ბაია დვალიშვილი: „დაე, ჩამოინგრეს ყველაფერი! ავარდეს დოლარი 3-ზე კი არა, 30-ზე! დაგვიჭირონ ყველა! გაწყდეს წყალი, სინათლე!“

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ქრონიკა+“ ესაუბრება მარჯანიშვილის თეატრის მსახიობსა და „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანს, ქალბატონ ბაია დვალიშვილს:

_ბაია , ყველა ვხედავთ, ამ ბოლო დროს რა პროცესებიც ვითარდება ქვეყანაში _ გავრილოვის ღამიდან სტრასბურგის დილამდე და შემდეგ: ოკუპანტი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, საპროტესტო აქცია, აქციის სასტიკი დარბევა, დემონსტრანტების დაჭერა, თუ ლიდერების, თუ აქტივისტების, ახალგაზრდების უწყვეტი აქციები, სტრასბურგის სასამართლოს საბედისწერო გადაწყვეტილება, „რუსთავი 2-ის“ ელვის სისწრაფით გადაფორმება, მედიის შეზღუდვა, ლამის ყველას დევნა, ვისაც კი ტელევიზია აქვს ან აპირებს გახსნას. როგორ ფიქრობთ, საით მივდივართ, რა ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება?
_ შეფასებისას არ გამოვიყენებ სიტყვებს „ტერორი“, „დიქტატურა“ და ა. შ., არა იმიტომ, რომ ეს არ ხდება, ზუსტად ეს ხდება და ყველასთვის გასაგებია, რაც ხდება _ არ მინდა, ამ სიტყვებმაც ფასი დაკარგონ. ყველა ხვდება, რაც ტრიალებს დღეს ქვეყანაში. მგონი, უკვე მთელი ქვეყანა ერთსა და იმავე აზრზეა, მაგრამ ბევრი გაჩერებულია სხვადასხვა მიზეზის გამო. რაც მთავარია, სინდისის ნაკლებობის გამო!
საით მივდივართ და მივექანებით და რუსეთისკენ მივექანებით! ერთ რამეზე მეფიქრება და სხვათა შორის, უკვე დიდი ხანია! თუ ისევ რუსეთთან უნდა ვყოფილიყავით, რისთვის დავკარგეთ მაშინ აფხაზეთი? რისთვის დავკარგეთ სამაჩაბლო? რისთვის იყო ის 9 აპრილი? რისთვის იყო მთელი ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა? რატომ, რისთვის დავდიოდით იმ მიტინგებზე? რისთვის დაიღვარა იმდენი სისხლი? რისთვის დაიხოცა ამდენი ხალხი? რისთვის ჩაიხოცა მთელი თაობა, ახალგაზრდობა? რისთვის მომიკლეს მეგობრები? რატომ გადავიტანეთ ის შავბნელი 90-იანი წლები? რატომ ვეყარეთ იმ სიბნელეში, სიცივეში, მშივრები და კვირობით დაუბანლები?
ეს ყველაფერი, მთელი ეს ჯოჯოხეთი, რატომ გამოვიარეთ? რისთვის იყო ეს საჭირო, თუ დღეს ამ დღეში ვიქნებოდით? გამცეს ვინმემ პასუხი, ეს 30 წელი რატომ გვქონდა ეს ჯოჯოხეთი, თუ ისევ რუსეთთან უნდა ვყოფილიყავით?! თუ ჩვენ, აი, აქეთკენ მოვდიოდით, რატომ ამოგლიჯეს 30 წელი ქვეყანას გულიდან და სისხლი ადინეს? ამაზე რატომ არავინ ფიქრობს? გავჩუმებულიყავით და ვიქნებოდით, როგორც სხვა რესპუბლიკები, რაღაც აშენდებოდა, რაღაც გაკეთდებოდა ან არც გაკეთდებოდა და ვიქნებოდით ერთი რაცხა მაჩანჩალა ქვეყანა, რუსეთის ნაწილი, ხალხი მაინც არ დაიღუპებოდა, იმ ჯოჯოხეთს მაინც არ გამოვივლიდით. მანდარინსაც გავყიდდით, ვაშლსაც, ატამსაც, წყალსაც, შეიძლება ტურისტებიც ყოფილიყვნენ, ჩვენც ვივლიდით საზღვარგარეთ, ვიზით ვივლიდით, მერე რა უჭირს, ხომ უფრო იოლად ვივლიდით, ვიდრე სსრკ-ს დროს? რაღაცას ვიცხოვრებდით! ბოლო-ბოლო, ბავშვებიც წავიდოდნენ საზღვარგარეთ და ისწავლიდნენ იქ ან დაათვალიერებდნენ მაინც.
