვითდაზიანებების მიყენებაზეა გადასული!
_ ბატონო გუბაზ, სხვანაირად არ გამიგოთ და, როცა მახვილს ფსიქიკურ გაუწონასწორებლობაზე სვამთ, ეს, მგონი, შეურაცხყოფის მიყენებაა.
_ შეურაცხყოფის მიყენება რატომაა? ეს შეურაცხყოფა კი არა, დიაგნოზია, ჩემო კარგო! თუ ადამიანი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, რა, არ უნდა ვთქვათ? რამეს ხომ არ ვაბრალებთ? აბა, ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანის ქმედებებს ჰგავს, როცა საკუთარ ახალგაზრდობას ასახიჩრებს?
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გახარია არაფერ შუაშია და 20 ივნისს დარბევაზე ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა! ამას რომ კაცი იზამს და მერე პოლიტიკურ რეპრესიებს დაიწყებს, ის ხომ ჭკუაზე აღარ არის?
დღეს ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი მტერი თავად ბიძინა ივანიშვილია!
_ შეგიძლიათ, დამისაბუთოთ, ივანიშვილს რისი ან რატომ ეშინია?
_ გარდა იმისა, რომ ყველა პოლიტიკური ოპონენტი ვძულვართ, ივანიშვილს უკვე ქართველი ხალხიც სძულს!
_ უნდა ჩაგეკითხოთ, რატომ?
_ ის ფიქრობს, რომ ქართველ ხალხს ბევრი საქმე გაუკეთა და ახლა უმადურობის მსხვერპლია. ამიტომ ქართველ ხალხზე გაბოროტებულია. ეს კლასიკური სოციოპათიაა და მეტი არაფერი!
_ ბატონო გუბაზ, მესმის, რომ შეფასებებში მკაცრი ხართ, მაგრამ 20 ივნისს ხალხი ხელისუფლებას კი არ დაუპირისპირდა, არამედ ქუჩაში ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. შესაბამისად, გაუგებარია, ივანიშვილი მოსახლეობაზე რატომ გაბრაზდა?
_ საქმე ისაა, რომ ზვიად გამსახურდიას სავარძელში გავრილოვი ივანიშვილის უნიჭო პოლიტიკის გამო აღმოჩნდა. აბა, სხვამ ვინ ჩასვა?
ახლა ვერსიას ავითარებენ, ყველაფერი ეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყოო. ვიღაცებმა კი, საერთოდ, ამერიკელებს დააბრალეს.
ვკითხულობ: გავრილოვი იმ სავარძელში ვინ ჩასვა _ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართველმა პატრიოტებმა თუ ვინ? ის კაცი იქ როგორ აღმოჩნდა?
ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, ეს პროტოკოლური შეცდომა იყოო, მაგრამ ეს უნდა დაგვეჯერებინა და ამით დავკმაყოფილებულიყავით?
_ გავყვეთ ვერსიას, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხელისუფლების ხელშეწყობით ჩაჯდა, მაგრამ ამის მიზანი, თქვენი აზრით, რა იყო? _ ამით „ოცნებამ“ კრემლს კოჭი გაუგორა?
_ რა თქმა უნდა. შვიდი წელია, კრემლი და ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა გვაგუებენ, რომ რუსეთს ვბარდებით. ყოველ შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის თემა და იგივე ის, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის პრობლემები არსებობს, მიძინებული იყო. სამაგიეროდ, წამოიწია „მართლმადიდებლურმა ძმობამ“, აი, რუსებსა და ქართველებს ერთმანეთი გვიყვარს, აგერ, რუსი ტურისტები ჩამოდიანო.
სხვათა შორის, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის დაბლაგვების პოლიტიკა წარმატებით ხორციელდებოდა და გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმაც ამის შედეგი იყო.
ზოგადად, ერთია, როცა ცუდ საქმეს კარგად აკეთებ, ეს სახიფათოა, მაგრამ როცა ცუდ საქმეს ცუდად აკეთებ, იქიდან გამოსავალი ყოველთვის არ არებობს. ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან „იავნანას“ ცუდად „მღეროდა“. როცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ზაქრო ქუცნაშვილს დაავალებ, რა თქმა უნდა, ის დაგემართება, რაც ივანიშვილს დაემართა.