თუ ჩვენ თავისუფლების იდეა ახლა დავთმეთ, ბოლომდე არ გავედით ამ ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ყველაფერი დავივიწყეთ, რატომ ვიწვალეთ ამდენი? ვიმეორებ: რატომ ამოვგლიჯეთ ქვეყანას 30 წელი? რატომ მოვსპეთ ეს 30 წელი? რისთვის, რატომ დავკარგეთ ეს წლები? პირადად ჩემი ცხოვრების 30 წელი რისთვის დამაკარგვინეს? რისთვის მტანჯეს?! რატომ მაცხოვრეს შიმშილში, სიცივეში, კრიმინალსა და უბედურებაში? პანაშვიდიდან პანაშვიდზე სიარულში რატომ გამატარებინეს წლები? რატომ გაწყდნენ ჩემი ახლობლები, ჩემი მეგობრები? რატომ იყო ის ჯოჯოხეთი აფხაზეთში? თუნდაც ქართველებისთვის, თუნდაც აფხაზებისთვის. რატომ იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რატომ დაიხოცნენ ჩვენი ბიჭები? რატომ არის ეს სისხლით გაჟღენთილი მიწა ასეთი გულმავიწყი?
სად წავიდა ეს სურვილი თავისუფლების? რისთვის, რატომ ვითმინეთ ეს ყველაფერი, თუ ისევ რუსეთთან უნდა ვყოფილიყავით? თუ ისევ რუსეთს უნდა ჩავხუტებოდით? და უმცროსი ძმის პოზიციიდან გველაქუცა? ვგდებულიყავით მაშინ თავიდანვე და ჩაგვეგდო ენა! მკლავს ეს კითხვა _ რისთვის?!! რისთვის?!! რისთვის?!!
_ ეს ტენდენცია მხოლოდ სახელისუფლებო წრეებსაა მოდებული, მხოლოდ მთავრობა გვყავს კოლაბორაციონისტული თუ ეს კოლაბორაციონიზმის მეტასტაზები საზოგადოებაშიცაა გასული და იქაც ჰყავს მიმდევრები რუსეთუმეობას?
_ როგორ არ ჰყავს? ჰყავს, მაგრამ არ არიან ბევრნი. თუმცა ამ საზოგადოებაში რაღაც მორღვეულია, კრიტერიუმები აღრეულია, ორიენტირები დაკარგულია! კიტოვანს რომ ალაპარაკებენ და „აბლატავებენ“, რაღაზეა ლაპარაკი? არ მინდა, მეტი შეურაცხყოფა მივაყენო, ცოცხალია ადამიანი, გინდაც მკვდარი იყოს! ცოცხალია თუ მკვდარი, ვერც გაიგებ, მართალი გითხრათ! მაგრამ კიტოვანსა და კიტოვანისნაირებს ალაპარაკებს უფროსი თაობა, ზოგი ხელს იქნევს, ზოგი უყრუებს, ზოგიც უკურთხებს და ზოგიც შესციცინებს, ზოგი უწონებს, ზოგი უწუნებს, მაგრამ მაინც ალაპარაკებს! მე დიდი იმედი მაქვს, რომ მისნაირებს არ ალაპარაკებს ახალი თაობა, ახალგაზრდების, რომლებიც გამოვიდნენ თუნდაც 20 ივნისს, თუნდაც წყალდიდობისას, რომლებიც ახლაც აგრძელებენ ბრძოლას და დიდი იმედი მაქვს, ისინი არ დათმობენ თავისუფლებას! მაგრამ მათ გვერდით უნდა იდგნენ დედები და მამები, რასაც არ აკეთებენ. თუმცა ის მომენტიცაა, ჩვენმა თაობამ ბევრი იბრძოლა იმ თავისუფლებისთვის, სადაც ისინი დაიბადნენ და ახლა მათი დროა, მათი ბრძოლის დროა. ამ აქციებზე მე სულ რამდენჯერმე მოვახერხე გასვლა თეატრში რეპეტიციებისა და ჩემი მეუღლის ავადმყოფობის გამო. ამას სულ განვიცდიდი, მაგრამ მართალი გითხრათ, ახლა ვფიქრობ, მერე რა, რომ ვეღარ გამოვედი, ახლა თქვენ იბრძოლეთ! მთელი ჩემი ცხოვრება გავიდა მიტინგებზე! ხან რას ვაპროტესტებდით, ხან _ რას! ხან რას ვითხოვდით, ხან _ რას! ხან ამას ვუსმენდი, ხან _ იმას! ხან ბიჭებს ვათვალიერებდი, ხან ვიღაცას ვეპრანჭებოდი… ანუ მთელი ცხოვრება გავიდა რუსთაველზე. ამ მიტინგებს ჩემთვის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. ეს მიტინგები ჩემი ბიოგრაფიის დიდი ნაწილია და ახლა ვფიქრობ, თავისუფლებაში დაბადებულები არიან და იბრძოლონ თავისუფლებისთვის.