ისე, გავრილოვი იმ სავარძელში რომ არ ჩამჯდარიყო, არაფერი მოხდებოდა და ყველაფერი ისევ ძველებურად იქნებოდა, ანუ ქართველების მიძინება და რუსებთან დაკავშირებით ანესთეზია გაგრძელდებოდა, მაგრამ ივანიშვილს გარშემო იდიოტები ჰყავს და შემსრულებლებიც იდიოტები არიან!
ივანიშვილმა ერთი რამ არ იცის: იდიოტების მართვა ადვილია, მაგრამ იდიოტებით მართვა ძალიან რთულია!
მოკლედ, ივანიშვილს ყველაფერი არაპროფესიონალი იდიოტების ხელშეწყობით დაემართა. ამაზე ხალხს სწორი რეაქცია ჰქონდა და 20 ივნისს ჩვენ სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ავიცილეთ, ოღონდ ამ სახელმწიფო გადატრიალებას ოპოზიცია კი არა, ხელისუფლება აწყობდა! აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხის ეროვნული სხეული ისევ ძალიან ჯანმრთელია, რაც ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, უდიდესი ბედნიერებაა.
_ ანუ 20 ივნისს დადებითი მხარეც ჰქონდა?
_ დიახ, 20-მა ივნისმა ქართველი ხალხისა და განსაკუთრებით, მისი საუკეთესო და პერსპექტიული ნაწილის _ ახალგაზრდობის გამოღვიძება და მათი პოლიტიკაში ჩართვა გამოიწვია.
_ სხვათა შორის, საქართველოს მთავრობამ რუსეთს ფრენების დაფინანსება შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო. ე. ი., კრემლს „ოცნება“ ფეხზე კიდია?
_ არა.
_ აბა?
_ უბრალოდ, ბატონმა მონა დასაჯა და გაამათრახა. ამ შემთხვევაში, „ბატონი“ პუტინია, მონა კი, იგივე რუსულად რომ ვთქვათ, „ხალოპი“ _ ბიძინა ივანიშვილი. მას, როგორც ოროსანს, საშემოდგომო აქვს გამოყოლილი. საშემოდგომოს გამოსწორება კი იმას გულისხმობს, რომ ქართული ოპოზიცია და საზოგადოება დასაჯოს, რომელმაც გაბედა და აფხაზეთი და ცხინვალი გაიხსენა, თუმცა ყველაფერი, რაც ხდება, ივანიშვილის საწინააღმდეგოდ მუშაობს! მან დანაღმულ ველზე შეაბიჯა, საიდანაც ვეღარ გამოდის და ყველაფერი მისთვის აფეთქების ტოლფასია! ის სწორად ვეღარაფერს გააკეთებს!
_ თუ გავყვებით ვერსიას, რომ საქართველოში თავისუფალი სიტყვა იზღუდება და ამის მაგალითად გვარამიას ქეისს მოვიყვანთ, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ საამისოდ „ოცნებას“ სტრასბურგმა აუნთო მწვანე.
_ დიახ, რა თქმა უნდა, ასეა.
ზოგადად, ევროპასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს.
_ და ეს მოსაზრება როგორია, ბატონო გუბაზ?
_ დღეს ევროპა ძალიან სერიოზულ მორალურ და პოლიტიკურ კრიზისშია.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ ევროპაში რუსეთის საკმაოდ დიდი გავლენებია და დასავლეთიც, როგორც ჩანს, ორ ბანაკად იყოფა: ერთია ანგლოსაქსური, მეორე კი _ კონტინენტური ევროპა, თუმცა, თავის მხრივ, ევროპაშიც ორი დაჯგუფებაა, ანუ ბებერი, ე. ი., ძველი ევროპა საფრანგეთისა და გერმანიის სახით, ასევე არსებობს ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ევროპა, რომელიც ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა!
_ ე. ი., იმის თქმა გინდათ, რომ სტრასბურგი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე არ არის?
_ სტრასბურგმა, რა, არ იცოდა, იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებდა, რა მოჰყვებოდა? ევროპასაც ბევრი მიქარვა აქვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგივე 1921 წელს სწორედ ევროპამ გაგვყიდა და, რა, ეს არ გვახსოვს?!
_ ანუ ევროპამ, კონკრეტულად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გაგვყიდა?
_ რა თქმა უნდა, გაგვყიდა, აბა, რა?! ისე, ყველაფერ აქედან ევროპა მარტივად ვერ გამოძვრება, რადგან საქართველოს გარდა უკრაინის თემაც არსებობს!
_ ბატონო გუბაზ, წეღან ახსენით, თუ რას ერჩის ივანიშვილი ირაკლი ოქრუაშვილს, მაგრამ თქვენი აზრით, „ოცნებამ“ შტურმი ნიკა გვარამიაზე რა ნიშნით მიიტანა?
_ გვარამია ქვეყნის შიგნით მთავარი, ასე ვთქვათ, არგუმენტი და მთავარი მოქმედი პირი იყო, ანუ „რუსთავი 2“ ოპოზიციური აზრის ციტადელი გახლდათ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ყველაზე დიდ ზარალს აყენებდა.
_ სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მფლობელი ჰყავს და ქიბარ ხალვაში ხელისუფლების მიმართ, მინიმუმ, ლოიალურად არის განწყობილი, „რუსთავი 2“ „ოცნებისთვის“ ზარალის თუ ზიანის მიყენებას ისევ აგრძელებს.
_ დიახ, ასეა, მაგრამ ვნახოთ, სანამდე გააგრძელებს. საბოლოო ჯამში, შეეცდებიან და მოახერხებენ კიდეც, რომ „რუსთავი 2“ ჩააქრონ, მაგრამ თავისუფლების იდეა ასე მარტივად არ ქრება და ამას ნახავთ _ ძალიან საინტერესო შემოდგომა გვექნება!
_ „საინტერესო შემოდგომაში“ იმას გულისხმობთ, რომ პოლიტიკური რეპრესიები გაგრძელდება?
_ დიახ, კი არ გაგრძელდება, გაძლიერდება.
_ თუ ევროპამ გაგვყიდა და არ ვაინტერესებთ, ამ გაძლიერებულ რეპრესიებს ოპოზიციამ რა უნდა დაუპირისპიროს?
_ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია. აქამდე პოლიტიკურ და სამოქალაქო სექტორს ერთმანეთის მიმართ, მინიმუმ, უსიმპათიო განწყობა ჰქოდათ, თუმცა ახლა ორივეს მოუწევს, რომ ერთიანი ფრონტი გაშალოს და, პრინციპში, ასეც იქნება.
_ სიტყვამ მოიტანა და, როგორ ფიქრობთ, ბატონო გუბაზ, ერთიანი ოპოზიცია თუ არის?
_ არა, ოპოზიცია ერთიანი არ არის, რადგან ოპოზიციაში ორი დაჯგუფება არსებობს.
_ ეს რომელი დაჯგუფებებია?
_ ერთი ე. წ. სისტემური ოპოზიციაა, მეორე კი _ არასისტემური.
_ სისტემური და არასისტემური ოპოზიცია რას ნიშნავს?
_ სისტემურ ოპოზიციაში იმათ ვგულისხმობ, რომლებსაც ცალი თვალი ბიძინასკენ უჭირავთ, არასისტემური ოპოზიცია კი პრინციპული, ანუ რადიკალურია.
_ ივანიშვილისკენ გიგა ბოკერიას და მის „ევროპულ საქართველოს“ უჭირავს თვალი?
_ არა, კაცო, ეს არ მითქვამს. ზოგადად, სახელებსა და გვარებს აზრი არ აქვს. ცალკე საუბრის თემაა, ერთი ან ორი თვის მერე ვინ როგორ მოიქცევა, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ: ამ შიდაოპოზიციურ დაპირისპირებაში პოზიციებს, რა თქმა უნდა, არასისტემური ოპოზიცია გაიმყარებს და გაიმაგრებს!
_ ამაში დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ბიძინა ივანიშვილი რადიკალიზაციის პროვოცირებას ახდენს. რადიკალიზაციის პროვოცირებას კი ის მოყვება, რომ, რა თქმა უნდა, არასისტემური ოპოზიცია გაძლიერდება!
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ყველაფერი ეს „არჩევანისა“ და „არადანის“ ამბავია. ივანიშვილი „არჩევანია“ ჩვენ _ „არადანი“ და რადგან ბიძინამ პოლიტიკური რეპრესიები აირჩია, ამიტომ ამ ქვეყანაში ე. წ. კონსტრუქციული ოპოზიციის ადგილი აღარ რჩება.