_ კიტოვანისნაირებს იმედია, არ ალაპარაკებს და არ „აბლატავებს“ მომავალი თაობა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მის გამოხდომებს საკმაოდ გულგრილად შეხვდა ახალგაზრდობა. კიტოვანის გამოჩენა და ენის წაგდება, რაც ასე მტკივნეულია ჩვენთვის, მათთვის სულაც არ აღმოჩნდა არათუ მტკივნეული, რეაქციის ღირსიც კი. გასაგებია, რომ ზოგი მაშინ დაბადებულიც არ იყო ან ძალიან პატარა იყო და, რეალურად, არც იციან, ვინ ბრძანდება, მაგრამ მშობლები, იგივე ჩვენი თაობა, არ უყვება უახლეს ისტორიას _ რა გამოვიარეთ?
_ არ იცნობენ და ნუ იცნობენ, რა დიდი საცნობი და სახსენებელი ეგ მყავს? 25 წლის, თუნდაც, 30 წლის ბიჭმა, 2-3 წლის რომ იყო 90-იანებში, რატომ უნდა იცოდეს კიტოვანი და რატომ უნდა ხარჯოს ენერგია მასზე? იქნებ, სწორიცაა, რომ არანაირი რეაქცია არ აქვთ? ისიც ეყოს, რომ ჩვენი ნერვები იხარჯება მასზე. მისი გადამკიდე ისევ ჩვენ გვიწევს ცხოვრება ზიზღში. ზიზღში, რომელსაც იმსახურებს ეს კაცი! მარტო ზიზღს კი არა, ციხეს იმსახურებს, იქ უნდა მოკვდეს და იქვე უნდა დაიმარხოს, ციხის ეზოში, საფლავსაც არ იმსახურებს. არც საფლავს იმსახურებს და არც ამ ბავშვების დროსა და ენერგიას!
_ რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები?
_ ძალიან იმედიანად არის ყველა, ეს იმედიანად ყოფნა, ერთი მხრივ, მეც მაიმედებს და მაოგნებს _ მეორე მხრივ, მართალი გითხრათ, მეც იმის იმედი მაქვს, რომ ასე დიდხანს ვერ გასტანს, რადგან ჩვენ რუსეთი არ ვართ. შეიძლება, მე ძალიან არაკომპეტენტური ვარ და ვცდები, მაგრამ, რატომღაც, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაკლია ოპოზიციის ძალა, მაკლია მაგარი ახალგაზრდები, ახალი სახეები, ახალი ძალები პოლიტიკაში, ოპოზიციაში. მგონია, რომ აკლიათ ხალხი, გვერდიდან ასე ჩანს, მე ასე ვხედავ, ყოველ შემთხვევაში. არ ვიცი, ვიმეორებ, შესაძლოა, ვცდები… არავინ იცის, რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები „რუსთავი 2-ში“. „ფორმულა კრეატივი“ წავიდა, წაიღო მთელი თავისი პროდუქცია. ალბათ სწორს აკეთებენ, პერსპექტივა არავინ იცის, როგორი იქნება.
_ პირადად თქვენ რას აპირებთ? მანამ დარჩებით „რუსთავი 2-ზე“, ვიდრე პირადად თქვენ არ შეგიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, თუ მაშინვე წამოხვალთ, როგორც კი სხვებს შეზღუდავენ?