_ თქვენს მსჯელობაში ლოგიკა, რასაკვირველია, არის, მაგრამ გამორიცხავთ, რომ ივანიშვილმა შემოდგომაზე სხვა პენალტი დაარტყას?
_ „სხვა პენალტი“ რას ნიშნავს?
_ ვთქვათ, მინისტრთა კაბინეტი გადააყენოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობასაც ზომაზე მეტად აუწიოს ყური და განაცხადოს, ქვეყანა ამ მდგომარეობამდე ამ ადამიანებმა მიიყვანესო?
_ ჩვენ, რა, ბრმები, ბავშვები თუ დებილები ვართ, რომ ვერ მივხვდეთ, ყველაფერს სხვას როგორ აბრალებს, თვითონ კი პოლიტიკური ქართველობის შენარჩუნებას ცდილობს? ეგ ამბავი უკვე წარსულს ჩაბარდა, ბიძინა ყველაფერს სხვას რომ აბრალებდა და სიტუაციებიდან თვითონ მშრალი გამოდიოდა.
_ შეიძლება, მაგრამ ასეთი განცხადება მასებზე მაინც დადებითად იმოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი გარემოცვის დასჯით ივანიშვილი საზოგადოების იმ ნაწილის გულს კიდევ ერთხელ მოიგებს, რომელსაც „ნაციონალების“ დაბრუნების ეშინია.
_ მათი რიცხვი, ვისაც „ნაციონალების“ დაბრუნების ეშინია, თანდათან კლებულობს და ამ პროცესს ივანიშვილი ვეღარ შეაჩერებს!
_ ბატონო გუბაზ, წეღან უნდა მეკითხა და გამომრჩა, დასავლეთმა იგივე ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე მკვეთრი განცხადებები რატომ არ გააკეთა?
_ დასავლეთი მკვეთრ განცხადებებს, ჯერჯერობით, არაფერზე აკეთებს და ამას უფრო იმით ვხსნი, რომ სეზონი არ არის, თუმცა სექტემბერში ადამიანები თავიანთ პოსტებზე დაბრუნდებიან და განცხადებებიც აუცილებლად იქნება!
საერთოდ, ვფიქრობ, დასავლეთი ივანიშვილს მახეს უგებს!
_ ეს მახე რა შეიძლება იყოს?
_ მახე ის არის, რომ ივანიშვილმა რაც შეიძლება მეტი სისულელე ჩაიდინოს.
_ და საბოლოოდ, ამის გამო დასავლეთი ივანიშვილს დასჯის?
_ აბა, რას იზამს?
_ დასჯა მისთვის ანგარიშების გაყინვა იქნება?
_ არ ვიცი. ამასაც ივანიშვილი გადაწყვეტს.
_ ეს როგორ?
_ 2020-ში ივანიშვილი ხელისუფლებას უნდა მოშორდეს! თუ წესიერად მოიქცევა და არჩევნებით წავა, ეს ყველასთვის კარგი იქნება, პირველ რიგში, მისთვის, მაგრამ თუ ამას არ იზამს, ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, ასეთ დროს რაც ხდება ხოლმე.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აგერაა სომხეთი, ასევე უკრაინა, მოლდოვა და ახლა ყირგიზეთიც გამოჩნდა.
პარალელურად, პროცესები მოსკოვშიც დაიწყო _ ამ დღეებში ანტიპუტინურ მიტინგზე უკვე 50 ათასი ადამიანი გამოვიდა და მათი უმეტესობა ახალგაზრდაა.
ზოგადად, თუ დააკვირდებით, საქართველოსა და რუსეთშიც ყველაფერს ახალგაზრდობა იღებს ხელში, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდებმა პოლიტიკის კეთება ძალიან აქტიურად დაიწყეს! ისე, თუ გახსოვთ, სომხური რევოლუციის დამრტყმელი ძალაც ახალგაზრდობა იყო.
_ ბატონო გუბაზ, სომხეთის მაგალითი ძალიან ხშირად მოგყავთ, მაგრამ საკითხავია, ამ მყიფე სიტუაციის გათვალისწინებით 2020-მდე მივაღწევთ?
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით. უფრო სწორი იქნება, თუ კითხვას ასე დავსვამთ, _ 2020-მდე „ქართული ოცნება“ მიაღწევს თუ არა?
_ მიაღწევს?
_ პირადად მე ამაში ეჭვი მეპარება, თუმცა ესეც ივანიშვილზეა დამოკიდებული, ანუ თუ გავრილოვის დონის შეცდომას კიდევ დაუშვებს, ივანიშვილის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, 2020-მდე დამთავრდება!
_ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, „ოცნება“ პროპორციულ არჩევნებს დააკანონებს თუ სიტყვას უკან წაიღებს?
_ შეეცდება, რომ უკან წაიღოს. ზოგადად, ბიძინა ცნობილი გადამგდებია, თუმცა ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
ისე, სიმართლე გითხრათ, ყველაფერს ძალიან მშვიდად და სტაბილურად ვუყურებ, რაშიც ისტორიკოსის თვალი მეხმარება. ეს ისეთი პროცესია, ბიძინამ მოკავშირეებად სამი შაჰ-აბასი და ოთხი თემურ ლენგი რომ დაიმატოს, ვეღარ შეაჩერებს!
_ არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან „ოცნება“ ოპოზიციას კიდევ ერთ მახეს უგებს, ანუ საარჩევნო ბლოკების შექმნას კრძალავს, რაც „ანტიოცნებელებს“ ჩიხში შეიყვანს.
_ ეს ტექნიკური საკითხია. თუ ბლოკები აიკრძალება, სხვანაირი კონფიგურაცია იქნება. ყოველ შემთხვევაში, არასისტემურ ოპოზიციაში უკვე იმ ჭკუაზე ვართ, რომ შეიძლება, ძალიან დიდი გაერთიანებისკენ ვიაროთ და დიდი კონსოლიდაცია მოხდეს როგორც არასისტემური ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების.
_ ანუ ყველანი, შესაძლოა, ერთ პარტიაში გაერთიანდეთ?
_ არ ვიცი, როგორ და რანაირად იქნება. ეს ტექნიკური საკითხია. ამიტომ დღევანდელი გადმოსახედიდან ვერაფერს გეტყვით.
_ როგორც განაცხადა, გვარამია გირაოს გადახდას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ალბათ, დაიჭერენ. ეს ხალხს ქუჩაში გამოიყვანს?
_ გვარამიას დაჭერა ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება!
_ ნუ დაგავიწყდებათ, რომ გვარამიას მიმართ მთელი საზოგადოება მაინცდამაინც სოლიდარული არ არის.
_ ეს ტექნიკური, უფრო სწორად, ტაქტიკური და სიტუაციური საკითხებია. იმას, ვითარება გამწვავდება თუ დამშვიდდება, ისევ თავად ივანიშვილი წყვეტს, ანუ რა არჩევანსაც გააკეთებს, ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.
_ საიმისოდ, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, ივანიშვილმა რა უნდა გააკეთოს?
_ ამის შანსი აღარ აქვს, თუმცა ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, ის არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სასწრაფოდ დადოს, ანუ როგორ ხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ ამას არ აკეთებს და ისევ ოპოზიციის მოსყიდვას ცდილობს, აი, ასეთი დაფინანსება გექნებაო, მაგრამ რამდენს ხანს მოგვატყუებს?
_ ნათქვამია, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და ოპოზიციას, რა, ვერ გაანათებს?
_ ივანიშვილმა ჯოჯოხეთი თავისთვის მოიწყოს! ჩვენ ამ ჯოჯოხეთში ყოფნას არ ვაპირებთ, კაცო! რა პრობლემაა, ივანიშვილმა ჯოჯოხეთი გაანათოს და იქ ჩირაღდნებით ირბინოს!
_ მოკლედ, რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ბატონო გუბაზ, ეს პოლიტიკურად ცხელი ზაფხული „ოცნების“ უგუნურების შედეგია?
_ დიახ, უგუნურებისა და, პლუს, ღალატის. ესენი იდიოტი მოღალატეები არიან! სხვათა შორის, ნიჭიერი მოღალატეებიც არსებობენ, მაგრამ „ქართული ოცნება“ იდიოტი და უნიჭო მოღალატეებით არის დაკომპლექტებული!
_ ამის გამო, როცა ხელისუფლებიდან წავა, „ოცნებამ“ პასუხი უნდა აგოს?
_ დიახ, პასუხი უნდა აგოს ერისა და ქვეყნის წინაშე!

გიორგი აბაშიძე