_ სრული გაურკვევლობაა. ჩვენ 9 სექტემბერს ვართ დაბარებულები, შვებულება გვიმთავრდება და უნდა გავიდეთ. 9 სექტემბრამდე დიდი დროა და შეიძლება, ბევრი რამე მოხდეს. სულ „რუსთავი 2“ მაქვს ჩართული და გაფაციცებით ვუყურებ. ჯერჯერობით ყველა ისე აგრძელებს მუშაობას, როგორც მუშაობდნენ. მოკლედ, არ ვიცი, რა შეიცვლება, რა არ შეიცვლება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, _ არის რაღაც პრინციპები, რომლისთვისაც არასოდეს მიღალატია და არც ახლა ვუღალატებ. ჩემს შვილს შია და რახან მე ეს ხელფასი მჭირდება, ამიტომ უნდა ვიყო _ ამას ჩემს თავს ვერ ვეტყვი და არც ვეტყვი! რაღაცას სხვას მოვიფიქრებ და პრინციპებზე უარს არ ვიტყვი! იყო დრო, თოჯინებს ვაკეთებდი და იმით ვირჩენდი თავს! იყო დრო, ბინას ვაქირავებდი და იმ ბინაში დამლაგებლად ვმუშაობდი! ახლაც ყველაფერს გავაკეთებ და სინდისის წინააღმდეგ არ წავალ! მე არ მინდა, რომ შემრცხვეს, ვიჯდე იქ და არ ვიყო ჩემს თავთან მართალი. კი, ადამიანურად ძალიან გამიჭირდება ამ ნაბიჯის გადადგმა, ძნელია ასე უცებ დაშორდე ხალხს, რომელთანაც წლების მანძილზე გაქვს ურთიერთობა, ყველაზე მეტხანს მათთან ატარებ, გიყვარს ისინი, პატივს სცემ. ძნელია, ადგე, დაანებო თავი ყველაფერს და წამოხვიდე. ძალიან მეშინია, რომ მომიწევს ეს და არ მინდა, ეს დღე მალე დადგეს. ძალიან გამიჭირდება ამ ხალხთან დამშვიდობება, მაგრამ რა ვქნა, სინდისის წინააღმდეგ ვერ წავალ.
_ ანუ თქვენ სერიოზულად განიხილავთ, რომ არხის დატოვება მოგიწევთ?
_ კი, აბა რა, ამაზე სულ მეფიქრება, მეფიქრება კი არა, ვფიქრობ, სად დავიწყო მუშაობა, რომ ოჯახს არ შეეტყოს, ჩემს შვილსა და მის სწავლა-განათლებას. ჩემთვის სულ ვფიქრობ ამაზე.
_ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, იქნებ, დიდად არც შეეხოს იმ გადაცემას, სადაც თქვენ მუშაობთ? თუ თქვენთვის პრინციპულად მიუღებელია სარედაქციო პოლიტიკა შეცვლილ „რუსთავი 2-ზე“ მუშაობა?
_ პრინციპულად მიუღებელია. თუმცა ხომ ვამბობ, ვგიჟდები იმ ხალხზე, ვინც იქ, „სხვა შუადღეში“ მუშაობს. ჩემთვის ეს ხალხი უკვე დიდი ნაწილია ჩემი ცხოვრების, რომლისაც მჯერა, პატივს ვცემ და ამიტომ მირთულდება გადაწყვეტილების მიღება, მათი განწყობები და გადაწყვეტილებებიც მაინტერესებს, წინასწარ ვერ დავაანონსებ ვერაფერს, მივალთ და ვნახოთ.
_ თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, როგორ განვითარდება მოვლენები? ამბობენ, რომ ძალიან რთული შემოდგომა გვექნება, რომ შეიძლება კიდევ უფრო დიდი რეპრესიები იყოს.
_ მე ყველაფერზე თანახმა ვარ!
_ ???
_ ძალიან მომწონს ერთი რუსული გამოთქმა: „Лó÷øå óæàñíûé êîíåö, ÷åì óæàñ áåç êîíöà!“ დიახ, საშინელი დასასრული სჯობს უსასრულო საშინელებას! ხომ არ შეიძლება, სულ შიშში იყო? ჩემი მეზობელი რემონტს აკეთებს, ყოველდღე „უბორკა“ მაქვს _ ხან ტუალეტში ჩამომინგრია, ხან _ სამზარეულოში, ხან წყალი ჩამომიშვა… ჩამოინგრეს ერთხელ მთლიანად და გავიგო, რა მაქვს გასაკეთებელი! ასეა ქვეყანაც! დაე, ჩამოინგრეს ყველაფერი! ავარდეს დოლარი სამზე კი არა, 30-ზე! დაგვიჭირონ ყველა! გაწყდეს წყალი, სინათლე! მართლა გეუბნებით! ასე ბწკენა-ბწკენით უარესი ხდება! შეგუება ხდება! დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია! მოგეხსენებათ, ახლა ლევან წულაძის მიერ დადგმულ „ჰამლეტში“ გერტრუდას ვასახიერებ, ლევანმა მე მომცა, გერტრუდას ათქმევინა ჰამლეტის ტექსტი, _ ცუდ ამბებს ვხედავ, კიდევ უფრო ცუდს ველოდებიო. აი, ასე ვარ მეც, ცუდ ამბებს ვხედავ, მაგრამ კიდევ უფრო ცუდს ველოდები, თუმცა ყაბულს ვარ, ოღონდ ბოლო კი კეთილი იყოს.

რეზო შატაკიშვილი